ძებნის რეზულტატი:

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 3 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6688 ლარი ეღირება, ევრო – 2.9042 ლარი. დღეს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6771 ლარი იყო, ევრო კი, 2.8902 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 თებერვალს ამოქმედდება.  

რაზე ესაუბრა ზელენსკი ყაზახეთის პრეზიდენტს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს ესაუბრა. მან ყაზახეთს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „პრეზიდენტ თოყაევს ვაცნობე მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრის შედეგები და გლობალური სამშვიდობო სამიტის მზადება. ჩვენ ასევე განვიხილეთ ორმხრივი სავაჭრო და პოლიტიკური დიალოგის გასაძლიერების გზები,“ - წერს ზელენსკი.  

კანადა და უკრაინა რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად კოალიციას ქმნიან

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი კიევში ჩავიდა. მან დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სახლში დასაბრუნებლად, კოალიციის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა. კანადელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ბავშვებს წაართვეს საკუთარი ენა. „ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობა არ შეიძლება, რომ გაუფერულდეს, რადგან ეს კაცობრიობის საკითხია და სწორედ ამიტომ დღეს, კანადა და უკრაინა შექმნიან კოალიციას რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად,“ - აღნიშნა მინისტრმა. ჯოლის თქმით, კანადა სხვა ქვეყნების ინფორმირებას მოახდენს, მათ შორის, გაესაუბრება მექსიკას, ბრაზილიას, კატარსა და სხვა ქვეყნებს. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იმუშავებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც რუსეთთან პირდაპირი ურთიერთობა აქვთ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის თითქმის ორი წლის თავზე, უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი ამბობს, რომ 20 000-მდე უკანონოდ გატაცებული ბავშვიდან, შინ მხოლოდ 517 დაბრუნდა. ოფიციალური მოონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია. ლუბინეცმა, დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ შინ 2 828 ზრდასრული მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, 150 სამოქალაქო პირი. უკრაინის მიზანი კი, ყველა მოქალაქის შინ დაბრუნებაა, რისთვისაც საერთაშორისო საზოგადოებამ მუშაობა უნდა გააძლიეროს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, გასულ წელს, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისიონერის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ დაკავების ორდერი, სწორედ ბავშვების უკანონო დეპორტაციის ბრალდებით გასცა. სასამართლოს შეფასებით, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სხვებთან ერთად და სხვების მეშვეობით, ამ უკანონო ქმედებას თავად ახორციელებდნენ. კრემლი იძულებითი დეპორტაციის შესახებ ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მან ბავშვები "გადაარჩინა" და მზადაა, ისინი საკუთარ მშობლებსა და კანონიერ მზრუნველებს მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს. სასამართლოს თანახმად კი, რუსეთის პრეზიდენტმა არ უზრუნველყო შესაბამისი კონტროლი სამოქალაქო და სამხედრო დაქვემდებარებულ პირებზე იმისთვის, რომ ეს ქმედებები აღკვეთილიყო. ან, რომ მან, მათი ჩადენის უფლება მისცა მათ, ვინც უშუალოდ მას ემორჩილება. შესაბამისად, ეს მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაა.  

ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარუდგინა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება. ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. მთავრობის შემადგენლობა ასეთია: კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი; ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე; იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე; შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი; ამასთან, პარლამენტში ასევე შევიდა სამთავრობო პროგრამა, სახელწოდებით – „ევროპული სახელმწფოს მშენებლობისთვის“. ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პირველ თებერვალს წარადგინეს. პარლამენტი პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას 8 თებერვალს დაამტკიცებს.  

კორსიკაზე იტალიური მაფიის ერთ-ერთი ბოსი დააკავეს

საფრანგეთში იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი მაფიური გაერთიანების ბოსი დააკავეს. ის გასულ წელს მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაიქცა. მარკო რადუანო ბასტიაში, საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე დააკავეს. ევროპოლის მიერ ის "საშიშ“ დამნაშავეთა სიაში იყო შეყვანილი. ევროპოლის მონაცემებით, მარკო რადუანო 24-წლიან პატიმრობას იხდიდა დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობისთვის, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, იარაღის უკანონო ტარებისა და სხვა დანაშაულებისთვის. ევროპოლმა განაცხადა, რომ ის იყო თავისი კრიმინალური ორგანიზაციის "სათავეში" და "ასრულებდა მამოძრავებლის, ორგანიზატორისა და დაუნდობელი მკვლელის როლს ჯგუფში, რომელიც დაკავებული იყო მკვლელობებით, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობითა და რეკეტით."  

არასამთავრობოები ნატა ფერაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებენ, გადახედოს აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.  გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატა ფერაძის მიმართ გამოყენებული სანქცია სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციულად ვერ ჩაითვლება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პატიმრობა გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების გამო არაძალადობრივი პროსტესტის გამოხატვის ამგვარი სიმძიმისა და ხანგრძლივობის სახდელით დასჯა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პროპორციულობის სტანდარტებს არღვევს. საგულისხმოა, რომ ნატა ფერაძის უკანონო დასჯა ერთხელ უკვე გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანი, როდესაც აქტივისტების მიმართ გამოყენებული სანქცია სასამართლომ არათანაზომიერად შეაფასა. შესაბამისად, მოვუწოდებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობით და მიიღოს ადამიანის უფლებების შესაბამისი გადაწყვეტილება," - წერია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ:ადამიანის უფლებათა ცენტრიაღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვისდემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიდემოკრატიის მცველებითბილისი პრაიდიმწვანე ალტერნატივაპარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისსაბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასამოქალაქო საზოგადოების ფონდისაქართველოს დემოკრატიული ინიციატივასაქართველოს რეფორმების ასოციაციასაქართველოს სასამართლოს გუშაგიწამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი აქტივისტ ნატა ფერაძისთვის 5-დღიანი პატიმრობის შეფარდება არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ფერაძის უფლებებს იცავს.  

სამთავრობო პროგრამა პარლამენტს წარედგინა - რა წერია დოკუმენტში

სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით - “ევროპული სახელმწიფოსთვის“, დღეს, განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა ოთხი მთავარ სფეროს მოიცავს: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური მიმართულება და სახელმწიფო მმართველობაა. 73-გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, ხაზს უსვამს შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობას. „2023 წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა როგორც ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი, ასევე, ახალი შესაძლებლობები გააჩინა საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების თვალსაზრისით. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიზნით, საქართველო გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან. ამ თვალსაზრისით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესასრულებლად. ამასთანავე, აქტიურად გაგრძელდება ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გამოყენება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით. ამასთან, მოქალაქეებისათვის ხელშესახები შედეგის მიღების კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წარმატების პარალელურად და მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სულ უფრო იზრდება ქვეყნის როლი ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ევროკავშირთან მიმართებით, ასევე მნიშვნელოვან ამოცანად რჩება ევროკავშირთან საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გამყარება და იმ კომპონენტიდან ურთიერთსარგებლის მიღება, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობასა და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში ჩართულობას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით, გაგრძელდება აქტიური მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული საფლაგმანო ინიციატივების რეალიზაციის მიზნით. სექტორული ინტეგრაციის კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობასა და სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობას, რაც პრაქტიკულად ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგში ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირის სტანდარტებთან. გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, ხაზს უსვამს შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობას“,- ნათქვამია დოკუმენტში. ამასთან, აღნიშნულია, რომ აქტიურად გაგრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის, რაც გულისხმობს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მიზნით, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის უზრუნველყოფას. „ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის უზრუნველყოფა და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან − აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება, მათ შორის, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: თავდაცვა და უსაფრთხოება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, საქართველოს ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაცია. „2024 წლისთვის აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. შესაბამისად, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდება საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვილობის მოდერნიზაციაზე და გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა აშშ-თან თავდაცვის სფეროში. 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნულ სწავლებას - „Trojan Footprint” და აშშ- საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებას - „Noble Parter“. ამასთან, ქართველი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ორგანიზებით უცხოეთში დაგეგმილ სწავლებებში. აშშ-თან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, 2023 წლიდან აქტიურად ხორციელდება საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), რომელიც 2027 წლის ჩათვლით გაგრძელდება. GDDEI მიმართულია ქვეყნის შეკავების, ტერიტორიული თავდაცვის, წინააღმდეგობისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. იგი ხელს უწყობს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარებას,“ წერია დოკუმენტში. პროგრამის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში ურთიერთობების განვითარებას დოკუმენტით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის კავშირების გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთა შორისი, კულტურის, განათლების, სექტორულ და სხვა სფეროებში, ისევე როგორც საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნება და აქტიური თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით. ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარუდგინა  

პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციას აშშ დააფინანსებს

პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის აშშ 135 000 დოლარს გამოყოფს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონში, პეტრას ციხეში, აღმოჩენილი მოზაიკისა და მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციას. იმ მახასიათებლებისა და ღირებულებების დაცვა შენარჩუნებას, რომლებმაც პეტრას ციხე ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე გამორჩეულ ნიმუშად აქცია. აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა თავად მოინახულა პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი, მოისმინა ძეგლის უმნიშვნელოვანესი ისტორია. „ეს ციხე და ყველა არტეფაქტი, რომელიც აქ აღმოაჩინეს, ნამდვილად სიმბოლოა იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და წარმოაჩენს თქვენს ევროპასთან კავშირს ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნიდან. შეერთებული შტატები მოხარულია, უზრუნველყოს, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ ამ საოცარი ისტორიული ადგილის ნახვა,“ აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეშვეობით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს შესაბამის ქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით უძველესი და ისტორიული შენობების აღდგენაში, იშვიათი ხელნაწერებისა და სამუზეუმო კოლექციების შეფასებასა და კონსერვაციაში, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლების შენარჩუნებასა და დაცვაში, ასევე გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ტრადიციული რეწვის სახეობების, ადგილობრივი ენებისა და გამოხატვის ისეთი ტრადიციული ფორმების აღრიცხვაში, როგორიცაა მუსიკა, ცეკვა და ენები. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (AFCP) 2001 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ შეიქმნა. ფონდი ელჩებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ განაცხადები ისეთ ერთჯერად ან განმეორებად პროექტებზე, რომლებიც ქვეყნებს მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში ეხმარება. დღეისათვის, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა ას ოცდახუთზე მეტ ქვეყანაში 1000-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტი დააფინანსა. თითქმის 74 მილიონი აშშ დოლარი იქნა გამოყოფილი მსოფლიო მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. საქართველოში ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 21 პროექტი დააფინანსა თითქმის 2 მილიონი აშშ დოლარის საერთო ღირებულებით, მათ შორის არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ჯვრის მონასტრის კონსერვაციისათვის 2020 წელს გამოყოფილი 500 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. დაცვის პროექტები საქართველოს კულტურული მემკიდრეობის ფართო სპექტრს მოიცავს: ფოლკლორული მუსიკითა და ხელოვნებით დაწყებული, ხუროთმოძღვრებითა და არქიტექტურით დამთავრებული.  

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პარტია გადასცა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. პაკეთშია ათასზე მეტი საბრძოლო მასალა შვედური ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნისთვის, ასევე, RISE-1 დისტანციური დეტონაციის სისტემები. „ჩვენ აქტიურად და თანმიმდევრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი არის ინვესტიცია მის უსაფრთხოებაში,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა.  

თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი

უკრაინა ომის მეორე წლისთავის წინ და რუსეთის სარაკეტო იერიშების ფონზე, აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია. კიევმა პირველ თებერვალს ევროკავშირისგან ფინანსური რესურსის მიღების გარანტია მიიღო, როდესაც ბლოკი 50 მილიარდის ევროს მოცულობის პაკეტის მიღებაზე შეთანხმდა. დასავლეთი ხშირად იმეორებს, რომ პუტინის მიზანი არ შეცვლილა. ამასთან, მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიულმა მიზანმა - აეღო კიევი, მარცხი განიცხადა. ევროპა რუსეთთან „პოტენციური ომისთვის მზადებასა და ევროპული საზოგადოების შემზადების აუცილებლობაზე“ საუბრებს ააქტიურებს. NATO-მ ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყო.  შექმილ სურათზე Europetime-ს ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ყოფილი დირექტორი, „ევროპული რეფორმების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე იან ბონდი ესაუბრა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საერთოდ არ ჩანს იმის ნიშანი, რომ პუტინი მოლაპარაკებისთვის მზად არის. „გარკვეული გაგებით, თითქმის ყველა ომი მთავრდება მოლაპარაკებების მაგიდასთან - თუ, როგორც ნაცისტური გერმანიის შემთხვევაში, რეჟიმი არ შეწყვეტს არსებობას და არავინ დარჩება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოილაპარაკოს. მაგრამ ახლა საერთოდ არ ჩანს იმის ნიშანი, რომ პუტინი მოლაპარაკებისთვის მზად არის; პირიქით, როგორც ჩანს, მას გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელოს იგივე მიზნისთვის მოქმედება - უკრაინის დამორჩილება, რაც 2022 წლის 24 თებერვალს სურდა. უკრაინა ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება.“ ანალიტიკოსი დასავლეთის მიზნებში მეტი მკაფიოობის მომხრეა საიმისოდ, რომ დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ დაინახოს ომის სტრატეგიული მნიშვნელობა და იმის აუცილებლობა, რომ რუსეთის მიერ იარაღის სისტემებისა და საბრძოლო მასალის წარმოების შესაბამისად მოქმედებდნენ. „დასავლეთმა გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რათა უკრაინას რუსეთის ძალებისთვის არაპროპორციული ზიანის მიყენებასა და ომის პერიოდის შემცირებაში დაეხმაროს. ამავდროულად, ის უნდა დარწმუნდეს, რომ სანქციები საკმარისად მკაცრია, რათა სერიოზულად დააზიანოს რუსეთის ეკონომიკა, განსაკუთრებით კი, რუსეთის შესაძლებლობები თავდაცვის აღჭურვილობის წარმოების თვალსაზრისით,“ ამბობს იან ბონდი. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

2024 წელს საქართველო აშშ-ის ევროპული სარდლობისა და აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებს უმასპინძლებს

2024 წელს საქართველო აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნულ სწავლებას - „Trojan Footprint” და აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებას - „Noble Parter“ უმასპინძლებს. ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ამასთან, ქართველი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ორგანიზებით უცხოეთში დაგეგმილ სწავლებებში. აშშ-თან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, 2023 წლიდან აქტიურად ხორციელდება საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), რომელიც 2027 წლის ჩათვლით გაგრძელდება. GDDEI მიმართულია ქვეყნის შეკავების, ტერიტორიული თავდაცვის, წინააღმდეგობისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. იგი ხელს უწყობს NATO-ს თავსებადობის გაზრდას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარებას,“ წერია დოკუმენტში. მისივე მიხედვით, „2024 წლისთვის აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.“ ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველო ფართო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი აქტორია, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდამ კი, კიდევ უფრო აქტუალური გახადა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება. „აღნიშნულ კონტექსტში, მნიშვნელოვანია შესაბამის ქვეყნებთან სტრატეგიულ-პოლიტიკური კავშირების ისევე როგორც, სექტორული თანამშრომლობის, კიდევ უფრო გაღრმავება. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა სატრანსპორტო/ენერგეტიკული დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა. განსაკუთრებით აქტუალური გახდა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. „შუა დერეფნის“ როლი აღმოსავლეთ-დასვლეთს შორის ტვირთებისა და ენერგომატარებლების შეუფერხებელი და ეფექტიანი ტრანსპორტირების კუთხით. საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როგორც ევროკავშირთან ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებით მუშაობის გააქტიურება, ასევე, თანამშრომლობის გაძლიერება აზიის, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების განმტკიცებასა და ურთიერთობების მაღალ/სტრატეგიულ დონეზე განვითარებას, პირველ რიგში, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და განვითარების მიზნით. მნიშნელოვანი იქნება არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული რეგიონების ქვეყნებში საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო, 12 სატრანზიტო და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია-განმტკიცება. სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, გლობალურ და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიური ჩართულობა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარება/პოზიციონირება იქნება,“ ნათქვამია დოკუმენტში.  

სამთავრობო პროგრამა: აქტიურად გაგრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით

სამთავრობო პროგრამის თანახმად, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის, რაც გულისხმობს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მიზნით, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის უზრუნველყოფას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის უზრუნველყოფა და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა. „ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პარალელურად, საქართველოს უპირველეს მიზნადრჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა დაქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება. საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას. ამავდროულად, ქვეყანა განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შედეგზეორიენტირებულ ჩართულობას, რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარე, უსაფრთხოებისა დაჰუმანიტარული გამოწვევების გადაჭრის მიზნით. ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობაპარტნიორების დღის წესრიგში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხისმაღალ დონეზე დასმისა და ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად,რაც აღნიშნულ ფორმატში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მაღალი დონისწარმომადგენლობის უზრუნველყოფასაც მოიცავს,“ - წერია დოკუმენტში.  

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართული ლეგიონის ცნობით, ისინი აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე დაიღუპნენ. „ქართული ლეგიონის შემადგენლობაში ისინი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ,“ - ნათქვამია განცხადებაში. 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.  

უკრაინამ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული კიდევ ოთხი ბავშვი დაიბრუნა - უკრაინული მედია

მე-15 სამაშველო მისიის ფარგლებში Save Ukraine-ის გუნდმა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან კიდევ ოთხი ბავშვი დაიბრუნა.  ამის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაცია Save Ukraine იუწყება. „ეს ბავშვები 0-დან 16 წლამდე არიან. ამჟამად ისინი ყველა უსაფრთხოდ არიან ჩვენს ერთ-ერთ ცენტრში," - ნათქვამია ინფორმაციაში.  დღეის მდგომარეობით, ოჯახებს 235 ბავშვი დაუბრუნდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის თითქმის ორი წლის თავზე, უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი ამბობს, რომ 20 000-მდე უკანონოდ გატაცებული ბავშვიდან, შინ მხოლოდ 517 დაბრუნდა. ოფიციალური მოონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია. ლუბინეცმა, დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ შინ 2 828 ზრდასრული მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, 150 სამოქალაქო პირი. უკრაინის მიზანი კი, ყველა მოქალაქის შინ დაბრუნებაა, რისთვისაც საერთაშორისო საზოგადოებამ მუშაობა უნდა გააძლიეროს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, გასულ წელს, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისიონერის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ დაკავების ორდერი, სწორედ ბავშვების უკანონო დეპორტაციის ბრალდებით გასცა. სასამართლოს შეფასებით, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სხვებთან ერთად და სხვების მეშვეობით, ამ უკანონო ქმედებას თავად ახორციელებდნენ. კრემლი იძულებითი დეპორტაციის შესახებ ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მან ბავშვები "გადაარჩინა" და მზადაა, ისინი საკუთარ მშობლებსა და კანონიერ მზრუნველებს მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს. სასამართლოს თანახმად კი, რუსეთის პრეზიდენტმა არ უზრუნველყო შესაბამისი კონტროლი სამოქალაქო და სამხედრო დაქვემდებარებულ პირებზე იმისთვის, რომ ეს ქმედებები აღკვეთილიყო. ან, რომ მან, მათი ჩადენის უფლება მისცა მათ, ვინც უშუალოდ მას ემორჩილება. შესაბამისად, ეს მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაა.

ესპანეთი Patriot-ებზე უკრაინელ სამხედროებს წვრთნის

ესპანეთი უკრაინელ სამხედროებს Patriot-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის წვრთნის. ტრენინგი ვალენსიაში ტარდება. სწავლებას საზენიტო არტილერიის (RAAA) სამეთაურო ქვედანაყოფებისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის შტაბის წარმომადგენლები ატარებენ.  უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა სჭირდება მტრის თავდასხმების ეფექტიანად მოსაგერიებლად. ასევე წაიკითხეთ: თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი  

რა მიზნით ჩავიდა ანექსირებულ ყირიმში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელი

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ჩავიდა და რუსეთის მიერ იქ დანიშნული ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებთან „ურთიართთანამშრომლობის მემორანდუმი“ გააფორმა. პარასკევს, ანექსირებულ სიმფეროპოლში ხელი მოეწერა რეგლამენტს სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ანექსირებული ყირიმის მინისტრთა საბჭოსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობას შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციას ე.წ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილდ ძამბოლატ ტადტაევი ხელმძღვანელობს. პარასკევს შეთანხმების საბოლოო დოკუმენტს ტადტაევმა და ანექსირებული ყირიმის ვიცე-პრემიერმა გიორგი მურადოვმა მოაწერეს. „ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორ დოკუმენტს. პირველი დოკუმენტი უფრო ტექნიკურია - ეს არის ჩვენი მუშაობის გარკვეული რეგულაცია, რომელიც უნდა იყოს ერთობლივი კომისიის ჩარჩო. და მეორე, არსებითი დოკუმენტია სამხრეთ ოსეთსა და ყირიმს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ერთობლივ შესრულებაზე," - განუცხადა მურადოვმა ჟურნალისტებს. ანექსირებული ყირიმის ე.წ. ვიცე-პრემიერის თქმით, დელეგაციებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხების მთელი სპექტრი და შეთანხმდნენ, განსაზღვრონ პროდუქციის კონკრეტული სიები, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ მიაწოდონ ერთმანეთს, ასევე განავითარონ თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში. საუბარი ასევე შეეხო ანექსირებულ ყირიმში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან ბავშვებისთვის დასვენების ორგანიზების საკითხს. "დეტალურად განვიხილეთ სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელი მოეწერა. ეს არის ათი ძირითადი მიმართულება, 33 ღონისძიება, რომელსაც თანმიმდევრულად ვახორციელებთ. ერთ-ორ თვეში უნდა შევიმუშაოთ კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც აინტერესებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას. ასევე უნდა განვსაზღვროთ ჩვენი პროდუქციის ჯგუფები, რომლებიც შეგვიძლია მივაწოდოთ ყირიმს, თუ ნახევარკუნძულზე მომხმარებელი დაინტერესდება,“ - აღნიშნა ძამბოლატ ტადტაევმა. რუსეთის ფედერაციას ყირიმი 2014 წლიდან აქვს ანექსირებული. 2022 წლის სექტემბერში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის კიდევ 4 რეგიონი - ხერსონი, ზაპოროჟიე, ლუგანსკი და დონეცკი, თუმცა სრულად ვერცერთ ამ ოლქს ვერ აკონტროლებს. უკრაინა, რომელსაც თავის მიზნად გამოცხადებული აქვს ყველა ტერიტორიის დაბრუნება, რუსეთის ობიექტებს პერიოდულად უტევს ანექსირებულ ყირიმშიც. მანამდე რუსეთის ფედერაცია საქართველოში შემოიჭრა და ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ოკუპაცია 2008 წლის ომის შემდეგ განახორციელა. 2008 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ეს რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და იქ მე-4 სამხედრო საოკუპაციო ბაზა შექმნა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ზელენსკი: უკრაინაში კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩამოვიდა, რომლებსაც ყველაფრის ჩამოგდება შეუძლიათ

უკრაინაში კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩამოვიდა, რომლებიც ყველაფერს აგდებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „და მთავარი ახალი ამბავი დღევანდელი დღისთვის - ამბავი, რომელსაც ყველანი მოუთმენლად ველოდით. სიახლე, რომლისთვისაც სხვადასხვა დონეზე თვეობით ვმუშაობდით. და შედეგიც დადგა - უკრაინაში საჰაერო თავდაცვის კიდევ ორი სისტემა ჩამოვიდა. ყველა დეტალი საჯაეროდ ვერ განიხილება, მაგრამ ეს არის სისტემები, რომლებსაც ყველაფრის დაჭერა შეუძლიათ. ჩვენ დავიცავთ რეგიონებს. ჯერჯერობით სისტემები არასაკმარისადაა უკრაინის სრულად დასაცავად, მაგრამ ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ,” - განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი

ე.წ. მინისტრი არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის „აგრესიულ იზოლაციაზე“ საუბრობს

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დე ფაქტო ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონს არ ეძლევა „სუნთქვის“ საშუალება - კონტაქტები იბლოკება, რაც მას საერთაშორისო ასპარეზზე „აგრესიულ“ იზოლაციაში აქცევს. ე.წ. მინისტრმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩებთან ონლაინ შეხვედრისას დაიჩივლა, რომ მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილის ქვეყნები ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას კი არა, ოფიციალურ თბილისს ესაუბრება. პოლიტიკურ დონეზე „საერთაშორისო პარტნიორებთან“ კონტაქტებში დაბრკოლებების შექმნის გარდა, არძინბა „საქმიანი კონტაქტების“ დონეზე შეზღუდვებზეც საუბრობს. „და - „კულტურული და ჰუმანიტარული იზოლაცია“, როცა „აფხაზ სპორტსმენებს, მეცნიერებს, ხელოვანებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო ღონისძიებებში,“ - ამბობს ე.წ მინისტრი. ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დე ფაქტო ხელმძღვანელი რეგიონის იზოლაციის მცდელობებთან ბრძოლის „ყველაზე ეფექტიან“ საშუალებებზე მიუთითებს. მათ შორისაა, საკუთარი მედიის შექმნა „საზღვარგარეთ“ საინფორმაციო ომის „მოგების“ მიზნით და - „მასშტაბური ღონისძიებების“ გამართვა ოკუპირებული აფხაზეთის „კულტურული და საქმიანი იმიჯის“ პოპულარიზაციისთვის. არძინბა „აგრესიული იზოლაციის“ შესახებ განცხადებებეს აკეთებს იმ ფონზე, როდესაც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი ოკუპირებულ რეგიონში არ შეუშვეს. გარდა ამისა, არძინბა აცხადებდა, რომ კარი „სამუდამოდ დაკეტილია“ მათთვის, ვინც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. ასევე ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ „ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი „კიდევ უფრო იმედგაცრუებული დარჩებოდა უახლოეს მომავალში.“ შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი. USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას

ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანულ სამიზნეებზე იერიში მიიტანა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო იერიშები განახორციელა. როგორც СNN წერს, საჰაერო დარტყმები 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და თეთრი სახლის განცხადებით, საპასუხო იერიში წარმატებული იყო. „ჩვენ მიერ პასუხის გაცემა დღეს დაიწყო. ის იმ დროსა და იმ ადგილას გაგრძელდება, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ს კონფლიქტის დაწყება არც ახლო აღმოსავლეთში და არც მსოფლიოს სხვა ნაწილში სურს, მაგრამ ამერიკელებზე განხორციელებული თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება. „გასულ კვირას, იორდანიაში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ გაშვებული დრონის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. დღეს დოვერის საჰაერო ძალების ბაზაზე ამ მამაცი ამერიკელების ღირსეულ დაბრუნებას დავესწარი და თითოეული მათგანის ოჯახს ვესაუბრე,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თქმით, სირიასა და ერაყში ავიაიერიშები 85 სამიზნე ობიექტზე განხორციელდა. მათ შორის, სამეთაურო, საკონტროლო და სადაზვერვო ცენტრებზე. ასევე, იარაღის საწყობებზე. თავის მხრივ, თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ თავდასხმები „აშშ-ის პასუხის დასაწყისია." 28 იანვარს ახლო აღმოსავლეთში, ამერიკულ ბაზაზე დრონის თავდასხმის შედეგად, სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები დაადანაშაულა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ამ თავდასხმის ფაქტებს, ჩვენ ვიცით, რომ ის განხორციელდა სირიასა და ერაყში მოქმედი იმ რადიკალური ჯგუფების მიერ, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ირანმა მომხდართან კავშირი უარყო. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით კი, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ შეერთებული შტატები დამნაშავეებს პასუხს აგებინებს "მაშინ და ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის." CBS პირველ თებერვალს წერდა, რომ აშშ-მა სირიასა და ერაყში მდებარე ირანული პერსონალისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საავიაციო დარტყმების გეგმები დაამტკიცა.  

უკრაინა ცხრა რუსული დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 14 დრონიდან 9 დრონი ჩამოაგდეს. დრონების სამიზნეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე 2 სარაკეტო და 86 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ასევე წაიკითხეთ: თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი