ძებნის რეზულტატი:

თოყაევი: შუა დერეფნის გამტარუნარიანობა სავარაუდოდ, ხუთჯერ გაიზრდება

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ ჟომართ თოაევის განცხადებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში შუა დერეფნის გასწვრივ მოძრაობის მოცულობა შეიძლება, ხუთჯერ გაიზარდოს. „ჩვენ ვაპირებთ, სისტემატურად გავზარდოთ მისი გამტარუნარიანობა ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვით და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მოძმე ერებთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაზე, რათა აღმოიფხვრას შიდარეგიონული ვაჭრობის შემაფერხებელი ფაქტორები,“ - აღნიშნა თოყაევმა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი) სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონტინენტალურ სავაჭრო რუკაზე, განაცხადა ასევე ყაზახეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომან სკლიარმა ყაზახეთ-გერმანულ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მისი შეფასებით, ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარების კონტექსტში, ახალი სატრანსპორტო და ლოგისტიკური მარშრუტების შექმნას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. „დღეს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან საქონლის 80 პროცენტზე მეტი ევროპაში ყაზახეთის გავლით ტრანსპორტირდება,“ - განაცხადა სკლიარმა. სკლიარმა ასევე ისაუბრა შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების მოცულობის დადებით დინამიკაზე. ყაზახეთს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთბრუნვის 10 მლნ ტონამდე გაზრდა სურს „გასულ წელს ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაორმაგდა და დაახლოებით, 1,7 მლნ ტონა შეადგინა, მიმდინარე წლის ხუთ თვეში კი, ტვირთბრუნვა 64 პროცენტით გაიზარდა. წელს ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ამ მარშრუტით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 10 მილიონამდე გავზარდოთ საშუალოვადიან პერსპექტივაში. ყაზახეთი მზადაა, უზრუნველყოს საპორტო საშუალებები მისი გერმანელი და ევროპელი პარტნიორების მზარდი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად,“ - განაცხადა რომან სკლიარმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.  

მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო

დღეს, 14 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს. კერძოდ, საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე. „დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს, სადაც კონკრეტული ვადებია გაწერილი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად. დოკუმენტი მოიცავს 7 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე - მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეწია რეკომენდაცია, გააგრძელოს დამატებითი კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან. მთავრობის მიერ დოკუმენტის მიღების შემდეგ, სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.

საქართველო NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ”ზღვის მცველი” მონაწილეობის მიღების მიზნით საბერძნეთში გაემგზავრა. შესაბამის ინფორმაციას შსს ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, 12 მოსამსახურის შემადგენლობით, NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში "ზღვის მცველი" მონაწილეობის მიღების მიზნით საბერძნეთში გაემგზავრა. ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ქვედანაყოფი NATO-ს ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში, ოპერაციული პარტნიორის სტატუსით ერთვება. NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო გახდა პირველი ასპირანტი ქვეყანა, რომლის შესაბამისი ქვედანაყოფების NATO-ს სერტიფიცირების ოთხწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ოპერაციის „ზღვის მცველი“, ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის NATO-ს ოპერაციაში ჩართვა, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს ღირსეული წვლილის შეტანას და NATO-ს საზღვაო კომპონენტებთან ურთიერთავსებადობის ამაღლებას ემსახურება. „ალიანსის ეგიდით წარმოებულ ოპერაციაში მონაწილეობა, NATO-ს გაერთიანებულ საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ასევე, ოპერაციაში მონაწილეობა, ქართული დროშის დემონსტრირებისა და NATO-ს შენაერთებთან ურთიერთობის გაღრმავების საუკეთესო შესაძლებლობაა. NATO-ს ოპერაცია „ზღვის მცველი“, ალიანსის ეგიდით მოქმედ, დღეისათვის ერთადერთ ოპერაციას წარმოადგენს, რომლის მთავარი ამოცანებია: ტერორიზმთან ბრძოლა, ზღვაზე თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება,“ - აცხადებენ შსს-ში. სანაპირო დაცვის მოსამსახურეების საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ, ოპერაციაში გადასროლამდე წინამოსამზადებელი სწავლება გაიმართება. წვრთნების დასრულების შემდეგ ქართული კონტინგენტი NATO-ს საზღვაო შენაერთზე განთავსდება და ხმელთაშუა ზღვაში, NATO-ს ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. შეგახსებთ, NATO-მ საქართველოს ალიანსის საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი გასული წლის ივლისში მიანიჭა. პარლამენტმა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას მხარი მიმდინარე წლის მაისში დაუჭირა.  საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ქვეყანა ისწრაფვის ალიანსში გაწევრიანებისკენ. დროთა განმავლობაში NATO-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრი განვითარდა, რომელიც მიმართულია საქართველოს მიერ რეფორმების დარგში გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერისკენ და მის მიერ დასახული მიზნის, ინტეგრაცია მოახდინოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ხელშეწყობისკენ. ქვეყანას საკუთარი წვლილი შეაქვს NATO-ს ეგიდით გამართულ ოპერაციაში “ზღვის მცველი” (Sea Guardian) და გარდა ამისა იგი თანამშრომლობს ალიანსის მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ბევრ სხვა სფეროში.

პუტინი უშიშროების საბჭოს იწვევს, განიხილება რუსეთის მეზობელ სახლმწიფოებთან ურთიერთობები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია მოსკოვის მოკავშირეებთან და მეზობლებთან კავშირების განსახილველად, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი 14 სექტემბერს. უკრაინული მედია წერს, რომ სომხეთი, რომელიც ტრადიციულად იყენებდა რუსეთთან ურთიერთობას აზერბაიჯანელი მეტოქეებისა და მათი თურქი მოკავშირეების დასაბალანსებლად, კავკასიაში მოსკოვის გავლენის მიმართ ნდობას კარგავს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს გასული კვირის განმავლობაში სომხეთის ნაბიჯებსმოსკოვის პროტესტი მოჰყვა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ბაქოს მხარდამჭერ განცხადებას მოსკოვის დემარში მოჰყვა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

ბულგარეთმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

ბულგარეთმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. „მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი დენკოვს და მის გუნდს, ასევე ბულგარელ პარლამენტარებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ ნაბიჯს. ბულგარეთი არის ნამდვილი სოლიდარობის მაგალითი,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ივნისში, ევროკავშირი ხუთ წევრ სახელმწიფოში მარცვლეულის იმპორტის შეზღუდვას დაეთანხმა. გადაწყვეტილების მიზეზად ადგილობრივი ფერმერების ინტერესების დაცვა დასახელდა, რომლებიც ადგილობრივ ბაზრებზე ფასების ვარდნის მიზეზად უკრაინული მარცვლეულის იმპორტს ასახელებენ.  

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებაზე ანდრეევკა გაათავისუფლეს - მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებაზე ანდრეევკა გაათავისუფლეს, „ბახმუტის მიმართულებაზე წინ მივიწევთ. ჩრდილოეთ ფლანგზე მტერი დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს. სამხრეთ ფლანგზე კი, წარმატებით მივიწევთ წინ. ძირითადი ბრძოლები ანდრეევკის, კურდიუმოვკის, კლეშჩეევკის რაიონებში გრძელდება და იქ კარგი ამბები გვაქვს. ანდრეევკა ჩვენია. დაკავებულ პოზიციებზე ვმაგრდებით,“ - წერს მალიარი ტელეგრამზე.  

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარადგინა. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები წარადგინა.  

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პარლამენტში იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები, ყოველგვარი სპეკულაციები, იმისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყოს მტკიცე, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ არ იქნება დარბაზში, მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს, რომელიც რეალურად ისახავს მიზნად იმას, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ ჩვენი ევროპული არჩევანის რეალიზება არ მოხდეს. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა პოლიტიკური საბჭოს მიერ,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ის მოუწოდებს ოპოზიციონერ კოლეგებს, სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისინიც არ შევიდნენ. „რაც შეეხება ფრაქციიდან გასულ პარლამენტის დეპუტატებს, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციასა და ფრაქციის წევრებზე, სხვა წევრები, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკის სიით, ბუნებრივია, მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და არც ავიღებთ. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ გამოირიცხოს ინსინუაციები და არ დავტოვოთ სივრცე კითხვის ნიშნებისთვის, ყველა გამოვიდეთ დარბაზიდან და არ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

რუსეთმა აშშ-ის მაღალი რანგის ორ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ორი თანამშრომელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. სამინისტროს განცხადებით, მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელს გადაეცა ნოტა, რომელიც მკაცრ განცხადებას შეიცავს. შვიდი დღის განმავალობაში ქვეყანა უნდა დატოვონ საელჩოს პირველმა მდივანმა ჯეფრი სილინმა და მეორე მდივანმა დევიდ ბერნსტაინმა. სამინისტროს ცნობით, მათ ჩაიდინეს „უკანონო ქმედება“, როცა კონტაქტი იქონიეს რუსეთის მოქალაქე რობერტ შონოვთან, რომელიც „უცხო სახელმწიფოსთან თანამშრომლობაშია“ ეჭვმიტანილი. შონოვი, რომელიც აგვისტოში დააკავეს, აშშ-ის გენერალურ საკონსულოში, ვლადივოსტოკში 25 წლის განმავლობაში მსახურობდა.

ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. სახელწმიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებულია, აშშ-მ სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ ბიზნესმენს და სხვა სფეროს წარმომადგენელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ ხელი შეუშალოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წვდომას ტექნოლოგიებსა და ფინანასურ არხებზე, რომლებიც უკრანაში ომის გასაგრძელებლად სჭირდება. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში. „ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირიდან „ეფესბესთან,“ - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.  „პუნქტის 1(a)(i) შესაბამისად, შემდეგი ორი სუბიექტი დანიშნულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში ოპერირების ან საქმიანობისთვის. ორივე არის რუსეთში დაფუძნებული მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია, სადაც ფარცხალაძეს 50 პროცენტი ეკუთვნის. ფარცხალაძე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი,“  - წერია დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. სანქციების სიაში მოხვედრილთა საკუთრებაში არსებული ყველა ქონება და ინტერესი, რომელიც შეერთებულ შტატებშია რეგისტირებული, იბლოკება. ასევე იბლოკება ნებისმიერი სახის გადარიცხვა ამ პირებთან ან მათთან, ვინც ამ პირებთან დაკავშირებულ კომპანიებში ფლობს 50-პროცენტიან წილს. ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა. 2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიას თავს დაესხნენ, რაშიც ყოფილი მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა. თორდია აცხადებდა, რომ თავდასხმა მის სამსახურეობრივ მდგომარეობას უკავშირდებოდა. ყოფილი მთავარი პროკურორი რამდენიმე დღის შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში გამოკითხეს. 2021 წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ ყოფილი პროკურორი გაამართლა.  

ინდოეთმა სომხეთს ჰაუბიცები გაუგზავნა - მედია

ინდოეთმა სომხეთს საარტილერიო იარაღი მიაწოდა. ადგილობრივი თავდაცვის კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 6 ჰაუბიცა ერევანმა აგვისტოს დასაწყისში მიიღო. ეს არის პირველი პარტია, რომელიც სომხეთში ხელმოწერილი ძირითადი კონტრაქტის ფარგლებში ჩავიდა. თავდაცვის გარიგება სომხეთისთვის 155,5 მილიონი დოლარის ღირებულების 90 ATAGS-ის ერთეულის მიწოდებას გულისხმობს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ამ ტიპის დამატებით, 84 ბუქსირების ჰაუბიცის ეტაპობრივ მიწოდებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ამასთან, აღნიშნულია, რომ Bharat Forge გეგმავს სომხეთში საარტილერიო სისტემების ვადაზე ადრე ჩატანას.  

სლოვაკეთმა რუსი დიპლომატი გააძევა

სლოვაკეთმა რუსი დიპლომატის გაძევეების შესახებ განაცხადა. Reuters-ის ცნობით, სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დაიბარა რუსეთის ელჩი და მოუწოდა საელჩოს, განახორციელოს თავისი საქმიანობა ვენის კონვენციის შესაბამისად. მას დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია. „მიზეზი არის მისი საქმიანობა, რომელიც პირდაპირ არღვევდა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, რომელიც საფუძვლიანად იყო დოკუმენტირებული სლოვაკეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ," - აცხადებენ სამინისტროში გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რუს დიპლომატს 48 საათი აქვს ქვეყნის დასატოვებლად.  

ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შტატების მიერ დღეს, 14 სექტემბერს გამოცხადებული ახალი სანქციების მიზეზსა და მიზნებს განმარტავს. მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგეტიკული წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებაშისა, საქმიანობენ რუსეთის ლითონებისა და სამთო სექტორებში და ეხმარებიან რუს ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერსა და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც FSB-მ გამოიყენა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზემოქმედებისთვის. გარდა ამისა, დეპარტამენტი სანქციებს უწესებს იურიდიულ პირებს, რომლებიც აწარმოებენ და არემონტებენ რუსული სამხედრო იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში, და ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ინდივიდს, რომელიც მონაწილეობს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან რუსეთში საბრძოლო მასალის გადაზიდვაში,“ - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდაჭერაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო ომის ფონზე. „ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება,“ - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი. ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა  

ბაიდენმა უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეცწარმომადგენელი დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პენი პრიცკერი უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში პირველ სპეციალურ წარმომადგენელად დანიშნა. „ეს არის შემდეგი ნაბიჯი უკრაინის დასახმარებლად უფრო ძლიერი მომავლის შექმნაში", - განაცხადა თეთრმა სახლმა 14 სექტემბერს. პრიცკერი არის მეწარმე და კომერციის საკითხებში ყოფილი მდივანი და ის ამ თანამდებობაზე ბიზნესში ყოფნისას დაგროვილი ათწლეულის გამოცდილების გამო დაინიშნა, განაცხადა ბაიდენმა. პრიცკერის ოჯახმა დააფუძნა ბიზნეს იმპერია, რომელშიც Hyatt-ის სასტუმროების ჯგუფი შედის. „პრიცკერს აქვს „ღრმა ოჯახური კავშირები უკრაინასთან. მისი ამოცანები მოიცავს უცხოური ინვესტიციების მობილიზებას, რუსული თავდასხმების შედეგად დახურული ბიზნესის ხელახლა გახსნის მხარდაჭერას და უკრაინის ექსპორტის გაზრდაში დახმარებას,“ აღნიშნა ბაიდენმა. სპეციალური წარმომადგენელი მხარს დაუჭერს უკრაინის მთავრობას „რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც საჭიროა მისი ეკონომიკის გასაძლიერებლად.“ პრიცკერი უკრაინაში გამგზავრებას "უახლოეს კვირებში"  გეგმავს. პრიცკერის დანიშვნა აჩვენებს „ჩვენს ერთგულებას უკრაინის ევროპული მომავლის გაძლიერებისადმი“, - განაცხადა თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. პრიცკერი „იზრუნებს იმაზე, რომ უკრაინა არამხოლოდ გადარჩეს, არამედ, აყვავდეს,“ - აღნიშნა ბლინკენმა. რუსული თავდასხმების ფონზე უკრაინის რეკონსტრუქცია ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დღის წესრიგში, როდესაც ბლინკენი 6 სექტემბერს ეწვია კიევს.  

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კიევში ოფისი გახსნა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) კიევში საველე ოფისი გახსნა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა განაცხადა. კოსტინის თქმით, ოფისი შეიქმნა იმისათვის, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ეფექტიანობა გაიზარდოს. გენერალური პროკურორის თქმით, ეს არის ყველაზე დიდი საველე ოფისი ჰააგის ფარგლებს გარეთ. სასამართლოს საერთო ჯამში შვიდი საველე ოფისი მთელ მსოფლიოში.  

მეთიუ მილერის თქმით, აშშ-ის ხედვას საქართველოსთან ურთიერთობებზე, არცერთი ინდივიდუალური სანქცია არ შეცვლის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა უპასუხა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, იქონიებს თუ არა გავლენას აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე. დეპარტამენტში დღევანდელი პრესკონფერენცია მილერმა სწორედ სანქციების თემით დაიწყო, რის შემდეგაც შეკითხვებს უპასუხა. „მე არ მინდა რომ ამ დასკვნაზე გადავიდე. მე მინდა ვთქვა, რომ დღეს 150-ზე მეტი სუბიექტი და ინდივიდი დავასანქცირეთ და არ მაქვს შესაძლებლობა, რომ რომელიმე სანქციაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო. სახაზინო დეპარტამენტმა უკვე გამოსცა დეტალური ინფორმაცია ამ სანქციებთან დაკავშირებით...“ უპასუხა მილერმა ჟურნალისტს. დამაზუსტებელ შეკითხვას, რომ ეს უკვე მეორე სასანქციო აქტია, რომელიც ქართველს ეხება, რაც უპრეცედენტოა და გარკვეულწილად, იმოქმედებს თუ არა ეს საქართველოსთან ურთიერთობაზე, მილერმა ასე უპასუხა:  „არ ვფიქრობ, რომ ასე იყოს, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და სოლიდარობას ვუცხადებდით საქართველოს მოსახლეობასა და მათ სურვილს, ქვეყანა იყოს თავისუფალი და სუვერენული საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო მიზანზე, როგორც სრულიად ინტეგრირებული წევრი ევროატლანტიკური ოჯახის და არცერთი ინდივიდუალური სანქცია და გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ, არ შეცვლის ჩვენს ხედვას ამ ურთიერთობაზე.“ ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს  

პაპუაშვილი აშშ-ის მიერ ფარცხალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია. „შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ გაერკვეს, რაშია საქმე. ზოგადად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ იყოს დაშვებული,“ - განაცხადა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს  

უკრაინამ გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ ესხმიან თავს რუსულ გემს

ვიცე-პრემიერი ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში - უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ ესხმის თავს საზღვაო თვითმფრინავი რუსულ გემს. „ჩვენ ყველა ვმუშაობთ გამარჯვებისთვის,“ - წერს ფედოროვი „ტელეგრამზე.“ უკრაინულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ 13 სექტემბერს ღამით, დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში სარაკეტო დარტყმის ქვეშ რუსული სადესანტო ხომალდი და წყალქვეშა ნავი მოექცა. უკრაინული მედია წერს, რომ 14 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში რუსული ფლოტის კიდევ ორი საპატრულო ხომალდი დააზიანა.  

ამერიკული სარაკეტო წყალქვეშა ნავი ნორვეგიაში განთავსდა

ოჰაიოს კლასის მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავი USS Florida (SSGN 728) ტრომსეში, ნორვეგიაში პირველად ჩავიდა. ინფორმაციას ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალები ავრცელებს. აშშ-ის შეფასებით, ვიზიტი ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. „მადლობელი ვართ ნორვეგიის იმისთვის, რომ USS Florida-ს ნება დართო, განეხორციელებინა ტრომსეს პორტში ვიზიტი. ასეთი გაჩერებები საშუალებას აძლევს წყალქვეშა ნავს და მის ეკიპაჟს, გააგრძელონ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მისია,“ - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ეს აშშ-ნორვეგიის პარტნიორობის სიმტკიცის თვალსაჩინო დემონსტრირებაა. „მოუთმენლად ველით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს დიდი ხნის მოკავშირეებთან ერთად, როდესაც ერთად ვიმუშავებთ ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. ტრომსემდე იყო რეგულარულად დაგეგმილი ვიზიტი იტალიაში, ნეაპოლში 2023 წლის აგვისტოში. პორტში ყოფნისას, ფლორიდის ეკიპაჟს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს ტრომსეს მდიდარ კულტურას და დაამყაროს ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან,“ - აღნიშნავს ოფიციალური პირი.  

მედია: ჩინეთის თავდაცვის მინისტრს კორუფციაში დადანაშაულების გამო სავარაუდოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ

ვაშინგტონის ინფორმაციით, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს და კორუფციული ბრალდებების გამო, გამოძიების ქვეშ იმყოფება. ლი შანგფუ ორ კვირაზე მეტია, საჯაროდ არ გამოჩენილა. წერს Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით. მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი იყო გაუჩინარებული და ერთი თვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სი ძინპინმა ახალი მინისტრი დანიშნა. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, Reuters-ი წერდა, რომ ლი შანფუმ გასულ კვირას, ვიეტნამის თავდაცვის ლიდერებთან შეხვედრა მოულოდნელად დატოვა. 65 წლის ლი შანგფუ 7-8 სექტემბერს ჩინეთთან საზღვარზე, თავდაცვის თანამშრომლობის ყოველწლიურ შეკრებას  უნდა დასწრებოდა, მაგრამ შეხვედრა გადაიდო მას შემდეგ, რაც პეკინმა ჰანოის ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ მინისტრს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ამასთან, The Guardian-ი წერს, რომ გენერალი ლი შანგფუ ბოლოს 29 აგვისტოს ნახეს, როდესაც ჩინეთ-აფრიკის მშვიდობისა და უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მისი ბოლო მოგზაურობა საზღვარგარეთ, მოსკოვსა და მინსკში აგვისტოს შუა რიცხვებში შედგა, სადაც რუს ოფიციალურ პირებს უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. მან ასევე გამართა შეხვედრა ბელორუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა, რომ აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა ორ ზესახელმწიფოს შორის კონფლიქტი თავიდან აიცილოს. „ჩვენ ვმუშაობთ ურთიერთობაში გარკვეული სტაბილურობის დასამყარებლად, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონკურენცია, რომელშიც ჩვენ ვართ, არ გადაიზარდოს კონფლიქტში. კონფლიქტი, არ იქნება ჩვენს, მათ ან ვინმეს ინტერესებში,” - განუცხადა ბლინკენმა CNN-ს. ბლინკენი ივნისში გაემგზავრა ჩინეთში და გახდა აშშ-ის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ასეთი მისია შეასრულა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტად აირჩიეს.   CNN-ის ცნობით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ბლინკენის მოგზაურობის დროს არ გადაწყდა, იყო სამხედრო-სამხედრო კომუნიკაციების აღდგენა აშშ-სა და ჩინეთს შორის. ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კონტაქტები კვლავ გაყინულია და ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება 2018 წლიდან, ჩინეთის აღჭურვილობის განვითარების დეპარტამენტის მიერ რუსული იარაღის შეძენის გამო. ლი შანფუ იმ დროს ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს გაერთიანებული შტაბის შეიარაღების სამმართველოს უფროსი იყო.