ძებნის რეზულტატი:
ძლიერი ქარი და შტორმი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარისა და შტორმის გამო, მოსახლეობას მოუწოდებს, სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკაოს. უწყების ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ მეხანძრე-მაშველები კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ. „საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან,” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება 3-4-ჯერ ნაკლებია 2022-2023 წლის სეზონთან შედარებით - ივანე ჩხაიძე
ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძეს განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას. ჩხაიძის ვარაუდით, შემთხვევათა მატების პიკი გადაიწევს. მანვე აღნიშნა, გრიპის ვირუსის მატება მოსალოდნელია დეკემბერ-იანვარ-თებერვლის განმავლობაში. „47-ე კვირა გამოირჩევა იმ თვალსაზრისით, რომ აღარ არის გრიპის ვირუსი. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის წამყვანი არც გრიპი, არც კორონავირუსი არ არის. ბოლო კვირის განმავლობაში ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებდა რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, ე.წ. ძველი კორონავირუსი, რომელსაც ძირითადად გაციების მსგავსი სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. შესაბამისად, ბოლო კვირა გამოირჩეოდა შედარებით მსუბუქად მიმდინარე ვირუსებით სიჭარბით, განსხვავებით მაგალითად, წინა ორი კვირისაგან, როდესაც გრიპის ვირუსიც ფიქსირდებოდა, ორი კვირის წინ კორონავირუსის ხვედრითი წილი დადასტურებულ შემთხვევებში 3%-ი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი, 2023-2024 წლის სეზონი გარკვეულწილად განსხვავდება 2022-2023 წლის სეზონისაგან, პირველ რიგში, იმით, რომ ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები. მაგალითად: თუ ახლა 2023-2024 წლის განმავლობაში ინციდენტობა, ანუ 100 000-ზე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 12 000 ათასი ბოლო კვირას, ანალოგიურ პერიოდში, ერთი წლით ადრე, ამ შემთხვევების რაოდენობა 47 000-ს აღწევდა, ანუ 3-4-ჯერ ნაკლებია ახლა, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას, უბრალოდ, სავარაუდოდ, გადაიწევს შემთხვევათა მატების პიკი და ალბათ, აციების კვალდაკვალ, რომელიც საქართველოში მოსალოდნელია ამ დღეების მანძილზე გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადების შემთხვევებიც მოიმატებს, დეკემბერი და იანვარი, ისე, როგორც გვქონდა სტატისტიკის მიხედვით ბოლო ათწლეულების განმავლობაში იქნება გრიპის შემთხვევების უფრო მეტი რაოდენობა და მაქსიმუმს, ალბათ, სწორედ ამ პერიოდში ველოდებით (დეკემბერ-იანვარ-თებერვლის განმავლობაში),“ - აღნიშნა ჩხაიძემ. რაც შეეხება ვაქცინაციას ჩხაიძისთვის უცნობია სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა ზუსტი რაოდენობა, მაგრამ საქართველოში 200 000 დოზა უკვე შემოტანილია რისკჯგუფებისთვის. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ აცრებისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისია, თუმცა ახლა, თუ გავითვალისწინებთ გრიპის შემთხვევები ძალიან ცოტაა, ნოემბრის ბოლოსაც ვაქცინაციის ჩატარება ითვლება უკვე დროულად, ვინაიდან ვაქცინაციის ჩატარებიდან ორი კვირის შემდეგ იწყება მაქსიმალური დაცულობა ორგანიზმის, ეს ორი კვირა, საბედნიეროდ, ახლა გვაქვს. ყველა იმ ადამიანს, ვინც რისკი ჯგუფს მიეკუთვნება, ეს არის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, დიაბეტის მქონე, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა გრიპის პრევენციის თვალსაზრისით. ქვეყანაში ორი ტიპის ვაქცინა არის შემოსული: ფრანგული და ჰოლანდიური, რომელიმეს სანდოობაში ეჭვის შეტანა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არის ნაკლები ინფორმირებულობა, ვინაიდან ორივეს ვაქცინა ერთი ტიპის არის, ოთხი ტიპის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ გვიცავს. ორივე ვაქცინა ევროპული სერტიფიკატის მქონეა, ორივე ვაქცინა რეკომენდებულია სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურების, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ასე რომ, ასეთი ემოციური შეფასება, რომ რახან უფასოა, არის ნაკლებად ხარისხიანი, აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ბელგიაში რამდენიმე ათეულ სკოლაში სწავლა შეჩერებულია
ბელგიაში, ბრიუსელსა და ბრაბანტის რეგიონებში, რამდენიმე ათეული სკოლა დღეს მოსწავლეებს არ მიიღებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კვირას, საღამოს ბომბის საფრთხის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. Reuters-ის ცნობით, საუბარია 27 სკოლაზე, სადაც ახლა სამართალდამცველები მუშაობენ.
ჩინეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ხიდთან წყალქვეშა გვირაბის მშენებლობას უარყოფს
ჩინეთში გამოეხმაურნენ The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანხმად, რუსულ-ჩინურ კონსორციუმს ყირიმის ხიდთან წყალქვეშა გვირაბის აშენება სურს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვან ვენბინმა ბრიფინგზე ისაუბრა. „ეს პუბლიკაცია უსაფუძვლოა და მე მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებ,” - განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა, რომელსაც რუსული მედია ციტირებს. ამგვარად, მან უპასუხა შეკითხვას The Washington Post-ის (WP) სტატიის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსკოვი და პეკინი სავარაუდოდ, გვირაბის მშენებლობას განიხილავდნენ. რუსულ-ჩინურ კონსორციუმს ყირიმის ხიდთან წყალქვეშა გვირაბის აშენება სურს - Washington Post
კოკა კაციტაძე: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში 62 სამართალდამცველი ვამხილეთ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის მხილებული 153 პირიდან, 62 - სამართალდამცავია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას კაციტაძემ აღნიშნა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა, სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა კი, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან, 62 - სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში,“ - განაცხადა კოკა კაციტაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილი დატვირთვისა და მცირე ადამიანური რესურსის მიუხედავად, სამსახურმა 10 თვეში, 2514 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება 420 საქმეზე დაიწყო. „237 (56%) სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება, 129 (31%) საქმე - მოქალაქეების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ხოლო 54 (13%) - სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს”, - აღნიშნა კაციტაძემ. დღეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მან ვრცლად ისაუბრა სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე. კოკა კაციტაძემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება სამართალდამცველების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების სტატისტიკურ მონაცემებს და ამ მიმართულებით გახსნილი საქმეების მაჩვენებელს დაუთმო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა. სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს. კაციტაძის განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 153 პირი. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან, 62 - სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში,“ - განაცხადა კოკა კაციტაძემ. მნიშვნელოვნად გაზრდილი დატვირთვისა და მცირე ადამიანური რესურსის მიუხედავად, სამსახურმა 10 თვეში, 2514 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება 420 საქმეზე დაიწყო. 237 (56%)- სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება, 129 (31%) საქმე - მოქალაქეების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ხოლო 54 (13%) - სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს.
ახალგაზრდებმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს
სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ. ახალგაზრდები სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ოფიციალურად სთხოვენ.„გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნის მთავარი სტუდენტური მოძრაობის სახელით, რომელიც უკვე ქვეყნის მასშტაბით 200-მდე სტუდენტს აერთიანებს, მათი სახელით მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლება, გამოსცეს შეწყალების აქტი ლაზარესთან მიმართებაში, რომელიც 7-8 მარტის აქციების მონაწილეა. ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი. ფაქტობრივად, არანაირი ხელშესახები მტკიცებულება არ აქვს სახელმწიფოს იმისა, რომ ლაზარემ ჩაიდინა ეს დანაშაული... შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს საქმე არის მთლიანად პოლიტიკური, პირველივე დღიდან," - ამბობს ნიკო მანაგაძე. შსს: 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე განცხადების გამო, ფაშინიანს გაგლოევის შემდეგ, ბჟანიაც აკრიტიკებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეიდენტი ასლან ბჟანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე განცხადების გამო, ფაშინიანს აკრიტიკებს. მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკის დღევანდელი ხელმძღვანელობა, დასავლეთის გავლენით, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხის მიერ არჩეულ გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარების უფლების შესახებ. „თავის ბოლო განცხადებაში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცალსახად დაუჭირა მხარი „საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას“, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ფაქტს. ამასთან დაკავშირებით, საჭიროდ მიგვაჩნია, შევახსენოთ პრემიერ ფაშინიანს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა პატივს სცემს მთელ სომეხ ხალხს, რომლის ნაწილმაც საკუთარი წვლილი შეიტანა აფხაზეთში წარსულში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების მიმდინარეობისას. დღეს სომხური თემი აფხაზეთში წარმოდგენილია ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ სტრუქტურებში, სომხური ენა და კულტურა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილია, თავისუფლად ფუნქციონირებს სომხური ეკლესიის სტრუქტურები. აფხაზეთში სომხებს აქვს ყველაფერი ის, რისი გარანტიებიც ვერ მისცა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის სომხებს, რომლებიც მის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოებრიობის ნგრევისა და სამშობლოს მასობრივად დატოვების ტრაგედიის პირისპირ აღმოჩდნენ. მოვუწოდებთ სომხეთის ხელისუფლებას, უარი თქვას ინდოქტრინირებული რიტორიკისგან და საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას ფაქტიური მდგომარეობა გაითვალისწინოს,” ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში. ფაშინიანი: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრულად და ერთმნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს უფრო ადრე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უღალატა თავის ხალხს და სამხრეთ ოსეთის ხალხს მისი აზრი არ აინტერესებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოს ეწვია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანში ჩავიდა აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს თავდაცვის მინისტრების მე-10 სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დაგეგმილია ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები, რათა განიხილონ ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და რიგი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას. რა მიზნით გამართავენ შეხვედრას ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები
ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ უკრაინას პრობლემები შეუქმნა
26-27 ნოემბერს უკრაინის დიდ ნაწილში ქარიშხალმა, ძლიერმა წვიმამ და თოვლმა წყალდიდობა, ელექტროენერგიის გათიშვა და მოძრაობის პრობლემები გამოიწვია. 10 ოლქის 386 დასახლება ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. ოკუპირებულ ყირიმში ღამით ძლიერი ქარის შემდეგ, ოთხი ადამიანი დაშავდა, ერთი კი, დაკარგულად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ათობით დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, ქარიშხალმა და წყალდიდობამ ასევე მიაღწია აზოვის ზღვას და ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკს. დიდთოვლობისა და დაბალი ხილვადობის გამო ოდესისა და მიკოლაივის ოლქებში რამდენიმე გზა დაიკეტა, ხოლო კიევში სატვირთო მანქანების შესვლა აიკრძალა. შტორმია შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზეც. განსაკუთრებით დაზარალდა ბათუმის ახალი ბულვარი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზღვაზე 8-ბალიანი შტორმია. ოკუპირებულ აფხაზეთში 7-ბალიანი შტორმია გაგრის აკვატორიაში. დაზიანებულია სანაპიროს ინფრასტრუქტურა და ახლომდებარე სახლები. სტიქიამ დააზარალა სოხუმის სანაპიროც. შავ ზღვაზე შტორმის გამო რთული სიტუაციაა სოჭსა და მის ახლომდებარე რაიონებშიც. ძლიერი ქარი და შტორმი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გამარჯვების ზეიმი გაიმართება - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ფაქტის აღსანიშნავად, საერთო გამარჯვების ზეიმი გაიმართება. მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თარიღი იმის მიხედვით დაზუსტდება, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება - 14 თუ 15 დეკემბერს. „იცით, რომ დეკემბერში, 14 ან 15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა გვქონდა, პარლამენტთანაც მქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმისდა მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14 ში ან 15-ში, თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ, 15- ში მოხდება ეს, გვინდა, გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების მუშაობის შედეგი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
FT: თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება
თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება. სტატიას ამის შესახებ Financial Times-ი აქვეყნებს. 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში თურქეთმა 45 კატეგორიის საქონლის ექსპორტი განახორციელა რუსეთსა და 5 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულებაც 158 მილიონი დოლარია. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს სამჯერ აჭარბებს. სტატიის თანახმად, თურქეთიდან რუსეთში ექსპორტის ზრდამ, ხელი შეუშალა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მცდელობას, შეეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით და გაზარდა დაძაბულობა თურქეთსა და NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებს შორის. თურქეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის შეჩერება ვაშინგტონის პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ბრაიან ნელსონი მიმდინარე კვირას სტამბულსა და ანკარას ეწვევა, სადაც რუსეთის სარგებლის მომტან სავაჭრო და ფინანსურ საქმიანობას გაიხილავს.
მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია. შესაბამის ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. „მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემადგენელი ნაწილია და 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთს წარმოადგენს," - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო. რას ითვალისწინებს მთავრობის სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციის შესახებ „დღეს მთავრობის სხდომაზე ვამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც გათვალისწინებული და განსაზღვრული იყო ისედაც და არის შემადგენელი ნაწილი 12 პრიორიტეტის და ახლა უკვე ამ 9 ნაბიჯის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე. მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ამ გეგმას. 3 საათზე მექნება უკვე ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. ჩვენ ჩვენს პარლამენტთან ერთად განვიხილეთ, მანამდე სამუშაო შეხვედრაც გვქონდა პარტიაშიც და პარალმენტარებთანაც გავიარეთ ეს საკითხები, ე.წ 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას მთავრობის მიერ. ჩვენ დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ, წინასწარ უკვე შედგენილი გვაქვს ერთგვარი მონახაზი, სამოქმედო გეგმას მოვიწონებთ, თითოეულ ამ გადასადგმელ ნაბიჯზე თუ რეფორმებზე გვაქვს კონკრეტული ხედვა, გაწერილი გვექნება შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც. ამიტომ, ამასაც აქტიურად დავიწყებთ, დაწყებულია უკვე მუშაობა პრინციპში. ბატონ დარჩიაშვილს ექნება კომუნიკაცია მის ევროპელ კოლეგებთან, მეც მექნება შეხვედრები და კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და ამ ინფორმაციას მივაწოდებთ მათ. ჩვენი ყველას საერთო სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე იქნას შესრულებული ყველა ეს რეფორმა, რომელიც არის გათვალისწინებული ამ 9 ნაბიჯში, ამ 9 ნაბიჯის მიხედვით არის გათვალისწინებული,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 27 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე.
მიშელი ორბანს უნგრეთში შეხვდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ქვეყნის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანთან შესახვედრად ბუდაპეშტში გაემგზავრა. მიშელმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში მიუთითა, რომ ევროკავშირის ერთიანობა მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს და ეს ბლოკის მთავარი ძალაა. ორბანის შეფასებით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა
„ნაციონალური მოძრაობა“: ნიკა მელია პარტიას არ წარმოადგენს, საკითხი დახურულია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიას არ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია. განცხადებაში ნათქვამია, რომ მრავალთვიანი მცდელობის მიუხედავად, ყოფილი თავმჯდომარე პარტიას არ დაუბრუნდა და არც მიხეილ სააკაშვილის მანიფესტს იზიარებს. განცხადების თანახმად, მელია "პარტიის დაზიანების კამპანიას" აგრძელებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნისთვის გადამწყვეტი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და ავტორობით, გამოაქვეყნა პარტიის ერთობის მანიფესტი, რომელიც პარტიის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის „არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია - ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს დონეზე, აბსოლუტურად ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთა მიზანიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყნის გამარჯვებაში წვლილის შეტანაა," - წერია განცხადებაში.
14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა
საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მომხდარი არასრულწლოვნის, 14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს, ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, თუმცა მისი ოჯახის წევრებმა ის უკან დააბრუნეს. ბრალდებული ქორწინებაში ყოფნის პერიოდში, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვანს აუპატიურებდა. 6 ოქტომბერს, ბრალდებულმა, თვლიდა, რა რომ დაზარალებულმა გაქცევით შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც ქალს არ ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრების განკარგვისა და მასთან ქორწინებაზე უარის თქმის უფლება, 14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით, თელავის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნის დედას და ბიძას ბრალდება ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აქვთ წარდგენილი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებულად შეძლებენ - სამინისტრო
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები, საქართველოში, პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ. შესაბამის ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „სამინისტროს ინიციატივით, ექიმებს, რომლებსაც შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საექიმო საქმიანობის ნებართვა აქვთ, სამშობლოში, პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ავტომატურად, ზედმეტი ბიუროკრატიისა და ბარიერების გარეშე, ნებისმიერ დროს შეძლებენ. მათ მიერ, მხოლოდ საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, რის შემდეგაც პროაქტიულად მიენიჭებათ სახელმწიფო საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი. გამარტივებული წესით, აშშ-ში, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში, ასევე - კანადაში, ავსტრალიაში, ისლანდიაში, ისრაელში, თურქეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები ისარგებლებენ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი: სამმხრივი შეხვედრები ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობას
სამმხრივი შეხვედრები ტრადიციად იქცა და ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან იაშარ გიულერთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრისას. „სახელმწიფოს მეთაურების ტრადიციული შეხვედრების გათვალისწინებით, ჩვენი ვალია, განვავითაროთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მივესალმები თითოეულ თქვენგანს. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა წელს ბაქოში იმართება,“ - განაცხადა აეტრბაიჯანელმა მინისტრმა. რა მიზნით გამართავენ შეხვედრას ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები 27 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბაქოში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, გაიმართა აზრთა დეტალური გაცვლა ერთობლივი წვრთნების ინტენსივობის გაზრდის შესახებ. „ხაზი გაესვა საერთაშორისო დონეზე აღიარებული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხები,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველომ და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი
ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების ზაქირ ჰასანოვსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს შორის შეხვედრა გაიმართა. მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას 2024 წლისთვის. აზერბაიჯანული მხარის თქმით, სამხედრო სფეროში ორ ქვეყანას შორის კავშირები „მყარდება და ვითარდება.“ „ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის მასპინძლობისათვის. მან აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის არსებულ პატივისცემას, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგსა და ნდობის განმტკიცებას. მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებსა და კურსებში აზერბაიჯანელი სამხედროების აქტიური მონაწილეობა. ყურადღება გამახვილდა სამმხრივ სწავლებებზეც. გამოითქვა თავდაცვის სფეროში ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის, ასევე სტრატეგიული დონის შეხვედრების არსებული დინამიკის შენარჩუნების სურვილი, რაც ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებას ხელს შეუწყობს. მომავალ წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს საქართველო უმასპინძლებს,“ - ნათქვამია თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სამი ქვეყანა მომავალ წელს ერთობლივ წვრთნებს გამართავს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა. „მე მჯერა, რომ დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას,“ - განაცხადა გიულერმა. ცნობისთვის, საქართველომ და სომხეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას 17 ნოემბერს მოაწერეს ხელი.
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სამი ქვეყანა მომავალ წელს ერთობლივ წვრთნებს გამართავს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა. „მე მჯერა, რომ დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას,“ - განაცხადა გიულერმა. სამმხრივი შეხვედრები ტრადიციად იქცა და ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან იაშარ გიულერთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრისას. „სახელმწიფოს მეთაურების ტრადიციული შეხვედრების გათვალისწინებით, ჩვენი ვალია, განვავითაროთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მივესალმები თითოეულ თქვენგანს. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა წელს ბაქოში იმართება,“ - განაცხადა აეტრბაიჯანელმა მინისტრმა.
ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა ყაზახეთისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - თოყაევი
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა ყაზახეთისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ ყაზახეთ-ჩინეთის ურთიერთობები, ორმხრივად მომგებიანი და ეფექტიანი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის მოდელია. ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს და დიდი თანამშრომლობის კონკრეტული შედეგის იმედი გვაქვს,“ - აღნიშნა თოყაევმა. 2022 წელს ყაზახეთის სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან $24,1 მილიარდი შეადგინა, რაც 34,1 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. ყაზახეთიდან ექსპორტი 34,7 პროცენტით გაიზარდა და 13,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყაზახეთის ექსპორტის წილმა ჩინეთში ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი 15,6 პროცენტი შეადგინა. ჩინეთიდან ყაზახეთში იმპორტი წელიწადში 33,5 პროცენტით გაიზარდა და 11 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. „მე ცოტა ხნის წინ ვესტუმრე პეკინს და დეტალური მოლაპარაკებები გავმართე პრეზიდენტ სი ძინპინთან. მოლაპარაკებები იყო უაღრესად არსებითი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. ძალაში შევიდა უვიზო რეჟიმი," - განაცხადა თოყაევმა მისი თქმით, ჩინეთთან თანამშრომლობის განვითარება პრიორიტეტულია. „ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს უმაღლეს დონეზე," - აღნიშნა თოყაევმა.