ძებნის რეზულტატი:
კალასი: ყველა სახელმწიფოს განვიხილავთ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე - მათ შორისაა საქართველოს საკითხიც, მაგრამ უფრო დიდ პრობლემას უკრაინისა და მოლდოვის საკითხი წარმოადგენს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროპული საბჭოს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა სახელმწიფოს განვიხილავთ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე - მათ შორისაა საქართველოს საკითხიც, მაგრამ უფრო დიდ პრობლემას უკრაინისა და მოლდოვას საკითხი წარმოადგენს მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიში დამსახურების პრინციპს ეფუძნება. „უკრაინამ მისთვის დაკისრებული კრიტერიუმები, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას, შეასრულა. რაც რამდენიმე წელიც კი გრძელდება, როგორც ეს ჩვენი ისტორიიდან ვიცით. თუ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, უკვე შემდეგ უნდა განვიხილოთ სხვა ვარიანტები. ჩვენ ყველა სახელმწიფოს განვიხილავთ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე. ეს ყველა ის წინადადებაა, რომელიც მაგიდაზე დევს. მათ შორის არის საქართველოს საკითხიც, მაგრამ უფრო დიდ პრობლემას უკრაინისა და მოლდოვას საკითხი წარმოადგენს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კაია კალასმა. კაია კალასის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას განუცხადა, რომ ის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ვერ ხედავს. „პირველ რიგში, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ უკრაინამ ამ ომში გამარჯვება შეძლოს. დღეს, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე საკითხი უნდა გავიხილოთ. ერთი ეხება უკრაინის ფინანსურ დახმარებას, რის შესახებაც ჩვენ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ და მეორე ნაწილი გაფართოების საკითხს წარმოადგენს. უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების შესახებ წინ ხანგრძლივი განხილვა გველის. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ვიქტორ ორბანს და მას შეგიძლიათ, მეტი შეკითხვა დაუსვათ. მან აღნიშნა, რომ იგი ვერ ხედავს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. ჩვენ ვცადეთ, მაგრამ ისევ ვცდით, რადგან ჯერ დანებებისთვის მზად არ ვართ,“ - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
DW ევროპელი ლიდერებისა და ორბანის შეხვედრის დეტალებზე წერს
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ნიშნად, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიუსელში სამიტის წინ შეხვდნენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს. მათ შეუერთდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმუქრება, რომ უკრაინის დახმარებასა და წევრობის მოლაპარაკებებს ვეტოს დაადებს. ლიდერები იკრიბებიან ევროკავშირის წლის ბოლო სამიტზე. სავარაუდოდ, მწვავე თემა იქნება კიევისთვის ფინანსური დახმარება, პლუს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, ორივე გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადებით დაიმუქრა. „დოიჩე ველე“ წერს, რომ ორბანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრით ცდილობდა, გაემართლებინა თავისი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით კორუფციისა და სხვა საკითხების მოტივით. სამიტის დაწყებამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას კრიტერიუმები არ დაუკმაყოფილებია და გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება კიევთან შეუძლებელია. თუმცა, არსებობს ეჭვები, რომ ის იყენებს ამ საკითხს, როგორც ვაჭრობის საშუალებას, რათა ევროკავშირმა გაყინული ფინანსები განბლოკოს. „მე ვერ შევალ „საბაზრო ლოგიკაში,“ სადაც შეგვიძლია, ვივაჭროთ ერთი რამით, მეორის სანაცვლოდ. საქმე ეხება უკრაინის უსაფრთხოებას, მათთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების მიწოდებას, ეს არის დისკუსიის თემა. სხვა დისკუსია ეხება უნგრეთში კანონის უზენაესობას და მას არაფერი აქვს საერთო იმ დისკუსიასთან, რომელიც დღეს გვაქვს. უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც სურს პატივი სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს... შესაძლოა, ეს გაკვეთილია თავად ორბანისთვის,“ - აღნიშნა დე კროომ. სამიტის დაწყება დაგვიანდა, ევროპელი ლიდერები ორბანის გადარწმუნებას სამუშაო საუზმეზე ცდილობდნენ - მედია
პუტინი უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებს აქებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები შეაქო და მათ "პროეროვნულები" უწოდა. პუტინმა 2023 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ორი პოლიტიკოსი არა პრორუსები, არამედ, თავიანთი ქვეყნის ინტერესების დამცველები არიან. „ფიცო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, ვიქტორ ორბანი უნგრეთში. მე უკვე ბევრჯერ მითქვამს, ისინი არ არიან პრორუსი პოლიტიკოსები, ისინი არიან პროეროვნულები, ისინი იცავენ თავიანთ ინტერესებს," - აღნიშნა პუტინმა. ორბანი უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების მთავარი მოწინააღმდეგეა. მას პოზიცია არც სამიტის წინ გამართული შეხვედრების შემდეგ შეუცვლია. ფიცო კი სლოვაკეთის ახალი პრემიერია, რომლის მთავრობის პირობებში უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერეს.
ლანდსბერგისი: დღეს მე უკრაინელი ვარ
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ იმ დღეს, როდესაც ევროპა თავის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, ის თავს უკრაინელად თვლის. „დღეს, როდესაც ევროპა იღებს თავის უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მე შემიძლია მხოლოდ ამის თქმა: Я українець. მე ვარ უკრაინელი," - განაცხადა ლანდსბერგისმა უკრაინული მედიის ცნობით.
ესტონეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს უგზავნის
ესტონეთი უკრაინას დაახლოებით, 80 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას უგზავნის, მათ შორის არის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები. „ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინელების დახმარებას,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების დიდი რაოდენობის გარდა, უახლესი დახმარების პაკეტში ასევე შედის ტყვიამფრქვევები, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა.
კახა კალაძე: საცობების მთავარი მიზეზია ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობა
თბილისის მერის განცხადებით, თბილისისთვის საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების „გადაჭარბებული რაოდენობაა“. კახა კალაძის ქმით, საცობების მიმართულებით იმისთვის, რომ „რაღაცები გამოსწორდეს“, ერთადერთი გზა ის პოლიტიკაა, რომელსაც დედაქალაქის მერია ატარებს. „საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა. 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს თბილისში პიკის საათში. წარმოგიდგენიათ? გუშინ ამას ავტოსაგზაო შემთხვევები დაემატა, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ. ეს საოცრებაა ცხადია ამ ყველაფერს აქვს თავისი გავლენა. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით რაღაცები გამოვასწოროთ, ეს არის ის პოლიტიკა, რასაც დედაქალაქის მერია ატარებს - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, ავტობუსები. იცით, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები მალე დაგვემატება დედაქალში, რომ შევძლოთ უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა. შევძლოთ, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ავტობუსი ასევე, მიკროავტობუსი და რა თქმა უნდა, ის ინფრასტრუქტურული პროექტები. მესმის, ამ სამუშაოების დროსაც არის დისკომფორტი, პრობლემა. დღეს წერეთლის გამზირი გადაკეტილია და მოძრაობა ჭირს, რადგან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სხვანაირად შეუძლებელია. მაშინ რა ვქნათ, არ გავაკეთოთ? ნახეთ ძალიან მარტივ რაღაცას გეუბნებით, ოპოზიცია ჩვეულებრივი სპეკულანტები არიან. აღნიშნული თემით სპეკულირებენ. მე გამოვედი, კიდევ ერთხელ ვთქვი და ხაზი გავუსვი - თუ გაქვთ რაიმე და იცით, მზად ვართ მოიტანეთ ან გააკეთეთ განცხადებები და გავაკეთებთ. მაგრამ უბრალოდ ძახილი, რომ ის არასწორს აკეთებს.. კარგი, მე არასწორს ვაკეთებ, რა არის სწორი გვითხარით. მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ექსპერტები ჩართულნი არიან და გვეუბნებიან, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ვაშაძის თემა მინდა გავიხსენო, გამოვიდა თქვა, რომ მერი არასწორად აკეთებს, „სისტრამ“ დაუწერა რაღაცები და იმას არ ასრულებსო. გამოდგა, რომ ეს არის ტყუილი, სიცრუე. თვითონ აღნიშნული კომპანიაც გამოვიდა, სიცრუეში დაადანაშაულა ბატონი ვაშაძე. მერე, მივმართე მას, რომ თუ იცის რამე, წარმოადგინოს და მზად ვართ განვიხილოთ. გამოვიდა და კომისიები შევქმნათო, სასაცილოა ეს ყველაფერი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ-ს ფინეთის მასშტაბით 15 სამხედრო ბაზაზე ექნება წვდომა
შეთანხმება აშშ-ს საშუალებას აძლევს, შეინახოს იარაღი ფინეთის მიწაზე აშშ-ს ექნება წვდომა ფინეთის მასშტაბით 15 სამხედრო ბაზაზე ფინეთი და აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას აფორმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი ავრცელებს. „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება აშშ-სთან ჩვენს თანამშრომლობას გააღრმავებს და კრიზისის შემთხვევაში შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს“, - განაცხადა ელინა ვალტონენმა. შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ს ფინეთის ტერიტორიაზე არსებულ 15 ობიექტზე ექნება წვდომა, სადაც იგი სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის განთავსებას შეუფერხებლად შეძლებს. ფინეთი აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 18 დეკემბერს, ვაშინგტონში მოაწერს ხელს. „შეთანხმება ნიშნავს, რომ აშშ ვალდებულია, დაიცვას ფინეთი, თუ სკანდინავიური ქვეყანა თავდასხმის წინაშე აღმოჩნდება,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, ეს არის უკიდურესად ძლიერი გზავნილი ამ დღეებში” და NATO-ში გაწევრიანებასთან ერთად, ისეთ ძლიერ შეკავებას ქმნის, რომ ვერავინ გაბედავს ფინეთზე სამხედრო ზეწოლას.”
რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე ისევ ჩავარდა
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დრონი, რომლის სამიზნეც დუნაის უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურა იყო, რუსეთის ბოლო თავდასხმის დროს, რუმინეთის ტერიტორიაზე ჩავარდა. „რუმინეთის F-16-ები და სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც NATO-ს წევრ გერმანიას ეკუთვნის, რუმინეთის საჰაერო სივრცეში აუშვეს,“ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. სამინისტროს განცხადებით, რუმინეთი მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მიერ გაშვებული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე ეცემა.
საქართველოს თავდაცვის ძალებს საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული რადარები გადაეცა
საქართველოს თავდაცვის ძალებს ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული წარმოების მრავალფუნქციური სარადარო სისტემები გადაეცა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაზიანის სასროლეთზე გამართულ საჩვენებელ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები, ასევე საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრს საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ამერიკული წარმოების სახმელეთო სათვალთვალო რადარების შესაძლებლობები და ტაქტიკური-ტექნიკური მახსასიათებლები გააცნეს. სტუმრები WARMATE-ის და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენებს დაესწრნენ, ასევე, სტაციონარული და მობილური სახმელეთო რადარების, სადაზვერვო დამრტყმელი კვადროკოპტერებისა და ბარაჟირებადი (კამიკაძე) უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდის პროცესს დააკვირდნენ. უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და აწყობის პროცესზე შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონური კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ მიერ დაარსებული საწარმო შპს „დელტა-ვებე“ მუშაობს. აღნიშნული პროექტი დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. პარალელურად, „დელტა-ვებე“-ს ბაზაზე შექმნილ ტრენინგ ცენტრში წარმატებით მიმდინარეობს დრონების ოპერატორების მომზადებისა და გადამზადების პროცესი. მრავალფუნქციური სარადარო სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები თავდაცვის ძალების განვითარების 2030 გეგმის შესაბამისად გადაეცა. აღნიშნული ტექნიკა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე გადანაწილდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებას.
შვედეთმა უკრაინისთვის 124 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა
დღეს, შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის დაამტკიცა ზამთრის დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულებაც 124 მილიონი ევროს შეადგენს. ახალი დახმარება უკრაინას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება. შესაბამისი განცხადება შვედეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ევროკავშირში, X-ზე განათავსა. „უკრაინა იბრძვის საკუთარი თავის გადარჩენისთვის და ევროპის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის. ეს არის გადამწყვეტი დრო უკრაინის მხარდაჭერისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.
„არ უღალატოთ უკრაინელთა რწმენას ევროპის მიმართ“ - ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 დეკემბერს ბრიუსელში მიმდინარე სამიტის მიმდინარეობისას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას კიევთან. ზელენსკიმ მათ განუცხადა, რომ კენჭისყრის უარყოფითი შედეგი უღალატებს უკრაინელთა ევროპულ მისწრაფებებს და გააძლიერებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. „დღეს ერთ რამეს გთხოვთ - არ უღალატოთ ხალხს და მათ რწმენას ევროპის მიმართ," - მიმართა ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს ვიდეოჩართვის საშუალებით და აღნიშნა, რომ თუ ბლოკი გადაწყვეტს, არ დაიწყოს კიევთან მოლაპარაკება, ეს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მისცემს ხელს. შეგახსენებთ, უნგრეთი ეწინააღმდეგება, როგორც უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას, ისე კიევისთვის მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სამიტის წინ ბრიუსელში მედიას განუცხადა, რომ მხარს არ უჭერს კიევთან ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. „ჩვენ (ევროკავშირმა) შვიდი პირობა დავაწესეთ და ევროპული კომისიის შეფასებითაც კი სამი მათგანი არ არის შესრულებული, ამიტომ, არავითარი საფუძველი უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად არ არის,“ - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები 14-15 დეკემბერს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის საკითხებს, უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას განიხილავენ. სამიტზე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში შემდგომ ნაბიჯებზეც იმსჯელებენ. გაფართოების პაკეტი შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან კი, გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
ევროკომისარი: კომპანიებს ევროპაში, დიდი ინტერესი აქვთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით - საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა სახის ინვესტიციას მიიღებს
„ვიცი, რომ არიან კომპანიები ევროპაში, რომელთაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დიდი ინტერესები აქვთ - საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა სახის ინვესტიციას და ვისგან მიიღებს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით პირობის წამოყენება არ შეგვიძლია,“ ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ალდინა ველანმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მან უპასუხა კითხვას, როგორი აღქმა აქვს ევროპად ანაკლიაში ჩინურ ინვესტიციებთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან ევროპული კომპანიების მოლაპარაკებების პროცესში, შესაძლოა, ჩინეთისგან განსხვავებული, ალტერნატიული გადაწყვეტილებაც დადგეს დღის წესრიგში. „ჩვენ გვაქვს ჩინური ინვესტიციები ევროპაშიც. რა თქმა უნდა, გლობალურ ბაზარზე ჩვენ კონკურენტები ვართ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა სახის ინვესტიციებს ვისგან მიიღებს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით პირობის წამოყენება არ შეგვიძლია. საბოლოოდ, ეს საქართველოს გადასაწყვეტია ვისთან სურს ინვესტიციების გაკეთება. მე ვიცი, რომ არიან კომპანიები ევროპაში, ვისაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დიდი ინტერესები აქვთ და ვფიქრობ, იმ დროს, როდესაც მათ ექნებათ მოლაპარაკება თქვენს ხელისუფლებასთან, შესაძლოა ალტერნატიულმა გადაწყვეტილებებმა იჩინოს თავი, თუმცა კიდევ ერთხელ, ეს საქართველოს გადასაწყვეტია და ამაზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია“,- განაცხადა ევროკომისარმა. ევროკომისარმა ზოგადად შავი ზღვის რეგიონისა და ანაკლიის პორტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. „ვფიქრობ, შავი ზღვის რეგიონი აჩვენებს მის პოტენციალს და ასევე, მის მნიშვნელობას, რადგან, როდესაც თავად შავი ზღვა ბლოკირებული იყო რუსეთის მიერ, ვნახეთ როგორი ზარალი მოიტანა ამან. ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის გლობალური ბაზრისთვის. მზარდ მნიშვნელობას ვხედავთ ანაკლიის პორტის შემთხვევაში და ვფიქრობ, ანაკლიის პორტის კავშირი ევროკავშირთან უნდა განვითარდეს, რადგან ეს არის შუა დერეფნის ნაწილი. ვფიქრობ, ამ მიმართულებაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ,“ - განაცხადა ევროკომისარმა.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური 2.6859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6745 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9300 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი ლარს 2.8815 შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ზელენსკი გერმანიაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში მოულოდნელი, გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტზე ინფორმაცია გერმანულმა მხარემ დეტლების დაკონკრეტების გარეშე გაავრცელა. კიევი ცდილობს, უზრუნველყოს დასავლეთის მუდმივი დახმარება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ამერიკის მხარდაჭერის გაგრძელებას კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, როდესაც ბაიდენის მოთხოვნას არ ამტკიცებს.
ფინეთი რუსეთთან საზღვარს კვლავ დახურავს
ფინეთი რუსეთთან საზღვარს კვლავ დახურავს. საუბარია ორ სასაზღვრო პუნქტზე, რომლებიც ფინეთმა ხუთშაბათს, 14 დეკემბერს, ხელახლა გახსნა. მათი ხელახლა დახურვის ვადები არ სახელდება. ფინეთმა ახლახან დაასრულა ორი კვირის განმავლობაში მოქმედი რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის ყველა გზა დახურული იყო. ჰელსინკის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ბოლოდროინდელი მატება მოსკოვის მიერ ორკესტრირებული საპასუხო ნაბიჯია,რაც აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
გერმანია "ჰამასის" ოთხი წევრის დაკავების შესახებ იუწყება
გერმანია იუწყება, რომ ევროპაში ებრაულ ინსტიტუტებზე თავდასხმების დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დაკავებულია "ჰამასის" ოთხი წევრი. სამი ეჭვმიტანილი ბერლინში, მეოთხე კი, ჰოლანდიაში დააკავეს. გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი აცხადებს, რომ თავდასხმები ებრაელებსა და ებრაულ ინსტიტუტებზე ბოლო კვირებში გახშირდა. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ებრაელებს აღარ ჰქონდეთ შიში თავიანთი უსაფრთხოების თაობაზე," - ამბობს მინისტრი.
რა წერია აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიაზე
სენატის შემდეგ, 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 886 მილიარდი დოლარის მოცულობისაა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამაც დაამტკიცა და ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნა. კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში 300 მილიონი დოლარის გამოყოფას, უკრაინის დახმარებისთვის სპეციალური ინსპექტორის ოფისის შექმნას, რომელიც ჩაატარებს უკრაინის სამხედრო და არასამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებული ფონდების აუდიტსა და გამოძიებას. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის ინტერესებშია, რომ მიიღოს შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული სტრატეგია. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უნდა შეფასდეს შავი ზღვის რეგიონის დახმარების ან მასთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება, უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე ფოკუსირებით. შავი ზღვის უსაფრთხოებისა და განვითარების სტრატეგია. დოკუმენტში ვკითხულობთ: პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ეროვნული უშიშროების საბჭომ შეიმუშაოს უწყებათაშორისი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისა და შავი ზღვის ქვეყნებისთვის. გაიზარდოს კოორდინაცია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა (NATO) და ევროკავშირთან. პუნქტები მოიცავს შემდეგს: ეკონომიკური კავშირების გაღრმავება; ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება; აშშ-მ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოების დახმარება რეგიონის პარტნიორებთან, აშშ-ის ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად. მხარი დაუჭიროს მათი დემოკრატიებისა და მედეგობის გაძიერებას; ერთ-ერთი პუნქტი ასევე მოიცავს შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაძლიერებას რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ევროპასთან ინტეგრაციის მიზნით, და რეგიონის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას, ასევე, ენერგიის დივერსიფიკაციის მხარდაჭერას. ჩამონათვალი ასევე მოიცავს რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკური იძულების გავლენის შემცირებას შავი ზღვის ქვეყნებზე; ამასთან, მიუთითებს ახალი შესაძლებლობების გამოვლენაზე; ახალი შესაძლებლობების გამოვლენაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის შეერთებული შტატებიდან და სხვა პარტნიორი ქვეყნებიდან; შეერთებული შტატების საქმიანი კავშირების გაღრმავებაზე რეგიონულ პარტნიორებთან შეერთებული შტატების ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად. შეერთებულ შტატებსა და მის პარტნიორებს შორის ჩართულობის გაზრდაზე. ეკონომიკური ზრდის, ინფრასტრუქტურის გაძლიერება განვითარებასა და ვაჭრობის გაღრმავებაზე მაღალი დონის ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე ფოკუსირებით; გეგმაზე საიმისოდ, რომ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შავი ზღვის ქვეყნებმა აღიარონ და უპასუხონ რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას შავი ზღვის რეგიონში. აშშ შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებსა და პარტნიორებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა - ექსკლუზივი
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. შესაბამისი სიახლე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სოციალურ ქსელ X-ზე განთავსდა. ევროპულმა საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება დაიწყოს. ევროპელი ლიდერები დღეს ბრიუსელში, ორდღიან ისტორიულ სამიტზე შეიკრიბნენ. ცნობისთვის, სამიტამდე, 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრები შეიკრიბნენ და გაფართოების შესახებ დასკვნა დაამტკიცეს. 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 8 ნოემბერს გასცა. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
ევროკავშირი უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს
ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ასევე, აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული. „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროკავშირი გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული და მოიწვია კომისია, მოამზადოს შესაბამისი ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის იმედის ცხადი მესიჯი მათი ქვეყნებისა და ჩვენი კონტინენტისთვის,“ - განაცხადა შარლ მიშელმა.
პრემიერი: მადლობელი ვარ ევროკავშირის ლიდერების საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის
მადლობელი ვარ ევროკავშირის ლიდერების საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა! მადლობელი ვარ შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ერთგულნი ვრჩებით და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”, - წერს ღარიბაშვილი. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.