ძებნის რეზულტატი:

ISW: თურქული ბანკები რუსების ანგარიშებს სანქციების საფრთხის გამო ხურავენ

გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი თურქული ბანკი, რომელიც რუსულ ბიზნესთან არის კავშირში, აშშ-ის მხრიდან მეორადი სანქციების გამოწვევის შიშით, ანგარიშებს, ხურავს იტყობინება ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) პირველ თებერვალს რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გაზეთ „ვედომოსტის“ ციტირებით. რუსეთის ბიზნესის წარმომადგენლებმა Vedomosti-ს განუცხადეს, რომ თურქეთში ბანკები ხურავენ რუსულ კორპორატიულ ანგარიშებს და წყვეტენ ურთიერთობას კლიენტებთან, რომლებიც თურქულ ბანკებთან, 2022 წლის თებერვალში უკრაიანში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თანამშრომლობენ. წყაროების თქმით, თურქულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა ეს ზომები აშშ-ის სანქციების საფრთხის საპასუხოდ მიიღეს. კრემლმა დაადასტურა, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს. „დიახ, ჩვენ ეს ვიცით და ჩვენ აქტიურ დიალოგში ვართ ჩვენს თურქ პარტნიორებთან და კოლეგებთან, განვიხილავთ ამ საკითხებს," - განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე. მედია: რუსეთიდან თურქეთში ფულადი გადარიცხვები შეფერხდა პუტინი თურქეთს 12 თებერვალს ეწვევა - Reuters ცნობისთვის, სანქციების გამო რუსული კომპანიები კვიპროსსაც ტოვებენ.  

რუსეთს ევროპის დაღლილობის იმედი არ უნდა ჰქონდეს - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებისადმი ევროკავშირის ერთსულოვანმა მხარდაჭერამ რუსეთს აჩვენა, რომ ევროპა დაღლილი არ არის. „ეს შეთანხმება უზრუნველყოფს ჩვენი მხარდაჭერის პროგნოზირებადობას უკრაინისადმი გრძელვადიანი ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების მეშვეობით. გზავნილი მკაფიოა - რუსეთს ევროპის დაღლილობის იმედი არ უნდა ჰქონდეს,“ - აღნიშნა მაკრონმა. რაც შეეხება უსაფრთხოების დახმარებას, საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპული ქვეყნები იღებენ ორმხრივ ვალდებულებებს და ეს იქნება უკრაინაში მისი მომავალი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც. „საფრანგეთი უზრუნველყოფს კრიტიკულ შესაძლებლობებს, რომლებიც შეიძლება, გადამწყვეტი  იყოს ბრძოლის ველზე, მათ შორის, პარიზი უკრაინას Scalp-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და „კეისრის“ საარტილერიო სისტემებს აწვდის.  

თურქეთში, ამერიკულ საწარმოში მძევლად აყვანილი ადამიანები პოლიციამ გაათავისუფლა

თურქეთის ქალაქ სტამბოლის მახლობლად მდებარე Proctor & Gamble-ის ქარხანაში მძევლად აყვანილი შვიდი თანამშრომელი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. შესაბამის ინფორმაციას BBC-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი გუბერნატორის, სედარ იავუზის თქმით, მძევლები არ დაშავებულან. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და საგამოძიებო ღონისძიებები დაწყებულია. შეიარაღებულმა პირმა გებზეში მდებარე ქარხნის თანამშრომლები მძევლად, ღაზის სექტორში მიმდინარე ომის პროტესტის ნიშნად აიყვანა.  

ალიევმა მშვიდობის მიღწევის პირობად, სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა დაასახელა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა, სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ალიევის განმარტებით, თუ სომხეთი დაასრულებს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და შეიტანს ცვლილებას კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში, მაშინ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეა, ორი ქვეყნის საზღვარზე მშვიდი ვითარებაა. „მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება.“ ალიევმა მიუთითა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ და ამ დოკუმენტზე მითითებები ასახულია სომხეთის კონსტიტუციაშიც. „გარდა ამისა, სომხეთის სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში ასევე არის ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ, ბევრ კონვენციაში, რომელსაც შეუერთდა სომხეთი და სხვა დოკუმენტებში არის მრავალი დათქმა, რომელიც არ ცნობს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს ყარაბაღზე,“ - განაცხადა ალიევმა. მანამდე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც. სომხეთის კონსტიტუცია, კერძოდ, შეიცავს მითითებას სომხეთის სსრ-ისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების შესახებ დადგენილებაზე. პრობლემურად განიხილება დამოუკიდებლობის დეკლარაციის მე-11 პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთი მხარს უჭერს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებას. ასევე წაიკითხეთ: Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან  

სუამ-ის სადამკვირვებლო მისია აზერბაიჯანში ჩადის

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამ) მისია აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. მისი ბაქოში 6 თებერვალს ჩავა.  ექვსკაციან დელეგაციაში, რომელსაც სუამ-ის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი ხელმძღვანელობს, შედიან უკრაინის უმაღლესი რადას მოადგილეები სვიატოსლავ იურაში და მიხაილო პაპიევი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით მათიკაშვილი, ასევე სუამის სამდივნოს პროგრამის კოორდინატორები თეიმურაზ კილაძე და საბუჰი ტამი.  სუამ-ის სადამკვირვებლო მისია მონიტორინგის შედეგების ანგარიშს კენჭისყრის შემდეგ გამოაქვეყნებს. აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს გაიმართება. სუამი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც ოთხი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსგან (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი  მოლდოვა) შედგება. შეგახსენებთ, სუამი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1997 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგში ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას დაფუძნდა. ორი წლის შემდეგ 1999 წელს ორგანიზაციას უზბეკეთი შეუერთდა, თუმცა უზბეკეთმა 4 წლის შემდეგ სუამი დატოვა. უკრაინა სუამის თავმჯდომარეობას აზერბაიჯანს გადასცემს  

ბაიდენმა დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინელებზე თავდასხმაში დადანაშაულებულ ოთხ ისრაელელს სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებზე თავდასხმაში დადანაშაულებულ ოთხ ისრაელელს სანქციები დაუწესა. ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ძალადობამ დასავლეთ სანაპიროზე „გაუსაძლის დონეს“ მიაღწია. სანქცირებულ პირებს აშშ-ის ყველა სახის ქონებასა და სხვა აქტივებზე წვდომა შეეზღუდებათ. „დასავლეთ სანაპიროზე არსებულმა ვითარებამ, განსაკუთრებით, ძალადობის მაღალმა დონემ, ხალხის იძულებითმა გადაადგილებამ და ქონების განადგურებამ მიაღწია აუტანელ დონეს და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის,“ - აცხადებს ბაიდენი. მისი განმარტებით, აღნიშნული ქმედებების მიზანი, ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის მშვიდობის და უსაფრთხოების წახალისებაა.  

რომელი პროდუქტები გაძვირდა და გაიაფდა

საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი გამოწვეულია მათ შორის იმით, რომ ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში სურსათში ფასები წლიურ ჭრილში 2.4%-ით არის შემცირებული, ხოლო ჯანდაცვის სექტორში ფასები წლიურ ჭრილში 3.3%-ით არის შემცირებული. ფასების ზრდა ფიქსირდება ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს, ასევე სხვა სამომხმარებლო ჯგუფებში. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-15.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-9.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-4.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (19.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.3 პროცენტით, რაც -0.32 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-7.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (3.9 პროცენტი). ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (7.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.2 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.4 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (4.1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (4.8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8 პროცენტი).

პირველი მარტიდან უნებართვო სარეკლამო SMS-ების გაგზავნა შეწყდება

პირველი მარტიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გაიგზავნება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით, რომელიც გასული წლის ზაფხულზე მიიღეს, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება) დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ. პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება. ახალი კანონის ამოქმედებამდე, კომპანიები თავიანთი მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნით აფრთხილებენ. კერძოდ, ახალი კანონის შესაბსამისად, ვალდებულნი არიან, გარკვეული ცვლილებები შეიტანონ მომსახურების ხელშეკრულების პირობებში.  

სომხეთი NATO-ს უახლოვდება – ხავიერ კოლომინა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება.„ძალიან გამამხნევებელია სომხეთის გადაწყვეტილება, რომელიც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში მიიღეს, ცვლილება, რომლის მიღებაც გადაწყვიტეს. ვიცი, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც რთულია და ალბათ, დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახალისებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაგვიახლოვდნენ და სომხეთ სწორედ ამას აკეთებს," – განაცხადა კოლომინამ. ელჩმა გაამჟღავნა, რომ ორი მხარე ახლა ახლოსაა ახალი „ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამასთან“, რომელიც განასახიერებს სომხეთის უფრო მჭიდრო პარტნიორობას ალიანსთან. მან არ ისაუბრა სამოქმედო გეგმის დეტალებზე და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ის დასახავს "საკმაოდ ამბიციურ მიზნებს." კოლომინას ინტერვიუს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა. ის დაიმუქრა, რომ NATO-სთან ერევნის დაახლოებას სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ მეტი დაძაბულობის გამოწვევა შეუძლია. „უკვე ვნახეთ NATO-სთან სიახლოვე ზოგიერთ ქვეყანას რას უკეთებს: კონფლიქტებში ჩაბმა, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვა, ყველა სფეროში უცხოურ გეგმებზე დაყოლიება და, რაც მთავარია, საკუთარი ეროვნული ინტერესების რეალიზაციის შესაძლებლობის არარსებობა. უმჯობესი იქნება სომხეთმა რუკა გადაშალოს და დახედოს რეგიონს, რა ქვეყნებს შორის არის. დასავლეთი ყველას აძლევს პირობებს, ნეტავ რომელი მათგანი შესრულებულა და სად," – ამბობს ზახაროვა. ამერიკელი მაღალჩინოსნის შემდეგ, სომხეთში ხავიერ კოლომინა ჩავიდა რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი ინფორმაციისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს.  

აქტივისტ ნატა ფერაძეს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ფერაძეს პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე შეეფარდა. საქმე ეხება საღებავის შესხმის ფაქტს მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული. ნატა ფერაძე ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. განახლება: აქტივისტი ნატა ფერაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ის საკუთარ სახლში დააკავეს. „ეს რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა. ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება და უკანონობას ციხის შიგნიდან გამოვამჟღავნებ!“ - აღნიშნა მან დაკავებისას. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. ის ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა. 9 იანვარს კი, ხატს საღებავი შეასხეს. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია. სამების ტაძარში მომხდარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება 9 იანვარს დაიწყო. 10 იანვარს კი, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ. 11 იანვარს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.“ განცხადებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ხატი ეკლესიას მან შესწირა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების რჩევით მიიღო.“ „თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" ამბობდა ინაშვილი.  უფრო ადრე სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ გაირკვა, რომ საღებავი ნატა ფერაძემ გამოიყენა. ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა  

ქემერონის თქმით, ბრიტანეთმა შესაძლოა, პალესტინის სახელმწიფოებრიობა ცნოს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, ისრაელი-ჰამასის ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიაროს. შესაბამის ინფორმაციას AP ავრცელებს. ქემერონმა აღნიშნა, რომ ეს პერსპექტივა აუცილებელია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და უსაფრთხოების მისაღწევად. „ჩვენ გვჭირდება, რომ პალესტინელ ხალხს უკეთესი მომავლის ჰორიზონტი მივცეთ, მომავალი, რაც საკუთარი სახელმწიფოს ქონას გულისხმობს," - განაცხადა დევიდ ქემერონმა. Axios: სახელმწიფო დეპარტამენტი პალესტინის სახელმწიფოს შესაძლო აღიარების ვარიანტებს განიხილავს  

გადაარჩინეს უკრაინელი მაღაროელები, რომლებიც დრონებით შეტევის შემდეგ შახტებიდან ვერ ამოდიოდნენ

უკრაინელმა მაშველებმა კრივი-რიჰის ორი შახტიდან 113-ვე მაღაროელი ამოიყვანეს. ისინი მიწის ზედაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდნენ მას შემდეგ, რაც დრონებით შეტევისას ელექტროქვესადგურის დაზიანების გამო შახტების ენერგომომარაგება შეწყდა. დნეპროპეტროვსკის ოლქის ამ ქალაქს ერთ-ერთი ქვესადგურის დაზიანების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 100 ათასამდე აბონენტს. შახტების გარდა, ენერგომომარაგების გარეშე დარჩა საავადმყოფოების და სასწავლო დაწესებულებების ნაწილი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 25 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 11 დრონი გაანადგურეს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს უკრაინის სამხრეთ და ცენტრალურ ოლქებს.  

CIA-ს ყოფილ პროგრამისტს, „ვიკილიკსისთვის“ მონაცემების გადაცემის გამო, 40 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის სასამართლომ 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ პროგრამისტ ჯოშუა შულტეს, რომელიც ინტერნეტპორტალ „ვიკილიკსისთვის“ კლასიფიცირებული მონაცემების გადაცემისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვაშია ბრალდებული. ამერიკელმა პროკურორებმა 35 წლის შულტისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვეს. მათ პროგრამისტის ქმედებებს „საიდუმლო ინფორმაციის ყველაზე დიდი არაავტორიზებული გამჟღავნება უწოდეს "აშშ-ის ისტორიაში, ხოლო თავად მონაცემების გაჟონვას - „ყველაზე დიდი CIA-ს ისტორიაში." სასამართლომ შულტე დამნაშავედ ცნო, ჯაშუშობასთან, კომპიუტერულ ჰაკერობასთან, სასამართლოს შეურაცხყოფასთან, FBI-ისთვის ცრუ ჩვენების მიცემასა და ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ დანაშაულების ჩადენაში. 2017 წელს „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა მასალების სერია იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლებდა CIA უცხოელ პოლიტიკოსებს, სავარაუდო ექსტრემისტებს და სხვებს მათი კომპიუტერული ქსელებისა და ელექტრონიკის, მათ შორის „ჭკვიანი ტელევიზორების“ გატეხვის საშუალებით. პროკურორებმა ასევე დაადგინეს, რომ შულტე სექსუალური ძალადობის ამსახველ ათასობით დაშიფრულ სურათსა და ვიდეოს ინახავდა. ისინი აღმოაჩინეს CIA-ს მონაცემთა გაჟონვის გამოძიების დროს. 2010 და 2011 წლებში საინტერნეტო-პორტალმა „ვიკილიკსმა“ ათასობით კლასიფიცირებული სამხედრო და დიპლომატიური შინაარსის დოკუმენტის გამოაქვეყნა, რის გამოც მის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს აშშ-ში შესაძლოა, 175 წლამდე პატიმრობა დაემუქროს.  

ბიშკეკში თბოელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის ერთ-ერთ ვერსიად დივერსია განიხილება

2 თებერვლის ღამეს, ავარია მოხდა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის თბოელექტროსადგურში, რის გამოც შეიზღუდა ქალაქის მასშტაბით ცხელი წყლით მომარაგება, ხოლო ზოგიერთ რაიონში კი, გათბობის სისტემაში წყლის ტემპერატურა დაეცა. როგორც რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური იუწყება, თბოლელქტროსადგურში მომხდარი ავარიის ერთ-ერთ ვერსიად დივერსია სახელდება. ბიშკეკში, სადაც 970 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, 2 თებერვლის ღამეს ჰაერის ტემპერატურა მინუს 2 გრადუსამდე დაეცა. ქალაქის ყველა სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლებაზე, ხოლო საბავშვო ბაღები დაიხურა. ხელისუფლების ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა, ორი დაზარალებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, სხეულის დამწვრობის გამო.  

რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან

რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან, რა სიგნალია ეს რუსეთისთვის, რა მიზანი დაისახა სომხეთმა, ამ თემებზე Europetime-ს საკუთარ მოსაზრებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი უზიარებს. ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სომხეთის გაუმჯობესებული კავშირები დასავლეთთან, დაეხმარება დასავლეთს, რომ აზერბაიჯანზე მეტი ზეწოლა მოახდინოს. „ერევანს სურს უფრო მჭიდრო კავშირები დასავლეთთან საიმისოდ, რომ მას მთლიანად რუსეთის ან შესაძლოა, ირანის თავდაცვაზე დამოკიდებულება არ მოუწიოს. თუ სომხეთი უფრო ახლოს იქნება დასავლეთთან, დასავლეთი თავის მხრივ, აზერბაიჯანის შებოჭვაზე იმუშავებს,“ამბობს პოლ გობლი Europetime-თან.. რას ნიშნავს სომხეთის მისწრაფება საქართველოსთვის, რომელიც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველომ და სომხეთმა 26 იანვარს სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს. „ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსაც უფრო დიდი ინტერესი ექნება დასავლეთთან მოკავშირეობის,“ - უპასუხა ამერიკელმა ანალიტიკოსმა Europetime-ის შეკითხვას. ინფორმაციისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს. შეგახსენებთ, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება. „ძალიან გამამხნევებელია სომხეთის გადაწყვეტილება, რომელიც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში მიიღეს, ცვლილება, რომლის მიღებაც გადაწყვიტეს. ვიცი, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც რთულია და ალბათ, დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახალისებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაგვიახლოვდნენ და სომხეთ სწორედ ამას აკეთებს," – განაცხადა კოლომინამ სომხურ მედიასთან ინტერვიუში. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. შეგახსენებთ, გასული წლის 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა ამერიკელი მაღალჩინოსნის შემდეგ, სომხეთში ხავიერ კოლომინა ჩავიდა რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი

დიდი ბრიტანეთი წყალქვეშა ნავიდან ატომურ რაკეტას 8 წლის განმავლობაში პირველად გამოცდის

დიდი ბრიტანეთი წყალქვეშა ნავიდან ატომურ რაკეტას 2016 წლის შემდეგ პირველად გამოცდის. The Telegraph-ის ცნობით, გადამზიდავი კომპანიები უკვე გააფრთხილეს, რომ გამოცდა ჩატარდებოდა მაშინ, როდესაც წყალქვეშა ნავი HMS Vanguard ატლანტის ოკეანეს მიაღწევდა. გამოცდა, რომელიც მოიცავს არაბირთვულ ქობინას, 4 თებერვლამდე, ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 90 კილომეტრში, 5900 კმ მანძილის ფარგლებში ჩატარდება. ბრიტანეთმა ბირთვული იარაღი ბოლოს 2016 წელს გამოსცადა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტესტები წინასწარ არის დაგეგმილი და არ არის პირდაპირი პასუხი გეოპოლიტიკურ აქტივობაზე, ისინი წითელ ზღვაში გაუარესებული კრიზისის ფონზე ხდება. ამ კვირის დასაწყისში, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი თავის ამერიკელ კოლეგას ლოიდ ოსტინს შეხვდა, რათა რეგიონში განვითარებული მოვლენები და საერთო საფრთხეების დაძლევის გზები განეხილათ.   

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.  დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.  დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 6 თებერვლამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.  აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დედოფლისწყარო,): 6 თებერვლამდე ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 6 თებერვლამდე ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0,-5 გრადუსი დაფიქსირდება.

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულები სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისში, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ინფორმაცია ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტმა გურო იმნაძემ მიაწოდა. გურო იმნაძე აცხადებს, რომ დაკავებულები აღიარებენ აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტს (თუმცა - არა ჯგუფურად) და მზად არიან, აანაზღაურონ ზიანი. „[სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება] ნამდვილად არის პრობლემური, უსამართლო და ემსგავსება იმას, რომ ეს ღონისძიებები ემსახურება არა მართლმსაჯულების ინტერესებს, არამედ, მკაცრი სადამსჯელო ხელის ჩვენებას," - ამბობს იმნაძე. რამდენიმე დღის წინ, 30 იანვარს, პროკურორმა როინ ხინთიბაძემ განაცხადა, რომ მზად არიან, მოითხოვონ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, თუ დაკავებულები აღიარებენ წარდგენილ ბრალს და დაფარავენ მანქანის დაზიანებული ნაწილის ხარჯს. კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის; გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია. კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს  

ორბანმა განმარტა, რატომ დაეთანხმა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ განმარტა, ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ რატომ გადაწყვიტა, საბოლოოდ დათანხმებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის ახალი, 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფას. უნგრეთის ეროვნულ რადიოსთან ტრადიციულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უნგრეთს არჩევანის საშუალება არ დაუტოვეს. თუ შეთანხმება არ მიიღწეოდა და ბუდაპეშტი გააგრძელებდა ვეტოს უფლების გამოყენებას, მაშინ ევროკავშირის დანარჩენი 26 წევრი ქვეყანა დათანხმდებოდა ფულის გაგზავნას უკრაინისათვის. მათ შორის დახმარებაში შევიდოდა თავად უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხები. „რით იქნებოდა ეს უკეთესი?" - აღნიშნა ორბანმა. მან ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღით არ ამარაგებს, სამაგიეროდ ბუდაპეშტი ბრიუსელის სახსრებს იყენებს და უკრაინის სამოქალაქო საჭიროებების დაფინანსებაში ეხმარება. ორბანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, ხოლო დრო "ახლა რუსეთისთვის მუშაობს." ორბანის თქმით, ევროკავშირის ახალ პაკეტზე თანხმობით მან თავიდან აიცილა ევროკავშირის სახსრების დაკარგვის რისკი, რომელიც გენერალური ხაზინიდან ბუდაპეშტისთვის იყო გამოყოფილი. „ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეთანხმება თუ არ შედგებოდა და უნგრეთი გააგრძელებდა ვეტოს გამოყენების უფლებას, 26 ქვეყანა მაინც დათანხმდებოდა უკრაინაში თანხის გაგზავნას, რომელსაც ვერ შევაჩერებდი,“ განაცხადა ორბანმა. როგორც უნგრეთის პრემიერი ამბობს, ევროკავშირმა და უნგრეთმა შეძლეს გამოსავლის მოძებნა. „ბოლოს ჩვენ ვნახეთ გამოსავალი და ძალიან კარგი შეთანხმება. ჩვენ არ ვაგზავნით იარაღს უკრაინაში, ვიღებთ ფულს ბრიუსელიდან და შევიტანთ წვლილს უკრაინის სამოქალაქო დაფინანსებაში,“ – ამბობს ორბანი. Politico: ორბანის დარწმუნებაში მთავარი როლი მელონიმ და მაკრონმა ითამაშეს  

ელჩი 9 ნაბიჯის შესრულებაზე: მზად ვართ, წინ წავიწიოთ, რათა საქართველო შემდგომ ეტაპზე წელსვე გადავიდეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის იმედი აქვს, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოს მომავალ მთავრობასთან ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინასთან. ამის შესხებ ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო ცვლილებას. მესმის, რომ ირაკლი კობახიძე ჯერ მხოლოდ წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე და გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ კვირაში მიიღებს. ასე რომ, ველოდებით ოფიციალურ წარდგენას პარლამენტის მიერ. უკვე განვაცხადე, რომ ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდა წინა პრემიერ-მინისტრთან და დროებით მთავრობასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩის შეფასებით, ძალიან იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადებები, რომ ახალი მთავრობა მზად არის, იმუშაოს ევროკავშირის დახმარებით, იმისთვის, რომ საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით წინ წაიწიოს. პაველ ჰერჩინსიმ აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად სურთ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულება. „ჩვენ ყველა ვზეიმობთ იმას, რომ საქართველო ოფიციალურად გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გადაწყვეტილება გასული წლის 14 დეკემბერს მიიღეს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ამ პოზიტიურ გადაწყვეტილებასთან ერთად, 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა დაამტკიცეს 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის. საქართველოს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად სურთ ამ 9 ნაბიჯის შესრულება. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, წინ წავიწიოთ, რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის, რომ საქართველო შემდგომ ეტაპზე წელსვე გადავიდეს. შემდგომი ეტაპი არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ ეს საკითხი ჩვენს ხელში არაა - ეს არაა ევროკავშირის, ბრიუსელის ხელში - ეს არის საქართველოს პოლიტიკური ელიტის ხელში. მინდა გავიმეორო, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ინკლუზიური მუშაობა, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული, რომ, ამავდროულად, ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული, სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად იქნება ჩართული და არჩევნების მიუხედავად და ეს სრულიად ბუნებრივია, რომ არჩევნებისკენ დიდი ყურადღება იქნება მიპყრობილი, პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა 9 ნაბიჯის განხორციელებაზე. ძალიან იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პირველი განცხადებები, რომ ახალი მთავრობა, რომელიც მომავალი კვირის ბოლოდან გვეყოლება, მზად არის დაჯდეს და იმუშაოს ძალიან ძლიერად ჩვენი დახმარებით, ევროკავშირის დახმარებით იმისთვის, რომ საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით წინ წაიწიოს,“ - აღნიშნა ელჩმა. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის