ძებნის რეზულტატი:
რუსეთის მიერ გაშვებული 75 დრონიდან 71 ჩამოგდებულია - უკრაინის საჰაერო ძალები
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას 75 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, 71 დრონი ჩამოგდებულია. როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რამდენიმე ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები კიევში მრავალსართულიან სახლებს დაეცა. დაშავდა 5 ადამიანი. მათ შორის, 11 წლის ბავშვი. თავდასხმის შედეგად კიევის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა - სადენების დაზიანების გამო, დენი არ მიეწოდებოდა 77 სახლს და 120 დაწესებულებას. ზელენსკიმ კიევზე რუსეთის მასშტაბურ შეტევას მიზანმიმართული ტერორიზმი უწოდა
უნგრეთი შუა დერეფნის განვითარებით დაინტერესებულია - პიტერ სიიარტო
უნგრეთი დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ Trend-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩინეთი ახლა არის ნომერ მეორე იმპორტის წყარო უნგრეთის ეკონომიკისთვის. უნგრეთი არის ჩინეთის ინვესტიციების ნომერ პირველი სამიზნე ცენტრალურ ევროპაში და ჩვენ ვყიდულობთ სულ უფრო მეტ ენერგიის წყაროს ამ რეგიონიდან, მათ შორის, ნავთობს ყაზახეთიდან და ბუნებრივ გაზს აზერბაიჯანიდან. ასე რომ, ჩვენ აბსოლუტურად დაინტერესებული ვართ აზიასა და ევროპას შორის მიწოდების მარშრუტების გამტარუნარიანობის გაზრდით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, წვლილი შევიტანოთ შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაში, იქნება ეს სატრანსპორტო მარშრუტი, სარკინიგზო თუ ენერგიის ტრანსპორტირება, ელექტროენერგია თუ გაზი. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს სამაგალითო თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, რუმინეთთანპროექტში სახელწოდებით „მწვანე დერეფანი“, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვაწვდით მწვანე ენერგიას კასპიის რეგიონიდან ცენტრალურ ევროპაში,“ - აღნიშნა სიიარტომ. შუა დერეფანი ფართოვდება - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის გენმდივანი
ვაშინგტონის განცხადებით, საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია
საქართველოს ურთიერთობა NATO-სთან, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ალიანსის ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით მიღწეული პროგრესი - ეს თემები განიხილა Europetime-თან ვრცელ ინტერვიუში ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა. ვაშინგტონის შეფასებით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციებმა ცხადყო, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ვაშინგტონის შეფასებითვე, საქართველო არის NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორი, ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია ალიანსის უახლოესი პარტნიორებისთვის. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს NATO-ში მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას საქართველოსთან, რათა NATO-სთან მისი თავსებადობა გააძლიეროს. „ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ოფიციალურ პირებს, წინ წასწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ NATO არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, ის მრავალი თვალსაზრისით პოლიტიკურ ასპექტებსაც მოიცავს,“ - აღნიშნავს ამერიკელი მაღალჩინოსანი. აშშ ეხმარება საქართველოს შესაძლებლობების განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში - ამერიკელი მაღალჩინოსანი რუსეთის ქმედებების ფონზე, როგორ ხედავს აშშ რეგიონში ზოგადად და მთლიანად ევროპაში, მათ შორის საქართველოში, გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივას, ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. „ჩვენ ვხედავთ რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ; საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს ყველაფერი ნამდვილად მეტყველებს შავი ზღვის რეგიონის კრიტიკულ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. „ჩვენ გავაგრძელებთ შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობის წახალისებას, შავი ზღვის ფართო რეგიონში რუსეთის მიმდინარე აგრესიის შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ეს თანამშრომლობა მოიცავს შემდგომ ძალისხმევას ინფორმაციის გაზიარების გაზრდის მიზნით, საერთო ცნობიერების ამაღლებას საზღვაო სფეროსა და მის მიღმა,“ - აღნიშნავს Europetime-თან ინტერვიუში ამერიკელი მაღალჩინოსანი. ამასთან, ვაშინგტონი აფიქსირებს, რომ სურს, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, როგორც მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, რადგან აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში. ვაშინგტონში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ქმედება იქნება კიდევ ერთი აშკარა დარღვევა იმ ვალდებულებისა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო და რაც გულისხმობს თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას. ამდენად, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ „რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში.“
მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად დაიძრა
24 ნოემბერი - მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად მოძრაობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი მეცნიერებზე დაყრდნობით ავრცელებს. ანტარქტიდის აისბერგის - A23a-ის ფართობი თითქმის 4000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და ფართობით ნიუ-იორკზე 3-ჯერ დიდია. 1989 წლიდან, როდესაც A23a ფილჩნერ-რონის ყინულის შელფს მოსწყდა, აისბერგი, რომელზეც ერთ დროს საბჭოთა კავშირის კვლევის სადგური იყო განთავსებული - უედელის ზღვაში, მეჩეჩს წამოედო და მოძრაობა შეაჩერა. ექსპერტები შიშობენ, რომ აისბერგი, შესაძლოა, კვლავ წამოედოს მეჩეჩს კუნძულ სამხრეთ ჯორჯიასთან, რაც საფრთხეს შეუქმნის ანტარქტიდის ველურ ბუნებას. ამ ტერიტორიაზე ბინადრობს მილიონობით ზღვის ლომი, პინგვინი, მრავალნაირი ზღვის ფრინველი. მათ შესაძლოა საკვების მოპოვების პრობლემა შეექმნათ. Reuters-ის ცნობით, აისბერგი სამხრეთის ოკეანისკენ მიემართება.
ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი სასაზღვრო რეგულაციებს ამკაცრებს
მიგრაციის ნაკადების გაზრდის გამო ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი სასაზღვრო რეგულაციებს ამკაცრებს. Reuters-ის ინფორმაციით, შენგენის ზონის ზოგიერთმა ქვეყანამ ბლოკის შიგნით ადამიანების თავისუფალ გადაადგილებაზე შეზღუდვა მას შემდეგ დააწესა, რაც 2023 ლეგალური და არალეგალური მიგრაციის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ავსტრიის ხელისუფლებამ სასაზღვრო რეგულაციები ჩეხეთის საზღვართან ოქტომბრიდან აღადგინა, ნოემბრიდან კი, მსგავსი შეზღუდვა სლოვაკეთისა და უნგრეთის მიმართულებითაც აამოქმედა. შენგენის ზონის ქვეყნებიდან საჰაერო გზით შესვლაზე კონტროლი აღადგინა დანიამაც. დანიამ 2024 წლის მაისამდე ასევე შეზღუდვები დააწესა გერმანიის პორტებიდან შესულ პირებზეც. საზღვრის კვეთაზე რეგულაციები ასევე გაამკაცრა გერმანიამ, იტალიამ, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და საფრანგეთმა. გამოცემის განმარტებით, ევროკავშირის მოქალაქეებს შენგენის ზონის შიგნით გადაადგილება კვლავ შეფერხების გარეშე შეუძლიათ და ახალი რეგულაციების მიზანი გაერთიანების შიგნით მიგრანტების თავისუფალი გადაადგილების შეფერხებაა.
სალომე ზურაბიშვილი გორში შეხვედრებს მართავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორს ევროპული კამპანიის ფარგლებში ეწვია და ხელოვნების სახლში ახალგაზრდებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე სასაუბროდ შეხვდა. მისი თქმით, „გორში ადამიანი მხოლოდ სტალინის მუზეუმის სანახავად არ უნდა ჩამოდიოდეს, სხვა მრავალი კულტურული კერა უნდა შეიქმნას." გორის ხელოვნების სახლსა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხელმოწერები გროვდება - "ჩვენი ხმა ევროპას". ხელმომწერები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილს აფიქსირებენ. „ჩვენი ადგილი ევროპაშია და ძალიან ბედნიერი ვარ , რომ ახალგაზრდები ორი დროშით დამხვდნენ. ყველა ქალაქში ევროპული კულტურა უნდა იყოს ცოცხალი და ხელმისაწვდომი. ევროპა არის ცოცხალი რეგიონები, რაც ჩვენ ძალიან გვაკლია. მეტი სიცოცხლე უნდა შევიტანოთ რეგიონებში და ამით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ახალგაზრდებს, რომ ევროპიდან დაბრუნდნენ და თავიანთ ქალაქს და რეგიონს მოახმარონ ცოდნა და კულტურა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლების ცნობით. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღეს, 25 ნოემბერს, დაიწყო ორკვირიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ევროპული სტანდარტები იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და პირველ რიგში - ქალები," - განაცხადა ზურაბიშვილმა. ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გორში ამ თემებზე სასაუბროდ არ ჩამოსულა. მას ასევე ჰკითხეს, რა კომენტარს გააკეთებდა ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, 2007 წლის აქციები, რუსეთის მიერ იყო მართული. „მე აქ არ ვარ მოსული, რომ არც სტალინზე და არც სააკაშვილზე ვილაპარაკო. 7 ნოემბერს ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე სხვა არაფერი სათქმელი არ მაქვს. მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ, ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტი გორის საზოგადოების წარმომადგენლებს გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში შეხვდა. შსს: 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს
რუსეთი აცხადებს, რომ სანქციების გამო 76 თვითმფრინავი დაკარგა
უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო, რუსეთმა 76 სამგზავრო თვითმფრინავი დაკარგა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო RBC-ს, ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა განაცხადა. საუბარია რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებზე, რომლებიც საზღვარგარეთ დაფრინავდნენ იმ ქვეყნებში, რომლებიც სანქციებს შეუერთდნენ. აღნიშნული თვითმფრინავები ძირითადად უცხოურ კომპანიებს ეკუთვნოდა და ისინი რუსულ ავიაგადამზიდველებს ლიზინგით ჰყავდათ ექსპლუატაციაში. საველიევის თქმით, 76 თვითმფრინავი, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ტექნიკურ ავტოსადგომებზე, ტექნიკური მომსახურებისთვის იმყოფებოდნენ აეროპორტებში დააკავეს, რასაც რუსეთი არ მოელოდა. საველიევის თქმით, რუსეთში ამჟამად 1,167 სამგზავრო თვითმფრინავი ფუნქციონირებს. მათი მნიშვნელოვანი უმრავლესობა უცხოური წარმოებისაა. სანქციების დაწესების შემდეგ, იჯარით აღებული თვითმფრინავი რუსულ რეესტრს გადაეცა და დაზღვეულია რუსული სადაზღვევო კომპანიების მიერ. როგორც საველიევმა აღნიშნა, რუსული ავიაკომპანიები აგრძელებენ ფრენების შესრულებას 11 ქვეყანაში, რომლებისგანაც არსებობს გარანტია, რომ ისინი არ დააპატიმრებენ თვითმფრინავებს. 2022 წლის თებერვლიდან რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები არ სრულდება. სანქციები ითვალისწინებს რუსული თვითმფრინავების ფრენების აკრძალვას დასავლეთის ქვეყნებში და პირიქით. Boeing-მა და Airbus-მა რუსეთისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება და ასევე რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება და მხარდაჭერა შეაჩერეს.
რომელი პროდუქტების გამოყენება აიკრძალა სკოლის კვების ობიექტებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები დამტკიცედა. სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ დოკუმენტში ასახულია სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციები – აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა. შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით. სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც. განათლების სამინისტროს ცნობით, მოსწავლეებში ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, სკოლის კვების ბლოკში აკრძალულია შემდეგი პროდუქტების გამოყენება: საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა); მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული; მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები; დაკონსერვებული პროდუქტები; თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი; სოკო ნებისმიერი ფორმით; კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი; ტკბილი გაზიანი სასმელები; ყავა.
სომხეთმა და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს
25 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკასა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს მოეწერა ხელი. იუწყება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. ოქმს აბუ დაბიში მოაწერეს ხელი სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში კარენ გრიგორიანმა და საუდის არაბეთის სამეფოს ელჩმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სულთან ბინ აბდულა ალ-ანგარიმ. დოკუმენტში აღნიშნულია ორი ქვეყნის სურვილი, „დამყარდეს მეგობრული ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში.“ სომხეთი დიდი ხანია, მსგავს ურთიერთობებს ყურის სხვა არაბულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ქუვეითთან. ორი ქვეყანას ერევანში საელჩოები აქვს. ჯერ არ არის ცნობილი, გეგმავენ თუ არა რიადი და ერევანი ერთმანეთის დედაქალაქში საელჩოების გახსნას. საუდის არაბეთი შაბათს ოფიციალურად დათანხმდა სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, რითაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, ათწლეულების განმავლობაში არსებული პოლიტიკა დაასრულა. საუდის არაბეთი ათწლეულების განმავლობაში უარს ამბობდა სომხეთთან დიპლომატიური კავშირების დამყარებაზე, მუსულმანურ აზერბაიჯანთან კონფლიქტის გამო. ნავთობით მდიდარმა სამეფომ ამ პოლიტიკის ცვლილებაზე მიუთითა მას შემდეგ, რაც მისი ურთიერთობები აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთთან რამდენიმე წლის წინ მნიშვნელოვნად გაუარესდა. პოლიტიკის ცვლილებას ხაზი გაესვა 2021 წლის ოქტომბერში სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტის არმენ სარქისიანის რიადში ვიზიტით. სარქისიანი საუდის არაბეთის მმართველის, მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის გვერდით იჯდა იქ გამართული საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე.
არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობი, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული კაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგოს აედევნა ქუჩაში და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
სუს-ის ინფომაციით, „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.“ „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკომისია უკრაინის პორტების აღდგენისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალებული უკრაინული საპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს. ლაიანმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter-ი) გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი გაგზავნილი შესაბამისი წერილის ფოტო. ლაიენი აღნიშნავს, რომ კავშირისთვის "ღრმა შეშფოთების" მიზეზია რუსეთის მიერ შავი ზღვის შეთანხმებიდან გასვლა და შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინიდან შავი ზღვის გავლით ექსპორტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზრისთვის და უკრაინის ეკონომიკისთვის საკვების მიწოდებისთვის. ლაიენი მიესალმა კიევის მიერ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, რამაც ზღვით ექსპორტის გაგრძელების საშუალება მისცა. უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა განაცხადი ევროკარში გაწევრიანებაზე. კიევმა ევროკომისიისგან 8 ნოემბერს მიიღო რეკომენდაცია მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუსეთმა უკრაინაში ომი გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო. დასავლეთი ახლა უკრაინის მხარდაჭერას ზამთრის წინ განსაკუთრებით აძლიერებს, რადგან წინა ზამთრის გამოცდილების გათვალისწინებით, რუსეთისგან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს ელოდებიან.
თბილისი ფარიკაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
თბილისი ფარიკაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იქნება. ამის შესახებ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე FIE - ს კონგრესზე ოფიციალურად გამოცხადდა. თბილისის სასარგებლოდ ხმა 134-დან, 120-მა დელეგატმა მისცა.
აზერბაიჯანმა უკრაინას განაღმვის მანქანა გადასცა
უკრაინამ აზერბაიჯანისგან Revival P-ის ტიპის განაღმვის მანქანა მიიღო. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა აზერბაიჯანში ვლადისლავ კანევსკიმ განაცხადა. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, გასული წლის 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის ტერიტორიის თითქმის მესამედი დანაღმულია. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ 2023 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი ბრძანების შესაბსამიდ, უკრაინაში ელექტროტექნიკისგან შემდგარი ჰუმანიტარული დახმარების მეორე ნაწილი 21 ნოემბერს გაიგზავნა.
საქართველოსა და იტალიის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
საქართველოში ვიზიტით იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანს უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების გამართვა წარმოადგენს. „თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ იტალიელ სტუმრებს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებების 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. იტალიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები აქტიურად თანამშრომლობენ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებით, ასევე, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, სამხედრო განათლებისა და ავიაციის საკითხებზე. კონსულტაციების ფარგლებში საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების საორგანიზაციო საკითხებსაც,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზელენსკი ზურაბიშვილს: რუსეთისგან ჩვენი ხალხის დასაცავად ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ განაცხადა. რომ საქართველომ და უკრაინამ მოსკოვის აგრესიის გამო ბევრი ტკივილი გამოიარეს და ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ. პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმაურა ზურაბიშვილის მიმართვას და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ბევრი ტანჯვა გადაიტანეს. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი,“ - წერს ზელენსკი. „სოლიდარობით განმსჭვალულები, ჰოლოდომორის მოსაგონარ დღეს, პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, რათა ისტორია არ განმეორდეს,“ - დაწერა ზურაბიშვილმა ჰოლოდომორის 90 წლისთავთან დაკავშირებით. მან X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) განთავსებული პოსტით, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 13 ოქტომბერს აღიარა. 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული. საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.
ბაქოს პორტში საერთაშორისო გადაზიდვების ცენტრი შეიქმნება
ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში საერთაშორისო გადაზიდვის ცენტრისა და მისი საწყობის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხუდაიარ ჰასანლიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები არაერთ კომპანიებთან მიმდინარეობს, წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს.“ ჰასანლიმ აღნიშნა, რომ რომ ცენტრალური აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირება რეგიონული კონტეინერებით მესამე ქვეყნებში არ შეიძლება. „ისინი უნდა გადმოიტვირთონ და შემდეგ ხელახლა ჩაიტვირთონ გადაზიდვის ხაზის კონტეინერებში. ჩვენ ვქმნით სატრანსპორტო ხაზის ცენტრს, რათა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაზიდვა შეუფერხებლად უზრუნველვყოთ. Shipping Line-ს ცენტრები და დეპოები მთელ მსოფლიოში აქვს და კონტეინერების შენახვა ამ საცავებში შეუძლია,“ - განაცხადა ჰასანლიმ. Shipping Line არის კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია კონტეინერების ლოგისტიკაში და ტვირთის 95%-ის ტრანსპორტირებას მთელ მსოფლიოში ახორციელებს.
დრონებით შეტევის შესახებ ცნობების ფონზე, მოსკოვის აეროპორტები დაიხურა
მოსკოვის ოლქის დომოდედოვოსა და ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს მას შემდეგ, რაც რუსეთის დედაქალაქს 26 ნოემბერს დრონები მიუახლოვდნენ. Flightradar-ის მონაცემებით, ფრენები შეჩერებულია. რუსული მედია ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვამ 11 უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო მაშინ, როდესაც ქალაქ ტულაში ერთი შენობა დრონის სამიზნე გახდა. უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევები გაზაფხულის შემდეგ გახშირდა. სექტემბერში, ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ შეტევა მათი ორგანიზებული იყო და თუ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, უფრო მეტ დარტყმას მიიღებს.
მე-12 ქვეითმა ბატალიონმა საველე სიტუაციური წვრთნა რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ჩაატარა
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ბრიგადის მე-12 ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. უწყების ცნობით, პროგრამა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც საველე სწავლებებსა და საბრძოლო სროლებს მოიცავდა. „სწავლების დასკვნით ეტაპზე, საველე სიტუაციური წვრთნა რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ჩატარდა. ბატალიონის დონის საბრძოლო სროლები დღისა და ღამის პირობებში ვაზიანის სასროლეთზე განხორციელდა. ბატალიონმა, მხარდამჭერი კოლექტიური დავალებების შესაბამისად, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები შეასრულა. საბრძოლო მომზადების ცენტრში შემავალი მოწინააღმდეგე ძალების გამთამაშებელი (OPFOR) ასეული მათ რეალურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებს უქმნიდა. წვრთნა საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა დადებითად შეაფასეს. სწავლებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სომხეთს ევროკავშირის დელეგაცია ეწვევა
27-29 ნოემბერს სომხეთს ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისია ეწვევა. დელეგაციასთან ერთად სომხეთს ეწვევიან ევროპული საინვესტიციო ბანკის (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და Frontex-ის წარმომადგენლები. შეხვედრები დაგეგმილია სომხეთის მთავრობასთან, გაეროს წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ვიზიტისას მოხდება „ევროკავშირი-სომხეთის ინვესტიციების კოორდინაციის პლატფორმის“ პრეზენტაცია. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის დელეგაციის ვიზიტისას დაგეგმილია ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების სხვადასხვა განზომილების განხილვა. შეხვედრებზე იმსჯელებენ, როგორ შეიძლება, სომხეთ-ევროკავშირის კავშირები გაღრმავდეს და გაძლიერებეს და როგორ შეუძლია სომხეთს, გამოიყენოს ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების სრული პოტენციალი.