ძებნის რეზულტატი:
ენტონი ბლინკენის ახლო აღმოსავლურ ტურნეში ცვლილება შევიდა
აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი ენტონი ბლინკენი აქამდე დაუანონსებელი ვიზიტით ბაჰრეინში ჩავა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა. პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ, ბლინკენი ბაჰრეინში, მეფე ჰამადთან მოლაპარაკებების მიზნით გაემგზავრება, რათა თავიდან იყოს აცოლებული ისრაელ - “ჰამასის“ ომის ესკალაცია რეგიონულ დონეზე. ყურის სამეფო ვაშინგტონის მთავარი პარტნიორია და აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტსაც მასპინძლობს. ბლინკენმა მეოთხე ტურნე ახლო აღმოსავლეთში 5 იანვარს დაიწყო. მისი ბოლო გაჩერება ეგვიპტე უნდა ყოფილიყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მეხუთედ ჩავიდა ისრაელში მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა საომარი მდგომარეომა გამოაცხადა და ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეული „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო. ახლა დასავლეთი ომის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად და ბლინკენის ტურნეც სწორედ ამას ისახავდა მიზნად. რა მიმართულებები მოექცა აშშ-სა და ისრაელის ფოკუსში - ბლინკენის ვიზიტი
ევროკომისარი 100 მილიარდი ევროს თავდაცვის ფონდის შექმნაზე საუბრობს
შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარ ტიერი ბრეტონს ევროკავშირის 100 მილიარდი ევროს თავდაცვის ფონდის შექმნა სურს. ის აპირებს, 27 თებერვალს წარმოადგინოს ევროპის თავდაცვის საინვესტიციო პროგრამა (EDIP), რომელიც იარაღის ერთობლივი შესყიდვის გაძლიერებასა და შიდა იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას ისახავს მიზნად. შესაბამის ინფორმაციას Politico ავრცელებს. ტიერი ბრეტონი აღნიშნული მიზნის მიღწევაში დარწმუნებულია. მან ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, შეამცირონ იარაღის ექსპორტი სხვა ქვეყნებში და ზეწოლა მოახდინონ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, რათა გაზარდონ საბრძოლო მასალის შიდა წარმოება. ბრეტონს ასევე სჯერა, რომ რომ ბლოკს ჯერ კიდევ შეუძლია, მიაღწიოს მიზანს, აწარმოოს ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი ამ გაზაფხულამდე, რომელიც შემდგომში, შეიძლება, უკრაინაში გაიგზავნოს. მან ხაზი გაუსვა, რომ ორ წელში ევროკავშირს შეუძლია, რუსეთს გაუტოლდეს იარაღის წარმოებაში. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირს იგივე პოტენციალი ჰქონდეს. შეგახსენებთ, გასული წლის მარტში ბრიუსელმა განაცხადა, რომ კიევს ერთ მილიონ ჭურვს მიაწვდიდა ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ მოგვიანებით ეს მიზანი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება და კამათის საგანი არ იქნება
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით არის ორპარტიული და არა საკამათო, როგორც აშშ-ში, და რომ გაერთიანებული სამეფო მზადაა, უკრაინას დაეხმაროს მრავალი წლის განმავლობაში. ქემერონის კომენტარი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა, რაც მისი პირველი გამოსვლა იყო ნოემბერში საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ. 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა რამდენად შეიძლება, რომ ზიანი მიაყენოს დასავლეთის მხარდაჭერას უკრაინისადმი, ქემერონი პასუხობს, რომ დარწმუნებულია, დიდი ბრიტანეთი შეძლებს უზრუნველყოს თავისი გრძელვადიანი ვალდებულება, რადგან ეს არ არის „ბრიტანეთის პოლიტიკაში კამათის საკითხი.“ „ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას 2024, 2025, 2026 წლებში, რადგან ეს აბსოლუტურად ჩვენი თაობის გამოწვევაა,“ - აღნიშნა ბრიტანელმა მინისტრმა. როგორც ქემერონი აღნიშნავს, ის „საკმაოდ დარწმუნებულია", რომ შეერთებული შტატები საბოლოოდ დაამტკიცებს პაკეტს, რომელიც რესპუბლიკელებმა მანამდე დაბლოკეს. უკრაინის ამ დახმარების საკითხი სავარაუდოდ, მომავალ კვირებში გაირკვევა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება
ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი მიხედვით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება. „საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიების რეგისტრაციის პროცედურები ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად. გაცნობებთ, რომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიები: 1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; 2. „ლელო საქართველოსთვის“; 3. „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – „გირჩი“; 4. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“; 5. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“; 6. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 7. „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“; 8. „კანონი და სამართალი“; 9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 10. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“; 11. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“; 12. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“; 13. „პროგრესი და სამართალი“ აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობას და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები,“ – აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულმა პარტიებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკო-ს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. „პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის პირველი იანვრიდან 15 ივლისამდე პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკო-ს თავმჯდომარეს და განცხადების წარდგენისთანავე მას გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს პირველი აგვისტოსი, ცესკო-ს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. ასევე, შეგახსენებთ, რომ განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო ათი დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა. დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51,“ – ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.
ლიეტუვა უკრაინას სამი წლის განმავლობაში, თითქმის 220 მილიონი დოლარით დაეხმარება
ლიეტუვამ უკრაინისთვის 219 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. შესაბამისად, ლიეტუვა უკრაინას სამი წლის განმავლობაში ურუნველყოფს ამ დახმარებით. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „იანვარში უკრაინას კვლავ გავუგზავნით საბრძოლო მასალას, გენერატორებს, სადეტონაციო სისტემებს, ხოლო თებერვალში - M-577-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს,“ - განაცხადა ნაუსედამ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ მოვამზადებთ უკრაინელ ჯარისკაცებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიაში," - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებმა ახალი შეთანხმებები 10 იანვარს გააფორმეს. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2024-2026 წლებისთვის 219 მილიონი აშშ დოლარის მხარდაჭერის გეგმით გათვალისწინებული თანხები გამოყენებული იქნება უკრაინის ახალი სამხედრო შენაძენების დასაფარად.
ზელენსკი: პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე ჩვენ არ დავასრულებთ მას
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინი გაჩერებას არ აპირებს და თუ უკრაინა ვერ გაძლებს, სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნები შეიძლება, იქცნენ პუტინის შემდეგ სამიზნედ. „მას ჩვენი მთლიანად ოკუპირება სურს. ხანდახან პარტნიორების გაუბედაობა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების, სწრაფი რეაგირების მხრივ, რუსეთის ფედერაციას გამბედაობასა და ძალებს მატებს. „ის (პუტინი) არ დაასრულებს ამ (ომს), ვიდრე ჩვენ ყველა ერთად არ დავასრულებთ მას,” - განაცხადა ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ ”ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა შეიძლება, იყვნენ შემდეგნი”, თუ უკრაინა ვერ გაძლებს.
რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება
მმართველი გუნდი რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. პარლამენტში სპეციალური განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტი ახლო მომავალში იქნება ინიცირებული. ოხანაშვილის განცხადებით, მართალია, სამებაში მომხდარი ფაქტი დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კანონსაწინააღმდეგოა და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას, თუმცა ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისათვის არ ითვალისწინებს პროპორციულ პასუხისმგებლობას. როგორც მან განმარტა „ქართულმა ოცნებამ" დაიწყო საკითხის შესწავლა. „ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა, შევისწავლით საერთაშორისო და, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს, გვექნება კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს. ამასთანავე, პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლისსამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს (მაგალითად, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და ა.შ.). ამიტომ, ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის! ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს (მაგალითად, მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს). შედეგად, ჩვენი მიზანია, რომ არ დავუშვათ რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და მოვახდინოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების თავიდან აცილება," - განაცხადა ოხანაშვილმა. სამების ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6878 ლარი იყო. ევროს ფასი 2.9427 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9405 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ოკუპირებულ ყირიმში რუსული ავიაბაზის განადგურებას სატელიტური ფოტოები ადასტურებს - უკრაინული მედია
4 იანვარს, დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნოვოფედორივკაში, საკის აეროდრომზე უკრაინის თავდასხმის დროს რუსული ბაზა განადგურდა. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი სატელიტური ფოტოები American Enterprise Institute-ის ანალიტიკოსმა ბრედი აფრიკმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, ეს ადგილი ფრონტის ხაზიდან 120 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა საკის აეროდრომზე რუსული სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს.
უკრაინა და ლიეტუვა თავდაცვითი სამხედრო ტექნიკის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ
უკრაინა და ლიეტუვის რესპუბლიკა თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივი წარმოებაზე, კერძოდ, დრონის საწინააღმდეგო ტექნოლოგიების განვითარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. „ჩვენ მნიშვნელოვანი ყურადღება მივაქციეთ ფრონტზე განვითარებულ მოვლენებს. მადლობელი ვარ ახალი თავდაცვის მხარდაჭერისთვის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით. და ეს არის არამხოლოდ მხარდაჭერა, არამედ, ერთობლივი წარმოების ძალისხმევა, კერძოდ, დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიები და სხვა თავდაცვითი საშუალებები,“ - გაანცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ შესაბამის დოკუმენტებს ხელი დღეს მოეწერა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში 10 იანვარს ჩავიდა. მან მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან. უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება ლეიტუვის პრემიერ-მინისტრსა და სეიმის სპიკერს, ასევე, ლიეტუველ პოლიტიკურ მოღვაწეებს, მედიისა და უკრაინული საზოგადოების წარმომადგენლებს. ზელენსკი ლატვიასა და ესტონეთში ვიზიტებსაც გეგმავს.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე (ხევი-ხუნევის მონაკვეთი) მიწის მასა ჩამოვიდა. უწყების ცნობით, მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო. გზების დეპარტამენტის განცხადებით, ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოს შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხარკოვში პირველი მიწისქვეშა სკოლა გაიხსნება
ხარკოვში პირველი მიწისქვეშა სკოლა შესაძლოა, ამ მარტში გაიხსნას. ხარკოვის მერის იჰორ ტერეხოვის პროგნოზით, ქალაქის ინდუსტრიული რაიონის პირველ მიწისქვეშა სკოლაში გაკვეთილები მარტში დაიწყება. მან მანამდე პირობა დადო, რომ სკოლის მშენებლობა ახალ წელს დასრულდებოდა. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ქალაქის დაბომბვის, ყინვისა და უამინდობის მიუხედავად, მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეს პროექტი ქალაქის ბიუჯეტს 58 მილიონი UAH [დაახლოებით 1,5 მილიონი აშშ დოლარი] დაუჯდება. ქალაქის ინდუსტრიულ ოლქში მდებარე სკოლა 450 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. სკოლაში ორი ცვლა იქნება, რათა ხარკოვის უფრო მეტმა ბავშვმა შეძლოს სწავლა. ეს ნიშნავს, რომ მიწისქვეშა სკოლაში ყოველდღიურად, 900 მოსწავლეს შეეძლება სწავლა. ტერეხოვმა აღნიშნა, რომ პირველი მიწისქვეშა სკოლის დასრულების შემდეგ, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში შემდეგი სასწავლო დაწესებულების მშენებლობაც დაიწყება.
ზელენსკი ვაშინგტონის სამიტზე: მსურს, ვნახო სულ მცირე ერთი კონკრეტული ნაბიჯი NATO-ში წევრობისკენ
10 იანვარს, ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ელოდება სამხედრო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს NATO-ს ვაშინგტონის სამიტიდან, მათ შორის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ. მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური და თავდაცვითი გადაწყვეტილებების ხილვა სურს. „რაც შეეხება თავდაცვას, მთავარია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. მსურს, ვიხილო საჰაერო თავდაცვის პაკეტის გაძლიერება იმ სისტემების რაოდენობით, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის სისტემები და კონკრეტული რაკეტები, რომლებიც ებრძვიან რუსეთის ბალისტიკურ [რაკეტებს]," - განმარტა ზელენსკიმ. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ლიეტუვის პრეზიდენტმა უკვე თქვა ყველაფერი. მე მსურს სულ მცირე ერთი კონკრეტული ნაბიჯი დავინახო NATO-ში[წევრობის]კენ", - განაცხადა ზელენსკიმ. თავის მხრივ, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის სამიტი წარმატებული იქნება, თუ ის ვილნიუსის სამიტს დაეფუძნება და შემდეგი ნაბიჯის გადადგმას შეძლებს. მან აღნიშნა, რომ ვიდრე ვილნიუსის სამიტამდე ჯერ კიდევ არსებობდა ეჭვები გაწევრიანდებოდა თუ არა უკრაინა NATO-ში, სამიტის შემდეგ აქტუალური გახდა კითხვა, თუ როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი. ნაუსედამ ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონში სამიტამდე უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. „მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა ANP-ის იმპლემენტაციაზე; მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა წარმატებული იყოს და აჩვენოს უკრაინის სურვილი NATO-ში გაწევრიანების შესახებ,“ - განაცხადა ნაუსედამ. ცნობისთვის, NATO-ს მომდევნო საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში გაიმართება.
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის საქმეზე ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა.
ზელენსკი: მოსკოვს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს, ყველასთვის სახიფათოა ახლა ჩუმად ყოფნა და მარტო დარჩენა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროპის ხალხს, ერთად დადგეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკან დაიხევს. ვერ შევძლებთ ახლა კონკრეტული დღის დასახელებას, თუ როდის მოხდება ეს. არ შეგვიძლია ახლა კონკრეტული დეტალების დასახელება, თუ როგორ მოხდება ეს. მაგრამ ვიცით, რომ ეს მოხდება. იქნება ასეთი დღე. აუცილებლად. პირველი დღე ამ ომის შემდეგ. ჩვენი დღე”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „უკრაინელი ჯარისკაცების გამძლეობა ასევე ნიშნავს ლიეტუველი და სხვა ევროპელი ხალხის გამძლეობას.“ უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ვერ გაძლებს თუ “მასზე ზეწოლას გავაგრძელებთ.” როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა რომ დაცემულიყო და დამდგარიყო “დღე უკრაინის შემდეგ”, რუსეთი ყველაფერს გააკეთებდა, რათა ეს გაგრძელებულიყო. „რათა დამდგარიყო დღე მოლდოვის შემდეგ, ხოლო მერე დღე ბალტიის შემდეგ, დღე პოლონეთის შემდეგ, ბევრი სხვას შემდეგ დღე… ყაზახეთსა და უზბეკეთს უკვე ესმით, რომ რუსეთი ზიზღით უყურებს მათ დამოუკიდებლობას. არანაირი პატივისცემა არ არის მოსკოვში კავკასიის ერებისადმი. მისი გულწრფელი სურვილია - ყველათი მანიპულირება. და ყველასთვის სახიფათოა ახლა ჩუმად ყოფნა, სახიფათოა მარტოდ დარჩენა,” - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკი: პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე ჩვენ არ დავასრულებთ მას
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საწვავის დეფიციტია - მედია
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბენზინის დეფიციტია. რადიო თავისუფლების ცნობით, მეორე კვირაა, იქ რუსეთის ფედერაციიდან საწვავი აღარ შეუტანიათ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უნიტარული საწარმო „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“ ხელმძღვანელობა ავტომობილების მფლობელებს სთხოვს, გაგებით მოეკიდონ ნავთობპროდუქტების და საპოხი მასალების დროებით არარსებობას. ადგილობრივი, ე.წ სახელმწიფო ნავთობაზა კი დაახლოებით 7-10 დღეში განაახლებს მუშაობას. „ბენზინის მოცულობისთვის ჯერ კიდევ დეკემბერში გადავიხადეთ, მაგრამ ხანგრძლივი საახალწლო არასამუშაო დღეების გამო ჩვენი ვაგონების გადმოტვირთვა ვერ მოხერხდა. ამაჟამად ხელმისაწვდომი მარაგი სწრაფად იწურება რადგან ნავთობაზას მოსახლეობისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები აქვს,“ - განმარტა „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“ ხელმძღვანელმა სოსლან ჯიგკაევმა. მისივე განმარტებით ვლადიკავკაზში საწვავის გადმოტვირთვა მალე დაიწყება და ცხინვალამდე ჩატანას კვირიდან ათ დღემდე დასჭირდება. დე ფაქტო რესპუბლიკაში ნავთობპროდუქტების ერთადერთი მიმწოდებელია როსნეფტი. ადგილობრივი ნავთობაზის საწვავით კი ძირითადად საბიუჯეტო და ე.წ სახელმწიფო სამსახურები სარგებლობენ. როსნეფტი საწვავს პირდაპირ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სახელმწიფო საწარმოს აწვდის და ფასიც კერძო საწარმოებისგან განსხვავებით ორიოდე რუბლით იაფია ხოლმე. ამიტომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები ძირითადად ნავთობაზის საწვავს იყენებენ. გასულ წელს დე ფაქტო რესპუბლიკაში ბენზინი რამდენჯერმე გაძვირდა და ეს რუსეთში ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდით აიხსნებოდა. მაგალითად, ბენზინი გასული წლის აპრილში 40 რუბლი (ლარზე ცოტა მეტი) ღირდა. ივლის-აგვისტოში მისმა ფასმა 41 რუბლი (ლარი და ორმოცი თეთრი) შედაგინა. სექტემბერში კი უკვე 60 რუბლს (ლარი და სამოცდახუთი თეთრი) გადასცდა. ადგილობრივი მოხელეები მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ საწვავის დეფიციტს მაქსიმუმ ათ დღეში აღმოფხვრიან, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ხშირად, უამინდობის გამო იკეტება, ამიტომ, ეს ვადა შეიძლება, კიდევ გახანგრძლივდეს.
„ალ-შაბაბმა“ სომალიში, გაეროს ვერტმფრენი ჩაიგდო ხელში - BBC
შეიარაღებულმა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“ სომალიში გაეროს ვერტმფრენი ჩაიგდო ხელში. BBC-ის ცნობით, მასში რვა - როგორც მგზავრები, ისე ეკიპაჟის წევრები იყვნენ. ვერტმფრენი ჯგუფის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სომალის ცენტრალურ ნაწილში დაეშვა. „ალ შაბაბი“ სამხრეთ და ცენტრალურ სომალის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ვერტმფრენში რამდენიმე უცხოელი და ორი ადგილობრივი იმყოფებოდა, განუცხადა სომალის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაიორმა ჰასან ალიმ სააგენტო Reuters-ს. ”მას ასევე გადაჰქონდა სამედიცინო მარაგი და უნდა გადაეყვანა დაშავებული ჯარისკაცები გალგუდუდის რეგიონიდან,” - აღნიშნა ალიმ. ვერტმფრენი ქალაქ ვისილში მიემართებოდა, ის ალ-შაბაბის წინააღმდეგ წარმოებული შეტევის ფრონტის სიახლოვეს დაეშვა. გაეროს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. BBC წერს, რომ სომალის მთავრობამ ბოლო თვეებში გააძლიერა ბრძოლა ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ჯგუფის წინააღმდეგ. ალ შაბაბი შეერთებულმა შტატების, გაერთიანებულმა სამეფოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
ორი დასახელების ბუშტის რეალიზაცია შეწყდა, დადასტურდა მათი მავნებლობა - განცხადება
ინსპექტირების ფარგლებში მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველობაზე შემოწმების მიზნით 10 სხვადასხვა დასახელების ბუშტის ნიმუში აიღეს, რაც შესამოწმებლად გაიგზავნა თურქეთში, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. როგორც ზედამხედველობის სააგენტო წერს, შემოწმების შემდეგ დადგინა, რომ 3 დასახელების ბუშტმა ვერ დააკმაყოფილა შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნები, კერძოდ, ელასტომერში ნიტროზამინების მიგრაცია აღემატება სტანდარტით (EN71-12) განსაზღვრულ ზღვარს. უწყების განცხადებაში წერია: NDELA, NDMA და სხვა ნიტროზამინები წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ და რეპროდუქციისათვის საშიშ ტოქსიკურ ნივთიერებებს (CMR), რომელიც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის გამოუსწორებელ დაზიანებას, როგორიცაა სიმსივნე. სათამაშოდან ნივთიერება ორგანიზმში შესაძლოა მოხდეს კანთან ან პირთან კონტაქტის შედეგად. დღეს, 10 იანვარს, სადღესასწაულო აქსესუარებისა და საკონდიტრო მასალების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია "სამი ძმა" აცხადებს, რომ მათი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. მათივე თქმით, ლაბორატორიული კვლევებით პროდუქციის მავნებლობა დადასტურდა. „გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა... პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხეები, კერძოდ, ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ). ბუშტები (სერია/მარკა AUF-20,მწარმოებელი: შპს სამი ძმა) ნიტროზამინის (NDMA,GAS NO 62-75-9) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0,08მგ/კგ, რაც 1,6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ), ბუშტებში (მწარმოებელი XIONG FENG) ნიტროზამინის (NDELA,CAS NO 1116-54-7) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0,18მგ/კგ, რაც 3,6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას(<0,05 მგ/კგ)," - წერია კომპანიის განცხადებაში. კომპანია პროდუქციის ფოტოებსაც ავრცელებს და მომხმარებელს მოუწოდებს, თუკი მათ შეიძინეს აღნიშნული ბუშტები (საუბარია ბუშტზე, სერია/მარკა AUF-20, ბუშტი XIONG FENG), დააბრუნონ „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში, 60 დღის ვადაში. პროდუქციის უკან დაბრუნების ვადა მოიცავს 10.01.2024-დან 09.03.2024-მდე პერიოდს.
ენტონი ბლინკენი: წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას შედეგები მოჰყვება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბაჰრეინში რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა, რომ წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას “შედეგები მოყვება.” სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რეგიონული კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასარიდებლად “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გავცეთ ისეთ რამეს, როგორიცაა „ჰუსიტების“ მხრიდან მომავალი აგრესია.” ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰუსიტების“ თავდასხმების მიერ შექმნილმა საფრთხემ საერთაშორისო კოალიცია შეკრა, რომელიც ამას დაუპირისპირდება. “არ დავწერ და წინასწარ არ განვიხილავ რამეს, რაც შეიძლება, მოხდეს. ნათელი გავხადეთ, სხვა 20-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად ნათლად ვამბობდით, რომ თუ ეს გაგრძელდება, როგორც გუშინ მოხდა, ამას შედეგები მოჰყვება,” - განაცხადა ბლინკენმა. აშშ-ის სამხედროებმა წითელ ზღვაში რაკეტები და დრონები ჩამოაგდეს - CNN
გერმანიაში გაზსადენის დივერსიას იძიებენ
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ჩრდილოეთში გამავალი გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ დივერსიას. პროკურატურა მომხდარის ყველა ვერსიას განიხილავს. ცნობილია, რომ უკანასკნელ წლებში გაზსადენის მშენებლობა რამდენჯერმე დაბრკოლდა ეკოაქტივისტების მიერ მოწყობილი ბლოკადების გამო. ტრასა გერმანიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნაწილს შეადგენს. მშენებარე გაზსადენი ETL 180 ქალაქ ბრიუნსბიუტელში შიდა ენერგეტიკულ ქსელთან აკავშირებს მცურავ ტერმინალს, რომელიც გათხევადებული ბუნებრივი აირის ტანკერების მიღებისთვის არის განკუთვნილი. საწარმო Gasunie Deutschland GmbH & Co. KG-მ იანვრის დამდეგს განაცხადა დაზიანების შესახებ, მაგრამ მომხდარის მასშტაბები არ იყო ცნობილი. Der Spiegel-ის ცნობით, უცნობმა პირებმა გაზსადენში მინიმუმ რვა ათმილიმეტრიანი ხვრელი გაბურღეს. დაზიანება სხვადასხვა ადგილას მდებარეობს ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე. ნოემბრის ბოლოს გაზის საცდელი გადატუმბვისას საწარმომ გამოავლინა, რომ გარეშე ჩარევის შედეგად დარღვეულია ჰერმეტულობა, და მაშინვე პოლიციას შეატყობინა ამის შესახებ. Der Spiegel-ის ინფორმაციით, ზიანით გამოწვეული ზარალი მილიონ-ნახევარ ევროს შეადგენს. დაზიანებისთვის გამოიყენეს პროფესიონალური მოწყობილობა, მათ შორის, სპეციალური მცირეკალიბრიანი ბურღები, იტყობინებიან შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარის სისხლის სამართლის პოლიციის გამომძიებლები. გაზსადენი შლეზვიგ-ჰოლშტაინის ტერიტორიაზე გადის. ფოლადის მილს თავდაპირველად არ ეტყობოდა ხვრელები, ვინაიდან გაბურღვის შემდეგ ისინი კვლავ დაფარეს გარსით. ექსპლუატაციის დაწყება 2023 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი. მაგრამ ამ ფედერალურ მხარეში ძლიერი წყალდიდობების გამო მშენებლობა დაგვიანებით დასრულდება. ბრუნსბიუტელის გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი რიგით მესამეა გერმანიაში. გაზის პირველ ტანკერს უკვე იანვარში მოელიან. ამ გზით ტრანსპორტირებულმა გაზმა უნდა შეცვალოს მილსადენის გაზი, რომელსაც ქვეყანა 2022 წლამდე იღებდა რუსეთიდან.