ძებნის რეზულტატი:
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ67-კმ106 (სოფ. ხახმატი-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე საავტომობილო გზის კმ53-კმ67 (სოფ. კორშა-სოფ. ხახმატი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-სოფ. კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარდა ამისა, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აშშ-ში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, ტექსასის შტატში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქართული ღვინის მეექვსე ფორუმი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის რიგით მეექვსე ფორუმის ორდღიანი პროგრამა მოიცავდა კონფერენციას, რომელიც ქალაქ ოსტინში, ტექსასის უნივერსიტეტში და ქალაქ ჰიუსტონში, რაისის უნივერსიტეტში მეცნიერების, ეკონომისტების, მსხვილის სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა. განიხილებოდა ქართული ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია და მარკეტინკული პოტენციალი, ასევე, ღვინის გლობალური ბაზრის მდგომარეობის ასპექტები და სხვა აქტუალური საკითხები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარი სტეფენ ბატიუკი, პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი პატრიკ მაკგოვერნი, ღვინის მაგისტრი ლისა გრანიკი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი და სხვები. კონფერენციის გამომსვლელებს მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში დავით ზალკალიანმა. „ქართული ღვინის ფორუმი“, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ და განიხილავენ. „ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება,“ - აცხადებს სააგენტო.
ნათია თურნავა: საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ შუა დერეფანში ფინტექის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ განვითარდეს, როგორც ფინტექის რეგიონული ჰაბი შუა დერეფანში. საქართველოს ეროვნული ბანკი წელს პირველად მონაწილეობდა სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე და საკუთარი საგამოფენო სივრცე ჰქონდა, სადაც სებ-თან ერთად, თანამონაწილის სტატუსით "საქართველოს ბანკი" და ქართული ფინტექ სტარტაპი "ფეივი" იყვნენ წარმოდგენილნი. ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველო ფესტივალზე მთავარი გზავნილით - "ფინანსური ტექნოლოგიები და შუა დერეფნის განვითარების იმპულსი" წარსდგა. „საქართველო უკვე არის ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კომუნიკაციების, ტურიზმის ჰაბი და გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ფინტექის ჰაბი - ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. შემდეგი ნაბიჯი სწორედ ქვეყანაში ფინტექ ინდუსტრიის განვითარება და ამ სფეროთი დაინტერესებული გლობალური ინვესტორებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება იქნება," - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში შეკრებილ საზოგადოებას ასევე გააცნო ის ნაბიჯები, რაც სებ-მა ფინტექისა და ამ ინდუსტრიით დაინტერესებული ინვესტორებისთვის უკვე გადადგა. მისი თქმით, პირველ რიგში, ეს არის გამჭვირვალე და მოქნილი რეგულაციები ფინტექ კომპანიებისთვის, რაც მათ ბიუროკრატიულ პროცედურებს თავიდან არიდებს და უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში განვითარების საშუალებას მისცემს. სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეში Singapore EXPO-ში გაიმართა. ფესტივალში წელს მსოფლიოს 140 ქვეყანა, 60 ათასზე მეტი მონაწილე და 10 000-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა.
რეცეპტების გაცემის საქმეზე კახეთში სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი ამხილეს
ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდნენ, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს გასცემდნენ.
ევროპის საინვესტიციო ბანკი დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით
EIB აზერბაიჯანთან შუა დერეფნის განვითარების საკითხს განიხილავს. „ევროპის საინვესტიციო ბანკი დაინტერესებულია აზერბაიჯანში ახალი პროექტების განხორციელებით „მწვანე ეკონომიკაზე“ გადასვლის მხარდასაჭერად, განუცხადა Trend-ს ევროპის საინვესტიციო ბანკის მთავარმა მრჩეველმა ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში, ჰერვე გუენასიამ. მისი თქმით, გარდა განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებისა, ბანკი ასევე მიზნად ისახავს ქვეყანაში სუფთა ტრანსპორტის სექტორის განვითარებას. „საინტერესო დისკუსიებს ვაწარმოებთ აზერბაიჯანის რკინიგზასთან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებისა და შუა დერეფნის გასწვრივ სარკინიგზო კავშირების გაუმჯობესებაზე," აღნიშნა გუენასიამ. გუენასიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკი ხედავს დიდ პოტენციალს ბაქოში ურბანული ტრანსპორტის გასაუმჯობესებლად და უკვე დაიწყო აზერბაიჯანულ მხარესთან დისკუსია ბაქოს მეტროს მოდერნიზაციისა და განვითარების შესახებ. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ლიეტუვა სანქციების შეუსრულებლობაზე ჯარიმებიდან მიღებული თანხით უკრაინას დაეხმარება
ლიეტუვა საერთაშორისო და ეროვნული სანქციების შეუსრულებლობის გამო დაწესებული ჯარიმებიდან მიღებულ თანხას უკრაინის აღდგენისთვის გადარიცხავს. სეიმის 99-მა დეპუტატმა თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ კანონში მსგავს ცვლილებას მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილება ძალაში იქნება ათი წლის განმავლობაში - 2034 წლის იანვრამდე. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
საქსტატი: 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 4191 გემი შემოვიდა
2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 4191 გემი შემოვიდა, რომელთა 32.9 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 28.9 პროცენტი - კონტეინერმზიდი, 28.4 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდია, ხოლო 9.8 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე, სამგზავრო და სპეციალიზებულ გემებზე ნაწილდება. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2023 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 70.4 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 1.7 პროცენტით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი, 23.8 პროცენტით ნაკლები - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 15.4 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი. „2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 16.5 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.0 პროცენტი - ლიბერიის, 15.0 პროცენტი - პანამის, 7.6 პროცენტი - მალტის, 6.0 პროცენტი - ვანუატუს, 4.3 პროცენტი - ბარბადოსის, 4.1 პროცენტი - ბულგარეთის, ხოლო 30.5 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება. 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3548.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 0.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.6 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 29.5 პროცენტი - თხევადი ტვირთი, 26.9 პროცენტი - ნაყარი ტვირთი. 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 5.9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.1-ჯერ მეტია. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი შემოსული მგზავრების წილს მცირედით აღემატება და 50.8 პროცენტს შეადგენს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 785.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 5 102.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 683.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8 პროცენტით). „2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 103.9 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 591.1 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 481.2 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 462.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 040.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 665.6 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა 1 762.0 მლნ. აშშ დოლარით დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 34.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 450.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 217.3 მლნ. აშშ დოლარით (4.3 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 589.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 928.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 445.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.5 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქსტატი: უმუშევრობის დონე არ შეცვლილა და კვლავ 15.6 პროცენტის ფარგლებშია
2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა და 15.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 29.3 ათასი კაცით, ანუ 3.2%-ით და 943.2 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 21.5 ათასით, ანუ 4.8%-ით შემცირდა და 422.8 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 1.4 ათასით, ანუ 0.6%-ით და 252.2 ათასი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.6 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 45.3 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი შემცირებულია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.5 პროცენტს და 44.8 პროცენტს შეადგენს. ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.0 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაზრდილია საქალაქო ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 12.8 პროცენტს და 17.7 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით. 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე შემცირებულია ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი საქართველოს ეწვევა
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი 20 ნოემბერს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს იწყებს. დოქერტი თბილისში ხვალ, 21 ნოემბერს ჩამოდის. ინფორმაცია Europetime-ს დიდი ბრიტანეთის საელჩოში დაუდასტურეს. რეგიონში მოგზაურობის ფარგლებში დოქერტი ეწვევა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს. მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.
„ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით“ - რა ეწერა ჟანდარმერიის ბარათში მიხეილ ჯავახიშვილზე
დღეს, 20 ნომებერს, მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა. ქართველმა კლასიკოსმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა რომანები ავანტიურული „კვაჭი კვაჭანტირაძე“, სოციალური „ჯაყოს ხიზნები“, სათავგადასავლო „გივი შადური“, ისტორიული „არსენა მარაბდელი“, ფილოსოფიური „თეთრი საყელო“. მწერალს განსაკუთრებით იზიდავდა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადო ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნის რთული ეპოქა. მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს. „ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით“ - რა ეწერა ჟანდარმერიის ბარათში მიხეილ ჯავახიშვილზე უცოლო, ასე 30-32 წლის, სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტების ყოფილი სტუდენტი, ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით - ასე ახასიათებს ჟანდარმერიის ბარათი ქართველ კლასიკოს მწერალს - მიხეილ ჯავახიშვილს. ბარათი მეფის რუსეთის ჟანდარმერიის თბილისის გუბერნიის სამმართველოს 1910 წლის 1 მაისს, მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრებისას შეუდგენია. დაკავების მიზეზი სოციალ-ფედერალისტებთან კავშირი იყო. მასში კიდევ სხვა ბევრი საინტერესო დეტალია: სახელი, მამის სახელი: ჯავახოვ (ზედმეტსახელი: ადამაშვილი) მიხეილ საბას ძე. დეტალები, წოდება: გლეხი. სოფელი სიონი, ბორჩალოს მაზრა, თბილისის გუბერნია. დაბადების ადგილი: სოფელი ზემო წერაქვი, ბორჩალოს მაზრა. მშობლები: გარდაცვლილი ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი სასიყვარულო კავშირი: ოდესელი დორა ადამის ასული რეზნაკი და, ძმა, ნათესავები: სპირიდონ, მელანია, ანასტასია, მარგარიტა. აღმსარებლობა: მართლმადიდებელი სამხედრო სამსახური: 1902 წ. არმიის მეორე რანგის მებრძოლი განათლება: ნიკიტინის მებაღეობა - მევენახეობის სასწავლებელი, იალტა; სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტები. სამუშაო ადგილი: ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, თბილისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი დაპატიმრებული: 1910 წლის 1 მაისს, სოციალ-ფედერალისტების მიმოწერასთან დაკავშირებით ნასამართლობა: 1906 წელს პასუხისგებაში მიცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით (მოწოდება სახელმწიფო წყობის წინააღმდეგ) „გლეხის“ გამო, მაგრამ ემალებოდა მართლმსაჯულებას. დგომა: წელში მოხრილი სიარული: ჩქარი მშობლიური ენა: ქართული ხმა: ხმადაბალი ტენორი ჩვევა: პენსნეს ტარება ასაკი შეხედულების მიხედვით: 30-32 წლის დაბადების დრო და ადგილი: 1880 წ. 8 ნოემბერი აღნაგობა: გამხდარი, საშუალო თმა: შავი, სწორი წვერ-ულვაში: შავი, მოხვეული, თხელი სახე: ფერმკრთალი სახის გამომეტყველება: ეშმაკური ბარათს ახლავს დაკავებულის თითის ანაბეჭდები.
სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან დახმარებაზე უარი განაცხადა - CSTO-ს გენმდივანი
სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) სთხოვა, ქვეყნის დახმარების დოკუმენტი დღის წესრიგიდან ამოეღო. ამის შესახებ CSTO-ს გენერალურმა მდივანმა იმანგალი ტასმაგამბეტოვმა 20 ნოემბერს ბელორუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ბელორუსმა შეასრულა საბჭოს 34 პრიორიტეტული მიმართულებიდან 32. „2 ღონისძიების განხორციელება ვერ მოხერხდა: „ერთი მათგანი ეხება კოლექტიური უშიშროების საბჭოს დახმარებას სომხეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, სომხური მხარე ამ დოკუმენტით არ დაინტერესდა. გარდა ამისა, სომხეთმა მოითხოვა ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება,“ - განაცხადა ტასმაგამბეტოვმა. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების (CSTO) ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსის მხარის ინიციატივით, ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. „მხარეებმა განიხილეს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, 23 ნოემბერს CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ფაშინიანმა აცნობა ლუკაშენკოს, რომ ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაში და იმედი გამოთქვა, რომ CSTO-ში მისი კოლეგები გაგებით მოეკიდებიან ამ გადაწყვეტილებას,“ - წერს სომხური მედია. ფაშინიანის გადაწყვეტილების მიზეზი ინფორმაციაში განმარტებული არ არის. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
„საყდრისის კომიტეტი" საპატრიარქოს მოუწოდებს, ქმედითი ნაბიჯები გადადგას ქოროღოს კოშკის გადასარჩენად
"საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსზე ჩუბინაშვილის ცენტრის შეფასებას გამოეხმაურა. კომიტეტმა საპატრიარქოს მოუწოდა, რომ X საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ზურგიანი კოშკის, გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯები გადადგას (გელათის მსგავსად მასზეც აიღოს პასუხისმგებლობა). „ისტორია მეორდება, გელათის მსგავსად, ქოროღოს კოშკზე უხეში ჩარევის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრეულია და ნადგურდება, ხოლო მსოფლიოში უნიკალური რელიეფური ფილა ნანგრევებს შორის, ღია ცის ქვეშაა მიტოვებული. გარდა ამისა, ჯერ ისევ დაუზუსტებელია, კოშკი დაინგრა თუ ამ ფორმით დაშალეს. სპეციალისტების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ კოშკი დაშალეს, არსებული მდგომარეობით, ეს სამუშაოები ყველა წესის დარღვევით არის ჩატარებული. ქოროღოს ხუროთმოძღვრული კომპლექსი (ხადის ხეობა, დუშეთის მუნიციპალიტეტი), რომელშიც შედის ღვთისმშობლის ეკლესია (X-XI ს.ს.), ზურგიანი კოშკი და მცირე სამლოცველო, გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია როგორც არქიტექტურით, ისე რელიფური ფილებით, რომელსაც ქართულ ხუროთმოძღვრებაში ანალოგი არ მოეპოვება. მათზე გამოსახულია მშენებლობის პროცესის ამსახველი კომპოზიციები, ქტიტორები და ეკლესიის გეგმა... ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს უმცირესი შანსი ამ უნიკალური ძეგლის გადარჩენისა, მათ შორის, რელიეფური ფილების, რომლებიც, შესაძლოა, ყოველ წამს დაზიანდეს და განადგურდეს უყურადღებობის და არასათანადო პირობებში შენახვის გამო, აუცილებლად მიგვაჩნია აქტიური რეაგირება და ქმედება სათანადო ორგანოების მხრიდან. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და როლი ეკისრება საქართველოს საპატრიარქოს," - წერს საყდრისის კომიტეტი.
იაპონიის დელეგაცია კიევში ჩავიდა და უკრაინას რეკონსტრუქციისთვის $175 მილიონს დაჰპირდა
იაპონიის ოფიციალური პირებისა და ბიზნესის წარმომადგენლების დელეგაცია, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი კიოტო ცუჯი, მრეწველობის მინისტრი კაზუჩიკა ივატა და Keidanren - იაპონიის უდიდესი ბიზნეს ლობის წევრები კიევში ჩავიდნენ. დელგაცია უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეხვდება. ვიზიტის მიზანი უკრაინის საჭიროებების განსაზღვრაა. იაპონია 19 თებერვალს უმასპინძლებს კონფერენციას, რომელიც უკრაინის აღდგენას მიეძღვნება. უკრაინის პრემიერ-მინისტრ, დენის შმიჰალთან შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ იაპონია უკრაინის ეკონომიკური აღდგენის პროექტების დასაფინანსებლად 160 მილიონი ევროს (175 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას გეგმავს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ომი ფილმი არ არის და ყველაფერი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც უკრაინას სურს, მაგრამ ქვეყანა დანებებას არ აპირებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინის მიმართ მსოფლიოს ყურადღების შენარჩუნება. „რატომღაც ადამიანები ამას ისე ექცევიან, როგორც ფილმს და ელიან, რომ მოვლენებში ხანგრძლივი პაუზები არ იქნება, რომ სურათი ყოველთვის შეიცვლება მათ თვალწინ, რომ იქნება სიურპრიზები ყოველდღე. მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი მეომრებისთვის, ეს არ არის ფილმი. ეს არის ჩვენი ცხოვრება. ეს არის ყოველდღიური მძიმე შრომა და ყველაფერი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ არ გვაქვს უფლება, დავნებდეთ და არ გავაკეთოთ ეს," - აღნიშნა ზელენსკიმ.
ლეო დოქერტი: სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას
ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, 20 ნოემბერს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს იწყებს. დოქერტი თბილისში ხვალ, 21 ნოემბერს ჩამოდის. ინფორმაცია Europetime-ს დიდი ბრიტანეთის საელჩოში დაუდასტურეს. რეგიონში მოგზაურობის ფარგლებში დოქერტი ეწვევა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს. მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.
უკრაინამ 94 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინამ ომში დაღუპული კიდევ 94 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს მოვახერხეთ უკრაინის 94 დამცველის ცხედრის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება“, - აცხადებენ შტაბში. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, უკრაინამ ომში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები მოწინააღმდეგე მხარესაც გადასცა.
იუსტიციის მინისტრმა განმარტა, ვის შეეხება სამშენებლო ამნისტია
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სამშენებლო ამნისტია გავრცელდება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ინდივიდუალურ შენობა -ნაგებობაზე, რომელიც სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამშენებლო ამნისტია მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება. „ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში მასობრივად არის აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომელზეც არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა ან არ არსებობს სამშენებლო დოკუმენტაცია. სწორედ ამიტომ, საჯარო რეესტრის ახალ ამონაწერებში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა - ნაგებობები, სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ხარვეზიანია და შესაბამისად, ეს ობიექტები ვერ იქნება სრული მოცულით ჩაშვებული ეკონომიკურ ბრუნვაში. გარდა ამისა, ამ პრობლემას ასევე უკავშირდება დაჯარიმების ანდა დემონტაჟის რისკი, რაც მილიონზე მეტ ადამიანს ეხება. საკუთრების უფლების სრული მასშტაბის უზრუნველსაყოფად და ასევე, უკანონო მშენებლობიდან მომდინარე რისკების ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ჩვენ შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, რაც პარლამენტს წარედგინება. ის გავრცელდება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა -ნაგებობაზე, რომელიც არის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე და ესენი უნდა იყოს ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლები. ასევე, ასეთ სახლებში მცხოვრებ პირებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლა და მათ აღარ ექნებათ დაჯარიმების ანდა დემონტაჟის რისკი, ისინი სრულად ისარგებლებენ საკუთრების უფლებით, რაც კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების უფლების რეალიზების კიდევ ერთი ნათელი დასტური იქნება. რა თქმა უნდა, ეს იქნება ნათელი მაგალითი იმის, როგორ უწყობს ხელს საქართველოს ხელისუფლება საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი უფლებების რეალიზებაში. ინიციატივა შეეხება მილიონზე მეტ ადამიანს. ეს ინიციატივა გავრცელდება მხოლოდ იმ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, რომელიც აშენებული იქნება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე. ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომლებიც აშენებული იქნება შემდგომ, აღარ დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში და შესაბამისად, ვეღარ ჩაეშვება ეკონომიკურ ბრუნვაში. ეს ინიციატივა არის არამხოლოდ ამნისტია, არამედ ეხმიანება უკანონო მშენებლობების პრობლემას. ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ დასრულდება ყველა ის სირთულე, რაც თან ახლავს უკანონო მშენებლობებს და 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში ნებისმიერი ინდივიდუალური სახლი აშენდება კანონიერად,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ. მთვრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება. „ცვლილებაზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა,“ - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში. ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. პროექტს რატი ბრეგაძე უმოკლეს ვადაში მთავრობის სხდომაზე წარადგენს.
ერევანმა და ბრიუსელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
ერევანმა და ბრიუსელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. კერძოდ, ერევანსა და ბრიუსელს შორის ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. გავრცელებული ცნობით, დოკუმენტი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა და სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვასილის მარაგოსმა შეადგინეს. „მინდა მადლობა გადავუხადო სომხეთის ხელისუფლებას თებერვალში ამ მისიის მიღებისთვის. ამ მისიამ სომხეთს უკვე ბევრი რამ შესთავაზა სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სტატუსის შესახებ შეთანხმება, რომელიც ჩვენ დღეს გავაფორმეთ, ხელს შეუწყობს უფრო მეტი სამართლებრივი სიზუსტის მოპოვებას, როდესაც საქმე ეხება ქვეყანაში მისიის ყოფნისას სხვადასხვა უფლებებისა და მოვალეობების რეგულირებას," - განაცხადა ვასილის მარაგოსმა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება სომხეთში მისი საქმიანობის უფრო ეფექტურ განხორციელებას შეუწყობს ხელს. ევროკავშირის სამოქალაქო მისიამ სომხეთში მუშაობა 2023 წლის თებერვალში დაიწყო და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხურ მხარეს ევროპელი დამკვირვებლები პატრულირებენ.
რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევთან უკანონოდ დააკავეს ადგილობრივი, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია - სუს-ი
რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „მომხდართან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,“ ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლოიდ ოსტინი ზელენსკის: აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ხანგრძლივად გაგრძელდება
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ოსტინმა ზელენსკის, 20 ნოემბერს განუცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა კიევისადმი, „ხანგრძლივად გაგრძელდება." როგორც ოსტინი Twitter-ზე წერს, მისთვის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა დაედასტურებინა. „მე მქონდა პატივი, დღეს, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვედროდი, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა. ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რათა უკრაინის ბრძოლის ველზე, კიევისთვის არსებულ გადაუდებელ საჭიროებებსა და თავდაცვის გრძელვადიან მოთხოვნებს ვუპასუხოთ,“ - წერს ოსტინი. ოსტინი კიევში უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტი შედგა იმ ფონზე, როცა უკრაინისადმი აშშ-ის დახმარების საკითხი, კონგრესში აზრთა სხვადასხვაობას აწყდება. 20 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 105 მილიარდი დოლარის ერთობლივი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინა, რომელიც შეიცავს თავდაცვის დახმარებას როგორც უკრაინის, ასევე ისრაელისთვის, მაგრამ ის კონგრესში დამტკიცდა. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, სავარაუდოდ, შემცირდება და ევროკავშირს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მზაობა, გააგრძელოს დახმარების გაგზავნა კიევისთვის. ამ შაბათ-კვირას, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ ის უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შემდგომი პაკეტების გადაცემის შობამდე დამტკიცებას უჭერს მხარს. ზელენსკი: გვჭირდება სიგნალი რუსეთისთვის, რომ მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერით არ დაიღლება