ძებნის რეზულტატი:
სასამართლომ დონალდ ტრამპს კოლორადოს პრაიმერისში მონაწილეობა აუკრძალა
აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერისში მონაწილეობა აუკრძალა. CNN-ის ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს, აშშ-ის კონსტიტუციის მე -14 შესწორების საფუძველზე, არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. კერძოდ, მე-14 შესწორებაში აღნიშნულია, რომ თანამდებობის პირებს, რომლებიც ფიცს დებენ კონსტიტუციის წინაშე, ეკრძალებათ თანამდებობის დაკავება, თუ ამბოხებაში მონაწილეობდნენ. სასამართლომ მხარი დაუჭირა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის ამბოხებაში და ასევე გააუქმა მისი დასკვნა, რომ აკრძალვა არ ეხება პრეზიდენტს. შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კოლორადოს, მაგრამ როგორც СNN წერს, ეს აუცილებლად გავლენას მოახდენს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე. განჩინება 4 იანვრამდე, გასაჩივრებამდე შეჩერდება. კოლორადოს საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საკითხი 5 იანვრამდე უნდა მოგვარდეს, რომელიც კანონით დადგენილი ვადაა „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერისის კანდიდატთა სიის დასადგენად.
პრინცესა დიანას კაბა აუქციონზე $1,148,080-ად გაიყიდა
პრინცესა დიანას შავ-ლურჯი კაბა აუქციონზე Julien's Auctions $1,148,080-ად გაიყიდა. ეს მისი გაყიდული კაბებისთვის რეკორდული თანხაა. უცნობია, ვინ გახდა კაბის მფლობელი. აუქციონზე გამოტანამდე კაბის ღირებულება $100 000-ად შეფასდა, თუმცა საბოლოოდ, ის 11-ჯერ ძვირად გაიყიდა. BBC-ის ინფორმაციით, კაბა ბრიტანელი დიზაინერის, ჟაკ აზგურის მიერ არის შექმნილი. მისი ზედა ნაწილი შავი ხავერდისგან არის დამზადებული, რომელზეც ვარსკვლავებია ამოქარგული, ქვედა ნაწილი კი, ლურჯი ფერისაა და ბაფთის არის გაფორმებული. დიანას ის სულ მცირე ორ ოფიციალურ ღონისძიებაზე - 1985 და 1986 წლებში ეცვა.
აშშ ირანული დრონების წარმოებაში ჩართულ პირებს სანქციებს უწესებს
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანში და სხვა ქვეყნებში ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქციების შესახებ გამოაცხადა. სანქციების სამიზნეები ირანული სამხედრო დრონების წარმოებისთვის საჭირო ნაწილებს უზრუნველყოფდნენ. „აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლი (OFAC) აწესებს სანქციებს 10 სუბიექტისა და ოთხი ფიზიკური პირის მიმართ, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ირანში, მალაიზიაში, ჰონგ-კონგსა და ინდონეზიაში და რომლებიც მხარს უჭერენ ირანის უპილოტო საჰაერო ხომალდის (UAV) წარმოებას,“ - განაცხადა დეპარტამენტმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავები რუსეთის საჰაერო თავდასხმების მთავარი იარაღი გახდა უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ცენტრებზე იერიშის მისატანად. ამ თვის დასაწყისში მოსკოვი და თეირანი საჯაროდ შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად ებრძოლონ დასავლეთის სანქციებს, რომლებიც დაწესდა ორი რეჟიმის წინააღმდეგ მათი როლის გამო უკრაინის წინააღმდეგ ომში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვი თეირანთან სამხედრო და ეკონომიკურ კავშირებს ამყარებს. დასავლეთი აგრძელებს სანქციებს, რათა ხელი შეუშალოს რუსეთის შესაძლებლობას, ირანის დახმარებით აწარმოოს თავისი ომი უკრაინის წინააღმდეგ.
უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერის ფონდმა 400 მილიონი ევრო შეაგროვა
უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდმა 400 მილიონი ევრო (438 მილიონი აშშ დოლარი) უკვე დააგროვა, რაც უკრაინას ზამთრის გადალახვაში დაეხმარება, იტყობინება Ukrinform-ი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონზე დაყრდნობით. ფონდი 2022 წლის გაზაფხულზე სიმსონისა და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ჰერმან ჰალუშჩენკოს ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა, რათა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს ფინანსური დახმარება გაუწიოს. მას ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნო, ვენაში დაფუძნებული ენერგეტიკული საზოგადოების აღმასრულებელი ინსტიტუტი მართავს. სიმსონმა მოუწოდა ევროპელ მინისტრებს, განაგრძონ კიევის მხარდაჭერა აღჭურვილობითა და ფინანსური დახმარებით, რათა დაეხმარონ ქვეყანას ომის პერიოდში მეორე ზამთრის გადალახვაში. ფონდის წამყვანი დონორები არიან ევროკავშირი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, აშშ, ბელგია, დანია, ავსტრია და რამდენიმე კერძო კომპანია. გასულ წელს, ცივი ამინდი და რუსეთის გაძლიერებული თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს მძიმე დარტყმის ქვეშ აყენებდა, განსაკუთრებით, იმის გამო, რომ რუსეთი განზრახ იღებს მიზანში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 7 დეკემბერს კიევისა და ცენტრალური უკრაინის წინააღმდეგ კოორდინირებული რუსული სარაკეტო დარტყმა, სავარაუდოდ, იყო "უფრო შეთანხმებული კამპანიის დასაწყისი", რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დეგრადაციას.
თბილისის მერია „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის მოსარგებლეებს სრულად დააფინანსებს
თბილისის მერია 2024 წლის იანვრიდან „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი - 50%-ით უფინანსებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში, ერთ პაციენტს თბილისის მერია წლის განმავლობაში მინიმუმ 21 600 და მაქსიმუმ - 61 150 ლარით აფინანსებს, ხოლო მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში, მინიმუმ 40 500 და მაქსიმუმ 65 340 ლარით. „ყველამ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ბევრი კარგი პროგრამა გვაქვს, რომლითაც იმ ადამიანებს და ოჯახებს ვეხმარებით, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. მსგავსი პროგრამებით ყველას გვერდით დავუდგებით, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. მინდა, პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, რათა არავის არასდროს დასჭირდეს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა,“ - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
უკრაინა 8 რეგიონში 18 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 20 დეკემბრის ღამით, "შაჰედის" ტიპის 19-დან 18 დრონი ჩამოაგდეს. დრონები ანექსირებული ყირიმიდან იყო გაშვებული. ისინი გაანადგირეს ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, კიროვოგრადის, ოდესის, ხერსონის, ხმელნიცკის და ჩერნიგოვის რეგიონებში. უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ ბელგოროდის რეგიონის მიმართულებით ЗРК С-300 ტიპი ორი რაკეტით მიიტანა იერიში ხარკოვის რეგიონზე, რასაც წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოჰყოლია.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე შეამცირა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 20 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5 პროცენტს შეადგენს. „საქართველოში ინფლაცია დამატებით, მოსალოდნელზე მეტად, შემცირდა და მიმდინარე წლის ნოემბერში 0.1 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციამაც შემცირების ტენდენცია შეინარჩუნა და ნოემბერში 1.8 პროცენტს გაუტოლდა. ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს როგორც ადგილობრივი, ასევე საგარეო ფაქტორები განაპირობებს. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები კლებადია. ამავდროულად ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაც ეტაპობრივად მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდა და ნოემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტის ფასების სტაბილურობა კვლავ ხელს უწყობს იმპორტირებული პროდუქტების დაბალ ინფლაციას. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წელს, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, მასთან ახლოს შენარჩუნდება. დადებით ტენდენციებთან ერთად აღსანიშნავია ინფლაციური რისკებიც. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის რისკებს შეიცავს. წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და იანვარ-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6.9 პროცენტია. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ერთობლივი მოთხოვნიდან წამოსულ ინფლაციურ წნეხს პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის მატება ნაწილობრივ აბალანსებს. თუმცა, რამდენადაც პრე-პანდემიური ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია, მოთხოვნის მხრიდან შესაძლო ინფლაციური ზეწოლა საყურადღებოა. საქართველოს ეროვნული ბანკი აკვირდება და აფასებს ეკონომიკის დინამიკას და ინფლაციური წნეხის ნიშნების შემთხვევაში, მზადაა შესაბამისი ზომების მისაღებად. ბოლო პერიოდში შეინიშნება სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებაც, რის ძირითად წყაროსაც მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიზნეს სესხები წარმოადგენს. ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, შემცირების მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეროვნული ბანკი მის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს, ინფლაციის განახლებული პროგნოზების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,“ - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 იანვარს ჩატარდება.
186.4 ათას მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება
სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების შედეგად, 186.4 ათას მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება. 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 186.419 სესხია გაცემული, რომელთა უმრავლესობაც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 20 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით, შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5 პროცენტს შეადგენს. „186,416 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 11.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 6.8 მლრდ. ლარის (58%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.1 მლრდ. ლარის (42%). დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული - 6.1 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.1 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+34%, 1 ნოემბერი, წ.წ.), ბიზნეს სესხების და იპოთეკური სესხების მოცულობა კი 10%-ით და 14%-ით გაიზარდა, ანალოგიურ პერიოდიში, შესაბამისად. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 188,445 ლარს, იპოთეკურის 51,323 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 25,940 ლარს შეადგენს. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 15%-ით გაიზარდა წ.წ. და 27 მლრდ. ლარს გადააჭარბა 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით. აღნიშნული, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2016-2022 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელს 25%-ს. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს. წლის დასაწყისიდან ინფლაციას მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ნოემბრის თვეში 0.1% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 9.5%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო მაისის თვიდან. „საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ინფლაციის მკვეთრ შემცირებასთან. თუმცა, ვფიქრობთ, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ტენდენცია ზედმეტად ფრთხილი იყო წინა პერიოდში და არასაკმარისი სამომავლო რეცესიის საფრთხის გათვალისწინებით. ინფლაციის არსებული მაჩვენებლის შენარჩუნების პირობებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მომავალ წელსაც გაგრძელდება," - ნათქვამია საზოგადოება და ბანკების მიმოხილვაში.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“, სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. „მინდა, ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი მივულოცო. მინდა, რომ ვუთხრა 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცით, მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, ჩვენ ეს სტატუსი რომ არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციაზე მუდმივად. რუსული „აგენტების კანონი“ შემოაგდეს, რომელიც პრაქტიკულად კეტავდა ჩვენს გზას ევროკავშირში და ისევ ქართველმა ხალხმა აიძულა ამ დოკუმენტის უკან გახმობა, რამაც ჩვენს ხალხს ევროკავშირში გაუხსნა გზა. ჩვენი ამოცანა დღეს არის ერთად გამოვგლიჯოთ ეს პერსპექტივა მთავრობას. ან ახლა ან არასდროს! ისინი აპირებენ ჩვენი გზის მუდმივად საბოტირებას. ქართველი ხალხისთვის არის ორი არჩევანი - ან ესენი დატოვოს ხელისუფლებაში და მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ უსაშველოდ გაგრძელდება, შეიძლება გადავიჩეხოთ, ან ისინი ჩამოშორდებიან ხელისუფლებას და მაშინ საქართველო სწრაფი ტემპით წავა ევროკავშირისკენ, გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენს ხალხს ბევრად უკეთეს ცხოვრებას მოუტანს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პარალელურად კი, სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პარალელურად კი, სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარეობს. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
აშშ-ის კონგრესი უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხს იანვარში განიხილავს
ამერიკელი სენატორები უკრაინის დამატებითი დახმარების პაკეტს მომავალი წლის დასაწყისამდე არ უყრიან კენჭს. ამის შესახებ სენატის დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა და რესპუბლიკელების ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა ერთობლივ განცხადებაში მიუთითეს. მანამდე თეთრმა გააფრთხილა კანონმდებლები, რომ წლის ბოლომდე აშშ-ს ამოეწურებოდა უკრაინის დასახმარებლად დამტკიცებული თანხა. შუმერისა და მაკკონელის განცხადებით ირკვევა, რომ მომლაპარაკებლებმა „იმედისმომცემ პროგრესს მიაღწიეს“, თუმცა „რთული საკითხები გადასაწყვეტი რჩება.“ რესპუბლიკელების მოთხოვნა აშშ-მექსიკის საზღვარზე საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრებაზე, მთავარი საკითხია, რასაც რესპუბლიკელები უკრაინისთვის დამატებით დახმარების გამოყოფაზე დათანხმებას უკავშირებენ. „ჩვენი მომლაპარაკებლები ძალიან, ძალიან მონდომებით იმუშავებენ დეკემბერ-იანვრის არდადეგების პერიოდში. ჩვენი მიზანია, დაბრუნებისას რაღაცას მივაღწიოთ,“ - განუცხადა დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა ჟურნალისტებს სენატში. თავის მხრივ, სენატში რესპუბლიკელების ერთ-ერთ ფრაქციის ხელმძღვანელმა ჯონ ტუნმა დაადასტურა, რომ შეთანხმება 2024 წლის დასაწყისამდე ვერ მიიღწევა. „დემოკრატებმა გააჭიანურეს [პროცესი] იმ მომენტამდე, ვიდრე რაიმე არსებითი შეთანხმების მიღწევა სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხზე შეუძლებელი გახდა შობამდე,“ - აღნიშნა ტუნმა. აშშ-მ უკრაინას შეიარაღებისა და მხარდაჭერისთვის 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, 100 მილიარდი დოლარი უკვე გამოუყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს დამატებით 60 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის მიმართა და მოუწოდა, რომ ეს საშობაო არდადეგების დაწყებამდე დაემტკიცებინათ. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საშობაო შესვენება კანონპროექტისთვის მხარდაჭერის გამოუცხადებლად დაიწყო. იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ-ის დემოკრატიული უმრავლესობით დაკომპლექტებული სენატი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გაგზავნას დათანხმდება, გაურკვეველი რჩება, დაუჭერს თუ არა მას მხარს რესპუბლიკელების კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატა. რესპუბლიკელთა ნაწილი კიევისთვის თანხის გამოყოფას აპროტესტებს. აშშ უკრაინისთვის დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, პირველ ადგილზეა. Bloomberg: ბაიდენმა რესპუბლიკელებს მიმართა წინადადებით, რომელიც უკრაინის დახმარების შანსებს ზრდის
ევროკავშირმა მიგრაციისა და თავშესაფრის წესებზე ახალ შეთანხმებას მიაღწია
ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე, რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროკავშირმა მიგრაციისა და თავშესაფრის წესებზე ახალ შეთანხმებას მიაღწია. მან ამ შეთანხმებას საეტაპო უწოდა. შეთანხმება გზას უხსნის საბოლოო ხელშეკრულებას, რომელიც ივნისში, ევროკავშირის მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებზე უნდა დამტკიცდეს. აქამდე წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ რომელმა სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მიგრანტებზე, მათი ჩასვლის მომენტში და უნდა დაეკისროთ თუ არა სხვა წევრ ქვეყნებს დახმარების პასუხისმგებლობა. ბლოკის ძველმა შეთანხმებამ არ იმუშავა 2015 წელს, როცა ევროპაში უკანონოდ, ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ჩავიდა. მათი უმეტესობა სირიასა და ერაყში ომებს იყო გამოქცეული.
გიორგი ფოცხიშვილი ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გახდა
მას შემდეგ, რაც ბალეტ „რაიმონდაში“ გიორგი ფოცხიშვილმა მთავარი პარტია იცეკვა, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის დირექტორმა ტედ ბრანდსენმა, ის ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარ სოლისტად დააწინაურა. „გიორგი არის ფენომენალრური ნიჭით დაჯილდოებული მოცეკვავე, როგორსაც იშვიათად შეხვდები. მას აქვს ქარიზმატული სასცენო ხასიათი, განსაკუთრებული ნახტომები, ტექნიკა და თანდაყოლილ პარტნიორობის უნარი. გამორჩეული მოცეკვავე, რომელსაც ასეთ პატარა ასაკში უკვე შეუძლია შთააგონოს უამრავი მაყურებელი,” – განაცხადა ტედ ბრანდსენმა. 2023 წლის სექტემბერში გიორგი ფოცხიშვილი გახდა ალექსანდრა რადიუსის ჯილდოს მფლობელი. ალექსანდრა რადიუსი წლების მანძილზე იყო ნიდერლანდების ნაციონალური თეატრის მთავარი და გამორჩეული სოლისტი. მის სახელს ატარებს ჯილდო, რომელიც გადაეცემათ გამორჩეულ და იმედის მომცემ ახალგაზრდა მოცეკვავეებს. გიორგი ფოცხიშვილი თბილისში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა და 2020 წელს შეუერთდა ნიდერლანდების ნაციონალურ თეატრის ახალგაზრდულ დასს. 2023 წლის აპრილში ქართველი ბალეტის მოცეკვავე დააწინაურეს სოლისტის პოზიციაზე, 18 ნოემბერს კი – მთავარ სოლისტად.
ჯონ კირბი: რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა თანამშრომლობას აძლიერებენ
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა თანამშრომლობას აძლიერებენ. კირბის შეფასებით, ხსენებული სახელმწიფოები წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ესხმიან თავს. „ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანია და არიან გარკვეული სახელმწიფოები, რომლებსაც ამ წესრიგის წინააღმდეგ მოქმედების სურვილი აქვთ. ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის, ისევე როგორც გარკვეულწილად, ჩრდილოეთ კორეის მზარდ სურვილს, რომ ერთმანეთთან კავშირი გააძლიერონ და გააუმჯობესონ,“ - განაცხადა ჯონ კირბიმ.
რას პასუხობს ფაშინიანი პუტინის განცხადებას, რომ სომხეთმა თავად თქვა უარი ყარაბაღზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმის შესახებ, რომ სომხეთმა მთიან ყარაბაღზე თავად თქვა უარი, მისი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებით. „ამ თემას დიდი განხილვა მოჰყვა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ. 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. ეს საჯარო განცხადებები, თუ არ ვცდები, სოციალურ ქსელებში არსებობს. რუსეთი რომ მსგავსი განცხადებისთვის ემზადებოდა, პრესიდან გავიგე,“ - განუცხადა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს. მისი სიტყვებით, ეს განცხადება ეწინააღმდეგება 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებას, 2021 წელს კი აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. „ამ საკითხზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (რუსული აბრევიატურა - ОДКБ) და რუსეთს მივმართეთ, რომელთანაც ჩვენ ცალკე შეთანხმებული სამართლებრივი ბაზა გვაქვს. ნული რეაქცია. მაშინ მე გადადგომის შესახებ განვაცხადე და ეროვნული კრება დავითხოვე, 20 ივნისს დაინიშნა არჩევნები. იმ დღეებში სომხეთსა და აზერბაიჯანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა. იყო მაღალი ალბათობა, რომ თუ სომხეთის მთავრობა სხვაგვარად მოიქცეოდა, არჩევნები ვერ ჩატარებულიყო, სომხეთის რესპუბლიკა დაშლილიყო,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაზეც. მან ჩამოთვალა ერევნის მოქმედებები, „რომელთა გამოც, სრულყოფილად ვერ მოხერხდა სამმხრივი შეთანხმების მიღწევა.“ „ვურჩევდი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, წაიკითხოს 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმება მე-8 პუნქტის ჩათვლით. წაიკითხონ და ნახონ, ვინ რომელი ვალდებულება არ შეასრულა. 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაშია ნათქვამი, რომ აზერბაიჯანი უნდა დაესხას თავს მთიან ყარაბაღს და ამ დროს რუსი მშვიდობისმყოფელები თავშესაფრებში იმყოფებოდნენ?" - იკითხა ფაშინიანმა. მისივე თქმით, რუსული სამშვიდობო კონტინგენტი მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერალური კრების გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფებოდა. „ფედერალური კრების ამ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამშვიდობო კონტინგენტი იქ მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავადაა. სად არის ახლა მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობა?" - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები იძულებული გახდა სომხეთში წასულიყო. ერევნის თანახმად, წლის დასაწყისში რეგიონის სომხური მოსახლეობა 120 ათას ადამიანს შეადგენდა. 2023 წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და საკუთარი სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა.
WP: აშშ იაპონიას სთხოვს, გადასცეს უკრაინას რაკეტები Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის
შეერთებულმა შტატებმა იაპონიას მიმართა, რათა კიევს გადასცეს რაკეტები Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. როგორც The Washington Post-ი წერს, იაპონიის ექსპორტის წესებში ცვლილებები პირდაპირ არ ეხება Patriot-ის სისტემას, მაგრამ უპასუხებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარ მოთხოვნას. იაპონიის მთავრობა კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ სავარაუდოდ პარასკევს გამოაცხადებს. მანამდე გერმანიამ დაადასტურა, რომ Patriot-ის მეორე კომპლექსი უკრაინას გადასცა. აშშ-ის კონგრესი უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხს იანვარში განიხილავს
ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია მიაწოდა
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ლიეტუვის სამხედრო დახმარების ახალი პარტია მიეწოდა. ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. კერძოდ, ლიტვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს გადასცეს საველე ტექნიკა და ათიათასობით მშრალი რაციონი. „ვაგრძელებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ: ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, ვაღიარებთ ასეთი დახმარების მნიშვნელობას ზამთრის პერიოდში,“ - წერია X-ზე განთავსებულ ინფორმაციაში. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის არვიდას ანუსაუსკას თქმით, ზამთარში ჯარისკაცებისთვის საველე აღჭურვილობა განსაკუთრებით აუცილებელია. „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფრის, რათა შევამსუბუქოთ უკრაინის რთული ბრძოლა სასტიკი აგრესორის წინააღმდეგ. თითოეული ჩვენი მხარდაჭერის პაკეტი არის დამატებითი ნაბიჯი გამარჯვებისკენ,“ - აღნიშნა მინისტრმა. ლიეტუვამ უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი გეგმა უკვე შეიმუშავა. რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება
ლუქსემბურგის ევროპულმა სასამართლომ რომან აბრამოვიჩს სანქციები არ მოუხსნა
ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება არ იყო მცდარი, რადგან აბრამოვიჩი არის მეტალურგიული ჰოლდინგის Evraz-ის უმსხვილესი აქციონერი, რომელსაც მნიშვნელოვან როლი წვლილი შეაქვს რუსეთის ეკონომიკაში. რომან აბრამოვიჩი 2022 წლის მარტში რუს ოფიციალურ პირებთან, გამოჩენილ ბიზნესმენებთან და ოლიგარქებთან ერთად ევროკავშირის შავ სიაში მოხვდა. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მას "დიდი ხნის და მჭიდრო კავშირები აქვს ვლადიმერ პუტინთან" და "ჰქონდა პრივილეგირებული წვდომა პრეზიდენტთან და ინარჩუნებდა ძალიან კარგ ურთიერთობას მასთან." ევროკავშირის თქმით, ამ კავშირებმა მაგნატს საშუალება მისცა, „შეენარჩუნებინა თავისი მნიშვნელოვანი სიმდიდრე“ და, შესაბამისად, „ესარგებლა რუსეთის ლიდერებისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე.“ რომან აბრამოვიჩი, გარდა ევროკავშირის სანქციებისა, ასევე ჩნდება დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში. რომან აბრამოვიჩმა სანქციების სიაში მისი შეყვანა მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევად შეაფასა. ის ამტკიცებდა, რომ ეს იყო აშკარა შეცდომა.
NATO-მ საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერების გზები განსაზღვრა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტს აჯამებს. მან X-ზე განთავსებულ პოსტში მიუთითა, რომ მისი ვიზიტის დროს, NATO-საქართველოს ურთიერთობის გაძლიერების გზები გამოკვეთა. „ამ ისტორიული წლოს ბოლოს, თბილისში დაბრუნება კარგია. პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერ ღარიბაშვილთან, სპიკერ პაპუაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩაიშვილთან და თავდაცვის სამინსიტროში გამართულ შეხვედრებზე, საქართველოს ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილება მივულოცე. ამასთანავე, გამოვიკვლიე NATO-საქართველოს ურთიერთობის გაძლიერების გზები,“ - წერს კოლომინა. ხავიერ კოლომინა არჩევნებზე, რეფორმებზე, NATO-საქართველოს ურთიერთობებსა და ჩინეთზე
დადგენილია მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა - NCDC
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა.საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამიამ განაცხადა.მისი ინფორმაციით, ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.
გენპროკურორი და იუსტიციის მინისტრი FBI-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილეს, პოლ აბატს შეხვდნენ. პროკურატურის ცნობით, ორმხრივ შეხვედრას საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „გენერალური პროკურორის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ირაკლი შოთაძემ პოლ აბატს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გამოძიების ფედერალურ ბიურო საქართველოს პროკურატურის გამომძიებლებსა და პროკურორებს უწევს, როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე დახმარების აღმოჩენის, ასევე გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილემ, თავის მხრივ, ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის წევრებმა გამოძიების ფედერალური ბიუროს სათავო ოფისი დაათვალიერეს და სიღრმისეულად გაეცნენ ბიუროს მუშაობის სპეციფიკას, როგორც პროცედურული, ასევე ტექნოლოგიური კუთხით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და ექსტრადიციის შესახებ საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებების პარაფირება, მათი შემდგომი ხელმოწერისა და რატიფიკაციის პირობით,“ - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.