ძებნის რეზულტატი:
საქართველოში ყოველ მეორე ქალს ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია - კვლევა
ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებულ ახალ ეროვნულ კვლევაშია ნათქვამია, რომ საქართველოში ყოველი მე-4 ქალი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. ამავე კვლევით, საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, 24%-ს - ფსიქოლოგიური ძალადობა; 8%-ს - ეკონომიკური ძალადობა; 6%-ს - ფიზიკური ძალადობა; 4%-ს - კი სექსუალური ძალადობა. საქართველოში სექსუალური ძალადობა 18 წლამდე ასაკში ქალების 8.5%-ს გამოუცდია. კვლევის თანახმად, ყოველ მე-5 ქალს, რომელსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდია, ტრავმაც მიუღია. შემთხვევების 45.8%-ს ბავშვი შესწრებია. ამ ქალების 16.8%-ს ერთხელ მაინც უფიქრია თვითმკვლელობაზე, ან თვითდაზიანებაზე. „საქართველოში ყოველ მე-4 ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. როგორც ახალ ეროვნულ კვლევაშია აღნიშნული, ქალები, ამბობენ, რომ ამ შემთხვევების 41% ქუჩაში ხდება; 28% - საზოგადოებრივ ტრანსპორტში; 11% - სკოლაში ან უნივერსიტეტში; 8% - სამუშაო ადგილზე. საქართველოში ქალების 8.5%-ს ცხოვრების განმავლობაში ადევნება გამოუცდია. 15-24 წლის გოგოები, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობენ, ადევნების მსხვერპლები ყველაზე ხშირად ხდებიან ხოლმე. ეს ნეგატიური გამოცდილება გოგოებს შემთხვევების 89%-ში კაცებისგან მიუღიათ, 57.5%-ის შემთხვევაში კი - უცნობებისგან. საქართველოში სულ უფრო ნაკლებად მიაჩნიათ, რომ ცოლ-ქმარს შორის ძალადობა მხოლოდ მათი პირადი საქმეა, თუმცა, ყოველი მე-5 ქალი და მე-3 კაცი კვლავაც ფიქრობს, რომ სხვისი ოჯახის საქმეში არ უნდა ჩაერიოს. ქალების უმრავლესობა გამოცდილ ძალადობაზე არ ლაპარაკობს. ამ თემაზე 38.2 %-ს არავისთან უსაუბრია; რომელიმე ორგანიზაციისთვის დახმარება 10-დან 2 ქალს უთხოვია; პოლიციისთვის კი 10-დან 1-ს მიუმართავს. რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა. თვისებრივმა კვლევამ კი 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ, ჯამში 171 რესპონდენტი მოიცვა. კვლევამ შეისწავლა, თუ როგორია ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელება, რა გავლენა აქვს მას ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რამდენად ფლობენ ისინი ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ და სარგებლობენ თუ არა ამ სერვისებით, როგორია საზოგადოების დამოკიდებულებები ქალთა მიმართ ძალადობასთან, მის მიზეზებთან, შედეგებსა და აღკვეთის გზებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია კვლევაში.
საქართველომ და გერმანიამ მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრთან ნენსი ფეზერთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას.შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ. „შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, როგორც არალეგალური მიგრაციის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას. შეხვედრაზე გერმანული მხარის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ წარმატებით ხორციელდება ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაცია. გარდა ამისა, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემოხსენებული შეთანხმება,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანელი მინისტრი საქართველოში ვიზიტის წინ: კიდევ უფრო გავაფართოებთ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში
მაია სანდუ: რუსეთი არჩევნების წინ მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს
მოლდოვა რუსეთს წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ქვეყნის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, რუსეთი რესპუბლიკაში ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს. „ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს აქ სიტუაციის დესტაბილიზაციას. სავარაუდოდ, ისინი დაახლოებით გაზაფხულიდან დაიწყებენ. აქ მყოფ ადამიანებს გამოიყენებენ, ტაქტიკა შეიძლება შეიცვალოს,“ - განაცხადა სანდუმ PRO-TV-სთან ინტერვიუში. მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, მოლდოვის ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს გასული ადგილობრივი არჩევნების გაკვეთილები, გააანალიზოს ისინი და მიიღოს ზომები მოქალაქეთა ხმებისა და დემოკრატიული არჩევნების დასაცავად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, NATO-სთან თავსებადობის გაზრდა - რაზე ისაუბრეს თავდაცვის მინისტრმა და NATO-ს გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ხავიერ კოლომინას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, NATO-სთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა გაძლიერებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებისა და ალიანსის მხრიდან საქართველოს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის კრიტიკული მნიშვნელობა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. თავდაცვის მინისტრთან საუბრისას, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცა თავდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორისი სამთავრობო გუნდის წარმატებულ საქმიანობას წლის განმავლობაში და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა,“ - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი: სერბეთში საპარლამენტო არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა
ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა, რეინოლდ ლოპატკამ განაცხადა, რომ სერბეთში საპარლამენტო არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა „საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად კარგად იყო ორგანიზებული და ამომრჩევლებს პოლიტიკურ ალტერნატივებს სთავაზობდა, პრეზიდენტის გადამწყვეტი მონაწილეობით ხასიათდებოდა, რაც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად არასამართლიან პირობებს ქმნიდა,“ - განაცხადა ლოპატკამ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების დროს სამთავრობო რესურსების ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ, მმართველმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ გაიმარჯვა.
შს მინისტრი: ბოლო პერიოდის განმავლობაში, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა. ამის შესახებ გომელაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრ ნენსი ფეზერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ციფრები ზეპირად არ მახსოვს, თუმცა ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, მოიმატა. სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა, ბოლო წლებია, მოიმატა, ალბათ, ბოლო ორი წელიწადია დაახლოებით. თუმცა რეადმისიას ვახორციელებთ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პირიქით, კოლეგებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ,“ - განაცხადა მინისტრმა. გომელაურის განცხადებით, ინფორმაცია, რომ დღეიდან, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეებს გამოაძევებენ, ტყუილია და აღნიშნა, რომ გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოსთვის უფრო მეტი კარი იხსნება. „პირიქით, უფრო მეტი კარი იხსნება ჩვენთვის," - აღნიშნა შს მინისტრმა. გომელაურის განცხადებით, გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერისთანავე, საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან გამოძევების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მისი თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების მიზანი უკანონო მიგრაციის პრევენციაა. „გერმანიასა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმებას. შეთანხმების პროექტი მოიცავს დებულებებს შემდეგ საკითხებზე: უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება. უკანონო მიგრაციის შემცირების მიმართულებით შეთანხმების კონვერტში აღნიშნულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანის ვაჭრობის, ტრეფიკინგის დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე, უნებართვოდ ცხოვრებისა და რეადმისიის პროცესში თანამშრომლობის განმტკიცებას. ყურადღება გამახვილებულია, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციასა და დისკრიმინაციისგან მათ აქტიურ დაცვაზე. ასევე, საჭიროა, საინფორმაციო კამპანიების წარმოება გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის. შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობას. გერმანულ შრომის ბაზარზე ქართველებისთვის საქმიანობის დაწყებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას. გამარტივდება სამუშაო ვიზები, რომელიც პრობლემაა, დღეიდან შედარებით მარტივი იქნება. ინფორმაცია გავრცელდა სხვანაირად, თითქოს, დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა, დაატოვებინებენ მათ ქვეყანას... ეს სიცრუეა! რეადმისია წლების განმავლობაში ხორციელდება. ინფორმაცია, თითქოს, დღეიდან ხელი მოეწერება თუ არა, ჩვენს მოქალაქეებს გერმანიას დაატოვებინებენ და ქვეყნიდან გამოაძევებენ, სრული სიცრუეა. წლების განმავლობაში რეადმისია ხორციელდება და გაგრძელდება,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
პრემიერმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. „ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო მიღებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ,“ - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანიის შს მინისტრი: უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნის მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ითხოვდნენ თავშესაფარს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალური მინისტრის, ნენსი ფეზერის განცხადებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0,3%-ია. ფეზერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩადიოდნენ გერმანიაში და არ ითხოვდნენ თავშესაფარს. „საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებიან, აცხადებენ, რომ მკურნალობა შეუწყდათ და საქართველოში დაბრუნება უწევთ. ხომ არ შეიძლება, შემსუბუქდეს მიდგომები მიგრაციის კანონის გამკაცრების პარალელურად, ასევე, რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ გერმანიაში,“ - ნენსი ფეზერმა მედიის ამ შეკითხვას უპასუხა. „ჩვენი შეთანხმებით და ასევე, საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების მხრივ, ასევე გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ, მაგრამ 0,3% არის თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაკმაყოფილების კვოტა. აუცილებელი იყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება. მნიშვნელოვანი იყო გარკვეული ცვლილებების განხორციელება, ეს არის გამოძახილი მიგრაციის შეთანხმებისა. გერმანიაში მესამე ქვეყნებიდან ძალიან ბევრი შემოდის, ჩვენც გარკვეული ღონისძიებები უნდა განგვეხორციელებინა სწრაფად და ეფექტურად ამის დასაძლევად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველომ მიიღო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩამოდიოდნენ და არ ითხოვდნენ თავშესაფარს. ასევე მიგრაციის შეთანხმებაც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გასული 3 წლის განმავლობაში გაიზარდა მაგალითად უკრაინიდან 60%-ით მიგრაციის მაჩვენებელი,“ - განაცხადა ნენსი ფეზერმა. საქართველომ და გერმანიამ მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად იყიდება - ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება. უწყების განცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. „ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი - იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია. მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება,“ - წერია ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანის შს მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრს ნენსი ფეზერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. „პრემიერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. მთავრობის მეთაურმა გამოჩენილი მხარდაჭერისათვის გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისადმი განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობისა და ურთიერთნდობის პრინციპებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში − ტანია ჰუტი, ფედერალური მთავრობის სპეციალური კომისარი მიგრაციის საკითხებში − იოაკიმ სტამპი, ასევე დაგეგმვისა და კომუნიკაციების აღმასრულებელი დირექტორატის უფროსი − ბასტიან ფლეიგი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − ვახტანგ გომელაური და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში − ლევან იზორია,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლიეტუვის პარლამენტმა დეპუტატს სხვისი ღილაკით სარგებლობის გამო, მანდატი გაუუქმა
ლიეტუვის პარლამენტმა დეპუტატ პეტრას გრაზულისს ფიცის დარღვევისთვის მანდატი გაუუქმა. მას 10 წლით აეკრძალა პარლამენტის არჩევნებში კენჭისყრის უფლებით სარგებლობა ან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა. გრაზულისი კოლეგის ნაცვლად ხმის მიცემაში ამხილეს, საკონსტიტუციო სასამართლომ კი დაადგინა, რომ ეს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. გრაჟულისს მანდატის ჩამორთმევას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვა წინააღმდეგი იყო, ოთხმა კი თავი შეიკავა. გადაწყვეტილების მისაღებად, 141 დეპუტატიდან არანაკლებ 85-ის ხმა იყო საჭირო. კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ დეპუტატმა თავისი ფიცი და კონსტიტუცია დაარღვია. ახლა ის 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ევროპარლამენტის არჩევნებში ჩაერთვება.
გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში, რუსეთს 130 000 ევრო დაეკისრა - ადვოკატი
იურისტ გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას საქმეზე რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ევროსასამართლოს პალატამ ერთხმად ცნო რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებლად გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო. ევროსასამართლოს შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია სიცოცხლის უფლება - როგორც არსებით ნაწილში (მკვლელობა მისი პასუხისმგებლობით მოხდა), ასევე, გამოძიების არაეფექტიანობის გამო. „გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავარაუდოდ, არ მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მარტივად რომ აგიხსნათ, სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას. მაშინ, როდესაც იქნება დებატები პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ევროპულმა სასამართლომაც კი, თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსზღვრა. მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ, რომ მქონდა პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს!“ წერს გიორგი ტაბატაძე. 2018 წლის იანვარში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საჩივარში ნათქვამია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. „ჩვენ წარვადგინეთ წერილობით არგუმენტაცია. ასევე რუსეთის ფედერაციამაც. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია და ველოდებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. რუსეთის ფედერაცია უნდა იქნეს მიჩნეული პასუხისმგებლად ევროპული კონვენციის მეორე მუხლის დარღვევაზე, ანუ უშუალოდ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე. იმიტომ, რომ ეს ჩადენილი იყო ე.წ. მესაზღვრეების მიერ, რომლებზეც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ჩვენი მოთხოვნაა ასევე, რომ დადგინდეს პროცედურულ ნაწილშიც დარღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმესთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციამ არ აწარმოა გამოძიება. გამოძიება, რაც აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ აწარმოა, არ იყო ეფექტიანი, სრულყოფილი. მათ გაათავისუფლეს რაშიდ კანჯი ოღლი, რომელიც ცოტა ხანს იმყოფებოდა შინაპატიმრობაში,“ - ამბობდა მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი ტაბატაძე. ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ. ტრაგედია, რომელსაც თვითმხილველები ჰყავს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში მოხდა. ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ ცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველომ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.
რა წერია ვენეციის კომისიის ახალ დასკვნაში საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ
ვენეციის კომისია ანტიკორუფციულ ბიუროს შესახებ ახალ მოსაზრებას აქვეყნებს. კომისია წერს, რომ მოსაზრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2023 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადისა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის განხორციელების ძალისხმევის კონტექსტში გამოითხოვა. როგორც დასკვნაში წერია, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია მიესალმება გრძელვადიან მიდგომას სისტემების მშენებლობისა და კორუფციის წინააღმდეგ საზოგადოების მდგრადობის მიმართ, კომისია აღნიშნავს, რომ ბიუროს საგამოძიებო უფლებამოსილებები და სამართლებრივი ინსტრუმენტები არ აქვს არსებული კორუფციული საქმეების განსახილველად. ვენეციის კომისია აღნიშნავს. რომ არსებული ინსტიტუციური სტრუქტურა არ ითვალისწინებს ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ მისი კომპეტენციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგისათვის, კანონში დამატებით გარანტიებს საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ACB-ის ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება დიდწილად პრემიერ-მინისტრის ხელშია. ACB-ის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დამოუკიდებლობისა და აღქმის გასაზრდელად და, შესაბამისად, ამ ორგანოს მიმართ საზოგადოების ნდობის გასაზრდელად, ვენეციის კომისია რეკომენდაციებით გამოდის. „დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის აღქმის გასაზრდელად და, შესაბამისად, ამ ორგანოს მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით, ვენეციის კომისია შემდეგ ძირითად რეკომენდაციებს წარმოადგენს: კანონი შეიცვალოს, რათა ბიუროს ხელმძღვანელის დასანიშნად მრავალპარტიული მხარდაჭერა გახდეს საჭირო და მისი დანიშვნა მოხდეს პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით, ან შესაბამისი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმით (რაც მოითხოვს ჩვეულებრივ უმრავლესობაზე მეტს) ან შესაბამისი ალტერნატივით, რომელიც ასახავს ფართო, მრავალპარტიულ შეთანხმებას პარლამენტში (მაგალითად, ორმაგი უმრავლესობით, რაც ითვალისწინებს უმრავლესობას პარლამენტარებს შორის, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან), და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე - ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღოს პარლამენტმა და არა პრემიერ-მინისტრმა; ვენეციის კომისია ასევე იძლევა რეკომენდაციას, კანონში შევიდეს შემდგომი ცვლილებები თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით, რითაც შეიზღუდება გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეცია. „კანონში შევიდეს შემდგომი ცვლილებები თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით, რაც ზღუდავს ამ კუთხით გათავისუფლების გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეციას, კერძოდ, კერძოდ, „მოვალეობის შეუსრულებლობის“ საფუძველი ფიზიკური ან გონებრივი ქმედუუნარობის ჩვეულებრივი შემთხვევებით შემოიფარგლოს და დაზუსტდეს/ განისაზღვროს დებულებები ნასამართლობის, ნარკოტიკების მოხმარებისა და შეუსაბამობის შესახებ,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ასევე, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას 2022 წლის ნოემბრის დებულებების ზოგიერთი სხვა ელემენტის გადახედვის შესახებ, კერძოდ: „განხილულ იქნას ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების ფუნქციური იმუნიტეტის უზრუნველყოფა; ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე პროფესიული მოთხოვნების გაძლიერება; დაზუსტდეს დებულებები თანამდებობის პირების სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, ამასთან, ნარკოლოგიური ტესტის შედეგების გამოქვეყნების მოთხოვნა წაიშალოს კანონიდან და ბიუროს ხელმძღვანელის შესაძლო ტესტირებისთვის მკაფიო სამართლებრივი საფუძველი უნდა არსებობდეს; მიღებულ უნდა იქნას ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბიურომ განახორციელოს ქონების დეკლარაციების არსებითი შემოწმება და დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის გარდა, გამოიყენოს რისკებზე დაფუძნებული მიდგომა, რათა უზრუნველყოს ყველაზე შესაფერისი დეკლარაციების შეფასება თანამდებობის პირების კანონიერ შემოსავლებთან მიმართებაში, იმისთვის, რომ გამოავლინოს დაუსაბუთებელი სიმდიდრის შემთხვევები ან ინტერესთა პოტენციური კონფლიქტი; შეტანილ იქნას ზუსტი და მკაფიო მინიშნებები კანონში მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამის დებულებებზე; განისაზღვროს უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს როლი უფრო მეტი სიცხადით და სიზუსტით, რათა არ მოხდეს ბიუროს ფუნქციების დამთხვევა და მოიხსნას ბიუროს ანგარიშვალდებულება უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე; ამასთან, ბიუროს უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საკუთარი მრჩეველთა საბჭო შექმნას,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
საგარეო უწყება „მაგნიტსკის აქტზე“: საქართველომ ბოლო წლების პრაქტიკა შეინარჩუნა
„მაგნიტსკის აქტის“ გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა შეინარჩუნა. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ზოგადად, ქვეყანა ევროკავშირის განცხადებებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 50%-მდე შემთხვევაში მიუერთდა. „საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები. რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად, 50%- მდეა გაზრდილი,“ - აცხადებენ სამინისტროში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპულმა საბჭომ „მაგნიტსკის აქტის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. მისი ინფორმაციით, საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უერთდებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ამ ჩამონათვალში საქართველო არ იყო.
ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა - საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციის მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. მათივე ცნობით, მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები. „დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Matkava and Others v. Russia (no. 3963/18)). ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით, 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული „ადმინისტრაციული საზღვრის“ მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე. წ. აფხაზმა „მესაზღვრემ“, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. მომჩივნები ე. წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობენ. შესაბამისად, მომჩივნები აცხადებენ, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების მატერიალური და პროცედურული ნაწილები. არსებითი განხილვის ეტაპი: 2018 წლის 8 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა. რუსეთის ფედერაცია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოდ იხსენიებს, რომელმაც თავი დააღწია საქართველოს აგრესიას და თვითგამორკვევის გზით გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ მისი იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, იგი არ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს ან რაიმე სახის ზეგავლენას ,,აფხაზეთის რესპუბლიკაზე“ ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას, დაიცვას ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე. რუსეთის წერილობითი არგუმენტაციის საპირისპიროდ, როგორც საჩივარში, ასევე შემდგომ წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში, საიამ და EHRAC-მა მიუთითეს არაერთ მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნების შუამდგომლობა და დაავალა რუსეთის ფედერაციას, წარმოედგინა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მთლიანი საგამოძიებო მასალების ასლები. მიუხედავად აღნიშნულისა, რუსეთის ფედერაციამ ვალდებულება არ შეასრულა. ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში საია დამატებით მიუთითებდა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპული სასამართლოსთვის საქმის მასალების არგადაცემა არღვევდა კონვენციის 38-ე მუხლს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ 38-ე მუხლის დარღვევაც დაადგინა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროპულ სასამართლოში ასევე შეტანილია სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) (no. 39611/18), რომელიც ევროპულმა სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა 2023 წლის 28 მარტს. საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისო საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. სახელმწიფოს საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის სამაგალითო შემთხვევებს და განხილული იქნება ადმინისტრაციული პრაქტიკის ფარგლებში. ასევე, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მთავრობა კონკრეტულ დავაში მესამე მხარედ იყო ჩართული და წარადგინა სამართლებრივი პოზიცია მომჩივანთა მხარდასაჭერად. გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა თუ, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” (EHRAC) თანამშრომლობით. საია აღნიშნულ საქმეს ახორციელებდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში,“ - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთი და უკრაინა უსაფრთხოების 10-წლიან პაქტს გააფორმებენ - The Telegraph
დიდი ბრიტანეთი და უკრაინა უსაფრთხოების 10-წლიან პაქტს გააფორმებენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი შეიძლება უახლოეს რამდენიმე კვირაში მოეწეროს. The Telegraph-ის ცნობით, უსაფრთხოების 10-წლიანი პაქტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი კიევის საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას. ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში სამხედრო მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს. ასევე, გაერთიანებული სამეფო კიევს ომის შემდგომ უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებს.
დანიამ აშშ-სთან თავდაცვის შეთანხმებას მიაღწია
დანიამ შეერთებულ შტატებთან მიაღწია თავდაცვის შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მისცემს ამერიკელ ჯარისკაცებს და სამხედრო აღჭურვილობას განლაგდეს დანიის მიწაზე. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გააკეთა. 10-წლიანი შეთანხმების შესახებ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მსგავს შეთანხმებებს ამ თვეში ფინეთთან და შვედეთთან მოაწერა ხელი. „ეს ნიშნავს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები და აღჭურვილობა შეიძლება, მუდმივად განთავსდნენ დანიის მიწაზე,” - განუცხადა ფრედერიკსენმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე. შვედეთმა მსგავს შეთანხმებას დეკემბერში მოაწერა ხელი, ხოლო ნორვეგიამ, რომელსაც ასევე მოკლე საზღვარი რუსეთთან აქვს, 2021 წელს გააფორმა დოკუმენტი შეერთებულ შტატებთან იმის შეახებ, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს აშშ-ის სამხედრო აქტივობა მის ტერიტორიაზე.
პირველმა ქვეითმა ბრიგადამ დაარსებიდან 31 წლის იუბილე აღნიშნა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველმა ქვეითმა ბრიგადამ დაარსებიდან 31 წლის იუბილე აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა ბრიგადის იუბილე მიულოცა და პირველი ქვეითი ბრიგადის მნიშვნელობასა და მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. „ღონისძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედროები საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით -„გენერალი კვინიტაძე", „გიორგი ანწუხელიძე" და „სამშობლოსათვის თავდადებული“ დაჯილდოვდნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროების ოჯახის წევრებს ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ბრიგადის ტექნიკისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. მოწვეულმა სტუმრებმა სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით, ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა
ვენეციის კომისია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) ერთად მომზადებულ ახალ დასკვნაში ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში მოქმედი ცვლილებები, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობასა და მისი (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას ეხება, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შემდგომ განვითარებასა და სხვა ხანგრძლივი რეკომენდაციების გათვალისწინებას საჭიროებს. მოსაზრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2023 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადისა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის განხორციელების ძალისხმევის კონტექსტში გამოითხოვა. „თვალშისაცემია ბოლო წლებში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის სიხშირე,“ - ნათქვამია მოსაზრებაში. უმრავლესობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, 2021 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები - მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით, რასაც პრინციპში მიესალმნენ ვენეციის კომისია და ODIHR. იმავდროულად, მიღებული იყო შემდგომი ცვლილებების სერია, რომელიც გასცდა ამ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას. ცვლილებების ამჟამინდელი პროექტი, ვენეციის კომისიის და ODIHR-ის აზრით, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შემდგომ განვითარებას საჭიროებს. „საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შემადგენლობას და მისი უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას ეხება. ისინი "რთული და საკმაოდ დამაბნეველია," - ნათქვამია მოსაზრებაში. მისივე თანახმად, 2022 და 2023 წლების წინა რეფორმებისგან განსხვავებით, მიმდინარე ცვლილებების პროექტი მომზადდა სწრაფი პროცესის ფონზე, მმართველი პარტიის ინიციატივით, როგორც ჩანს, შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ფართო კონსულტაციის გარეშე. „საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შემოთავაზებული ცვლილებები ეხება მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შემადგენლობას და მისი (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას. ისინი რთული და საკმაოდ დამაბნეველია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოიცავს არაზუსტ და მრავალჯერად ჯვარედინ გზავნილებს კანონის ორივე წყაროს შორის. მიმდინარე რეფორმის დრო, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური, რადგან ის ეხება საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ელემენტებს - კერძოდ, საარჩევნო კომისიების წევრობას და მიღებული იქნება, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო იქნება დარჩენილი. მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ მიღების პროცესი პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეჩერდა, რათა მოხდეს ერთობლივი მოსაზრების დასკვნების გათვალისწინება და რომ რეფორმა ნაწილობრივ მაინც ემსახურებოდეს ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის სტანდარტებს და განხორციელდეს ვენეციის კომისიისა და ოდირის წინა რეკომენდაციები. ეს განვითარება, პრინციპში, მისასალმებელია. ამავდროულად, შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში უმრავლესობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის 2021 წლის 19 აპრილის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის ცესკოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, რასაც, ვენეციის კომისია და ოდირი მიესალმნენ. „იმავდროულად, მიღებულ იქნა შემდგომი ცვლილებების სერია, რომელიც გასცდა ამ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას. ვენეციის კომისიის და ოდირის აზრით, მიმდინარე ცვლილებების პროექტი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საჭიროებს შემდგომ განვითარებას,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. რეკომენდაციის ნაწილში წერია, რომ უნდა შეიცვალოს ცვლილებების პროექტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონსენსუსი ცესკო-ს არაპარტიული წევრებისა და თავმჯდომარის დანიშვნა/არჩევაზე; ეს შეიძლება გულისხმობდეს პირველ რიგში მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობის 2/3-თან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც უპირატესობას ანიჭებს კვალიფიციურ უმრავლესობას, მანამ, სანამ შესაძლოა მიმართავდეს მარტივ (ან აბსოლუტურ) უმრავლესობას, როგორც ჩიხის საბოლოო გადაწყვეტას, გათვალისწინებულ იქნას ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის სხვადასხვა ეტაპებს შორის შემოთავაზებული შეზღუდული დროის გახანგრძლივება; ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარისგან საქართველოს პრეზიდენტს დაუბრუნდეს, მოხდეს ცესკოს წევრის ან თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენის, უარყოფისა და დანიშვნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება, პროექტიდან ამოღებულ იქნას ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის მოადგილის გაუქმება. დღესვე ვენეციის კომისიამ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ახალი დასკვნა გამოაქვეყნა.
შვილის მკვლელის დასჯის იმედი გამიჩნდა - გიგა ოთხოზორიას დედა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გარდაცვლილის ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. ამავე გადაწყვეტილებით, დადგინდა 38-ე მუხლის (საქმის განხილვა) დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ (EHRAC) იცავდნენ. საჩივრით მათ ევროპულ სასამართლოს 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. გადაწყვეტილება დღეს, 19 დეკემბერს გამოცხადდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრში“ აცხადებენ, რომ გიგა ოთხოზორიას საქმეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა თუ, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე. გიგა ოთხოზორიას დედის, ჯულიეტა ჭანტურიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით იზეიმა სამართალმა და გაუჩნდა იმედი, რომ რუსეთის მიერ არაადამიანურად მოკლული სხვა ახალგაზრდების საქმეზეც დადგება სამართლიანი განაჩენი. „უკვე მერვე წელია, ჩემი შვილის გარდაცვალებიდან და უკვე მეკარგებოდა იმედი რაიმე სასიკეთო ამბავის გაგების. მაგრამ, დღეს ნამდვილად იზეიმა სამართალმა და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის, ქართველი ადამიანის მოკვლისთვის, რუსეთს პასუხისმგებლობა ააღებინეს და გამოიკვეთა ის, რომ ქართველი ადამიანის არაადამიანურად სიკვდილში, არაადამიანურად სიცოცხლის გამოსალმებაში, პირველ რიგში დამნაშავეები არიან რუსები და ისინი აქეზებენ იმ სეპარატისტებს - აფხაზებს, ოსებს, რომლებიც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მახვილს აღმართავენ. ერთი, ამ საქმეში გამარჯვება ნიშნავს არამარტო ჩემი შვილის საქმის მოგებას, არამედ საქართველოს წარმატებას, რომ ამ გადაწყვეტილებით ალბათ დაფიქრდებიან ის რუსები და იტყვიან არ ღირს ასე...როცა მათ მოუნდებათ მაშინ ხელყონ ქართველი ადამიანის სიცოცხლე. მე ახლა გამიჩნდა იმის იმედი, რომ ჩემ შვილთან ერთად, სხვა, რუსების მიერ მოკლული ადამიანების, არაადამიანურად წამებული ადამიანების საქმეებიც გაიმარჯვებს,“ - განუცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, საქმე საბოლოოდ დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა დაისჯება გიგას მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. მესაზღვრე, რაშიდ კანჯი ოღლი. „ალბათ რუსებიც დაფიქრდებიან, რომ ამ საქმის უშუალო შემსრულებელი ადამიანი გადმოეცეს საქართველოს მხარეს, რომ ის დაისაჯოს, პასუხი აგოს ქართველი ადამიანის მკვლელობის გამო...რადგან სტრასბურგის სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა უკვე ჩვენს ხელისუფლებაზეა მომდევნო ნაბიჯები, როგორ განახორციელებენ ამას და როგორ დავასრულებთ ამ საქმეს. ეს არის უშუალოდ საქართველოს სამართალდამცავების საქმე. მომავალი ნაბიჯები მათზეა დამოკიდებული... იმედი, რომ ჩვენ ევროპული სახელმწიფოების გვერდით გვაქვს მომავალი, ამის ერთ-ერთი გამოვლინება ალბათ არის ამ საქმის ასე დადებითად გადაწყვეტა,“ - ამბობს გიგა ოთხოზორია დედამ, ჯულიეტა ჭანტურია. გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში, რუსეთს 130 000 ევრო დაეკისრა - ადვოკატი