ძებნის რეზულტატი:

კელი დეგნანი: ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესია

ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესი არსებობს. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დიდი ხანია, მუშაობა მიმდინარეობს. „პროგრესია პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ამაზე მუშაობა იყო კოვიდამდე. მოგეხსენებათ, კოვიდის პანდემიის დროს ავიაკომპანიების ინდუსტრია, ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა. სრულად მოდელი შეიცვალა, მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდა. ვმუშაობთ კვლავ. ვისაც უფრენია აშშ-ში, დაადასტურებს, რამდენად კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკასა და საქართველოს შორის,“ – განაცხადა კელი დეგნანმა მისიის ამოწურვისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.

სააგენტო: საპენსიო დანაზოგი არ დაიკარგება

6 აგვისტოს ამოიწურა 5-წლიანი ვადა, როცა კანონი საპენსიო სააგენტოს ავალდებულებდა, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები დაებანდებინა მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში. ახლა სავალდებულოა, მოქალაქემ თავად შეაფასოს რისკები თანხის დასაბანდებლად. 6 სექტემბრამდე დასაქმებულებმა უნდა აირჩიონ, სად დააბანდონ დაგროვებული საპენსიო თანხა - ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან თუ მაღალრისკიან პორტფელებში.  საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, 25 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გარანტი იმისა, რომ მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგები არ დაეკარგებათ, არიან კანონი, ეროვნული ბანკი საზედამხედველო ფუნქციით და კვალიფიციური საინვესტიციო ექსპერტები. „მონაწილეების დანაზოგების ინვესტირება არცერთ შემთხვევაში არ მოხდება რისკიან პროექტებში, მონაწილეების ინვესტიცია მოხდება გლობალურ აქციებში. ქართული საპენსიო სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიც არის „ტოიოტა“, „სამსუნგი“, „ეპლი“, „ლუი ვიტონი“. ანუ გლობალურ კომპანიებში მოხვდება მათი დანაზოგების 55 % და რამეთუ ამ კომპანიების აქციების ფასი ყოველდღე იცვლება ბაზარზე, ეს პორტფელი უფრო მერყევი იქნება თავის დინამიკაში, ვიდრე ეს იქნება საშუალორისკიანი და დაბალრისკიანი სტაბილური ან შერეული პორტფელი. ანუ უფრო მეტი რყევა იქნება, მაგრამ ის, რომ რამე დაიკარგება და დავკარგავ დანაზოგს, ეს არის მცდარი ინფორმაცია, იმიტომ რომ გლობალური აქციების 55% ეს არის გადანაწილებული დაახლოებით 3 ათას კომპანიაზე. რეგიონების დონეზე არის ამერიკა, ლათინური ამერიკა, განვითარებული ევროპა, ავსტრალია, განვითარებული აზია და ამავდროულად, მასში არის ქართული სახაზინოები და დეპოზიტები 45%. ასე რომ, ამ პორტფელს ნამდვილად არ ემუქრება ან დაკარგვა, ან ჩავარდნა, პირიქით, ამ პორტფელში მონაწილეები გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ მაღალ ზრდას ნახავენ," - განაცხადა გოგა მელიქიძემ. მანვე აღნიშნა, რომ ეს პროცესი ხორციელდება მონაწილეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამაზე მეტყველებს აქამდე ინვესტირებული თანხების დინამიკა.“ „ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ საპენსიო სქემის მონაწილეებს მოვუტანეთ 60 მლნ ლარი, 52 % -იანი მოგება და 12 %-ით მეტი, ვიდრე ამ პერიოდში ინფლაცია იყო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საინვესტიციო ჯგუფი მუშაობს ძალიან კარგად და ემსახურება მონაწილეების საუკეთესო ინტერესებს," - აცხადებს გოგა მელიქიძე. საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თქმით, პორტფელის შეცვლის მოთხოვნით საპენსიო სააგენტოს 5-ათასმა ადამიანმა მიმართა, რაც 1 მლნ 400 ათასი ანგარიშის პირობებში, არ არის მაღალი.

კელი დეგნანი: გვერდით უნდა გავწიოთ ისინი, ვინც ცდილობენ, ქართველები დააბნიონ, საზოგადოება გაყონ ან შეინარჩუნონ პოლარიზაცია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ძალზედ ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში. კელი დეგგანის თქმით, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ აშშ-საქართველოს მტკიცე პარტნიორობას. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველებს შეუძლიათ დეზინფორმაციის და ჭეშმარიტების ერთმანეთის გარჩევა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მისიის ამოწურვისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. „სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. ქართველები შეჩვეულები არიან ამ პრორუსულ, დეზინფორმაციულ კამპანიას, მომსწრენი ყოფილან ადრეც. ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის, თუ არა ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი, მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებს ჩემზე, ისინი არ შემხვედრიან და მე ნამდვილად პირადულად ვერ მივიღებ. თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, ისინი, ვინც ცდილობენ, რომ ქართველები დააბნიონ, ვინც ცდილობენ, რომ ეს საზოგადოება გაყონ ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია მტკიცედ, ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის, ჩემი აზრით და იმედი მაქვს, რომ მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციის და ანგარიშის მიწოდებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის,“ - განაცხადა კელი დეგნანმა. კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, დაშორდა თუ არა საქართველოს მთავრობა დასავლეთს. ამის მაგალითად, ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ელჩის მიმართ გაკეთებული კომენტარები მოიყვანეს. „პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს არ ვიღებ, რასაც ჩემ შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა,“ - განაცხადა კელი დეგნანმა. ის ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეების გვერდითაა. „ვეხმარებით საქართველოს, რომ განაგრძოს პროგრესის გზა ევროპის გზაზე. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ ერთგულია ამ გზის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე მომავალშიც პროგრესი იქნება. მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი მიღწევები უკვე გაკეთებულია. მრავალ სამინისტროსთან და ადგილობრივ დონეზე ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა საქართველოს მიერ ევროკავშირის და NATO-ს წევრობის დასაკმაყოფილებლად. გვსურს, რომ საქართველოს წარმატება ჰქონდეს ამ მისწრაფებაში. ზუსტად ამიტომაც ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ასე მჭიდროდ ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას ამ გზაზე. ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოს წარმატებისა. პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს ვიღებ, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ზედმეტ ემოციას იჩენენ. კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ სულ მცირე გადავიდნენ შემდეგ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობისა. ეს პოლიტიკურ მამაცობასაც ითხოვს, ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად. რეფორმები რთულია და ეს ყველამ იცის,“ - განაცხადა კელი დეგნანმა. 28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა. კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.

ფინეთმა უკრაინისთვის €94 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ფინეთის მთავრობის წინადადება დაამტკიცა, რის შედეგადაც უკრაინას 94 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება მიეწოდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ფინეთისა და ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინისადმი, ურყევი რჩება. მთავარი საკითხი ევროპასა და ფინეთში უსაფრთხოების სამომავლო წესრიგის თვალსაზრისით, არის ჩვენი უნარი, შევძლოთ რუსეთის აგრესიის შეკავება უკრაინაში,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა. ეს ფინეთისგან უკრაინისთვის გაგზავნილი მე-18 სამხედრო პაკეტი იქნება.  

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. ჰაკან ფიდანი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო. შეხვედრის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა და შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე განიხილეა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები. „მზადება გლობალური მშვიდობის სამიტისთვის და მშვიდობის ფორმულა. რუსეთის საფრთხეები შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის მიმართ. მადლობა თურქეთს თანმიმდევრული და გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ,“ - წერს ზელენსკი. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჰაკან ფიდანი უკრაინას პირველად ეწვია. მან მინისტრის პოზიცია არჩევნების შემდეგ ივნისში დაიკავა. მანამდე ფიდანი დაზვერვის სამსახურს ხეოლმძღვანელობდა. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ლატვიამ უკრაინას კიდევ ერთი Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენი გადასცა

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ინარა მურნიეჩემ განაცხადა, რომ ლატვიამ უკრაინას კიდევ ერთი Mi-17-ის (საბჭოთა წარმოების) ტიპის ვერტმფრენი გადასცა. „უკრაინა წარმატებით იბრძვის და იბრუნებს უფრო და უფრო მეტ ოკუპირებულ ტერიტორიას. უკრაინის საბოლოო გამარჯვებამდე ლატვია უკრაინის გვერდით იქნება,“ - წერს მურნიეჩე Twitter-ზე. ოფიციალური მონაცემებით, ლატვიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 370 მილიონ ევროს შეადგენს. ასევე წაიკითხეთ: ლატვია უკრაინას ვერტმფრენების ფლოტს უგზავნის  

ლუკაშენკო აცხადებს, რომ პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები

ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები და ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა. „მე არც უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში. მეორე რიგში, ასეთ ფორმაში საუბარი არც არასდროს ყოფილა. და მესამე, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოების საკითხს ორჯერ შევეხეთ. პირველად, როცა დავურეკე და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როდესაც ისინი მოსკოვისკე მარშით მიდიოდნენ. მე ვუთხარი მას: ჟენია, იაზრებ, რომ ხალხს მოკლავ და თვითონ მოკვდები? ცხელ გულზე ეს ადამიანი (ფრონტიდან) მპასუხობს: „ჯანდაბა, მოვკვდე!” მე ვეუბნები: „ჟენია, ახლა თოკს და საპნის ნაჭერს გამოგიგზავნი“, მპასუხობს: „არა, არა, არა. ასე არ მინდა. გმირად მოვკვდები“. მეორე ჯერზე, როდესაც ჩემთან დიმა უტკინთან ერთად ჩამოვიდა, ორივე კატეგორიულად გავაფრთხილე: „ბიჭებო, ჭკუით იყავით“, - განაცხადა ლუკაშენკომ. ჟურნალისტების კითხვას შეიძლება თუ არა ამ აფეთქების უკან ვლადიმერ პუტინი იდგეს, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ მისი აზრით, ამაში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი არ არის. „ვერ ვიტყვი, ვინ გააკეთა ეს. მე ჩემი უფროსი ძმის იურისტიც კი ვერ გავხდები, მაგრამ პუტინს ვიცნობ. ის ძალიან მშვიდი და დინჯი ადამიანია, მაშინაც კი, როდესაც გადაწყვეტილებებს სხვა, ნაკლებად რთულ საკითხებზე იღებს. ასე რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს პუტინმა გააკეთა, რომ პუტინი დამნაშავეა. ეს ზედმეტად უხეში, არაპროფესიონალური სამუშაოა ამ მხრივ,“ – განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.

ესპანეთის პოლიციამ ბანანის ტვირთში რეკორდული რაოდენობის, 9,5 ტონა კოკაინი იპოვა

პოლიციამ ესპანეთში ბანანის ტვირთი დააკავა, რომელშიც რეკორდული, 9,5 ტონა კოკაინი ოპოვეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. პოლიცია ამბობს, რომ 9,5 ტონა კოკაინი ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა ერთ კონტეინერში. ნარკოტიკული საშუალება ეკვადორიდან ესპანეთის ქალაქ ალხესირასის პორტში გადაზიდულ ტვირთში იპოვეს. პოლიციას არ დაუსახელებია ორგანიზაცია ან ევროპაში მოქმედი კრიმინალური ქსელები, რომლებიც კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობდნენ. განმარტეს, რომ ნარკოტიკული საშუალება 23 აგვისტოს სამაცივრე კონტეინერში იპოვეს.  

IMF-ს საქართველოში ახალი წარმომადგენელი ჰყავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ წარმომადგენელთან საქართველოში, ენდრიუ ჯუველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც სებ-ის მენეჯმენტი ესწრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მიმდინარეობას, ასევე, სსფ-ის ტექნიკური დახმარების საკითხებს. „ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ხელს უწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას. ეროვნულმა ბანკმა არაერთი თანმიმდევრული და ადეკვატური ნაბიჯი გადადგა გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ. სებ-ის მხრიდან სათანადო პოლიტიკის გატარებამ ხელი შეუწყო ინფლაციის მოლოდინების მართვასა და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას. ინფლაცია ივლისში 0,3% - მდე შემცირდა, რაც მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე საკმაოდ დაბალია, მაშინ როცა საბაზო ინფლაცია 3.1%-ს შეადგენდა.“  

მედია: საბერძნეთი რუსეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის შესახებ კონტრაქტებს აღარ გაახანგრძლივებს

ბერძნული საინფორმაციო რესურსის, Pronews.gr-ს ცნობით, სამხედრო არსენალში რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემების შენარჩუნების შესახებ ახალ კონტრაქტებზე ათენი უარს განაცხადებს. გამოცემის ცნობით, საბერძნეთმა შესაძლოა, სისტემები უკრაინაში მესამე ქვეყნის მეშვეობით გაგზავნოს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ბერძენი სამხედროების მიერ სათადარიგო კომპონენტების მარაგი უკვე დაბალ ნიშნულზეა, რადგან მთავრობა არც კი ასრულებდა მოქმედ კონტრაქტს რუსეთისგან სათადარიგო ნაწილებისა და კომპონენტების შესყიდვის შესახებ,“ ნათქვამია ინფორმაციაში. გამოცემა წერს, რომ ბატარეები „ალბათ“ გაიგზავნება უკრაინაში მესამე ქვეყნების მეშვეობით, თუმცა არ აკონკრეტებს ვადებს ან სავარაუდო შუამავლებს. შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ვიზიტით 21 აგვისტოს ჩავიდა. „საბერძნეთი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი მფრინავების მომზადებაში F-16-ებზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ. საბერძნეთი უკრაინას ოდესის აღდგენაში დაეხმარება - მიცოტაკისი  

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი: თუ რუსეთი უკრაინაში არ შეჩერდება, ეს NATO-ს ზოგიერთი წევრისთვის პრობლემა გახდება

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი ახლა არ შეჩერდება, ის უკრაინაში არ გაჩერდება და პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირსა და NATO-ს. აქედან გამომდინარე, მინისტრი უკრაინის მხარდაჭერას კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.  „თუ რუსეთი არ შეჩერდება, რაღაც მომენტში ევროპის შიგნით საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით,“ - განაცხადა მან European Pravda-სთან ინტერვიუში. „ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ რუსეთი არ გაიმარჯვებს უკრაინაში“, - აღნიშნა მინისტრმა. კაისა ოლონგრენის თქმით, რუსეთში რეჟიმი ძალიან აგრესიულია, რევანშისტული და ოცნებობს ძველ დროში დაბრუნებაზე, საბჭოთა კავშირისა და მისი იმპერიის აღდგენაზე. „ეს ნიშნავს, რომ NATO-ს აღმოსავლეთ ნაწილს, ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილს ეს „მისწრაფება“ პირდაპირ ემუქრება. მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ამაზე ხაზგასმა. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, ეს არის ევროპული პრობლემა. ეს არის NATO-ს პრობლემა,“ - აღნიშნა ოლონგრენმა. მინისტრის თქმით, ნიდერლანდებში ფართო კონსენსუსია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგაც უნდა დარჩეს. ივლისის დასაწყისში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა. კოალიციის დაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიგრაციის კონტროლის გაძლიერების საკითხის შესახებ პარტიებს შორის უთანხმოება იყო. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის.

მაყაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საკაბელო არხების დაერთების გამო, 26-27 აგვისტოს, 00:00-დან 06:00 საათამდე კოტე მაყაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.   კერძოდ, შეზღუდვა შეეხება მაყაშვილის ჩიხიდან ბარნოვისა და მაყაშვილის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ბარნოვის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, პეტრე მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით, ხოლო მაყაშვილის ქუჩიდან ტრანსპორტი იმოძრავებს ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ივანე კერესელიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით. სამუშაო იწარმოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე გაათავისუფლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე გათავისუფლებულები არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „კახაბერ ნათაძის და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. მოლაპარაკების არსებული ფორმატებისა და ინსტრუმენტების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად, კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, კახაბერ ნათაძე 2021 წლის 10 დეკემბერს ვლადიმერ კანიაშვილთან ერთდ ღდულეთის შემოგარენში, ახალგორის რაიონში​ დააკავეს. კანიაშვილი 2022 წლის 19 აპრილს გაათავისუფლეს. ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე კი, 2021 წლის 12 დეკემბერს სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს დააკავეს. უკანონო პატიმრობაში ამ დროის მონაცემებით, საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე რჩება.  

ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჰაკან ფიდანთან შეხვედრისას, რუსეთის მიერ მარცვლეულის დერეფნის ბლოკირება და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა. „ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი: სამშვიდობო ფორმულა, მზადება გლობალური სამშვიდობო სამიტისთვის, რისკები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ბლოკადასთან,“ - წერს ზელენსკი. მან მადლობა გადაუხადა თურქეთს უკრაინის მუდმივი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ შავ ზღვაში ალტერნატიული „მარცვლეულის დერეფანი“ შექმნა, თუმცა მას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას 25 აგვისტოს ეწვია  

F-16 კონტრშეტევას „რადიკალურად შეცვლის“ - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ამერიკული F-16-ის ტიპის თვითმფრინავების განლაგება უკრაინას მნიშვნელოვნად დაეხმარება, რადგან ჰაერიდადან ბრძოლის თვალსაზრისით, ახლა პარიტეტი არ არის დაცული. დანილოვის შეფასებით, F-16 თვალსაზრისით სურათს შეცვლის. „ჰაერში არ არის პარიტეტი. ეს ართულებს ბევრ საკითხს, რომელიც დღეს ფრონტზე არსებობს. როგორც კი F-16-ები გამოჩნდებიან და ჩვენი შეიარაღებული ძალები მაქსიმალურად გამოიყენებენ მას, დამიჯერეთ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება ჩვენ თვალწინ,“ - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა CNN-ის ცნობით. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ამ დროისთვის აგრძელებს თავის „კომპლექსურ ოპერაციას" ადგილზე და ინარჩუნებს მიდგომას მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, „თუ ვინმეს ეგონა, რომ ეს იყო რაღაც წვრილმანი და რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ ჩვენს დასახულ მიზნებს - ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებას, ძალიან სწრაფად, გახსოვდეთ, რომ მტერი ძლიერია. მტერს აქვს თავდაცვისა და დამცავი სტრუქტურების გარკვეული სისტემა, რომლის აშენებაც შეძლო,“ - განაცხადა დანილოვმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. 24 აგვისტოს პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინელი პილოტების მომზადებას შემოდგომაზე დაიწყებს.

ზელენსკი: შემოდგომა დიპლომატიური თვალსაზრისით დატვირთული იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შემოდგომა დიპლომატიის თვალსაზრისით დატვირთული იქნება. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მომავალ კვირაში მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა უკრაინა დაიცვას მათგან, ვინც მას ასუსტებს. „ჩვენ ვამზადებთ ჩვენს ახალ საერთაშორისო ღონისძიებებს შემოდგომისთვის, ახალ ნაბიჯებს პარტნიორებთან ურთიერთობაში, რამაც უნდა გააძლიეროს უკრაინა. შემოდგომა დიპლომატიის თვალსაზრისით დატვირთული იქნება. ჩვენ უკვე ვემზადებით შემდეგი კვირისთვის. იქნება სპეციალური შიდაპოლიტიკური შეხვედრები. ისინი უკვე დაგეგმილია. რაც შეეხება საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს... რაღაც, რაც აუცილებლად დაიცავს ჩვენს სახელმწიფოს ყველა იმისგან, ვინც მის დასუსტებას ცდილობს, ვინც სამწუხაროდ, უკრაინაზე არ ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სისტემაში თანამდებობებს იკავებს. უკრაინის სიძლიერეს ალტერნატივა არ აქვს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლური სანქციების ქვეშაა. უკრაინა სამხედრო დახმარებას იღებს და კონტრშეტევას აწარმოებს.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 აგვისტოს

26 აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.  

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 26 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6299 ლარი ეღირება, ევრო – 2.8400 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3131 ლარი. 25 აგვისტოს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6387 ლარი ღირდა, ევრო – 2.8640 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3472 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი დღეს, 26 აგვისტოს შევა ძალაში და შაბათ კვირასაც იმოქმედებს.  

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 10 სექტემბრის ჩათვლით, მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით,ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე, პრევენციის მიზნით, ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა გრძელდება. მიმდინარე სამუშაოს გამო, 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 12:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე - ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. „შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით. გარდა ამისა, 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 08:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. აღნიშნულ საათებში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილისა და ცინცაძის ქუჩების, ასევე, ჩოლოყაშვილის გზატკეცილის საშუალებით,“ - აცხადებენ მერიაში.  ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენა ბოლოს 17 აგვისტოს დაფიქსირდა  

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა თურქეთისთვის პრიორიტეტულია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ რისკებს გათვალისწინებით, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ ალტერნატივა სხვა ვარიანტი ვერ გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისთვის ძალისხმევას განაგრძობს. „ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ეძებენ ალტერნატიულ გზებს მარცვლეულის ექსპორტისთვის. თუმცა ასევე ვხედავთ, რომ ეს გზები არ შეიძლება, ალტერნატივად განიხილებოდეს, რადგან ეს რისკებს შეიცავს,“ - განაცხადა ფიდანმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ  ამ ინიციატივის საშუალებით, 33 მილიონ ტონაზე მეტმა მარცვლეულმა და საკვები პროდუქტმა საერთაშორისო ბაზრებს მიაღწია. „ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ყველა მხარესთან ყველა დონეზე“, - განაცხადა ჰაკან ფიდანმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ინიციატივის აღდგენა თურქეთისთვის პრიორიტეტულია. „მარცვლეულის ინიციატივას“ განსაკუთრებული ადგილი უკავია გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ძალიან სისტემატურად“ მუშაობს,“ - აღნიშნა ფიდანმა. მან მადლობა გადაუხადა უკრაინელებს ამ საკითხთან მიმართებით „კონსტრუქციული მხარდაჭერისთვის.“ თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.