ძებნის რეზულტატი:

საქართველოდან იტალიაში, მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე დააკავეს. მათივე განმარტებით, აღნიშნული პირი იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის, კიბერთაღლითობისთვის, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის იძებნებოდა. „იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ იტალიის რესპუბლიკაში მოქმედებდა მაფიის ტიპის კრიმინალური დაჯგუფება ,,ნდრანგეტა“, რომელიც ხასიათდებოდა იერარქიული სტრუქტურით, ხოლო დაჯგუფების წევრები მოქმედებდნენ მკაცრად ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად. 2015 წლის შემდგომ პერიოდში ძებნილი პირი აქტიურად იყო ჩართული დაჯგუფების უკანონო საქმიანობაში და მონაწილეობდა სხვადასხვა დანაშაულებრივი გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში. აღნიშნული პირი და ჯგუფის სხვა წევრები ახორციელებდნენ ფულის გათეთრების, ნარკოტიკული, თაღლითობის, გამოძალვის და სხვა დანაშაულთა ჩადენის გზით დაჯგუფებისათვის ფინანსური სარგებლის სისტემატურად მიღებას. ძებნილი პირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რუსეთში, ჩუკოტკაში თვითმფრინავი გაუჩინარდა

რუსეთში, ჩუკოტკაში ავიაკომპანია Strizh Aviation-ის კუთვნილი An-2 ტიპის თვითმფრინავი გაუჩინარდა. ინფორმაციას სახელმწიფო მედია TASS-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა - ეკიპაჟის ორი წევრი და ერთი მგზავრი. თვითმფრინავი პევეკიდან აფრინდა და ამავე ადგილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა დაფრენისას კონტაქტი არ დამყარდა.  

FDA-მ წონის კლების პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) წონის კლების წამალი Zepbound დაამტკიცა. პრეპარატის შემადგენელი აქტიური ნივთიერება Mounjaro-ს დასახელებით, დიაბეტი ტიპი 2-ის სამკურნალოდ FDA-მ 2022 წლის მაისში დაამტკიცა. ახლად დამტკიცებული წამალი Zepbound აშშ-ში წლის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი.   

ბულგარეთის პარლამენტმა აშშ-სგან 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანების შესყიდვა დაამტკიცა

ბულგარეთის პარლამენტმა აშშ-სგან Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანების შესყიდვას მხარი დაუჭირა. 1,5 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტი ქვეყნის არმიის მოდერნიზაციისა და NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიიღეს. 240-ადგილიან პარლამენტში 134-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა 183 Stryker-ის სატრანსპორტო საშუალების შეძენის შეთანხმებას, რომელიც მთავრობამ სექტემბერში დაამტკიცა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბულგარეთისთვის Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანების პოტენციური მიყიდვა სექტემბერში დაამტკიცა. თავდაცვის მინისტრმა, თოდორ თაგარეევმა ეროვნულ ასამბლეას განუცხადა, რომ ეს არის სერიოზული ნაბიჯი ბულგარეთის არმიის მოდერნიზაციისკენ. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბულგარეთმა თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა გადაწყვიტა. შავი ზღვის აუზის წარმომადგენელ ბულგარეთს სტრატეგიული პოზიცია აქვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. მან უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალაც გაუგზავნა.  

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზღვაო ძალების ორ სადესანტო ხომალდს დაარტყა - დაზვერვა

პარასკევს გამთენიისას, უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზღვაო ძალების ორ სადესანტო ხომალდს დაარტყა. შესაბამისი ინფორმაცია სააგენტო Ukrinform-ს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში დაუდასტურეს. მისივე თანახმად, ორივე ხომალდზე იერიში სოფელ ჩერნომორსკოესთან მიიტანეს. 9 ნოემბრის ღამეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებები იყო. უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ სევასტოპოლს, რომლის წყლებშიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტია განთავსებული, რაკეტებით უტევენ. უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ ამის მიზანია ფლოტის სრული განადგურება ან სულ მცირე მათი მეთაურების იძულება, გადააადგილონ გემები, რომლებიდანაც უკრაინის ტერიტორიები ფრთოსანი რაკეტებით იბომბება. სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმამ სექტემბერში მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ასევე, უკრაინის თავდასხმების შედეგად დაზიანდა გემები და საბრძოლო მასალის საწყობები, წყობიდან გამოვიდა საჰაერო თავდაცვის საშუალებები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სევასტოპოლის მიმართულებით გაშვებულ ყველა რაკეტას წარმატებით ანადგურებენ. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას  

ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსზე: გადაწყვეტილება იმის გაცნობიერებაა, რაც არ გაკეთდა 2008 წლის NATO-ს სამიტზე, დღეს მწვანე შუქი არ მიეცა რუსეთს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Radio France info-სთან ისაუბრა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე და ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელმაც საქართვეოსთვის განსაზღვრულ ნაბიჯებს მკაცრი პირობები უწოდა. ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის უფრო რეკომენდაციები, ვიდრე პირობები და წარსულშიც ვნახეთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ყველა ეს რეკომენდაცია არ არის შესრულებული, ანუ არც ისე მკაცრია. პრეზიდენტისთვის ცხადია, რომ დღეს ევროკომისია, უდავოდ სტრატეგიული გარემოებებიდან გამომდინარე, (უკრაინა, შუა აღმოსავლეთი და მსოფლიოში მისი როლიდან გამომდინარე) უფრო ითვალისწინებს გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ განზომილებას. „დღეს “სანახევრო“ პასუხი იქნებოდა კატასტროფული ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის და ძალიან კარგი ამბავი იქნებოდა (იმისთვის, ვინც მას არ იმსახურებს) რუსეთისთვის,“ - აღნიშნავს ზურაბიშვილი. ჟურნალისტის შეკითხვას, რომ საქართველო ევროპისკენ იყურება იმ დროს, როდესაც ეს არის ქვეყანა, სადაც ნამდვილი ბრძოლაა გავლენებისათვის? პრეზიდენტი პასუსობს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომით უკვე ძალიან ბევრი დაკარგა და განაგრძობს დანაკარგს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, რუსეთი არ არის მზად კავკასიაში საკუთარი სახის სრულად დასაკარგად. ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ სომხეთი გადის იმ გზას, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოსას წინა წლებში. ზურაბიშვილი მიჩნევს, რომ ეს მომენტი კარგია იმისათვის, რომ ევროკავშირმა თქვას: - კმარა! „არ ვიცი ეს გავლენების ბრძოლაა თუ არა, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში ომით უკვე ძალიან ბევრი დაკარგა და განაგრძობს დანაკარგს. უპირველეს ყოვლისა, მისი სახე, ასევე, სამხედრო და სტრატეგიული გაგებითაც და ის კომპენსაციის წინააღმდეგი არ იქნებოდა. ის არ არის მზად კავკასიაში საკუთარი სახის სრულად დასაკარგად. სომხეთი გადის იმ გზას, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოსას წინა წლებში. რუსეთი ცდილობს, შეძლებისდაგვარად სარგებელი ნახოს, ცდილობს, ანახოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში“, რომ ისევ აგრესიულია; აჩვენებს, რომ სურს სამხედრო ბაზების, პორტის, აეროპორტის შექმნა და ეს მომენტი კარგია იმისათვის, რომ ევროკავშირმა თქვას: - კმარა!“ აღნიშნავს პრეზიდენტი. კითხვას, როდესაც უყურებთ დღევანდელ სიტუაციას, ფიქრობთ, რომ დასკვნები არ იყო გამოტანილი, იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა რამდენიმე წლის შემდეგ, პრეზიდენტი პასუხობს: პირიქით, ვფიქრობ, რომ დღეს ამ დასკვნებზე ფიქრი მიმდინარეობს, რადგან გარკვეულწილად, გადაწყვეტილება და იმედია ის ევროპული საბჭოს მმართველების მიერ დეკემბერში გამყარდება, სწორედ იმის გაცნობიერებაა, რაც არ გაკეთდა ბუქარესტში 2008 წლის NATO-ს სამიტზე, რომელმაც არ მიიღო უკრაინა და საქართველო და რუსეთს შესაძლოა, გაუჩინა შეგრძნება, რომ ჰქონდა მწვანე შუქი. ეს მწვანე შუქი არ მიეცა რუსეთს დღეს და ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია!“ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.  

ლევან დოთიაშვილი: ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი, რომელიც თამაზ გინტურის მკვლელობისას გაიტაცეს, ამბობს, რომ ყველაფერი დაინახა. მის გათავისუფლებამდე, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიას 6 ნოემბერს განუცხადა, რომ ლევან დოთიაშვილი ოქროს მოწმეა. თამაზ გინტურის მკვლელობისას, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული 9 ნოემბერს გათავისუფლდა. ლევან დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გამოკითხეს. დოთიაშვილი მედიასთან დეტალებზე საუბარს მოგვიანებით გეგმავს, მანამდე კი, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ყველაფერი დაინახა, მანქანაში იჯდა.“ ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.  

რუსეთში საქართველოდან კონიაკის დისტილატის იმპორტის გამარტივება სურთ

საქართველოდან რუსეთში კონიაკის დისტილატის იმპორტის გამარტივება სურთ, რათა თავიდან აცილებული სასმელის წარმოებისთვის ნედლეულის დეფიციტი. ამის შესახებ ალკოჰოლისა და თამბაქოს ბაზრების კონტროლის ფედერალური სამსახურში აცხადებენ. რუსეთის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ,, რომ საქართველოდან დისტილატის იმპორტის გამარტივების საკითხს მთავრობაში განიხილავენ. ამჟამად ქართული ნედლეული სხვა ქვეყნების პროდუქტებთან შედარებით უფრო მკაცრ კონტროლს გადის. ფედერალური საბაჟო სამსახური აფორმებს კონიაკის დისტილატების თითოეულ პარტიას, რომელიც მიეწოდება რუსეთის ფედერაციას, მხოლოდ ლაბორატორიული ტესტების ჩატარების შემდეგ. გარდა ამისა, მათი რუსეთის ფედერაციაში შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მწარმოებლებისგან, რომლებმაც ინსპექტირება „როსპოტრებნადზორის“ მიერ გაიარეს. მანამდე „სოიუზკონიაკმა“, ნედლეულის დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოდან კონიაკის დისტილატის იმპორტის გამარტივება მოითხოვა. „სოიუზკონიაკში“ მიიჩნევენ, რომ საქართველოდან მიწოდებაზე მკაცრმა კონტროლმა განაპირობა ის, რომ ქართულმა ნედლეულმა დაიწყო რუსეთში შესვლა სომხეთიდან და ყაზახეთიდან პროდუქციის საფარქვეშ. ინიციატივას მხარი დაუჭირა ალკოჰოლისა და თამბაქოს ბაზრების კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა. „კონიაკის დისტილატის მიწოდება, სატრანზიტო ქვეყნებით (როგორიცაა სომხეთი) შუამავალი ლოგისტიკური და ფინანსური ხარჯების გვერდის ავლით, უშუალოდ მწარმოებლისგან საქართველოდან, ეკონომიკურად უფრო მომგებიანია მიმღებისთვის,“ - ნათქვამია ფედერალური სამსახურის წერილში. რიგი ექსპერტები ასევე მიუთითებენ, რომ საქართველოდან პროდუქციის მიწოდებაზე კონტროლის შესუსტების განზრახვის მიზეზი, შესაძლოა, რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ბოლოდროინდელ გართულებაც იყოს. ქართულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.  

10-13 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

10-13 ნოემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „10 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 11-13 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 12-13 ნოემბერს +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 10 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და 14 ნოემბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +13, +15 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +10, +12 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +7, +9 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს, ღამის საათებში კი უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.  

პენტაგონმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ ფორმატში მორიგი შეხვედრა დააანონსა

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) “რამშტეინის“ ფორმატის მე-17 სამიტი ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა საბრინა სინგმა 9 ნოემბერს განაცხადა. ფორმატი 50-ზე მეტი ქვეყნისგან შედგება. შეკრება რეგულარულად, 2022 წლის აპრილიდან მიმდინარეობს, რათა კოორდინაცია გაუწიოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აშშ აგრძელებს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, მაგრამ პაკეტები მცირდება, რადგან ვაშინგტონმა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში რესურსები თითქმის გამოიყენა. „ჩვენ გავაგრძელებთ პაკეტების გადაცემას, ისინი უბრალოდ მცირდება. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ კონგრესს, მიიღოს მოთხოვნა დამატებითი ასიგნებების შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა გამოგზავნა, რათა ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინის საჭიროებების დაკმაყოფილება ბრძოლის ველზე,” - აღნიშნა საბრინა სინგმა. რამშტეინის ფორმატის წინა მე-16 შეხვედრა ბრიუსელში, 11 ოქტომბერს გაიმართა.  

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2023’’ წინა სწავლებებთან შედარებით უფრო მასშტაბურია

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ,,დიდგორი 2023-ის“ საველე კომპონენტების სიმულაციური სცენარი ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას ითვალისწინებს. მიისვე თანახმად, უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2023’’ წინა სწავლებებთან შედარებით უფრო მასშტაბურია. „წელს სწავლების სცენარი კრიზისულ სიტუაციაში სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწის გარდა, სხვადასხვა უწყებასა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფს შორის ტაქტიკურ დონეზე სინქრონიზაციასა და კოორდინაციის გაღრმავებასაც ითვალისწინებს. „დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე კომპონენტს პირველად დაემატა ორფოლოს პოლიგონზე გათამაშებული სწავლება - მოწინააღმდეგის ბლოკირება, სადაც მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა მხარდამჭერ ქვედანაყოფებთან ერთად მოწინააღმდეგის ბლოკირება საბრძოლო სროლებით განახორციელა. სწავლებაში 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული და სატანკო ასეული, 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120 მმ ნაღმტყორცნი, ასევე ბრიგადის ცალკეული დაზვერვის ასეულის ერთი ათეული, საინჟინრო ასეულის ერთი ათეული, ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის ერთი გათვლა და ეროვნული გვარდიის რეზერვი მონაწილეობდნენ. უწყებათშორისი სწავლება წელს მეცხრედ ტარდება. სწავლების მიზანს კრიზისული სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა წარმოადგენს,“ - აღნიშნულია უწყებუს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. NATO-ს სამხედრო კომიტეტის წევრები სამეთაურო საშტაბო სწავლების - „დიდგორი 2023-ის“ მიმდინარეობით დაინტერესდნენ  

ევროკავშირის ელჩი: თქვენ გაქვთ მართლაც უცნაური შეთქმულების თეორიები, მათი უმრავლესობა იმდენად აბსურდულია, გამეორებაც არ მინდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯში, ორი მათგანი ახალია - პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ის ისურვებდა, რომ საქართველოში უფრო აქტიურად ებძოდნენ დეზინფორმაციას. „რაც შეეხება პირველს, რისი მოწმეებიც ვართ არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, სამეზობლოში, არის „ნარატივების ბრძოლა. თქვენ გაქვთ მართლაც უცნაური შეთქმულების თეორიები, რომელთა უმრავლესობა ვიტყოდი, რომ ქვეყნის გარედა მოდის, თუმცა სამწუხაროდ, მას იმეორებენ და ზოგჯერ აძლიერებენ საქართველოს შიგნით. ზოგიერთი მათგანის სამიზნე არის ევროკავშირი, მათი უმრავლესობა იმდენად აბსურდულია, გამეორებაც არ მინდა. ვისურვებდით, საქართველოში ყველა, მთავრობის ჩათვლით, ძალიან აქტიურად ებრძოდეს ამ ნარატივებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმ საწამლავმა, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება მათ მიერ, ვისაც კარგი არ სურს ევროკავშირისთვის, არ მოწამლოს დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე,“ - აღნიშნა ელჩმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. მეორე საკითხი - ელჩის შეფასებით, საქართველოს ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის კლებადი დონე აქვს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო არ შეუერთდა 27 წევრის მიერ კოლექტიურად მიღებულ გადაწყვეტილებას.  ჰერჩინსკის თქმით, მას ესმის საკითხის სენსიტიურობა და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ე.წ. არაღიარების პოლიტიკის შესახებ: „თუმცა გრძელ ვადაში ჩვენ გვექნებოდა მოლოდინი, რომ საქართველო - ქვეყანა, რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფო, ჰქონდეს დადებითი ტენდენცია და სულ უფრო მეტად შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან და სინამდვილეში, ბოლო რამდენიმე კვირაში ეს ხდება კიდეც - არის თავსებადობის ხარისხის გარკვეული ზრდა,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს კვლავ არადამაკმაყოფილებელია. „მაგრამ დადებითი ტენდენცია მაინც არის და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო ძალიან სწრაფად დაგვეწევა და შესაბამისობის დონე სულ უფრო გაიზრდება,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. კითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს, ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირსაც დიდი ფასი უჯდება ევროკავშირსაც და მის წევრებსაც, თუმცა რუსეთი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რასაც უკრაინაში სჩადის და ამიტომ მიიღო ევროკავშირმა სანქციების განხორციელება. ელჩმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა, რომ ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. „საქართველომ გადაწყვიტა, არ შეუერთდეს ვაჭრობის სფეროში ჩვენს სანქციებს, დასაბუთება სრულად მესმის. საქართველო რუსეთის მეზობელია, ჩვენგან განსხვავებულია მისი ეკონომიკა, მისთვის ჯერ მნიშვნელოვანია რუსეთთან ვაჭრობა - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალში რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ და ყველა სხვა სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.  პაველ ჰერჩინსკი ასევე იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც საქართველო ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის თანხვედრის პროცესში შესაბამისობაში მოექცევა ევროკავშირის ძალიან მკაცრ და ძალიან მკაფიო პოლიტიკასთან, რაც გულისხმობს ნებისმიერი პირდაპირი რეისის აკრძალვას ევროკავშირსა და რუსეთს შორის - ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო 27-ვე წევრი ქვეყნის მიერ ერთსულოვნად. „ვიცოდით, რომ დიდი ფასი უნდა გადაგვეხადა ევროკავშირის მოქალაქეებს, ამის მიუხედავად, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა, რაც შეიძლება დიდი ზეწოლა მოგვეხდინა რუსეთზე და ერთ-ერთი ელემენტი იყო ყველა პირდაპირი რეისის აკრძალვა რუსეთთან,“ - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკი. ასევე გაეცანით: ევროკავშირის ელჩი: შეთქმულების თეორია, პროპაგანდა, რომელიც ძლიერდება საქართველოს შიგნით, უნდა შეჩერდეს რას მოიცავს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯი - ანგარიში გობლი: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის პირობებს ამერიკაც მხარს უჭერს, არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ რუსეთი გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე  

ევროკავშირის ელჩი: ვიმედოვნებ, მომავალში რუსეთის სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთია იმ პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მკაფიოდ უჭერენ მხარს რუსეთის იზოლაციას. ელჩმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა, რომ ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. „ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ ვაჭრობის სფეროში ჩვენ მიერ დაწესებულ სანქციებს. სრულად მესმის დასაბუთება: საქართველო [რუსეთის] მეზობელი ქვეყანაა. მისი ეკონომიკა დიდად განსხვავდება ჩვენისგან და რუსეთთან ვაჭრობა მისთვის ჯერაც ძალიან მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალში რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ და ყველა სხვა სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება... ​გამოვთქვამთ სინანულს [საქართველოსა და რუსეთს შორის] პირდაპირი რეისების აღდგენაზე გადაწყვეტილების მიღების გამო. ოთხ დღეში რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული, უსაფუძვლო შეჭრიდან, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთსულოვნად გადაწყვიტეს, აეკრძალათ რუსეთის ყველა ავიაკომპანიის ყველა თვითმფრინავის ყველა რეისი. ნამდვილად დასანანი იყო, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, დაეშვა პირდაპირი რეისები [რუსეთთან]," - ამბობს ელჩი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.  

ლევან დოთიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალებზე - დამიზნებით გვესროდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულმა, ლევან დოთიაშვილმა, სოფელ კირბალთან 6 ნოემბერს მომხდარი გაიხსენა. მისი თქმით, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს მიჰყავდა, გზაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „დამიზნებით გვესროდნენ მანქანიდან, ჯერ საბურავები და შემდეგ გამიზნული სროლა იყო. ჩვენ მანქანაში ვისხედით, შეიძლება, დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთო, ყოველ შემთხვევაში არ გაგვიგია და სროლა-სროლით მოგვსდევდა. ბევრი გაისროლა. მე თავად ვნახე ნატყვიარები. [თამაზ გინტურს] ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი. ერთი თქვა „დამჭრაო.“ გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე. ამ დროს, დანარჩენი რუსი ჯარისკაცები ამოვიდნენ და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით. ვინ ისროლა დავინახე, მაგრამ ცნობით არ ვიცნობ. სროლის შემდეგ, 7 ჯარისკაცი 5-6 წუთის მერე ამოვიდა. თამაზი რომ მანქანიდან გადმოვიყვანე, სასწრაფოში რომ დავრეკე, ყველას რომ გავაგებინე, 7 კაცი მოვიდა და წამიყვანეს. ჩვენ უკან პირდაპირ სროლით მოდიოდა, სათამაშოდ რომ არ მოდიოდა, რა თქმა უნდა ხომ? გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი კონკრეტული ადამიანი მირტყამდა. ყველა იყო იარაღით, ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე,“ - განაცხადა ლევან დოთიაშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულ ლევან დოთიაშვილს სახის არეში დაზიანება აღენიშნება. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ლევან დოთიაშვილმა განმარტა, რომ მას დაზიანებები უკანონო დაკავების დროს მიაყენეს, ხოლო უშუალოდ, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.

პრეზიდენტი: 2024 წლის არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე უცხოურ გამოცემებთან ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტი არჩევნებზე აქტიურად ჩართულობას ელის ევროკავშირისგან. „მომავალი წლის ბოლოს არჩევნები გვაქვს და ამ არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, რომელსაც ვაჟღერებ აქ და სხვა ევროპულ დედაქალაქებში: - რომ ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ, ამ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, ჩართულობა, სწორედ არჩევნებზეც, რათა საშუალება მოგვცეს, გადავლახოთ ეს ეტაპიც, რომელიც ახალი, დემოკრატიული ეტაპია, თუ როგორ უნდა გადავიდეთ ერთი პარტიის რეჟიმიდან ნამდვილ, კოალიციურ მულტიპარტიულობაზე,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. არჩევნების საკითხზე, პრეზიდენტმა France24-თან ინტერვიუშიც ისაუბრა: “2024 წელი არჩევნების წელია, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდება, შეიძლება, ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც  მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან.“ „იმედი მაქვს, რომ იქნება თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს, წარმოიშვას ახალი კოალიცია, ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.  ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსზე: გადაწყვეტილება იმის გაცნობიერებაა, რაც არ გაკეთდა 2008 წლის NATO-ს სამიტზე, დღეს მწვანე შუქი არ მიეცა რუსეთს

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებზე OSCE/ODIHR-მა კრიტიკული დასკვნა მოამზადა: კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული

ეუთო/ოდირმა, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სასწრაფო დასკვნა მოამზადა და ის საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.   „დასკვნა დღეს გამოქვეყნდა და მასში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული. როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო აღნიშნული ცვლილებების პროექტს და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვა ჯერ დასრულებული არ არის. აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირმა დასკვნის მომზადებისას კონსულტაციები გაიარა გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში. როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ასევე იცავს გრძელვადიან დემონსტრაციებს, გახანგრძლივებულ მჯდომარე აქციებს, ადგილის დაკავების ტიპის მანიფესტაციებს და მოიცავს შეკრების ფორმისა და ტიპის არჩევის თავისუფლებასაც. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ზოგიერთ შემთხვევაში, პროტესტის კონკრეტულმა სახემ და ფორმამ, მაგალითად, კარვების დროებითმა ბანაკებმა, შესაძლოა მისი გზავნილისაგან განუყოფელი სიმბოლური მნიშვნელობაც კი შეიძინოს. შეკრების სახესთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა არ უნდა შეაფერხოს მისი გზავნილის ეფექტური კომუნიკაცია და არ უნდა იქონიოს მსუსხავი ეფექტი უფლების განხორციელებაზე.   შეკრების ფორმასა და ტიპთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაბამისობაში უნდა იყოს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობის, პროპორციულობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილ მოთხოვნებთან. დასკვნაში დეტალურადაა განხილული კანონპროექტის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლები ფართოა და ნათლად განსაზღვრული არ არის, რამაც ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა მისი თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენება გამოიწვიოს. ასევე, პირაპირ არის მითითებული, რომ აქციებით გამოწვეული ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რიტმის დარღვევა, მათ შორის საგზაო მოძრაობის დროებითი შეფერხება, კომერციული საქმიანობისთვის ზიანის მიყენება უნდა იყოს შეწყნარებული, სანამ ის სხვებს არააუცილებელ და არაპროპორციულ ტვირთს არ აკისრებს. ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა, როდესაც ის არააუცილებლად ან აქციებთან დაუკავშირებლადაა მიჩნეული, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და გაეროს კონვენციებით დადგენილ ლეგიტიმურ მიზნებს და გაუმართლებელია.   როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, არ არის ნათელი თუ რატომაა არსებული სამართლებრივი ჩარჩო არასაკმარისად მიჩნეული მაშინ, როდესაც ის უკვე შეიცავს დებულებებს გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან, ასევე საეჭვო ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებების თაობაზე.   დროებითი კონსტრუქციების აღმართვის გამო ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება (15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჯარიმასთან და კონფისკაციასთან ერთად) ასევე შეფასებულია არაპროპორციულად და მსუსხავი ეფექტის მქონედ უფლების განხორციელებაზე. როგორც ეუთო/ოდირის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია მითითებული, შემოთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური განსხვავებული აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითადაა შეფასებული ასევე კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესი.იმედის გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი მხედველობაში მიიღებს ეუთო/ოდირის დასკვნას და უარს იტყვის კანონპროექტის საბოლოოდ მიღებაზე.“  ომბუდსმენმა OSCE/ODIHR-ს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების სამართლებრივი შეფასება 18 ოქტომბერს სთხოვა.   „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.   „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 5 ოქტომბერს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, დემონსტრანტებს ეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა. თუკი, აკრძალვის მიუხედავად, ისინი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეეძლება მათი როგორც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (500-დან 5000 ლარამდე) და დაპატიმრება (15 დღემდე ვადით), ასევე „სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია. სამოქალაქო აქტივისტებმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, პარლამენტთან კარვების გაშლით გააპროტესტეს რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა

უკრაინელებმა მრავალფუნქციური უპილოტო სახმელეთო მანქანა შექმნეს

უკრაინის თავდაცვის ჯგუფის Brave1-ის წევრებმა მრავალფუნქციური უპილოტო სახმელეთო მანქანა (UGV) Sirko-S1 შექმნეს. მანქანა შექმნილია სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებისა და დაჭრილების ევაკუაციისთვის. შესაბამისი განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერმა ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში - ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა გააკეთა. „UGV Sirko-S1 არის მრავალფუნქციური უპილოტო სახმელეთო მანქანა, შექმნილი Brave1 თავდაცვის ჯგუფის წევრების მიერ. მისი მიზანია, დაეხმაროს სამხედრო საქონლის ტრანსპორტირებას, დაჭრილთა ევაკუაციას და მტრის პოზიციების დაზვერვას,“ - წერს ფედოროვი. მისი თქმით, ეს მანქანა შეიძლება, გამოიყენონ ყველაზე ცხელ ადგილებში ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მასალის ან რაციონის უსაფრთხოდ მიწოდებისთვის. მისი მაქსიმალური ტვირთამწეობა 200 კილოგრამამდეა. უახლესმა განვითარებამ საბრძოლო პირობებში წარმატებული შედეგები უკვე აჩვენა და სამხედროებისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო.  

დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით იქნება მის გამარჯვებამდე - სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა დაარწმუნა უკრაინა, რომ ბრიტანელი ხალხი მხარს დაუჭერს უკრაინელებს, გამარჯვებამდე. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უკრაინულ მედიასთან გააკეთა. „ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას მივაწოდოთ ის მხარდაჭერა, რომელიც გჭირდებათ პუტინის ძალებზე ზეწოლის შესანარჩუნებლად. […] ჩემი გზავნილი უკრაინას დღეს იგივეა, რაც მე ადრეც ვუთხარი ჯარისკაცებს: ჩვენ ვიქნებით თქვენთან, ვიდრე არ გაიმარჯვებთ,“ - წერს სუნაკი სტატიაში. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებთან ერთად მხარს დაუჭერს უკრაინას, „გააცნობიეროს თავისი ბედი, როგორც უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატია.“ შეგახსენებთ, რომ სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განიხილეს შემდგომი თავდაცვის თანამშრომლობა, მათ შორის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება რაკეტებითა და ანტიდრონის შესაძლებლობებით.  

ლატვიის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 8,5 წლით პატიმრობა მიესაჯა

რიგაში სასამართლომ სეიმის ყოფილ დეპუტატსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ იანის ადამსონსს რვა-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს. საქმეში მეორე დამნაშავეა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გენადი სილონოვი, რომელსაც შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. სასამართლოს თანახმად, ადამსონსი „მიზანმიმართულად აგროვებდა დახურულ ინფორმაციას“ და სილონოვის გზით გადასცემდა ფსბ-ს. საქმე ეხება ინფორმაციას „ლატვიის სახელმწიფო დაწესებულებების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაობის, ასევე სახელმწიფო თავდაცვის სისტემის შესახებ“. ადამსონსს ასევე ბრალი ედება თაღლითობაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში. ადამსონსი 2021 წლის ზაფხულში დააკავეს. მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ორმოც ეპიზოდში წაუყენეს ბრალი. დეკემბერში ლატვიის სეიმმა ადამსონსს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა და გენერალურ პროკურატურას უფლება მისცა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრა. საბჭოთა პერიოდში ადამსონსი სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურობდა, სადაზვერვო სფეროში შტაბის უფროსის მოადგილე იყო. 1992 წელს დაბრუნდა ლატვიაში, სადაც სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილის, სასაზღვრო სამსახურის მეთაურის, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობები ეკავა. მონაწილეობდა ლატვიის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანაში. სასამართლომ კგბ-სთან მისი კავშირები აღიარა, მაგრამ ადამსონსმა პარლამენტის დეპუტატის თანამდებობა შეინარჩუნა.  

ორბანის შეფასებით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა, ყველა თვალსაზრისით, მზად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. „მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელია, ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია. უკრაინა, ყველა თვალსაზრისით, არ არის მზად, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე მოლაპარაკებების დასაწყებად,“ - აღნიშნა ორბანმა. უნგრეთის პრემიერის თქმით, „უკრაინა ისე შორს არის ევროკავშირში გაწევრიანებისგან, როგორც მაკო იერუსალიმიდან“. (აღნიშნული უნგრული ანდაზა ეხება ლეგენდას ერთ-ერთი ჯვაროსნის შესახებ, რომელიც წმინდა მიწისაკენ მიდიოდა და ერთ დღეს გაიღვიძა გემზე და ეგონა, რომ უკვე იერუსალიმში იყო, მაშინ, როცა მისი გემი ჯერ კიდევ ამჟამინდელი ხორვატიის სანაპიროსთან დაცურავდა). ორბანის თქმით, ევროკავშირს უნგრეთის დიდი ფული მართებს, „შესაძლოა 3-4-5 მილიარდი ევროც“, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ უბრუნებს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკითხი არანაირად არ უკავშირდება უნგრეთის პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა