ძებნის რეზულტატი:

ამინდის პროგნოზი: 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში - თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში - თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს გირაო შეეფარდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს, რომელიც 21 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე არის ბრალდებული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურამ სხდომაზე 15 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობა დააყენა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდგომ საქმის პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული მედიკოსის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან პაციენტის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა. „სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, რასაც ბრალდების მხარე ითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი გვქონდა შესაბამისი არგუმენტაცია იმ საფრთხეების შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებობდა. რაც შეეხება დამატებითი ღონისძიების სახით აკრძალვასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარე გაეცნობა დასაბუთების ნაწილს და შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულის გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარემ ჩაატარა სრულყოფილი გამოძიება. ყველა ის გარემოება, რაზეც ბრალდებულმა ისაუბრა, გამოძიების მიერ შესწავლილია. მიუხედავად აღნიშნულისა, მის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა გულგრილობა. ყველა ის საკითხი, რაზეც მან ისაუბრა, გამოძიების მიერ დეტალურად იყო შესწავლილი და ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ სისხლის სამართლის საქმის მასალებშია და მტკიცებულებები არსებობს,“ - განაცხადა გიორგი ნადირაძემ. პროკურატურამ 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით დაზარალებული, 2021 წლის 11 აგვისტოს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა. პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარედგინა ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქცია გამართა  

„ჰამასის“ 17 მძევალი გათავისუფლდა

დასავლეთის ქვეყნების უმეტესობის მიერ ტერორისტულად აღიარებულმა მოძრაობა „ჰამასმა“ შაბათ საღამოს ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი 17 ადამიანი წითელ ჯვარს გადასცა. სანაცვლოდ, ისრაელმა სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 39 პალესტინელი გაათავისუფლა. შუამავალი ქვეყნების, კატარის და ეგვიპტის გარდა, შაბათს მოლაპარაკებებს შეუერთდნენ თეთრი სახლი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ადრიან უოტსონმა განაცხადა. შაბათს მომხდარი გაცვლა მეორეა ადრე დადებული ოთხდღიანი ჰუმანიტარული ზავის ფარგლებში. გათავისუფლებულ მძევლებს შორის 13 ისრაელელი და ტაილანდის ოთხი მოქალაქეა. ყველა მათგანი „ჰამასის“ წევრებმა 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის დროს შეიპყრეს. თითქმის ყველა გათავისუფლებული ისრაელელი კიბუც ბერის მკვიდრია. ეს დასახლება ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად: იქ დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა, 50 გაიტაცეს. მათ შორის რვა ბავშვი და ხუთი ქალი. ექიმების განცხადებით, მათი უმრავლესობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. იუწყებიან, რომ ერთ 21 წლის ქალს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება. სანაცვლოდ, ისრაელმა შაბათს 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა: ექვსი ქალი და 33 მოზარდი. საერთო ჯამში, ისრაელზე თავდასხმის დროს 240-მდე მძევალი აიყვანეს. წითელი ჯვრის განცხადებით, „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა - BBC ისრაელმა პატიმრობიდან 39 პალესტინელი გაათავისუფლა  

მეუფე შიო: სულიერად ნაცემი ადამიანი კი არ განვიკითხოთ, არამედ, სიყვარულით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში

„სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 25-ე კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „ადამიანის ნაკლულოვანებას და მის სულიერ ჭრილობებს როცა ვამჩნევთ, იმის მაგივრად, რომ სიყვარულით და თანალმობით დავფაროთ ეს ჭრილობები, ვღიზიანდებით, განვიკითხავთ, ვბრაზდებით, გვწყინს ხოლმე მათგან. აქედან მომდინარეობს ყოველგვარი უსიამოვნება ადამიანებს შორის: ჩხუბი, გაუცხოება, განხეთქილება, რაც ძალიან დიდი ცოდვაა. ამიტომ, აი, ამ განხეთქილებას უნდა ვუმკურნალოთ იმით, რომ არ განვიკითხოთ ჩვენი მოყვასი და გვახსოვდეს ეს იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. აი, ამ იგავში მოცემულია უმაღლესი საფეხური გულმოწყალებისა. ეს არის გულმოწყალება მტრისა და მაწყინრის მიმართ, როგორიც იყო ებრაელი სამარიტელისთვის. უფალი იესო ქრისტე ჩვენ ამით გვაძლევს მცნებას, რომ სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ, სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში,“ - ამბობს მეუფე შიო.  

შვეიცარია უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად, 3 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს

შვეიცარია ინიციატივის Grain From Ukraine-ის განსახორციელებლად, რომელიც ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის უკრაინული მარცვლეულის მიწოდებას ისახავს მიზნად, 3 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს. შვეიცარიის საელჩოს ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა ალენ ბერსეტმა კიევში, სასურსათო უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ომის გამო 11 მილიონ უკრაინელს ესაჭიროება სასურსათო დახმარება. ინიციატივის მხარდასაჭერად, შვედეთი 8 მილიონი ევროს, ხოლო ფინეთი 3 მილიონ ევროს გამოყოფს.  

ბლინკენი ბრიუსელში NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში გაემგზავრება. ენტონი ბლინკენი უკრაინის NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბრიუსელს 27029 ნოემბერს ეწვევა. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, მათ შორის NATO-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ბლინკენი ხაზს გაუსვამს NATO-ს მტკიცე ვალდებულებას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიისა და რეგიონული სტაბილურობის მხარდაჭერას და განიხილავს 2024 წლის ივლისში ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებს.  

ავსტრია უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად 3,8 მილიონ ევროს გამოყოფს

ავსტრია კიდევ 3.8 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად.  ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „ავსტრია იმეორებს, რომ საკვები არასოდეს უნდა იყოს იარაღად გამოყენებული და დამატებით, 3.8 მილიონ ევროს გაიღებს Grain From Ukraine-ის ინიციატივისთვის, რათა ხელი შეუწყოს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას,“ - აცხადებს სამინისტრო. შვეიცარია უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად, 3 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს  

ბერბოკი: ნათელია, უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში - პერსპექტივა ასევე უნდა ეხებოდეს მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ დღეს ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში. „ეს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია,“ - განაცხადა ბერბოკმა მისი განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე, უნდა ეხებოდეს მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. „ევროპაში ე.წ. რუხი ზონები აღარ უნდა იყოს,“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „ჩვენ გვჭირდება არამხოლოდ უფრო ძლიერი კავშირი, არამედ რეფორმირებული კავშირიც,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.  

საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საბავშვო ევროვიზია 2023 228 ქულით საფრანგეთის წარმომადგენელმა Zoé Clauzure მოიგო. საბავშვო ევროვიზია 2023 საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა, რომლის მთავარი სლოგანიც Heros | გმირები იყო. საქართველო მე-14 ადგილზე გავიდა. ანასტასია, ოთო და ნიკოლოზი მაყურებლის წინაშე წარდგნენ სიმღერით Over The Sky, რომელიც ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს. მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვიდნენ. საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, ხოლო გერმანიისგან 1 ქულა. ონლაინ ხმებით კი, საქართველომ 53 ქულა მიიღო. საქართველო ჯამში 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.  

სალომე ზურაბიშვილი: შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი, რომ უკრაინას და მოლდოვას დავეწიოთ

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა მიაღწიოს იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სამივე ქვეყანასთან მოლაპარაკებები გაიხსნას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში ქართულ მედიასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისთვის, რომ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს "ასოცირებული ტრიოდან" - უკრაინას და მოლდოვას. 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, მაგრამ ამის მერე იწყება კიდევ უფრო სერიოზული ეტაპი, რომელშიც თქვენი როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაგრძელოთ ამ გზაზე. მიიტანოთ მოსახლეობამდე, ყველა მიმართულებით, რას ნიშნავს რეალურად ევროპის კეთილდღეობა, ევროპის მიღწევები, ევროპული სტანდარტები, ეს არის ის, რაც თქვენ შეგიძლიათ, ვიდრე ჩვენ: მე, როგორც პრეზიდენტს ან პოლიტიკური სპექტრს. ეს არის თქვენი როლი და ამისთვის მზად უნდა იყოთ, რადგან ერთი წელი გადამწყვეტი გვექნება. ეს ხომ გადამწყვეტია, შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისათვის, რომ ჩვენ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს "ასოცირებული ტრიოდან" - უკრაინას და მოლდოვას. მათთან ერთად მივაღწიოთ იმას, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას სამივე ქვეყანასთან, მოლაპარაკებები პირდაპირ და უშუალო გაწევრიანებამდე. მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლაც არ იქნება და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება. ეს არის ერთობლივი, ჩვენი, თავისუფლებისთვის მათი ბრძოლა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მინდა, ასევე, ყველას გითხრათ, რომ თქვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენამდე აქ მყავდა ახალგაზრდები. ახალგაზრდები , რომლებიც ჩვენ გვიყურებენ ძალიან დიდი იმედით, რადგან იციან,რომ მათი მომავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში. ამ ახალგაზრდებს თქვენ უნდა უძღვებოდეთ წინ. ახალგაზრდებს სჭირდებათ არა მხოლოდ იმედი, ასევე, ცოდნა, დანახვა, როგორია ეს გზა და როგორ გაიარონ. როგორ ჰქონდეთ ამ ქვეყნის რწმენა. უცებ არ გადაწყვიტონ, რომ საზღვარგარეთ წასვლა ჯობია. ყველას შეუძლია რაღაც მომენტში ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან თავისუფლება ესეც არის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები, მათთან ერთად მივაღწიოთ შედეგს,"- მიმართა მედიის წარმომადგენლებს პრეზიდენტმა. ზელენსკი ზურაბიშვილს: რუსეთისგან ჩვენი ხალხის დასაცავად ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება    

სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ წყლებში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. სწავლებაში მონაწილეობდა აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson, რომელიც პუსანის საზღვაო ბაზაზე, სეულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 320 კილომეტრში განლაგდა. წვრთნების მიზანი ჩრდილოეთ კორეის განვითარებადი ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვითი პოზიციების გაძლიერებაა. სამმხრივი წვრთნები ჩატარდა მას შემდეგ, რაც ფხენიანმა განაცხადა, რომ მისმა სადაზვერვო თანამგზავრმა სამხრეთ კორეაში და აშშ-ის ტერიტორიებზე, ჰავაისა და გუამში აშშ-ის არმიის ბაზები გადაიღო. ამ თვის დასაწყისში სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიმუშაონ ერთობლივი წვრთნების მრავალწლიანი გეგმა და გააფართოონ წვრთნების ფარგლები ჩრდილოეთის საფრთხის უკეთ დასაძლევად.  

ოკუპირებულ ყირიმში სტიქიის გამო, მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში შავ ზღვაზე ძლიერი შტორმის გამო ასეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების მონაცემებით, 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათ შორის სიმფეროპოლსა და იალტაში, ქარიშხლის შედეგად მრავალწლოვანი ხეების წაქცევის გამო დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ავტომობილები. ქარიშხალმა დააზიანა სახლები და სხვა შენობებიც. დატბორვის გამო დაკეტილია რამდენიმე საავტომობილო გზა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები. ენერგომომარაგება შეწყვეტილი აქვს 500 000-მდე აბონენტს. ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ორშაბათი, 27 ნოემბერი, უქმე დღედ გამოაცხადეს.  

აშშ-ის სენატი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კენჭისყრას იწყებს

აშშ-ის სენატი კენჭს უყრის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისა და ისრაელისთვის მილიარდიანი დახმარების მოთხოვნას. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა 26 ნოემბერს სენატორებისადმი მიწერილ წერილში განაცხადა. „მე ვაპირებ პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი პაკეტის წარდგენას 4 დეკემბრის კვირაში,” - განაცხადა შუმერმა. მისი განმარტებით, „ყველაზე დიდი შეფერხება" უსაფრთხოების დახმარების პაკეტის მიღებაში, რესპუბლიკური პარტიის მოთხოვნა იყო, რომ უკრაინის დაფინანსება შეერთებული შტატების სასაზღვრო პოლიტიკასთან იყოს დაკავშირებული. მაიკ ტერნერმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, 26 ნოემბერს განაცხადა, რომ კონფლიქტი სასაზღვრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის დახმარების კანონპროექტის მიღებას 2023 წლის ბოლომდე. კონგრესში რესპუბლიკელები აშშ-მექსიკის საზღვარზე გაძლიერებულ შეზღუდვებს ლობირებენ და აცხადებენ, რომ უკრაინის დაფინანსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ კანონპროექტი საზღვრის უსაფრთხოების დებულებებს მოიცავს. რესპუბლიკელების წინააღმდეგობისა და კონგრესში დავის ფონზე, ბაიდენმა ხელი მოაწერა გადაუდებელი დაფინანსების ორ კანონპროექტს, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებდა. „მოლაპარაკებები დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის გაგრძელდა. ჩვენ დაგვჭირდება ორპარტიული თანამშრომლობა და კომპრომისი, რათა მივაღწიოთ გონივრულ, რეალისტურ შეთანხმების, რომელსაც ორივე მხარეს შეუძლია, რომ მხარი დაუჭიროს," - აღნიშნა შუმერმა. ბაიდენის უახლესი მოთხოვნა უსაფრთხოების საკითხებში უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარზე მეტის დაფინანსებას ითვალისწინებს.  

ბაქო აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს

ბაქოში დღეს აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიასაშუალებები ავრცელებენ. გულერი უკვე ბაქოშია. თავდაცვის მინისტრები სამ ქვეყანას შორის სამხედრო და თავდაცვითი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს, ერთობლივი წვრთნების გამართვას და სხვა საკითხებს განიხილავენ.  

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს გასულ ღამით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.  მიზეზად ქარიშხლის შედეგად რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება დასახელდა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგია ჩრდილოეთ ოსეთიდან მიეწოდება. სააგენტო „რესს“ ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანიის, „ენერგორესურსების“ დირექტორმა აცამაზ კაბისოვმა განუცხადა, რომ უამინდობით გამოწვეული ავარიის შედეგად, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ქვესადგური გაჩერდა. გამთენიისას რუსულმა სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაიწყო.  

აშშ-ის ატომური ავიამზიდი სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში შევიდა

აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson 2023 წლის 21 ნოემბერს, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მდებარე პორტში განლაგდა. სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ამერიკული ავიამზიდი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ, შეკავების ჩვენების მიზნით განლაგდა. იაპონიის სანაპირო დაცვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეა რაკეტის გაშვებას გეგმავს. განახლება: ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს შეატყობინა, რომ 22 ნოემბრიდან, პირველ დეკემბრამდე პერიოდში აპირებდა პირველი „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვებას ორბიტაზე. ფხენიანი ამტკიცებს, რომ რაკეტა 22 ნოემბერს გაუშვა. სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს  

რა მიზნით გამართავენ შეხვედრას ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები

ორშაბათს ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების - გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვის, იაშარ გიულერისა და ჯუანშერ ბურჭულაძის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. თურქეთის გიულერი უკვე ჩავიდა ბაქოში. მინისტრები სამ ქვეყანას შორის სამხედრო და თავდაცვის თანამშრომლობის მომავალზე, ერთობლივ წვრთნებზე და სხვა საკითხებზე ისაუბრებენ. ბოლო სამმხრივი შეხვედრა თურქეთის ქალაქ ყარსში მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა. შეგახსენებთ, საქართველოსა და აზერბაიჯანს სამხედრო მრეწველობისა და საჰაერო თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება სურთ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მჭიდრო პარტნიორობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თბილისს ეწვია ცნობისათვის, მიმდინარე წლის ოქტომბერში თურქეთში გაიმართა წვრთნები, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მონაწილეობდა. ფაშინიანი ბურჭულაძესთან შეხვედრაზე: სომხეთი საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  

ყაზახეთის პრეზიდენტმა ტრანსკასპიური დერეფნის განვითარების საკითხი Abu Dhabi Ports Group-ის აღმასრულებელ დირექტორთან განიხილა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო Abu Dhabi Ports Group-ის აღმასრულებელი დირექტორი მოჰამედ ჯუმა ალ შამისი მიიღო. ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. შეხვედრისას ყაზახეთის ლიდერმა აქტაუსა და კურიკის საზღვაო პორტების განვითარებას "ყაზახეთის სტრატეგიული მიზანი" უწოდა. AD Ports Group-ის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროში დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, მხარეებმა ამ სფეროში ორმხრივად მომგებიანი საკითხები განიხილეს.  თოყაევი შუა დერეფნის გავლით აზერბაიჯანში ნავთობის ტრანსპორტირების მიმართულებით, ყაზახეთის KazMunyGas-სა და AD Ports Group-ს შორის თანამშრომლობას მიესალმა. ცნობისათვის, ყაზახეთი კასპიის პორტების კურიკისა და აქტაუს ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას გეგმავს. 2023 წლის პირველ შვიდ თვეში ყაზახეთის აქტაუს კომერციულ საზღვაო პორტში 2,6 მილიონ ტონაზე მეტი მშრალი და ნავთობის ტვირთი გადაიზიდა, რაც 24 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.   

ტანკერი, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა, თავმდამსხმელებმა აშშ-ის ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს - AP

ისრაელთან დაკავშირებული ტანკერი იემენის სანაპიროსთან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ხომალდზე საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა აშშ-ის საზღვაო ძალების მოთხოვნის შემდეგ, ტანკერი გაათავისუფლეს. ისინი აშშ-ის საზღვაო ძალებმა დააკავეს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ცენტრალური სარდლობამ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა და მოკავშირეებმა, მათ შორის Arleigh Burke-ის კლასის გამანადგურებელ USS Mason-ის მზადყოფნაში მოყვანით, საპასუხო ქმედება განახორციელეს და თავდამსხმელებს ტანკერის გათავისუფლება მოსთხოვეს.  „ხუთმა შეიარაღებულმა პირმა გემი დატოვა და გაქცევა მათი პატარა ნავით სცადა. Mason დაედევნა თავდამსხმელებს, რის შედეგადაც ისინი საბოლოოდ ჩაბარდნენ," - განაცხადა ცენტრალურმა სარდლობამ. ტანკერი 26 ნოემბერს გაიტაცეს. ცენტრალურ სარდლობას გამტაცებლების ვინაობა არ დაუკონკრეტებია. თუმცა აღნიშნეს, რომ სატვირთო ხომალდის მოვლენებიდან მცირე ხანში ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საბრძოლო გემის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. რაკეტები ადენის ყურეში, ხომალდებიდან 18.5 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა. იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა თავდასხმაში ჰუსიტებს ადანაშაულებდა, თუმცა აჯანყებულებს, რომლებიც დედაქალაქ სანაას აკონტროლებენ, პასუხისმგებლობა ტანკერის გატაცებასა და სარაკეტო თავდასხმაზე არ აუღიათ. ხომალდი ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა, მისი მმართველი კი კომპანია Zodiac Maritime-ია. კომპანიის წარმომადგენელმა შემთხვევას "საეჭვო მეკობრეობის ინციდენტი" უწოდა. კომპანიის განცხადებით, ხომალდს თურქი კაპიტანი მართავდა და ეპიჟის წევრებს შორის რუსეთის, ვიეტნამის, ბულგარეთის, ინდოეთის, საქართველოსა და ფილიპინების მოქალაქეები იმყოფებოდნენ.  

აშშ სამხრეთ კორეის პორტში ამერიკული ატომური ავიამზიდის განლაგების მიზნებს განმარტავს

სამხრეთ კორეის პორტში ამერიკული ატომური ავიამზიდი წელს მესამედ შევიდა. ამერიკული საზღვაო ძალების განმარტებით, იზიტი აჩვენებს შეერთებული შტატების ერთგულებას აშშ-სა და კორეის რესპუბლიკას შორის ალიანსისადმი.  „აშშ-სა და კორეის რესპუბლიკის საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობა გადამწყვეტია მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიასა და კორეის ნახევარკუნძულზე,” - განმარტავს ამერიკული მხარე. პუსანის პორტში შესვლამდე ავიამზიდი ფილიპინების ზღვაში ყოველწლიურ წვრთნებში მონაწილეობდა. CSG-1 არის გემებისა და თვითმფრინავების მრავალპლატფორმული გუნდი, რომელსაც მთელ მსოფლიოში მრავალფეროვანი მისიების შესრულება შეუძლია.  სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ, აღნიშნული ავიამზიდის მონაწილეობით ერთობლივი საზღვაო წვრთნები კვირას, 26 ნოემბერს ჩაატარეს. აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson 2023 წლის 21 ნოემბერს, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მდებარე პორტში განლაგდა. სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ამერიკული ავიამზიდი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ, შეკავების ჩვენების მიზნით განლაგდა. ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს შეატყობინა, რომ 22 ნოემბრიდან, პირველ დეკემბრამდე პერიოდში აპირებდა პირველი „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვებას ორბიტაზე. ფხენიანი ამტკიცებს, რომ რაკეტა 22 ნოემბერს გაუშვა. ამერიკული მხარის ინფორმაციაში არ არის მითითებული, რა პერიოდს დაჰყოფს ავიამზიდი სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში.