ძებნის რეზულტატი:
ბრალდებული ათობით მოქალაქეს ტურისტული ტურების ორგანიზებას დაჰპირდა და თანხებს თაღლითურად დაეუფლა – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ, მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ტურისტული სააგენტოს გამოყენებით, საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ ათობით მოქალაქეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ტურების ორგანიზებას დაჰპირდა. ბრალდებული წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, 28 მოქალაქის კუთვნილ ფულად თანხას - 61 200 ლარს მოტყუებით დაეუფლა. „სამართალდამცავებმა ბრალდებული 6 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა‘ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით გამოძიებას აგრძელებს, რის შემდგომაც შესაძლოა, დაზარალებულთა წრე გაიზარდოს. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტოკიოს სამიტი: G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებს, უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს
დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის სესიაზე, ტოკიოში ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის მხარდაჭერის მიმართ თავიანთი ვალდებულება დაადასტურეს. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. „დისკუსიის შედეგად, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები დაეთანხმნენ, რომ G7 დარჩება ერთიანი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისა და უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის უზრუნველყოფის თვალსაზრისით,“ - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის საკითხზე შეხვედრას, რომელსაც G7-ის ქვეყნების უმაღლესი დიპლომატები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ესწრებოდნენ, დაახლოებით, 80 წუთი გაგრძელდა. სესიის დასაწყისში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოკო კამიკავამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება, მნიშვნელოვანია, G7 იყოს ერთიანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის მკაფიო გზავნილის გასაგზავნად, რომ მათი მტკიცე ვალდებულება უკრაინის მიმართ, ურყევია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა გაყინეს რუსეთის სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი, რომლის ღირებულება დაახლოებით, 300 მილიარდი ევროა, აქედან თითქმის 200 მილიარდი ევრო ევროკავშირშია.
აშშ-ს უკრაინის დასახმარებლად მკაფიო გეგმა აქვს - ენტონი ბლინკენი
ვიდრე რუსეთის მიერ დაწყებული ომი გრძელდება, შეერთებულ შტატებს აქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა უკრაინის დასახმარებლად. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. „რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში და ნებისმიერ დროს შეეძლო მისი დასრულება ძალების გაყვანითა და სასტიკი თავდასხმების შეჩერებით. ვიდრე ამას არ გააკეთებს, შეერთებულ შტატებს აქვს წინსვლის მკაფიო გზა: დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში; მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს; დავაკისროთ რუსეთს პასუხისმგებლობა,“ - აღნიშნავს ბლინკენი. რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.
ნათია თურნავა ოლიგარქ უსმანოვის კომპანიის სარჩელზე: დავა ადასტურებს, რომ საქართველო არ იქნება სანქციების არიდების ადგილი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სებ-ში ალიშერ უსმანოვის სარჩელის დოკუმენტები ახლახან შევიდა, თავად ამ სარჩელის არსებობა კი, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ იქნება. „კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ სულ ახლახანს მივიღეთ დოკუმენტები და ვეცნობით. ჩვენი იურიდიული დეპარტამენტი მოამზადებს შესაგებელს და ჩვენი პოზიციებს დავიცავთ სასამართლოში. ეს რეალობაა, სასამართლო პროცესები არახალია ჩვენთვის, მაგრამ ეს დავაც ადასტურებს, რომ საქართველო ვერასოდეს და არასოდეს იძლევა ჩვენი საფინანსო სისტემა სანქციების გვერდის ავლის ადგილად, ჩვენი ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა იცავენ საერთაშორისო სანქციებს,” - განაცხადა ნათია თურნავამ. მილიარდერ უსმანოვის კომპანიამ ქართული ბანკების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ქართულმა იურიდიულმა კომპანია MKD Law-მ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკისა და “ლიბერთი ბანკის” წინააღმდეგ ორი სარჩელით სასამართლოს მიმართა. სარჩელები ეროვნული ბანკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციათა, შესაძლო, ხარვეზიან იმპლემენტაციას უკავშირდება. სამთო და მეტალურგიული ჰოლდინგი „Металлоинвест“ რუსული საინვესტიციო ჰოლდინგის USM-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 49%-ს მილიარდერი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი ალიშერ უსმანოვი ფლობს.
23 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის და 11 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, 23 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ გამოვლენის მიზნით. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროჯასტის მიერ ერთობლივი, წარმატებული, ღონისძიებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის ივლისში შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა. ღონისძიების მიზანს ტრანსნაციონალური ხასიათის მქონე თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენა წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს გარდა, არაერთ, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც მოქმედებდნენ. ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ასეულობით ვებ გვერდის გამოყენებით ქმნიდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. ორგანიზებული ჯგუფის სამიზნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ძირითადად, შვეიცარიის და გერმანიის მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ზიანი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს. საქართველოში ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე „ქოლ-ცენტრის“, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. ყადაღა დაედო სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ-მოძრავ ქონებებს, საბანკო ანგარიშებს და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს. ერთობლივი გამოძიება ამჟამადაც გრძელდება და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს პროკურატურაში, ტრანსნაციონალური, ე.წ. თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ათეულობით ფიზიკური და რამდენიმე იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური, თუ იურიდიული პირების, მათ შორის, ტრანსნაციონალური დანაშაულების ორგანიზატორების მხილების მიზნით”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ევროჯასტმა აღნიშნულ ფართომასშტაბიან ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: https://www.eurojust.europa.eu/news/actions-across-europe-against-online-fraud-cryptocurrencies
ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში არ შეუშვეს - მედია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში არ შეუშვეს. ის ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას გეგმავდა. ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია რუსული თვითმფრინავებისთვის. ინფორმაციას Nexta ავრცელებს. პან-ევროპული უსაფრთხოების ორგანოს, რომელიც ყოველწლიურ მინისტერიალს სკოპიეში 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, გამართავს, ამჟამად ჩრდილოეთ მაკედონია თავმჯდომარეობს.
ნათია თურნავა: ვფიქრობთ, რომ ახლო პერიოდში გვექნება პირველი მიკრობანკი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში პირველი მიკრობანკი დაიწყებს ფუნქციონირებას. მისი თქმით, მიკრობანკების ახალი ლიცენზიის შემოღება ემსახურება იმას, რომ გაჩნდეს დამატებითი საინტერესო, ინვესტორებისთვის მიმზიდველი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც, გარკვეულწილად, გარდამავალი ეტაპი იქნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სრულყოფილ ბანკებს შორის. თურნავას განცხადებით, კერძო სექტორის მხრიდან ინტერესი არსებობს. „მქონდა შეხვედრა ინდუსტრიასთან, საფინანსო სექტორთან. ვესაუბრებოდი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ფიქრობენ, შემოიტანონ განაცხადი. შეიძლება, გარკვეული დახვეწა დასჭირდეს რეგულაციებს, რადგან ეს არის ახალი პრაქტიკა და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ღია ვართ დიალოგისთვის. ვფიქრობთ, რომ ახლო პერიოდში გვეყოლება პირველი კანდიდატები“, – აღნიშნა თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ევროკავშირის ელჩი: ეს არის ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერის და ბოლო წლების წინსვლის დიდი აღიარება
ევროკავშირის ელჩმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ევროკომისიის რეკომენდაციის მიღება მიულოცა. მან ხაზი გაუსვა, რომ ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა „გილოცავთ! ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, რომ მან კანდიდატის სტატუსი მიიღოს. გულითადად ვულოცავ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს. გულითადად ვულოცავ მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა - საქართველოს მოსახლეობას - ხალხს, რომელიც ყოველთვის, მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ეს არის ევროკავშირის მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება. ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისი სურვილიც არ იქნებოდა მისი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება. ამ ნაბიჯების განხორციელება შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გადამწყვეტი იქნება. ეს გაფართოების პროცესის ბუნებაა: მუდმივი რეფორმები, რათა ქვეყანა მზად იყოს თავისი ადგილის დასაკავებლად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრის სტატუსით. ანგარიში საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას აღიარებს, თუმცა მასში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჯერ კიდევ ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაო ისეთი არსებითი რეფორმების სფეროებში, როგორიცაა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის. ამისათვის, საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შეამციროს. ერთად ბევრი დიდი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. ახლა საქართველოს ლიდერებმა, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, ერთად და კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად და ევროკავშირის მიერ დასახული ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირის გაფართოებამ აჩვენა: როგორც კი შედგება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის შედეგად რეფორმების განხორციელება გახდება შესაძლებელი, პროცესი შეიძლება, ძალიან სწრაფად წარიმართოს. ამ ნაბიჯების მიზანი არა ბრიუსელისთვის თავის მოწონებაა, არამედ საქართველოს მოსახლეობის, ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა. მზად ვართ ამ გზის ყოველ ნაბიჯზე თქვენი მხარდაჭერა გავაგრძელოთ. დღეს ევროკომისიამ ასევე გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი დოკუმენტი (ინგლისურად) საქართველოს წინსვლის შესახებ. ეს 136-გვერდიანი ანგარიში ასახავს საქართველოს მზაობას ყველა სფეროში. მისი თითოეული თავი ასევე შეიცავს რეკომენდაციებსა და მითითებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ვიმუშავებთ საქართველოს ადმინისტრაციასთან ერთად, რომ რაც შეიძლება წინ წავიწიოთ. დღეს კარგი მიზეზი გვაქვს ზეიმისთვის, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა, ერთხმად, ამ წლის დეკემბერში უნდა მიიღონ. ამ გადაწყვეტილებამდე დარჩენილია დაახლოებით 5 კვირა და ყოველი დღე მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ყოველი დღე გამოყენებული იქნება საქართველოს წინსვლისთვის ამ გზაზე. საქართველოს მთელ მოსახლეობას, ხალხს, კიდევ ერთხელ ვულოცავ და მადლობას ვუხდი ძლიერი ევროპული მისწრაფებისა და ევროკავშირში გაწევრიანების ურყევი მხარდაჭერისთვის! ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. სრულად მზად ვართ, დაგეხმაროთ საქართველოსთვის უკეთესი მომავლის აშენებაში, რომ თქვენ და მომავალ თაობებს უფრო უსაფრთხო და კეთილდღეობით აღსავსე ცხოვრება ჰქონდეს. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გილოცავ, საქართველოვ! განაცხადა ელჩმა 8 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დამატებითი მინიჭების რეკომენდაცია გასცა იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ გამოაცხადეს. 2023 წლის ,,გაფართოების პაკეტში,“ რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს შესახებ ანგარიში პირველად ქვეყნდება. „საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭომ დაიწყოს მიერთების მოლაპარაკებები. კომისია, ასევე, გაწევრიანების მოლაპარაკების რეკომენდაციას იძლევა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნება წევრობის კრიტერიუმთან შესაბამისობა და რეკომენდაციას ასევე კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ამ 4 ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, პირველ რიგში კი უკრაინაზე," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ევროკომისია უკრაინასთან და მოლდოვასთან, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაციას უწევს იმ პირობებით, რომ ქვეყნები კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებულ რეფორმებს გაატარებენ. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ისინი მიიღებენ. რას მოიცავს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯი - ანგარიში ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა
ევროკომისია უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას იძლევა. კომისია ასევე რეკომენდაციას უწევს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც შესაბამისი კრიტერიუმები იქნება დაკმაყოფილებული. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მიმართებაში იქნება კონკრეტული დათქმები. „ევროკომისია უწევს რეკომენდაციას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მოლდოვასა და უკრაინასთან. კომისია ასევე რეკომენდაციას უწევს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც შესაბამისი კრიტერიუმები იქნება დაკმაყოფილებული და რეკომენდაციას ასევე კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ამ 4 ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, პირველ რიგში კი უკრაინაზე," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის პრეზიდენტი: საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები მთავრობამ უფრო მეტად უნდა გაითავისოს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „სრულად უჭერს მხარეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში“ და „ევროკავშირისადმი ეს მისწრაფებები უფრო მეტად უნდა გაითავისოს ელისუფლებამ.“ ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში „გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან ჩართულობის გასაძლიერებლად და რეფორმების განსახორციელებლად“, მათ შორის მიიღო კანონები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მართალია, საქართველოში წარმოდგენილია სასამართლო რეფორმა, თუმცა „ჯერ კიდევ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „ჰოლისტური“ რეფორმა“. მან ახსენა, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი და სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიას გაუზიარა დასკვნის მისაღებად. „შემუშავდა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და მუშავდება სამოქმედო გეგმა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ძლიერი მრავალპარტიული პოლიტიკური კონსენსუსის შექმნა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის მოგვარებას და დააჩქარებს მის ევროპულ გზას,“ - განაცხადა ლაიენმა რადიო თავისუფლების ცნობით. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა რა სამუშაოს შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან - რას მოიცავს 9 ნაბიჯი
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ ყველა ქართველს, აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის
შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „გილოცავთ ყველა ქართველს! დღევანდელი რეკომენდაცია არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის,“ – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
რას მოიცავს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯი - ანგარიში
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, რისთვისაც საქართველოს 9 ნაბიჯის გადადგმა მოუწევს. ეს 9 პირობა ევროკომისიის ანგარიშშია ასახული. ევროკომისია შეთანხმდა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი დათქმით, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ცხრა მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთან, არჩევნების თემა ახალი არ არის, თუმცა სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“ პირველად არის ნახსენები. უფრო კონკრეტულად დოკუმენტში ვკითხულობთ: 2022 წლის ივნისიდან მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, თორმეტი პრიორიტეტის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ, კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საბჭომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები: ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და უცხოურ ჩარევასთან ბრძოლა; ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება; პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი გადაჭრა, მათ შორის უფრო ინკლუზიური გზით; მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე; თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე; საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა; ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით; სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება; დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით; ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა. ევროკომისიის 12 პრიორიტეტიდან პირველთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციას ეხება, ევროკომისია აცხადებს, რომ უნდა იყოს თანამშრომლობა, კომპრომისების მიღწევა და ინკლუზიური კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგთან. ევროკომისიის შეფასებით, პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი გადამწყვეტი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თუმცა, საერთო ჯამში, შეზღუდული კონსულტაციებით და ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის არასაფუძვლიანი ანალიზით. „პარლამენტის წევრთა უმეტესობამ დაასრულა პარლამენტის ბოიკოტი და რამდენიმე კანონი მიიღეს მრავალპარტიული მხარდაჭერით. რეგულარული მინისტრებისთვის შეკითხვების დასმა იმართება პარლამენტში, რომლის მიზანია დაიწყოს დისკუსია, განსაკუთრებით ევროკავშირის გზასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. უხეში რიტორიკის გამოყენება გრძელდება ევროკავშირის მიმართ დეზინფორმაციის ინციდენტებით. უნდა მოხდეს თანამშრომლობა, კომპრომისების მიღწევა და ინკლუზიური კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგთან. ყველა მხარე და დაინტერესებული მხარე უნდა დაეყრდნოს ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპულ მიმავალ გზაზე, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის ნების შესაბამისად,“ - აღნიშნულია ანგარიშში. რაც შეეხება რეკომენდაციას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის შეფასებით, რეგლამენტში შეტანილმა ცვლილებებმა გააძლიერა საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციები და გამოიწვია მინისტრთა მოსმენების გაზრდა. ამ ზედამხედველობის პრეროგატივების გამოყენება უნდა ამოქმედდეს მათ შორის, საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტების შექმნისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით „ნდობის ჯგუფში“, რომელიც აკონტროლებს უსაფრთხოების სამსახურებს. პარლამენტმა დაჩქარებული წესით და მოგვიანებით პრეზიდენტის ვეტოს გაუქმებით მიიღო ცვლილებები საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში, რამაც გამოიწვია შეშფოთება ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. 2021 წელს გამოვლენილი ფართომასშტაბიანი მოსმენების ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე და მისი ძირითადი ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. საარჩევნო კოდექსი და კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ შეიცვალა ვენეციის კომისიის და „ოდირის“ ზოგიერთ რეკომენდაციასთან და ზოგიერთი ოპოზიციური დეპუტატის მხარდაჭერით. მოგვიანებით პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურის შეცვლით და პრეზიდენტის მიერ ვეტოს უგულებელყოფით. საქართველომ ეს ცვლილებები ვენეციის კომისიას კონსულტაციისთვის გაუგზავნა 2023 წლის სექტემბერში. საქართველომ უნდა გაითვალისწინოს „ოდირისა“ და ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები გასული არჩევნებიდან, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, დაშინების შესახებ და უნდა მოაგვაროს ვენეციის კომისიის მომავალ დასკვნებში წარმოდგენილი რეკომენდაციები დროულად, მომდევნო არჩევნებამდე“, - აღნიშნულია ანგარიშში. „რაც შეეხება პოლიტიკურ კრიტერიუმებს, ზოგადად, საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს საქართველოს გარკვეული დონით მომზადებას შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ხელშემწყობი რეფორმებისთვის. მიუხედავად ამისა, რეფორმის პროცესი უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობით, ღრმა პოლარიზაციით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობითა და ეროვნული ინტერესების ძირითად საკითხებზე კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევებით ფერხდება. პარლამენტი ხელმძღვანელობდა ძალისხმევას კომისიის დასკვნაში გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის გადასაჭრელად და 2022 წლის ივლისში, დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე, მან შექმნა სამუშაო ჯგუფები აუცილებელი რეფორმების განსახილველად. პარლამენტში არსებითი მრავალპარტიული მუშაობა შეფერხდა ოპოზიციის შეზღუდული ინკლუზიურობით (მმართველი პარტიის მიერ) კანონმდებლობის შემუშავებისას, ასევე ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებული ბოიკოტით. მიუხედავად ამისა, იყო მრავალპარტიული თანამშრომლობისა და კენჭისყრების კარგი მაგალითები, მათ შორის ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც მიღებულ იქნა 2022 წლის ნოემბერში საპარლამენტო ზედამხედველობის დონის ზომიერად გაზრდის მიზნით. „2023 წლის მეორე და მესამე კვარტალში პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი გადამწყვეტი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საერთო ჯამში, შეზღუდული კონსულტაციებით და ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის არა საფუძვლიანი ანალიზით. იმის გამო, რომ 12 პრიორიტეტზე მუშაობის უმეტესი ნაწილი პარლამენტს დარჩა, რეფორმების პროცესის დაჩქარებისა და კარგი მმართველობის გასაძლიერებლად სამთავრობო ქმედებებმა გამოიწვია შეზღუდული პროგრესი ზოგიერთ რეფორმაზე და გარკვეული პროგრესი ზოგიერთთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ვეტო დაადო რამდენიმე კანონს, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ეწინააღმდეგებოდა,“ - ვკითხულობთ ანგარიშში, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. „რაც შეეხება საქართველოს, აქ სრულად ვუსვამთ ხაზს, რომ არსებობს საქართველოს მოქალაქეების ხაზგასმული მისწრაფება, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად. ეს რა თქმა უნდა უფრო მკვეთრად უნდა იყო ასახული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, რომლებიც უნდა იცავდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასევე მთავრობამ უნდა მიაღწიოს უფრო მეტ პროგრესს 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. ახლა ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ მთავრობამ გადადგა ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯები, მაგალითად დეოლიგარქიზაციის კუთხით გადაიდგა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, პერსონალური მიდგომა დაინერგა, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, შესაბამისად კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. თავის მხრივ, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განმარტა, რომ ახალი გეგმა და გაფართოებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგია კონკრეტულ ნაბიჯებს გულისხმობს. ლაიენის განცხადებით, პირველ რიგში, ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. „დღეს არამხოლოდ წარვადგენთ გაფართოებასთან დაკავშირებულ ანგარიშს, რასაც ყოველწლიურად ვაკეთებთ, არამედ ძალიან მნიშვნელოვან პასუხს ვცემთ არსებულ საერთაშორისო ვითარებას და პირველ რიგში, ეს გაფართოების პოლიტიკას და პროცესის დაჩქარებას გულისხმობს. თქვენ ხედავთ, რა რეკომენდაციებს ვიძლევით, ეს, ასევე, იმის დემონსტრირებაა, რომ არსებობს პროგრესი ყველა ამ ქვეყანაში და წარსულში არასდროს გვინახავს ევროკავშირის წევრობა ასეთი მნიშვნელოვანი ასპექტი ყოფილიყო იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ევროკავშირის გარშემო მდებარეობენ. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა სხვა ასპექტებსაც, ეს არის სპეციალური ჩარჩო-შეთანხმება, რომელიც ბალკანეთის ქვეყნებისათვის შეიქმნა, რომელიც აბსოლუტურად თანამედროვე, ახლებური მიდგომაა ეკონომიკური და სოციალური პროგრესის გასაღრმავებლად ბალკანეთის ქვეყნებში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ახალი შესაძლებლობის შექმნის კუთხითაც სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ინსტიტუციურ ნაწილზე ჩვენი საქმიანობისა, როცა ანგარიშებს განვიხილავთ, მაგრამ ახლა მოდით, რეალურ ინტეგრაციაზე გავაკეთოთ აქცენტი - რეალური ინტეგრაცია ამ შემთხვევაში იმას გულისხმობს, თუ როგორ უნდა დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნების ერთმანეთთან ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან ერთად. ეს არის რეალური სარგებელი ორივე მხარისათვის და ამან უნდა მოუტანოს სარგებელი წევრებს გაწევრიანებამდეც კი, ეს არის ასევე თხოვნა, რომელიც მოდის წევრი სახელმწიფოებისაგან და ეს იყო თავდაპირველად ჩვენი გეგმა, როცა 2021 წელს დავიწყეთ ამ ყველაფერზე მუშაობა და ახალი მეთოდოლოგია შევიმუშავეთ გაფართოებისათვის. გეგმა მიზნად ისახავს 4 კონკრეტულ ნაბიჯს, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირება, რაც შეიძლება სწრაფად და რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს რეგულაციებს და კანონებს ეხება. ეს სარგებელს მოგვიტანს ორივე მხარეს და ამან სარგებელი უნდა მოუტანოს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება. როგორც აღვნიშნე, ჩვენი გეგმა იყო ეს ყველაფერი 2021 წელს, ჯერ კიდევ, როცა გაფართოების გეგმაზე და მეთოდოლოგიაზე დავიწყეთ მუშაობა“, - განაცხადა ვარჰეიმ. რას მოიცავს 4 ასპექტი. „როგორც ვთქვი, აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირება დავაჩქაროთ, რათა მათ ყველა ვალდებულება აიღონ ჩვენი რეგულაციების შესაბამისად და შეგვიძლია მათ მივაწოდოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც მათ სჭირდებათ, ამან, ასევე, წვლილი უნდა შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ მათ, ერთმანეთს ისე მოექცნენ, როგორც ჩვენ მოგვექცეოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტეგრაციის შემდეგ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სხვა პარტნიორებთან ანალოგიურად უნდა ითანამშრომლონ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორ ქვეყნებს დავეხმაროთ ინტეგრირების პროცესში, რადგან ინტეგრაცია რთულ კომპლექსურ რეფორმებს მოიცავს, რომელიც საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. სწორედ ამიტომ გვსურს, ჩავერთოთ მათთან ერთად აღნიშნულ პროცესში და დეტალური გეგმა შევიმუშაოთ ყოველწლიურად, რომელზე დაყრდნობითაც შევძლებთ ადგილზე პროგრესის დაჩქარებას, როცა საქმე რეფორმებს ეხება, ეს ასევე მოიცავს ფუნდამენტურ მიმართულებებს, როგორიცაა, კანონის უზენაესობა, დემოკრატია, რადგან სწორედ ეს არის მთავარი პირობები ამ პროცესისა. ჩვენ გვჯერა, რომ ამ გეგმაზე დაყრდნობით შევძლებთ გავაერთიანოთ რეგიონი და შევძლებთ იმას, რომ რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი საგრძნობლად გაიზრდება, ეს არის ის წინსვლა, რომელიც მათ სჭირდებათ და ასევე, წინსვლა, რომელიც ჩვენც გვჭირდება,“ - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
ოლივერ ვარჰეი თამაზ გინტურის მკვლელობაზე: უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რათა დამნაშავეები გამოვლინდნენ
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეების ვინაობა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას,“ - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მან საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტი „შემაშფოთებელია“. „ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რასაც ადგილი ჰქონდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი ინფორმაციაა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ხელისუფლება აკონტროლებს, ამგვარი ინციდენტი მოხდა. უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეების ვინაობა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას,“ - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. „არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“
პატრიარქი: ოკუპანტთა მხრიდან თამაზ გინტურისთვის ზურგში ნასროლი 2 ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის გამო სამძიმარს გამოთქვამს. „კირბალში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია. ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მართალთა დაუმკვიდროს. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის თანაზიარიც თამაზი უკვე გახდა“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. „არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“
პრემიერი: მჯერა, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს
„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, “დღევანდელი დღე არის ერთგვარი დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი ჩვენი 11 წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, ის დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილება, ევროპეიზაციის 10 წელი.“ „ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს რა თქმა უნდა, არის ისტორიული დღე. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი,“ - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა, თუ პროვოკაციებისა, დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ხალხმა, სიმართლემ გაიმარჯვა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ხელისუფლება ევროპელ კოლეგებთან მუდმივ დიალოგსა და მჭიდრო კოორდინაციას გააგრძელებს. „მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებებისა, ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა დღეს. გაიმარჯვა სიმართლემ და კიდევ ერთხელ, მე გულითადად გილოცავთ ყველას დღევანდელ აღიარებას. თქვენ გახსოვთ, შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, ვინაიდან, საქართველომ ვერ მიიღო მაშინ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო ჩვენთვის ერთგვარი დამაბრკოლებელი და გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივიღეთ დამსახურებულად დღევანდელი დღე. მე მჯერა, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. შეიძლება ითქვას, რომ სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა. ეს არის უდავოდ ძალიან ძლიერი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
ევროკავშირის ელჩი: ახლა უკვე ორი სამიზნე გექნებათ - საქართველომ რეფორმები უნდა გააგრძელოს ან თუნდაც დააჩქაროს, ევროკომისიამ 9 ნაბიჯი განსაზღვრა
ახლა დეკემბერს უნდა დაველოდოთ, რომ ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭიროს მხარი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცხადა. „ეს 5 კვირა სრულიად გადამწყვეტი იქნება, რათა დავრწმუნდეთ, რომ 15 დეკემბერს ევროკავშირის ყოველი წევრი ეთანხმება ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას. შემდეგ ორი სამიზნე გექნებათ. პირველი - თავად საქართველო, რომელმაც რეფორმების გატარება უნდა გააგრძელოს ან თუნდაც დააჩქაროს ისინი, და ჩვენ ცხრა ნაბიჯი გვაქვს, რომელიც ევროკომისიამ გამოავლინა. და მეორე მხრივ - თავად ევროკავშირი, ამჟამად 27 წევრი ქვეყანა, რომლებმაც მომზადება უნდა დაიწყონ რამდენიმე ან, შესაძლოა, ათი ახალი წევრის მისაღებად. რამდენ ხანს დაიკავებს ეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები - ვნახავთ, მაგრამ გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ორივე მხრივ ვიმოძრაობთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია, რათა არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ საქართველოს ევროკავშირში სრული წევრობაც აღვნიშნოთ,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა რა სამუშაოს შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან - რას მოიცავს 9 ნაბიჯი საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი ახალი ნაბიჯია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ელჩის თქმით, გაფართოება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ერთსულოვნად არის გადაწყვეტილი. „გადაწყვეტილებები უმაღლეს დონეზე მიიღება, 27 წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე. მათზეა დამოკიდებული დარწმუნდნენ, რომ ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას გაჰყვებიან, მათ უნდა გადაწყვიტონ შემდგომი ნაბიჯები იმ პროგრესზე დაყრდნობით, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი ის, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთხმად ისაუბრონ, როდესაც საქმე ევროპულ ინტეგრაციას ეხება, რომ იყოს ინკლუზიურობა და თანამშრომლობა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი ღიაა, რომ გელით. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან, ორი დღე გავატარე იქ, ჩემს ყველა უფროსს ვესაუბრე, ყველა მოუთმენლად ელის როდის დასხდებით მაგიდასთან. თუმცა ეს მომზადებას მოითხოვს, ეს მოითხოვს, რომ საქართველო მზად იყოს, რათა ევროკავშირის წევრობით ისარგებლოს და რათა ევროკავშირი უფრო ძლიერი გახადოს. ამისთვის ჩვენ ახლა ცხრა ნაბიჯისგან შემდგარი კომპლექტი გვაქვს. ზოგიერთი მათგანი ძალიან ნაცნობია, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი 12 პრიორიტეტიდანაა, რომლებიც ჯერ კიდევ პროგრესში იმყოფება. სხვები ახლებია. ამ ახალი ნაბიჯებიდან ერთ-ერთია - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს დემოკრატიის ხერხემალია. რა თქმა უნდა, ჩვენ არამხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდე მიმავალ მთელ პერიოდს დავაკვირდებით და გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ სუფთა ველი იქნება და ყველა შეძლებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და უპირველეს ყოვლისა - რომ ძალადობა არ იქნება. ყველა დემოკრატიაშია განსხვავებული ხმები, ყველა დემოკრატიაში განსხვავებული ხედვები, მაგრამ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
პრემიერი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკავშირის ელჩი: შეთქმულების თეორია, პროპაგანდა, რომელიც ძლიერდება საქართველოს შიგნით, უნდა შეჩერდეს
ევროკომისიის რეკომენდაციებში, რომლებიც საქართველოს ახალი ანგარიშის მიხედვით განესაზღვრა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველია. ევროკავშირის ელჩის შეფასებით, საერთო მიზანია დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირს და ევროპულ ღირებულებებს. „როგორც ვიცით, გეოპოლიტიკური კონტექსტი ნამდვილად რთული გახლავთ. აგრესია და ომი ნამდვილად მიმდინარეობს უკრაინაში. რუსეთის გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში გრძელდება და ასევე, ნარატივების მიმართულებით არსებობს პრობლემა. დეზინფორმაცია, ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს ყველგან, აქაც კი, საქართველოშიც კი. უმეტესობა საქართველოს ფარგლებს გარედან მოდის, მაგრამ ასევე სახეზე გვაქვს შეთქმულების თეორია, პროპაგანდა და ნამდვილად, ძლიერდება ეს ყველაფერი საქართველოს შიგნით. ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს და მსურს, რომ თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტისკენ, რომ 9 ნაბიჯიდან, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოს მიერ, როგორც გაიცა რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან, დეზინფორმაციასთან ბრძოლა გახლავთ პირველი ნაბიჯი. ებრძოლეთ დეზინფორმაციას და ინფორმაციის მანიპულირებას საზღვარგარეთიდან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირს და ევროპულ ღირებულებებს. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი. ეს არ არის მარტივი რამ და სავარაუდოდ, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ შეაჩეროთ ეს ნამდვილად მანკიერი დეზინფორმაციის წრე ხუთ კვირაში, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა დავდგეთ სიმართლის მხარეს. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებს, გვსურს, მოგახსენოთ, რომ ევროკავშირის კარი არის ღია. დღეს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა წევრი ქვეყნების მისამართით, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთი მიზნისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა რაც შეიძლება მალე,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა რა სამუშაოს შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან - რას მოიცავს 9 ნაბიჯი
NATO-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოს მეხუთე ვიზიტით ეწვია
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით NATO-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია. სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართული ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში რეგიონის უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბრის ძირითად თემას ალიანსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები წარმოადგენდა. ყურადღება გამახვილდა გაძლიერებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტურად განხორციელებასა და მიმდინარე პროცესში მოკავშირეების აქტიური ჩართულობის კრიტიკულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა თავდაცვის რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრეს. აღინიშნა საერთაშორისო სწავლებების საქართველოში ჩატარებისა და ერთობლივ წვრთნებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას. საქართველო უკვე მეხუთედ მასპინძლობს NATO-ს სამხედრო კომიტეტს. ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის წევრები უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნობიან და სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომას გამართავენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.