ძებნის რეზულტატი:

პრეზიდენტი ახალგაზრდებს: ევროკომისიის გადაწყვეტილებაში თქვენი დიდი წვლილია

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ამ ქვეყნის ევროპული მომავალი არის ის, რაც ჩვენ, ყველას გვაერთიანებს და ერთად ვეცდებით რომ კარი გავუხსნათ მას. ამას ემსახურება ხელმოწერების ეს კამპანია, რომელიც არანაირად არ არის პოლიტიკური კამპანია, ეს არ არის დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, ან მიმდინარეობასთან. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, რადგან დღეს ჩვენ ყველა კარგად ვგრძნობთ, რომ ჩვენ ამ გზის გადამწყვეტ მომენტში ვართ. მართალია, ჩვენ ყველა ძალიან გახარებული ვიყავით, როცა კომისიამ 8 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არის პირველი ასეთი გამარჯვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ ყველაფერი უკვე გამყარებული და გადაწყვეტილია. ამიტომ თქვენი მობილიზაცია აუცილებელია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც იქნება უშუალოდ მთავარი გადაწყვეტილება, ევროპული საბჭოს 27 ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ყველას გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ ასევე დადებითი გადაწყვეტილება იქნება და მგონი, რომ იმის ძალიან დიდი შანსია, მაგრამ არასოდეს უნდა ჩავთვალოთ, რომ გადაწყვეტილება წინასწარ მიღებულია და რაღაცნაირად მოვდუნდეთ. მოდუნების უფლება არ გაგვაჩნია, არც მე და არც თქვენ. თქვენ ხართ ამ ქვეყანაში მთავარი ძალა და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როგორი მომავალი გინდათ. გინდათ, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი მომავალი ჰქონდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ იქ ყველა პრობლემა გადაწყვეტილია, რომ ეს არის რაღაცნაირი სამოთხე. ცხადია, ევროპაშიც ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი, მაგრამ ჩვენ ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, თუ არა ის, რომ იყოს იმ ოჯახში, რომელიც თავისუფალი ქვეყნების, თავისუფალი საზოგადოებების ერთობაა და ვიყოთ იქ, სადაც რეალურად ვიქნებით დაცული ჩვენი პარტნიორების მიერ. ეს ჩვენთვის უალტერნატივოა! სადაც ჩვენ ვართ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებით, ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია! ვინმე თუ ხედავს სხვაგან პერსპექტივას, გვითხრან, სად არის ის პერსპექტივა და რატომ უნდა ვენდოთ ასეთ პერსპექტივას. მე ვიცი, რომ ახალგაზრდები ამას ბევრად უფრო კარგად ხვდებიან, რამეთუ თვითონ იციან, როგორი ცხოვრება უნდათ, რა ღირებულებებით და ისიც იციან, რომ ის, რასაც ზოგიერთი პროპაგანდა გვეუბნება და უნდათ, რომ დავიჯეროთ: თითქოს, ეს ჩვენი იდენტობის დაკარგვა ან რაღაცნაირად გადაგვარებაა - არ არის სწორი. ჩვენი იდენტობა სწორედ ტოლერანტობა, ჩვენი იდენტობა არის სწორედ თავისუფლება, თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი იდენტობა მრავალფეროვნებაა, რაც საუკუნეების მანძილზე საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი იყო და ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენი იდენტობა იყოს გაძლიერებული, გამყარებული, სწორედ ევროპაა ის სივრცე, სადაც პატარა ქვეყნისთვის ყველაზე მეტი საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენ ეს იდენტობა გავიტანოთ, სხვებს დავაფასებინოთ და ჩვენც ჩვენი თავი დავაფასოთ. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს არაფრის, ჩვენ ჩვენს თავში დაჯერებულნი უნდა ვიყოთ და ესეც სწორედ ისაა, რაც თქვენ ყველაზე კარგად შეგიძლიათ. ეს [ტაში] თქვენ გეკუთვნით, რადგან თქვენ უკვე აჩვენეთ, ის, რაც გინდათ და რისთვისაც მზად ხართ, რომ იბრძოლოთ. მე ვიტყოდი, რომ გადაწყვეტილებაში, რომელიც კომისიის მიერ იყო მიღებული, თქვენი დიდი წვლილია (არ მინდა ახლა, დავიწყო, ვის რა წილი ეკუთვნის ამ გადაწყვეტილებაში). რომ არა 8 მარტის გამოსვლები, რომ არა ევროპიდან საქართველოში დანახული ევროპული დროშები და რომ არა ეს დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, შეიძლება, ცოტა დაფიქრდებოდნენ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ, დიდი მადლობა თქვენი წვლილისათვის. მაგრამ ეს ამით არ მთავრდება, თქვენი წვლილი და თქვენი გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია. მადლობა ყველას, რომ ხელი მოაწერეთ ამ პეტიციას, მაგრამ ეს პეტიცია არ არის ჩემი და არ არის ჩემთვის. ეს არის თქვენი პეტიცია და ერთი ხელმოწერა არაფერს არ წყვეტს. თქვენ ეს უნდა გააზიაროთ, მონახოთ ადამიანები, რომლებიც ასევე გააზიარებენ. აქ მე მგონი 35 ორგანიზაციაა მოსული, თქვენი ორგანიზაციები უნდა იყვენენ ჩართული ამაში, ეს მართლა უნდა გახდეს თქვენი პეტიცია ევროკავშირისადმი, ასევე, 6 უნივერისტეტის და აქ, 7 რეგიონის წარმომადგენლები ხართ. ეს პროცესი ყველგან უნდა გაიშალოს, თუ გვინდა, რომ დავანახოთ, რომ ეს ნამდვილად სრულიად საქართველოს მიმართვაა და არა რაღაც, პრეზიდენტის ინიციატივა, როგორც ეს საწყის ეტაპზე იყო - ახლა ეს თქვენი ინიციატივაა, გადმოგეცით მე ეს თქვენ და თქვენ იცით, ამას როგორ გააცოცხლებთ და კიდევ გაზრდით და ბოლომდე მიიტანთ. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არც 15 დეკემბერს არ მთავრდება ეს გზა. 15 დეკემბერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამ ეტაპისთვის გადამწყვეტი, მაგრამ მერე იწყება, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი. იწყება ის ეტაპი, როცა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ რეალურად ეს გადაწყვეტილება და ეს სტატუსი, რაც დიდი ალბათობით მოგვენიჭება, ამისი ღირსნი ვართ და ჩვენ სხვანაირად ვერ ვაჩვენებთ ამას, თუ არა იმით, რომ ჩავატარებთ ძალიან ღირსეულ, თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს. აქ მე პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ. ეს ყველას სურვილია და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ ვერ ვიქნებით შემდეგი ეტაპის ღირსი, რომელიც იმ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა, რომელიც ძალიან რთული და დიდი პროცესია, სადაც ამ საშუალებას დიდი ალბათობით მისცემენ უკრაინას და შესაძლებელია, მოლდოვას უკვე დეკემბერში, მაგრამ ეს ჯერ საბოლოოდ არავინ იცის. მაგრამ ეს არის ის გზა, რაც სამივე ქვეყანამ უნდა გაიაროს, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან სამივე ქვეყანას დაახლოებით იგივე გამოწვევები აქვს, ჩვენ გეოპოლიტიკურად ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. ცხადია, უკრაინა ბევრად რთულ ვითარებაშია, ვიდრე მოლდოვა, ან საქართველო, მაგრამ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არანაკლებად მძიმე სიტუაციაა და დრო არ ითმენს და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისათვის, (რეალურად არ ჩანს, რომ ვინმეს რამე რეალური სტრატეგია გააჩნია), რეალური გამოსავალი ასევე ევროპაა, ევროპასთან მიერთება და ევროპის გზის გახსნაა. ეს ასევე, მათი გზაა თავისუფლებისკენ და ევროპის ამ გზაზე ჩვენგან უნდა გავიდნენ, ცხადია სხვა საშუალება არ აქვთ. ამიტომ ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა, ყველანაირი თავისუფლება, ყველანაირი უსაფრთხოება: დაწყებული სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებით, ძალადობის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დაცვით - ეს ყველაფერი დევს იმ რეკომენდაციებში, დევს იმ შესასრულებელ ნაბიჯებში, რაც ევროპამდე მიგვიყვანს. არ არსებობს არცერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის არ არის საჭირო და რომ იყოს ისეთი რამ, რაც ჩვენ არ გვინდა, ვერავინ გვაიძულებს და არავინ არ უნდა გვაიძულოს. მე ვფიქრობ და საერთოდ ეს არის ჩემი მიდგომა, რომ ბევრად აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულნი ამ პროცესში. ანუ ეს უნდა იყოს ორმხრივი, ეს უნდა იყოს თანასწორი და ამის ყველა საშუალება არსებობს, თუ ჩვენ ვიქნებით ჩართულნი, თუ ჩვენ გვეცოდინება რეალურად რა გვინდა და არ დაველოდებით, რომ ვიღაცამ გვითხრას:- რა გვინდა და რა არ გვინდა. ამიტომ, საზოგადოება ამ შემთხვევაში, ამ ყველაფრის მთავარი აქტორია და საზოგადოება, პირველ რიგში, თქვენ ხართ იმიტომ, რომ ამ საზოგადოების ყველაზე აქტიური, ყველაზე დინამიური ნაწილი თქვენ ხართ. იმ შემთხვევაში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამას აიღებთ თქვენ თავზე. თუ თქვენ მხოლოდ იმაზე იფიქრებთ, როდის უნდა დატოვოთ ქვეყანა, დაკარგოთ იმედი და წახვიდეთ სხვაგან, მაშინ ეს საზოგადოება თვითონ იქნება უიმედო, რადგან საზოგადოება, რომელშიც ახალგაზრდებს თავიანთი მომავლის იმედი აღარ აქვთ, ის საზოგადოება ძალიან მძიმე დღეშია და ის თავის თავზე ვერაფერს აიღებს. ვიცი, ყველას აქვს სურვილი, რომ თავისი თავი სადღაც მონახოს, თავისი პერსპექტივა, თავისი თავი განავითაროს და ცხადია, ხშირ შემთხევვაში, ეს ხდება იმით, რომ უნდა გახვიდე საზღვარგარეთ, იქ მიიღო მეტი განათლება, მეტი გამოცდილება - ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ადგილი, თქვენი იმედი და თქვენი პერსეპქტივა ამ ქვეყანაში არ არის. იგივეს ვიტყვი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აქ არ არიან და დღეს სწავლობენ და მუშაობენ საზღვარგარეთ, ან დღეს წასულები არიან ცოტა უფრო დიდი ხნით უცხოეთში, მათი მომავალიც აქ არის, სადაც თქვენ ყველაზე უფრო დაფასებულები იქნებით, მე არ ვამბობ, რომ დღეს ხართ, მაგრამ სადაც ყველაზე უფრო დაფასებული, ყველაზე უფრო საჭირო იქნებით არის თქვენი ქვეყანა. დამიჯერეთ, სხვაგან ყოველთვის უცხოელი და ნაკლებად დაფასებულნი იქნებით, ნაკლებად თქვენ ადგილას. ძალიან წარმატებული ადამიანებიც არიან, რომლებიც სადაც არ უნდა იყვნენ მსოფლიოში იმ სიმაღლეზე არიან, რომელიც უკვე სხვა კატეგორიას განეკუთვნება და ყველას გისურვებთ, რომ მიაღწიოთ იმ მწვერვალებს რომელსაც ზოგიერთმა სპორტსმენმა, მუსიკოსმა და შემოქმედმა მიაღწია. მაგრამ ეს ქვეყანა პატარა ქვეყანაა. ამ ქვეყანას ძალიან სჭირდებით, მოდით და ერთად ვცადოთ, რომ ამ ქვეყანას კიდევ ერთი შანსი მივცეთ!“ განაცხადა ზურაბიშვილმა. ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.  

გერმანიამ უკრაინას Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები გადასცა

გერმანიამ უკრაინას 20 Marder-ის ტიპის ჯავშანმანქანა, Wisent-1-ის გამანადგურებელი ტანკი, 2,380 155 მმ-იანი ჭურვი და სხვა დახმარება გადასცა. ამდენად, ბერლინმა კიევს წულ 80 Marder-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანა მიაწოდა.  21 ნოემბერს კიევში ვიზიტისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის 1,3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა.  

აშშ-კანადის სასაზღვრო გადასასვლელზე ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-კანადის სასაზღვრო გადასასვლელზე ავტომობილის აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აფეთქების შედეგად, მანქანაში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაინახეს მანქანა, რომელიც დიდი სიჩქარით უახლოვდებოდა ხიდს, რასაც მოჰყვა ძლიერი აფეთქება. გამოძიებას ფედერალური ბიურო და პოლიცია აწარმოებენ. ხიდი კვეთს მდინარე ნიაგარას, ეს გზა მთავარი დამაკავშირებელია აშშ-სა და კანადას შორის.  

ფინეთი რუსეთთან ერთის გარდა ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს

ფინეთი რუსეთთან ერთის გარდა ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა. ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 ნომბრის ღამეს ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე შვიდი გამშვები პუნქტი დაიხურება - იმატრა, კუუსამო, ნიირალა, ნიუიამაა, სალა, ვაალიმა და ვარტიუსი. ფინეთ-რუსეთის საზღვრის კვეთის მხოლოდ ერთი პუნქტი რაია-იოოსეპი იმუშავებს, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე განცხადების შეტანას შეძლებენ. ხსენებული სასაზღვრო პუნქტი გეოგრაფიულად ყველაზე რთულად მისასვლელ ადგილას მდებარეობს და დღეში მხოლოდ 4 საათის განმავლობაში მუშაობს. ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ოთხი პუნქტი დახურა  

ლეო დოქერტი: დიდი ბრიტანეთი რუსეთის მავნე ქმედებების წინააღმდეგ საქართველოს მედეგობის გაზრდას მხარს დაუჭერს

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. „დავარწმუნე მინისტრი დარჩიაშვილი, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის მავნე ქმედებების წინააღმდეგ მედეგობის გაზრდას მხარს დაუჭერს,“ - წერს დოქერტი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). ბრიტანელი მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში სომხეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც საქართველოს ეწვია. ლეო დოქერტი ბაქოში 22 ნოემბერს ჩავიდა. ლეო დოქერტი: დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს რა საკითხები განიხილა ლეო დოქერტიმ თბილისში გამართულ შეხვედრებზე  

მოვუწოდებ ევროპულ საბჭოს, გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები დაასანქცირონ - გრეგოროვა

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები. ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ თამაზ გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა, მათ შორის, გამოთქვა აზრი, მათი ვინაობები მომდევნო სანქციების პაკეტს დაემატოს. „მე არ ვანსხვავებ ერთ უდანაშაულო სიცოცხლეს ათასობით უდანაშაულო სიცოცხლისგან. თითოეულ ასეთ შემთხვევაზე თანაბრად ძლიერი რეაქცია უნდა გვქონდეს. როდესაც რუსეთის ჯარებმა დაუწყეს სროლა ჩვენს უკრაინელ მეზობლებს, ჩვენ სასწრაფოდ მოვახდინეთ რეაგირება და დავაწესეთ სანქციები. ჩვენს მეზობლად არის კიდევ ერთი ოკუპირებული ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს და გაიტაცეს. საქართველო შორსაა? დიახ. ამას აქვს მნიშვნელობა? - არა. პირველ რიგში, მოვუწოდებ ევროპულ საბჭოს, დაამატოს მომდევნო სანქციების პაკეტს ან შეიმუშაოს ახალი, მათ შესახებ, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობასა და საქართველოს მოქალაქეების ტანჯვაზე. კრემლს სურს აცხოვროს ისინი შიშში, რათა საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვიოს. მივცეთ მათ გამბედაობა და ნებისყოფა,” - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ რადიო თავისუფლების ცნობით.  

მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ვგმობთ რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს ამ მიზნებს - ლექსმანი

ევროპარლამენტის სასესიო დარბაზში სიტყვით თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტის ყველა თანაავტორი გამოვიდა. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და მკაცრად დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქეების მკვლელობა, წამება, გატაცება და უფლებების მასობრივი რღვევა. ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი სანქციების სიის შექმნა მოითხოვეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებისთვის შესაბამისი პირების დასანქცირებას ისახავს მიზნად. „ეს მტკიცე ტექსტი არის დადასტურება, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, იცავს ადამიანის უფლებებს. სრულიად ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას, ეს ფაქტი ისევე, როგორც ყველა სხვა მკვლელობის გატაცების, უკანონო დაკავებისა და წამების შემთხვევა რუსული საუკუპაციო ძალების პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ეს არ მოხდებოდა, რომ არა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა გასამართლეს, მათ შორის, უნდა დაუწესდეთ მიზანმიმართული სანქციები, ამას გარდა, რუსეთმა უნდა შეაჩეროს თავისი უკანონო ოკუპაცია. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთისა და მისი მარიონეტების ყველა მცდელობას, გამოუთხარონ ძირი ამ მიზნებს,” - განაცხადა მირიან ლექსმანმა. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ. ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროპულ საბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები. რეზოლუციის ტექსტით, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა: "ევროპის სახალხო პარტია"; "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:"; "რეფორმების ჯგუფი"; "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები"; "ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი".  

შეიქმნას “ქართული სია“, დასანქცირდნენ ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები - დებატები ევროპარლამენტში

თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ დებატები ევროპარლამენტში 22 ნოემბერს გაიმართა. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, შეიმუშავოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები. ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ამ სიას "ქართული" უწოდა. „დღეს ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას ევროკავშირის სია, სანქციების სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის მსგავსი, ქართული სია, რომელიც ამ ტიპის ქმედებების დროს სანქციების დაწესების შესაძლებლობას მოგვცემს." სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წარმომადგენელმა, სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების სია საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით უნდა შემუშავდეს. „კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას...ჩვენ ასევე მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა უშუალო დამრღვევები პასუხისგებაში მიეცნენ. ამ მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით შექმნას სია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებათა დარღვევაზე და მათ წინააღმდეგ ეფექტიანი, მიზანმიმართული სანქციები დააწესოს,” - განაცხადა სვენ მიქსერმა. რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეზოლუციის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს შედგება.  

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ირაკლი ქურციკიძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. ქურციკიძე პროფესიონალი სამხედრო იყო და უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.  2022 წლის თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ომში, უკრაინის მხარეს მებრძოლი 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.   

მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან კონსულტაციით შექმნას ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების სია, ვითხოვთ რუსეთის ოკუპაციის დასრულებას - მიქსერი

სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წარმომადგენელმა, ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების სია საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით უნდა შემუშავდეს. მან აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გინტურის მკვლელობა განსაკუთრებით სასტიკი და ძალადობრივი იყო, თუმცა ეს არ არის განცალკევებული შემთხვევა.  „კანდიდატის სტატუსის მიღების წინ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის “ადმინისტრაციულ საზღვარზე“ მოკლეს. მკვლელობა ოკუპანტების მიერ ჩადენილი განსაკუთრებით სასტიკი და ძალადობრივი დანაშაულია, მაგრამ ეს არ არის განცალკევებული შემთხვევა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მიიტაცა საქართველოს კუთვნილი ტერიტორია 2008 წელს, არსებობდა მსგავსი ინციდენტების მუდმივი ნაკადი. ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქეების შევიწროებას, ადამიანის უფლებების დარღვევას, უკანონოდ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, მცოცავ ოკუპაციას, ბორდერიზაციასა და პასპორტიზაციას. დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთადერთი მუდმივი საერთაშორისო წარმომადგენელია, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად. მნიშვნელოვანია, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უზრუნველვყოთ ადეკვატური რესურსით, რაც საჭიროა ამ მისიის განსახორციელებლად. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა და მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ვიდრე ჩვენ ვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ადამიანთა მკვლელობაზე. მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების საფუძველზე მოამზადოს სია იმ ადამიანების, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე და დააწესოს მათ წინააღმდეგ ეფექტიანი მიზანმიმართული სანქციები,“ – განაცხადა სვენ მიქსერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეზოლუციის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს შედგება.  

თავდაცვის მინისტრი რუმინელ კოლეგას შეხვდა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის თავდაცვის მინისტრს ანგელ ტილვარს შეხვდა.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის შეთანხმების დოკუმენტზე, რომელსაც 2022 წელს მოეწერა ხელი. მხარეებმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებში რუმინული მხარის მონაწილეობაზეც იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) რუმინელი დამკვირვებლების მონაწილეობისა და სამხედრო სწავლებებში ქართველი სამხედროების ჩართულობის საკითხებს. ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის რესპუბლიკაში, ანკარაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს ესწრება, რომელშიც NATO-ს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყანა მონაწილეობს. მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.  

შუა დერეფანი SPECA-ს ქვეყნებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი) ნიშნავს ეკონომიკურ აღორძინებას და SPECA-ს (გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკებისთვის) ქვეყნებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის. შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა SPECA-ს მმართველი საბჭოს მე-18 სესიაზე გააკეთა. მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არამხოლოდ სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს შუა დერეფანში, არამედ დგამს ნაბიჯებს დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად. „ჩვენი ქვეყნის პორტები, რომლებიც მდებარეობს კასპიის ზღვაზე, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პორტები იძლევა საშუალებას, შევამციროთ გადაზიდვის დრო და სატრანზიტო ხარჯები. ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობით ვქმნით პირობებს სხვა ქვეყნებიდან ტვირთის ტრანსპორტირებისთვის,“ - აღნიშნა ჯაბაროვმა. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

დევიდ ქემერონი ისრაელშია

დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი ისრაელში ჩავიდა. ქემერონი შეხვდება როგორც ისრაელის, ასევე, პალესტინის ლიდერებს, რათა განიხილონ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება და მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის.  დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, დევიდ ქემერონი პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა  

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარი ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. 303 წელს წმინდანს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს. 6 მაისი წმიდანის აღსრულების დღეა.  

მედია: მოსკოვის ოლქის რამდენიმე რაიონი აფეთქებების შემდეგ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

მოსკოვის ოლქის რამდენიმე რაიონი, მათ შორის ქალაქი ლიტკარინო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც 23 ნოემბერს, ელექტროენერგიის ქვესადგურებთან აფეთქებები დაფიქსირდა. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ რესურსებზე დაყრდნობით წერს. ლიტკარინოში მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ხანძარი გაჩნდა დაახლოებით ღამის პირველ საათზე შენიშნეს. ქვესადგურის გათიშვიდან რამდენიმე საათის შემდეგ ლიტკარინოს ელექტრომომარაგება აღუდგა, მაგრამ დომოდედოვოსა და ოდინცოვოს ურბანულ რაიონებში ზოგიერთი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.  

არჩევნებში ულტრამემარჯვენე გერტ ვილდერსის გამარჯვებას დიდი შედეგი მოჰყვება ნიდერლანდებსა და ევროპაში - Reuters

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ნიდერლანდელი ანტიევროკავშირი, ულტრამემარჯვენე გერტ ვილდერსი კოალიციური პარტნიორების ძებნას იწყებს. Reuters-ი ნიდერლანდებში გამართულ კენჭისყრას ასე აღწერს -  არჩევნები, რომელსაც დიდი შედეგი მოჰყვება ნიდერლანდებსა და ევროპაში. ევროსკეპტიკოს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის გულშემატკივარმა,  ევროკავშირის მოწინააღმდეგე ვილდერსმა პირობა დადო, რომ ყველა იმიგრაციას შეაჩერებს, შეამცირებს ჰოლანდიის გადასახადებს გაერთიანებაში და დაბლოკავს ნებისმიერი ახალი წევრის, მათ შორის უკრაინის შესვლას. „ცვლილების ქარი აქ არის! ვულოცავ გერტ ვილდერსს არჩევნებში გამარჯვებას," - განაცხადა ორბანმა. ვილდერსმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა უნდა შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რადგან მისი თქმით, ქვეყანას თავად სჭირდება იარაღი, რათა თავის დაცვა შეძლოს. ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნების შედეგების 98%-ია დათვლილი და საპარლამენტო არჩევნებში გერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) გაიმარჯვა, რომელიც პარლამენტში 37 მანდატს მიიღებს, იმაზე ორით მეტს, ვიდრე არჩევნებამდე ეგზიტპოლები წინასწარმეტყველებდა. ამჟამად პარტიას პარლამენტში 17 მანდატი აქვს. მეორე ადგილს, მემარცხენე-მწვანეებისა და ლეიბორისტების კოალიცია (GroenLinks-PvdA) იკავებს, რომელსაც ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანსი ხელმძღვანელობს და სავარაუდოდ, 25 მანდატს მიიღებს. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს სახალხო პარტიას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD), 24 მანდატის მიღება შეუძლია. ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია ახალი სოციალური კონტრაქტი (NSC), რომელსაც პიტერ ომციგტი ხელმძღვანელობს, ნიდერლანდების პარლამენტში 20 მანდატს მოიპოვებს. ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 77,8% შეადგინა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, არჩევნების შემდეგ ნიდერლანდებს მთავრობის კოალიციის ფორმირების ხანგრძლივი პროცესი მოელის.  

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია ომის დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებაა - ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ თითოეულ დანაშაულს უნდა მოჰყვეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმობა, სამართლებრივი ქმედებები, ისევე როგორც ევროკავშირის სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე,  აუსტრევიჩიუსის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია პირდაპირი მტკიცებულებაა ომის დანაშაულისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის. „რუსეთის საოკუპაციო ძალები აწარმოებენ პროვოკაციების აქტიურ პოლიტიკას, ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას, იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს. 58 წლის თამაზ გინტური, საქართველოს მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანასკნელი მსხვერპლია. ის მოკლეს მამის საფლავის მონახულებისას. მასთან მყოფი ლევან დოთიაშვილი კი უკანონოდ დააკავეს“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.  რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეზოლუციის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს შედგება.  

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის სამოქალაქო ავიაცია „კოლაფსის ზღვარზეა“

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ „რთული და წარმატებული კიბერსპეცოპერაცია“ ჩაატარა, რომლის სამიზნე რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაცია“ იყო. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, სპეცოპერაციის შედეგად „როსავიაციის“ შიდა მოხმარების დოკუმენტებზე წვდომამ ცხადყო, რომ საერთაშორისო სანქციების გამო რუსეთის სამოქალაქო ავიაცია „კოლაფსის ზღვარზეა“. დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთში თვითმფრინავების ძრავის, შასის და ფრთის გაუმართაობით გამოწვეულმა ინციდენტებმა უკვე სისტემური ხასიათი მიიღო. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა სამოქალაქო ავიაციის სფეროც მოიცვა. 2023 წლის პირველ 9 თვეში აღრიცხულია თვითმფრინავების ტექნიკური გაუმართაობის 150 შემთხვევა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (50 შემთხვევა) სამჯერ მეტია.  

ლეო დოქერტი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს აჯამებს

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს აჯამებს. დოქერტის თქმით, სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ევროპის მომავალი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის უმნიშვნელოვანესია. „ერევანში განვიხილე სომხეთის რეფორმების დღის წესრიგი და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. თბილისში ხაზი გავუსვი დიდი ბრიტანეთის განგრძობად მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბაქოში მივესალმე აზერბაიჯანის ძალისხმევას განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ ვცდილობთ რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებას. ბაქოსა და ერევანში მხარეებს მნიშვნელოვანი დიალოგში ჩართვისკენ მოვუწოდე, გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. სამხრეთ კავკასიის როლი უმნიშვნელოვანესია ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. დიდი ბრიტანეთი გაზრდის თანამშრომლობას რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის შესანარჩუნებლად,” - აღნიშნავს დოქერტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. ლეო დოქერტი: დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს რა საკითხები განიხილა ლეო დოქერტიმ თბილისში გამართულ შეხვედრებზე  

სოფელ კირბალში პოლიციაა მობილიზებული

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალში, რომელიც საოკუპაციო ხაზს ემიჯნება, პოლიციაა მობილიზებული. რადიო თავისუფლება იუწყება, რომ რამდენიმე ეკიპაჟი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილდება და გადაკეტილი აქვთ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშისკენ მიმავალი გზა. დასავლეთ ქედზე კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მოძრაობენ და ვითარებას აკვირდებიან. ადგილობრივები გიორგობას ტრადიციულად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნავენ, რომელიც სოფლის სასაფლაოსთან არის. კირბალელები ამბობენ, რომ 6 ნოემბრის შემდეგ სოფელში საპოლიციო ძალების დამატებითი ჯგუფები პატრულირებენ და უსაფრთხოება გაძლიერებულია. მიუხედავად ამისა, მათ სასაფლაოზე გასვლის მაინც ეშინოდათ, რადგან იქ ხშირად ჩნდებიან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები და ადგილობრივებს ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებენ ხოლმე. მათი თქმით, რომ არა პოლიცია, სოფლის ეკლესიაში წასვლას ბევრი დღესაც ვერ გაბედავდა. კირბალის სასაფლაოზე, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია, ადგილობრივი ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის საფლავთან მივიდა. დოთიაშვილი 6 ნოემბერს გინტურთან ერთად ლომისის ეკლესიის ნიშში იმყოფებოდა. იმ დღეს რუსმა სამხედროებმა უკანონო დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. თამაზ გინტური კირბალის სასაფლაოზე 11 ნოემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს.