ძებნის რეზულტატი:

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7113 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7128 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9697 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9594 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

სასამართლომ კაბუს გირაო შეუფარდა

ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. ის პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. პროკურატურა მსახიობისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, ადვოკატმა მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ითხოვა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება შესთავაზა. საქმის პროკურორის, გიორგი გოგალაძის განცხადებით, ბრალდებულმა დაზარალებულ თამარ მეგრელიშვილს აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა. პროკურორის განმარტებით, კახა აბუაშვილი ცივ იარაღს, დანას ატარებდა. ამასთან, პროკურორის თქმითვე, ბრალდებულს ქალის მიმართ ჩაგვრითი დამოკიდებულება ახასიათებს, ის ასევე განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის 4-ჯერაა ნასამართლევი და მისივე განმარტებით, მსახიობი მიდრეკილია განზრახი დანაშაულების ჩადენისკენ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების სააფრთხეებზე მიუთითებდა.  ადვოკატ დავით სანაძის განცხადებით, საქმეში მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "კაბუს" არ ეკუთვნის. დავით სანაძის განცხადებით, კახა აბუაშვილს ამ მომენტისთვის ნასამართლობა არ აქვს, ის გაქარწყლებულია. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პროკურატურა კახა აბუაშვილის პიროვნულ მახასიათებლებზე საუბრობს, დაზარალებული ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშაა და მისი ადეკვატურობა შესამოწმებელია. სასამართლო პროცესზე კახა აბუაშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ "ადვოკატებს აბსოლუტურად ეთანხმებოდა". ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.  

NATO-სთან თანამშრომლობა, შავი ზღვის რეგიონი - ჯუანშერ ბურჭულაძე თურქ კოლეგას ბაქოში შეხვდა

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა თურქეთის ეროვნულ თავდაცვის მინისტრთან, გენერალ იაშარ გიულერთან გამართა. „კოლეგასთან საუბრისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის მხარეს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის, ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის ჩართულობა, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევები და მზარდი საფრთხეები წარმოადგენდა. საუბარი შეეხო NATO-სთან თანამშრომლობის, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი სამხედრო სწავლებების საკითხებსაც. სამმხრივ მინისტერიალს ქვეყნები როტაციის პრინციპით მასპინძლობენ. მომავალ წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრები საქართველოში ჩატარდება“,  აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მიუღებელია ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, გაამწვავოს სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა განაცხადა, რომ რეგიონის გარეთ მყოფი ქვეყნების მცდელობები სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის გამწვავებისთვის, მიღებელია. ამის შესახებ მან ბაქოში თურქეთის თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს შეხვედრა იყო აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს შორის სტრატეგიულ დონეზე დიალოგის ნათელი მაგალითი. დისკუსიების დროს ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ რეგიონის გარეთ არსებული ქვეყნების მცდელობები, რომლებიც მიმართულია რეგიონში სიტუაციის გამწვავებისკენ, მიუღებელია. კიდევ ერთხელ აღინიშნა კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე, კერძოდ, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა,“ - აღნიშნა ჰასანოვმა. აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა დღეს ბაქოში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და რიგი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას. ილჰამ ალიევი: საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს    

რას პასუხობს ბაქოს პროტესტს ო'ბრაიენი და განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში

განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე, ამ თემით დაინტერესდა მედია ჯეიმს ო'ბრაიენთან საუბრისას. ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ცოტა ხნის წინ გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან - ამ ფონზე, მედიამ ამერიკელ მაღალჩინოსანს ჰკითხა, კარგად ესმის თუ არა ბაქოს ის განსხვავებები, რომლებიც აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის არსებობს. „ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების რეალურ შესაძლებლობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ორივე მხარე ესაუბრება ერთმანეთს პირდაპირ და შუამავლების ჩართულობით. ამით ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას და სარგელებს მთელი რეგიონისთვის. მაგალითად, თუ ცენტრალური აზიიდან ვაჭრობა მოხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით თურქეთში, ეს იქნება არსებითი სტიმული ამ სავაჭრო მარშრუტზე მყოფი ყველა ქვეყნისთვის. და ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას, ვიყოთ ამის ნაწილი. ამავდროულად, თუ მიიღება გადაწყვეტილება, რომ არ განხორციელდეს ეს მშვიდობიანი გზით, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ყველანაირი ინსტრუმენტების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი სავაჭრო მარშრუტის შექმნა. ამდენად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ მხარეებთან და ჩვენ მოუთმენლად ველით, რას გადაწყვეტენ მხარეები. ჩვენ ვიცით, რომ მათ გამოთქვეს ინტერესი სამშვიდობო შეთანხმების ძალიან მალე დადების შესახებ და ჩვენ სიამოვნებით ვიხილავდით ამას,“ - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. ბლინკენი ბრიუსელში NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება ო'ბრაიენმა მანამდე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლს მოაწერეს ხელი

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბაქოში, სამმხრივ ფორმატში მე-10 შეხვედრის შემდეგ პროტოკოლს მოაწერეს ხელი.  აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დოკუმენტში ასახულია ერთობლივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა დღეს ბაქოში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და რიგი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას. საქართველომ და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. მიუღებელია ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, გაამწვავოს სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი  

კატარი: „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა ორი დღით გახანგრძლივდება

აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომში ჰუმანიტარული პაუზა კიდევ ორი დღით გახანგრძლივდება. ამის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას ადასტურებს „ჰამასი“. ცნობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია ისრაელს.  

პრეზიდენტი: არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს ქვეყნის დახმარებას ვთხოვდეთ და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ვაძლევდეთ

არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის დახმარებას ვთხოვდეთ და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზღვარგარეთ მყოფმა მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რომ მის პოლიტიკურ ჩართულობაზეც არის დამოკიდებული ქვეყანა. „არ არის საკმარისი იქ წასვლა და სწავლა, თუ არ არის შინაგანი მოთხოვნილება, რომ ამ ქვეყანას ნაწილობრივ მაინც დავუბრუნო ჩემი ახალი ცოდნა და მოვახმარო. ეს არ ნიშნავს ფიზიკურ დაბრუნებას. მაგალითად, გია დვალი თუ მაქს პლანკის ინსტიტუტშია, ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ გამორიცხავს ჩამოდიოდეს და მისი ცოდნა გაზიარებული იყოს ახალგაზრდებთან. ასეთი თანამშრომლობა გვჭირდება. ამას ემსახურება ორმაგი მოქალაქეობის კანონი, ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ყველა დარგისთვის. არამხოლოდ ცოდნის, ეკონომიკურ დარგშიც. იქ {საზღვარგარეთ} ვინც ცხოვრობს ჩვენი თანამემამულე, უნდა დაინახოს და იცოდეს, რომ ეს ქვეყანა მის ჩართულობაზეა დამოკიდებული, პოლიტიკურ ჩართულობაზე. არ შეიძლება ვთხოვდეთ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის სხვა ფორმით დახმარებას და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს იდენტობა, ის, რაც ყველაზე ძვირფასია, ამ იდენტობას სჭირდება ის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროპასა და ევროსტრუქტურებშია დაცული. „არცერთი სხვა ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს, რომელში გაწევრიანებულებიც მხოლოდ ნებაყოფლობით არიან. ისტორიამ არ იცის სხვა ასეთი ორგანიზაცია. ისტორიამ იცის იმპერიები. ძალიან კარგად ვიცით, თუ რა იმპერიები იყო ჩვენს ირგვლივ, რა შედეგი მოუტანა ამ ქვეყანას. ვხედავთ და ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის ის, რომ ევროპის კარები გაიხსნა. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ვიზალიბერალიზაცია არის ის მთავარი, რაც მივიღეთ, მაგრამ არამხოლოდ, „ერასმუსი“ არის ერთ-ერთი დიდი მიღწევა, რითაც ძალიან ბევრი ჩვენი ახალგაზრდა სარგებლობს, ასევე სხვა მიზნობრივი პროგრამები. „ჰორაიზონ ევროპაც“ ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის, „შემოქმედებითი ევროპა“ კულტურის სფეროს ნაწილისთვის. ჩვენ ვიყავით ფრანკფურტში, როგორც მასპინძელი ქვეყანა, დღეს ვართ „ევროპალიის“ მასპინძელი ქვეყანა. ის, რომ მეტი შეიძლება ეს ჩვენზეა დამოკიდებული და არა იმათზე, ვინც ამ საშუალებას გვაძლევს, ზოგჯერ ჩვენ თავში ჩაკეტილები, ვერ ვახერხებთ გამოვიყენოთ ისე, როგორც საჭიროა. ევროპა ასევე არის ჩვენი მომავალი, ეს არის საშუალება, რომ განვითარდეს ის, რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ადამიანური რესურსის, პოტენციალის განვითარება. განვითარება ნიშნავს, არამხოლოდ პიროვნულ განვითარებას, არამედ ნიშნავს პროფესიონალიზმს, იმ დარგების დაბრუნებას, რომელიც პრაქტიკულად ქრება საქართველოში. გეოლოგები, ვეტერინარები, არქეოლოგები - მეტი გვჭირდება. ძალიან ბევრი დარგია, სადაც ბევრად მეტი სპეციალისტი გვჭირდება. გავიარეთ შოვის ტრაგედია, ალბათ, ბევრად მეტი მყინვართმცოდნე გვჭირდება, 1-2 გვყავს და ასეთ ქვეყანაში წარმოუდგენელია. უამრავი გეოლოგი გვყავდა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. ასევე არიან გარემოსდაცვითი მცოდნეები, ყველა ეს მიმართულება, რაც ქვეყნის დაცულობას ნიშნავს, არის ის, რაც უნდა განვავითაროთ,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ლიეტუვის დაზვერვა რუსული პროპაგანდის გააქტიურებასა და ბელორუსის უშიშროების სამსახურის უპრეცედენტო აქტივობაზე საუბრობს

ლიეტუვის სადაზვერვო სააგენტო (VSD) აცხადებს, რომ ბელორუსის უშიშროების სამსახურის მხრიდან აქტივობის ისტორიული დონე დააფიქსირა. დარიუს იაუნიშკისმა აღნშნა, რომ ლიეტუვის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ შეშფოთება ბელორუსის ზოგიერთი მცხოვრების აქტივობასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ლიეტუვაში ბელორუსული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი უამრავ ეჭვს ბადებს. იაუნიშკისს არ აქვს ინფორმაცია მტრული ქვეყნების სამსახურების მიერ სამთავრობო მოხელეების, საჯარო მოხელეების ან პოლიტიკოსების გადაბირების მცდელობის შესახებ. „ჩვენ ვხედავთ ბელორუსის უშიშროების სამსახურის გააქტიურებულ აქტივობებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ისტორიულ სიმაღლეებს აღწევენ; არასოდეს ყოფილა ასეთი ინტენსიური,“ - განაცხადა ლიეტუვის დაზვერვის უფროსმა დარიუს იაუნიშკისმა. ლიეტუვის დაზვერვის ხელმძღვანელმა გაიხსენა ბოლო ცრუ ინფორმაცია ლიეტუვის სკოლებსა და ცალკეულ დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის შესახებ. „ყველა ეს მუქარა, რომ ავაფეთქოთ სკოლები ან დაწესებულებები, ატომური ელექტროსადგურები, აეროპორტები - უნდა გავაცნობიეროთ, რომ უკვე ჩათრეულები ვართ მთელ ამ მორევში. ეს არის საინფორმაციო ოპერაციები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ შექმნან ქაოსი, მუდმივად გაურკვევლობაში ვიცხოვროთ, ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვაცხადებთ ყოველგვარი ეჭვის გარეშე,“ აღნიშნა იაუნიშკისმა. ქვეყანამ ლეიტუვაში მცხოვრები ბელორუსის 1644 მოქალაქე ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიარა. ვილნიუსი ბელორუსიდან მიგრაციის მიმართულებით წესებს ამკაცრებს. ლუკაშენკოს დასავლეთი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომის თანამონაწილედ მიიჩნევს. იაუნისკისმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდა ლიეტვაში სულ უფრო და უფრო აქტიურდება. ვილნიუსსა და მინსკს შორის დაძაბულობა 2021 წლიდან იზრდება ჯერ კიდევ მას ლიეტუვის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისში ბელორუსის როლის გამო. ურთიერთობები კვლავ დაიძაბა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის და “ვაგნერის“ მებრძოლების ბელორუსში ჩასვლის შემდეგ.  

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: პუტინს ევროპაში მარშით გავლის უფლებას ვერ მივცემთ

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინისა და ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კონგრესში კარგად ესმით საკითხის სწრაფად გადაწყვეტის მნიშვნელობა და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მან ისრაელის დახმარებას მთავარი პრიორიტეტი უწოდა, ხოლო უკრაინის დახმარებას - კიდევ ერთი პრიორიტეტი. „ვფიქრობ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ," - განაცხადა ჯონსონმა. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს ხანში, ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხი.  „რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს ევროპაში მარშით გავლის საშუალებას და გვესმის [უკრაინის] დახმარების აუცილებლობა," - განმარტა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.  

ფხენიანი ამტკიცებს, რომ მზვერავი თანამგზავრიდან თეთრ სახლს და პენტაგონს ფოტოები გადაუღო

ჩრდილოეთ კორეის აეროკოსმოსური ტექნიკის მთავარმა სამმართველომ გამოცდის შედეგები მოახსენა. სახელმწიფო მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინს გადასცეს მზვერავი თანამგზავრიდან 25-27 ნოემბერს გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ასახულია იტალიის დედაქალაქი რომი, ამერიკული სამხედრო ბაზები კუნძულ გუამსა და ვირჯინიის შტატში, ასევე, ვაშინგტონში მდებარე თეთრი სახლი და პენტაგონი. ოფიციალურ შეტყობინებას საილუსტრაციოდ არცერთი ფოტოც ერთვის. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის თანახმად, ამერიკის ვირჯინიის შტატში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზა „ნორფოლკსა“ და გემთმშენებელ ქარხანა „ნიუპორტში“ აღმოჩენილია 4 ამერიკული ატომური ავიამზიდი და 1 ბრიტანული გემი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს შეატყობინა, რომ 22 ნოემბრიდან, პირველ დეკემბრამდე პერიოდში აპირებდა პირველი „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვებას ორბიტაზე. ფხენიანი ამტკიცებს, რომ რაკეტა 22 ნოემბერს გაუშვა.  აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson 2023 წლის 21 ნოემბერს, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მდებარე პორტში განლაგდა. სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს  

ბლინკენი ბრიუსელშია

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა. ის NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბრიუსელს 27029 ნოემბერს ეწვევა. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, მათ შორის NATO-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ბლინკენი ხაზს გაუსვამს NATO-ს მტკიცე ვალდებულებას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიისა და რეგიონული სტაბილურობის მხარდაჭერას და განიხილავს 2024 წლის ივლისში ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებს. რას პასუხობს ბაქოს პროტესტს ო'ბრაიენი და განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში  

ძლიერ ქარიშხალს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მსხვერპლი მოჰყვა

ზამთრის ქარიშხალმა უკრაინის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილი მოიცვა, უკაინაში სულ მცირე ხუთი ადამიანი, მეზობელ მოლდოვაში კი, სამი ადამიანი დაიღუპა. ამ ორივე ქვეყანაში ასევე არიან დაშავებულები. სკოლები დაიხურა როგორც სამხრეთ უკრაინაში, ასევე მოლდოვაში. დაზარალდა რუმინეთიც. მთლიანობაში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა. შავი ზღვიდან მომავალ ძლიერ ციკლონს თოვა მოყვა. შტორმი იყო ქობულეთისა და ბათუმის სანაპიროებზეც.  

ენტონი ბლინკენი ისრაელს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა

ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს რეგიონში ბლინკენის მესამე ვიზიტი იქნება. ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი ისრაელის თავდაცვის უფლებას, ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარების გზებს განიხილავს. მთლიანობაში, 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ისრაელის გარდა, ჩრდილოეთ მაკედონიას და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. დღეს ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა.  

გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკული ქსელის განახლებისთვის 300 მილიონი ევრო გამოუყო

გერმანიამ უკრაინის სახელმწიფო ქსელის ოპერატორ Ukrenergo-ს 300 მილიონი ევრო (328,4 მილიონი აშშ დოლარი) ენერგეტიკული ქსელის აღდგენისა და მოდერნიზაციისთვის გადასცა. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინაში მარტინ იეგერმა განაცხადა. უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდი 2022 წლის აპრილში შეიქმნა, რათა საერთაშორისო დონორებს მიეცეთ საშუალება, მხარი დაუჭირონ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც ხშირად ხდება რუსეთის თავდასხმების სამიზნე ხდება.  ცნობისთვის, სპეციალურ ფონდში 7 მილიონ ევროს დანიაც გადარიცხავს.   

პოლონელმა ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გადაამზადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ. უწყების ცნობით, პოლონელმა ინსტრუქტორებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები საბაგიროზე სამაშველო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით გადაამზადეს. ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სამთო-სამაშველო სწავლება ორგანიზაცია - „ICAD”-ის მიერ, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას.  

ჰერჩინსკი: რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ შეათანხმა, ევროკომისიას უკვე გადაეცა

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ განიხილა და შეათანხმა, ევროკომისიას უკვე გადაეცა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „როგორც უკვე არაერთხელ ღიად და გულწრფელად მითქვამს, მე ოპტიმისტი ვარ და სწორედ ამიტომ ვარ აქ, საქართველოში და ვცდილობ, ვიყო საქართველოს წარმატების ნაწილი. როგორც ყველამ ვიცით, 8 ნოემბერს ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა. ახლა მას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა განიხილავს და 14-15 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს. შემიძლია დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, უკვე გადაეცა ევროკომისიას, რომელსაც ჩემი კოლეგები ყურადღებით დააკვირდებიან და მათ შესაბამისი გამოხმაურებაც ექნებათ. ძალიან მიხარია, რომ ეს გაცვლა ხდება იმისთვის, რომ დრო არ დავკარგოთ და დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიდის, რათა დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველომ შემდეგი ნაბიჯები რაც შეიძლება, სწრაფად გადადგას და დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ელჩმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის კონკრეტულ პიროვნებებს არ ეხება. „ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია დემოკრატიის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ნიშნავს და იმას, რომ მდიდარმა ბიზნესმენებმა პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზედმეტი გავლენა არ იქონიონ. ასე რომ, ჩვენი გადმოსახედიდან, ევროპული თვალსაზრისით, ეს არ ეხება სახელებს, არამედ, ეს არის სისტემა და გარემო, რომელიც დემოკრატიის განვითარებისთვის არის ხელსაყრელი,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა სააგენტო „ინტრეპრესნიუსის“ ცნობით. ელჩმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული. „ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული, ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, ერთიანობა აბსოლუტურად აუცილებელია. საქართველოს სახელმწიფო გერბს თუ შევხედავთ, იქ წერია, რომ „ძალა ერთობაშია“. ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროა ევროინტეგრაციის დროს. თუ გადავხედავთ ჩემი ქვეყნის მაგალითს, თუ გადავხედავთ წარსულში ევროკავშირში გაწევრიანებული სხვა ქვეყნების მაგალითს, ეს ყოველთვის ასე იყო. ცხადია, ხელისუფლება უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა დაუკავშირდეს ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას მოუსმინოს. ამავე დროს, ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ და ერთობლივ ძალისხმევაში წვლილი შეიტანონ. როგორც უკვე ვთქვი და გავიმეორებ, გაერთიანებულ ქართველებს ნამდვილად დიდი საქმეების გაკეთება შეუძლიათ,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ელჩის შეფასებით, ევროკომისიის მიერ გაცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანია. „როგორც თქვენ ნახეთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დადებითი რეკომენდაციის გაცემის დროს ცხრა ნაბიჯი დაადგინა. იმედია, 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსთან ერთად, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები აღნიშნულ ცხრა ნაბიჯს დაადასტურებენ. ძალიან მიხარია, რომ მთავრობას ცხრა ნაბიჯის შესრულების შესახებ უკვე შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა. ყველა ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მათგანი წინა 12 პრიორიტეტის მსგავსია. არის ნაბიჯები, რომლებიც ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია, სხვები ახალია, როგორიცაა დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლა, ასევე ამ 9 ნაბიჯშია ევროკავშირის პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. ყველა ეს ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია, რომ მათ განხორციელებაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო,“ - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ. მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 27 ნოემბერს დაამტკიცა. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. მთავრობის განცხადებით, სამოქმედო გეგმის მომზადებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით გაუწია კოორდინაცია. გეგმა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით მომზადდა. მასში გაწერილია რეკომენდაციების ფარგლებში განსახორციელებელიკონკრეტული ნაბიჯები, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების ვადები. კომისიის გადაწყვეტილებით სამოქმედო გეგმა ევროკომისიას გადაეგზავნა. მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო. რას ითვალისწინებს მთავრობის სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციის შესახებ  

პაველ ჰერჩინსკი: აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის გეგმა უკანონო და მიუღებელია

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის პროექტი სრულიად უკანონო და მიუღებელია. ელჩმა აღნიშნა, რომ პასუხი იმაზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. „ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. პასუხი იმაზე, თუ რაც ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის გეგმა სრულიად უკანონო და მიუღებელია,“- აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. სტოლტენბერგი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც უკრაინის მიღწევებზე მიუთითებს ვაშინგტონი აფიქსირებს, რომ სურს, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, როგორც ახლო სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, რადგან აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში. რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მნიშვნელოვანი კომპონენტია შავი ზღვა. საგულისხმოა, რომ გაცხადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნის გეგმაც. რუსეთის ქმედებების ფონზე, როგორ ხედავს აშშ რეგიონში ზოგადად და მთლიანად ევროპაში, მათ შორის საქართველოში, გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივას, ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. „რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი Europetime-თან ინტერვიუში და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ქმედება იქნება კიდევ ერთი აშკარა დარღვევა იმ ვალდებულებისა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო და რაც გულისხმობს თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას. ამდენად, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ „რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში.“

აშშ: რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია, გვსურს, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, როგორც ახლო ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონში

შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, აშშ-სთვის ღრმად შემაშფოთებელია. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში. ვაშინგტონი შავი ზღვის კრიტიკულ მნიშვნელობაზე საუბრობს, რეგიონში მოკავშირეებსა და პარტნიორებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდებს, საქართველო მთავრობასთან კი, როგორც ახლო ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, თანამშრომლობისთვის მზადყოფნას ადასტურებს, რადგან აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს ქმედუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებაში, ნებისმიერი სახის აგრესიის შესაკავებლად და მისგან თავის დასაცავად, მათ შორის, შავ ზღვაში. „ჩვენ ვხედავთ რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ; საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს ყველაფერი ნამდვილად მეტყველებს შავი ზღვის რეგიონის კრიტიკულ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობის წახალისებას, შავი ზღვის ფართო რეგიონში რუსეთის მიმდინარე აგრესიის შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ეს თანამშრომლობა მოიცავს შემდგომ ძალისხმევას ინფორმაციის გაზიარების გაზრდის მიზნით, საერთო ცნობიერების ამაღლებას საზღვაო სფეროსა და მის მიღმა. ამდენად, ჩვენ გვსურს, რომ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, როგორც ახლო ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, რადგან ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ საქართველოს ქმედუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებაში, ნებისმიერი სახის აგრესიის შესაკავებლად და მისგან თავის დასაცავად, მათ შორის, შავ ზღვაში. შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია. ასეთი ქმედება იქნება კიდევ ერთი აშკარა დარღვევა იმ ვალდებულებისა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო და რაც გულისხმობს თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას. რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში,“ - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინისანმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას,  რუსეთის ქმედებების ფონზე, როგორ ხედავს აშშ რეგიონში ზოგადად და მთლიანად ევროპაში, მათ შორის საქართველოში, გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივას. სტოლტენბერგი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც უკრაინის მიღწევებზე მიუთითებს ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. რუსეთის გეგმა მკაცრად დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ. ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: უკანონოა, რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის

30-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის ნეიტრალური შვეიცარიის მონაწილეობით, NATO-ს კიბერთავდაცვის წვრთნები დაიწყო

შვეიცარიის შეიარაღებული ძალები NATO-ს ფლაგმანი  -  კიბერთავცავის წვრთნებში მონაწილეობს. ესტონეთში, ტალინში მიმდინარე წვრთნაში 1000-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის, მოკავშირეები და პარტნიორები 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩაერთნენ. „მიზანს რთული პრობლემების ერთობლივად გადაჭრა, სუსტი წერტილების მიგნება/აღმოფხვრა და სიტუაციის საერთო სურათის შექმნას წარმოადგენს,“ განაცხადა შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს, 27 ნოემბერს, სწავლების დაწყებისას.  ღონისძიება რეგულარულად 2008 წლიდან ტარდება. წლევანდელი სწავლება პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.  NATO-ს თანახმად, წვრთნები მიზნად ისახავს მოკავშირეებისა და პარტნიორების გამძლეობის გაზრდას კიბერ საფრთხეების მიმართ და მათ შესაძლებლობების გაძლიერებას იმისთვის, რომ კიბეროპერაციების ჩატარება ერთობლივად შეძლონ. ინფორმაციისთვის: ნეიტრალიტეტი (გერმ. Neutralität, ლათ. neuter — არც ერთი, არც მეორე) — საერთაშორისო სამართალში — ომში არმონაწილეობა, მშვიდობიან პერიოდში საომარ ბლოკებში მონაწილეობისგან უარის თქმა. ნეიტრალური სახელმწიფოები თავს იკავებენ, დაპირისპირებული საერთაშორისო სამართლის სუბიექტებიდან რომელიმეს მხარდაჭერისგან. ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალურ სახელმწიფოებად არიან აღიარებულნი, ან თავად აცხადებენ ამას, როგორც წესი, სამხედრო ალიანსების წევრობაზე უარს ამბობენ. ნეიტრალიტეტის საერთაშორისო სამართალი შეიცავს სამ შეზღუდვას ომის პერიოდში ნეიტრაულური ქვეყნის მოქმედებაზე სხვა სახელმწიფოთა შორის: არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს; არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს (ბაზირება, ტრანზიტი, გადაფრენა და მისთ.); არ გაუწიოს დისკრიმინაცია რომელიმე მხარეს სამხედრო დანიშნულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას (ანუ შეზღუდვა ან ერთნაირი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს).