ძებნის რეზულტატი:

ერდოღანი: თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით სარჩელს შეიტანს

თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებში სარჩელს შეიტანს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „2000-ზე მეტ ადვოკატთან ერთად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს გენოციდის შესახებ საჩივრით. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და არ დავტოვებთ მას შუა გზაზე. ფასი გადახდილი იქნება," - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, ანკარა ეცდება გაათავისუფლოს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლები, თუ ბერლინი გადადგამს ნაბიჯს ისრაელის ხელში მყოფი 10 000 მძევლის გასათავისუფლებლად. სააგენტო DPA აღნიშნავს, რომ სრულიად გაუგებარია, რა იგულისხმა ერდოღანმა რიცხვ 10 000-ში. გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით, ისრაელის ციხეებში 1 500 პალესტინელი იმყოფებოდა. წერს სააგენტო. ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა  

ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.  შეზღუდვები 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესდა. სანქციები დაწესებულია 5 და 10 წლით. ზელენსკის თქმით, სანქცირებულთა სიაში მყოფებს კავშირი აქვთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაციასთან და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში ეხმარებიან. „ძალაში შევიდა სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება. სანქციებში მოხვდა, დაახლოებით, 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი. კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. და ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარება რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა," - განაცხადა ზელენსკიმ. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების კიდევ ერთ დანართში, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა, შესულია კიდევ 100 ფიზიკური და 37 იურიდიული პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში.  

ბაიდენი: ამერიკა „ჰამასის“ და პუტინის გამარჯვებას არ დაუშვებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და „ჰამასს“, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ერთი მიზანი აქვთ - მეზობელი დემოკრატიის განადგურება. „პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან. პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ დაანგრევენ უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ შემდგომი არეულობით. ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს, ეს მოხდეს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის - და მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ,“ - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის სტატიაში, რომელიც The Washington Post-ში გამოქვეყნდა. ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები აერთიანებს მოკავშირეებს და პარტნიორებს, რათა წინ აღუდგეს აგრესორებს და მიაღწიოს პროგრესს უფრო ნათელი, მშვიდობიანი მომავლისკენ. „თუ ჩვენ დღევანდელი გამოწვევების მოგვარებაში არ ჩავერევით, კონფლიქტის რისკი შეიძლება გავრცელდეს და მათი გადაჭრის ხარჯები მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს რწმენა არის უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად ჩემი მიდგომის საფუძველი, რადგან ისინი აგრძელებენ თავისუფლების დაცვას პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ,“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენის თქმით, როდესაც ევროპაში აგრესია უპასუხოდ რჩება, ეს გავლენას ახდენს შეერთებულ შტატებზეც, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშიცაა. „გასული საუკუნის ორი მსოფლიო ომიდან ვიცით, რომ როდესაც ევროპაში აგრესია უპასუხოდ რჩება, კრიზისი თავისთავად არ იწვის. ის პირდაპირ ეხება ამერიკას. სწორედ ამიტომ, დღეს უკრაინის მიმართ ჩვენი ერთგულება საკუთარ უსაფრთხოებაში ინვესტიციას ნიშნავს. ეს ხელს უშლის ხვალ კონფლიქტის უფრო გაფართოებას. ჩვენ ვაძლევთ უკრაინელებს იარაღს და ეკონომიკურ დახმარებას, რათა შეაჩერონ პუტინის სწრაფვა დაპყრობისკენ, სანამ კონფლიქტი უფრო შორს გავრცელდება,“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.  

ბაიდენის თქმით, ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ისრაელ -"ჰამასს" შორის მიმდინარე ომის შემდეგ ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს. „როცა მშვიდობისკენ მივილტვით, ღაზა და დასავლეთის სანაპირო კვლავ უნდა გაერთიანდეს მმართველობის ერთიანი სტრუქტურის ქვეშ, საბოლოო ანგარიშით განახლებული პალესტინელთა ავტონომიის პირობებში, იმ ფონზე, როცა ყველანი ვმუშაობთ ვითარების გადაწყვეტაზე ორი სახელმწიფოს გზით," წერს ბაიდენი Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. მისივე თქმით, "არ უნდა მოხდეს პალესტინელთა იძულებითი გადაადგილება ღაზიდან, ხელახალი ოკუპაცია, ალყა ან ბლოკადა, ან ტერიტორიის შემცირება."  

მალდივის ახალი პრეზიდენტი ინდოეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი სამხედროები რესპუბლიკის ტერიტორიიდან

მალდივის ახალმა პრეზიდენტმა მოჰამედ მუიზუმ ინდოეთს მოუწოდა, გაიყვანა თავისი სამხედროები მალდივის ტერიტორიიდან.  მუიზუმ საპრეზიდენტო არჩევნებში სექტემბერში, მეორე ტურში გაიმარჯვა მას შემდეგ, რაც ინდოეთის მცირერიცხოვანი სამხედრო ყოფნის დასრულების დაპირებით გამოვიდა. Reuters-ი წერს, რომ ინდოეთი და ჩინეთი რეგიონში გავლენისთვის იბრძვიან, ხოლო კოალიცია, რომელიც მუიზუს უჭერს მხარს, ჩინეთისკენ მიდრეკილად ითვლება. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში უცხო სამხედრო წარმომადგენლობა არ უნდა არსებობდეს,“ - განაცხადა მუიზუმ თავის ინაუგურაციაზე.  

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გამთენიისას თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა. შსს-ში განაცხადეს, რომ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.  

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ შეტყობინებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობჯლით, 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. "მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა," ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ყირგიზეთი შუა დერეფნის მიმართულებების დივერსიფიკაციაზე მუშაობს

ყირგიზეთი შუა დერეფნის მიმართულებების დივერსიფიკაციაზე (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი TITR) მუშაობს. ამის შესახებ ყირგიზეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილემ, რისბეკ ბარიევმა კონფერენციაზე - „საერთაშორისო ტრანსპორტი და ლოგისტიკური დერეფანი: განვითარების იმპულსები ზანგილანიდან“ განცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ შუა დერეფნის პოტენციალის გაზრდას ხელს უწყობს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის განვითარება. შუა დერეფნის განვითარება სასარგებლოა ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის ყირგიზეთისთვის, რადგან დერეფანი გადის ყირგიზეთ-ყაზახეთის საზღვრის გასწვრივ. „ეს სარკინიგზო მარშრუტი გამიზნულია ჩინეთიდან ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, თურქეთისა და შემდგომ ევროკავშირის ქვეყნებში საქონლის ტრანსპორტირების გასამარტივებლად,“ აღნიშნა ირისბეკ ბარიევმა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო მაგისტრალი გააძლიერებს რეგიონთაშორის კავშირებს, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნების მიზნებს შეესაბამება. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების კანონიერების საკითხს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველი 18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს, შეკრების მონაწილეების დაკავების ფაქტს ეხმიანება. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა. “სახალხო დამცველის რწმუნებულმა გუშინვე მოინახულა თბილისის და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული 7 დაკავებული, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანი. შემაშფოთებელია, რომ დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი რატი რატიანიც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა. მედიის წარმომადგენლის დაკავებამ, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, შესაძლოა იქონიოს მსუსხავი ეფექტი შეკრებების დროს შესაბამისი ინფორმაციის გაშუქებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში მოხდეს დროული რეაგირება. საგულისხმოა, რომ აქციის მონაწილეთა პროტესტის საგანს წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია, რომელიც 2022 წლის მარტში გაიცა. გარემოს დაცვის უფლებაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უნდა აღინიშნოს, რომ აპარატი თვალყურს ადევნებს ხსენებულ ლიცენზიასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და საკითხის შესწავლის შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რატი რატიანი, ხოლო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე,” - წერია განცხადებაში. შსს: გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებულია აქციის 11 მონაწილე  

სატყეო სააგენტო: ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა - დაკავებულია ოთხი პირი

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურში, სოფელ ზოტის სატყეო უბანზე ბრაკონიერეთა ჯგუფი გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა. უწყების განცხადებით, შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სატყეო უბანზე, ბრაკონიერებს, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცველმა თემურ მგალობლიშვილმა. ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა. თემურ მგალობლიშვილი დაზიანებებით გადაყვანილია ჩოხატაურის რაიონულ საავადმყოფოში. დაზარალებული ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ მოინახულა. შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების - ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, ყველა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად ახორციელებენ. თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე, კანონოთ გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული ყველა იმ პირის მიმართ, ვინც რაიმე სახის ზეწოლას განახორციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შემსრულებელ პირზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მე-13 ქვეითი ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩატარდა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. კერძოდ, ორფოლოს პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. „ასეულის დონის საველე სწავლება 60 მმ ნაღმმტყორცნის, 122 მმ არტილერიის, სნაიპერთა ჯგუფის, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევისა და საინჟინრო ქვედანაყოფის მხარდამჭერი ელემენტებით ჩატარდა. ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ორფოლოს პოლიგონზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა,“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

F-16-ის ტიპის თვითმფრინავები ომის მიმდინარეობას მნიშვნელოვნად შეცვლიან - უკრაინის საჰაერო ძალები

F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები ძალიან სერიოზულად შეცვლიან ომის მიმდინარეობას, რადგან ისინი ხელს შეუწყობენ რუსული თვითმფრინავების უკან დახევას და უკრაინის სახმელეთო ჯარების მხარდაჭერას ჰაერიდან. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა უკრაინული ტელევიზიის ეთერში განაცხადა. „თვითმფრინავები შეცვლის ომის კურსს და შეცვლის მას ძალიან სერიოზულად. საკითხავია ის, რომ ამ თვითმფრინავების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები არ უნდა იყოს რუსულზე მნიშვნელოვნად სუსტი,“ - აღნიშნა იგნატმა, რომლითაც უპასუხა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის კომენტარს, რომ თვითმფრინავები ომის კურსს არ შეცვლის. იგნატის თქმით, უკრაინას სჭირდება თანამედროვე თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ ჰაერში უპირატესობის მოპოვება და რიგი სხვა ფაქტორები, რაც მრავალფუნქციურ თვითმფრინავს აქვს. „ნახეთ, რამდენ მართვად ბომბს უშვებს მტერი და ისეთი საავიაციო სისტემების დახმარებით, როგორიც არის F-16, ჩვენ შევძლებთ, შევაჩეროთ ის, რასაც რუსეთი აკეთებს. კერძოდ, შევძლებთ რუსული ავიაციის განდევნას და ჩვენი სახმელეთო ჯარების ჰაერიდან დაცვას,“ - აღნიშნა იური იგნატმა.  

საფრანგეთმა შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

საფრანგეთმა შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, M51.3, წარმატებით გამოსცადა, რაც ქვეყნის ბირთვული შეკავების შესაძლებლობების სანდოობას აძლიერებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რაკეტა საფრანგეთის არმიის ბისკაროსის რაკეტების საცდელი ცენტრიდან განხორციელდა და ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, სანაპიროდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით დაეშვა. „გაშვებამ დაადასტურა რაკეტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს საფრანგეთის შეკავების შესაძლებლობების მუდმივ სანდოობას მომავალ ათწლეულებში,“ - ნათქვამია საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები, მათ შორის, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. უფლებადამცველმა ეკა ქობესაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00-სთვის გადაიდო. „დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ პროცესი გადადებულიყო, რადგან მტკიცებულებებია მოსაძიებელი, დასაგეგმია დაცვის სტრატეგია. შესაბამისად, უნდა მოგეცეს საშუალება, რომ დაცვამ წარადგინოს დაცვის ხაზი ისე, როგორც საჭიროა,“ - განაცხადა ადვოკატმა. ეკა ქობესაშვილის თქმით, სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა, წარმოადგინოს ვიდეო მტკიცებულებები. „დღეს, დამკავებელმა ორგანომ სასამართლოში დაკავებულები ყველანაირი მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე წარმოადგინა. ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში როგორც ვიდეო მტკციებლებებს, ისე მოწმეებს, რომლებიც უტყუარად დაადასტურებენ, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო ჩვეულებრივად სიტყვის და აზრის გამოხატვის შეზღუდვა,“ - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მეორე დღეა რაჭის ტყეებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაზე“ გაცემული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49 - წლიანი ლიცენზია. საკითხს 18 ნოემბერს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”. მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება. „პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება. გუშინ შეეცადნენ, „დაშინების მეთოდით“ პროტესტის განეიტრალებას, თუმცა უკან არ დაიხევენ,“ - განაცხადა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მედიასთან.

რას გულისხმობს ინდო-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გარიგება, რომელსაც ბაიდენმა და 13 ქვეყნის ლიდერებმა მოაწერეს ხელი

16 ნოემბერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აზია-წყნარი ოკეანის 14 ქვეყანას შორის დადებულ ახალ ეკონომიკურ შეთანხმებას მიესალმა. ორდღიანი სამიტი კალიფორნიის შტატში, სან ფრანცისკოში გაიმართა. მის ფარგლებში, ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა გაიმართა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ორ ლიდერს შორის ეს პირველი პირისპირ შეხვედრა იყო. ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელსაც ლიდერებმა ეკონომიკურ სამიტზე მოაწერეს ხელი, ძირითიდად ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა, მომავალში, ნახევარგამტარების დეფიციტის წინააღმდეგ, მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაუმჯობესება. ეს ეკონომიკური შეთანხმება არ არის ფორმალური სავაჭრო შეთანხმება. 14 ლიდერის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი პაქტის მიზანია, „დაეხმაროს მუშაკთა უფლებებს, გაზარდონ შესაძლებლობები, რათა თავიდან აიცილონ და უპასუხონ მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებს, გააძლიერონ თანამშრომლობა სუფთა ეკონომიკაზე გადასვლის კუთხით, ებრძოლონ კორუფციას და გააუმჯობესონ საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობა.“ „ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. რეკორდულ დროში ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს IPEF-ის სამ საყრდენზე," - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა კაპიტალის მოსაზიდად დამწყებ ბიზნესებთან მუშაობის პროგრამაც გამოაცხადა. ეს ძალისხმევა ეფუძნება აშშ-ის პარტნიორობას, გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის, რომლებიც განიხილება, როგორც აშშ-ის პასუხი, ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივაზე. IPEF– ში მონაწილე ქვეყნები არიან ავსტრალია, ბრუნეი, ფიჯი, ინდოეთი, ინდონეზია, იაპონია, სამხრეთ კორეა, მალაიზია, ახალი ზელანდია, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი, ვიეტნამი და შეერთებული შტატები.  

ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის წილი აზერბაიჯანის გაზის ტრანსპორტირებაში 55%-ს შეადგენს

იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის მაგისტრალური მილსადენებით, 32 მილიარდ 963,9 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაზიდა, რაც წლიურად, 4 პროცენტით მეტია. სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, ათი თვის განმავლობაში, ბაქო-თბილისი-ერზრუმის (სამხრეთ კავკასიის მილსადენი - SCPK) გავლით გატარებული გაზი მთლიანი ტრანსპორტირების 55,2 პროცენტს შეადგენს. ამ მილსადენით ბუნებრივი აირის ექსპორტი გასული წლის შესაბამის თვეებთან შედარებით, 6,6 პროცენტით გაიზარდა და 18 მილიარდ 209,8 მლნ კუბური მეტრი შეადგინა. ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, რომელიც სამხრეთ კავკასიურის სახელითაც არის ცნობილი, „შაჰდენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტირების მიზნით აშენდა. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერმინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც გაზის განმანაწილებელი კვანძი მდებარეობს. ხსენებული მილსადენი 2006 წლის ბოლოდან ამოქმედდა და მისი გავლით ’„შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ხდება.  

ფინეთი რუსეთთან საზღვრის სიახლოვეს ბარიერების ასაშენებლად სამხედროებს გზავნის

ფინეთის თავდაცვის ძალები ქვეყნის მესაზღვრეებს ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ კუჰმოსთან ღობეების აღმართვაში დაეხმარება. ფინური გამოცემის ცნობით, ვარტიუსის გადასასვლელ სადგურზე დროებითი ბარიერების მშენებლობაში დასახმარებლად, ფინეთის თავდაცვის ძალები გაგზავნეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო მასალა და საჭირო მასალები ადგილზე უკვე მიიტანეს. ბარიერების აშენების მიზეზად ფინეთის სასაზღვრო დაცვამ „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა, ამასთან, განმარტეს, რომ ეს არის გარანტია იმისა, რომ ლეგალური ტრანსსასაზღვრო მოძრაობა უსაფრთხოდ წარიმართება.“ გავრცელებული ინფორმაციით, ფინელი სამხედროები მესაზღვრეებს სამხედრო დახმარებას არ უწევენ, რადგან „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.“ ფინეთმა მიმდინარე კვირას დახურა რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი, რათა რუსეთიდან მიგრანტების ნაკადი შეეჩერებინა. ფინეთმა რუს ტურისტებს საზღვარი 2022 წლის სექტემბერში ჩაუკეტა.  

Reuters: შავ ზღვაში თურქული გემი გაუჩინარდა

თურქული გემი 12-კაციანი ეკიპაჟით შავ ზღვაში კვირას ძლიერი შტორმის გამო დაიკარგა. იტყობინება Reuters-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი ვერ დაამყარა. გემის კაპიტანმა გამოაცხადა, რომ ხომალდი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთის მახლობლად მდებარე ტალღისკენ მიემართებოდა. უამინდობამ ხელი შეუშალა სამძებრო-სამაშველო ჯგუფების შესვლას იმ ტერიტორიაზე, სადაც გემი გაუჩინარდა. სააგენტოს ცნობით, ოფიციალური ძებნის ოპერაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც ამინდი გაუმჯობესდება.  

ზელენსკი: გვჭირდება სიგნალი რუსეთისთვის, რომ მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერით არ დაიღლება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 ნოემბრის ყოველდღიურ მიმართვაში საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვა, სიგნალი გაუგზავნოს რუსეთს, რომ მსოფლიო არ დაიღლება უკრაინის მხარდაჭერით. „ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. ამჟამად მთავარია გარანტიები, რომ უკრაინის მხარდაჭერა მომავალ წელსაც იქნება საკმარისი. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, ვინც ამას ისე უყურებს, როგორც ჩვენ. ჩვენ გვჭირდება ეს სიგნალი რუსეთისთვის: რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში,“ აღნიშნა ზელენსკიმ. აშშ უკრაინაში დახმარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, თუმცა უკრაინის მხარდაჭერა კონგრესის ახალი სპიკერის არჩევის შემდეგაც კვლავ სადავო საკითხად რჩება. 20 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 105 მილიარდი დოლარის ერთობლივი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინა, რომელიც შეიცავს თავდაცვის დახმარებას როგორც უკრაინის, ასევე ისრაელისთვის, მაგრამ ის კონგრესში დამტკიცდა. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, სავარაუდოდ, შემცირდება და ევროკავშირს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მზაობა, გააგრძელოს დახმარების გაგზავნა კიევისთვის. ამ შაბათ-კვირას, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ ის უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შემდგომი პაკეტების გადაცემის შობამდე დამტკიცებას უჭერს მხარს.  

რუსეთი მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მორიგე საშუალებებმა მოსკოვის ოლქის თავზე შეაკავეს უპილოტო საფრენი აპარატი. დეტალების დაკონკრეტებული არ არის. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დედაქალაქისკენ მიმავალი დრონი მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში „მოიგერიეს“. სობიანინის წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის რაიონში არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია. უკრაინას მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განსაკუთრებით 2023 წლის გაზაფხულიდან გახშირდა.