ძებნის რეზულტატი:
საქალაქო სასამართლოში ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი აძლევს. საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე მოწმის სახით იკითხება. სხდომის დაწყებამდე მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყველაფერს სასამართლოში იტყვის. საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ნოღაიდელის ჩვენება მნიშვნელოვანია. „ზურაბ ნოღაიდელს, 2005-2007 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია ეკავა, ამავდროულად, ის უშიშროების საბჭოს წევრი იყო და მისი ჩვენება მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი ბრძანება, მათ შორის, გულისხმობდა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გარკვეული მოხსენებების წარდგენას. 2006 წელს შეთანხმდა ძალიან ბევრი მონაკვეთი საქართველოს საზიანოდ, მათ შორის, ჩიჩხიტურის კოშკიდან 100 მეტრის დაშორებით,” - განაცხადა სადრაძემ. ზურაბ ნოღაიდელმა გაიხსენა, როგორ მოხდა 2005 წელს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დავით გარეჯის საკითხის განხილვა. ნოღაიდელის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მალხაზ მიქელაძე, რომელიც იყო სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე, ამტკიცებდა, რომ გარეჯის ის მონაკვეთ, რომელზეც დავა მიმდინარეობს, არის აზერბაიჯანის მხარეს. ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ იყო კატეგორიული მტკიცება, რომ ტერიტორიები, მათ შორის ქართული მონასტრები, მათ შორის ჩიჩხიტურის მონასტერი, აზერბაიჯანის იურისდიქციას განეკუთვნებოდა. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, მთავარი პირი იმ პერიოდში იყო საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უშიშროების საბჭოზე საკითხები არ მიიღებოდა სააკაშვილის გარეშე. „2005 წელს საკითხი იქნა განხილული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩემი თანდასწრებით. შესაბამისად, იქ დაისვა საკითხი, რომ დავით გარეჯის ის ნაწილები, რომელზეც აქ მიმდინარეობს საუბარი, არის შანსი თუ არა, რომ იყოს საქართველოს შემადგენლობში. კომისიის თავმჯდომარემ, უშიშროების საბჭოს მაშინ მისცა განმარტება, რომ ჩვენ ხელთ არსებული ყველა საბუთის, დოკუმენტის და რუკის მიხედვით, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რჩება აზერბაიჯანის მხარეს. მალხაზ მიქელაძე იყო თავმჯდომარე. ჩვენი ამოცანა გახდა, რომ მონასტერი შენარჩუნებულიყო როგორც ქართული მონასტერი, ეს იყო ჩვენს წინაშე დაყენებული ფაქტობრივი ამოცანა. უშიშროების საბჭოს მართავდა მაშინდელი პრეზიდენტი, ეს იყო მისი უფლებამოსილება, პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილებას მხოლოდ პრეზიდენტი იღებდა,“ – განაცხადა ნოღაიდელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. პროკურორის კითხვას, განიხილებოდა თუ არა ეს საკითხი მთავრობის ფორმატში, ნოღაიდელმა უპასუხა, რომ არ განხილულა. „ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია, მე ამ საკითხს არ ვიხილავდი. ამ საკითხის ჩემთან შეთანხმება არც საჭირო იყო და არც სავალდებულო. ეს იყო პრეზიდენტის კომპეტენცია“, – განაცხადა ნოღაიდელმა. გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.
ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობა განიხილეს. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას უწყობს ხელს. ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. „განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გარემო და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეიტანოს საქართველომ თავისი წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღარიბაშვილმა ლეო დოქერტის საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე − სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში გაერთიანებული სამეფოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე და ლეო დოქერტის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი; გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ სამეზობლოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეითი დანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი თბილისშია
სანდუ უკრაინაშია
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაშია. ვიზიტის ფარგლებში მან ევრომაიდნის დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. 21 ნოემბერს ევრომაიდნის აქციებს ზუსტად 10 წელი შეუსრულდა. რაც შეეხება სანდუს ვიზიტს, მისი თქმით, დღის წესრიგშია მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯების განხილვა, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება და ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა რეფორმებისა და განვითარების მიმართ.
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 გავლენიანი ქალის სიაშია
BBC-მ გამოაქვეყნა 2023 წლის 100 გავლენიანი ქალის სია მთელი მსოფლიოდან, რომელშიც ქართველი ჟურნალისტი და Facebook ჯგუფის - "ვეძებ" შემქმნელი თამუნა მუსერიძე მოხვდა. BBC წერს, რომ მუსერიძემ "დათმო ყველაფერი თავისი ბიოლოგიური მშობლების მოსაძებნად. კვლევის პროცესში აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომ 1950-იანი წლებიდან საქართველოში ბავშვების გაშვილების ფართომასშტაბიანი შავი ბაზარი არსებობდა." "მუსერიძის ორგანიზაციამ ასობით ოჯახის გაერთიანებას შეუწყო ხელი, მაგრამ ის კვლავ ეძებს თავის ოჯახს," – წერს BBC."ღმერთო არ მჯერა ახლა ამას რომ ვწერ !!!!!!!!!!!!!!!!უკვე 10 წელია, ყოველი წლის ბოლოს BBC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გამორჩეული ქალების ასეულს აქვეყნებს. იმ ქალების, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და მის მიმართ ინტერესი მისი ქვეყნების ფარგლებს გაცდა. წელს პირველად ბიბისი საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა.!!! წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში!!! წელს მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი!!!" - წერს თამუნა მუსერიძე Facebook-ზე.
ლეო დოქერტი: დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი და საქართველო მნიშვნელოვანი და დიდი ხნის პარტნიორები არიან. „პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი დიდი ბრიტანეთის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ,“ - განაცხადა დოქერტიმ. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი თბილისშია მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4,3 მილიარდ ბარელს შეადგენს
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 4,3 მილიარდი ბარელი ნავთობი გადაიზიდა მას შემდეგ, რაც ის ექსპლუატაციაში შევიდა. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანულ ნავთობთან ერთად მილსადენმა თურქმენული ნავთობიც გაატარა. მილსადენი ექსპლუატაციაში 2006 წლის 13 ივლისს შევიდა. BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო. ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის წილი აზერბაიჯანის გაზის ტრანსპორტირებაში 55%-ს შეადგენს
უზბეკეთი გამოდის წინადადებით, შუა დერეფნის შესაძლებლობები გაეროს სტანდარტებზე დაყრდნობით გაფართოვდეს
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (შუა დერეფნის) შესაძლებლობები გაეროს სტანდარტების საფუძველზე უნდა გაფართოვდეს. ამის შესახებ უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ბადრიდინ აბიდოვმა ბაქოში გამართულ SPECA 2023 ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ფორუმზე რეგიონის გლობალურ ჰაბად გადაქცევის საკითხი განიხილება. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რეგიონის სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოებაზე. ამრიგად, ჩვენ ვახორციელებთ სტრატეგიულ პროექტებს აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტებზე. ამ კონტექსტში იგეგმება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის და უზბეკეთი-ავღანეთი-პაკისტანის სარკინიგზო ხაზების მშენებლობა. ამის წყალობით, საქონლის ტრანზიტი გაიზრდება. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ შუა დერეფნის შესაძლებლობების გაფართოებას,“ - განაცხადა აბიდოვმა. ყირგიზეთი შუა დერეფნის მიმართულებების დივერსიფიკაციაზე მუშაობს შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება
აზერბაიჯანი უკრაინას მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ 2023 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი ბრძანების შესაბსამიდ, უკრაინაში ელექტროტექნიკისგან შემდგარი ჰუმანიტარული დახმარების მეორე ნაწილი გაიგზავნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს 900 000 მეტრზე მეტ ელექტრო კაბელს და მავთულს, ასევე, 18 ტრანსფორმატორს და სრულ სატრანსფორმატორო ქვესადგურებს. აზერბაიჯანი 23 სატვირთო მანქანისგან შემდგარმა სატვირთო კოლონამ დატოვა.
რა საკითხები განიხილა ლეო დოქერტიმ თბილისში გამართულ შეხვედრებზე
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. მან ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. „საინტერესო შეხვედრა შედგა ევროპის მინისტრ ლეო დოქერთისა და საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის. ვისაუბრეთ მათი სამუშაო გარემოს შესახებ და შევეხეთ იმ მიმართულებებს, სადაც დიდ ბრიტანეთს მხარდაჭერის შეთავაზება შეუძლია,“ - წერს საელჩო. დღესვე დოქერტი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს. „შეხვედრაზე აღინიშნა ევროპის მინისტრის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათს და წარმოადგენს რეგიონის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მზარდი ინტერესის მორიგ დემონსტრირებას. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. აღინიშნა ქართული მხარის ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით. მინისტრმა ევროპის საკითხებში ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული მედიატორის როლს, რასაც ქვეყანა წარმატებით ახორციელებს. ლეო დოქერტიმ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს როლი რეგიონული დაკავშირებადობის გაზრდის, ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და ახალი ენერგეტიკული არქიტექტურის ჩამოყალიბების მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ხაზი გაუსვეს წლის განმავლობაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის რეგულარულ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ამ კონტექსტში, ქართულ მხარემ დაადასტურა მზაობა, უმასპინძლოს დიალოგის მე-9 რაუნდს თბილისში. ასევე, ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევების ფონზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე, ლეო დოქერტი თბილისში ვიზიტისას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა. „წელიწადზე ნაკლები რჩება საქართველოში მნიშვნელოვან არჩევნებამდე. საინტერესო იყო მათთან კონტექსტის შესახებ საუბარი,“ - აღწერს შეხვედრას ბრიტანეთის საელჩო. დღესვე ბრიტანელი მინისტრო პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდა. ლეო დოქერტი საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. მინისტრმა დოქერტიმ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან რეფორმების დღის წესრიგის განხილვით დაიწყო. „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ხაზს გაუსვამს გაერთიანებული სამეფოს ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ. მინისტრი ხაზს გაუსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას მშვიდობისა და სტაბილურობის გრძელვადიანი მოგვარების მისაღწევად. წელს მისი მესამე ვიზიტის დროს რეგიონში, ის განიხილავს სომხეთისა და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და აზერბაიჯანს განახლებად ენერგიაზე გადასვლაში დასახმარებლად, გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებას გაუზიარებს. გაერთიანებული სამეფო აძლიერებს თანამშრომლობას და მხარდაჭერას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, რასაც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი ხაზს გაუსვამს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ტურნეს დროს. რეგიონი, რომელიც მდებარეობს რუსეთის სამხრეთ საზღვარზე, მოწყვლადი რჩება გარე ჩარევის მიმართ და ცდილობს, გააგრძელოს რეფორმების დღის წესრიგი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ დემოკრატიული არჩევანის მხარდასაჭერად. ამ წლის დასაწყისში სამივე ქვეყანასთან ფორმალური სტრატეგიული დიალოგის საფუძველზე, მინისტრი დოქერტი გააჟღერებს დიდი ბრიტანეთის შეთავაზებას სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაზრდის შესახებ, რათა დაეხმაროს ქვეყნებს დივერსიფიკაციაში; შემცირდეს ევროპის დამოკიდებულება რუსეთზე,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. „არასტაბილურ რეგიონში, დიდი ბრიტანეთი საიმედო პარტნიორია რეფორმების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,“ - აღნიშნა დოქერტიმ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, თბილისში ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მხარს დაუჭერს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს მთავრობისა და ხალხის ნების შესაბამისად. „დიდი ბრიტანეთი მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რათა გააძლიეროს მისი მდგრადობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ. მორგებული მხარდაჭერის პაკეტის მეშვეობით, რომელიც შეთანხმებულია მადრიდში, 2022 წლის NATO-ს სამიტზე,“ აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა. მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ
მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად დაფინანსდება – ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად დაფინანსდება. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანის, გაუტკივარების საფასურს, მედიკამენტების, კვების, პალატის და სხვა ხარჯებს. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს. ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს. DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, 1 222 ლარით განსაზღვრა. რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტის თანაგადახდის შემცირება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის გაზრდა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვაა. ასევე, ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და მშობიარობის ფასის გათანაბრება, რაც შეამცირებს სამედიცინო პერსონალის მოტივაციას საკეისრო კვეთის სასარგებლოდ. აღნიშნული ცვლილება სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემის გაფართოების შედეგად განხორციელდა,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის ლიკვიდაციის შანსს - ზელენსკის პასუხი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Sun-თან ინტერვიუში უპასუხა კითხვას იმის შესახებ, გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდებოდა. „ეს ომია და უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი მიწა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ ორგანიზებულ თავდასხმის მცდელობებზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ასეთი 5-6 მცდელობა მაინც ყოფილა. ზელენსკის სიტყვებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. „უკრაინიდან, სხვადასხვა დონეზე, არაერთხელ ყოფილა სიტყვიერი მუქარა პუტინის წინააღმდეგ. ჩვენ ეს კარგად ვიცით და მათ არაფერი გამოუვათ,“ - განაცხადა პესკოვმა.
ფილიპინებისა და აშშ-ის სამხედრო ძალებმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში, ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირება განაახლეს
ფილიპინებისა და აშშ-ის სამხედრო ძალებმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირება დაიწყეს. ინფორმაციას ფილიპინების პრეზიდენტი, ფერდინანდ მარკოს უმცროსი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, პატრულირება კუნძულ მავულისზე, ფილიპინების ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში დაიწყება, რომელიც ტაივანიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. „ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ადასტურებს ჩვენს ვალდებულებას, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო ძალების თავსებადობა საზღვაო და საჰაერო პატრულირების დროს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი ხალხისთვის უფრო უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს,“ - წერს ფერდინანდ მარკოს უმცროსი Twitter-ის გვერდზე.
ილჰამ ალიევი: საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. ამის შესახებ ალიევმა ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის დეკოლონიზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება დროს, სიტყვით მიმართვისას განაცხადა. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, ორმ საუკუნეებიგავიდა, „ფრანგული კოლონიალიზმის სამარცხვინო მეთოდები დღესაც გრძელდება, არ შეცვლილა მათი პოლიტიკა და აზროვნების ფორმა.“ „საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ჩვენს რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებსა და სეპარატისტებს. ის ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას სომხეთის შეიარაღებით, აქეზებს სომხეთში რევანშისტულ ძალებს, ამზადებს ნიადაგს ჩვენს რეგიონში ახალი ომებისთვის. ამავდროულად, საფრანგეთი ბოროტად იყენებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრობას მისი მიკერძოებული პოლიტიკით, სხვადასხვა რეგიონებში გეოპოლიტიკური ინტრიგების გაღვივებით და ასევე, ცდილობს გამოიყენეს დასავლური ორგანიზაციები სხვადასხვა სახელმწიფოზე ზეწოლისთვის," - აღნიშნა ალიევმა. ბაქო: საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებას ვგმობთ
პისტორიუსმა უკრაინისთვის 1,3 მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში ვიზიტისას უკრაინისთვის 1,3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ მან უკრაინელ კოლეგასთან რუსტემ უმეროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მოხარული ვარ, აქ ვიზიტისას, გამოვაცხადო ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს დამატებით 4 IRIS-T SLM-ის სისტემას, 155 მმ ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს. ამ პაკეტის ჯამური ღირებულება 1,3 მილიარდ ევროს შეადგენს," - განაცხადა პისტორიუსმა.
მიშელი კიევში: თქვენ იბრძვით ჩვენი საერთო მომავლისთვის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. „კარგი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს - ღირსებისა და თავისუფლების დღეს. დეკემბერში ძლიერი გადაწყვეტილების იმედი გვაქვს. გმადლობთ უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის!" - განაცხადა ზელენსკიმ. მიშელი სამშაბათს, 21 ნოემბერს, მოულოდნელი ვიზიტით ეწვია კიევს. ევროკავშირი ემზადება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, შესაბამისი რეკომენდაცია ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა. გადაწყვეტილება დეკემბერში გახდება ცნობილი. სამშაბათს კიევს გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი და მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ეწვივნენ. „მინდა, დავაფიქსირო ევროკავშირის სრული მხარდაჭერა - თქვენ იბრძვით ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, საერთო მომავლისთვის,“ - აღნიშნა თავის მხრივ, მიშელმა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე 21 ნოემბერს უკრაინაში ღირსებისა და თავისუფლების დღე აღინიშნება. 2013 წელს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესი. 21 ნოემბერს კიევში, თავისუფლების მოედანზე, დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. აქციები 2014 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა და იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევით დასრულდა. 2013-2014 წლების საპროტესტო გამოსვლებზე ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ეუთოში აშშ-ის ელჩი თამაზ გინტურზე: მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რაც რუსეთისთვის ახალი არ არის
ეუთოში აშშ-ის ელჩი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს. მაიკლ კარპენტერის შეფასებით, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რაც რუსეთისთვის ახალი არ არის. „უპირველეს ყოვლისა, დავგმოთ ეს მკვლელობა. ეს მოვლენა, რომელიც ამ ბოლო დროს მოხდა, 2008 წლის ომის შედეგია, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორია მიითვისა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში საქართველოს მიწებს იერთებს. ვიცით, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და ოკუპირებულ აფხაზეთშიც ძალიან მძიმე სიტუაციაა. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ნამდვილად გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, მაგრამ ეს არ არის ახალი რუსეთის ფედერაციისთვის," - ამბობს კარპენტერი „მთავართან“ ინტერვიუში. აშშ-ის მისია ეუთოში: მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 6 ნოემბერს მოკლეს. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირება გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ
21 ნოემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ. ეს იყო ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა. ისინი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ძირითადად საოკუპაციო ხაზთან 6 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს განიხილავდნენ. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 6 ნოემბერს სოფელ კირბალში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში გამართული შეხვედრის შემდეგ ოსური მედიისთვის ბრიფინგი გამართეს და არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. დისკუსიის თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან, ტოივო კლაარმა ცხინვალელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჟენევის დისკუსიების მნიშვნელოვანი ამოცანაა. „რა თქმა უნდა, განვიხილეთ სოფელ კირბალში მომხდარი ინციდენტი, სადაც ადამიანი დაიღუპა. ჩვენ, როგორც თანათავმჯდომარეები, ძალიან შეშფოთებულები ვართ მომხდარით. ვფიქრობთ, რომ ეს იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება. ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უსაფრთხოება. ეს არის ჟენევის დისკუსიების მნიშვნელოვანი ამოცანა - მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინება,“ - განაცხადა კლაარმა. თანათავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია არამხოლოდ გამყოფი ხაზის მოსაზღვრე რეგიონების მოსახლეობასთან საუბარი გარკვეულ წესებზე, არამედ იმის გათვალისწინებაც, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ისტორიული კავშირი აქვს სალოცავებთან და ეკლესიებთან. „ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ კავშირებს და ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ და როგორ ავიცილოთ თავიდან ტრაგედიები,“ - აღნიშნა კლაარმა. დისკუსიის თანათავმჯდომარემ გაეროს მხრიდან ჯაჰან სულთანოღლუმაც მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, დისკუსიის ფორმატში მრავალი გადაუჭრელი საკითხია, მაგრამ დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. „მოგეხსენებათ, დისკუსიებში ყველაზე საკვანძო საკითხია ძალის გამოუყენებლობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლში დაბრუნების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ვფიქრობ, ეს გამოწვევები გაძლიერდა ბოლო მოვლენების ფონზე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმედი დავკარგეთ. აუცილებელია კონცენტრირება პრაქტიკულ ზომებზე, რათა მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ინციდენტები“, - განაცხადა სულთანოღლუმ. მისი თქმით, აუცილებელია მუშაობა იმისთვის , რომ გამყოფი ხაზების ზონაში მოსახლეობის ცხოვრება უფრო პროგნოზირებადი და უსაფრთხო გახდეს. ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება. მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები კონსულტაციების გამართვას თბილისში გეგმავენ - ელჩი ვიორელ მოშანუ 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს მოლაპარაკების შედეგად გაათავისუფლეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გამოძიება გრძელდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის ექსპერტიზის პასუხები. თამაზ გინტური კირბალის სასაფლაოზე 11 ნოემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს.
პრეზიდენტი: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთად იდგებიან ევროპულ ოჯახში
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევრომაიდანმა ფორმა მისცა ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთად იდგებიან ევროპულ ოჯახში. „პატივს მივაგებთ ღირსებისა და ურყევი თავისუფლების ათწლეულს! 2023 წელს ევრომაიდნიდან მე-10 იუბილე აღინიშნება - ძლიერი მომენტი, რომლის ექო საზღვრებს გასცდა, ფორმა მისცა ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთად იდგებიან ევროპულ ოჯახში,” - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
უკრაინელი მფრინავები დანიაში F-16-ებზე წვრთნებს გადიან
უკრაინელი პილოტები დანიაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავზე წვრთნებს უკვე გადიან. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა. მისი თქმით, შემდეგი ეტაპი დამოუკიდებლად ფრენები იქნება. „შემდეგ, შესაბამისად, საბრძოლო გამოყენების ფრენები შესრულდება,“ - აღნიშნა იგნატმა. Ukrinform-ი წერს, რომ დანიის გარდა, უკრაინელი მფრინავები სწავლებას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადიან. სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა რუმინეთშიც.
პრეზიდენტი "მოქალაქეობის შესახებ კანონში" ცვლილებებს აკრიტიკებს
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოქალაქეობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებები რეალურად მოქალაქეობის მიღებას არ ამარტივებს. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო პლატფორმა „შინ მომავლისთვის“ პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ. პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ამ კუთხით შეიტანონ ინიციატივა. "თავის დროზე, მე საზღვარგარეთიდან, სადაც იმ დროს ვიმყოფებოდი, დავიწყე სხვა დიასპორის წევრებთან მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ამ ქვეყანას მიეღო ორმაგი მოქალაქეობის კანონი, რაც რამდენიმე წლის მერე მოხდა. დღევანდელი, თანამედროვე ქვეყნების ყველაზე დიდ ნაწილს იგივე ტიპის კანონი აქვთ. ჩვენს შემთხვევაში ამ კანონის მიღების შემდეგ, იმის მაგივრად, რომ ეს ძალიან მარტივი ყოფილიყო და პრაქტიკულად, ჩვენ ვყოფილიყავით ძრავა იმის, რომ ყველასთვის დაგვებრუნება მოქალაქეობა და მათი შვილებისთვის გაგვეადვილებინა მოქალაქეობის მინიჭება, მიუხედავად ძალიან ბევრი ძალისხმევისა, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან ჩემმა ადმინისტრაციამ და პირადად მე მინისტრებთან დაწყებული მქონდა ამ საკითხზე მოლაპარაკებები, თუ როგორ განგვემარტივებინა პროცედურები, რაც შექნილი იყო, ეს გამარტივება არ მოხდა. ჩემი აზრით, ეს ხელს უშლიდა რეალურად დიასპორაში მცხოვრებ ადამიანებს, რომ დაებრუნებინათ საქართველოს მოქალაქეობა. მე ამას დღეს ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ამ დღეებში მიღებულ იქნა პარლამენტში ახალი ცვლილებები მოქალაქეობის ორგანულ კანონში, რომელიც რეალურად, არცერთ ცვლილებას და გამარტივებას არ წარმოადგენს. მე ამას წინსწრებით ვამბობ იმიტომ, რომ ალბათ, ამაზე დიდი პროპაგანდა იქნება, რომ ჩვენ მოვახდინეთ ამ ცვლილებებით პროცედურების დიდი გამარტივება, თუმცა არც არაფერი. ჩვენი თანამემამულეების მთავარი მოთხოვნები, რომ გამარტივდეს ტესტირება, მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის, ვინც საზღვარგარეთ არიან დაბადებული, თუნდაც ენის ტესტირება იყოს გამარტივებული და ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და მარტივად მოხდეს, საფასურიც იყოს განულებული იმიტომ, რომ ჩვენ ამ ადამიანებს მოქალაქეობას ვუბრუნებთ, ეს ყველაფერი მხედველობაში არ მიიღეს. მხოლოდ ერთი სერიოზული რამ შეიცვალა, ეს არის ის, რომ ტესტირება რამდენჯერაც გინდათ შეგიძლიათ ჩააბაროთ და ნებისმიერ დროს გადაიხადოთ საფასური. ეს არის მთავარი ცვლილება. ასევე მეორე კუთხით, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს, ის გეოპოლიტიკური გარემოება, რის გამოც ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტირიებზე ან საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში, მათი მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიმართ, არის ძალიან გაზრდილი. ჩვენ თუ რამე ოდნავ სტრატეგია და ხედვა გაგვაჩნია იმის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ჩვენ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებული არის საქართველოს ტერიტორიაზე. ყველაფრის მიუხედავად და არანაირი პროცედურების გათვალისწინებით. ეს იყო მოთხოვნა, რომელიც მე მგონი, სახელმწიფოს უნდა დაეკმაყოფილებინა. მე ცვლილებებზე ვეტოც არ დავადე, რადგან ეს არ არის სავეტო ცვლილებები. მთავარია ის, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ნამდვილი ცვლილებები, არსებითი ცვლილებები მიყვანილი იყოს ბოლომდე. ჩვენ თუ გვინდა, რომ დიასპორებს მივმართოთ და გავაგებინოთ, მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც შეუძლია, რომ ინიციატივა მიიღოს პარლამენტში, რომ ამ კუთხით შეიტანონ ინიციატივა იმიტომ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც, მე მგონი, ყველას ეხება. რომ ჩვენ ვთვლით, ისინი ჩვენი ქვეყნის ნაწილი არიან და ჩვენ გვინდა, რომ მათ მიიღონ სრული მონაწილეობა ამ ქვეყნის ცხოვრებაში, ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ჩვენ უნდა გადავდგათ ეს პირველი ნაბიჯი, რომ დიახ, ჩვენ გცნობთ და გვინდა, რომ გახდეთ საქართველოს მოქალაქეები დაიბრუნოთ და აღიდგინოთ მოქალაქეობა. ეს არის ჩვენი მოვალეობა და ჩვენი და თქვენი ერთობლივი მომავალი. მინდა გისურვოთ, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი, იყოს ძალიან წარმატებული. გაიშალოს ყველა იმ ქვეყნებზე, სადაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ და სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ელოდებიან ჩვენგან(ჩვენ ველოდებით მათგან) მეტ გააქტიურებას და ერთად დაწყებას ახალი ინიციატივების. ჩვენ გვაქვს ერთად ძალიან დიდი მომავალი და გისურვებთ, რომ „შინ მომავლისთვის“ წარმატებული იყოს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება