ძებნის რეზულტატი:

ზელენსკი: დღეს უკრაინისა და მთელი ევროპის ისტორიაში სწორი ნაბიჯი გადაიდგა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია უკრაინასთან წევრობის ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, "სწორი ნაბიჯი" იყო კიევისა და ევროპისთვის. ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა „დღეს უკრაინის და მთელი ევროპის ისტორიამ სწორი ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში უნდა იყოს,“ - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე. მან მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს. მივესალმები დღევანდელ რეკომენდაციას ევროკომისიისგან, რათა დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს არის ძლიერი და ისტორიული ნაბიჯი, რომელიც გზას კვალავს უფრო ძლიერი ევროკავშირისკენ უკრაინასთან და მის წევრებთან ერთად. მადლობას ვუხდი ევროკავშირსა და პირადად ურუსლა ფონ დერ ლეიენს უკრაინისა და ჩვენი ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. უკრაინა აგრძელებს რეფორმების გზას და ელოდება დეკემბერში ევროკომისიის გადაწყვეტილებას," - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.  

საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები - ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ანდრიუს კუბილიუსი, პესტრა აუსტრევიჩუსი, ანა ფოტიგა, მიხაილ გალერი, მარკეტა გრეგორევა, რასა იუკნევიჩიენე მიესალმებიან ევროკომისიის რეკომენდაციას, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ევროპაა და ქართველები არიან ევროპელები. „საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისიის გაფართოების შესახებ წლიურმა ანგარიშმა. ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს კომისიის რეკომენდაციას, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს დათქმებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა ნება, შეესრულებინა ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაცია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში ყოფილიყო ევროკავშირის საგარეო კურსთან, ქართველი ხალხის, ცალკეული ქართველი პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ,პრეზიდენტის და სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენლის ნება აღმოჩნდა უფრო ძლიერი, მათი ევროპელობა კი უფრო მდგრადი. მათ და მხოლოდ მათ დაიმსახურეს ეს ისტორიული მიღწევა,” წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.  

ევროკომისია: საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელი

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის თანახმად, მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში. 2023 წლის ,,გაფართოების პაკეტში,“ რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს შესახებ ანგარიში პირველად გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ პოლიტიკური დიალოგის წარმართვა ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირის განცხადებებთან შესაბამისობაში, მონაწილეობა უნდა მიიღონ ევროკავშირის ქმედებებში და გამოიყენონ შეთანხმებული სანქციები და შემზღუდავი ზომები. „საქართველო ამ მიმართულებით ზომიერად არის მომზადებული. საანგარიშო პერიოდში მიღწეულია შეზღუდული პროგრესი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის პოზიციებს საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში. საქართველო არ შეუერთდა შემაკავებელ ზომებს (სანქციებს) რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართ და ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციებს. თუმცა, საქართველო ძალიან მჭიდროდ და პროაქტიულად თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლით პრევენციის მიზნით. საქართველომ განაგრძო მონაწილეობა ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებში და ოპერაციებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში. მნიშვნელოვანი დამატებითი ძალისხმევაა საჭირო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში დაახლოების გასაზრდელად, კერძოდ, ევროკავშირისა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციებსა და შემაკავებელ ზომებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით. მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში; გააგრძელოს ძალისხმევა ჰიბრიდული/კიბერ მდგრადობის გასაზრდელად, გააგრძელოს იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ტერიტორია ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები არ იქნან გამოყენებული ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლისთვის, განსაკუთრებით რუსეთთან და ბელარუსთან მიმართებაში,“ - აღნიშნულია ანგარიშში. 7 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ეწვია. მან ხაზი სწორედ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობას გაუსვა. მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია.  

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. ევროკომისია დადებითად აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა რა სამუშაოს შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან - რას მოიცავს 9 ნაბიჯი  

სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ესაუბრა. ამის შესახებ მან ორბელიანის სასახლის წინ შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მან ზელენსკის და სანდუს წინგადადგმული ნაბიჯი მიულოცა. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა რა სამუშაოს შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან - რას მოიცავს 9 ნაბიჯი „ეს მათთვის დიდი ნაბიჯია წინ, ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, მივულოცე და ასევე მათ მთხოვეს, რომ გადმომეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული. ჩვენ ერთად ვივლით ამ გზაზე, რომელიც დიდი გზაა და ერთ მშვენიერ დღეს სამივე აღმოვჩნდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები,“ განაცხადა ზურაბიშვილმა. ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა  

პრეზიდენტი პრემიერის ვიზიტის პარალელურად პარიზში ჩადის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარიზში ჩადის. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის მშვიდობის ფორუმზე პანელში მიიღებს მონაწილეობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან ერთად. „დავესწრები ამ ფორუმს, როგორც იყო დაგეგმილი და იმის გათვალისწინებით თუნდაც, რომ როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა  დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლის წინ შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერი ემანუელ მაკრონის მიწვევით საფრანგეთში გაემგზავრა  

თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ანძის განათებაზე გადაწყვეტილება უკავშირდება ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ევროკომისიის ამ რეკომენდაციით, ევროპამ საქართველოსთვის კიდევ ერთი, ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.  

რობერტა მეცოლა: გაფართოებული ევროკავშირი უფრო ძლიერ ევროკავშირს ნიშნავს - ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას

გაფართოებული ევროკავშირი უფრო ძლიერ ევროკავშირს ნიშნავს, ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს. „გაფართოებული ევროკავშირი უფრო ძლიერ ევროკავშირს ნიშნავს. ევროპარლამენტი მიესალმება იმ ქვეყნების პროგრესს, რომლების ევროკავშირში წევრობისკენ მიისწრაფვიან. ევროკომისიის დღევანდელმა რეკომენდაციებმა განახლებული იმედი და ნათელი ევროპული გზა მისცა მილიონობით ხალხს თავისუფლებით, მშვიდობითა და სტაბილურობით სავსე მომავლისკენ. მოხარული ვარ, რომ უკრაინა და მოლდოვა კარგ გზაზე იმყოფებიან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას და ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მას შემდეგ, რაც მოთხოვნები შესრულდება,” - წერს მეცოლა.  

პრეზიდენტი: ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ოკუპაციას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ომის, ოკუპაციის და სხვა ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, თავისი გზა აირჩია. ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პასუხი ყველა იმ უღირსობაზე, ეს არის ყველას გამარჯვება,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ასევე მიულოცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც. „გილოცავთ! გილოცავთ ჩემო თანამემამულეებო, გილოცავთ აქ, საქართველოში და თქვენ, ვინც საზღვრების მიღმა ხართ. გილოცავთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, რამეთუ, ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ჩვენი ევროპული მომავალი, თქვენი ევროპული მომავალიც არის. გილოცავთ, რამეთუ ეს დღე თქვენ გეკუთვნით, ეს დღე საქართველოს მიღწევაა. დღეს ნამდვილად მიხარია. დღეს ყველას ერთად გვიხარია. ეს დღე ჩვენი წინაპრების არის, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიის და წინსვლისთვის იბრძოდა და სიცოცხლე შესწირეს. ეს დღე აუცილებლად ილიასია, დღეს მისი დაბადების დღეა. ეს დღე აკაკისია, ნიკოსი, ვაჟასი, სულხან-საბასი, ერეკლესი ... არ შემიძლია ყველა ჩამოვთვალო. ეს დღე არის ჩვენი ყველასი, ვინც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით იზიარებდა ამ უდიდეს მისწრაფებას, რომ საქართველო იმ ცივილიზებული ოჯახის წევრი ყოფილიყო, რასაც ჰქვია ევროპული ცივილიზაცია, ევროპული კულტურა, ჩვენი კულტურის და იდენტობის საფუძველზე. ეს დღე ზვიადის და მერაბის არის. ეს დღე ასევე ზურაბ ჟვანიასია. ყველა ამ ქვეყნის მეთაურისა, რომელმაც ამ დიდ საოცნებო საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ყველაზე უფრო მეტად, ეს დღე თქვენი დღეა, რამეთუ ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვაა, ლხინსა და ჭირში, ომის და ოკუპაციის და სხვა ზეწოლის მიუხედავად ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, თავისი გზა აირჩია, აღარ უყოყმანია ამ გზაზე. ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი კულტურის, იდენტობის, ჩვენი დაცულობის, მშვიდობის და ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა. სხვა გზა კი მონობამდე და ჩვენი თავის დაკარგვამდე მიდის, ეს ქართველ ხალხს არ ესწავლება. ეს დღე არანაკლებად იმათი დღეა, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და ამ დღეს ვერ დაესწრო. ვინც ამ ქვეყნის უსამართლო და ტრაგიკულ ოკუპაციას ემსხვერპლა. ყველას დღეა. ამ შეუპოვარ სამშობლოს სიყვარულზე დგას ჩვენი წარსულიც და მომავალიც. ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პასუხი ყველა უღირსობაზე, ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს აქ არიან სინამდვილეში, ისინი ამ დღისთვის იბრძოდნენ. მინდა წუთიერი დუმილით ვაგოთ პატივი, მათი ხსოვნა იყოს ამ დღეს, ამ სიხარულში ჩვენთან ერთად,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა რა სამუშაოს შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან - რას მოიცავს 9 ნაბიჯი

ელჩი დანიგანი: ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც საქართველომ გადადგა ევროკავშირის, დასავლეთის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგენმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით, დასავლეთის მიმართულებით და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგა. „დიდი მადლობა, პრეზიდენტო, დიდი მადლობა ელჩო, დიდი მადლობა საქართველო. ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად გიგზავნით ყველაზე გულწრფელ და თბილ მოლოცვებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს ნამდვილად უზარმაზარი მიღწევაა. ჩვენ დიდი ენთუზიაზმით მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც გადაიდგა ევროკავშირის მიმართულებით, დასავლეთის მიმართულებით და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მინდა, მივულოცო ევროკავშირს, იმ დიდი შრომისთვის, რომლითაც გაფართოების პროცესში მხარი დაუჭირა საქართველოს და სხვა ასპირანტ ქვეყნებს. ეს მართლაც შთამბეჭდავი, რთული სამუშაოა, ასე რომ, ვულოცავ კოლეგებს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირთან, პრეზიდენტთან და მთავრობასთან, ხალხთან ერთად განაგრძობს მუშაობს, როდესაც თქვენ მუშაობთ საქართველოს პოტენციალის სრულ რეალიზაციაზე, თქვენს ეკონომიკურ, დემოკრატიულ მომავალზე ევროკავშირში. მინდა, კიდევ ორი რამ ვთქვა, ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა მსხვერპლზე, რომელიც ბევრმა ქართველმა გაიღო საქართველოს მომავლისა და იდენტობის მხარდასაჭერად. ამ პარასკევს აშშ ვეტერანების დღეს აღნიშნავს. ქართველებმა იბრძოლეს და დაეცნენ ბრძოლაში ამერიკელ და NATO-ელ სამხედროებთან ერთად, ყველა ჩვენგანის თავისუფლებისთვის. მადლობა საქართველოს ამისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საერთო წარსულზე, საერთო ღირებულებებსა და ჩვენ ასევე ვფიქრობთ, საერთო მომავალზეც. ჩვენ, აშშ-ს გვიყვარს ევროკავშირი, გვიყვარს საქართველო, ასე რომ, ერთად ჩვენ ნამდვილად გვაქვს ლამაზი საერთო მომავალი. კიდევ ერთხელ, მინდა, ვთქვა, რომ ეს არის შესანიშნავი დღე ჩვენთვის, ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს,“ - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროპის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას მიესალმა

აშშ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას მიესალმა. სახლმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ “შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებებს, რომლებიც აღიარებულ იქნა.“ „ეს, რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, გამოიყენონ მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის,“ - აღნიშნა პატელმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.  

„ჩვენი ხმა ევროპას“ - პრეზიდენტმა ხელმოწერების კამპანია დაიწყო

„მოგმართავთ თქვენ - ევროპის ლიდერებს - დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება,“ - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის წინ მოწყობილი სცენიდან ევროპელი ლიდერებისთვის გასაგზავნად, მიმართვაზე ხელმოწერის ინიციატივით გამოვიდა. ზურაბიშვილმა პირველმა მოაწერა ხელი წერილს, რომელიც კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ - მთავარი შემადგენელი ნაწილია. 9 ნოემბრიდან ყველას ექნება საშუალება ორბელიანების სასახლეში მიმართვას ხელი მოაწეროს. მსურველები ასევე ონლაინ შეძლებენ ხელმოწერას. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა, ევროპელი ლიდერებისთვის ხმის მიწვდენა. „კამპანია, რომელიც ჩემზე კი არა, ჩვენზეა დამოკიდებული, მთელ ქვეყანაზე. უნდა იყოს გაშლილი ქვეყნის შიგნით და ასევე გარეთ, რათა ყველამ შეძლოს მოაწეროს ხელი. ყველანაირი ინიციატივა მისაღებია,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა  

ზელენსკი: მეგობარ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება მივულოცე

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში, რომლის თანახმად, საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს და ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ერთმანეთს მიულოცეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წერს. საქართველოს პრეზიდენტმა კი, ამ თემაზე ორბელიანის სასახლის წინ შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. „საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სატელეფონო საუბრისას, უკრაინელებს მიულოცა. მე მივულოცე მეგობარ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევის მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მე მადლობა გადავუხადე საქართველოს მალტაში მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის. ასევე, დავაყენე საკითხი, უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს წვდომა შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე," - წერს ზელენსკი. ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა რა სამუშაოს შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან - რას მოიცავს 9 ნაბიჯი  

ოლექსი დანილოვი: ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით უზარმაზარი წარმატება გვაქვს - სასიამოვნო ამბები კიდევ იქნება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას უზარმაზარი წარმატებები აქვს ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით. მისი თქმით, ყირიმის მიმართულებით ოკუპანტებისა და მათი რესურსების განადგურებასთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბები კიდევ იქნება. „ახლა ჩვენ გვაქვს უზარმაზარი წარმატება ყირიმის მიმართულებით. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის განადგურებას, მათი აქტივების განადგურებას ყირიმის ტერიტორიაზე და შავი ზღვის ფლოტის განადგურებას - ეს ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი მიღწევებია,“ - აღნიშნა დანილოვმა. 4 ნოემბერს საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემი, რომელიც ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაში იმყოფებოდა, „დაზიანდა.“ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განმარტა, რომ უკრაინელმა მფრინავებმა ქერჩის “ზალივის” გემთმშენებელი ქარხნის ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმები განახორციელეს.  5 ნოემბრის დილით ნიკოლაი ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი - კალიბრის ფრთოსანი რაკეტების გადამზიდავი - ჩაძირეს.  

ზელენსკიმ მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მომზადება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის მომზადების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას. „მკაფიო პუნქტები. მკაფიო ინსტრუქციები. ჩვენ აბსოლუტურად მომზადებულები მივუახლოვდებით მოსალოდნელ ნაბიჯებს. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. დარწმუნებული ვარ, არ არსებობს ალტერნატივა იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემოკრატიული ევროპის საზღვრები შეესაბამებოდეს ევროკავშირის საზღვრებს, რადგან ეს არის ჩვენი საერთო ღირებულებების პოლიტიკური დაცვა, ეს არის ეკონომიკური უსაფრთხოება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და კონტინენტზე მშვიდობისა და თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცი გასცა.  

აშშ-მ სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტს დაარტყა - პენტაგონი

პენტაგონის ცნობით, აშშ-მ სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტს დაარტყა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, დარტყმები განხორციელდა F-15 ტიპის ორი ამერიკული გამანადგურებლით ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულ ადგილზე და არის პასუხი იმ 40 თავდასხმაზე, რომელიც ოქტომბრის დასაწყისიდან მოყოლებული რეგიონში აშშ-ის ძალებზე განხორციელდა. სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, რომლებიც სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებთან იყვნენ დაკავშირებული. ოქტომბრის დასაწყისიდან აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ერაყსა და სირიაში ირანის მხარდაჭერილი ძალები სულ მცირე 40-ჯერ დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ორმოცდახუთი ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა. შეერთებულმა შტატებმა, ბოლო კვირების განმავლობაში, აღმოსავლეთ სირიაში იარაღის შესანახ ობიექტებზე დარტყმა მეორედ განახორციელა.   

პუტინი ყაზახეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ასტანაში ჩავიდა. ის ყასიმ-ჟომართ თოყაევთან მოლაპარაკებებს გამართავს და მასთან ერთად რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. პესკოვის ინფორმაციით, თავდაპირველად პუტინი და თოყაევი საუბარს შეზღუდულ ფორმატში გამართავენ, რასაც „რუსულ-ყაზახური დეტალური მოლაპარაკებები“ მოჰყვება. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება დოკუმენტებს და პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. გარდა ამისა, პუტინი და თოყაევი ვიდეობმულის საშუალებით მონაწილეობას მიიღებენ რუსეთსა და ყაზახეთს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XIX ფორუმის პლენარულ შეხვედრაში, რომელიც კოსტანაიში გაიმართება. ნოემბრის დასაწყისში ყაზახეთს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ეწვია, ვიზიტს თოყაევმა ისტორიული უწოდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, ყახაზეთს კრემლის მიმართ მხარდაჭერა არ გამოუხატავს, პრეზიდენტმა თოყაევმა კი განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. ყაზახეთი და რუსეთი კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად არიან დსთ-ს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები.  

გაეროს უფლებადამცველი აცხადებს, რომ სამხედრო დანაშაულები ჩადენილია ისრაელ - “ჰამასის“ კონფლიქტის ორივე მხარეს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ომის დანაშაულები ჩაიდინეს როგორც ისრაელმა, ასევე “ჰამასმა“, კონფლიქტში, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ დაიწყო. რეგიონში ტიურკი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მსხვერპლებთან და რეგიონში მომუშავე გაეროს თანამშრომლებთან განიხილავს. რაფაჰში ჩასვლამდე მან 7 ოქტომბერს შეხვედრები გამართა კაიროში. ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ფოლკერ ტიურკმა, ახლო აღმოსავლეთში თავისი ხუთდღიანი ტურნეს ფარგლებში, ეგვიპტეში მოინახულა ღაზის სექტორის საზღვარზე მდებარე რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტი.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას კონტრშეტევის გაგრძელების გეგმა აქვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადა, რომ უკრაინა კვლავ შეეცდება ბრძოლის ველზე შედეგების მიღწევას წლის ბოლომდე. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ კიევი, ფრონტზე არსებული სირთულეების მიუხედავად, ომში წარმატებას მიაღწევს. „ჩვენ გვაქვს გეგმა. გვაქვს ძალიან კონკრეტული ქალაქები, ძალიან კონკრეტული მიმართულებები, საითკენაც წავალთ, სადაც განვახორციელებთ კონტრშეტევას - ყველა დეტალს ვერ გაგიზიარებთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ ნიუ-იორკში Reuters NEXT კონფერენციაზე ვიდეო ბმულის საშუალებით ჩართვისას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის არმია შეეცდება, აჩვენოს შედეგი და მიაღწიოს წარმატებას მიმდინარე წლის ბოლომდე. „მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ადამიანებს. ეს არ არის შოუ ან ფილმი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არც ერთი დღე არ დავკარგოთ. დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ, თუმცა ეს რთულია,” - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, ფრონტზე ვითარება ჩიხში არ შესულა: უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას და დათმობებს არ აპირებს  

NATO საქართველოს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ულოცავს

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საქართველოს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ულოცავს. „ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს! ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის საბჭოს, რომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ქვეყნის მიერ შესრულებული სამუშაოს და საერთო ღირებულებებისადმი მისი ერთგულების აღიარება,“ - წერს კოლომინა X-ზე. ასევე გაეცანით: ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.