ძებნის რეზულტატი:
NATO-ს შესახებ ბევრ რუსულ პროპაგანდისტულ მითს ვაქარწყლებთ - ალექსანდრე ვინიკოვი
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრობს. ვინიკოვის შეფასებით, პროპაგანდა ახალი ფენომენი არ არის. ის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, მაგრამ ცხადია, ციფრული კომუნიკაციის საშუალებების სწრაფად განვითარებასთან ერთად, პროპაგანდა უფრო მძლავრი ხდება, შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გავუმკლავდეთ მას. „NATO-ს ძირითადი მიდგომა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არის არა კონტრპროპაგანდა, არამედ, პროპაგანდასთან ფაქტების მეშვეობით ბრძოლა. სწორედ ამას ვაკეთებთ ცენტრალურ დონეზე NATO-ს შტაბ-ბინის მეშვეობით, რომელიც დიდ ძალისხმევას ეწევა NATO-ს ვებგვერდის მეშვეობით, სადაც ალიანსის შესახებ ბევრ რუსულ პროპაგანდისტულ მითს ვაქარწყლებთ. იგივეს ვაკეთებთ ადგილობრივ დონეზე საქართველოში, პირდაპირ ვერთვებით სამიზნე აუდიტორიებთან, ახალგაზრდებთან, რელიგიურ ლიდერებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს რეგიონებს, რადგანაც თბილისში ინფორმაცია ხელმისაწვდომია, თუმცა ზოგიერთი რეგიონში ეს დიდ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით იქ, სადაც უფრო მეტად რუსულენოვან საინფორმაციო წყაროებს ეყრდნობიან. ამრიგად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ძალისხმევა რეგიონებისკენ მივმართოთ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ მრავალ პარტნიორთან, როგორც მთავრობასთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებიდან, რათა ავამაღლოთ ცნობიერება NATO-ს შესახებ, NATO-საქართველოს თანამშრომლობის სარგებლის შესახებ, და ცხადია, ვებრძოლოთ ყალბ ნარატივებს, მათ შორის ანტიდასავლურ ნარატივებს, რაც პრობლემაა არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ჩვენსავე ქვეყნებში. სწორედ ამიტომ არის ეს ერთობლივი გამოწვევა, რომელსაც ასევე ერთობლივად უნდა გავუმკლავდეთ, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად,“ - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა civil.ge-სთან ინტერვიუში.~ მან ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს ნებისმიერი პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით, ასევე არის პროგრესი NATO-ს საბოლოო წევრობისკენ. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - სახელმწიფო დეპარტამენტი
ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტებს მოუწოდა, დაეხმარონ რუსეთისა და ბელორუსის დამოუკიდებელ მედიას
ევროპის კომისიამ Google-ს, Meta-სა და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, დაეხმარონ რუსეთისა და ბელორუსის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, თავიანთი მასალები საინფორმაციო აგრეგატორებში სამთავრობო მედიასაშუალებებზე უფრო წინ წაწიონ. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, ევროკომისიას შესაბამისი თხოვნით მიმართეს ბელორუსის ჟურნალისტებმა, რომლებმაც ლუკაშენკოს რეჟიმის დევნის გამო დატოვეს საკუთარი ქვეყანა. Google-ისა და Meta-ს საინფორმაციო აგრეგატორების ალგორითმები ცენზურულ შეზღუდვებს ითვალისწინებს და აუდიტორიას არ აძლევს ხელისუფლების კრიტიკის შემცველი მასალების ნახვის უფლებას. გარდა ამისა, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, Google News-ი არ ახდენს მასალების ინდექსაციას ბელორუსულ ენაზე. „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მასმედიის თავისუფლებისთვის ხელშეწყობა - ერთი მედლის ორი მხარეა. ჩვენ გვსურს, რომ მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ერთიც გააკეთონ და მეორეც. ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტში უზრუნველყოფილ იქნეს სანდო ინფორმაციის ხილვადობა და არა მინსკისა და კრემლის პროპაგანდისა,“ - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვერა იოუროვამ, რომელმაც ეს საკითხი Google-ის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. FT-ს თხოვნის საპასუხოდ Google-ში განაცხადეს, რომ კომპანია „ყოველ ღონეს ხმარობს, შექმნას და უზრუნველყოს წესების დაცვა ისე, რომ მხედველობაში არ იყოს მიღებული პოლიტიკური მოსაზრებები.“ Meta-ში გამოცემის მოწოდებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რუსეთში, ნავთობსაცავზე დრონებით თავდასხმა იყო - მედია
რუსეთში, ორიოლის ოლქის ქალაქ ორელში, ნავთობსაცავზე დრონებით იერიში იყო. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის წყაროს ეყრდნობა, ოპერაცია უკრაინის დაზვერვამ ჩაატარა. რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის მტკიცებით, ქალაქის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი საწვავის ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს შეეჯახა, თუმცა ხანძარი სწრაფადვე ჩააქრეს. უკრაინული მედია წერს, რომ ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.
ზელენსკი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჯარისკაცებს მივაწოდოთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მთავარი მიმართულებებისა და ოპერაციების მეთაურებმა ფრონტის ჭურვებითა და დრონებით უზრუნველყოფის თაობაზე იმსჯელეს. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ჯარისკაცებს მიეწოდოს ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ. „მთავარი მიმართულებებისა და ოპერაციების მეთაურები პირადად იმყოფებოდნენ. მათთან ერთად გენერალურმა შტაბმა, თავდაცვის სამინისტრომ, სტრატეგიისა და მრეწველობის სამინისტრომ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სამინისტრომ დეტალურად განიხილეს ფრონტის ჭურვებითა და თვითმფრინავებით უზრუნველყოფის თემა. ფაქტობრივი ხარჯები, ყოველდღიური მოთხოვნა და დეპარტამენტებს შორის გადანაწილება. სისტემატიზებული მიმდინარე და მომავალი კონტრაქტები, პარტნიორების დახმარება, საკუთარი წარმოება, ახალი ხაზების გახსნის ჩათვლით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჯარისკაცებს მივაწოდოთ ყველაფერი, რაც დავალებების შესასრულებლად სჭირდებათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა საჰაერო თავდაცვა. გავაანალიზეთ რუსეთის ბოლო თავდასხმები და საჰაერო ძალების ეფექტურობა. შევთანხმდით მომავალ ნაბიჯებზე ქალაქების, თემების, ბიზნესისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის გასაძლიერებლად," - წერს ზელენსკი.
რას მოხმარდება შვედეთის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული დახმარება
9 იანვარს Europetime-ს შვედეთის საელჩოში დაუდასტურს, რომ სტოქჰოლმმა საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში დახმარების გამოყოფა გადაწყვიტა. Europetime-ს შვედეთის საელჩოში ექსკლუზიურად განუცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოცხადდა. უფრო კონკრეტულად, შვედეთის მთავრობა საქართველოსთვის 490 000 აშშ დოლარის გამოყოფის გარდა, უკრაინას თავდაცვის სფეროში 4,86 მილიონ აშშ დოლარს, მოლდოვას კი, საქართველოს მსგავსად, 490 000 აშშ დოლარს ჰპირდება. კერძოდ, საქართველოსთვის თანხა გამოიყოფა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. თანხები სხვა საკითხებთან ერთად მოხმარდება პროექტებს კრიზისის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის სფეროში ინფორმაციის გაცვლის, ასევე, უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების მიმართულებით.
სამების ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო
სამების ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ში განაცხადეს, რომ უწყებამ სამართალწარმოება დაიწყო. მედიის ცნობით, საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქმის მასალები კი, შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება. საუბარია წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც ასევე არის გამოსახული იოსებ სტალინიც. დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამის გამო, პროტესტის ნიშნად მას საღებავი შეასხეს. ანდრია ჯაღმაიძე: პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს - ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, „ხატზე სტალინის გამოსახვა არ ნიშნავს, რომ სტალინი ლოცვის ობიექტია, რადგან ხატზე შეიძლება, უარყოფითი პერსონაჟიც მოხვდეს, მაგალითად, დიოკლიტიანე, თუმცა აქ განსხვავებული შინაარსია, ამ ხატზე სტალინი უარყოფით კონტექსტში არ არის.“ „ეს არ არის სტალინის ხატი და სტალინი აქ არ არის პირი, რომელზეც ლოცულობს ვინმე.
რა მიმართულებები მოექცა აშშ-სა და ისრაელის ფოკუსში - ბლინკენის ვიზიტი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ტურნე 5 იანვარს დაიწყო, ამჟამად ისრაელში იმყოფება. ბლინკენმა დღის განმავლობაში შეხვედრები ისრაელის ოფიციალურ პირებთან გამართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა პრემიერ ნეთანიაჰუსთან და ომის კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, აღკვეთოს 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმების განმეორება. ამასთან, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი ზიანისთვის თავის არიდების მნიშვნელობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას.” ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ ასევე განიხილეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლების მიმდინარე ძალისხმევები და ღაზის სექტორის სამოქალაქო პირებისადმი განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობა.” მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ისრაელისა და რეგიონისთვის გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობა, მათ შორის, პალესტინის სახელმწიფოს არსებობით. ისრაელში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცს. ენტონი ბლინკენმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელში "წარმოუდგენლად რთულ დროს" ჩავიდა. მისი თქმით, მოუთმენლად ელის იმ მოსაზრებების გაზიარებას, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებში მოისმინა. „ვიცი თქვენი ძალისხმევა მრავალი წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში უფრო დიდი დაკავშირებადობისა და ინტეგრაციის შესაქმნელად და ვფიქრობ, რომ რეალური შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ უნდა გადავლახოთ ეს ძალიან რთული მომენტი და უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს,“ - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის გაფართოების პრევენციის და რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარების აუცილებლობას. რაც შეეხება პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა აღნიშნული შეხვედრაზეც ანალოგიურ თემებზე ისაუბრა, რაზეც ისრაელის სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისას. თავად ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით კი, ისრაელს სჭირდება „ჰამასთან“ ომის დასრულება, რათა უზრუნველყოს მძევლების დაბრუნება და ხალხის უსაფრთხოება. მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ევაკუირებულნი იყვნენ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებიდან ისრაელელ სამხედროებსა და ლიბანში „ჰეზბოლას“ მებრძოლებს შორის საზღვრისპირა ბრძოლების გამო, ჯერ კიდევ ვერ დაბრუნდნენ სახლებში. „ასე რომ, უნდა ვიპოვოთ გზა. დიპლომატიური გზა ირანსა და "ჰეზბოლაზე" დიდი ზეწოლის განსახორციელებლად, რათა გავიყვანოთ ისინი შეძლებისდაგვარად. დიდი ზეწოლა უნდა მოხდეს ახლა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილო ომი ხვალ,“ - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ისრაელ კაცის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს „ჰეზბოლასთან“ ომის თავიდან ასაცილებლად, რაც, მისი შეფასებით, ლიბანს გაანადგურებს. თავის მხრივ, ისააკ ჰერცოგმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საქმის აღძვრისთვის გააკრიტიკა, რომლის მოსმენა 11 იანვარს დაიწყება. „არაფერია უფრო სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს გენოციდურ ქმედებებში ადანაშაულებს,“ - აღნიშნა ჰერცოგმა. ისააკ ჰერცოგმა ვაშინგტონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განახლება ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია, უფრო ფართო კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის. „არავის სურს ამ კონფლიქტში მეტი ფრონტის გახსნის დანახვა. რეგიონის ქვეყნები თავიანთ გავლენას იყენებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს წინადადებას, რომ ისრაელელებმა უსაფრთხოება უნდა იგრძნონ, ვიდრე ჩრდილოეთ ისრაელში თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან. თანაბრად, ჩვენ და ისრაელის ხელისუფლებას გვჯერა, რომ დიპლომატიური გზა საუკეთესოა ამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „თუ რეგიონში მდებარე ამერიკული სამხედრო ძალები საფრთხეს იგრძნობენ ან თავდასხმის ქვეშ მოხვდებიან, “ჩვენ სათანადო ნაბიჯებს გადავდგამთ, პასუხს გავცემთ,“ - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ომსა და მის შედეგებზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე არის "ჰამასი". „ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველას უწევს გადაწყვეტილებების მიღება, და ეს "ჰამასსაც" მოიაზრებს. "ჰამასს" ამის დამთავრება 8 ოქტომბერს შეეძლო მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან არ დამალვით, იარაღის დაყრით, ტყვედ ჩაბარებით, მძევლების გათავისუფლებით. ეს ტანჯვა არ მოხდებოდა "ჰამასს" 7 ოქტომბერს რომ არ ექნა ის, რაც ქნა, და მას შემდეგ სხვაგვარი გადაწყვეტილებები რომ მიეღო,” - განაცხადა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, 7 ოქტომბერი არასდროს არ უნდა განმეორდეს, აშშ მყარი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ გზაზე მუშაობს. “ვაგრძელებთ ისრაელთან ერთად დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდეს,” - განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანი ასევე ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერების შესახებ მოწოდებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ აშშ სასწრაფოდ მუშაობს გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისაკენ გზის განსაზღვრაზე. ბლინკენმა “უსაფუძვლო” უწოდა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ გენოციდის შესახებ ბრალდებებს და აღნიშნა, რომ ბრალდებები “განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, ვინაიდან „ჰამასი“, „ჰეზბოლა“, „ჰუსიტები და მათი მხარდამჭერი ირანი აგრძელებენ ებრაელთა მასობრივი მკვლელობებისკენ მოწოდებებს.” სახელმწიფო მდივნის თქმით, ისრაელმა თავის სამხედრო კამპანიაში “მნიშვნელოვან პროგრესს” მიაღწია ახლა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ახალ ეტაპზე გადადის. „პალესტინელ სამოქალაქო პირებს სახლში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ მაშინვე, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემთ,” - განაცხადა ბლინკენმა და კვლავ გაიმეორა, რომ პალესტინელები ღაზის სექტორიდან არ უნდა გადასახლდნენ. ბლინკენის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას განუცხადა, რომ ეს არ მოხდება.
იტალიის ქალაქის მერიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლზე პროპაგანდისტული გამოფენის ნებართვა გააუქმა
იტალიის ქალაქ მოდენას მერიამ ოკუპირებული მარიუპოლის შესახებ პროპაგანდისტული გამოფენის გამართვის ნებართვა გააუქმა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. „უკრაინული მხარის თხოვნით, იტალიის ქალაქ მოდენას მერიამ გააუქმა ნებართვა ოკუპირებული მარიუპოლის შესახებ პროპაგანდისტული გამოფენის გამართვის ნებართვა. ჩვენ გულწრფელად მივესალმებით გადაწყვეტილებას. მადლობელი ვართ როგორც მერიის, ასევე უკრაინელების იტალიაში, რომლებმაც არ დააუშვეს, შეცდომაში შეეყვანათ იტალიური საზოგადოება,“ - აღნიშნულია კომენტარში. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ასევე მოუწოდა მსოფლიოს სხვა ქალაქებს, არ უზრუნველყონ პლატფორმები რუსეთის მხრიდან მსგავსი პროვოკაციებისთვის. ნიკოლენკოს თქმით, ეს მნიშვნელოვანი წვლილი იქნება რუსეთის აგრესიაზე უკრაინის გამარჯვებაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიის ქალაქ მოდენაში დაგეგმილ გამოფენას, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი უკრაინის მარიუპოლის თითქოსდა "კეთილდღეობას" ეძღვნება, პროვოკაციას უწოდებდა. კიევი იტალიისგან „რუსულ პროპაგანდაზე“ რეაგირებას ელოდებოდა. უკრიანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვინ იყო გამოფენის ორგანიზატორი.
იაპონიამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა უკრაინისთვის 70 ტონა სამედიცინო მარაგი შეიძინეს
იაპონიის მთავრობამ და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობამ უკრაინაში, 70 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა უკრაინის 93 სამშობიაროსთვის ერთობლივად შეიძინეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში იაპონიის საელჩომ X-ზე განათავსა. იაპონიის მთავრობამ და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობამ უკრაინაში ერთობლივად შეიძინეს 70 ტონა სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტი და სამედიცინო აღჭურვილობა უკრაინის 93 სამშობიაროსთვის," - წერს დიპლომატიური მისია. შეგახსენებთ, 8 იანვარს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ მინისტრ ჰერმან ჰალუშჩენკოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოკო კამიკავას შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იაპონია უკრაინას შვიდ მაღალი ძაბვის ავტოტრანსფორმატორსა და ხუთ გაზის ტურბინას გადასცემს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება - NATO-უკრაინის საბჭო 10 იანვარს იკრიბება
კიევი ელის, რომ NATO-უკრაინის საბჭოს მორიგი შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ველით, რომ შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მადლობელნი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აგრძელებენ," - განაცხადა დმიტრო კულებამ. 10 იანვარს NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის მთავარი თემა უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაძლიერება იქნება. ამის შესახებ Ukrinform-ისთვის მიცემულ კომენტარში უკრაინის რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის უფროსის მოადგილემ და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა იჰორ ჩერნიევმა განაცხადა. მისი თქმით, თავდასხმის მოგერიებისას უკრაინას მოუიწია საჰაერო თავდაცვის რაკეტების მნიშვნელოვანი ოდენობის დახარჯვა და ეს მარაგი უნდა შეივსოს. რუსეთის მასიური თავდასხმების საპასუხოდ, NATO-უკრაინის საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს ჩერნიევმა აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები ზოგჯერ იყენებენ საჰაერო თავდაცვის რამდენიმე რაკეტას ერთი რუსული რაკეტის ჩასაჭრელად, განსაკუთრებით, თუ შეტევა მასიურია. ამიტომ, მისი თქმით, უკრაინის ქალაქების ჰაერიდან ეფექტიანი თავდაცვისთვის უკრაინას ათასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა სჭირდება. „გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება დამატებითი სისტემები, როგორიცაა, Patrioteb-ი, რათა დავიცვათ ჩვენი ქალაქები ბალისტიკური რაკეტებისგან. ეს პრობლემა აქტუალურია და ამიტომაც იყო NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა ასე სწრაფად მოწვეული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დადებითი შედეგი იქნება," აღნიშნა ჩერნიშევმა.
შეიარაღებული პირები ეკვადორის სატელევიზიო სტუდიაში, პირდაპირ ეთერში შეიჭრნენ - BBC
შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფი ეკვადორში, სატელევიზიო სტუდიაში შეიჭრა და პერსონალს დაემუქრა. BBC-ის ცნობით, პირდაპირი მაუწყებლობა ამის მომხდარი ფაქტის შემდეგ შეწყდა. შეგახსენებთ, 9 იანვარს, ეკვადორში, ნარკოდაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი ციხიდან გაიქცა, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
აშშ-ის სამხედროებმა წითელ ზღვაში რაკეტები და დრონები ჩამოაგდეს - CNN
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან წითელი ზღვის თავზე გაშვებული 24 რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას CNN აშშ-ის თავდაცვის უწყების ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხომალდები არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა. „შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ დღეს, სამხრეთ წითელ ზღვასთან ახლოს „ჰუსიტებმა“ თავდასხმა განახორციელეს. მოგაწვდით დამატებით დეტალებს, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება,”- აღნიშნა თავდაცვის უწყების ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
გერმანიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, მესამე - იძებნება
გერმანიაში, რავენსბურგის პოლიციამ დააკავა საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები. მესამეს ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, ეჭვმიტანილი პირები კონსტანცის ტბის რაიონში სახლებს ძარცვავდნენ და საერთო ჯამში, მათ მიერ მიყენებულმა ზარალმა 20 000 ევროზე მეტი შეადგინა. არსებული ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი კარლსრუეს რაიონში ქურდობის დროს დააკავეს, მესამე ეჭვმიტანილი კი საზღვარგარეთ გაიქცა. საქართველოს ეჭვმიტანილი მოქალაქეები 31-დან 34 წლამდე ასაკის პირები არიან.
ეკვადორის საზღვართან პერუ სპეცდანიშნულების რაზმს განათავსებს
პერუ ეკვადორის საზღვართან სპეცდანიშნულების რაზმს განათავსებს. შესაბამის განცხადებას პერუს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიქტორ ტორეს ფალკონმა გასცა ბრძანება, რომ უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად, ეროვნული პოლიციის სპეციალური ოპერაციების დირექტორატის კონტინგენტი ეკვადორის საზღვარზე დაუყოვნებლივ განლაგდეს,“ - ნათქვამია პერუს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პერუს ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკვადორში შექმნილი დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე პერუს პრეზიდენტმა, დინა ბოლუარტემ მინისტრთა საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ ტელევიზიაში შეიარაღებული დაჯგუფების შეჭრის შემდეგ ქვეყანაში შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობა გამოაცხადა.
ეკვადორის პრეზიდენტმა "შიდა შეიარაღებული კონფლიქტის" მდგომარეობა გამოაცხადა
ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში, პირდაპირი ეთერის დროს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სატელევიზიო სტუდია ТС-ს, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა "შიდა შეიარაღებული კონფლიქტის" მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე კი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოდაჯგუფების ლიდერის ციხიდან გაქცევის გამო, ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პისტოლეტებით, თოფებით, ტყვიამფრქვევებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული პირები სტუდიაში საინფორმაციო გადაცემის დროს შეიჭრნენ, რამაც ტელევიზიის თანამშრომლებში პანიკა და შიში გამოიწვია. მოგვიანებით, პოლიციის სპეცრაზმმა ყველა შეიარაღებული პირი დააკავა. „ეს არის ქმედება, რომელიც ტერორისტულ აქტად უნდა ჩაითვალოს,“ - აღნიშნა პოლიციის მეთაურმა. ტელეკომპანიაზე თავდასხმის შემდეგ, ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ გამოსცა ბრძანება ნარკოტრეფიკინგში ჩართული 20 დაჯგუფების ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადების შესახებ და ეკვადორის სამხედროებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში მათი ნეიტრალიზაციის უფლება მიანიჭა.
რუსეთის ქალაქები კვლავ დრონით შეტევის სამიზნეა
რუსეთმა ისევ უკრაინა დაადანაშაულა მორიგი „ტერაქტის მცდელობაში.“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ 10 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამით სარატოვის ოლქის თავზე „გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“ და „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა.“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ რაიონს, სადაც დრონი ჩამოაგდეს. სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ინფორმაციით კი, უპილოტო საფრენი აპარატი ენგელსის რაიონის თავზე გაანადგურეს. უკრაინას სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონზე დრონით შეტევის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ ამ რაიონში მდებარეობს რუსეთის სამხედრო აეროდრომი. ავიაბაზაზე დისლოცირებულია უკრაინასთან ომში ჩართული სტრატეგიული ბომბდამშენები. ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმები 2022 წლის დეკემბერშიც იყო. ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 170 კილომეტრში მდებარე ქალაქ ორიოლში 9 იანვარს ორი დრონი ჩამოვარდა სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე, იტყობინებოდა რეგიონის გუბერნატორი, ანდრეი კლიჩკოვი. 9 იანვარს განგაში იყო ორიოლის მახლობლად მდებარე კურსკში. ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის თქმით, უკრაინის მხრიდან ცეცხლის დაშენის შედეგად სოფელ გორნალში ნამსხვრევებმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა. იერიშის დროს დაზიანდა ორი სახლი. თვითმფრინავის ტიპის დრონი ჩამოაგდეს კურჩატოვის რაინში, სადაც მდებარეობს, კურსკის ატომური ელექტროსადგური. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსკის და ორიოლის ოლქების თავზე ჩამოაგდეს უკრაინის რვა დრონი. ამავე წყაროს თანახმად, ერთი დრონი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქის თავზე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ორიოლის ნავთობბაზაზე თავდასხმა სექტემბერშიც მოხდა და საწვავით სავსე რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის შესახებ ცნობები ხშირია.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ღაზის სექტორში დაღუპული ჟურნალისტების საქმეებს გამოიძიებს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში დაღუპული ჟურნალისტების საქმეებს გამოიძიებს. ნიუ-იორკში დაფუძნებული ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ცნობით, ისრაელი - „ჰამასის“ ომის დროს სულ მცირე, 79 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. მათი დიდი უმრავლესობა პალესტინელია. ჟურნალისტების სიკვდილის ბოლო შემთხვევების შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყებამ განაცხადა, რომ ის "ღრმად შეშფოთებულია ღაზის სექტორში დაღუპული მედიის თანამშრომლების მაღალი რიცხვის გამო. მედიის უფლებების დამცველმა ჯგუფმა, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF), ნოემბერში განაცხადა, რომ ჟურნალისტების დაღუპვის გამო, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საჩივარი შეიტანა. „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმა მოაწყო. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.
გაერო: წელს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მოსახლეობის 40%-ს დასჭირდება
გაეროს შეფასებით, 14,6 მილიონზე მეტ ადამიანს - უკრაინის მოსახლეობის 40%-ს, წელს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება, იტყობინება გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი (OCHA). ამ რიცხვში არ შედის 6,3 მილიონი უკრაინელი, რომლებიც რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო, იძულებულნი გახდნენ, საზღვარგარეთ გაქცეულიყვნენ. ორგანიზაციის სპიკერმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი წლის პირველმა კვირამ უკრაინას მოუტანა თავდასხმების ახალი ტალღა, რომელიც წინა წლის 29 დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი, დაშავება და მათი სახლების და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნგრევა ყოველდღიური მოვლენაა. „უწყვეტი, ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული ოპერაცია დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს,“ - აღნიშნა სპიკერმა. რუსეთი უკრაინაში ორი წლის წინ, 2024 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
Time-მა 2024 წლის 10 გლობალური რისკი განსაზღვრა
ავტორიტეტიანმა ამერიკულმა გამოცემა Time-მა 10 გლობალური რისკის შესახებ რეიტინგი გამოაქვეყნა. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში და ომები ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში 2024 წლის გლობალურ საფრთხეთა ათეულის სამეულშია. Time-ის რეიტინგში 2024 წლის გლობალურ რისკებს შორის ასევე მოხვდა უმართავი ინტერნეტ-ტექნოლოგიები, „ბოროტმოქმედთა ღერძი“ რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის და ირანის კოორდინირებული მოქმედების სახით, ჩინეთის ეკონომიკის ვარდნა და სოციალური არასტაბილურობის გაზრდა, სასარგებლო წიაღისეულისთვის ბრძოლა, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელება და ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენის, ელ-ნინიოს პიკი. რაც შეეხება პირველ სამეულს, გამოცემის პროგნოზით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გააღრმავებს პოლიტიკურ განხეთქილებას, ბოლო 150 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენებს ამერიკულ დემოკრატიას და შეარყევს შეერთებული შტატების საერთაშორისო ავტორიტეტს. მეორე ადგილზეა ისრაელის და ჰამასის დაპირისპირების გამო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე მყოფი ახლო აღმოსავლეთი და საბრძოლო მოქმედებებში აშშ-ის და ირანის ჩართვის საფრთხე. ეს კონფლიქტი სარისკოა მსოფლიო ეკონომიკისთვის და გააძლიერებს გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ უთანხმოებებს და გლობალურ ექსტრემიზმს. მესამე ადგილზეა უკრაინის დაყოფა. Time-ის შეფასებით, ამჟამად ბრძოლის ველზე ინიციატივას რუსეთი ფლობს და მატერიალური უპირატესობაც აქვს. 2024 წელი გარდამტეხი იქნება და თუ უახლოეს ხანში უკრაინა ვერ მოაგვარებს საკადრო პრობლემებს, არ გაზრდის იარაღის წარმოებას და არ შეიმუშავებს რეალურ სამხედრო სტრატეგიას, მისი ტერიტორიული დანაკარგები შესაძლოა, შეუქცევადი გახდეს და გაიზარდოს კიდეც.
პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში, ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს
პოლონელმა პოლიციელებმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი. ისინი პრეზიდენტ ანდჟეი დუდას პოლიტიკური მოკავშირეები არიან. ღამით, სასამართლოს ორდერის საფუძველზე, პრეზიდენტის სასახლეში პოლიციელები შევიდნენ, კამინსკი და ვონსიკი დააკავეს და ვარშავის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტის სასახლეში მისულმა კამინსკიმ და ვონსიკმა ჟურნალსტებს განუცხადეს, რომ პოლონეთში დიქტატურა ყალიბდება და დაკავების შემთხვევაში პოლიტპატიმრები იქნებიან. 2023 წლის დეკემბერში სასამართლომ კამინსკი და ვონსიკი ხელმეორედ ცნო დამნაშავედ 2007 წელს, ანტიკორუფციულ ბიუროში მუშაობისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და 2-2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კამინსკი და ვონსიკი, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებიც იყვნენ ყოფილი მმართველი პარტიიდან „სამართალი და სამართლიანობა“, სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ იმ მოტივით, რომ ამავე საქმეზე პირველი განაჩენის შემდეგ, 2015 წელს ისინი პრეზიდენტმა დუდამ შეიწყალა. იგივე პოზიცია აქვს დუდასაც, რომელმაც კამინსკი და ვონსიკი პრეზიდენტის სასახლეში 9 იანვარს, დილით მიიწვია. პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მის მიერ კამინსკის და ვონსიკის შეწყალების აქტი ძალაშია. დუდას ოფისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სტუმრების დაკავებამ ხელყო სახელმწიფოს და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა ღირსება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პრეზიდენტი ანდჯეი დუდა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის მოკავშირეებს ეხმარება მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევაში და რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უპირობოდ ყველამ პატივი უნდა სცეს.