ძებნის რეზულტატი:
პროკურატურა აცხადებს, რომ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა
საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანია PROCTER AND GAMBLE-ს ელექტრონულ ფოსტაზე, ბრალდებულებმა პარტნიორი საწარმოს წარმომადგენლის სახელით ყალბი შეტყობინება გაგზავნეს და შედეგად, დაზარალებულ კომპანიას, ჯამში, 333 132 ევრო საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. აღნიშნული თანხა ფულის გათეთრების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთ დანაწევრებით გადარიცხეს, რითაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. „ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღსანიშნავია, რომ ე.წ. პრედიკატ დანაშაულზე - PROCTER AND GAMBLE-ს მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საფრანგეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობს. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება და რომელსაც პრემიერი დაესწრება. „ნებსით თუ უნებლიეთ პრივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა. „რაც შემეხება მე, პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში 8 ნოემბერს გაემგზავრა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა. 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 18 ოქტომბერს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა.
ავეჯის დამამზადებელი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლის მიმართ ძებნა გამოცხადდა
საქართველოს პროკურატურამ, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს „დემეს” წარმომადგენელს, მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია „დემეს“ წარმომადგენელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულმა 2021-2022 წლებში, ავეჯის დამზადების მსურველი მოქალაქეები აღნიშნული რეკლამებით მიიზიდა და შესაბამისი ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხინა. „ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 464.687 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა. კომპანია „დემეს“ წარმომადგენელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა"და "ბ" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 47 ეპიზოდი) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. „კარგი ახალი ამბები, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია,“ – ნათქვამია განცხადებაში. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
მოლდოვისა და რუმინეთის პრეზიდენტები საქართველოს მიმართ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას მიესალმებიან
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ულოცავს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში ქართველ ხალხს ევროკავშირისაკენ გზაზე დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მივულოცე. გავიმეორეთ ჩვენი, როგორც ევროკავშირის ოჯახის ნაწილის საერთო ხედვა მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ,” - წერს მაია სანდუ. თავის მხრივ, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციებს მათ შორის უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, როგორც კი წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხის მიიღწევა. რუმინეთი ევროკავშირის წლევანდელ გადაწყვეტილებას მტკიცედ უჭერს მხარს. იოჰანისმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა სრულად დაიმსახურა მათი ყოვლისმომცველი რეფორმის ძალისხმევის აღიარება. „მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება მთელი რიგი ნაბიჯები,“ - წერს იოჰანისი. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
თურქეთი ევროკომისიას აკრიტიკებს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით უსამართლო და მიკერძოებულია. უწყების განცხადებით, ბრალდებები უსამართლოა და ხაზს უსვამს „ევროკავშირის მიდგომის არაგულწრფელობას და მკაფიო ორმაგ სტანდარტს.“ „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო პრეტენზიებს და უსამართლო კრიტიკას, განსაკუთრებით პოლიტიკურ კრიტერიუმებსა და სასამართლო და ფუნდამენტურ უფლებათა თავთან დაკავშირებით,“ - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ანკარის შეფასებით, ფუნდამენტური უფლებების საკითხები სადავოა ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი. ცნობისათვის, ევროკომისიის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთს დემოკრატიულ სტანდარტებთან, კანონის უზენაესობასთან, ადამიანის უფლებებთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით სერიოზული უკუსვლა აქვს. ევროკომისიის შეფასებით, თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლაში არ იცავდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პრინციპებს.
ევროპარლამენტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციას უყრის კენჭს
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების თაობაზე რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოვიდა. შესაბამისი ინიციატივა მან ევროპარლამენტის სხდომაზე წარადგინა. „6 ნოემბერს საქართველოს 2 მოქალაქე, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე ეკლესიაში მივიდნენ. მათ ასევე სურდათ იქვე მდებარე სასაფლაოს მონახულება, მათ ამ დროს რუსი ოკუპანტები დაესხნენ თავს. თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და დაკავებული ჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მინდა მოვითხოვო დებატები ამ საკითხზე და რეზოლუციის მიღება," - განაცხადა ევროპარლამენტარმა. ანა ფოტიგამ X-ზე (ყოფილი Twitter) განმარტა, რომ ევროკომისია აღნიშნულ რეზოლუციას კენჭს ნოემბრის სესიაზე უყრის. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მისი გადმოცემის საკითხზე ირაკლი ანთაძე აღნიშნავს: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას, ამას არ ვამტკიცებ." შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დანაკარგები რუსეთის დანაკარგებზე სულ მცირე 5-ჯერ ნაკლებია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters Hosts Interview-ს დროს კომენტარი გააკეთა ზოგიერთი უცხოელი ლიდერის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის რაოდენობა ბევრად აღემატება უკრაინას მოსახლეობის რაოდენობას და, შესაბამისად, უკრაინელი ჯარისკაცები რუსებს წინააღმდეგობას ხანგრძლივად ვერ გაუწევენ. ზელენსკის თქმით, რუსეთის ძალების წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომში უკრაინის არმიის დანაკარგები მოწინააღმდეგის დანაკარგებზე გაცილებით ნაკლებია. „ჩვენი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ ჩვენი დანაკარგები რუსებზე სულ მცირე ხუთჯერ ნაკლებია,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისათვის, უკრაინის გენერალური შტაბის 9 ნოემბერს მონაცემებით, რუსებმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 308 720 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს.
საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს. „ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს ,,From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle,“ იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში 8 ნოემბერს გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება და რომელსაც პრემიერი დაესწრება. „ნებსით თუ უნებლიეთ პრივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა. „რაც შემეხება მე, პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
Reuters: გერმანია რუმინეთში გამანადგურებლებს აგზავნის
გერმანია რუმინეთში NATO-ს საჰაერო საპატრულო მისიის მხარდასაჭერად, 4 გამანადურებელს გზავნის. თვითმფრინავები ნოემბრის ბოლოდან NATO-ს საჰაერო საპატრულო მისიას შეუერთდებიან. იტყობინება Reuters-ი 9 ნოემბერს უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით. ბერლინი რუმინეთის ქალაქ კონსტანცის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე, ასევე განათავსებს 80-მდე ჯარისკაცს, რომელთაგან პირველი ნაკადი ადგილზე 9 ნოემბერს გაემგზავრება. უკრაინის დუნაის პორტებზე მოსკოვის თავდასხმების კვალდაკვალ, რუმინეთის საზღვრიდან მხოლოდ რამდენიმე ასეულ მეტრში, დრონების ნამსხვრევები რამდენჯერმე იპოვეს. ბუქარესტმა ამის საპასაუხოდ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. კერძოდ, ბომბის თავშესაფრები მოაწყო და დრონების საწინააღმდეგო სისტემები განათავსა.
სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ უკრაინისთვის $43 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი არ მიიღო
სლოვაკეთის ახლად დანიშნულმა მთავრობამ უკრაინისთვის 40,3 მილიონი ევროს (43,2 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებაზე უარი განაცხადა. ეს პაკეტი წინა მთავრობის მიერ იყო ინიცირებული. რობერტ ფიცოს პარტიამ, რომელიც კიევისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგია, 30 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. პარტიამ კოალიციური მთავრობა მემარცხენე და ულტრანაციონალისტურ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა. „სლოვაკეთის მთავრობა დახმარებას გაუწევს უკრაინას ჰუმანიტარული და „არა სამხედრო გზით. ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი,“ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მატუს სუტაი ესტოკმა. ფიცომ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა სლოვაკური კომპანიებისგან იარაღის მიყიდვას ხელს არ შეუშლის. „თუ რომელიმე კომპანიას სურს იარაღის წარმოება და სადმე ექსპორტი, ამას არავინ შეუშლის ხელს, რა თქმა უნდა," - აღნიშნა ფიცომ.
ელჩმა დანიგანმა და ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხები განიხილეს
ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი ფინასთა მინისტრ, ლაშა ხუციშვილს შეხვდა. მხარეებმა სანქციების აღსრულების მექანიზმებზე ისაუბრეს. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ მადლობას უხდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის მიერ გაწეული რთული სამუშაოსთვოს, რათა თავიდან აიცილოს შატტებისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქციის რუსეთის ხელში ჩავარდნა. ამასთან, საელჩო აღნიშნავს, რომ ელჩი დანიგანი მოუთმენლად ელის საქართველოსთან ძლიერი თანამშრომლობის გაგრძელებას. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ მხარდაჭერას. ასევე, მინისტრმა ელჩს გააცნო საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯები, არსებული პროცესები და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაციის მექანიზმები. ელჩის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიზნით შემუშავებული მექანიზმები და არსებული თანამშრომლობა. შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, დასავლეთმა რუსეთს სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც რუსეთის ძალები გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრნენ.
7 მითი და ფაქტი “ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაზე”
უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურებს ETIAS-ის ავტორიზაცია სჭირდებათ. რას ნიშნავს ეს სისტემა და რა მითები ვრცელდება მის შესახებ. ფართოდ გავრცელებულ 7 მიტსა და ფაქტს ჩამონათვალში გაეცნობით - პირველი წინადადება, რომელიც წითლად არის მონიშნული, არასწორ ცნობას შეიცავს, მეორე კი, შესაბამისად - რეალობას. #1 ❌ ETIAS აუცილებელია შენგენის 27 ქვეყანაში სამოგზაუროდ. ✅ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურებს დასჭირდებათ “ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის” (ETIAS) მოქმედი ავტორიზაცია ევროპის 30 ქვეყანაში შესასვლელად. მათ შორისაა შენგენის 27 ქვეყანა, ასევე ბულგარეთი, რუმინეთი და კვიპროსი. ევროპის ქვეყნების სრული სია, რომლებიც ETIAS-ს ითხოვენ. #2 ❌ETIAS არის ახალი ვიზა 60 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მანამდე ევროპაში გასამგზავრებლად ვიზა არ სჭირდებოდათ. ✅ ETIAS არ არის ვიზა. მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოთხოვნა უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში. ვიზაზე განაცხადის შეტანისგან განსხვავებით, მოგზაურებს შეეძლებათ ETIAS-ის ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს ონლაინ შევსება, განაცხადის შესატანად არ არის საჭირო საკონსულოში წასვლა და განაცხადის პროცესის ფარგლებში ბიომეტრიული მონაცემები არ შეგროვდება. ETIAS-ის ავტორიზაცია საშუალებას აძლევს მოგზაურებს შევიდნენ და დარჩნენ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებიც მოკლევადიანი ვიზიტებისთვის (90 დღემდე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში) ETIAS-ს მოითხოვენ. ის არ აძლევს განმცხადებლებს უფლებას ისწავლონ, იმუშაონ ან ხანგრძლივი ვადით დარჩნენ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე. თუ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეები, ვისაც ETIAS-ის ავტორიზაცია მოეთხოვებათ, აპირებენ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ევროპულ ქვეყანაში დარჩენას, მუშაობის, სწავლის ან ცხოვრების მიზნით, დიდი ალბათობით მათ გრძელვადიანი ვიზა დასჭირდებათ. შეიტყვეთ მეტი, თუ ვინ უნდა შეიტანოს განაცხადი ETIAS-ის მისაღებად. #3 ❌ არსებობს მრავალი ვებგვერდი, რომელიც ETIAS-ზე განაცხადის შეტანისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. ✅ ETIAS-ის მხოლოდ ერთი ოფიციალური ვებგვერდი არსებობს: travel-europe.europa.eu/etias ასევე არსებობს მრავალი არაოფიციალური ვებსაიტი, რომლებსაც კომერციული შუამავლები მართავენ. მას შემდეგ, რაც 2025 წელს ETIAS-ი ამოქმედდება, კომერციული შუამავლები ETIAS-ის ოფიციალურ ვებგვერდს გამოიყენებენ იმისთვის, რომ თავიანთი კლიენტების სახელით განაცხადები შეიტანონ. ETIAS-ის რეგულაციების მიხედვით ნებადართულია სხვების სახელით განაცხადების შეტანა, მაგრამ უფრთხილდით თაღლითებს! წაიკითხეთ მეტი ETIAS-ის არაოფიციალური ვებგვერდების შესახებ. #4 ❌ ETIAS 5 წლის განმავლობაში მოქმედებს. ✅ ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაცია ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში ან სანამ განაცხადში მითითებული პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურება, რომელიც პირველი მოხდება. #5 ❌ ETIAS-ის განაცხადზე უარის მიღების შემთხვევაში მოგზაურებს მის სანაცვლოდ შენგენის ვიზაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ. ✅ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურები ვერ შეიტანენ განაცხადს ვიზაზე ETIAS-ის მიღებაზე უარის შემთხვევაში. ვიზა და ETIAS არის სხვადასხვა ტიპის ავტორიზაცია, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა კატეგორიის მოგზაურთათვის. თუ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურს არ აქვს ETIAS მოქმედი სამოგზაურო ავტორიზაცია, მას არ ექნება უფლება გადაკვეთოს გარე საზღვრები ევროპის ქვეყნებისა, სადაც ETIAS არის საჭირო. შეიტყვეთ მეტი, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენს განაცხადზე უარს მიიღებთ. #6 ❌ ETIAS-ზე განაცხადის გაკეთება მხოლოდ 18-70 წლამდე ასაკის ადამიანებს სჭირდებათ. ✅ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურს, ასაკის მიუხედავად, უნდა ჰქონდეს ETIAS სამოგზაურო ავტორიზაცია. ამასთან, განმცხადებლები, რომლებიც არიან 18 წლამდე ან 70 წელზე მეტი ასაკის, თავისუფლდებიან განაცხადის შეტანის საფასურის - 7 ევროს გადახდისგან. მოიძიეთ მეტი ინფორმაცია ETIAS განაცხადის საფასურის შესახებ. #7 ❌ ETIAS-ზე განაცხადის შეტანისას, განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის შესახებ. ✅ ETIAS სამოგზაურო ავტორიზაციაზე განაცხადის შეტანისას სამედიცინო ინფორმაციის წარდგენა საჭირო არ არის. განაცხადის ფორმის შევსებისას მოგზაურებს მოეთხოვებათ პირადი ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის მისამართი, საპასპორტო მონაცემები, დასაქმება და ინფორმაცია კონფლიქტის ზონებში წარსულში მოგზაურობის ან ნასამართლობის შესახებ. წაიკითხეთ მეტი, თუ რა არის საჭირო ETIAS-ზე განაცხადის შეტანისთვის. წყარო - ევროკავშირის წარმომადგენლობა
NATO-ს სამხედრო კომიტეტის წევრები სამეთაურო საშტაბო სწავლების - „დიდგორი 2023-ის“ მიმდინარეობით დაინტერესდნენ
საქართველოში ვიზიტით მყოფი NATO-ს სამხედრო კომიტეტის წევრები NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლების - „დიდგორი 2023“ მიმდინარეობას გაეცნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალ შენობაში სტუმრებმა სწავლების გენერალური შტაბისა და უწყებათშორისი ოპერაციული, ასევე, სიმულაციური ცენტრების მუშაობის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს, ასევე „დიდგორი 2023“-ის მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისგან მიიღეს. „დიდგორი 2023“-ის ხელმძღვანელმა პირებმა NATO-ს წარმომადგენლებს ეროვნული დონის სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესიც გააცნეს. „კრწანისში“ ვიზიტისას, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი JTEC-ში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე NATO-სთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველო NATO-ს სამხედრო კომიტეტს მეხუთედ მასპინძლობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. დაგეგმილია ალიანსის სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომის გამართვაც.
34 800 კგ მანდარინი სარფის საბაჟოდან თურქეთში გააბრუნეს - შემოსავლების სამსახური
სარფში მანდარინებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთიდან მომავალი მანდარინებით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. „საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ, სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, 34 800 კილოგრამ მანდარინში პესტიციდების შემცველობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაშვებულ ნორმას აღემატებოდა. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა,“ - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რა ვერსიებს განიხილავს გამოძიება ზალუჟნის თანაშემწის დაღუპვის საქმეზე
გამოძიება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის (AFU) ვალერი ზალუჟნის თანაშემწის გარდაცვალების მთავარ ვერსიად უბედურ შემთხვევად მიიჩნევს, თუმცა მომხდარის კიდევ სამი შესაძლო ვერსია განიხილება. მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შეკვეთილი მკვლელობა, მტრული ურთიერთობებით მოტივირებული მკვლელობა და AFU-ს მთავარი მეთაურის აპარატის უფროსი ოფიცრების სხვა სამხედრო მოსამსახურის განზრახ მკვლელობის მცდელობა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოძიების ბიუროს კომუნიკაციების მრჩეველის თქმით, არსებობს ვერსია, რომ საქმე გვაქვს "ჩასტიაკოვის განზრახ მკვლელობასთან, რომელიც ჩადენილია მტრული ურთიერთობების საფუძველზე - შურისძიება, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. SBI-ს ამჟამად ეჭვმიტანილი ჰყავს - უწყების ინფორმაციით, გენადი ჩასტიაკოვს ხელყუმბარები შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოფისის ოფიცერმა გადასცა. „მოგვიანებით ექვსი მათგანი ხის სასაჩუქრე ყუთში ჩაალაგა, ალკოჰოლური სასმელის ბოთლთან ერთად. ეს ყუთი მან სამხედრო მოსამსახურეს გენადი ჩასტიაკოვს დაბადების დღეზე აჩუქა,“ - წერს SBI განცხადებაში. მისივე თანახმად, ოფიცერმა კიდევ ორი ყუმბარა თავისი კაბინეტის კარადაში შეინახა, საიდანაც ისინი სამართალდამცველებმა ამოიღეს. ოფიცერს ასაფეთქებელი მოწყობილობების კანონით მოთხოვნილი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარებისა და გაყიდვის ბრალდება წარედგინა (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის თანაშემწე, 39 წლის მაიორი გენარი ჩასტიაკოვი აფეთქების შედეგად დაიღუპა. „საჩუქრის გახსნის დროს, ყუმბარა აფეთქდა, რის შედეგადაც, გენადი ჩასტიაკოვი გარდაიცვალა. მეორე დღეს გენერალურმა პროკურატურამ ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პასუხისმგებლობა სახელმწიფო ბიუროს დააკისრა,“ წერს BSI. უკრაინული მედია: კიევთან აფეთქების შედეგად, ზალუჟნის თანაშემწე დაიღუპა
შსს: რუსეთის მოქალაქის შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.უწყების განცხადებით, “შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.“ „ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მედია 8 ნოემბერს წერდა, რომ რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია „Артподготовка-ს" აქტივისტი რაფაილ შეპელევი საქართველოში გაუჩინარდა. უფლებადამცველების თქმით, შესაძლოა, ის რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში "დივერსიული ჯგუფის“ “ძებნა“ ვერტმფრენით განაგრძეს
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ამტკიცებენ, რომ "დივერსიული ჯგუფის" ძებნა გრძელდება. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „Апсны.Иахьа“ ავრცელებს. პროპაგანდისტული ცნობები 8 ნოემბრის საღამოდან ვრცელდება. „გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთაში დივერსიული ჯგუფის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უშიშროების ძალების წარმომადგენლები წავიდნენ სოფელში ინფორმაციის გადასამოწმებლად,“ - განაცხადა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შს მინისტრმა რობერტ კიუტმა. ამასთან, ამტკიცებენ, რომ „უშიშროების ძალები“ მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ სამძებრო სამუშაოებს და ამოწმებდნენ ტერიტორიას. სამუშაოებში ჩართული იყო ქვეითი დანაყოფები და ავიაცია. რობერტ კიუტის თქმით, „არსებული ნიშნებით, დივერსიული ჯგუფის კვალი არ აღმოჩენილა, ძებნა გრძელდება.“ ოკუპირებული აფხაზეთის „შინაგან საქმეთა მინისტრის“ გარდა, ადგილზე არიან „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი“ დიმიტრი დბარი, „თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე" ბესლან ცვიჟბა, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე" თემურ აჰიბა, „პარლამენტის თავმჯდომარე" ლაშა აშუბა, „პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე" თემურ შერგელია. „საქართველოდან დივერსიული ჯგუფის შესვლის შესახებ“ თავდაპირველად კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის „ტელეგრამ“-არხმა Соловьев LIVE-მა დაწერა. როგორც ის აღნიშნავდა, ჯგუფის შესვლის მიზანი „სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობა" იყო. მოგვიანებით, Соловьев LIVE-მა ცნობა წაშალა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, „აფხაზეთის ძალოვანი უწყებები მთებში ეძებენ რამდენიმე შეიარაღებულ ადამიანს". მონადირეებისგან მიღებული მონაცემებით, „მათ უცხოური იარაღი აქვთ, აცვიათ შავი ფორმა, უკეთიათ ნიღბები და კარგად არიან ეკიპირებული“. პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ბჟანია 7 ნოემბერს "სამუშაო ვიზიტით" გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, სადაც შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს ელისეს სასახლეში უმასპინძლა. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს ამ გზაზე თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხაზი გაუსვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გადავიდეს გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ემანუელ მაკრონმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და ისაუბრეს იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მიიწვია,“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „სასიამოვნო იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრა. მადლობელნი ვართ ევროპეიზაციის გზაზე პრეზიდენტის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის და მიგვაჩნია, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ეტაპების წარმატებით გავლაში დაგვეხმარება,“ - წერს თავის მხრივ, ღარიბაშვილი X-ზე.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7048 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7048 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7025 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8914 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8825 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0089 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.