ძებნის რეზულტატი:

რუსულ-ჩინურ კონსორციუმს ყირიმის ხიდთან წყალქვეშა გვირაბის აშენება სურს - Washington Post

რუსეთს ყირიმთან დამაკავშირებელი წყალქვეშა გვირაბის აშენების გეგმა აქვს. უკრაინის უშიშროების სამსახურების ინფორმაციით, მთავრობასთან კავშირში მყოფმა რუსმა და ჩინელმა ბიზნესის აღმასრულებლებმა საიდუმლო დისკუსიები უკვე გამართეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ავრცელებს. შეხვედრები ოქტომბერში გაიმართა, რაც ქერჩის სრუტეზე 11 მილის სიგრძის ხიდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რუსეთის შეშფოთებას მოჰყვა. უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამიზნედ თვლის, რადგან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს. ამერიკული გამოცემის თანახმად, აღნიშნული მოლაპარაკებები ხაზს უსვამს რუსეთის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს კონტროლი ყირიმზე, ნახევარკუნძულზე, რომლის ანექციაც მან 2014 წელს მოახდინა. მოსკოვის ნაბიჯი ასევე ნიშანია ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულების. აშშ-ის ოფიციალური პირებისა და ექსპერტების თქმით, არსებულ ხიდთან გვირაბის მშენებლობა უზარმაზარ დაბრკოლებებს წააწყდება. ისინი აცხადებენ, რომ ასეთი მასშტაბის სამუშაო, რომელიც, სავარაუდოდ, მილიარდობით დოლარი დაჯდება და დასრულებას წლები დასჭირდება, საომარ ზონაში არასდროს ჩატარებულა. ექსპერტების თქმით, გეგმის სიცოცხლისუნარიანობის შესახებ არსებული კითხვების მიუხედავად, რუსეთს მკაფიო მიზეზები აქვს მისი განხორციელებისთვის. იმ ფონზე, რომ კრემლმა ომში გადამწყვეტ გამარჯვებას ვერ მიაღწია, არსებობს რისკი, რომ უკრაინა ქერჩის ხიდზე ინტენსიურ თავდასხმას შეეცდება. „პროექტი პოლიტიკურ და ფინანსურ რისკებს უქმნის ჩინეთს, რომელსაც ოფიციალურად არასოდეს უღიარებია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და რომლის კომპანიებიც შეიძლება, ეკონომიკური სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ,“ - წერს ამერიკული გამოცემა. The Washington Post-ს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ პროექტით ჩინეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია დაინტერესდა. გამოცემის ცნობით, ინფორმაციის ავთენტურობას The Post-ის მიერ ცალკე მოპოვებული სხვა ინფორმაცია ადასტურებს, მათ შორის, ფაილები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ყირიმში რუსულ-ჩინური კონსორციუმი ახლახან ჩამოყალიბდა. კონსორციუმის ოფიციალურ პირებს შორის ელექტრონულ მიმოწერაში ასევე მოხსენიებულია შეხვედრები ჩინელ დელეგატებთან ყირიმში. 4 ოქტომბრით დათარიღებული ერთ-ერთი შეხვედრა აღწერს, რომ ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია CRCC მზადაა, უზრუნველყოს ნებისმიერი სირთულის სარკინიგზო და საგზაო სამშენებლო პროექტების მშენებლობა ყირიმის რეგიონში.“ CRCC, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიაა, რომელმაც ჩინეთში მრავალი უმსხვილესი საგზაო და სარკინიგზო ქსელი ააშენა. მან ბოლო წლების პროექტების მეშვეობით, რუსეთთან მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარა, მათ შორის, მოსკოვის მეტროს სისტემის გაფართოებით, რომელიც 2021 წელს დასრულდა. ამერიკულმა გამოცემამ კომენტარისთვის ჩინურ კომპანიას მიმართა, თუმცა მათ საუბარი არ ისურვეს. დოკუმენტებში კონსორციუმის გენერალურ დირექტორად რუსი ბიზნესმენი, ვლადიმერ კალიუჟნია დასახელებული. „რუსეთი აგრძელებს სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც 2014 წლიდან იყო ოკუპირებული ან გასული წლის შეჭრის შემდეგ. ბოლოდროინდელმა სატელიტურმა სურათებმა გამოავლინა ახალი მონაკვეთები აზოვის ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ეს არის ოკუპირებული სახმელეთო მარშრუტის ნაწილი, რომელიც ასევე აკავშირებს რუსეთს ყირიმთან. მშენებლობაში ჩართულნი არიან კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულია არკადი როტენბერგთან, პუტინის ბავშვობის მეგობართან, რომელმაც უზარმაზარი სიმდიდრე დააგროვა კრემლის მიერ მხარდაჭერილი პროექტებით, მათ შორის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას სოჭში. მისი სამშენებლო კომპანია Stroygazmontazh ასევე მსახურობდა ქერჩის ხიდზე როგორც წამყვანი კონტრაქტორი. 71 წლის ოლიგარქი სანქცირებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ,“ - წერს Washington Post-ი.  

ფაშინიანი: სომხეთმა მილიონობით დოლარი გადაუხადა რუსეთს იარაღში, მაგრამ არც იარაღი მიუღია და არც ფული დაუბრუნებია

სომხეთის პრემიერის განცხადებით, სომხეთმა მილიონობით დოლარი გადაუხადა რუსეთს იარაღში, მაგრამ არც იარაღი მიუღია და ვერც ფული დაიბრუნა. ფაშინიანის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რა მექანიზმებით შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა. „მაგალითად, ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს სომხეთის [ეროვნული] ვალის შემცირება რუსეთის მიმართ გადახდილი თანხის ოდენობით. ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი. მაგრამ აქაც თავად რუსეთს სჭირდება შეიარაღება და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ. იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსიები კონკრეტულ შედეგებს მოიტანს,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას ფაშინიანმა შეცდომა უწოდა. ბოლო ხანს ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრებს არ ესწრება, თუმცა კანმარტავს, რომ CSTO-ს დატოვებას არ აპირებს. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

ლიეტუვის პრემიერი კიევს ეწვია

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე პარასკევს კიევს ეწვია. „დღეს კიევში ჩემს პირველ გაჩერებაზე პატივი მივაგეთ კაცებსა და ქალებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ერის ყველაზე ფუნდამენტური უფლებების დაცვას: თავისუფლებას. მათ სიცოცხლე გაწირეს იმისთვის, რომ ჩვენ, ყველა დაგვიცვან,“ - წერს შიმონიტე X-ზე. „ერთადერთი გზა გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, უკრაინის დახმარებაა, რათა მან რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს, დაიბრუნოს მისი სრული ტერიტორიული მთლიანობა და აღადგეს უფრო ძლიერი,“ - აღნიშნავს შიმონიტე.  

ირაკლი ღარიბაშვილი: რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია.  „დღემდე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ევროკავშირთან; ჩინეთთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა დსთ-ის ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან; არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთთან. მთლიანობაში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები საქართველოში ინვესტორებს აძლევს წვდომას 2,3-მილიარდიან მომხმარებელთა ბაზარზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ივლისში მე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში და ჩვენ ჩვენი ურთიერთობები გადავიყვანეთ ახალ დონეზე, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გავაფორმეთ, რაც აძლევს ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთლიან რეგიონს.   მინდა ასევე აღვნიშნო, რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან. საქართველო არის დაინტერესებული, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი  პარტნიორობა, ჩვენი თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის რეგიონთან, რაც მოიტანს მეტ კეთილდღეობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნებისთვის,“ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია.“ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში.  პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. „აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეგრეთ წოდებული „შუა დერეფანი“ ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა. შუა დერეფანი ევრაზიის კონტინენტზე პოზიციონირდება, როგორც  ტვირთებისა და ნახშირწყალბადების რესურსების მიწოდებისთვის  შეიძლება ითქვას ყველაზე სწრაფი, ეკონომიური და საიმედო არხი. ამიტომ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად  ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის  დანერგვაზე. დაკავშირებადობის ხელშეწყობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ასევე მიმზიდველი ბიზნესგარემო. საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში. ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაში, ასევე, ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. საბოლოო ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიმძლავრე იქნება 100 მილიონი ტონა წელიწადში. ასევე, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტზე, რომელიც წამოვიწყეთ და რომელზეც ჩვენ გასულ წელს დეკემბერში ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის ლიდერებმა.  ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპისთვისაც,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2018-2022), საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილია 48%-ით. „2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მილიონი ტონა წელიწადში. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის  სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება. მთავრობა ასევე ახორციელებს სერიოზულ, სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ- დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტში.  ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე,  რომელსაც ექნება პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული საავიაციო ტრანზიტული ცენტრი,“ - განაცხადა პრემიერმა. შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რკინიგზის მოდერნიზაცია, პორტების, გზების მშენებლობა-განვითარება - რა საკითხები განიხილეს ილჰამ ალიევმა და ირაკლი ღარიბაშვილმა      

ხელოვნურმა ინტელექტმა და ტექნოლოგიებმა შეიძლება, სამუშაო კვირა სამ დღემდე შეამცირონ

მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიამ შეიძლება, ვერ შეცვალოს ადამიანი, მაგრამ მას შეუძლია, 3-დღიანი სამუშაო კვირა გახადოს შესაძლებელი. ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის დამფუძნებელს ჰკითხეს სამუშაოსთვის ხელოვნური ინტელექტის საფრთხის შესახებ, რასაც გეითსმა უპასუხა, რომ შეიძლება, დადგეს დრო, როდესაც ადამიანებს „აღარ მოუწევთ ამდენი შრომა.“ „თუ საბოლოოდ მიიღებთ საზოგადოებას, სადაც კვირაში მხოლოდ სამი დღე უნდა იმუშაოთ, ეს ალბათ კარგია,” - აღნიშნა გეითსმა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტს გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია, გეითსმა ხელოვნური ინტელექტის რისკებიც აღიარა, თუ ის არასწორად იქნება გამოყენებული. ივლისში მან ხელოვნური ინტელექტის პოტენციური გავლენის შესახებ 3000-სიტყვიანი ბლოგიც გამოაქვეყნა. „მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენა ისეთივე დრამატული იქნება, როგორც ინდუსტრიული რევოლუცია, მაგრამ ის ნამდვილად იქნება ისეთივე დიდი, როგორც კომპიუტერის დანერგვა. ტექსტის დამუშავების აპლიკაციებმა ვერ გაანადგურეს საოფისე სამუშაო, მაგრამ ცვლილებები დანერგეს. დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს ადაპტაცია მოუწიათ და ეს გააკეთეს კიდეც,“ - აღნიშნავს გეითსი.  

სადირ ჯაფაროვი: ყირგიზეთი ტრანსპორტირების გაზრდის მიზნით, შუა დერეფნით ისარგებლებს

ყირგიზეთი აპირებს, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნით ისარგებლოს, ყირგიზეთიდან და ჩინეთიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და აზერბაიჯანში საქონლის საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტირებისთვის.  ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა ბაქოში SPECA-ს სამიტზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია მულტიმოდალური ტრანსპორტის მოცულობის გაზრდის წახალისება და ამისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ შორის, სამართლებრივი რეჟიმების ჰარმონიზაციის გზით. მისი თქმით, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიკაციის აუცილებლობა კვლავ აქტუალური რჩება ყირგიზეთისთვის. ეს შეამცირებს დამოკიდებულებას ერთ ან მეტ სატრანზიტო მარშრუტზე, შექმნის პირობებს ეკონომიკური სტაბილურობის, უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და შეამცირებს რისკებს საქონლისა და მგზავრების გადაზიდვისას. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

დანიგანი თბილისის მერთან შეხვედრაზე: ველი შემდგომ თანამშრომლობას

აშშ-ის ელჩისა და თბილისის მერის შეხვედრაზე საელჩო ინფორმაციას ავრცელებს. „მადლობა მერ კახა კალაძეს 2017 წელს აზერბაიჯანში ჩვენი პირველი შეხვედრის ფოტოს გაზიარებისთვის! სასიამოვნო იყო თბილისში კვლავ შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ჩვენი ძლიერი ორმხრივი ურთიერთობა. ველი შემდგომ თანამშრომლობას მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის მერთან,“ - წერს ამერიკის საელჩო. დანიგანმა და კალაძემ 2024 წლის არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს  

21,5 ტონა კარტოფილი ლაგოდეხის საბაჟოდან ბელორუსში გააბრუნეს

შემოსავლების სამსახურის ინფომრმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "ლაგოდეხი," ბელარუსიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. უწყების თქმით, 21,5 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 21,5 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა," - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7122 ლარი იყო. ევროს კურსი 2.9594 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9558 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირთან ერთად, მხარს უჭერენ მწვანე მიმართულებით რეფორმებს

ფინასთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მწვანე მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას (EUD) შორის ხელმოწერილი განზრახულობათა დეკლარაციის ცვლილებას (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა) „მულტინაციონალური და საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოსთან.“ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, საქართველოში შერაზ გასრიმ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა, KfW-ს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ვერონიკა გარსია დელ არკომ, KfW-ს თბილისის ოფისის ენერგეტიკის სექტორის დირექტორმა, ბოდო შმულინგმა, AFD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ფანი დელფიმ. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰეიკე ბაკოფენ-ვარნეკე, აგრეთვე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი. ცვლილებები ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით, მათ შორისაა, განახლებადი ენერგიის სექტორის მხარდაჭერა, მწვანე წყალბადის გამოყენების დაწყება, გარდამავალ პერიოდში სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა, კლიმატის მდგრადობა, ჰაერის ხარისხი, ნარჩენების მართვა და სხვა. როგორც აღინიშნა, პარტნიორების მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.  

უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმება იგეგმება

მას შემდეგ რაც 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმებები გაუქმდება, მოქალაქე, ვინც იუსტიციის სახლს მიმართავს, რომ რელიგიური შეხედულების ან გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ სურს აიდი ბარათის აღება, ახალი ლამინირებული მოწმობების აღებას შეძლებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც გაცემულია 2011 წლამდე, უფრო კონკრეტულად, იქამდე გაცემული ვიდრე ამოქმედდებოდა ე.წ. ჩიპიანი პირადობის მოწმობები. ამიტომ, მისი თქმით, ყველა შესაბამის ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა. თავის მხრივ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოქალაქეებს ახალი ლამინირებული პირადობით არჩევნებში მონაწილეობის გარდა, სხვა სამოქალაქო უფლებებით სარგებლობაც შეეძლებათ. „2011 წლამდე პირადობის მოწმობა რაც გამოიცა, ძალაში ძველი გამოცემულებიდან დარჩება მხოლოდ 64 ცალი, სხვადასხვა შეხედულებისა თუ ჯანმრთელობის გამო ვინც არ ცვლის ID ბარათით, თუ კიდევ 64 თუ 164 მიმართავს ახლის აღების მოთხოვნით, მათაც ექნებათ საშუალება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, ისევე როგორც სამოქალაქო ბრუნვაში დარჩენის. მაგალითად, პენსიონერმა რომ გვითხრას, ID ბარათის აღება არ მინდა და უნდა ავიღო პენსია ამ ჩემი (ლამინირებული) პირადობით, ვეღარ აიღებს არსებული კანონმდებლობით და სამოქალაქო ბრუნვიდან ხომ არ ამოიღებ, ადამიანს უფლებებს ხომ ვერ ჩამოართმევ, მხოლოდ საარჩევნო უფლებაზე კი არ არის საუბარი, ყველა უფლებაზეა. ამიტომ ინჯიას ინიციატივას დაემატება ეს ინიციატივა, რომ გაუქმდება 2011 წლამდე გაცემული ბარათები და ადამიანები აიღებენ, სხვადასხვა შეხედულება თუ ექნებათ, ასეთივე მოწმობას. ვინც არ აიღებს ახალს სიიდანაც ამოირიცხებიან, რისკი განულდება. სულ არის 223 ათასი ლამინირებული პირადობის მოწმობა, ესენი რომ გაუქმდება, ახლისთვის უნდა მივიდნენ, ანუ უნდა განაცხადოს 50 ათასმა ადამიანმა (პირობითად), რომ ჩვენ გვაქვს რელიგიური დამოკიდებულება ისეთი და მრწამსი, რომ ჩვენ გვინდა ავიღოთ მაინც და მაინც ისევ ლამინირებული, 500- მა ადამიანმა მართლა შეიძლება განაცხადოს ეს და 800-მაც. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამ შემთხვევაში ადამიანს საარჩევნო უფლებას ვერ ართმევ, ვერ შეუზღუდავ ვერანაირად. ეს ადამიანები ლამინირებული მოწმებებით არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდნენ, ჩვენ ვეუბნებით, აგერ ბატონო გაგიუქმდებათ ძველი, მაგრამ ახალს მოგცემთ და მიიღებთ არამხოლოდ არჩევნებში მონაწილეობას, სამოქალაქო ბრუნვაში მიიღებთ ჩვეულებრივად," - განაცხადა მდინარაძემ. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გეგმავენ მიიღონ კანონი, რომლითაც გაუქმდება ის ლამინირებული პირადობის მოწმობები, რომლებიც უვადოდ არის გაცემული. ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, შემდეგ კი მათ მედიასთან ისაუბრეს. 2011 წლამდე გამოშვებული პირადობის მოწმობები. ეს ნიშნავს, რომ თუ მოქალაქეები დოკუმენტებს არ განაახლებენ, ვერ შეძლებენ არათუ არჩევნებზე ხმის მიცემას, არამედ, ვერც საბანკო მომსახურებებით სარგებლობას. „ეს 230 ათასი პირადობის მოწმობა, თუ რამდენიც არის, გაუქმდება. შესაბამისად, ამ პირადობის მოწმობებით ვერავინ მისცემს ხმას. შფოთვის საფუძველი აღარ არსებობს," - განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. კანონმდებლობა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც "რელიგიური მოსაზრებების" გამო უარს ამბობენ ID ბარათების აღებაზე, გამონაკლისს დაუშვებს. ირაკლი კობახიძის თქმით, "რელიგიური მოსაზრებების" გამო დაახლოებით 65 ადამიანი უარს ამბობს ID ბარათის შეცვლაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი, რამდენიმე ათეული. „შეხვედრიდან გამოვიტანე ერთი მეტად სასიხარულო დასკვნა, თურმე სპეკულირება, რომ საქართველოში არსებობს 275 ათასი მოქალაქე, რომელსაც ჰგონია, რომ ჩიპში არის ეშმაკები, ურჩხულები და ჭინკები, ყოფილა არასწორი - ადამიანი, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, მივიდეს ადგილზე და გადაიხადოს ფული, ID ბარათს მიუტანენ სახლში,“ - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. რომან გოცირიძის თქმით, შეხვედრაზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მხოლოდ 64 ადამიანს აქვს ოფიციალურად უარი დაფიქსირებული ID ბარათის აღებაზე რელიგიური მოტივებით და ეს რიცხვი შესაძლებელია, მაქსიმუმ 600 იყოს.

თოყაევი SPECA-ს სამიტზე: ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებაზე დიდ იმედებს ამყარებს

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის ეკონომიკებისთვის გაეროს სპეციალური პროგრამის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შუა დერეფნის დაკავშირება „სარტყელისა და გზის“ პროექტთან, ასევე „ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან“ და „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიასთან, მძლავრ მულტიპლიკატორულ ეფექტს მისცემს მსოფლიო ვაჭრობას. სამიტზე სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, უზბეკეთის პრეზიდენტი, შავქათ მირზიოევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთის პრემიერ მინისტრი, ვიქტორ ორბანი. „ჩვენი ქვეყნები (SPECA) ევროპასა და აზიას შორის კონტინენტურ ხიდად გადაიქცა. ეს არის უზარმაზარი უპირატესობა, რომელიც სრულად უნდა გამოვიყენოთ. ამ კუთხით, ყაზახეთი დიდ იმედებს ამყარებს შუა დერეფნის განვითარებაზე. მომავალ წლებში ჩვენ ველოდებით ტვირთების რაოდენობის ზრდას ამ მარშრუტით. დარწმუნებული ვარ, შუა დერეფნის დაკავშირება „სარტყელისა და გზის“ პროექტთან, ასევე „ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან“ (TEN-T) და „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიასთან მძლავრ მულტიპლიკატორულ ეფექტს მისცემს მსოფლიო ვაჭრობას. ამავდროულად, ყაზახეთი მზად არის აქტიური თანამშრომლობისთვის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის განვითარებაში. ვიწვევ ყველა პარტნიორს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის კასპიის ზღვის პორტების შესაძლებლობების გასაფართოებლად, ასევე სატრანსპორტო გემების ერთობლივი წარმოებისთვის,“ – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.  

გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. „აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობითა და კოორდინაციით,“ - აღნიშნულია გავრცელებული ინფორმაციით.  

წითელი ჯვრის განცხადებით, „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა - BBC

წითელი ჯვრის განცხადებით, „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა, რომლებიც ეგვიპტეში რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით გადაიყვანეს. მას დეტალები არ დაუსახელებია, მაგრამ კატარმა განაცხადა, რომ ჯგუფში ისრაელის 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელი შედიოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კატარი შუამავლობდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმებას, რომელიც ისრაელის ციხიდან 39 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებდა. შეთანხმების პირობების თანახმად, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დროს ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი და 150 პალესტინელი პატიმარი უნდა გათავისუფლდნენ. ღაზის სექტოში ასევე დაიშვება უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი ამოქმედდა  

ფინეთმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად, 3 მილიონი ევრო გამოყო

ფინეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად 3 მილიონი ევრო გამოყო. საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი ექსპორტზე. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. პაკეტიდან 2 მილიონი ევრო ჰუმანიტარული დახმარების სახით არის გათვალისწინებული Grain From Ukraine ინიციატივისთვის, რომელსაც მსოფლიო სასურსათო პროგრამა ახორციელებს.  საერთო ჯამში, ფინეთმა ადრე ასეთი მხარდაჭერისთვის 11,5 მილიონი ევრო გამოყო. თანხის კიდევ ერთი ნაწილი გათვალისწინებულია უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვისთვის იმ რეგიონებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა. ამ პროექტს ახორციელებს მსოფლიო სურსათის პროგრამა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია უკრაინის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამ თანხების გამოყოფის შემდეგ ფინეთის მთლიანმა დახმარებამ უკრაინაში ჰუმანიტარული განაღმვისთვის 8,25 მილიონ ევროს მიაღწია. ამ კვირის დასაწყისში ფინეთის მთავრობამ შესთავაზა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები დააინიცირა - ის სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის დახმარებაზე დიდ ხარჯებს მოიცავს. ნოემბრის შუა რიცხვებში ფინეთმა უკრაინას 100 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მე-20 პაკეტი გადასცა.  

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით დაზარალებული, 2021 წლის 11 აგვისტოს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა. პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,” - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქცია გამართა  

უკრაინაში ომის გამო, მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა კიდევ 60 დღით გაახანგრძლივა

მოლდოვის პარლამენტმა პარასკევს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ 60 დღით გაახანგრძლივა. მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ადრიან ეფროსმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების აუცილებლობა ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებული რისკებით არის განპირობებული. „ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო თავდასხმებმა ასევე შეიძლება, გავლენა მოახდინოს მოლდოვისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე. ამავდროულად, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ენერგოუსაფრთხოების პირდაპირ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებასთან,“ - ნათქვამია გადაწყვეტილების პროექტში. მოლდოვის ოპოზიცია ტრადიციულად ეწინააღმდეგებოდა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას; პროტესტის ნიშნად კომუნისტების და სოციალისტების ბლოკის ფრაქციამ პარლამენტის სხდომა დატოვეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ქვეყანაში პირველად 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კიშინიოვის მთავრობამ ამგვარი გადაწყვეტილების აუცილებლობა არსებული საფრთხეებით და ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და უსაფრთხოების სხვა რისკების გათვალისწინებით ახსნა. მას შემდეგ მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა რამდენჯერმე გაგრძელდა.   

ლატვიამ უკრაინას შეიარაღებულ ძალებში რესურსების მართვის ავტომატური სისტემისთვის აღჭურვილობა გადასცა

ლატვიამ უკრაინას 300 ლეპტოპი გადასცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რესურსების მართვის ავტომატური სისტემისთვის, იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. დახმარების პაკეტი ლატვიურმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა, LMT და TET-მა ლატვიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია Entrepreneurs for Peace-ის მხარდაჭერით უზრუნველყვეს. აგვისტოში ლატვიამ უკრაინას სამხედრო შვეულმფრენი Mi-17 გადასცა.  

რუსული ნავთობის ტრანსპორტირების შეწყვეტის შემდეგ, უკრაინამ სამი ბერძნული კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორების სიიდან ამოიღო

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NACP) სამი ბერძნული კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორების სიიდან ამოიღო მას შემდეგ, რაც მათ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება შეწყვიტეს. NACP-ის პრესსამსახურის ცნობით, ეს კომპანიები არიან Thenamaris Ships Management Inc., Minerva Marine და TMC Tankers LTD. NACP-მა „ომის სპონსორის“ სტატუსი ხუთ ბერძნულ 2022 წლის ზაფხულში მიანიჭა. ისინი რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში მონაწილეობდნენ, რითაც წვლილი შეიტანეს აგრესორი სახელმწიფოს დაფინანსებაში. უფრო ადრე წამყვანი კომპანიები, როგორიცაა, Irish Peninsula Petroleum Limited, ალმასის წარმოებისა და ექსპორტის გიგანტი Shree Ramkrishna Exports (SRK) და ბრიტანული ჯგუფი Mondi ომის საერთაშორისო სპონსორების სიიდან ამოიღეს.  

ფაშინიანი: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრულად და ერთმნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა სომხეთი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „მე საჯაროდ რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩვენ სრულად და ერთმნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას და სახელმწიფოებრიობას,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერმა გაიხსენა რეზოლუციები, რომლებსაც საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ყოველწლიურად წარადგენს გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე. ჰუმანიტარული ხასიათის დოკუმენტი ადასტურებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზგასმით აღნიშნავს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. როგორც ფაშინიანმა განაცხადა, გაეროში ამ საკითხის კენჭისყრაში სომხეთის მონაწილეობა 2019 წლიდან მნიშვნელოვნად განსხვავებულია და ამის გამო საქართველოს წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს. „და ჩვენი პოზიცია - ჩვენ ერთმნიშვნელოვნად და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და დემოკრატიას,“ - განაცხადა ფაშინიანმა მანამდე სომხეთი ხმას აძლევდა რეზოლუციის წინააღმდეგ, ხოლო 2019 წლიდან ოფიციალური ერევანი [ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2018 წელს დაიკავა] კენჭისყრაში აღარ მონაწილეობს.