ძებნის რეზულტატი:

ISW: უკრაინაში, ელიტური რუსული ქვედანაყოფის მეთაური მოკლეს

რუსეთის 247-ე გვარდიის საჰაერო თავდასხმის პოლკის მეთაური, ვასილი პოპოვი უკრაინაში ბრძოლის დროს დაიღუპა. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციაშია ნათქვამი. ვასილი პოპოვმა შეცვალა 247-ე პოლკის მეთაურის პოსტზე აგვისტოში ან სექტემბერში პიოტრ პოპოვი, რითაც გახდა 247-ე პოლკის მეორე მეთაური, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა. ISW-ის ცნობით, დონეცკ-ზაპოროჟიეს რეგიონის საზღვარზე 247-ე პოლკის ქვედანაყოფები მოქმედებენ. ISW-მ ადრეც გამოაქვეყნა შეფასება, რომ შედარებით ელიტური ძალები ახორციელებენ კონტრშეტევებს ფრონტის მნიშვნელოვან სექტორებში, ხოლო ვასილი პოპოვის სიკვდილი ამყარებს ISW-ის შეფასებას, რომ ეს შეტევები შეასუსტებს ამ დანაყოფებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს დილით ოფიციალურად დაადასტურა, რომ შტურმის შედეგად, კონტროლი დაამყარეს დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ ანდრეევკაზე. ის ქალაქ ბახმუტიდან სამხრეთით, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული წარმატება აქვთ ამავე რაიონში მდებარე კლეშჩეევკასთანაც. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა გასულ საღამოს გაავრცელა ცნობა, რომ ანდრეევკა უკრაინელების ხელშია და დაკავებულ პოზიციებს იმყარებენ.  

NYT: ზელენსკი მომავალ კვირაში ვაშინგტონს ეწვევა

NYT-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მომავალ კვირაში დაგეგმილი გამოსვლის შემდეგ ვაშინგტონს ეწვევა. ზელენსკის გაეროს სხდომაზე გამოჩენა საჯაროდ იყო ცნობილი, მაგრამ ვაშინგტონში ვიზიტი ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა. ცნობები ვაშინგტონში ზელენსკის შეხვედრის შესახებ გავრცელდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა. მანამდე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვია კიევს და უკრაინას სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდა. შეხვედრა ასევე მიმდინარეობს იმ ცნობების ფონზე, რომ პრეზიდენტი ბაიდენი განიხილავს კასეტური ბომბებით აღჭურვილი მეტი რაკეტის, ისევე როგორც შორი რადიუსის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების გაგზავნას, რომლებსაც უკრაინის ოფიციალური პირები კონტრშეტევისთვის კრიტიკულს უწოდებდნენ. 14 სექტემბერს ამერიკული ტელეარხი NBC იუწყებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს.  

უკრაინა 17 დრონის განადგურების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო ძალები 17 დრონის განადგურების შესახებ იუწყება. მისივე ცნობით, რუსებმა უკრაინას შეუტიეს Shahed-136/131-ის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატებით, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (პრიმორსკო-ახტარსკი - რუსეთი). 17-ვე უპილოტო თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა მარშრუტის გასწვრივ. ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ გამანადგურებელი თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები, საჰაერო ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტები. როგორც ცნობილია, 15 სექტემბერს ღამით, რუსეთის თავდასხმის საფრთხის გამო მთელ რიგ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.  

აშშ-მ სომხეთში ორი ამერიკელი გენერალი გაგზავნა

ამერიკელი გენერლები, გრეგორი ანდერსონი და პატრიკ ელისი, სომხეთში Eagle Partner-ის წვრთნებზე დაკვირვების მიზნით ჩავიდნენ. ინფორმაციას სომხეთში ამერიკის საელჩო ავრცელებს. სწავლებაში დაახლოებით, 85 ამერიკელი ჯარისკაცი 175-მდე სომეხ ჯარისკაცთან ერთად მონაწილეობს. „Eagle Partner-ის წვრთნები არის სომხეთთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის დადასტურება და ის ეფუძნება ათწლეულების განმავლობაში წარმატებულ სამშვიდობო და უსაფრთხოების თანამშრომლობას, თავდაცვის დეპარტამენტის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში,“ - განაცხადა ელჩმა ქრისტინა ქვიენმა. ასევე წაიკითხეთ: მოსკოვის მიერ სომხეთის ელჩის დაბარების ფონზე, ერევანმა და ვაშინგტონმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს „ჩვენი კავშირები სომხეთთან არის მრავალმხრივი და თანამშრომლობითი. აშშ მუდმივად უწევდა სამხედრო დახმარებას სომხეთს, განსაკუთრებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაში ისეთ გადამწყვეტ საკითხებში, როგორიცაა იარაღის გაუვრცელებლობა და მშვიდობის დაცვა,“ - აღნიშნა თავის მხრივ გენერალ-მაიორმა ანდერსონმა.  

სომხეთში აშშ-ის ელჩი: სომხეთის მე-12 სამშვიდობო ბრიგადის მოსამზადებლად წვრთნები იგეგმება

მიმდინარე წლის ბოლოს, სომხეთის მე-12 სამშვიდობო ბრიგადის მოსამზადებლად წვრთნები იგეგმება. ამერიკის ელჩს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ ეს არის წვრთნები NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) შეფასების, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის ფარგლებში. შეგახსენებთ, ამერიკელი გენერლები, გრეგორი ანდერსონი და პატრიკ ელისი, სომხეთში Eagle Partner-ის წვრთნებზე დაკვირვების მიზნით ჩავიდნენ. ინფორმაციას სომხეთში ამერიკის საელჩო ავრცელებს. სწავლებაში დაახლოებით, 85 ამერიკელი ჯარისკაცი 175-მდე სომეხ ჯარისკაცთან ერთად მონაწილეობს. „Eagle Partner-ის წვრთნები არის სომხეთთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის დადასტურება და ის ეფუძნება ათწლეულების განმავლობაში წარმატებულ სამშვიდობო და უსაფრთხოების თანამშრომლობას, თავდაცვის დეპარტამენტის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში,“ - განაცხადა ელჩმა ქრისტინა ქვიენმა. ასევე წაიკითხეთ: მოსკოვის მიერ სომხეთის ელჩის დაბარების ფონზე, ერევანმა და ვაშინგტონმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს „ჩვენი კავშირები სომხეთთან არის მრავალმხრივი და თანამშრომლობითი. აშშ მუდმივად უწევდა სამხედრო დახმარებას სომხეთს, განსაკუთრებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაში ისეთ გადამწყვეტ საკითხებში, როგორიცაა იარაღის გაუვრცელებლობა და მშვიდობის დაცვა,“ - აღნიშნა თავის მხრივ გენერალ-მაიორმა ანდერსონმა.  

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ 30 ათასამდე სტუდენტს დავალიანება გაუნულდება

ჩემი გადაწყვეტილებით, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა დაავალა განათლებისა და ფინანსთა მინისტრს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. „ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია, ჩვენი სტუდენტების სწავლა-განათლება. უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა, რომელზეც ახალი მინისტრი მუშაობს აქტიურად. მინდა შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუს შეჩერებული სტუდენტების საკითხი. მე მოვიკითხე ეს ინფორმაცია და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება, ამიტომ, მინდა, მე მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მივმართო ჩვენს მინისტრებს, დავავალო განათლებისა და ფინანსთა მინისტრს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს მიეცეთ საშუალება, რომ ამ დავალიანების ჩამოწერის შემდეგ კვლავაც შეძლონ მათ, გააგრძელონ სწავლა,“ - განაცხადა პრემიერმა.  

სტიქიის მსხვერპლთა ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სახელმწიფო 20 000 ლარით დაეხმარება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერმა განმარტა, რომ სახელმწიფო ასევე დაეხმარება გურიაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული, ან დანგრეული სახლის მფლობელებს. „კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ, გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ოდენობით. ასევე მინდა ვთქვა, რომ გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა, იმ სახლებში გაჩერება შეუძლებელია, არ შეიძლება იქ ცხოვრება, ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ის მოქალაქე, ვისაც სახლი დაენგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს ან ახალი სახლი მიეცემათ, ან ჩვენ შევუძენთ, ან ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს. ესეც მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მოვაგვარებთ მათ პრობლემებს. დანარჩენი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა მიმდინარეობს. აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და საზოგადოებას ვაცნობო, ძალიან ბევრი ქართული კომპანია დაეხმარა სახელმწიფოს შოვში, სალიკვიდაციო სამუშაოებში და არც ერთი თეთრი, მათ არ აუღიათ ბიუჯეტიდან, ეს იყო მათი გადაწყვეტილება, საუბარია მილიონობით ლარზე, მათ თავად გაიღეს აღნიშნული კონტრიბუცია. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, ვინც ეს კონტრიბუცია გააკეთა და ჩვენ დეტალურად გავავრცელებთ, ყველა იმ კომპანიის სახელს, ვინც მონაწილეობა მიიღო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, გურიაში სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შოვში კი, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და 10 სექტემბერს მსხვერპლთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ერთ დაკარგულს ისევ ეძებენ.

კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის უფროსი მრჩეველი ერევანსა და ბაქოს ეწვია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ხსენებულ ქვეყნებში ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობები ავრცელებენ. ბონოს ვიზიტის პროგრამა მოიცავს ვიზიტს ერევანსა და ბაქოში, რათა გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას დაუჭიროს მხარი. 14 სექტემბერს ბონო სომხეთში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ყარაბაღის ვითარება და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი. გარდა ამისა, ლუის ბონო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მიიღო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბონო ეწვია სამხრეთ კავკასიას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესისთვის აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზები განეხილა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლად, ფილიპ რიკერის შემცვლელად ლუის ბონო მიმდინარე წლის დასაწყისში დანიშნა.  

თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნები SAT-SAS (წყალქვეშა თავდასხმა და თავდაცვა)  8-15 სექტემბერს ტარდება. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, თურქეთი და პაკისტანი 18-30 სექტემბერს წვრთნებს Eternal Brotherhood-II გამართავენ. ასევე, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმები „კავკასიის არწივის“ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. მანამდე აზერბაიჯანის საზღვაო ძალების დანაყოფებმა და თურქეთის საზღვაო ძალების სპეცრაზმმა ერთობლივი წვრთნები მარმარისში, 2022 წლის ოქტომბერში ჩაატარეს.  

პრემიერი: მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაკორექტირდა და 500-ზე მეტი მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაკორექტირდა და ის 500-ზე მეტი მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება როგორც ხელფასების ზრდას, ასევე უკვე დაწყებული პროექტების დაფინანსებას და მიმართული იქნება ჯანდაცვისკენ, განათლებისკენ, ეკონომიკისა და სხვა სფეროებისკენ. ღარიბაშვილის თქმით, დაკორექტირებული ბიუჯეტი პარლამენტს წარედგინება. „იცით, რომ ჩვენ წლევანდელი ბიუჯეტი დავგეგმეთ საკმაოდ კონსერვატიულად, ეს იყო 5% ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, მაგრამ სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ჩვენ ვაკორექტირებთ ბიუჯეტს, შეგვაქვს ცვლილებები, 500 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი. აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ უკვე მესამე წელია ჩვენ დაგეგმილ ბიუჯეტს ვცვლით და ვზრდით. 2021-ში მოხდა ეს, ჩვენ ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი, ასევე შარშან, 2022 წელს და წელსაც 500-ზე მეტი მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტი. იცით, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება შევძელით ბოლო წლებში, იგივე სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა; სოციალური დახმარებები გავზარდეთ - ეს არის წელიწადში ნახევარ მილიარდზე მეტი; ხელფასები გავუზარდეთ ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველა საჯარო მოხელეს. პოლიციელებს და ჯარისკაცებს 40%-ით გაეზარდათ ჯამში ხელფასები, ეს პროცესები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, იანვარში ყველა საჯარო მოხელეს გაეზრდება ხელფასი. ჯამში პოლიციელს და ჯარს გამოუვა 50%-იანი ზრდა, ბოლო სამ წელიწადში და საჯარო მოხელეებს 30%-იანი ზრდა. ჩვენ ასევე დავაფინანსებთ სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ სხვა სოციალური მიმართულებები, ჯანდაცვა. გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები, რომლებიც გაიგზავნებიან უმაღლესი დონის კლინიკებში. ამას პირადად მინისტრი აკონტროლებს და ხელმძღვანელობს. ჩვენ ასევე ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, განათლების, ეკონომიკის, ჯარის მიმართულებით. ასევე მინდა მოკლედ გითხრათ, რომ ჩვენ ამ დაკორექტირებულ ბიუჯეტს წარვუდგენთ პარლამენტს,“- განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე ინფორმაციით, მუშაობა უკვე დაწყებულია 2024 წლის ბიუჯეტზე, რომლის პირველ ვერსიას პარლამენტს დაახლოებით 29 სექტემბერს წარუდგენენ. „უკვე მუშაობა დაწყებული გვაქვს ახალ ბიუჯეტზე, 2024 წლის ბიუჯეტზე. მქონდა რამდენიმე შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან და მის გუნდთან, ასევე ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც განვიხილეთ ბიუჯეტის პირველი ვერსიები და თვის ბოლოს, დაახლოებით, 29 სექტემბერს პირველ ვერსიას წარვუდგენთ პარლამენტს. გვექნება საინტერესო სიახლეები, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო ვერსია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ოქტომბერში წარვუდგენთ უკვე განახლებულ ვერსიას პარლამენტს და ნოემბერში უკვე მესამე ვერსიას წარვუდგენთ მას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.  

მედია: ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ბელორუსისგან „ეკონომიკურ აღიარებას" მიაღწიეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკამ გადაწყვიტა, „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი ვაჭრობა უზრუნველყოს. ბელორუსის მხრიდან ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს, რომ არძინბამ ლუკაშენკას „გადაწყვეტილება“ 14 სექტემბერს გააცნო ახალი ათონის, გუდაუთის, გაგრის და ბიჭვინთის „ადმინისტრაციების აქტივს“. „დე ფაქტოდ ჩვენთვის ეს ეკონომიკურ აღიარებას ნიშნავს“, - განაცხადა არძინბამ. გარდა ამისა, რადიო თავისუფლება წერს, რომ არძინას თქმით, იგეგმება „აფხაზეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების საქმიანი საბჭოს შექმნაც“. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს,“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს. რა ხდება ბელორუსის შემთხვევაში? ვრცელდება თუ არა მასზეც სანქციები იმ როლისთვის, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი ამ ომში ასრულებს? ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელარუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელარუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელარუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელარუსთან ვაჭრობის და ბელარუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა. 2023 წლის 3 აგვისტოს ევროკავშირმა შემოიღო დამატებითი შემზღუდავი ზომები, რის შედეგადაც ბელარუსზე დაკისრებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეესაბამება. ამაში შედის: იმ საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტის აკრძალვა, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ავიაციასა და კოსმოსურ ინდუსტრიაში — მაგალითად, ესაა საავიაციო ძრავები და დრონები; ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ნაწილების თუ არსებითი კომპონენტებისა და ტყვია-წამლის ყიდვის, მომარაგების, ტრანსფერის ან ექსპორტის აკრძალვა; დამატებითი საექსპორტო შეზღუდვები იმ საქონელზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის იყენებს — მათ შორისაა ნახევარგამტარი მოწყობილობები, ელექტრონული ინტეგრალური სქემები, სამეწარმეო და სატესტო აღჭურვილობა, ფოტოკამერები და ოპტიკური ნაწილები; და ორმაგი გამოყენების საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტის აკრძალვის გახანგრძლივება. გარდა ამისა, ევროკავშირმა ბელარუსში დამატებითი სანქციები დაუწესა იმ 38 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, რომლებსაც წვლილი შეაქვთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ძალების რეპრესირებაში და რომლებიც სარგებელს იღებენ ლუკაშენკოს რეჟიმისგან და მხარს უჭერენ მას. ამჟამად ბელარუსში ევროკავშირის შემზღუდავი ზომები ჯამში 233 ფიზიკურ და 37 იურიდიულ პირზე ვრცელდება.  

უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის ახალი ბრალდება წარუდგინეს

უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის ახალი, რიგით მესამე ბრალდება წაუყენეს. კოლომოისკი ეჭვმიტანილია 5 მილიარდ 800 მილიონი გრივნის (157 მლნ აშშ დოლარი) უკანონოდ დაუფლებაში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) თანახმად, 2013 წლიდან 2014 წლამდე კოლომოისკიმ თავის მფლობელობაში მყოფი „პრივატბანკის“ თანამშრომლებისგან შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც სისტემატურად ფორმდებოდა ბანკის სალაროში ფიქციური ფულადი დეპოზიტების შეტანა. შემდეგ ეს თანხა კოლომოისკის პირად ანგარიშზე ჩაირიცხა და რეალურ უნაღდო სახსრებად იქცა. ამ ვირტუალური აქტივების ლეგალიზაციისთვის კოლომოისკი, გამომძიებლების თქმით, მათ იყენებდა სესხების გასაცემად, თავის კონტროლქვეშ მყოფი საწარმოების მიერ აღებული სესხების დასაფარად, ასევე გაჰქონდა ისინი უცხოეთში, ანაღდებდა და ცალკეულ ბანკებში გამოჰქონდა ისინი. კოლომოისკი ეჭვმიტანილია საგადასახადო დოკუმენტებით უკანონო ქმედებებში, სხვისი ქონების ხელში ჩაგდებასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების გათეთრებაში. კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 2 სექტემბერს შეუფარდა და ასევე ალტერნატივად გირაოს სახით 14 მილიონი დოლარის გირაოს გადახდა დააკისრა. სასამართლომ ბიზნესმენს მისცა შესაძლებლობა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ 509 მილიონზე მეტი გრივნა გირაოს სახით გადაიხადოს. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ კოლომოისკი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და გირაოს გადახდას არ აპირებს. მას „პრივატბანკიდან“ თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალი 7 სექტემბერსაც წარუდგინეს.  

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ ოძისის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.  

ფინანსთა მინისტრი: ანაკლიის პორტის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის, მიმდინარე წელს, 20 მლნ ლარი დაიხარჯება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც წელს დაიხარჯება შესრულებულ სამუშაოზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ძირითადი სამუშაო იქნება მოსამზადებელი ხასიათის იმისთვის, რომ უფრო ინტენსიურად გაგრძელდეს მომდევნო წელს პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ანაკლიასთან დაკავშირებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც უშუალოდ წელს იქნება დახარჯული შესრულებულ სამუშაოებზე. ჩემი ვარაუდით, ეს იქნება მომდევნო თვეში სამუშაოების დაწყების პროცესი. ახლა წარმოვადგინეთ ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისად პარლამენტში გაგზავნას, მის დამტკიცებას, მიღებას და ა.შ. რომელსაც დასჭირდება რამდენიმე კვირა და შემდგომ ეს დაფინანსება იქნება ხელმისაწვდომი. ძირითადი სამუშაოები იქნება მეტად მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ უფრო ინტენსიურად გაგრძელდეს მომდევნო წელს პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. რაც შეეხება უშუალოდ გამარჯვებულის გამოვლენას, აქ ინტერესი გამოხატული აქვს რამდენიმე კომპანიას ჩემი ინფორმაციით, და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში მეტი დეტალი იქნება ცნობილი ეკონომიკის სამინისტროდან იმის შესახებ, თუ რამდენი კომპანია გადავა შემდეგ ეტაპზე და რა ვადებში დასრულდება გამარჯვებულის გამოვლენა, ვინც უშუალოდ იქნება ჩართული პორტის მშენებლობაში. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა დაველოდო მეორე ეტაპს, სადაც იქნება გამოვლენილი მცირე რაოდენობა კომპანიებსა და შემდგომ უნდა დაველოდოთ მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებებს პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის გაწერილი გეგმის მიხედვით თავისი შესაბამისი ვადებით და შესაბამისი ვადების მიხედვით ხორციელდება აღნიშნული საქმიანობა დღესაც“, - განაცხადა ხუციშვილმა.  

სუს–ი: აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკითხის შესწავლა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. „საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა,“ - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს  

საქსტატი: 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 804.5 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1 პროცენტით, ანუ 263.2 ლარით გაიზარდა და 1 804.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, საქსტატის ცნობით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 799.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.2 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 181.4 ლარი (გაიზარდა 19.1 პროცენტით); მშენებლობა – 2 590.3 ლარი (გაიზარდა 18.9 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 525.0 ლარი (გაიზარდა 25.1 პროცენტით). ამასთან, უწყების მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 437.1 ლარით, ხოლო კაცების – 2 161.6 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 196.5 ლარი (15.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 333.2 ლარი (18.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. საანგარიში პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 289.0 ლარით, ანუ 17.8%-ით გაიზარდა და 1 914.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორშია – 3 909.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი გაიზარდა 21.8 პროცენტით. ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფეროში – 2 895.4 ლარი, გაიზარდა 26.5 პროცენტით. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 213.4 ლარით, ანუ 15.3%-ით გაიზარდა და 1 610.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.  

1-ელი ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით იზრდება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი კვლავ იზრდება.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით გაიზრდება. ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. „ოქტომბრიდან, გაზრდილ ხელფასს, 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის - 2536, პარამედიკოსის - 2184, მოტომედიკოსის - 2184, უმცროსი ექიმის - 1800, ექთნის- 1664, მძღოლის - 1520, დისპეტჩერის - 1392, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის - 1648, ცვლის უფროსის - 2560, ცვლის უფროსის მოადგილის -2128, ოპერატორის -1024. აღსანიშნავია, რომ სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10 %-ით, ისევ გაიზრდება. უკვე გაუმჯობესდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა. 2023 წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, მინდელის ქუჩაზე, ახლად გარემონტებულ შენობაში გადავიდა და მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში აგრძელებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაკორექტირდა და ის 500-ზე მეტი მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 15 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება როგორც ხელფასების ზრდას, ასევე უკვე დაწყებული პროექტების დაფინანსებას და მიმართული იქნება ჯანდაცვისკენ, განათლებისკენ, ეკონომიკისა და სხვა სფეროებისკენ. ღარიბაშვილის თქმით, დაკორექტირებული ბიუჯეტი პარლამენტს წარედგინება.  

საგარეჯოში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა, 6 არასრულწლოვანი დაშავდა

საგარეჯოში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც არასრულწლოვნები ისხდნენ, ერთ ადამიანს დაეჯახა. მიღებული დაზიანებებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა ავტომობილში მსხდომი 6 არასრულწლოვანიც, რომლებიც ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ასაკი 16 წლამდეა. ყველა დაშავებულს გამოკვლევა უტარდება, თუმცა პირველადი დათვალიერებით მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ მიღებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა). შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.  

პრემიერი: პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ ყველა იმ პუნქტზე, რაზეც ბატონ ბორელთან გვქონდა საუბარი, მმართველ პარტიას რეაგირება ექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მთავრობამ გუშინ, 14 სექტემბერს მიიღო. მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და მისი არმოცემა „ძალიან დიდი შეცდომა და უსამართლობა იქნება”. „გუშინ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დავამტკიცეთ. ასევე, პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ ყველა იმ პუნქტზე, რაზეც ბატონ ბორელთან და მის გუნდთან გვქონდა საუბარი, მმართველ პარტიას რეაგირება ექნება. მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმ კვირაში, მაქსიმუმ თვის ბოლომდე ეს პროცესი ჩაიხურება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. მიზეზი არ არის და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და უსამართლობა, რასაც არ შევეგუებით. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს! მითუმეტეს, იმ ქვეყნებთან მიმართებით - უკრაინა მოლდოვასთან შედარებით. ყველამ ვიცით, რა ხდება ამ ქვეყნებში. არავის ვედრებით, მაგრამ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, მითუმეტეს იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რაც რეგიონშია და იმ შედეგების, მიღწევების გათვალისწინებით, რასაც ჩვენმა გუნდმა მივაღწიეთ,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ბორელი: ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიდგეთ საქართველოს გვერდით, დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, მეტი დახმარება გზაშია 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.

ბრიტანეთმა ირანის კულტურის მინისტრსა და თეირანის მერს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-სთან კოორდინაციით, ირანის კულტურის მინისტრს და თეირანის მერს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის სანქციები ფოკუსირებულია გადაწყვეტილების იმ მიმღებებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰიჯაბთან დაკავშირებული კანონის აღსრულებაზე. „ირანის მორალის პოლიციის ხელში მაჰსა ამინის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მივესალმები ირანელი ქალების გამბედაობას, როდესაც ისინი აგრძელებენ ბრძოლას ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს ქლევერლიმ. „დღევანდელი სანქციები მიმართულია მათზე, ვინც პასუხისმგებელია ირანის მჩაგვრელ კანონებზე, აგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ დიდი ბრიტანეთი და ჩვენი პარტნიორები გააგრძელებენ ირანელი ქალების გვერდით დგომას,“ - აღნიშნა კლევერლიმ. ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 350-ზე მეტ ირანელ თანამდებობის პირს და სუბიექტს დაუწესა, მათ შორის გენერალურ პროკურორს.