ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირი უკრაინისადმი მხარდაჭერას კიდევ უფრო გააძლიერებს - ბელგიის პრემიერი

ევროკავშირი „უკრაინისადმი მხარდაჭერას კიდევ უფრო გააძლიერებს,“ - ეს განცხადება ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ გააკეთა. ბელგიამ ევროკავშირის თავმჯდომარეობა ახლახან გადაიბარა. პრეზიდენტობა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის როტაციის პრინციპს ეფუძნება და თავმჯდომარეობა ყოველ ექვს თვეში ერთხელ იცვლება. ესპანეთი ამ პოზიციას 31 დეკემბრამდე იკავებდა. დე კროომ ასევე განაცხადა, რომ ესაუბრა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელიც „უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის შენარჩუნებას“ დათანხმდა.  

Politico: შოლცი დამატებით ზეწოლას მოახდენს ევროკავშირზე, რათა უკრაინაში იარაღის მიწოდება გაზარდოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის მომავალ სამიტს, რომელიც თებერვალში გაიმართება, უკრაინის ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლისთვის გამოიყენებს. ამის შესახებ Politico წერს. შოლცს სურს, რომ ევროკავშირმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაზარდოს. ამ ინფორმაციას გამოცემა გერმანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და გახდა მეორე უდიდესი სამხედრო დახმარების მიმწოდებელი აშშ-ის შემდეგ. „რაც არ უნდა იყოს გერმანიის წვლილი, ეს არ იქნება საკმარისი უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა შოლცმა 8 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. „ამიტომ მოვუწოდებ მოკავშირეებს ევროკავშირში, გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინაში იარაღის დაგეგმილი მიწოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობის მხრიდაბ, არ არის საკმარისი,“ - აღნიშნა შოლცმა. ევროკავშირი თებერვლის სამიტზე ასევე კენჭს უყრის უკრაინის 50 მილიარდი ევროს (54 მილიარდი დოლარი) ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც უნგრეთმა დეკემბერში დაბლოკა.  

აშშ, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ

ევროკავშირმა და ათობით ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ. განცხადებას ხელს აწერენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და შემდეგი ქვეყნები: საქართველო, ალბანეთი, ანდორა, არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, კორეის რესპუბლიკა, რუმინეთი, სან მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი. „მკაცრად ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან ექსპორტს და რუსეთის მიერ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისგან ბალისტიკური რაკეტების შესყიდვას, ისევე როგორც რუსეთის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ 2023 წლის 30 დეკემბერსა და 2024 წლის 2 იანვარს. ეს იარაღი ზრდის უკრაინელი ხალხის ტანჯვას, მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს და ძირს უთხრის გლობალურ დონეზე გაუვრცელებლობის რეჟიმს. ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა უხეშად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას, რომელსაც თავად რუსეთი უჭერს მხარს. ჩვენი მთავრობები ერთად დგანან და მტკიცედ ეწინააღმდეგებიან DPRK-სა და რუსეთს შორის იარაღის ტრანსფერს. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ უსაფრთხოებაზე გავლენების გამო, რაც ამ თანამშრომლობას აქვს ევროპაში, კორეის ნახევარკუნძულზე, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და მთელ მსოფლიოში. მოვუწოდებთ DPRK-ს და რუსეთს, დაემორჩილონ გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეკომენდაციებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა ქმედება, რომელიც გაეროს რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.  მოვუწოდებთ გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრს, შემოგვიერთდნენ რუსეთისა და DPRK-ის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს უხეში დარღვევების დაგმობაში. ვინაიდან რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების მასიურ შეტევას ახორციელებს, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ DPRK-ს, უპასუხოს მრავალრიცხოვან და რეალურ შეთავაზებებს დიპლომატიის გზაზე დასაბრუნებლად, ერთადერთი გზა კორეის ნახევარკუნძულზე გრძელვადიანი მშვიდობისკენ,“ აღნიშნულია განცხადებაში.

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შესაბამის ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე პროკურატურის ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე სასჯელი გამკაცრდა,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც მარნეულში ძაღლზე იძალადა  

კვარაცხელიას მენეჯერის კომენტარს ოსიმენის მწვავე რეაქცია მოჰყვა

იტალიური ნაპოლის თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერის მამუკა ჯუღელის ინტერვიუს ნაწილს მის შესახებ, ამაზრზენი უწოდა. „ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ამაზრზენი და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის მრცხვენია. იდიოტო. ჩემი სახელი აღარ ახსენო," - წერს ოსიმენი Instagram-ის სთორიში. მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუს დროს, ასევე ისაუბრა ვიქტორ ოსიმენზე. მან ღნიშნა, რომ ნიგერიელი ფორვარდი ზაფხულში საუდის არაბეთში სათამაშოდ გადავა, კვარაცხელიას კი, „სხვა ცხოვრებისეიული ტვინი აქვს“ და საუდის არაბეთში მილიარდი რომ მისცენ, მაინც არ ითამაშებს.  

წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად იანვრის ბოლოს აღდგება - მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად აღდგება, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაო. ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების ნაწილი დასრულებული იქნება და დარჩება მხოლოდ მცირე სახის სამუშაო. მოძრაობა კი, შეუფერხებლად აღდგება. ამასთან, მისივე თქმით, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩამდე ახალი სამანქანე ხიდის გაჭრა იგეგმება. ბენდელიანის თქმით, აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაწყებიდან, დაახლოებით 6 თვეში, სამშენებლო სამუშაო დასრულდება. „როგორც პროექტის დასაწყისში იყო ნათქვამი, იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად იქნება აღდგენილი, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები, თუმცა ძირითადი ნაწილი დასრულდება. მოძრაობა ამ გამზირზე შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანე ხიდის მშენებლობას, ზუსტად იანვრის თვის ბოლოს, ხიდი უკვე მთლიანად იქნება აშენებული. დარჩენილი იქნება ტექნიკური დეტალები, რომელიც თებერვლის თვის ბოლოსთვის დასრულდება. აქაც გადაადგილება სრულად იქნება შესაძლებელი. ეს არის ის პროექტი, რომელიც ჩვენ მიმდინარე წელს გვაქვს დაგეგმილი. ეს ხიდი როდესაც უნივერსიტეტის ქუჩას დაუკავშირდება, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძემდე ახალი სამანქანე გვირაბი გაიჭრება. ფაქტობრივად, ბაგებიდან ქავთარაძეზე, ვაჟა-ფშაველაზე რამდენიმე წუთში იქნება გადაადგილება შესაძლებელი. რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ ეს პროექტი უკვე რამდენიმე დღეში გვექნება ჩაბარებული და უახლოეს დღეებში, კვირაში გამოცხადდება მშენებლობაზე ტენდერი, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. კონკრეტულ დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ, მაგრამ სამუშაოს დაწყების შემდეგ, დაახლოებით 6 თვეში დამთავრდება მშენებლობა,“ - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.  

მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები - იმნაძე

კორონავირუსის ახალი შტამები (JN.1 და HV.1) ქვეყანაში არ დაფიქსირებულა - მათ წინამორბედებისგან სიმძიმის მიხედვით განსხვავება არ აქვს. შესაძლოა, ერთადერთი ცოტა უფრო მეტად ახასიათებდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომი, კერძოდ ფაღარათი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები, რომელიც მორგებული იქნება კორონავირუსის ახალ შტამებზე. „ვიცით, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მხოლოდ 50% არის აცრილი. ისეთი არაკომპეტენტური ანტიპროპაგანდა წავიდა ვაქცინებზე, რომ რაც გვინდოდა სამიზნე მაჩვენებელი ვერ მივაღწიეთ. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები, რომელიც მორგებული იქნება კორონავირუსის ახალ შტამებზე. დღეს, კორონავირუსის ძალიან ცოტა შემთხვევა გვაქვს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტალღოვანი მიმდინარეობა ახასიათებს. 3% არის დღეს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი. რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შტამებს (JN.1 და HV.1) აღნიშნული შტამები ჯერ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. მის კლინიკურ მიმდინარეობას წინამორბედებისგან სიმძიმის მიხედვით არავითარი განსხვავება არ აქვს. შესაძლოა, ერთადერთი ცოტა უფრო მეტად ახასიათებდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომი, კერძოდ ფაღარათი. უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელების პოტენციალი მას მეტი აქვს. ზოგადად, პანიკის საფუძველი არასდროს არსებობს, ყველაფერს რაციონალური მიდგომა სჭირდება. როგორც შეგვიძლია ისე დავიცვათ თავი, ნიღაბი გავიკეთოთ, ხელების დაბანა ყოველთვის კარგია, იქნება ეს კორონავირუსი, თუ სხვა ინფექცია,“ - აღნიშნა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში. იმნაძის თქმით, ანტიბიოტიკი სიცხის დამწევი პრეპარატი არ არის, ის ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. როგორც მან განმარტა, თუ მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი არ მოქმედებს, ამ დროს მკურნალობაში ექიმი უნდა ჩაერიოს. “არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი!“ „როგორც კორონავირუსის დროს, ახლაც, გრიპის ვირუსისთვის განკუთვნილი სწრაფი ტესტები არსებობს. სხვა ვირუსებზე ასეთი ტესტები პრაქტიკულად არ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ გრიპი იწყება უცებ, შესაძლოა, საათიც კი გახსოვდეს, როდის გახდი ავად. სხვა ვირუსები თანდათანობით იწყება. გრიპის დროს ინტოქსიკაციის შემთხვევა უფრო მეტია. მთავარია, იმის განსაზღვრა, თუ როდის უნდა მიმართონ ექიმს. ექიმს უნდა მიმართონ მაშინ, როდესაც ბავშვს 24 საათზე მეტი ექნება ტემპერატურა 39 გრადუსი და მეტი, ის დამწევ მედიკამენტს არ დაემორჩილება. სიცხის დამწევი პრეპარატი არ არის ანტიბიოტიკი, პირიქით, ამ დროს ანტიბიოტიკის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება, არცერთი ანტიბიოტიკი არცერთ ვირუსზე არ მოქმედებს. თუ გვიან ბაქტერიული ინფექცია განვითარდა, იქ შეიძლება დანიშნოს ექიმმა ანტიბიოტიკი. ზოგადად, ანტიბიოტიკი ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი! თუ სიცხის დამწევი არ მოქმედებს, ამ დროს ექიმი უნდა ჩაერიოს. მოზარდების შემთხვევაში, ექიმს მაშინ უნდა მიმართონ, თუ სამი დღე გრძელდება მაღალი ტემპერატურა და არ ექვემდებარება სიცხის დამწვეს. საყურადღებოა ჩირქოვანი, ან სისხლის შემცველი ნახველი, ბავშვის ტუჩების დალურჯება, სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აღნიშნული სიმპტომები იჩენს თავს,“ - აღნიშნა იმნაძემ.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაშინგტონში ორდღიანი სამხედრო მოლაპარაკებები გაიმართა

აშშ-ისა და ჩინეთის სამხედროებს შორის ვაშინგტონში ორდღიანი მოლაპარაკებები გაიმართა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. სამხედროებს შორის კომუნიკაციის აღდგენაზე ნოემბრის ბოლოს სი ძინპინი და ჯო ბაიდენი ორმხრივი შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ. პენტაგონის ცნობით, აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებების მე-17 რაუნდში ჩინეთის, ტაივანისა და მონღოლეთის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწე მაიკ ჩეიზი და ჩინეთის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში ცენტრალური სამხედრო კომისიის დირექტორის მოადგილე სონგ იანჩაო მონაწილეობდნენ. პენტაგონში აცხადებენ, რომ ორმა მხარემ განიხილა აშშ-ჩინეთის თავდაცვითი ურთიერთობები, რა დროსაც ჩეიზმა ხაზი გაუსვა სამხედროებს შორის კომუნიკაციების ღია არხების შენარჩუნების მნიშვნელობას, რათა თავიდან იქნას აცილებული კონკურენციის კონფლიქტში გადაზრდა. თავის მხრივ, ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ჩინეთს სურს სამხედროებს შორის ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობების განვითარება. უწყებამ მოუწოდა აშშ-ს, შეწყვიტოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პროვოკაციული ქმედებები, დაიცვას „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და შეწყვიტოს ტაივანისთვის იარაღის მიწოდება. აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ონლაინშეხვედრა გამართა ჩინელ კოლეგასთან, გენერალ ლიუ ჩჟენლისთან. პეკინმა ვაშინგტონთან სამხედრო კავშირები 2022 წლის აგვისტოში ტაივანში წარმომადგენელთა პალატის მაშინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის გამო გაწყვიტა.  

საპატრიარქომ, სამების ტაძარში ჟურნალისტების აკრედიტაციის გარეშე შესვლა დროებით შეზღუდა

ორი დღის განმავლობაში, სამების საკათედრო ტაძარში მხოლოდ მედიასაშუალებების ის წარმომადგენლები დაიშვებიან, რომლებსაც შესაბამისი აკრედიტაცია აქვთ. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად,“ - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამების ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო  

ჯანდაცვის სამინისტრო: ონკოლოგიური პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები, შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას, უფასოდ იღებენ. „13 დასახელების ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტული კომპანიისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო, პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს. ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, ჯანდაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულება უკვე გააფორმა მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“. უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით 8 დასახელების მედიკამენტს, მიიღებენ. ასევე, გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 400 000-ამდე ბენეფიციარს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ონკოლოგიური პაციენტებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 8 დასახელების მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი  

ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოს შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავანის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია.  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სომხეთსაც უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთს უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება.   არარატ მირზოიანის თქმით, სომხური მხარე იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანი კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს და მოლაპარაკებები, შეხვედრები გაგრძელდება. მირზოიანის განცხადებით, მთავარია ძირითადი პრინციპების კონსოლიდაცია, რომლებზეც სამშვიდობო შეთანხმება უნდა დაფუძნდეს. „არაერთხელ გაჟღერებულა ეს პრინციპები – ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება ყოველგვარი დათქმისა და გაურკვევლობის გარეშე. ეს არის საკითხი, რომელიც მოითხოვს მაქსიმალურ სიცხადეს. ხელშეკრულებამ უნდა განსაზღვროს მკაფიო საფუძვლები, რომლითაც გაგრძელდება სასაზღვრო დელიმიტაციის პროცესი. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ხელშეუხებლობა და დელიმიტაციის პრინციპები, ეს არის ის, რასაც სომხეთი, პირველ რიგში, აყენებს. კიდევ ერთი პრინციპი ეხება რეგიონული ეკონომიკური კომუნიკაციების განბლოკვას. მშვიდობა ხომ არ არის მხოლოდ სროლის არარსებობა. ეს არის ღია საზღვრები, საქონლისა და ხალხის მოძრაობა. ძნელია, მშვიდობა უწოდო ვითარებას, რომელშიც სომხეთი რჩება ბლოკადაში. განბლოკვა ასევე უნდა მოხდეს რამდენიმე პრინციპის მიხედვით, ისინი ასევე ცნობილია – ქვეყნების სუვერენიტეტი კომუნიკაციებზე, თანასწორობა და ურთიერთგაგება. აზერბაიჯანს თუ ექნება წვდომა სომხეთის კომუნიკაციებსა და რკინიგზაზე, სომხეთსაც უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება,“ – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

სანქციები მკაცრდება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო მშენებლობებზე

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე არსებული სანქციები მკაცრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს დარღვევებზე ჯარიმები ჯერ კიდევ 2018 წელს გაიზარდა, თუმცა აღნიშნული სანქციები ყველასთვის შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა. „მინდა, შევეხო ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებს, რადგან თითოეული მსგავსი შემთხვევა აზიანებს თბილისს, მის იერსახეს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას. პრობლემის აღმოფხვრისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წელს მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით და სანქციები, დაახლოებით, 3-4-ჯერ, ხოლო რიგ შემთხვევებში, 10-ჯერაც კი გავზარდეთ. უფრო მეტიც, პარლამენტის მხარდაჭერით, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა გახდა სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს სანქციები ზოგიერთი მშენებლისთვის ბოლომდე შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა,“ - აღნიშნა თბილისის მერმა. მისი თქმით, ახალი კანონი მიმდინარე წლის 11 იანვრიდან შევა ძალაში. „მოვამზადეთ შესაბამისი კანონპროექტი და საკანონმდებლო ორგანოს წარვუდგინეთ. პარლამენტის მხარდაჭერითა და თანადგომით, ეს კანონი უკვე მიღებულია და ძალაში შევა 11 იანვრიდან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც ამ ინიციატივას დაუჭირა მხარი. აღნიშნული კანონის მიღების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობების მაქსიმალურად აღკვეთა, ხელის შეშლა და მისი სახით, ერთგვარი პრევენციული მექანიზმის შემოღებაა,“ - განაცხადა კახა კალაძემ. ახალი კანონის მიხედვით: ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250 000 ლარით (ნაცვლად 25 000 ლარისა); ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით (ნაცვლად 20 000 ლარისა); გ) ჯარიმები გამკაცრდა ასევე, I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის. „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის: III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი (ნაცვლად 10 000 ლარისა), ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი (ნაცვლად 15 000 ლარისა); ჯარიმები გამკაცრდა ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის. კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი (ნაცვლად 20 000 ლარისა). ვ) გამომდინარე იქიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებობს უამრავი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, უშუალოდ ძეგლზე განხორციელებული უკანონო მშენებლობისთვის ასევე, გამკაცრებულია ჯარიმები. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე: უნებართვოდ, დაჯარიმდება 250 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 150 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 200 000 ლარით; მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე კი: უნებართვოდ, დაჯარიმდება 40 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 20 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 25 000 ლარით,“ - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლონეთის შს ყოფილმა მინისტრმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო

პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ დაკავების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა. „როგორც პოლიტპატიმარმა, პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობა დავიწყე,“ - ნათქვამია კამინსკის განცხადებაში. 9 იანვრის საღამოს, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტისას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მისი დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე ადამიანმა გააპროტესტა.  

2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს - მსოფლიო ბანკის ანგარიში

მსოფლიო ბანკმა ანგარიშის – „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ იანვრის გამოშვება გამოაქვეყნა. ანგარიში წელიწადში ორჯერ ქვეყნდება (იანვარში და ივნისში) და მასში წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონული, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. ანგარიშის თანახმად, 2021 და 2022 წლების ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2023 წელს საქართველოში ზრდა შენელდა, თუმცა მტკიცედაა შენარჩუნებული 6.5 პროცენტის დონეზე. დოკუმენტის მიხედვით, ეს მონაცემი თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით მაღალია, რადგან სამომხმარებლო ხარჯების ზრდამ ტურიზმის აღდგენასთან ერთად ფულადი გზავნილების ნაკადების შემცირება დააბალანსა. „ინფლაცია 2023 წელს მკვეთრად შემცირდა, რაც განპირობებული იყო დაბალი სასაქონლო ფასებით, განსაკუთრებით სურსათსა და საწვავზე, ასევე, ლარის გამყარებით. მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იქნება. პროგნოზის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 4.8 პროცენტამდე შემცირდება, რაც ასახავს მოსალოდნელ შენელებას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ისევე როგორც ფულადი ნაკადების შემოდინების კლებას. მონეტარული პოლიტიკა, სავარაუდოდ, გონივრულობის ფარგლებში შემსუბუქდება ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად. მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, აღნიშნულ პერსპექტივასთან დაკავშირებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია,“ – ნათქვამია ანგარიშში. რაც შეეხება გლობალურ ტენდენციებს, მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე ათწლეული გარდამტეხი უნდა ყოფილიყო განვითარების მიმართულებით, თუმცა, პროგნოზების მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს – გლობალური მშპ-ის ზრდის ტემპი ამ ათწლეულის პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი იქნება ბოლო 30 წლის განმავლობაში. „ერთი მხრივ, გლობალური ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე ერთი წლის წინ: რეცესიის რისკი შემცირდა, ძირითადად, აშშ-ის ეკონომიკის სიძლიერის გამო. თუმცა მზარდ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას მსოფლიო ეკონომიკისთვის ახალი მოკლევადიანი საფრთხეების შექმნა შეუძლია. ამასთან ერთად, საშუალოვადიანი პერსპექტივა ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის გაუარესდა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელების, გლობალური ვაჭრობის შესუსტებისა და ათწლეულების განმავლობაში არსებული მკაცრი ფინანსური პირობების ფონზე. მოსალოდნელია, რომ 2024 წელს გლობალური ვაჭრობა პანდემიამდე არსებული ათწლეულის საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარი იქნება. ასევე, განვითარებად, განსაკუთრებით კი დაბალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნებში, სესხის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები მოიმატებს, რამდენადაც საპროცენტო განაკვეთები, ინფლაციის კორექტირების გათვალისწინებით, მსოფლიოში ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზეა შენარჩუნებული,“ – აღნიშნულია ანგარიშში. პროგნოზის თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა, ზედიზედ მესამე წელია, იკლებს წინა წელს არსებული 2.6%-დან 2.4%-მდე 2024 წელს, რაც თითქმის სამი მეოთხედი პროცენტული ერთეულით დაბალია 2010 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 3.9% იქნება, რაც წინა ათწლეულის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ერთი პროცენტული ერთეულით ნაკლებია. გასული წლის არასახარბიელო მაჩვენებლების შემდეგ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 5.5%-ს მიაღწევს, რაც ადრე ნავარაუდევთან შედარებით დაბალია. 2024 წლის ბოლოსთვის ყოველი ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთში და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების 40 პროცენტში მოსახლეობა გაცილებით ღარიბი იქნება, ვიდრე 2019 წელს, COVID პანდემიის დაწყებამდე. მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდა წელს 1.2%-მდე შენელდება, 2023 წლის 1.5%-იან მაჩვენებელთან შედარებით. „ძირითადი კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე 2020-იანი წლები დაკარგული შესაძლებლობების ათწლეულად იქნება მიჩნეული. მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდა კვლავ სუსტი იქნება, რაც ბევრი, განსაკუთრებით უღარიბესი განვითარებადი ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში დარჩენას გამოიწვევს – ვალის დამთრგუნველი დონით და ყოველი სამი ადამიანიდან ერთისთვის სურსათთან შეზღუდული წვდომით. ეს ხელს შეუშლის ბევრ გლობალურ პრიორიტეტთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევას. აღნიშნული ანგარიში გვთავაზობს მკაფიო სამომავლო გზას: ის განსაზღვრავს გარდაქმნას, რომლის მიღწევაც შესაძლებელია, თუ მთავრობები იმოქმედებენ ინვესტიციების დასაჩქარებლად და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს გასაძლიერებლად“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ინდერმით გილმა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზემოქმედებაზე რეაგირებისთვის და 2030 წლისთვის განვითარების მიმართულებით სხვა ძირითადი გლობალური მიზნების მისაღწევად, განვითარებად ქვეყნებს ინვესტიციების არსებითი ზრდა დასჭირდებათ – დაახლოებით 2.4 ტრილიონი აშშ დოლარი წელიწადში. „პოლიტიკის ყოვლისმომცველი პაკეტის გარეშე ასეთი ზრდის პერსპექტივები იმედის მომცემი არ იქნება. ინვესტიციების ზრდა ერთ სულზე განვითარებად ქვეყნებში 2023 წლიდან 2024 წლამდე მოსალოდნელია მხოლოდ 3.7%-ის ოდენობით, რაც გასული ორი ათწლეულის მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარია. ანგარიში გვთავაზობს პირველ გლობალურ ანალიზს, თუ რა იქნება საჭირო მდგრადი საინვესტიციო ბუმის შესაქმნელად 35 წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნისა და 69 განვითარებადი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე ბოლო 70 წლის განმავლობაში. ანგარიშის თანახმად, განვითარებადი ქვეყნები ხშირად იღებენ ეკონომიკურ სარგებელს, როცა ზრდიან ინვესტიციების მოცულობას ერთ სულზე, მინიმუმ, 4%-მდე და ინარჩუნებენ მას ექვსი ან მეტი წლის განმავლობაში. ამგვარად, მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების შემოსავლის დონესთან დაახლოების ტემპი მატულობს, სიღარიბის დონე იკლებს გაცილებით სწრაფად და პროდუქტიულობის მაჩვენებელი ოთხჯერ იზრდება. ასეთი ბუმის დროს ხდება სხვა ტიპის სარგებლის მიღებაც: მცირდება ინფლაცია, ფისკალური და გარე პოზიციები უმჯობესდება და ადამიანების წვდომა ინტერნეტთან სწრაფად ფართოვდება. „საინვესტიციო ბუმს განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გარდაქმნის პოტენციალი აქვს და შეუძლია მათი დახმარება საიმედო ენერგომომარაგებაზე გადასვლასა და განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ამოცანების მიღწევაში. ასეთი ბუმის ხელშესაწყობად განვითარებად ქვეყნებს პოლიტიკის ყოვლისმომცველი პაკეტის დანერგვა სჭირდებათ ფისკალური და მონეტარული ჩარჩოს განსამტკიცებლად, საერთაშორისო ვაჭრობის და ფინანსური ნაკადების გასაფართოებლად, საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად და ინსტიტუტების ხარისხის გასაძლიერებლად. ეს რთულია, მაგრამ ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ შეძლო წარსულში ამის გაკეთება. აღნიშნული ღონისძიებების კვლავ გატარება ხელს შეუწყობს პოტენციური ზრდის პროგნოზირებული შენელების შერბილებას ათწლეულის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში,“ – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ და სამომავლო პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა, აიჰან კოსემ. გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიში ასევე განსაზღვრავს, თუ რა შეუძლია განვითარებადი ქვეყნების ორ მესამედს, კერძოდ, საქონლის ექსპორტიორებს, ეკონომიკური ზრდისა და ვარდნის ციკლის თავიდან ასაცილებლად. ანგარიში მიუთითებს, რომ მთავრობები აღნიშნულ ქვეყნებში ხშირად იღებენ ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც აძლიერებს ეკონომიკურ ზრდას და შემდგომ ვარდნას. „როდესაც სასაქონლო ფასების მატება განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას ერთი პროცენტული ერთეულით, მთავრობა, მაგალითად, ზრდის ხარჯებს ისე, რომ ეკონომიკური ზრდა დამატებით 0.2 პროცენტული ერთეულით იმატებს. ზოგადად, ხელსაყრელ პერიოდში ფისკალური პოლიტიკა ახდენს ეკონომიკის „გადახურებას“, ხოლო არახელსაყრელ პერიოდში აღრმავებს ვარდნას. ეს „პროციკლურობა“ 30 პროცენტით უფრო ძლიერია სასაქონლო ექსპორტის განმახორციელებელ განვითარებად ქვეყნებში, ვიდრე სხვა განვითარებად ქვეყნებში. ფისკალური პოლიტიკა ასევე 40 პროცენტით უფრო ცვალებადია აღნიშნულ ქვეყნებში, ვიდრე სხვა განვითარებად ქვეყნებში. მაღალ პროციკლურობასთან და ფისკალური პოლიტიკის ცვალებადობასთან დაკავშირებული არასტაბილურობა ქრონიკულად აფერხებს იმ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს, რომლებიც საქონლის ექსპორტს აწარმოებენ. ეს შეფერხება შეიძლება, შემცირდეს ფისკალური ჩარჩოს შექმნით, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ხარჯვის დისციპლინას მოქნილი სავალუტო რეჟიმების დანერგვით და საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესების თავიდან აცილებით. საშუალოდ, ასეთი დარგობრივი პოლიტიკის ღონისძიებებს შეუძლია, საქონლის ექსპორტიორების დახმარება განვითარებად ქვეყნებში მშპ-ის ზრდის თვალსაზრისით ერთ სულზე ყოველ ოთხ ან ხუთ წელიწადში ერთი პროცენტული ერთეულით. ქვეყნებს ასევე შეუძლიათ სარგებლის მიღება კეთილდღეობის სუვერენული და სხვა სარეზერვო ფონდების შექმნით, რომლებიც შეიძლება, დროულად იქნას გამოყენებული საგანგებო სიტუაციებში,“ – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.  

დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, რუსეთის არმია უკვე კიევში იქნებოდა - ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იან ჟირეშმა 9 იანვარს საპარლამენტო დებატების დროს უარყო განცხადებები, რომ დასავლელი პარტნიორების სამხედრო დახმარება "აფერხებს კონფლიქტის დიპლომატიურ და მშვიდობიან მოგვარებას." საპასუხოდ, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იან ირიშმა განაცხადა, რომ ომის დასრულების გადაწყვეტილება მთლიანად რუსეთზე და მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული. „მტრის რაკეტები არ დაეცემა ჩეხეთის ტერიტორიაზე, თუ ჩვენ დავეხმარებით უკრაინას დამოუკიდებლობის დაცვაში,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა იცავს ევროპას და, შესაბამისად, ჩეხეთს კრემლის აგრესიული ქცევისგან, ამიტომ, სამხედრო დახმარება კიევისთვის მთლიანად ემთხვევა ჩეხეთის უსაფრთხოების ინტერესებს. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თავად რუსეთი არაერთხელ საუბრობდა მთელი დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მათ შორის, ჩეხეთთან დაპირისპირებაზე. „ეჭვგარეშეა, უკრაინისთვის თავიდანვე რომ არ დაგვეჭირა მხარი - ჩეხეთს, პოლონეთს, თითქმის ყველა სხვა ევროპულ ქვეყანას და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს - რუსული არმია დღეს კიევში იქნებოდა,“ - აღნიშნა იან ირიშმა.  

აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ, მობილიზებულია პოლიცია

სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან ვითარება დაძაბულია. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. აქციის მონაწილეები ნატა ფერაძის სახლთან მიახლოებას ცდილობენ, რის საშუალებასაც პოლიციელები არ აძლევენ. „გამხეცებულად ყვირიან. „ალტ-ინფოა“. მთელი ეკლესიები თავზე დაგვემხო და იმაზე რეაქცია არ ჰქონდათ. მატრონა მოსკოველის ხატზე, სადაც სტალინია გამოსახული, ეს დაიმართეს. ეს აგიტაცია აყვანილია უმაღლეს დონეზე,“ - განაცხადა ფერაძემ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ სამების ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო  

შსს აქტივის ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს „მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს“

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან შსს-ს თანამშრომლები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები. უწყების ცნობით, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“,- აღნიშნულია განცხადებაში.  

პროკურატურამ ვარკეთილში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს ბრალი წარუდგინა

ვარკეთილში ცოლის, ქეთევან ედიბერიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს, გიორგი კავლელაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა, იგი ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული და შესაბამის მკურნალობას გადის. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინა მტრის ელექტრონული ომის სადგურის განადგურების შესახებ იუწყება

უკრაინული მედია თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის სამხრეთ თავდაცვის ძალების პასუხისმგებლობის ზონაში, მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე, უკრაინის დამცველებმა 27 ოკუპანტი და ვიდეოთვალთვალის სისტემა, ელექტრონული ომის სადგური (EW) და სადამკვირვებლო პუნქტები გაანადგურეს.  გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ძალების დანაკარგებშია ასევე ერთი გაურკვეველი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, 11 ერთეული საავტომობილო ტექნიკა. გარდა ამისა, განადგურდა მტრის ორი სადამკვირვებლო პუნქტი. როგორც უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციაშია ნათქვამი, “2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 10 იანვრის ჩათვლით დაახლოებით 366,790 რუსი დამპყრობელია განადგურებული, მათ შორის, 800 ოკუპანტი - მხოლოდ გასულ დღეს.“