ძებნის რეზულტატი:
ზელენსკიმ თავდაცვის მაღალჩინოსნებს დაავალა, წარმოადგინონ ყოვლისმომცველი გეგმა უკრაინაში შემდგომი სამხედრო მობილიზაციისთვის
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის და თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს დაევალათ, რომ ახალი სამობილიზაციო გეგმა მომავალ კვირას წარადგინონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, შტაბის დღევანდელ სხდომაზე მან მოისმინა მოხსენებები სამობილიზაციო სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის ვარიანტებზე. „მთელი გეგმა შემუშავდება, სიმართლე გითხრათ, ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ რაღაც საკითხები, მაგრამ მინდა, ხალხმა გაიგოს მთელი სამოქმედო გეგმა, სად მივდივართ და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ... ამ საკითხზე ყოვლისმომცველი გეგმა მომავალ კვირას იქნება. ყოველ შემთხვევაში, ეს ამოცანაა დასახული ზალუჟნიის, უმეროვის და სხვა მინისტრების წინაშე, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული ეკონომიკურ საკითხებზე, ამიტომ, ეს უნდა მოგვარდეს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ლატვიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი უკრაინაში ჩავიდა, ეწვია კიევსა და ჩერნიგოვის ოლქში, რომლის აღდგენაშიც ლატვიაა ჩართული. ამისთვის ქვეყანამ $5,5 მილიონზე მეტი უკვე გაიღო. ზელენსკიმ ლატვიელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „პრეზიდენტმა რინკევიჩსმა გაიმეორა ლატვიის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის, მათ შორის სამხედრო დახმარების მიმართ,“ დაწერა ზელენსკიმ სოციალურ მედიაში და აღნიშნა, რომ მან და რინკევიჩსმა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს. ლატვიის მეზობელი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე კიევში ასევე 24 ნოემბერს ჩავიდა.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერას ნიდერლანდების არჩევნების შედეგები ახლო მომავალში გამოწვევას არ შეუქმნის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმი ზელენსკი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის მხარდაჭერას ნიდერლანდების მხრიდან არანაირი გამოწვევა არ ექნება. „რაც შეეხება ნიდერლანდებს: გთხოვთ, ნუ იქნებით შოკირებულნი. ვფიქრობ, ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს. ეს სტატუსი დღესაც გრძელდება და მას მხარს უჭერს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში გამოწვევები არ იქნება," - განაცხადა ზელენსკიმ ლატვიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კიევში. არჩევნებში ულტრამემარჯვენე გერტ ვილდერსის გამარჯვებას დიდი შედეგი მოჰყვება ნიდერლანდებსა და ევროპაში - Reuters
ლატვია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის კიდევ 5 მილიონ ევროს გამოყოფს
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლატვიის მთავრობამ 2023 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ ჩერნიგოვის რეგიონის რეკონსტრუქციისთვის 5 მილიონი ევრო გამოყო და იმავე თანხის გამოყოფას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის მომავალ წელსაც გეგმავს. „წელს ჩვენ 5 მილიონი ევრო დავხარჯეთ ჩერნიგოვის რეგიონში. ეს არის მხოლოდ სამთავრობო სახსრები, კერძო სუბიექტების მიერ დაბანდებული თანხების გათვალისწინების გარეშე. მომავალ წელს ვგეგმავთ მინიმუმ 5 მილიონი ევროს გამოყოფას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის," განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
კანადა უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის
კანადა უკრაინას 11000-ზე მეტ თავდასხმის თოფსა და საბრძოლო მასალას გადასცემს, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ტრუდომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება და რომ უკრაინას სჭირდება შემდგომი მხარდაჭერა საკუთარი თავის დასაცავად. „კანადა უკრაინას ჩუქნის 11000-ზე მეტ თავდასხმის თოფს და 9 მილიონზე მეტ ტყვიას,“ - აღნიშნა ტრუდომ. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კანადამ უკვე გაუწია უკრაინას თავდაცვითი დახმარება თითქმის 2 მილიარდი დოლარის ოდენობით.
დანია უკრაინის სამხედრო დახმარებას 2027 წლამდე 3 მილიარდ ევროზე მეტით გაზრდის
დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანა უკრაინის სამხედრო დახმარებას 2027 წლამდე 3 მილიარდ ევროზე მეტით გაზრდის. დანიის მთავრობა და პარლამენტი მარტში შეთანხმდნენ რომ უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარებისთვის ფონდს შექმნიდნენ. „დანია უკრაინის ერთგული მხარდამჭერია და ახლა, როდესაც ჩვენ ამ მხარდაჭერას ვაძლიერებთ, ამით მკაფიო სიგნალს ვაგზავნით, რომ უკრაინელებს შეუძლიათ დანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში," - განაცხადა დანიის თავდაცვის სამინისტრომ.
ისრაელმა პატიმრობიდან 39 პალესტინელი გაათავისუფლა
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელმა 39 პალესტინელი ქალი და ერთი არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მათი გათავისუფლება კატარის შუამავლობით ისრაელსა და "ჰამასს" შორის, დროებითი ზავის პირობებში მოხდა. „ცეცხლის შეწყვეტის „შეთანხმების პირველი დღის ვალდებულებების შესრულების ჩარჩოებში ვადასტურებთ 39 ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებოდნენ,“ აცხადებს კატარის საგარეო უწყება. წითელი ჯვრის განცხადებით, „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა - BBC
ზელენსკი: უკრაინას სჭირდება "სამი გამარჯვება" სამხედრო დახმარების გაგრძელების მიმართულებით
უკრაინას სჭირდება სამი გამარჯვება პარტნიორებისგან უსაფრთხოებისა და თავდაცვითი დახმარების მიღების საკითხში - პოზიტიური გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესისგან დამატებითი სახსრების გამოყოფის შესახებ. ევროკავშირის მიერ 50 მილიარდი ევროს პაკეტის უზრუნველყოფა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ღია დიალოგის დაწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის პარტნიორებმა იციან, რომ რუსეთის ფედერაცია მაქსიმალურად იყენებს ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში, რათა საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს უკრაინის დახმარებიდან, ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ასევე აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერა არ შემცირდეს. კერძოდ, მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, კონგრესში ორივე პარტიასთან, ასევე ევროკავშირთან. „ჩვენ გვჭირდება სამი გამარჯვება. პირველი არის აშშ-ის კონგრესი. ეს არის გამოწვევა. ეს არ არის ადვილი. ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ უკრაინამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მასზეა დამოკიდებული და კიდევ უფრო მეტი, რათა ეს დახმარება იყოს ხელმისაწვდომი. მე მჯერა, რომ ეს იქნება. მეორე არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა, რათა 50 მილიარდი ევროს პაკეტი მივიღოთ. დღეს ევროკავშირში ყველა არ არის მზად ამ პაკეტის მხარდასაჭერად, მაგრამ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მხარს დაუჭერს ამ პაკეტს. მესამე არის ღია დიალოგი ევროკავშირში ჩვენი სამომავლო გაწევრიანების შესახებ. ეს არის ჩვენთვის მოტივაციური ნაბიჯი," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
პაველ ჰერჩინსკი: დაუშვებელია ნებისმიერი სახის ძალადობა სახლში, სამსახურში, საჯარო სივრცეში
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით“ განაცხადა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა სახლში, სამსახურში, საჯარო სივრცეში ან სხვა ნებისმიერ ადგილას. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მთელ მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას პარტნიორის მხრიდან ან ნებისმიერი სხვა სახის სექსუალურ ძალადობას ცხოვრების განმავლობაში წარმოშობის, ეთნიკური წარმომავლობის, კულტურისა თუ რელიგიის მიუხედავად. „ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გენდერული ძალადობის მიმართ. ეს არის ადამიანის უფლებებისა და ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების მძიმე დარღვევა საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად შესაბამის ორგანოებთან ერთად დაცვისა და პრევენციის გაძლიერების გზით ვმუშაობთ. ხელს ვუწყობთ საიმედო დამხმარე სერვისების შექმნას, როგორიცაა, თავშესაფრები და გადარჩენილთათვის თავშესაფრის შემდგომი დახმარება. ვმუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზე, არასათანადო დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე, ასევე გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევაზე. დღეს მაქვს ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი: ნუ გაჩუმდებით! ეს არ არის კერძო საკითხი, არც ქალთა საკითხია. ეს არის მთელი საზოგადოების და მთელი საქართველოს მოსახლეობის პრობლემა. თუ ხედავთ ძალადობას სახლში, სექსუალურ შევიწროებას სამსახურში ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ინტერნეტში – ამის შესახებ შეატყობინეთ. ეს არის დანაშაული. ეს ძალადობის მანკიერი წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა,” - აცხადებს დიპლომატი.
დენის შმიგალი: უკრაინა გერმანიისგან 50 მილიონ ევროს მიიღებს
უკრაინა გერმანიისგან ეკონომიკის მხარდასაჭერად 50 მილიონ ევროს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „ეს თანხები მთავრობას დაეხმარება, რომ ბიზნესის მხარდაჭერა და შეღავათიანი კრედიტების პროგრამის „5-7-9“-ის დაფინანსება გააგრძელოს “, - განაცხადა შმიგალმა. შმიგალმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამ თანხებს სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისთვის და სხვა კრიტიკული საჭიროებისთვის გამოიყენებს. უკრაინის პრემიერმა საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მიანმარის საზღვართან ჩინეთი სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს
მიანმარის საზღვართან ჩინეთი სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ჩინეთის გადაწყვეტილება, გუშინდელ ინციდენტს მოჰყვა, როდესაც სატვირთო მანქანების კოლონა, რომელსაც პროდუქტები გადაჰქონდა, საზღვართან ახლოს ცეცხლის ალში გაეხვა. ჩინეთის სამხედრო წვრთნების მიზანს ჯარების სწრაფი მანევრირების, საზღვრების დაცვისა და შეიარაღების გამოცდა წარმოადგენს. მიანმარის სახელმწიფო მედიამ ინციდენტში აჯანყებულები დაადანაშაულა, ჩინეთმა კი, მომხდარის მიმართ შეშფოთება გამოხატა. 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარს სამხედრო ხუნტა მართავს. უკანასკნელ პერიოდში ხუნტა აჯანყებულების გახშირებულ კოორდინირებულ შეტევებს ებრძვის, რის შედეგადაც, მიანმარის არმიამ რამდენიმე ქალაქსა და სამხედრო პუნქტზე კონტროლი დაკარგა.
ბაიდენი „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლებაში აშშ-ის დიპლომატიის როლს აქებს: ეს მხოლოდ დასაწყისია
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 ნოემბერს „ჰამასის“ (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფება) მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების საქმეში აშშ-ის დიპლომატიის დამსახურება შეაქო. ჯო ბაიდენმა, რომელიც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის მიღწევას აქტიურად ცდილობდა აღნიშნა, რომ ზავის გახანგრძლივების შანსები რეალურია. როგორც ცნობილია, „ჰამასმა“ 24 მძევალი, მათ შორს ისრაელის 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ფილიპინელი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცა, ხოლო ისრაელმა ციხეებიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. „დღეს, მე ჩემ გუნდთან ერთად მიმდინარე პროცესი განვიხილე, რადგან ჩვენ შეთანხმების განხორციელების პირველი რამდენიმე დღე დავიწყეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. დღეს დილიდან დაწყებული ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები ოთხი დღით შეწყდება, რაც მიღწეული იყო აშშ-ის აქტიური დიპლომატიის - ოვალური კაბინეტიდან რეგიონის ლიდერებთან უამრავი სატელეფონო საუბრის ჩათვლით. ჩვენ ვნახეთ ამ შრომის პირველი შედეგები. მე მინდოდა ბრძოლის შეჩერება ორი მიზეზით, რათა დაჩქარებულიყო და გაფართოებულიყო ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, და მეორე - ხელი შეგვეწყო მძევლების გათავისუფლებისთვის," - აღნიშნა ბაიდენმა.
2024 წელს უკრაინაში არჩევნები არ ჩატარდება - დავით არახამია
უკრაინაში მომავალი არჩევნების ჩატარების საკითხი გარკვეულია. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ „1+1“-ის ჟურნალისტ ნატალია მოსიიჩუკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ წელს უკრაინაში არჩევნები არ ჩატარდება. „მომავალ წელს, ვფიქრობ, საერთოდ არ შეიძლება, იყოს არჩევნები. არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი - არც ერთი," - განაცხადა არახამიამ. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო. ზელენსკის შეფასებით, ომის დროს არჩევნებზე საუბარი უპასუხისმგებლობაა.
ელჩი დანიგანი: საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია გენდერულ ძალადობასთან ბრძოლაში, ჩვენ ყველას, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო
აშშ-ის საელჩო თბილისში, უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ყოველწლიურ 16-დღიან კამპანიას. ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ეს არის საერთაშორისო კამპანია, რომელიც ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის პრევენციასა და აღმოფხვრას იასახავს მიზნად. გენდერული ძალადობა ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დაახლოებით ყოველი მესამე ქალი მსოფლიოში მაინც გამხდარა ინტიმური ან არაინტიმური პარტნიორის მხრიდან რაიმე სახის ძალადობის ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. გენდერული ძალადობა წარმოადგენს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მორალური შეთანხმების დარღვევას, რომლის თანახმადაც, ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავი იგრძნოს დაცულად და უსაფრთხოდ. ჩვენ გვჯერა, რომ გენდერული ძალადობის პრევენცია შესაძლებელია. სწორედ ამიტომ აშშ-ის საელჩო უკვე მრავალი წელია, თანამშრომლობს ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ძალადობა-გამოვლილ ადამიანებთან, სახელმწიფო უწყებებთან, სამართალდამცველებთან და სხვა აქტორებთან გენდერული ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაზე. მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია გენდერულ ძალადობასთან ბრძოლაში. 2017 წელს საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა და გადადგა ნაბიჯები მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და პროცედურული ცვლილებების განსახორციელებლად. ჩვენ ყველას, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. მოგიწოდებთ ყველას, გავხდეთ აქტივისტები გენდერული ძალადობის პრევენციისთვის. წელს ჩვენ ვუერთდებით გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რომლის წლევანდელი სლოგანია - „გავერთიანდეთ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციისათვის!“ მოდით, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილი გახდეს ქალებისა და გოგოებისთვის,“ - აღნიშნავს ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი.
საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები: ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის თავიდან ასაცილებლად
საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ქალების და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და დაფარულ დარღვევად რჩება. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გვსურს, შევუერთდეთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, რათა გამბედავად აღვუდგეთ წინ ამ გლობალურ, უმძიმეს პრობლემას. სტიგმისა და დაუსჯელობის გამო, ქალთა მიმართ ძალადობამ პანდემიის მასშტაბებს მიაღწია. მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ქალების და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და დაფარულ დარღვევად რჩება, რაც ერთდროულად გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის მიზეზიცაა და - შედეგიც. ისეთი სამყაროს მშენებლობა, რომელშიც ქალთა მიმართ ძალადობა არა მარტო სათანადოდ დაგმობილი, არამედ აღმოფხვრილიც იქნება, სრულიად რეალურია. ამ პრობლემის პრევენცია არამარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელია. როგორც ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის 2022 წლის 22 ნოემბრის ანგარიშში აღინიშნა, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ყოვლისმომცველი პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა შეიმუშავა, შეაგროვა მონაცემები და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, გააძლიერა ინსტიტუციები. შედეგად, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ჩრდილოვანი პანდემიის დაძლევის გზაზე ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამას გარდა, ძალადობაგამოვლილი პირებისთვის სპეციალიზებული მომსახურებები შეიქმნა: ამოქმედდა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და ცხელი ხაზი; საგულისხმოა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, საქმეებზე უფრო მგრძნობიარედ და მაღალკვალიფიციურად მუშაობის მიზნით, სპეციალიზაცია გაიარეს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აღქმები დადებითად შეიცვალა და მართლმსაჯულების სისტემისა თუ არსებული მომსახურებების მიმართ ძალადობაგამოვლილი პირების ნდობაც ამაღლდა. თუმცა, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, ქალებს ძალადობა კვლავ საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ. ხშირად ფემიციდი მათ მიერ განცდილი ძალადობის სხვა ფორმების გაგრძელებას წარმოადგენს. ისევ მწვავე პრობლემაა საქართველოში სექსუალური ძალადობაც, თუმცა, შეტყობინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და, შესაბამისად, სასამართლომდე საქმეების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ აღწევს. ქართულ საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული პატრიარქალური ნორმების და ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპების შედეგად, ხშირად თავად მსხვერპლს ადანაშაულებენ ხოლმე და, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევებს შემწყნარებლობით ხვდებიან. ჩვენი მოწოდებაა, ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის თავიდან ასაცილებლად. არსებული ძალისხმევა კონკრეტულ ქმედებებად უნდა იქცეს. ამ მიზნით კი აუცილებელია: საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, მათ შორის გაუპატიურების განმარტების ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, „სტამბოლის კონვენციასა“ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ასევე, სათანადო გულისხმიერების გამოჩენა ძალადობის შემთხვევების პრევენციის (მათ შორის, საკითხის ზოგადი განათლების პროგრამებში ინტეგრირების გზით) გამოძიების, დასჯისა და შესაბამისი კომპენსაციის უზრუნველყოფის მიზნით. უმნიშვნელოვანესია ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და გამყარება. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველას გადამწყვეტი როლი ეკისრება, ამიტომ, ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ქალების და გოგოების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების ხელშეუვალი უფლება თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ. „ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ, რათა მათ სრულად და თანასწორად მიიღონ მონაწილეობა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ძალადობის ან შევიწროების შიშის გარეშე,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უერთდებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, NATO-ს სამეკავშირეო ოფისი და ავსტრიის, ახალი ზელანდიის, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, იტალიის, კანადის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის საელჩოები საქართველოში.
საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე შეთანხმდნენ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კონსულტაციების ძირითად თემას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის შეჯამება და 2024 წლის თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ინტენსიური კავშირების გაგრძელებისა და გაფართოების სურვილი გამოთქვეს და კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. „საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა გერმანულ მხარეს ურყევი, თანმიმდევრული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორის როლზე გაამახვილეს ყურადღება; შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანიის როგორც განსაკუთრებული პარტნიორისა და ლიდერი სახელმწიფოს როლიც აღნიშნეს. ორმხრივ კონსულტაციებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, თავდაცვის ატაშეები და გერმანიის შეიარაღებული ძალების ოფისის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ,“ - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანიამ, საფრანგეთმა, ევროკავშირმა და საქართველომ ახალ, მრავალწლიან რეფორმების პროგრამას მოაწერეს ხელი
ევროკავშირი, გერმანია და საფრანგეთი ერთიანდებიან, რომ დაეხმარონ საქართველოს, გახდეს უფრო “მწვანე”. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, გერმანიამ, საფრანგეთმა, ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ახალ, მრავალწლიან რეფორმების პროგრამას “საქართველოს მწვანე ტრანსფორმაცია”. ეს ინიციატივა დაეხმარება საქართველოს იმ რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში, რომელზეც საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული. რეფორმები ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა, განახლებადი ენერგია, მწვანე წყალბადი, ნახშირბადის ფასები, გონივრული მობილობა, დაბინძურების კონტროლი და მდგრადი ფინანსები. ამ საკითხების მოგვარებით პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან მეტად დაახლოებას. პროგრამაში მონაწილე ქართული ინსტიტუტები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) და საქართველოს ეროვნული ბანკი. პოლიტიკის რეფორმის პროგრამა მოიცავს თერთმეტ მიმართულებას, რომლებიც ფოკუსირებულია „მწვანე გადასვლის“ თემებზე, მათ შორის განახლებადი ენერგიის, მწვანე წყალბადის, ნახშირბადის ფასების, დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლასა და მდგრად ფინანსებს. „მწვანე ტრანზიცია საქართველოსთვის“ შექმნილია როგორც პოლიტიკაზე დაფუძნებული საკრედიტო საშუალება, რომლის საშუალებითაც, ევროკავშირის პოლიტიკის წარმატებით განხორციელების სანაცვლოდ, საქართველო შეღავათიანი საბიუჯეტო დაფინანსებით სარგებლობს. 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. გერმანია-ევროკავშირ-საფრანგეთის რეფორმების ახალი პროგრამა არის კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, წარმატებით განხორციელდეს ევროკავშირის პოლიტიკასთან შემდგომი თანხვედრა. გარდა ამისა, ეს არის საქართველოს მთავრობის ვალდებულების აშკარა ნიშანი, გააგრძელოს გზა ევროკავშირისკენ,“ - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზელენსკიმ კიევზე რუსეთის მასშტაბურ შეტევას მიზანმიმართული ტერორიზმი უწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევზე რუსეთის მასშტაბურ შეტევას მიზანმიმართული ტერორიზმი უწოდა. „რუსეთმა უკრაინაში 70-ზე მეტი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა ჰოლოდომორის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. ეს არის მიზანმიმართული ტერორიზმი. სწორედ ამ დროს. რუსეთის ხელმძღვანელობა ამაყობს იმით, რომ მას შეუძლია, ადამიანები მოკლას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ. ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს და მან პასუხი აგოს იმისთვის, რაც ჩაიდინა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობით დაესხა თავს. „ეს იყო რუსეთის ყველაზე დიდი თავდასხმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ,“ - განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, მიკოლა ოლეშჩუკიის თქმით, 75 დრონიდან 71 ჩამოაგდეს. ბოლო მონაცემებით, კიევზე რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბავშვი. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კიევის 77 საცხოვრებელ კორპუსსა და ქალაქის ცენტრალური ნაწილის 120 შენობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა
შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა. ალენ ბერსე აპირებს, განიხილოს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე რუსეთის აგრესიული ომის გავლენა და უკრაინის მიმართ შვეიცარიის გრძელვადიანი მხარდაჭერა. ბერსეს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის უკრაინაში სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ნიკა გელენიძე საქართველოში ჩამოასვენეს. ნიკოლოზ გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა, ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად დაიღუპა. 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ომში, უკრაინის მხარეს მებრძოლი 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე სამშობლოში 13 ნოემბერს ჩამოასვენეს.