ძებნის რეზულტატი:
მოსკოვი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ჩვეული რიტორიკით საუბრობს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში რუსეთის დადანაშაულება პოლიტიზირებულია. „გაკვირვებული ვართ ევროკავშირის ამ პოზიციით, იქ ყურადღებას არ აქცევენ აშკარა ფაქტებსა და ოსური მხარის ფართო განმარტებებს. ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელში აპელაციის გარეშე ცდილობენ მომხდარისთვის პასუხისმგებლობა რუსეთზე გადმოიტანონ. ეს პოლიტიზირებული, ცალმხრივი, შეფასებები ყალბია. ეს ყველაფერი ევროკავშირის ღია მიკერძოებულობასა და ანგაჟირებულობაზე მეტყველებს,” - განაცხადა ზახაროვამ. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო „კაგებე"-მ. ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ სასაზღვრო პატრულმა ავტომანქანაში „საზღვრის" ორი დამრღვევი აღმოაჩინა. „დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გასწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დამნაშავეებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით მათ სცადეს მანქანით გადაევლოთ მესაზღვრისთვის და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ,“ - ნათქვამია ე.წ. კაგებე-ს განცხადებაში. დე ფაქტო ვერსიის თანახმად: „ამ უკანონო ქმედებების ჩასახშობად და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გაფრთხილების მიზნით ისროლეს და კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის შემდეგ, ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანის საბურავებს." ამავე ცნობით, სროლის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ქართულ მხარეს გადაიყვანეს, მეორე კი, დააკავეს. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. „არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.
აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღში სამხედრო აღლუმი ჩაატარა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების 3 წლის აღსანიშნავად, ქალაქ ხანქენდში (სომხ. სტეფანაკერტი) სამხედრო აღლუმი ჩაატარა. სადღესასწაულო მსვლელობები სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის, ბაქოშიც გაიმართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი ქვეყნის დროშა 15 ოქტომბერს აღმართა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში, რომელსაც აზერბაიჯანელები ხანქენდს უწოდებენ, ხოლო ეთნიკური სომხები - სტეფანაკერტს. „ჩვენ არ გვჭირდება ახალი ომი, მივაღწიეთ იმას, რისკენაც ვისწრაფოდით, აღვადგინეთ საერთაშორისო სამართალი, ისტორიული სამართლიანობა და ეროვნული ღირსება. მტერს ვაჩვენეთ მისი ადგილი," – განაცხადა ილჰამ ალიევმა სიტყვით გამოსვლისას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს. ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი ასევე გაეცანით: ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანალენა ბერბოკი „აზერბაიჯანული დასახლებების სომხური სახელებით მოხსენიებაში“ დაადანაშაულა
გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით, საგადასახადო დავალიანების თაობაზე ყალბი შეტყობინებები ვრცელდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით, შემოსავლების სამსახურის სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული დოკუმენტები მოქალაქეებს ძირითადად მათ კუთვნილ სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, WhatsApp ) ეგზავნებათ და სხვადასხვა სახის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდების მცდელობას შეეხება. „შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299. აქვე გაცნობებთ, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ ,,საქართველოს ფოსტის" მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
პატრიარქი ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე: „ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ. საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა. „საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა განმავლობაში არსებულ ძმურ ურთიერთობას. ამასთან, ჰადას მეიცადმა დამსწრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა და განვითარებული მოვლენების შესახებ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო, სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს და დასძინა, რომ ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის. ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და პატივისცემა გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიისადმი,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე გაეცანით: ომი უკრაინასა და ღაზის სექტორში - რა წერია სინოდის განჩინებაში
გობლი: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის პირობებს ამერიკაც მხარს უჭერს, არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ რუსეთი გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე
8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო დეკემბერში, ზუსტად 5 კვირაში მიიღებს, მანამდე კი, საქართველომ „საშინაო დავალების“ შესრულება უნდა განაგრძოს. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ასევე, არჩევნების თემა ახალი არ არის, თუმცა სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“ პირველად არის ნახსენები. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ვაშინგტონში გამართული სამიტი და ვაშინგტონის გზავნილი, რომ აშშ და ევროკავშირი საერთო ღირებულებების დასაცავად ერთად დგანან. 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც იყო საუბარი. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. ცნობილია, რომ ევროკავშირის მსგავსად, აშშ-სთვისაც მნიშვნელოვანია დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ასევე 2024 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, მით უმეტეს, ვაშინგტონმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია გლობალური მასშტაბით არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხეების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დაანონსა. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, 2024 წლის კენჭისყრა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. ამ საერთო სურათზე საკუთარ მოსაზრებას Europetime-თან აფიქსირებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი. ამერიკელი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ აშშ და ევროკავშირი იზიარებენ იმ სულისკვეთებას, რომელიც საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯში ევროკომისიამ ჩაწერა. „ევროკავშირმა საქართველოს განუსაზღვრა გარკვეული პირობები და მათ უკან სწორედ ევროკავშირი დგას და არა აშშ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც მხარს უჭერს ამ პირობებს. ვფიქრობ, ძალიან სერიოზული შეშფოთება არსებობს, რომ რუსეთი და რუსეთის აგენტები გავლენას მოახდენენ (არჩევნების, რედ.) შედეგზე,“ - ამბობს პოლ გობლი. ცნობისთვის, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით.
უკრაინამ ქართული კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორთა სიაში შეიყვანა
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NACP) რუსეთთან მათი საქმიანობის გაგრძელების გამო, „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიაში რამდენიმე წამყვანი ქართველი მეღვინე დაამატა. ამის შესახებ სააგენტოს პრესსამსახურმა 9 ნოემბერს განაცხადა. დამატებულ კომპანიებს შორის არის Bolero Group, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც “საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტს ამუშავებს“, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. მისივე თანახმად, „ბოლერო ჯგუფის“ პრეზიდენტია ვახტანგ კარიჭაშვილი, რუსეთის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრემიერის და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ბიზნესპარტნიორია. NACP-ის თანახმად, Bolero Group-ის საკუთარი ფინანსური ანგარიშები აჩვენებს, რომ „კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულ ბაზარზე გაყიდვებით წარმოიქმნება.“ „2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე (ბოლერო ჯგუფის კომპანიებმა) 68 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი რუსეთში გაიტანეს,“ - წერს სააგენტო. NACP-მ განაცხადა, რომ საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ კვარტალში ქართული ღვინის იმპორტი რუსეთში თითქმის 50%-ით გაიზარდა.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: ჩვენი ვიზიტი მკაფიო სიგნალს აგზავნის, მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ამბიციური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სამხედრო კომიტეტმა საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში, NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ერთობლივ სხდომაზე ალიანსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ალიანსთან NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესზე. ქართულმა მხარემ NATO-ს სამხედრო კომიტეტის წევრებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციასა და მიღწეულ პროგრესზე. თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ის რომ, სამხედრო კომიტეტი საქართველოში მეხუთედ იმყოფება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ხაზს უსვამს NATO-სთან სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. NATO-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოში ბოლოს 2021 წელს იმყოფებოდა, ბოლო შეხვედრა კი, მაისში ალაინსის შტაბ-ბინაში შედგა, ახლანდელი ვიზიტის მიზნები NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განმარტა და თბილისში ჩამოსვლასა და აქ შეხვედრის გამართვაზე გაამახვილა ყურადღება, რაც NATO-ს უფროსი სამხედრო ოფიცრის შეფასებით, მკაფიო სიგნალს აგზავნის: „NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია.“ რაც შეეხება სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებს, ბაუერის თქმით, ისაუბრეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ უსაფრთხოების გარემოზე - შეხვედრის ფოკუსში მოექცა შავი ზღვის რეგიონი. „მოვისმინეთ თავდაცვის რეფორმებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისკუთხით მიღწეული პროგრესი. განვიხილეთ NATO-ს თანამშრომლობა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ამბიციური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად,“ - აღნიშნა ადმირალმა ბაუერმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის 33-ე თავმჯდომარემ. სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ალიანსთან ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კარგად ესმის, რას ნიშნავს NATO-სთან თავსებადობა: “ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, წითელ ხაზსაც კი ვავლებთ,“ აღნიშნა მინისტრმა. „როგორც იცით, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, მათ შორის ომი აფხაზეთში, რომელიც 13 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ამ სასტიკი ომების შედეგად კი, საქართველოს 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია. როგორც ადმირალმა აღნიშნა, დიახ ჩვენ ერთად ვართ, ერთად ვიყავით ავღანეთში, სადაც ჩვენი სამხედროები ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ. ჩვენ იქ დიდი დანაკარგი განვიცადეთ, დაგვეღუპა 32 სამხედრო მოსამსახურე, გვყავს ასობით დაჭრილი და დაშავებული სამხედრო, მაგრამ კარგად გვესმის, რა ფასი აქვს, იყო უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ და იყო ცივილიზაციის წევრი. როგორც აღვნიშნე, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, წელს ჩვენ 27 სწავლებას ვუმასპინძლეთ. მათ შორის 7 საერთაშორისო სწავლებას – დაწყებული NATO–საქართველოს სწავლებით მარტში, შემდეგ იყო „მტკიცე სული.“ ჩვენ ვაფასებთ, ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ერთად ყოფნას, ურთიერთთავსებადობას. ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, წითელ ხაზსაც კი ვავლებთ.“ რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას, რათა გავზარდოთ თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობისა და შეკავების შესაძლებლობები. გავაგრძელებთ რეფორმებს, რათა გავზარდოთ თავდაცვისუნარიანობა, მდგრადობა და შეკავების შესაძლებლობები. მთავარი ისტორიული, ინსტიტუციური რეფორმაა თავდაცვის კოდექსის მიღება, რომლის პროექტიც ჩვენ წელს შევიტანეთ პარლამენტში განსახილველად და უკვე მივიღეთ, რომელიც მომავალში თავდაცვის სფეროში მთავარი ინსტიტუციური მარეგულირებელია,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში რობ ბაუერი თავდაცვის მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. კომიტეტის წევრები „კრწანისშიც“ იმყოფებოდნენ, სადაც ისინი უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნენ. ინფორმაციისთვის, შავი ზღვის რეგიონი მოიცავს NATO-ს სამ წევრს. უკრაინა და საქართველო კი, ალიანსის ახლო პარტნიორები არიან. აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. NATO კი, რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, შავი ზღვის თავზე დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის - საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით. ასევე გაეცანით ინფორმაციას: NATO-საქართველოს ურთიერთობები გაეცანით ინტერვიუს ალექსანდრ ვინიკოვთან: NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა
დე ფაქტო “უშიშროების კომიტეტის“ ცნობით, გატაცებულ ლევან დოთიაშვილს 9 ნოემბერს გაათავისუფლებენ
6 ნოემბერს ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე ლევან დოთიაშვილი ქართულ მხარეს შესაძლოა, დღეს გადასცენ. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “უსაფრთხოების სამსახური“ იუწყება. ე.წ. უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, საქართველოს მოქალაქეების ჯგუფმა „დაარღვია სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი, გაუწია მესაზღვრეებს წინააღმდეგობა, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას." მათივე მტკიცებით, „იმის გათვალისწინებით, რომ მომხდარზე გამოძიება ოპერატიულად და სრულად ჩატარდა, ასევე ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება დოთიაშვილის საქართველოში დეპორტაციის შესახებ.“ განცხადებასთან ერთად, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა ლევან დოთიაშვილის ჩვენების ვიდეო, რომელშიც ის ჰყვება ტაძართან მისვლისა და კარის გაღების შესახებ, თუმცა ვიდეოში არ არის თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბარი. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. „არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, 4-საათიან პაუზებს უზრუნველყოფს
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ყოველდღიურად სამხედრო ოპერაციებში 4-საათიან პაუზებს აიღებს. კირბის თქმით, ისრაელი პაუზების შესახებ სამი საათით ადრე გაავრცელებს ინფორმაციას. „ისრაელის მხარემ გვითხრა, რომ ამ ტერიტორიებზე პაუზების განმავლობაში სამხედრო ოპერაციები არ იქნება, და ეს პროცესი დღეს იწყება,” - განაცხადა კირბიმ. ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ პაუზები “სწორი მიმართულებით ნაბიჯებია.” „ისრაელს მოვუწოდებდით მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმიზაცია მოეხდინა და ყველაფერი გაეკეთებინა, რათა ეს ციფრი შეემცირებინა,” - განაცხადა კირბიმ.
უკრაინა საომარ მდგომარეობასა და მობილიზაციას 14 თებერვლამდე ახანგრძლივებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 ნოემბერს მოაწერა ხელი ორ კანონპროექტს, რომელიც საომარ მდგომარეობას და საყოველთაო მობილიზაციას კიდევ 90 დღით აგრძელებს. ორივე გადაწყვეტილება ძალაშია 2023 წლის 14 თებერვლამდე. ზლენსკიმ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია პირველად 2022 წლის 24 თებერვალს გამოაცხადა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. მას შემდეგ უკრაინა უკვე მეცხრედ აგრძელებს საომარ მდგომარეობას. საომარი მდგომარეობის თანახმად, 18-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება, რადგან ისინი შესაძლოა, სამხედრო სამსახურში გაიწვიონ. ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ხელმძღვანელმა მიხაილო ფედოროვმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამინისტრო მუშაობს ე.წ. „ჭკვიანი მობილიზაციის“ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ნებაყოფლობით საფუძველზე სამხედრო სპეციალისტების დაქირავებას. პროექტის საპილოტე ეტაპი, რომელიც უახლოეს ორ თვეში დაიწყება, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების ოპერატორების მოძიებაზე იქნება ფოკუსირებული.
თამაზ გინტურის მკვლელობისას, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გათავისუფლდა
უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგნელებმა უკანონოდ დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, თამაზ გინტურის მკვლელობისას, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სუს-ის ცნობით, ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგენთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. „უკანონო დაკავებულის გათავისუფლების შესახებ კომუნიკაციისას, ასევე, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით. მუშაობა, ასევე, მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.
ირაკლი ანთაძე: ლევან დოთიაშვილს სახის არეში დაზიანება უკანონო დაკავების დროს მიაყენეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულ ლევან დოთიაშვილის სახის არეში დაზიანება აღენიშნება. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ლევან დოთიაშვილმა განმარტა, რომ მას დაზიანებები უკანონო დაკავების დროს მიაყენეს, ხოლო უშუალოდ ცხინვალის ტერიტორიაზე არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. თამაზ გინტურის მკვლელობისას, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გათავისუფლდა „რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი. ეს მოხდა რამდენიმე წუთის წინ და არ გვქონდა შესაძლებლობა დეტალურად გვესაუბრა მასთან, თუმცა გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და როგორც მან განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს. უკანონო დაკავების დროს მას მიაყენეს დაზიანება სახის არეში. ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ძალადობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ უკანონო დაკავეის დროს,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ლევან დოთიაშვილი მომხარ მკვლელობასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით გამოიკითხება. „რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს. ბატონი ლევანი გახლავთ ამ მკვლელობის თვითმხილველი და იგი იქნება გამოკითხული მოწმის სტატუსით. როგორც მოგეხსენებათ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას და განცხადებები გაკეთდება მოგვიანებით,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ფინეთი ევროპის ქვეყნებს, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჰელსინკის მიდგომის გაზიარებას სთავაზობს
ჰელსინკის შეფასებით, ევროპელმა ქვეყნებმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართ, ფინეთის მიდგომა უნდა გაიზიარონ, გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ძალები და საბრძოლო მასალების მარაგი, რათა რუსეთისგან მომდინარე მზარდ კონფრონტაციულ რისკებს გაუმკლავდნენ. ამის შესახებ რეგიონის უდიდეს სამხედრო რეზერვზე პასუხისმგებელმა ოფიციალური პირმა განცხადა. ფინელმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მიგრაციას, ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმებსა და ჰიბრიდული ომებს იარაღად იყენებს. წერს Bloomberg-ი. Bloomberg წერს, რომ ფინეთს 280 000 გაწვრთნილი რეზერვისტი ჰყავს. ამ ქვეყნის სარეზერვო ძალები ყველაზე დიდია ევროპაში. „თქვენ უნდა გყავდეთ რეზერვისტების დიდი არმია, რომელსაც შეეძლება, დაუპირისპირდეს ამ სახის საფრთხეებს, რადგან ახლა ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი მომენტი არის ის, რომ ჩვენ აღარ გვაქვს მჭიდრო დიალოგი რუსეთთან,” - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა ინტერვიუში. მისი შეფასებით, უკრაინის ომისგან მიღებული გაკვეთილები თავდაცვის მარაგების გაზრდას მოიცავს. ფინელმა მინისტრმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ საკუთარ უსაფრთხოებას. ფინეთის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა ევროპელებს, რომ მოემზადონ სცენარისთვის, სადაც მათ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე მოქმედება მოუწევთ. 2023 წლის 4 აპრილს ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა.
ემანუელ მაკრონი: ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას
ემანუელ მაკრონი აქვეყნებს ფოტოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად და ქართულად წერს. „ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით,” - წერს მაკრონი. 9 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს ელისეს სასახლეში უმასპინძლა.
პრეზიდენტი: ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ France 24-თან. ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. _ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ აღნიშნავდით გუშინ ამ გამარჯვებას - ეს თქვენი სიტყვებია, ქართველებთან ერთად, რომლებიც ათასობით შეიკრიბნენ თბილისში. უპირველეს ყოვლისა, რა განცდას იწვევს თქვენში ევროკავშირში გაწევრიანების ეს პროექტი? ეს პროექტი არის პერსპექტივა საქართველოსთვის, ერთადერთი პერსპექტივა, უსაფრთხოების პერსპექტივა, პერსპექტივა იმისა, რომ ქვეყანა ამ ევროპული ერთიანობის, დემოკრატიის ნაწილი იყოს, რის გარეშეც საქართველომ იცის, რომ ის მარტო რჩება რუსეთის წინაშე. ვფიქრობ, რომ დღეს დემოკრატიისა და ევროპასთან ღირებულებების გაზიარების გარდა, სიღრმისეული მოტივაციაა იმის ცოდნა, რომ საქართველო არ შეიძლება დარჩეს მარტო, იზოლირებული ამ უფრო და უფრო ტურბულენტურ მსოფლიოში და რომელშიც რუსეთმა აჩვენა და ისევ და ისევ ყოველდღიურად უკრაინაში აჩვენებს, თუ რაოდენ იმპერიალისტურია ის. საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას და ამის აღნიშვნა ხდებოდა გუშინ. რუსეთისგან დასაშორებლად… რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად. ამ ახალ სტატუსზე ევროკომისიამ გასულ წელს უარი გითხრათ. ბრიუსელმა მოგცათ 12 რეკომენდაცია, რომელთაგან მხოლოდ 3 იყო შესრულებული. ფავორიტიზმს აქვს ადგილი ბრიუსელის მხრიდან? ასეთი რამ უკვე მომხდარა. მე არ დავასახელებ ქვეყნებს, სადაც რეკომენდაციები სრულად არ შესრულებულა, მაგრამ ვფიქრობ, ბრიუსელი აცნობიერებს, რომ ერთი მხრივ, არის იმ პროგრესის შეფასება, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო საქართველოში, და ასევე არის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც ასევე გასათვალისწინებელია. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა (რაც 27 ქვეყნის მიერ დეკემბერში გადაწყდება) საქართველოს წითელი ხაზის მიღმა დატოვებდა, ნაცრისფერ ზონაში, რაც ძალიან საშიში იქნებოდა რეგიონის სტაბილურობისთვის, შავი ზღვის სტაბილურობისთვის და უმიზეზო წახალისება, საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის. _ეს ასევე სასჯელი იქნებოდა ქართველებისთვის, რომლებიც როგორც ვნახეთ… ქართველებისთვის ეს უდიდესი იმედგაცრუება იქნებოდა, რადგან მათ აქვთ განცდა, რომ იმსახურებენ ევროპაში შესვლას მათი წარსულის, ღირებულებების, 30 -წლიანი განვლილი გზის გამო. იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველებს მუდმივად სურდათ ევროპა და აცხადებდნენ ამას ოკუპაციის, 2008 წლის ომის, რუსეთის მხრიდან მრავალი ზეწოლის მიუხედავად. გუშინწინ, ამ შესანიშნავი ამბის გამოქვეყნების წინა დღეს, ჩვენ ვგლოვობდით, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ზონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს რუსული ტყვიით და მეორე მოქალაქე გაიტაცეს. საერთაშორისო მსოფლიოსთვის ეს ჩვეული რამაა, ჩვენ მუდმივად ამ რეჟიმში ვცხოვრობთ და მიუხედავად ამისა, საქართველო ბანაკს არ იცვლის და ევროპისკენ იყურება, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი მომავალია. _გაერთიანების თქვენი მოთხოვნა ფორმულირებული იყო უკრაინის და მოლდოვის მოთხოვნასთან ერთად. მოლდოვა თქვენზე უფრო სწრაფად მიიწევს წინ, რადგან მან მიიღო ევროკავშირის მწვანე შუქი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე. თქვენ გული დაგწყვიტათ ამ დაშორებამ? ეს დაშორება გასულ წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. იყო გარკვეული იმედგაცრუება, მაგრამ ყველამ იცის და აღიარებს, რომ იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ, რომ არ ყოფილიყო უკრაინა, უკრაინელების ბრძოლა და გარკვეულწილად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენ არამარტო ვიღებთ…. გუშინ საღამოს მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის და მაია სანდუს, რათა მიმელოცა ორივესთვის და მადლობა გადამეხადა პრეზიდენტ ზელენსკისთვის, რომ მან გარკვეულწილად დააჩქარა ეს პროცესი, მისი ნებისგან დამოუკიდებლად, რუსეთის აგრესიის შედეგად. საკუთარი, ჩვენი და ევროპის თავისუფლებისთვის მათმა ბრძოლისუნარიანობამ გამოიწვია ის, რომ ვართ იქ, სადაც ვართ უფრო ადრე, ვიდრე ეს ევროპული კალენდრით იყო გათვალისწინებული. მან დააჩქარა ევროპული კალენდარი. _ეს დამატებითი ნაბიჯია. როგორც თქვენ თქვით, ახლა საჭიროა 27 წევრი ქვეყნის დასტური. ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველებმა უნდა გაატარონ მნიშვნელოვანი რეფორმები. ვნახეთ, რომ მოსახლეობა აშკარად ევროპისკენაა მიმართული, მაგრამ ქართული მთავრობა უფრო და უფრო ღიად პრორუსულია. როგორც აღვნიშნეთ იყო თქვენი გადაყენების მცდელობა, მთავრობა იძულებული გახდა სასწრაფოდ გაეხმო ,,უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსული კანონის მსგავსი კანონპროექტი. არ გეშინიათ, რომ საქართველოს მთავრობა ხელს შეგიშლით ამ რეფორმების ბოლომდე განხორციელებაში? ეს დამოკიდებული იქნება მოსახლეობაზე. ჩვენ დემოკრატიულ სისტემაში ვართ, ხალხის ხმა, ხალხის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ შევკრიბე გუშინ, არა მხოლოდ აღსანიშნავად, რადგან არ ვიცოდით აღსანიშნავი ამბავი იქნებოდა თუ არა, არამედ ხელმოწერების კამპანიის დასაწყებად, რამაც 15 დეკემბრამდე უნდა მიგვიყვანოს. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, რათა ევროკომისიისთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოს მთლიანი მოსახლეობა გულშემატკივრობს ევროპისკენ მიმავალ ამ გზას. მთავრობები იცვლება და მოსახლეობა რჩება. 2024 წელი არჩევნების წელია, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდება, შეიძლება, ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან. _პრორუსულად მიჩნეულმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ახალი სტატუსი ისტორიული გამარჯვება იყო. გაგაკვირვათ ამან? გამახარა. ის დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამან [განცხადებამ] მე გამახარა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ. ვნახოთ…. ვფიქრობ, რომ სტატუსი, რომელსაც იმედია, წლის ბოლოს მივიღებთ, იქნება არა სტატუსი მონიჭებული საქართველოსთვის როგორც “საბოლოო ანგარიშსწორება“, არამედ როგორც „strings attached", უფრო მეტი და უფრო ძლიერი კავშირი ევროპასთან, ევროპის მეტი ჩართულობა. ევროპა უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ეტაპობრივად, შემდეგ ეტაპამდე. იმედი მაქვს, რომ იქნება თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს, წარმოიშვას ახალი კოალიცია, ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთი წელი გვაქვს დაგვიანება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ეს წელი უნდა ავინაზღაუროთ და ამისათვის ევროპა ჩვენს გვერდით უნდა იყოს. _როდისთვის ფიქრობთ ამ პროექტის დასასრულამდე მიყვანას? ვფიქრობ, პროცესია მნიშვნელოვანი. ის, თუ რას ვგრძნობთ. მოსახლეობამ გუშინ კარგად იგრძნო, რომ ჩვენ ამ გზაზე მარტონი არ ვართ. ეს რთული პროცესია. გაწევრიანებაზე და წევრი ქვეყნის იურიდიულ სტატუსზე უფრო მნიშვნელოვანია ევროპულ ოჯახში ყოფნა და ის, რომ გარეთ არ ვიყოთ დატოვებული. ეს არის ფუნდამენტური. _ქართული მთავრობის ეს პრორუსული პოზიციონირება შესაძლებელია ასევე გავლენას ახდენს თქვენს მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება.. სლოვაკეთის ახლადარჩეულმა პრორუსულმა პრემიერმა ფუკომ შეწყვიტა უკრაინისათვის იარაღის მიწოდება. ხომ არ შიშობთ, რომ საქართველო იგივე გზით შეიძლება, წავიდეს? ჩვენ არ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ცხადი მიზეზების გამო, სტრატეგიული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, არის რაღაცები, რისი უფლებაც არ შეგვიძლია, მივცეთ საკუთარ თავს და ამასთან დაკავშირებით მე მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება არ მაქვს. მაგრამ მე, ისევე როგორც მოსახლეობა, უფრო ღიად ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინას, რაც ვთვლი, რომ აუცილებელია, რადგან ჩვენ გვაქვს მსგავსი ისტორია, წარსული და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ერთნაირი მომავალი ევროპაში. ეს სოლიდარობა აუცილებელია და თუ თქვენ ჩამოხვალთ თბილისში, ამ სოლიდარობას ყველგან დაინახავთ უკრაინული დროშების სახით, რომლებიც ისევე მრავლადაა, როგორც ქართული და ევროპული დროშები. _ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ პარიზში იმყოფებით ,,პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში. რა აზრის ხართ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე, მოუწოდებთ თუ არა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ? მე არაფრისკენ არ მოვუწოდებ. ეს არ არის ჩემი როლი. მე განადგურებული ვარ მიმდინარე მოვლენებით. ჩვენ საუკუნოვანი სოლიდარობა გვაკავშირებს ისრაელთან და კარგად გვესმის, რომ ისრაელი გრძნობს მუქარას და მისი ტერიტორიის შენარჩუნება სუვერენულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ტერორიზმი დაუშვებელია და ამავდროულად, ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელსაც დღეს ვხედავთ არის ტრაგიკული, დრამატული და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს დრამატული სიტუაციები და მე არ შემიძლია, არ დავინახო ბავშვები… ღაზაში… …იმ მდგომარეობაში, რაც თქვენ აჩვენეთ. ყოველდღიურად ვხედავთ სიტუაციის დამძიმებას და ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა იპოვოს გამოსავალი.
ილია II: იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ევროკომისიის დადებით შეფასებას ყველას ულოცავს წარმატებას. „გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს წინაშე, რათა ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. წლების განმავლობაში ევროკომისართა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია და, რომ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების, სულიერი ფასეულობებისა და, ზოგადად, მისი უძველესი კულტურის შენარჩუნება და განვითარება თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ჩვენ იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს ამ დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში. ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას,” - წერია პატრიარქის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
პრეზიდენტი: საქართველო ბანაკს არ იცვლის და ევროპისკენ იყურება
„ოკუპირებულ ზონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს რუსული ტყვიით და მეორე მოქალაქე გაიტაცეს, მიუხედავად ამისა, საქართველო ბანაკს არ იცვლის და ევროპისკენ იყურება, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი მომავალია,“ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა ქართველებისთვის უდიდესი იმედგაცრუება იქნებოდა, რადგან მათ აქვთ განცდა, რომ იმსახურებენ ევროპაში შესვლას მათი წარსულის, ღირებულებების, 30-წლიანი განვლილი გზის გამო. იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველებს მუდმივად სურდათ ევროპა და აცხადებდნენ ამას ოკუპაციის, 2008 წლის ომის, რუსეთის მხრიდან მრავალი ზეწოლის მიუხედავად. გუშინწინ, ამ შესანიშნავი ამბის გამოქვეყნების წინა დღეს, ჩვენ ვგლოვობდით, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ზონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს რუსული ტყვიით და მეორე მოქალაქე გაიტაცეს. საერთაშორისო მსოფლიოსთვის ეს ჩვეული რამაა, ჩვენ მუდმივად ამ რეჟიმში ვცხოვრობთ და მიუხედავად ამისა, საქართველო ბანაკს არ იცვლის და ევროპისკენ იყურება, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი მომავალია,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სმაილოვი: შუა დერეფნის პოტენციალის გაზრდის მიზნით, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საგზაო რუკას მიჰყვებიან
ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარება პრიორიტეტულია. მან შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „დღეს ყაზახეთი აქტიურად არის ჩართული ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ პროექტებში, პრიორიტეტს ანიჭებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, ანუ შუა დერეფნის) განვითარებას. მისი პოტენციალის გაზრდის მიზნით, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საგზაო რუკის მოთხოვნებს ასრულებენ, რათა ერთდროულად აღმოიფხვრას დაბრკოლებები და განვითარდეს შუა დერეფანი, რაც 2027 წლამდე მნიშვნელოვნად გარდის გამტარუნარიანობას,“აღნიშნა სმაილოვმა. 2022 წლის 25 ნოემბერს, ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო და სატრანსპორტო მინისტრების შეხვედრა, სადაც მხარეებმა ხელი მოაწერეს საგზაო რუკას 2022-2027 წლებში „შუა დერეფნის“ განვითარებისა და „ვიწრო“ მონაკვეთების შეთანხმებულად აღმოსაფხვრელად. 2023 წლის 19 იანვარს, შვეიცარიაში, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, ხაზი გაუსვა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო „დიდ კაპიტალდაბანდებას ახდენს ინფრასტრუქტურაში.“ 7 აპრილს, პრეზიდენტმა ალიევმა, - როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო აზერბაიჯანში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით მუშაობენ „შუა დერეფნის“ იმპლემენტაციაზე.“ შუა დერეფანზე EBRD-სა და ევროკავშირის ანგარიშის შემდეგ, ყაზახეთმა და საქართველომ თანამშრომლობის გაფართოება დაგეგმეს - ანალიზი შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
რუსეთი გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის გარეშე დარჩა
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარი განაცხადა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) მოსამართლედ რუსეთის წარმომადგენელი კირილ გევორგიანი მეორე ვადით აერჩია. სასამართლოს შექმნიდან, 1946 წლიდან პირველად, რუსეთს გაეროს ამ ერთ-ერთ მთავარ ორგანოში წარმომადგენელი აღარ ეყოლება. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდშიც 15 რესპუბლიკის ამ გაერთიანებას გაეროს სასამართლოში ყოველთვის რუსი წარმომადგენელი ჰყავდა. კირილ გევორგიანი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე 2015 წლიდან იყო. გევორგიანი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის კვოტით გადაწყვიტა მეორე ვადით კენჭისყრა, რუმინეთის წარმომადგენელთან ბოგდან-ლუჩიანუ აურესკუსთან დამარცხდა. 9 ნოემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად აურესკუ 117 ხმით აირჩიეს. მას მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს 15-დან 9 წევრმაც. 15 მოსამართლისგან შემდგარი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში მდებარეობს. ის გაეროს 6 მთავარი ორგანოდან ერთ-ერთია. მოსამართლეებს 9 წლის ვადით ირჩევენ გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო. ყოველ 3 წელიწადში ერთხელ კი, 5 მოსამართლის ხელახლა არჩევა ხდება. რამდენიმე ვადით კენჭისყრა აკრძალული არ არის. ამჟამად მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის საჩივრებს განიხილავს. ეს ეხება 2014 წელს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ქმედებებს და ყირიმის ანექსიას - ასევე, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას.
რიში: საქართველოს თუ ნამდვილად სურს ევროკავშირის გაწევრიანება, მთავრობამ პირობები უნდა შეასრულოს, მათ შორის, ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები
აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი, სენატორი ჯიმ რიში ევროკომისიის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას აფასებს. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ის კარგ კომპრომისად მიიჩნევს. ჯიმ რიში აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისი ევროპული მისწრაფებები ნათლად გამოხატა, თუმცა თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მთავრობამ პირობები უნდა შეასრულოს. „გამამხნევებელია ევროკავშირის შეფასება, რომ როგორც უკრაინამ, ისე მოლდოვამ მიაღწიეს საკმარის პროგრესს რეფორმებისა და ანტიკორუფციული სამუშაოს მიმართულებით, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ვაფასებ იმ რთულ გადაწყვეტილებებსა და მძიმე ნაბიჯებს, რომლებიც მათ გადადგეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მოხარული ვარ, რომ მათ გააკეთეს ევროპული არჩევანი. რა თქმა უნდა, უკრაინასა და მოლდოვას გაცილებით მეტი სამუშაო აქვთ გასაკეთებელი, სანამ ისინი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად იქნებიან. თუმცა, მე მოუთმენლად ველი და გავაგრძელებ მათ მხარდაჭერას, რადგან ისინი უფრო რთულ ნაბიჯებს დგამენ. ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებს, კარგი კომპრომისია. ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაამართლა თავისი ხალხის სურვილები. თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები. მათ შორის, მომავალ წელს ჩაატაროს დადასტურებულად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და დაიწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი პოზიციის გათვალისწინება - უფრო კონკრეტულად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს ბრიუსელის მიერ დადგენილ პირობებს, მოხარული ვიქნები მათი პოზიტიური მოძრაობის ევროკავშირის წევრობისკენ," - ნათქვამია რიშის განცხადებაში. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.