ძებნის რეზულტატი:
ომბუდსმენი "ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერების სესხების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციას ითხოვს
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობისას, "ლიბერთი ბანკის" მიერ, მთავრობის რეკომენდაციით, სესხების რამდენიმე თვით გადავადების შედეგად ხანდაზმულ პენსიონერთა უფლებების დარღვევის თაობაზე. კერძოდ, ხანდაზმულ პირებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო სესხის ვადა გაუხანგრძლივდა, რამაც დარიცხული პროცენტის ზრდა გამოიწვია. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ბანკის მიერ შედგენილი ახალი გრაფიკით გათვალისწინებული თანხა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი (ვიდრე საშეღავათო პერიოდის თანხა იყო). ომბუდსმენის თქმით, ხანდაზმულებს სესხი გაუძვირდათ და გაეზარდათ სესხის ხელშეკრულების ხანგრძლივობა. „საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ე.წ. "საშეღავათო პერიოდის" გააქტიურებით მოსარგებლე მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს გადავადებამდე არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისთვისაც უნდა დაფაროს გადავადებული თვეების შესაბამისი შენატანები. აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის, მომსახურე კომერციულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტს. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულთა ნაწილს შესაძლოა, არ მიუწვდებოდეთ ხელი ინფორმაციაზე, რის გამოც ვერ ახერხებენ "ლიბერთი ბანკისადმი" მიმართვას. ძველ გრაფიკზე დაბრუნების და ვალდებულებების რეფინანსირების მოთხოვნა, საჭიროებს შესაბამის ცოდნას და ხშირად, პენსიონერები ამ საკითხებში გარკვეულნი არ არიან. იმ პენსიონერებს, რომლებმაც შესაბამისი პირის/ორგანიზაციის დახმარებით, ინდივიდუალურად მიმართეს ბანკს და მოითხოვეს სესხის გადახდის ახალი გრაფიკის შედგენა, მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სესხის ვადა და თანხა. გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სს "ლიბერთი ბანკის მიერ" პენსიონერებისათვის შეთავაზებული ოვერდრაფტის სესხები. 2023 წლიდან სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი განისაზღვრა, თუმცა, 2023 წლამდე აღნიშნული პროცენტი პენსიონერებისათვის შეუსაბამოდ მაღალი იყო. შესაბამისად, ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე აღებული სესხები გადაანგარიშებდება ახალი პირობებით და ახალი დაბალი პროცენტით, მხოლოდ პენსიონერების მიმართვის საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც დგას არათანაბარი ინფორმირების პრობლემა," - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. სახალხო დამცველმა ეროვნულ ბანკს მიმართა წინადადებით და (პენსიონერთა ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის მიზნით, საშეღავათო პერიოდით მოსარგებლე დაზარალებულ მომხმარებელთა დაცვის მიზნით) შესაბამისი დადგენილების/მითითების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც სს "ლიბერთი ბანკი" მოახდენს ბენეფიციარ პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციას. ომბუდსმენის თქმით, შესაძლებელი იქნება პენსიონერების მიერ გადავადებამდე არსებულ პირობებსა და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნებაც. ომბუდსმენმა ასევე მოითხოვა პენსიონერთა მიერ ოვერდრაფტის ხელშეკრულებების 2023 წლიდან მოქმედი ახალი დაბალი პროცენტით ავტომატურად გადაანგარიშების მიზნით, მიიღონ ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული ხანდაზმულთა საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები.
კალასი: ესტონეთის წვლილი უკრაინის გამარჯვებაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ს 0,25% იქნება
ესტონეთი უკრაინის დაცვაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ის ჩადებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. „ესტონეთის წვლილი უკრაინის გამარჯვებაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მშპ-ს 0,25%-ი იქნება. თუ თითოეული ქვეყანა 0,25%-ს გაიღებს, ეს არის ის, რაც უკრაინას ამ ომის მოსაგებად სჭირდება,“ - განაცხადა კალასმა. მან ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ესტონეთის მაგალითს მიჰყვნენ. ესტონეთის პრემიერის განცხადებით, 2022 წლიდან ესტონეთმა უკრაინას თითქმის 500 მილიონი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარება გაუწია. კაია კალასის თქმით, ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ანელებს გადაწყვეტილების მიღებას. ესტონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სხვადასხვა ქვეყანაში თანმიმდევრული ახსნა-განმარტებითი სამუშაოების ჩატარება იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინის მხარდაჭერა. „ეს ასევე აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.
„ქართული ოცნების“ განახლებული წესდებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პოლიტიკური საბჭო საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2023 წლის 30 დეკემბრის მეშვიდე რიგგარეშე ყრილობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, ცვლილებებით პარტიის სტრუქტურას ემატება - პარტიის საპატიო თავმჯდომარე. წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება აირჩიოს პირი, „რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე.“ დოკუმენტის თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე არის პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. ახალ წესდებაში განსაზღვრულია პოლიტიკური საბჭოს ფუნქციები, მათ შორის დოკუმენტში ნათქვამია, რომ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შედიან პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და პარტიის ყრილობის მიერ არჩეული 15 წევრი. წესდების მიხედვით, პოლიტიკური საბჭოს სხდომას იწვევს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ან პარტიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პოლიტიკური საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით. ახალი წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭო „პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას“. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს შეუძლია რიგგარეშე ყრილობის მოწვევაც. „პარტიის საპატიო თავმჯდომარის, პარტიის თავმჯდომარის ან პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნეს პარტიის რიგგარეშე ყრილობა,“ - ნათქვამია დოკუმენტში. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 30 დეკემბერს "ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
კინოთეატრები და ბილეთების გაყიდვის ვებგვერდი კონკურენციის სააგენტომ 1,6 მილიონი ლარით დააჯარიმა
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ კინოთეატრები და ონლაინ ბილეთების გაყიდვის ვებგვერდი სოლიდური თანხით დააჯარიმა. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს "სადისტრიბუციო კომპანიასა" და შპს "თინეთს" შორის დადებული ხელშეკრულებით, კინოთეატრების ბილეთები ექსკლუზიურად მხოლოდ tkt.ge-ზე იყიდებოდა. ასევე გამოირკვა, რომ იმავე პირობებით ბილეთების გაყიდვა სურდა biletebi.ge-ს, რომლის მიმართვის საფუძველზეც დაიწყო კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა. სააგენტო განმარტავს, რომ დაჯარიმდა შპს "ელ.ბილეთებიც" (biletebi.ge), სწორედ იმის გამო, რომ ისიც "ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას." ჯარიმები დაეკისრა: "სადისტრიბუციო კომპანიას" ("სადისტრიბუციო კომპანია", შპს "კავეა საბურთალო", შპს "კავეა გალერეა", შპს "კავეა თბილისი მოლი", შპს "რუსთაველი ჰოლდინგ სინემა", შპს "ამირანი", შპს "აპოლო ბათუმი") - 1 120 562 ლარი; შპს "თინეთს" (100% წილის მფლობელი TBC Bank Group PLC) - 544 328 ლარი; შპს "ელ.ბილეთებს" (მომჩივანი) - 5 368 ლარი. "სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე კომპანიებს შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „თინეთს“ დაევალათ - შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლისა („ექსკლუზივი“) და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების ამოღება და ხელშეკრულების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა," - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში. სააგენტოს ამ გადაწყვეტილების მიხედვით, დაჯარიმებულმა კომპანიებმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დაარღვიეს.
საქართველოდან აშშ-ში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ექსტრადირებული პირი ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ რამდენიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, მათ შორის, ტეხასის შტატში, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამო. „საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ექსტრადირებული პირი ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ 2017-2021 წლებში, ტეხასის შტატში, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და ოჯახის წევრზე თავდასხმისთვის, ასევე 2020-2021 წლებში, ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლონ აღნიშნული პირის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია დასაშვებად ცნო. 2023 წლის 26 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენება აიკრძალება
სამხრეთ კორეის პარლამენტმა ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა. სამხრეთ კორეის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი 208 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას მინისტრთა ეროვნული კაბინეტის საბჭო დაამტკიცებს და პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი ხელს მოაწერს. კანონპროექტის მიხედვით, ადამიანების მიერ ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენებისთვის ძაღლების მოშენება, ვაჭრობა და რეალიზაცია 2027 წლიდან აიკრძალება. მიღებული კანონის დარღვევა 2-3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნორვეგია მსოფლიოში სავარაუდოდ, პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ზღვის ფსკერიდან მინერალების მოპოვებას დაუშვებენ - BBC
BBC-ის ცნობით, ნორვეგია მსოფლიოში სავარაუდოდ, პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ზღვის ფსკერიდან მინერალების მოპოვება ნებადართული იქნება. გარემოს დამცველები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ეს შეიძლება, ეკოსისტემისთვის დამანგრეველი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს. პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრა ეხება ნორვეგიის წყლებს, მაგრამ საერთაშორისო წყლებში სამთო მოპოვების შესახებ შეთანხმება ასევე შეიძლება, მიღწეული იყოს წელს. მოსალოდნელია, რომ კენჭისყრა დაბრკოლების გარეშე ჩაივლის. ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ საკითხს სიფრთხილით ეკიდება და ლიცენზიების გაცემას მხოლოდ შემდგომი გარემოსდაცვითი კვლევების ჩატარების შემდეგ დაიწყება. გადაწყვეტილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში 280 000 კვადრატულ კილომეტრზე ზღვის ფსკერიდან მინერალების, მათ შორის ძვირფასი მეტალების, მოპოვება დაიშვება.
შვედეთი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვის სფეროში დაახლოებით, 6 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გამოუყოფს
შვედეთის მთავრობა უკრაინას თავდაცვის სფეროში 4,86 მილიონი აშშ დოლარის, საქართველოს 490 000 აშშ დოლარის და მოლდოვას ასევე 490 000 აშშ დოლარის დახმარებას გაუწევს. Europetime-ს შვედეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ეს დახმარება NATO-ს სხვადასხვა ფონდის მეშვეობით განხორციელდება. თანხები მოხმარდება განაღმვის, კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, განათლებისა და სხვა საკითხებს.“ კონკრეტულად საქართველოს რაც შეეხება, საქართველოსთვის თანხა გამოყოფილია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. საქართველოს შემთხვევაში თანხები სხვა საკითხებთან ერთად მოხმარდება პროექტებს კრიზისის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის შესახებ ინფორმაციის გაცვლის, ასევე, უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების მიმართულებით.
ივანე ჩხაიძე: ბავშვების თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება
ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება-გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა. როგორც მან განმარტა, თუ დეკემბრის დასაწყისში კლინიკაში, 25-30 ბავშვი მკურნალობდა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციების დიაგნოზით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 80-მდე გაიზარდა. „გრიპის და გრიპისმაგვარ ვირუსებში განსხვავებული კლინიკური ნიშნები არ გვაქვს. ბავშვებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება, ხველა. ყველა ამ ნიშნის გამოვლენისას უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გრიპის ვირუსთან გვაქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი ტემპერატურა. მაღალი ტემპერატურა ერთ-ერთი პირველი საყურადღებო ნიშანია. გრიპის ვირუსს 5-წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა გართულების დიდი რისკი აქვს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ პრევენციის სამიზნეს სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არის სწორედ რეკომენდებული ვაქცინაცია. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი გრიპის ვირუსის გართულება, კერძოდ, ფილტვების ანთება. ახლაც ჩვენს კლინიკაში პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს გრიპის და გრიპისმაგვარი კლინიკურ ნიშნებით ფილტვების ანთება უდასტურდება, ეს ნიშნავს, რომ ფილტვების ანთების გართულება ახასიათებს. ეს ერთ-ერთი დიაგნოზია, რომელიც საჭიროებს კლინიკაში მართვას. გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, ასეთი ბავშვი, განსაკუთრებით 5 წლამდე, კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, შესაბამისი პრეპარატი უნდა მიიღოს. თუ დეკემბრის დასაწყისში ჩვენთან, კლინიკაში, 25-30 პაციენტი იწვა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 75-80-ის ფარგლებშია. მომართვიანობა გაზრდილია, ასე იყო წინა წლებშიც, საქართველოში დეკემბერი - იანვარი ყოველთვის გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების აქტიურობის მაქსიმალური პერიოდია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს ეს შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო გასულ 2 წელს. თუ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს 380 შემთხვევა იყო 100 ათასს მოსახლეზე, ახლა 160-170 არის, ამიტომ დიახ, მატება არის, მაგრამ არა იმდენი, როგორც 2022 და 2021 წელს იყო. შესაძლებელია, იანვარში მოიმატოს ამ ციფრებმა, წინ არის იანვარი. სავარაუდოდ, წელს გრიპის სეზონი ისეთი აქტიური არ იქნება, როგორც წინა წლებში,“ - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
დმიტრო კულება: რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივები საკმარისი იქნება უკრაინის აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა აუცილებლად მიიღებს ფულს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის. „ეს მოხდება 100%-ით, საკითხავია, რა მოცულობით. რადგან არსებობს სამი ელემენტი: თავად გაყინული აქტივები, შემოსავალი მათგან და გადასახადები ამ შემოსავლებზე. გაყინული აქტივები საკმარისია ჩვენი აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად. ჩვენ შევძლებთ სკოლების, საავადმყოფოების, ინფრასტრუქტურის აღდგენას იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელმაც გაანადგურა ისინი,“ - განაცხადა კულებამ El Pais-თან ინტერვიუში. დმიტრო კულებას თქმით, თანხის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება. კულება მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც ჩაიდინა. „ჩვენ უნდა შევქმნათ ყოვლისმომცველი სისტემა სამართლებრივი საკითხების გადასაჭრელად და ფინანსური მექანიზმები. ეს არის კომპლექსური სამართლებრივი, მარეგულირებელი და ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რადგან ეს არის ყველაზე ბუნებრივი გადაწყვეტილება,“ - აღნიშნა კულებამ.
ჩინეთის მიერ თანამგზავრის გაშვების შემდეგ, ტაივანში საჰაერო განგაში გამოცხადდა
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის მიერ თანამგზავრის გაშვების შემდეგ ტაივანში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ გაფრთხილება მობილური ტელეფონების მომხმარებლებს გაუგზავნა და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა. უწყების ცნობით, ჩინურმა თანამგზავრმა სამხრეთ ტაივანის საჰაერო სივრცეს გადაუფრინა. აღსანიშნავია, რომ 13 იანვარს ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
მედია: სომხეთმა საქართველოს გავლით რუსეთში საბორნე მიმოსვლა შეაჩერა
სომხურ მედიაში გავრცელებული ცნობით, ერევანმა საქართველოს გავლით რუსეთში საბორნე მიმოსვლა შეაჩერა. მიზეზად ამ მარშრუტის არარენტაბელურობა სახელდება. რუსული და სომხური მედია სომხეთის ეკონომიკის მინისტრის ვაჰან ქერობიანის სიტყვებს ციტირებენ. საბორნე გადასასვლელმა, რომელიც თითქოს, საქართველოს გავლით სომხეთსა და რუსეთს შორის ტვირთების ტრანსპორტირებისთვის ზემო ლარსის სახმელეთო გზის ალტერნატივა უნდა ყოფილიყო, რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა. „ბორანი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ჩვენი შეფასებით, მას არ გამოუწვევია საკმარისი ინტერესი ექსპორტიორებსა და იმპორტიორებში. კომპანიებმა საკმარისად ვერ ისარგებლეს საბორნე მომსახურებით," - აღნიშნა მინისტრმა. ქერობიანის თქმით, რუსეთი სომხეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, თუმცა, მისი წილი შედარებით შემცირდა. მისივე ცნობით, სიაში მოდევნო ადგილებს არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, საქართველო და აშშ იკავებენ. როგორც მინისტრმა აღიშნა, „განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სომხეთმა ძირითადი ძალისხმევა სხვა ქვეყნებში ექსპორტის გააქტიურებისკენ უნდა მიმართოს.“ სომხეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ერევანი ექსპორტის დივერსიფიკაციაზე მუშაობს და ამ მიმართულებით სხვადასხვა ნაბიჯი გადაიდგმება. მინისტრის თქმით, მთავარი მიმართულება იქნება ახლო აღმოსავლეთი, ასევე მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნები, აზიური, ევროპული და ამერიკული მიმართულებები. ამრიგად, კერობიანის თქმით, ერევნის ძალისხმევა მიემართება საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაციისკენ, ვიდრე ერთი მიმართულებით სხვა მარშრუტების ძიებისკენ. ამასთან, განიხილება ექსპორტის ხელშეწყობის არაერთი პროექტი, რათა მხარი დაუჭირონ კომპანიების ექსპორტს ახალ მიმართულებებით. ცნობისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გასული წლის მაისში აცხადებდნენ, რომ სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის მარშრუტით ტვირთის რეგულარული გადაზიდვა 2023 წლის აპრილიდან დაიწყო, სიმართლეს არ შეესაბამება. სააგენტო აღნიშნავდა, რომ აპრილში ორი კომერციული რეისი ნამდვილად შესრულდა ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით და ის პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შეასრულა.
ესპანეთმა უკრაინას სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანები გადასცა
ესპანეთი უკრაინაში სამედიცინო დახმარებისა და პაციენტების ევაკუაციისთვის ორ ჯავშანმანქანას აგზავნის. „ესპანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში, ვიდრე ეს საჭირო იქნება,“ - აღნიშნულია ესპანეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში ესპანეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების მოცულობამ 46 მილიონ ევროს გადააჭარბა. ესპანეთი უკრაინელ სამხედროებს Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის წვრთნებს უტარებს.
სამხრეთ კორეის დაზვერვა: „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის იარაღი გამოიყენა
სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ „ჰამასი“ ისრაელთან კონფლიქტში ჩრდილოეთ კორეის წარმოების იარაღს იყენებდა. ამის დასტურად მოჰყავთ ახალი ფოტოები, რომლებზეც იარაღს კორეული სიმპბოლოები აქვს. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ამერიკის ხმას განუცხადა, მტრის იარაღზე ინფორმაციის შეგროვებისას აღმოაჩინეს ათიათასობით ჩრდილოეთ კორეული იარაღი. მისი თქმით, „ჰამასმა“ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ძრავებისგან ააწყო იარაღი, რომელიც დიდი ზიანის მიყენების შესაძლებლობას იძლევა. ჩრდილოეთ კორეამ უარყო, რომ მისი იარაღი „ჰამასმა“ გამოიყენა. ასევე პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ამარაგებს ბალისტიკური რაკეტებით, რომლითაც მოსკოვმა უკრაინას 30 დეკემბერსა და 2 იანვარს შეუტია. შესაბამისი განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ 4 იანვარს გააკეთა. მანამდე კი, 2023 წლის ოქტომბერში თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლის თანახმად, იარაღით დატვირთული 1000-ზე მეტი კონტეინერი ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გაგზავნა.
ამერიკული F-16-ები ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, ქვეყნის ცაზე გამოჩნდნენ
ბოსნია-ჰერცეგოვინის ცაზე ორმა ამერიკულმა გამანადგურებელმა გადაიფრინა. ამერიკის საელჩომ სარაევოში განაცხადა, რომ F16-ის ტიპის თვითმფრინავით გადაფრენა, ბოსნიის ძალებთან ერთად ჩატარებული წვრთნების ნაწილი და აშშ-ის ვალდებულების დემონსტრირებაა, რომელიც ბოსნიის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ემსახურება. საელჩოს განცხადება ერთგვარად ეხმაურება ნაციონალისტი და პრო-რუსი, ასევე, აშშ-ის მიერ სანქცირებული მილორად დოდიკის განახლებულ სეპარატისტულ აგიტაციას, რომლის თანახმად, ბოსნიის ნაწილი ქვეყანას უნდა გამოეყოს და სერბეთს შეუერთდეს. მედია წერს, რომ აშშ-ის ეს მხარდამჭერი ჟესტი ერთი დღით უსწრებდა სერბი ნაციონალისტების მიერ დაგეგმილ „ზეიმს,“ რომელსაც „სერბი სეპარატისტები სამხედრო სტილის ნაციონალისტურ აღლუმს უწოდებენ.“ „ეს ორმხრივი სწავლება არის მოწინავე სამხედრო თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობასა და უსაფრთხოებას დასავლეთ ბალკანეთში. ის ასევე აჩვენებს შეერთებული შტატების ერთგულებას ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიმართ," - წერია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, „დეიტონის შეთანხმებით,“, რომელსაც აშშ შუამდგომლობდა, ბოსნიაში 1992-95 წლებში მიმდინარე ომი დასრულდა, რომლის დროსაც, დაახლოებით, 100 000 ადამიანი მოკლეს, ხოლო მილიონი დევნილად იქცა. თავის განცხადებაში აშშ-ის საელჩომ ასევე მიუთითა, რომ ვაშინგტონი "იმოქმედებს", თუ ვინმე შეეცდება, ხელყოს სახელმწიფო კონსტიტუცია და 1995 წლის დეიტონის სამშვიდობო შეთანხმება, რომელმაც ბოსნიის ომი დაასრულა.
გაბრიელ ატალი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განათლების მინისტრი, 34 წლის გაბრიელ ატალი ქვეყნის ახალ პრემიერ- მინისტრად დანიშნა. გაბრიელ ატალი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია. განათლების მინისტრობამდე ის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი და სოციალისტების პარტიის წევრი იყო. 2017 წელს ატალი პარლამენტის წევრი გახდა. ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი თანამდებობიდან გადადგა.
რა მისიით ჩავიდა ლუის ბონო ერევანში
ერევანში ვიზიტის მეორე დღეს, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ლუის ბონო სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს ხვდება. კერძოდ, ბონომ 8 იანვარს მოლაპარაკებები გამართა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზონიანთან. დღეს კი, ამერიკელი დიპლომატი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს რუბენ რუბინიანს შეხვდა. მხარეებმა აშშ-სომხეთის თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ძალისხმევა განიხილეს. „აშშ გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს,“ - აღნიშნულია სომხეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია ამ ქვეყანაში ამერიკის საელჩოზე დაყრდნობით წერს, რომ ბონო რეგულარულად ესაუბრება რამდენიმე ძირითად დაინტერესებულ მხარეს სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად. ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, ბონო ბაქოშიც გეგმავს თუ არა ჩასვლას. დეტალებზე არც ამერიკული მხარე საუბრობს. აზერბაიჯანი-სომხეთი: სად გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება?
რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს საქართველოში და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ვირუსის ცირკულირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. „ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს, ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია, კორონავირუსმა ყველას დაავიწყა გრიპი, რადგან იმ პერიოდში ნიღბების ტარება ვირუსების გავრცელებას ხელს უშლიდა, ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია. კორონას პერიოდში ჭარბობდა კორონავირუსი და, შესაბამისად, ჩვეულებრივი ზამთრის ვირუსები ნაკლებად ცირკულირებდა. კორონავირუსის პერიოდში ნიღბების მასობრივად ტარება ვირუსების გავრცელებასაც უშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში სეზონური ვირუსები ნელ-ნელა თავის ადგილს იკავებენ,“ განუცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებელს. მისივე ინფორმაციით, ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია და ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში და იმის შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია. „რა თქმა უნდა, არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც შეიძლება, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. ქვეყანაში დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს. ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. იქ ემატებოდა კორონა. ახლა კორონას შემთხვევები ჯერჯერობით ცოტაა. ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ. ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ შეიძლება, გაცივდეს. ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში ხვდება ამ ვირუსებს და ასეთი 200-მდე ვირუსია. ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. სამწუხაროდ, ყველაზე უფრო მძიმე კორონას პერიოდი იყო, მძიმე გამოსავლებით. ნიღაბი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვინც ავად არის, ატაროს, რათა არ გაავრცელოს ვირუსი. ადამიანი თუ ავად არის, სახლში უნდა დარჩეს, არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღსა და სკოლაში,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. იმნაძის თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება. „გრიპის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ადამიანი სეზონის დროს იცრება, ვაქცინა დაუყოვნებლივ არ იძლევა იმუნიტეტს, დაახლოებით 10-14 დღე სჭირდება იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის. დღეს რომ ვაქცინა გაიკეთო და ხვალ გრიპი დაგემართოს, ვაქცინის ბრალი არ იქნება, რადგან მან ვერ მოასწრო მუშაობა. განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებს, მოხუცებს, ორსულებს, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სასუნთქი სისტემის დაავადებები და პატარა ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიათ გრიპი, მათთვის აუცილებელია აცრა, რომელიც ქვეყანაშია,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ. სპეცილისტის თქმით, ვირუსების პიკურ პერიოდს ჯერ არ გადაუვლია. „პიკური პერიოდი საქართველოში არის ხოლმე დეკემბრის ბოლოს და თებერვლის მეორე ნახევარში. ახლა ისეთი არაფერია, რაც არ იყო შარშან. პიკური პერიოდი, შესაძლოა, კიდევ იყოს, როდესაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა დაიწყება. კორონამ ყველას დაავიწყა გრიპი. 39 ტემპერატურა გრიპის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა – 38,5-ზე მეტი აქვს ერთი დღე-ღამის განმავლობაში და არ ექვემდებარება სიცხის დამწევ მედიკამენტებს. აქვე ვიტყვი, რომ ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი საშუალება. საერთოდ, არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა, როდესაც ვირუსული დაავადებაა. არცერთი ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსულ დაავადებებზე. ანტივირუსულია, მაგალითად, „ტამიფლუ“, რომელიც საკმაოდ ეფექტიანი პრეპარატია. დიდმა ექიმს უნდა მიმართოს, თუ 3 დღე მაინც აქვს მაღალი ტემპერატურა. ადამიანს თუ ჩირქოვანი ნახველი აქვს, ნახველში გაჩნდება სისხლის ძაფები, ან თუ აქვს ფილტვების ანთების ნიშნები, უჭირს სუნთქვა, ულურჯდება ტუჩები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6878 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6879 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9405 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9408 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საფრანგეთის მოქალაქე, მარტინ რაიანი გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს. აზერბაიჯანის ელჩის თქმით, სასამართლომ დაკავებულს ოთხთვიანი პატიმრობა შეუფარდა და დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შპს „მერკორამას“ გენერალური დირექტორის, მარტინ რაიანის მანიპულაციას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი სამმართველოს აგენტი ახდენდა, რომელიც შემდეგ ბაქოდან გააძევეს. 2023 წლის ბოლოს, საფრანგეთმა ბაქოს ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ, აზერბაიჯანის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევა.