ძებნის რეზულტატი:

აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოს განვითარებასაც შეუწყობს ხელს

აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშიდობის დამყარება საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს. თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 13 დეკემბერს. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ასევე გაეცანით: უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა  

რუსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვი ისევ დრონების სამიზნეა

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მოსკოვზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან. რუსული მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის კალუგის ოლქის ქალაქებზე თავდასხმა 7 დრონის გამოყენებით განხორციელდა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გამთენიისას, ტელეგრამ-არხით ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონები დედაქალაქის მახლობლად, ნარო-ფომინსკში ჩამოაგდეს. სობიანინის მტკიცებითვე, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. დილით, რუსეთის კალუგის ოლქის გუბერნატორ ვლადისლავ შაპშას ტელეგრამ-არხზეც გმოაქვეყნეს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონი ჩამოაგდეს სუხინიჩსკის რაიონში. გუბერნატორის თქმით, არავინ დაშავებულა და ინფრასტრუქტურა არ დანგრეულა. დამოუკიდებელი წყაროებით, ეს ინფორმაცია ვერ მოწმდება. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მოსკოვის და კალუგის ოლქებში „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს ცხრა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“. უკრაინას რუსეთზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის შესახებ ცნობები გახშირდა.  

რუსეთმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ძებნილად გამოაცხადა

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროს კირილ ბუდანოვზე ძებნაში გამოაცხადა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძებნება ბუდანოვი. „ძებნის გამოცხადების საფუძველი: იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით,“ - აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში. 2023 წლის აპრილში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კირილო ბუდანოვს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ყირიმის ხიდზე „ტერორისტული აქტისთვის“. მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონის სასამართლომ უკრაინელ გენერალს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ კირილო ბუდანოვზე თავდასხმის 10-ზე მეტი მცდელობა იყო.  

დანილოვი: რუსეთთან ომს არ წავაგებთ - ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა

უკრაინის ეროვნული და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, უკრაინა რუსეთთან ომს არ წააგებს. „ჩვენ ნამდვილად არ წავაგებთ ომს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა, ჩვენს მხარეზეა უამრავი ქვეყანა, რომელიც ამ საზიზღრობასთან - რუსეთის ფედერაციასთან - ბრძოლაში გვეხმარება“, - აღნიშნა დანილოვმა. დანილოვის თქმით, ცხადია, ფრონტზე შეიძლება, იყოს რთული სიტუაციები. ომი ძალიან რთული რამაა და ესა თუ ის პოზიცია ბევრ რამეზეა დამოკიდებული. „მაგრამ გაითვალისწინეთ, ყოველი ღამის შემდეგ დგება დღე და დღე იწყება მზის ამოსვლით. ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა. არ გვჭირდება ახლა პესიმიზმში ჩავარდნა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: რთული სიტუაციები არსებობს, მთავარია, არ იყოს საბედისწერო, დღეს არაფერია საბედისწერო,“ - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.  

Bloomberg: ბაიდენმა რესპუბლიკელებს მიმართა წინადადებით, რომელიც უკრაინის დახმარების შანსებს ზრდის

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს შესთავაზა კომპრომისი, რაც უკრაინის დახმარების შესახებ ორპარტიული შეთანხმების პერსპექტივას ზრდის.  ამის შესახებ Bloomberg რესპუბლიკელი სენატორების განცხადებაზე მითითებით წერს. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ბაიდენის შეთავაზებას განიხილავენ. მეტი სიმკაცრის მომხრე რესპუბლიკელები აღნიშნავენ, რომ შეთავაზება დიდად შორსმიმავალი არ არის. წინადადება პრეზიდენტს საბუთების არმქონე მიგრანტების დეპორტაციისთვის გაფართოებულ უფლებამოსილებას მიანიჭებს. რესპუბლიკელი სენატორები ამჟამად განიხილავენ ბაიდენის საიმიგრაციო წინადადებას. რესპუბლიკელები საიმიგრაციო კონტროლის გაძლიერებას ითხოვენ საიმისოდ, რომ დაამტკიცონ დამატებითი 106 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, საიდანაც 61 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინისთვის არის გამოყოფილი.  

Spiegel: გერმანია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, დაფინანსების სქემას შეცვლის

2024 წლის ბიუჯეტზე კოალიციის ახალი შეთანხმებით, ბუნდესვერს უკრაინის მხარდასაჭერად, არმიის განვითარების სპეციალური ფონდის გამოყენება მოუწევს და არა ცალკე ფონდის, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ამის შესახებ Spiegel-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების სახით გადასცემს, ბუნდესვერის საკუთარი მარაგებიდან მოდის, თუმცა, „ბიუჯეტის კომპრომისულ“ ვარიანტში ნათქვამია, რომ მომავალში ეს დაფინანსება უნდა მოხდეს ბუნდესვერის სპეციალური ფონდიდან, რომელიც 2022 წელს ჯარის გასაძლიერებლად შეიქმნა. სავარაუდოდ, შეიცვლება ხარჯების დაგეგმარებაც. თავდაპირველად, ბუნდესვერის 100 მილიარდიანი სპეციალური ფონდი მიმართული უნდა ყოფილიყო არმიის მოდერნიზაციის ძირითადი პროექტების განსახორციელებლად, თანხები გათვლილი იყო 2027 წლის ბოლომდე პერიოდისთვის. თუ უკრაინაში გადაცემული იარაღის კომპენსაცია მისგან დაფინანსდება, თანხები უფრო სწრაფად ამოიწურება. ოპოზიციური CDU-ს ზოგიერთი პოლიტიკოსი უკვე გამოვიდა კრიტიკით. აცხადებენ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მთავრობის პრიორიტეტი ბუნდესვერის განვითარებისთვის და რომ სამხედროების ფინანსური საჭიროებები შეიძლება, კიდევ უფრო გაიზარდოს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ახლო მანძილზე რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან დაცვის ახალი სისტემის შექმნის პროექტი შესაძლოა, დაგეგმილზე ხუთჯერ უფრო ძვირი აღმოჩნდეს. შეგახსენებთ, რომ საბიუჯეტო კრიზისის მიუხედავად, გერმანიამ მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების შეუცვლელობაში დაარწმუნა. ხანგრძლივი დავის შემდეგ გერმანიის მთავრობა ბიუჯეტზე შეთანხმდა  

ელჩი დანიგანი: აშშ მზადაა, სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმაოს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა. ქართული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. „ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ გვაქვს რეალური პროგრესი როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოც დაცვის კუთხით. ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების, განსაკუთრებით ევროკავშირის და აშშ-ის მხარდაჭერით, განვახორციელეთ რეფორმები, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რამაც მიგვიყვანა მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებამდე. ჩვენ ველოდებით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, რის შემდეგაც, კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას დავიწყებთ როგორც რეფორმების, ისე საკანონმდებლო დაახლოების მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები აშშ-თან როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით, რაც ნამდვილად შეგვიწყობს ხელს განვითარების გზაზე,“ - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. მხარეებმა განიხილეს როგორც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის, ბაზრების დივერსიფიკაციის და სასურსათო უსაფრთხოების, ასევე გარემოს დაცვის საკითხები. აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა წარმატება უსურვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და მზაობა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს სამინისტროს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით განსახორციელებელ სამუშაოში. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის გაზრდაზე, რაც ნიშნავს უფრო მეტ ქართულ პროდუქციას ამერიკაში და მეტი ამერიკული პროდუქციის შემოტანას საქართველოში. ჩვენ ასევე შევეხეთ იმ მხარდაჭერას, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუწია ქართველ ფერმერებს, პროდუქციის უფრო ეფექტიან წარმოებაში, რაც საშუალებას აძლევს მათ, გაყიდონ თავისი პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ უფრო მაღალი მოგების მარჟით. ჩვენ ნამდვილად გვაქვს მტკიცე თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სექტორში და მზად ვართ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ,“ - აღნიშნა რობინ დანიგანმა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

საქართველოსა და რუმინეთს შორის ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და რუმინეთის კვლევის, ინოვაციებისა და გაციფრულების მინისტრი ბოგდან - გრუია ივანი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რუმინეთის კვლევის, ინოვაციებისა და გაციფრულების სამინისტროს შორის “ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.“ „ჩვენ რუმინეთის მხარესთან ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ციფრული განვითარების კუთხით თანამშრომლობას. საუბარია, როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი დაკავშირების საკითხების შესწავლაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად საქართველო უკვე ახორციელებს, მონაცემთან ცენტრების შექმნასა და ამ კუთხით თანამშრომლობაზე, რასაც, რუმინეთთან ერთად, ევროკავშირიც მხარს უჭერს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. რუმინეთის მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ტელეკომუნიკაციებისა და  საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. მათ შორის, ხაზი გაესვა  საქართველოს გავლით, ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი ციფრული დერეფნების ფორმირების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. კერძოდ, საერთაშორისო ფართოზოლოვანი სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირის ინფრასტრუქტურის განვითარებას შავ ზღვაში, ასევე საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული „მონაცემთა ცენტების“ ფორმირებას, რაც დააჩქარებს რეგიონის ციფრულ ტრანსფორმაციას და ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. მემორანდუმის მიხედვით, საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობა განხორციელდება ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოლიტიკისა და პროექტების/პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარების; აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების მხარდაჭერის; საქართველოსა და რუმინეთის ტერიტორიების გავლით ევროპა-აზიის ციფრული დერეფნების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, შავი ზღვის გავლით წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით; მონაცემთა ცენტრების /ღრუბლოვანი კომპიუტერული საშუალებების განვითარების ხელშეწყობის; ICT მეწარმეობის განვითარების; ერთობლივი კვლევისა და განვითარების (R&D) პროექტების ხელშეწყობის; ელექტრონული კომერციის განვითარების; ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების და სხვა საკითხებზე. 

ისტორიული სამიტი ბრიუსელში დღეს იწყება

ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება, სადაც გაფართოების პაკეტზე იმსჯელებენ. პაკეტი 10 ქვეყანას მოიცავს. გაფართოების პაკეტი შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, დღის წესრიგში პირველად საკითხად მითითებულია: ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის უახლეს მოვლენებს და უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის მუდმივ მხარდაჭერას. შემდეგი საკითხი: ახლო აღმოსავლეთი: ევროკავშირის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ. და, გაფართოება: ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და ამ კუთხით შემდგომ ნაბიჯებს. უსაფრთხოება და თავდაცვა ევროკავშირის ლიდერები შეაფასებენ პროგრესს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ მისი წინა დასკვნების განხორციელებაში და გამოვლენ დამატებითი მითითებებით. საგარეო ურთიერთობები: ევროკავშირის ლიდერები კონკრეტულ საგარეო პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ. ცნობისთვის, სამიტამდე, 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრები შეიკრიბნენ და გაფართოების შესახებ დასკვნა დაამტკიცეს. დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია, რომ საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშს საქართველოს შესახებ და მის რეკომენდაციას, მოუთმენლად ელოდება ევროპული საბჭოს მომავალ განხილვას ამ საკითხთან დაკავშირებით. 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 8 ნოემბერს გასცა. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.  

ლანდსბერგისი: უკრაინის გამარჯვების ვალდებულება უნდა ავიღოთ საბოლოოდ

„უკრაინის მხარდაჭერაზე თუ ვერ შევთანხმდებით, ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე.“ ეს განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გააკეთა. მისი თქმით, ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ განსაკუთრებით, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს. „ვიკრიბებით, რათა ვისაუბროთ უკრაინაზე და ვნახოთ, რამდენად შორს შეგვიძლია, წავიდეთ - რამდენ ხანსაც დასჭირდება. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაზე თითქმის ორი წელია, ვსაუბრობთ და ამდენივე ხანია, მათ დახმარებას ვთავაზობთ. ბევრ ჩვენგანს დაუსვამს შეკითხვა, რას ნიშნავს ეს. ნიშნავს თუ არა ეს უკრაინის გამარჯვებას? ეს რაიმე სხვა ტაქტიკურ მიზანს გულისხმობს? როგორც ჩანს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ შეთანხმებას იმდენ ხანს, რამდენიც კიევისთვის იქნება საჭირო. და ცხადია, ძალიან სერიოზული შედეგები გვექნება, თუ ამას ვერ შევძლებთ. უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში და არამარტო იქ, არამედ, სხვაგანაც. ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე, როგორიც მაგალითად, ჩემი ქვეყანაა. იქნება მრავალი რეგიონული და გლობალური ეფექტიც კი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და საბოლოოდ ავიღოთ უკრაინის გამარჯვების ვალდებულება უკრაინის შესახებ ჩვენი დისკურსის ამ გადამწყვეტ მომენტში. თუ ეს არ გაკეთდება, ფასი გაცილებით მაღალი იქნება,“ - აღნიშნა ლანდსბერგისმა. ბრიუსელში ისტორიული სამიტი იწყება. მანამდე, უნგრეთს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგია, ევროკომისიამ 10 მილიარდი ევრო განუბლოკა, თუმცა ვიქტორ ორბანი მაინც აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირის უსაფრთხოებას დაანგრევს. ევროპელი ლიდერები უნგრეთის პრემიერთან შეხვედრას და მოლაპარაკებას განაგრძობენ. სამიტის მიმდინარეობისას გაირკვევა, საბოლოოდ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი კონენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას.  

ორბანი უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციას არ ცვლის

ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე მისულმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბევრი მოლაპარაკება გაიმართა და უნგრეთის პოზიცია ნათელია: როდესაც საქმე ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება, უკრაინის წინაპირობები შესრულებული არ არის - უნგრეთი არ დანებდება. „გაფართოება არ არის თეორიული საკითხი. გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული, სამართლებრივად დეტალური პროცესი, რომელსაც აქვს წინაპირობები... ახლა არ არსებობს მიზეზი უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკებისთვის. 7 წინაპირობიდან 3 არ არის შესრულებული, ასე რომ, არ არსებობს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი. ჩემი შეფასებით, მეტიც არ იყო შესრულებული, თუმცა სამიც საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვათ: თუკი არ შეასრულეთ წინაპირობები, მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არსებობს,“ - აღნიშნა ორბანმა, როდესაც ჰკითხეს ევროკომისიის მიერ 10 მილიონის განბლოკვაზე. ის ამტკიცებს, რომ უნგრეთი საკუთარ საკითხს არ უკავშირებს უკრაინის პოლიტიკას. კითხვას - „პოლიტიკური დიახ“ არის თუ არა დღეს მოსალოდნელი, მან არ უპასუხა. ბრიუსელში ისტორიული სამიტი იწყება. მანამდე, უნგრეთს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგია, ევროკომისიამ 10 მილიარდი ევრო განუბლოკა, თუმცა ვიქტორ ორბანი მაინც აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირის უსაფრთხოებას დაანგრევს. ევროპელი ლიდერები უნგრეთის პრემიერთან შეხვედრას და მოლაპარაკებას განაგრძობენ. სამიტის მიმდინარეობისას გაირკვევა, საბოლოოდ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი კონენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას.  

ვიქტორ ორბანი: საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებისას განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა. მისი თქმით, „საქმე გაკეთებულია“. „საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ,“– განაცხადა ვიქტორ ორბანმა.  

ნაუსედა: ისტორიული გადაწყვეტილებების შანსი გვაქვს

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიას განუცხადა, რომ დღეს არის ისტორიული შანსი კარგი გადაწყვეტილებების მიღების. „ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ძალიან გაბედული გადაწყვეტილებების მიღების ისტორიული შანსი. ეს ჩვენს ხელშია, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ, ან დავკარგოთ. ჩემი ქვეყნის პოზიცია ძალიან მყარია, თქვენ იცით, რომ ჩვენ ამას თავიდანვე ვუჭერთ მხარს და ვთვლი, რომ ამას იმსახურებს უკრაინელი და მოლდოველი ხალხი, რადგან მათ ბევრი რამ გააკეთეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ისინი იმსახურებენ პოზიტიურ შედეგს,“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ ბოროტად გამოიყენებენ ერთსულოვნების პრინციპს, გაჩნდება სულ უფრო მეტი ხმა, რომელიც დასვამს შეკითხვას, თუ რატომ ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე. „შევძლებთ თუ არა ამ პოზიტიური შედეგების მიღებას და გადაწყვეტილებების მიღებას, დღეს ვნახავთ. თუკი ჩვენ ბოროტად გამოვიყენებთ ერთსულოვნების პრინციპს, გაჩნდება სულ უფრო მეტი ხმა, რომელიც დასვამს შეკითხვას, თუ რატომ ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე. ჩემი ქვეყნისთის სარგებელს იღებს ერთსულოვნების პრინციპიდან, რადგან ის არის პატარა ქვეყანა, როგორც მაგალითად უნგრეთი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრინციპის შენარჩუნება, თუმცა ის არ უნდა იყოს ბოროტად გამოყნებული და საჭიროა მისი სწორად და სამართლიანად გამოყენება,“ – აღნიშნა ნაუსედამ. მისივე თქმით, საქართველომ ბევრი გააკეთა რეფორმების მიმართულებით. „ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად. დიახ, ყოველთვის არის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შესაძლებელია. თუმცა, ამჟამად ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებები არამხოლოდ უკრაინასა და მოლოდვასთან დაკავშირებით, არამედ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნ ნაუსედამ.  

სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია - არ ვაკეთებ კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ

„სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია - არ ვაკეთებ კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ,“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც შეახსენეს, რომ „უარი განაცხადა სააკაშვილის შეწყალებაზე.“ „უარი არ განმიცხადებია. მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ ეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე. შევარდნაძემაც დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი შეასრულა და ყველას ახსოვს, რომ მან პირველმა მან წარმოთქვა: „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი.“ ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ და ადმინისტრაციამ თავისი როლი შეასრულა. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობებს, რომლებიც ძალიან კარგად იწყებენ, ტენდენცია აქვთ, რომ იქცნენ ცოტა ავტოკრატებად,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი ახალი თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების საწარმოებლად ერთობლივ ორგანიზაციას ქმნიან

იტალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი ახალი თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების საწარმოებლად ერთობლივ ორგანიზაციას ქმნიან. იაპონიის თავდაცვის მინისტრმა მინორუ კიჰარამ ბრიტანელ და იტალიელ კოლეგებთან, გრანტ შაპსთან და გვიდო კროსეტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაღალი ხარისხის გამანადგურებელი თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობა, საჰაერო უპირატესობის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი და იგი საფრთხეების ეფექტური შეკავების შესაძლებლობას იძლევა. „ეს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას გააძლიერებს. რისკები და პრობლემები, რომლებიც ევროპიდან იწყება და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე გრძელდება, ყველასთვის ნათელია,“ - განაცხადა თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა.  

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ზექი აკთურქმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, წვრთნებში თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. აქთურქის თქმით, წვრთნები მიზნად ისახავს ქვედანაყოფებს შორის  თანამშრომლობისა და ურთიერთაქტივობის განმტკიცებას.  

შოლცის პასუხი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განუცხადა, რომ გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან და განსაკუთრებით, უკრაინასთან მიმართებით. დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, შოლცმა უპასუხა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე.“ „დაწმუნებული ვარ, ეს არის აუცილებელი დებატები ევროპაში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესებში. გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ ვფიქობთ, აუცილებელი ნიშანია, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინელების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენ მიერ მოთხოვნილი ყველა ზომის შესრულებისკენ,“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა.  

უკრაინამ უნდა მიიღოს მხარდაჭერა, იგივე ეხებათ მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას - მეცოლა

უკრაინამ უნდა მიიღოს მხარდაჭერა, იგივე ეხებათ მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა. „შეთანხმება ყოველთვის შესაძლებელია. გაფართოებასთან დაკავშირებით ძალიან ნათელია, რომ ეს არის ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია. უკრაინას უნდა მიეცეს მორალური, პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ის იმსახურებს და ეს ჩვენი საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც საჭიროა. იგივე ეხება მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. მე ევროპული საბჭოს ყველა სხდომაზე ვამბობ, რომ ჩვენ ვისურვებდით ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. არ მჯერა, რომ ახლა 2023 წლის დეკემბერია და ჩვენ ჯერ კიდევ ვსაუბრობთ ბულგარეთისა და რუმინეთის მოქალაქეების შენგენის ზონაში გაწევრიანებაზე,“ – განაცხადა რობერტა მეცოლამ.    

რუმინეთში გემიდან გადავარდნილი ქართველი მეზღვაური დინებამ გაიტაცა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ, რუმინეთში, გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა. მეზღვაური დინებამ გაიტაცა და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციით, რუმინეთში, კონსტანცას ნავსადგურის აკვატორიაში, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა. რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მეზღვაურის ძებნის ოპერაცია ასევე დღეს, 14 დეკემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს,” - განუცხადეს ქართულ მედიასაშუალებებს უწყებაში.  

სამიტის დაწყება დაგვიანდა, ევროპელი ლიდერები ორბანის გადარწმუნებას სამუშაო საუზმეზე ცდილობდნენ - მედია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ ხვდებიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. Politico-სა და The Guardian-ის ცნობით, ორბანი ამბობს, რომ ის უკრაინის საკითხზე არ დანებდება.   გამოცემის ცნობით, სამუშაო საუზმეს წინ უძღოდა წუხელ გამართული შეხვედრა შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ოლაფ შოლცსსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის. შეხვედრის მიზანი სამიტამდე „საერთო ხაზზე“ შეთანხმება იყო. გამოცემის ცნობით, ევროპელი პოლიტიკოსები შეეცდებიან, უკრაინის საკითხზე უნგრეთის განსხვავებული პოზიციის ფონზე, წინსვლის გზა იპოვონ. „ევროკავშირის ლიდერები ისტორიულ სამიტზე დასასწრებად ქალაქში იმყოფებიან. ერთ-ერთი მათგანი, უკანონო აგრესიული ომის ფონზე, უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ღია დივერსიას აწყობს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფსონი დადო, რომ დასავლეთი სუსტია და საბოლოოდ დათმობს - და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი წინასწარმეტყველება ახდეს. ევროპარლამენტში გერმანელი „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერმა, იენს გეიერმა განაცხადა, რომ „ორბანის წყალობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც სამიტის მაგიდასთან ზის. ამ ფონზე, დღეს დილით, საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და თავად ორბანს შეხვდება, რათა წინსვლის გზა იპოვონ“, -აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში. პოლონური მედიასაშუალება PolskieRadio24 იუწყება, რომ ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყება გადაიდო. მედიის ცნობით, ორბანს, მაკრონსა და შოლცს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებებს ასევე ესწრება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. „ეს არის ბოლო შანსი, დაარწმუნონ უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელი უკრაინის დახმარებაში,“ - წერს PolskieRadio24. გადამწყვეტ სამიტამდე, ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევრო განბკლოკა