ძებნის რეზულტატი:

ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას ითხოვს

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ, თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ეხება. რეზოლუციას კენჭი ევროპარლამენტში 23 ნოემბერს უყარეს. რეგისტრაცია 552-მა ევროპარლამენტარმა გაიარა და რეზოლუციას მხარი 495-მა მათგანმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა. დოკუმენტი 5-პუნქტიანია და მასში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ. დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა: "ევროპის სახალხო პარტია"; "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:"; "რეფორმების ჯგუფი"; "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები"; "ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი". ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროპულ საბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თამაზ გინტური 6 ნოემბერს მოკლეს. ლევან დოთიაშვილის კი, გაიტაცეს. ის 9 ნოემბერს გაათვაისუფლეს. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.  

იტალია და გერმანია ალპების გასწვრივ გაზსადენს ააშენებენ

გერმანია და იტალია ოთხშაბათს შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, კლიმატის დაცვის, უსაფრთხოებისა და კულტურის სფეროებში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ "სამოქმედო გეგმას" ბერლინში, ორივე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრის შემდეგ მოაწერეს ხელი. იტალია და გერმანია ალპების გასწვრივ გაზისა და წყალბადის მილსადენს ააშენებენ, რათა უკრაინაში ომის ფონზე ენერგომომარაგება გააძლიერონ. „სამოქმედო გეგმა განავითარებს ახალ პროექტებს და შექმნის თანამშრომლობის ახალ ფორმატებს,“ განაცხადა შოლცმა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შოლცმა ალპებზე ახალი მილსადენის მშენებლობის შესახებ გამოაცხადა. „ჩვენ ვთანხმდებით, რომ გვინდა, გავაფართოოთ ჩვენი ენერგეტიკული თანამშრომლობა, რათა გავაძლიეროთ გრძელვადიანი მიწოდება, უსაფრთხოება და ტრანსფორმაცია,“ - განაცხადა კანცლერმა. „ალპების გასწვრივ ახალი მილსადენის მშენებლობით გვინდა, გავზარდოთ ორივე ქვეყნის მიწოდების უსაფრთხოება. ამავდროულად, ჩვენ გვსურს, სწრაფად გავაფორმოთ გერმანულ-იტალიური გაზისა და სოლიდარობის შეთანხმება,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.  

ზურაბიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ევროპამ საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროპამ საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენა. „ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა. მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან,“ - წერს ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას ითხოვს  

გერმანია სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს - ოლაფ შოლცი

გერმანიამ ალპების გავლით ახალი გაზსადენის გაფართოებით, სამხრეთის გაზის დერეფნის გაძლიერების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯია მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უაღრესად მნიშვნელოვანია სამხრეთის გაზის დერეფნის გაძლიერება ახალი მილსადენის უზრუნველყოფის გზით, ჩვენ მიზნად ვისახავთ, გავაძლიეროთ ენერგომომარაგების საიმედოობა ორივე ჩვენი ქვეყნისთვის," - აღნიშნა შოლცმა. იტალია და გერმანია ალპების გასწვრივ გაზის მილსადენს ააშენებენ სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო გაზის გადაზიდვას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ $45 მილიარდზე. სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად 8-10 წლის განმავლობაში ანაზღაურდება. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდის შესახებ - არსებული 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე - 2027 წლისთვის.  

კანადა უკრაინას 1 მილიარდ დოლარამდე მოცულობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

კანადა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინას თითქმის 1 მილიარდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, კანადამ კიევს 10 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტის (7,2 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია. კანადის მთავრობამ 2023-2026 წლებისთვის განახლებული ეკონომიკური ანგარიში წარადგინა. მითითებულ პერიოდში კანადა უკრაინის მხარდასაჭერად 1,331 მილიარდი კანადური დოლარის (დაახლოებით 971,5 მილიონი დოლარის) გამოყოფას გეგმავს. პროექტის მიხედვით, 2023/2024 ფინანსურ წელს უკრაინას $595 მილიონი გადაეცემა, 2024/2025 წელს - $318 მილიონი, 2025/2026 წელს - $144 მილიონი. გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სექტემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადას პირველად ეწვია. მან მოლაპარაკებები გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსთან, რის შემდეგაც კანადამ უკრაინისთვის 482 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.  

მეუფე შიო: დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა

შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა. ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება, რომელიც სასულიერო პირების მისამართით, საჯარო სივრცეში ისმის, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.   „წმინდა გიორგის წამებას, მის ცხოვრებასა და რწმენის საოცარ სიმტკიცეს როცა ვიხსენებთ, გვიპყრობს გაკვირვება, დიდი მოწიწება მის მიმართ, ვინაიდან ვერავითარმა მუქარამ, ვერავითარმა ტანჯვამ, ვერ აიძულა ის, ეღალატა ქრისტეს სარწმუნოებისთვის და უარი ეთქვა ქრისტესა და ეკლესიაზე. და აი, წმინდა ეკლესიაში როცა აღვნიშნავთ ამა თუ იმ წმინდანის ხსენებას, ამით ეკლესია მოგვიწოდებს, რომ ამ წმინდანის ცხოვრებას, მის ღვაწლს მივბაძოთ. შეიძლება, ვინმემ თქვას, როგორ უნდა მივბაძოთ დღეს ჩვენ მოწამეებს, როდესაც ეკლესია ფიზიკურად არ იდევნება? მაგრამ, მიუხედავად ამისა, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ დღესაც შესაძლებელია,მოწამებრივი ღვაწლის აღსრულება და მოწამებრივი გვირგვინების მიღება. შეიძლება, დღეს ქრისტიანებს ფიზიკურად არ აწამებენ, მაგრამ, შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს მიმდინარეობს სიტყვიერი დევნა ეკლესიისა. ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა და ცილისწამება, რომელიც ისმის საჯარო სივრცეში სასულიერო პირების მისამართით. მაგრამ, ამას გარდა, ჩვენ გვტანჯავს ჩვენი სულიერი, შინაგანი ვნებები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენი სხეულიდან, მომდინარეობს ამ წუთისოფლიდან და ჩვენი უხილავი მტრისგან, დემონებისგან. ამიტომაც წმინდა მამები, მაგალითად ისეთი დიდი მამა, როგორიც იყო ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ამბობს, რომ ჩვენ ყოველდღეც კი შეგვიძლია მოწამებრივი ღვაწლი აღვასრულოთ და მოწამებრივი გვირგვინი დავიდგათ ქრისტესთვის, ვევნოთ, თუკი ჩვენ შევებრძოლებით ჩვენს ვნებებს, შევებრძოლებით ჩვენს სულიერ მტერს, ეშმაკს და ჩვენს დაცემულ ბუნებას. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს ღირსი სვიმეონი. განა ჯეროვნად ვებრძვით ჩვენს ვნებებს? ხომ არ გვყავს ჩვენც ისეთი კერპები, რომლებსაც ვემსახურებით, ვემორჩილებით და ამით უარვყოფთ ქრისტეს და ვღალატობთ მას. სამწუხაროდ, ასეთი კერპები ჩვენ გვყავს. ეს არის, ვიმეორებ, ჩვენი ვნებები და გვაქვს ასევე კერპთმსახურებაც, ეს არის ამ ვნებების დაკმაყოფილება და წახალისება. რა ვნებებია და რა ცოდვებია ესენი? ესენია: ნაყროვანება, სიმთვრალე, ნარკომანია, სიძვის ვნება, ვერცხლისმოყვარეობა, სიხარბე, აზარტული თამაშები, გაღიზიანება, მრისხანება, სიძულვილი, განკითხვა, სევდა და მოწყინება, ამპარტავნება და სიცრუე და ა.შ. თუ ეს ვნებები და ცოდვები ადამიანის ჩვევაში გადავა, მაშინ ისინი იქცევიან ჩვენი სულის კერპებად და მათი მსახურებით და მორჩილებით ჩვენ ვხდებით კერპთმსახურები. და რადგან არსებობს ასეთი სახის კერპთმსახურება დღეს და, შეიძლება ითქვას, ყველგან ვაწყდებით ასეთ კერპთმსახურებას, და ბატონობს, ასე ვთქვათ, ცოდვის მსახურება, ამიტომ ქრისტიანებიც უნდა იყვნენ მოწამენი დღეს, რადგან მათ უნდა მოაკვდინონ თავიანთი ვნებები, უარყონ და შეეწინააღმდეგონ თავიანთ დაცემულ ნებას, რომელიც, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, სისხლის და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ - ცისქვეშეთის უკეთურ ძალთა წინააღმდეგ. აი, როგორ შეიძლება დღესაც ყველა ნამდვილი ქრისტიანი სისხლის დაუღვრელად გახდეს მოწამე.“    

ირმა ხეცურიანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი ელჩია

პარამოფარიკავე, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედალოსანი, მსოფლიოს თასის 22 ოქროს მედლის მფლობელი ირმა ხეცურიანი გაეროს ბავშვთა ფონდმა ელჩებს შორის წარადგინა. „იუნისეფის“ ელჩებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საზოგადოებაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით,“ - წერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. ევროკომისია მიესალმება უნგრეთის აღდგენისა და გამძლეობის გეგმას და უნგრეთისთვის აქამდე გაყინული ფონდიდან 900 მილიონი ევროს წინასწარ გადახდას ადასტურებს. ევროპულ საბჭოს ახლა ოთხი კვირა ექნება, რათა ევროკომისიის შეფასება დაამტკიცოს და უნგრეთს ამ თანხების მიღების უფლება მისცეს. შეგახსენებთ, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ დახმარებაზე წვდომა კორუფციისა და დემოკრატიული პროცესების უკან დახევის გამო დაბლოკა.  

ლატვიის სეიმმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა

ლატვიის სეიმმა უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის სეიმის პრესსამსახური ავრცელებს. „ლატვიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ევროკავშირში პარტნიორებს, იმ ხალხის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ შეახსენოს, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს,“ - ნათქვამია ლატვიის სეიმის განცხადებაში. ლატვიის სეიმის დეპუტატების განცხადება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭირონ ევროკომისიის რეკომენდაციებს და უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დაამტკიცონ. „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მოლდოვაში მიმდინარე ჰიბრიდული ომის მიუხედავად, ამ ქვეყნებმა ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის დიდი ძალისხმევა გასწიეს, როგორც ღირებულებების, ისე მმართველობის თვალსაზრისით. სეიმის განცხადება აღნიშნულ სიგნალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს,“ - განაცხადა ედმუნდს ჩეპურიტისმა, ლატვიის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.  

ისტორიაში პირველად, უკრაინა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში აირჩიეს

უკრაინა იყო იმ ცხრა ქვეყანას შორისაა, რომლებიც იუნესკოს (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში აირჩიეს. ქვეყანამ კანდიდატურა გასული წლის ივლისში წარადგინა. უკრაინა დანარჩენ 20 წევრს უერთდება და საკუთარ ადგილს 2023-2027 წლებში დაიკავებს. რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, როგორიცაა, ოდესის ისტორიული ქალაქის ცენტრი. იუნესკოს განცხადებით, 15 ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად, 329 კულტურული ობიექტი დაზიანდა.  

გერმანიაში „ჰამასის“ მხარდამჭერების სახლებში რეიდი ჩატარდა

გერმანიაში პროპალესტინელი აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ აკრძალულ ორგანიზაციებს, რეიდები ჩატარდა. რეიდი მოიცავს 15 მისამართს გერმანიის ოთხ ფედერალურ შტატში. ჩხრეკა ბერლინშიც მიმდინარეობს. ქალაქში მასშტაბურ ჩხრეკაში 300-ზე მეტი პოლიციელია ჩართული. მთავრობის შეფასებით, გერმანიაში „ჰამასის“ წევრების რაოდენობა დაახლოებით, 450-ს შეადგენს.  გერმანიის მთავრობამ „ჰამასის“ საქმიანობა აკრძალა  

მედია: რუსმა პოლიტიკოსმა უკრაინიდან გატაცებული ბავშვი იშვილა

რუსეთში პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერმა სერგეი მირონოვმა და მისმა მეუღლემ ინა ვარლამოვამ ხერსონის ოლქიდან გატაცებული ერთი წლის გოგონა იშვილეს და სახელი შეუცვალეს. ამის შესახებ Important Stories-ისა და დოკუმენტური ფილმების სტუდიის Top Hat/Hayloft Productions-ის გამოძიების შედეგად გაირკვა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს  „ამ რანგის რუსი პოლიტიკოსის მიერ უკრაინელი ბავშვის შვილად აყვანის პირველი დოკუმენტირებული შემთხვევაა.“ ახალ დოკუმენტში ხერსონის ოლქის ნაცვლად მოსკოვი წერია. გამოცემის ცნობით, მარჰარიტას ბიოლოგიურ დედას მშობლის უფლება ჩამოართვეს, ხოლო მამამისი გარდაცვლილია. სერგეი მირონოვმა ბრალდებებს სიყალბე უწოდა. უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ 19500-ზე მეტი ბავშვის დეპორტაცია მოახდინა და/ან იძულებით გადაასახლა. შეგახსენებთ, გაერომ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა. რუსული არმია ISIS-ის, ალ-შაბააბის და თალიბანის გვერდით იკავებს ადგილს - გაეროში უკრაინის წარმომადგენელი  

დუბლინში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს, დაშავებულებს შორის არიან ბავშვები

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს. თავდასხმა სასწავლო დაწესებულებასთან ახლოს მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანია. გამოცემის ცნობით, მათი მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.  

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისია მომავალ კვირას შეიკრიბება

აზერბაიჯანისა და სომხეთის სასაზღვრო რეგიონში 30 ნოემბერს საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის დეპარტამენტის უფროსმა აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანი ბადალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წინასწარი შეთანხმების მიხედვით, 30 ნოემბერს სომხურ-აზერბაიჯანული დელიმიტაციის კომისიის სხდომა გაიმართება. 21 ნოემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და განაცხადა, რომ ერევანი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ბაქოსთან მოლაპარაკებებში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხური მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოლიტიკურ ნებას, მიმართოს ძალისხმევას აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ასევე, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ოფიციალურმა ბაქომ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, ორმხრივ საფუძველზე სომხეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება. „ჩვენ გვჯერა, რომ ორივე ქვეყანამ ერთად უნდა იმსჯელოს სამომავლო ურთიერთობებზე. ორივე ქვეყანაა პასუხისმგებელი სამშვიდობო პროცესის გაგრძელებაზე. მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, თავიდან იყოს აცილებული შემდგომი არასაჭირო შეფერხებები და იმედი გვაქვს, რომ ისინი დადებითად გამოეხმაურებიან ამ მოწოდებას მოლაპარაკებების მალე დაწყების შესახებ,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

უორენ ბაფეტს სურს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, $121-მილიარდიანი ქონების 99% ქველმოქმედებას მოხმარდეს

ამერიკელმა მილიარდერმა, უორენ ბაფეტმა პირობა დადო, რომ გარდაცვალების შემდეგ თავისი ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით თავისი აქციონერებისადმი მიძღვნილ წერილში თქვა, რომ თავს ჯერჯერობით კარგად გრძნობს. თუმცა დიდი სურვილი აქვს, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი ქონები საქველმოქმედო მიზნებს ღიად და საჯაროდ მოხმარდეს. ბაფეტმა ამ კვირაში Berkshire Hathaway-ის $868 მილიონიანი აქციები საქველმოქმედო ფონდებს, მათ შორის მისი გარდაცვლილი მეუღლის სახელობის ორგანიზაციასაც გადასცა. მადლიერების დღისადმი მიძღვნილი დონაციის ტრადიცია ბაფეტმა 2006 წელს წამოიწყო. 93 წლის მილიარდერმა განაცხადა, რომ მისი ანდერძი დუგლასის საოლქო სასამართლოში განთავსდება და ის ღია იქნება საზოგადოებისათვის. ანდერძის აღსრულებაზე პასუხისმგებლები მისი 65-70 წლის ასაკის შვილები იქნებიან. ბაფეტის თქმით, სამივე შვილმა ერთხმად უნდა იმოქმედოს, ასევე მათი შემთხვევითი გარდაცვალების შემთხვევაში, ახალი მემკვიდრეები უნდა დანიშნონ. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, $120,8-მილიარდიანი ქონებით ბაფეტი მსოფლიოს მე-9 უმდიდრესი ადამიანია.  

გიორგი კეკელიძის ,კვარას საქართველო" - ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნი 15 დეკემბრიდან იტალიაში გამოიცემა

„კვარას საქართველო"  - ამ სახელწოდებით წიგნი 15 დეკემბრიდან იტალიაში გამოიცემა. წიგნის ავტორი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე  ინფორმაციას საზოგადოებას სოციალურ ქსელში უზიარებს. როგორც კეკელიძე ამბობს, წიგნი იტალიელებს, ხვიჩას გარდა, ფეხბურთელის წინაპრებზე, ქართულ ფეხბურთზე, ბუნებაზე, საქართველოს კუთხეებსა და ადამიანებზე მოუყვება. მკითხველი კვარაცხელიების სოფელ ნაკიფუსა და „იქაურ ჯადოქრულ სამყაროზეც“ შეიტყობს.    წინასიტყვაობის ავტორები დიეგო მარადონა უმცროსი და აკა მორჩილაძე არიან. წიგნის გამოცემას მხარი დაუჭირეს საქართველოს საელჩომ იტალიაში და საქართველოს საელჩომ ვატიკანში. მედია-მხარდაჭერას უზრუნველყოფენ ცნობილი იტალიური გამოცემები Corriere della Sera; La Repubblica; Corriere dello Sport; Tele A; Napoli Today; Sport Italia; Napoli Magazine; Ermes TV ( ქართულ-იტალიური მედიამაუწყებელი). წიგნი უკვე საქართველოს ეროვნული ბესტსელერია. იტალიამდე ის ჩვენს ქვეყანაში შემდეგი სახელწოდებით გამოიცა - "ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი."

ანდრიუს კუბილიუსი: 2024 წლის წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ევროპისთვის

ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „2024 წლის წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ევროპისთვის, რადგან ევროპას სჭირდება გამჭვირვალე, ოლიგარქიული და კრემლის გავლენებისაგან თავისუფალი საქართველო." კუბილიუსის თქმით, გამარჯვების კოალიცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უახლესი მომავლისთვის. „ნამდვილად სასიამოვნოა, ყველას მოგილოცოთ ორი მნიშვნელოვანი თარიღი. პირველ რიგში, მსურს, მივულოცო მთლიანად ქართველ ხალხს და ოპოზიციას ბოლო მიღწევა, როდესაც ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის წინ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯი, არა საქართველოს მთავრობისთვის, არამედ, ქართველი ხალხისთვის. მეორე რიგში, გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს. კარგი დამთხვევაა, რომ საქართველოს და მთლიანად ევროპის კონტინენტი ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას ერთდროულად აღნიშნავს," - განაცხადა კუბილიუსმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.  

აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება - გიორგი კეკელიძე

აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.   „გილოცავთ ეპოქალური საქმის დასაწყისს! აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება! ეს ჰელენ ჩხოტუაა, უჭკვიანესი და ულამაზესი ქალი. ჩვენი მასპინძელი და უკვე მეგობარი. ჩხოტუების - დიდი აფხაზების, მალტის ორდენის კავალერების და მსოფლიო პოლიტიკის მონაწილეების მემკვიდრე. მან საქართველოს უდიდესი, ისტორიული არქივი გადასცა: საერთაშორისო მნიშვნელობის საბუთები, ხელნაწერები, მიმოწერა, ფოტოები, წიგნები, ნივთები, ორდენები, რუკები - მოკლედ, საოცარი საგანძური, მალე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში დაიდებს ბინას. სამი დღეა, არქივების გადარჩევის ურთულესი პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკიდან თქვენი მონა-მორჩილი, ლევან თაქთაქიშვილი, ბექა ღაჟონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან მანანა ქვაჩახია, ნატო მარშანია და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ნინო ჩუტკერაშვილი ვუძღვებით. მასალა ათობით ყუთს მოიცავს, დღესაც ვიმუშავებთ, ხვალ ჯგუფი მადრიდში გაემგზავრება, მე კი სამშობლოში დავბრუნდები.   პროექტი აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ არის ინიცირებული და პერსონალური მადლობა რუსლან აბაშიძეს, რომელთან ერთადაც ამ დიდ არქივს გავხსნით და გამოვფენთ საქართველოში ძალიან მალე. მალევე ერთობლივ მემორანდუმს გავაფორმებთ და სხვა არქივებზე დავიწყებთ მუშაობას,“ წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.   საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესპანეთში იმყოფებიან. ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია აფხაზი თავადების, ჩხოტუების ესპანეთში დაცული უნიკალური არქივის საქართველოში ჩამოტანა.  

ზელენსკი: უკრაინა საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს თავისი სანქციებით ავსებს

უკრაინა საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს თავისი სანქციებით ავსებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინის სპეცსამსახურები გააგრძელებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას. მისივე თქმით, სანქციები დაწესდა 300-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ რუსეთთან ერთად ან ეხმარებიან მას. „უკრაინა თავისი სანქციებით ავსებს საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩვენი პარტნიორების სანქციები გავრცელდეს მათზე, ვის მიმართაც უკრაინამ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებებს ტერორისტული სახელმწიფოს 300-ზე მეტი იურიდიული პირისა და 150 ფიზიკური პირის შესახებ. ჩვენი სპეცსამსახურები, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის უშიშროების სამსახური, ასევე მინისტრთა კაბინეტი და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო გააგრძელებენ შესაბამის მუშაობას. იქნება სხვა გადაწყვეტილებებიც,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.  

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი ამოქმედდა

ადგილობრივი დროის 07:00 საათიდან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. შეთანხმება ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების 4 დღით შეწყვეტას და ღაზის სექტორში მყოფი მძევლების ნაწილის და ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელების ნაწილის გათავისუფლებას. ასევე, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდას, მათ შორის საწვავის შეტანას. მედიასაშუალებების ცნობით, დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე ღაზის სექტორის მოსაზღვრე ისრაელის ქალაქებში სარაკეტო განგაში ისმოდა, ხოლო ღაზის მასშტაბით ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ინტენსიური დაბომბვის შესახებ ცნობები ვრცელდებოდა. კატარელი მედიატორების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ღაზაში 13 მძევალი გათავისუფლდება, რასაც ისრაელის ციხეებიდან გაურკვეველი რაოდენობის პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება მოჰყვება. ჯამში, შემდგომი 4 დღის განმავლობაში "ჰამასის" მიერ 50 მძევალი ქალისა და ბავშვის გათავისუფლება იგეგმება. ამავე პერიოდის განმავლობაში ისრაელის მიერ 150 პალესტინელი პატიმარი - ძირითადად ქალები და არასრულწლოვნები გათავისუფლდებიან.