ძებნის რეზულტატი:

ამერიკელების დამსახურებაა, დღეს რომ სანაპირო დაცვა ერთ-ერთ მაღალ დონეზე გვაქვს - გომელაური

შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური სანაპირო დაცვის გაძლიერებაში აშშ-ის როლზ უსვამს ხაზს. როგორც მან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, შსს გააგრძელებს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ ქვეყნის დასახმარებლად. „მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებს, ასევე აშშ-ის იმ ოფისებს, რომლებიც წლებია, მილიონებს ხარჯავენ როგორც მწვანე საზღვარზე, ასევე, სანაპირო დაცვაზე. დღეს რომ სანაპირო დაცვა გვაქვს ერთ-ერთ მაღალ დონეზე — 2008 წლის შემდეგ, როცა თითქმის გაგვინადგურეს ომის შედეგად, არის ამერიკელების დამსახურება,“ - განაცხადა გომელაურმა.  

სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეხუთე ცხედარი იპოვეს

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. გრძელდება ოთხი პირის სამძებრო სამუშაო. „კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება“ - გარემოს სააგენტო სოფელ ნერგეეთზე განცხადებას ავრცელებს

ასურეთთან, აეროსტატის ჩამოვარდნის შედეგად, „იმედის“ ოპერატორი და ორი მფრინავი დაიღუპა

წინასწარი ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა. სამი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე ექსპერტები და სამართალდამცველები მუშაობენ. დაღუპულთა შორის არიან ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი ფრინავი. უწყებებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან დღეს დილით აფრინდა. ორ მფრინავს - რევაზ უთურგაურსა და პოლონელ კშიშტოფ ზააპარტს საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინათ. საფრენი აპარატით ისინი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მიფრინავდნენ. მათთან ერთად საჰაერო ბურთზე იმყოფებოდა ოპერატორი მიშო ბიძინაშვილიც.  

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6592 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6622 ლარი იყო. ევრო 2.8629 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8565 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება

„ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება,“ შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება დაგეგმილ სამუშაოს. „რაც შეეხება პორტებს, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება ანაკლიის პროექტის სათანადოდ დაწყება, განხორციელება. სამუშაოები უკვე დაწყებულია, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ სამუშაოებს. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო გეგმავს მრავალმილიონიანი ინვესტიციის ჩადებას ამ პროექტში. ყველაფერი განხორციელდება გეგმის შესაბამისად. ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამასთან ერთად, სხვა პორტების განვითარებასაც, რესურსების გაძლიერებასაც მიექცევა სათანადო ყურადღება. განსაკუთრებით ეს ეხება ფოთის პორტის განვითარებას, რესურსების გაძლიერებას. ასევე გაგრძელდება აქტიური მუშაობა შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივი მოქმედება დაიწყო

სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ სადავო კანონის გამო, ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივი მოქმედება დაიწყო. უნგრეთს ორი თვე აქვს, რომ კომისიის წინააღმდეგობებს უპასუხოს. როგორც „ევრონიუსი“ წერს, რომ უნგრეთის პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული კანონი სახელმწიფოს უფლებას აძლევს, გამოიძიება დაიწყოს ფიზიკური პირების და ორგანიზაციების წინაამდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი იქნებიან ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში. კანონი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მედიის ცნობით, კანონპროექტის დებულებებმა, განსაკუთრებით მისმა ბუნდოვნად ფორმულირებულმა მანდატმა და სასამართლო ზედამხედველობის ნაკლებობამ, გამოიწვია სერიოზული შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიასაშუალებების მხრიდან, რომლებიც შიშობენ, რომ ისინი უსამართლოდ სამიზნე გახდებიან ქვეყნის პრეიმიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურ დოგმატებზე უარის თქმის გამო. ევროკომისიამ გაიმეორა ეს მოსაზრებები და განაცხადა, რომ კანონი „არღვევს“ ფუნდამენტური ღირებულებების ფართო სპექტრს, როგორიცაა, დემოკრატიის პრინციპი, პირადი ცხოვრების უფლება, პერსონალური მონაცემების დაცვა, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს არის პირველი ნაბიჯი დარღვევის პროცედურის ფარგლებში, რამაც შეიძლება, ევროპის იუსტიციის სასამართლოში პროცესი და ყოველდღიური ჯარიმები გამოიწვიოს.  

სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ ექვსი ცხედარია ნაპოვნი. დაკარგულების ძებნა-შველის ღონისძიებები გრძელდება. ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ექვსი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება სამი პირის სამძებრო სამუშაო. სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეხუთე ცხედარი იპოვეს  

კონგრესში ჩავარდა „რესპუბლიკელების“ კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალისწინებდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ჩავარდა "რესპუბლიკელების" მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 17.6 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი იძულებული გახდა, კანონპროექტი კენჭისყრაზე გაეტანა პროცედურით, რომელიც პალატის უმრავლესობის 2/3-ის - მათ შორის, სულ მცირე 72 "დემოკრატის" - თანხმობას მოითხოვდა. კანონპროექტმა ეს მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ ვეტოს დაადებდა კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალიწინებს და „არაფერს აკეთებს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რათა მათ პუტინის აგრესიისგან თავი დაიცვან.“  

ევროკავშირი უკრაინას მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ელოდება, რომ ევროკავშირი 2024 წლის ბოლომდე უკრაინას მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს მიაწვდის. „ჩვენი თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსი თავის შესაძლებლობებს აჭარბებს. წლის დასაწყისიდან ის 40%-ით გაიზარდა. შემიძლია, დარწმუნებული ვიყო, რომ წლის ბოლომდე შემოწირულობების სახით [უკრაინისთვის] მიწოდებული საბრძოლო მასალის საერთო რაოდენობა 1 მილიონ 155 ათასზე მეტი იქნება. ეს საკმაოდ ზუსტი ციფრია,” - განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, ბორელი მანამდე ამბობდა, რომ მარტამდე ევროკავშირს უკრაინისთვის დაპირებული მილიონის ნაცვლად მხოლოდ 500 ათასზე ცოტათი მეტი საარტილერიო ჭურვის გადაცემა შეუძლია. შეგახსენებთ, შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარ ტიერი ბრეტონს ევროკავშირის 100 მილიარდი ევროს თავდაცვის ფონდის შექმნა სურს. ის აპირებს, 27 თებერვალს წარმოადგინოს ევროპის თავდაცვის საინვესტიციო პროგრამა (EDIP), რომელიც იარაღის ერთობლივი შესყიდვის გაძლიერებასა და შიდა იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას ისახავს მიზნად. ტიერი ბრეტონი აღნიშნული მიზნის მიღწევაში დარწმუნებულია. მან ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, შეამცირონ იარაღის ექსპორტი სხვა ქვეყნებში და ზეწოლა მოახდინონ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, რათა გაზარდონ საბრძოლო მასალის შიდა წარმოება. ბრეტონს ასევე სჯერა, რომ რომ ბლოკს ჯერ კიდევ შეუძლია, მიაღწიოს მიზანს, აწარმოოს ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი ამ გაზაფხულამდე, რომელიც შემდგომში, შეიძლება, უკრაინაში გაიგზავნოს. მან ხაზი გაუსვა, რომ ორ წელში ევროკავშირს შეუძლია, რუსეთს გაუტოლდეს იარაღის წარმოებაში. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირს იგივე პოტენციალი ჰქონდეს. შეგახსენებთ, გასული წლის მარტში ბრიუსელმა განაცხადა, რომ კიევს ერთ მილიონ ჭურვს მიაწვდიდა ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ მოგვიანებით ეს მიზანი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ბორელი კიევში: რუსეთის იზოლაციას გავაგრძელებთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას უნდა მიეწოდოს დახმარება არამხოლოდ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დასჭირდება, არამედ - რაც კიევს სჭირდება. „ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და სანქციებს: ჯერჯერობით მივიღეთ 12 პაკეტი. მე-13 პაკეტზე მუშაობა გრძელდება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებაზე. რუსეთმა უკრაინაში გამოწვეული ზარალისთვის პასუხი უნდა აგოს,“ აღნიშნა ბორელმა. ევროკავშირი უკრაინას მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს  

ფაშინიანი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ცვლის

საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი ცვლის სამხრეთ კავკასიის რეგიონს და სომხეთისთვის ეს სასარგებლოა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სამთავრობო საათის დროს უპასუხა შეკითხვას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ეხებოდა. კერძოდ, არის თუ არა ეს ახალი ეტაპის დასაწყისი სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებში? ფაშინიანმა გაიხსენა, რომ დოკუმენტი ასახავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს, რაც ასახავს ორივე ქვეყნის ნებას. „შეიცვალა როგორც სომხეთის ურთიერთობების ბუნება რეგიონის ქვეყნებთან, ასევე თავად რეგიონის მიმართ. ერთ-ერთი რეალობა ის არის, რომ გასულ წელს, საქართველომ ოფიციალურად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. გვინდა თუ არა, ეს ობიექტურად აისახება ჩვენს რეგიონზე. ოთხი მეზობელი ქვეყნიდან, ორი არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი. და თუ ადრე ვამბობდით - სად არის ევროკავშირი და სად ვართ ჩვენ, ახლა ყველაფერი იცვლება. ახლა ევროკავშირი რეალურად ჩვენი რეგიონია. ამ მხრივ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას.  მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული დიალოგი საქართველოსთან, რომელთანაც ურთიერთობაში აუცილებელია არა რაღაც კონკრეტულ საკითხებზე ჩაჭიდება, არამედ, მათი გადაჭრის გზების ძიება,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით - ფაშინიანი თბილისში

ილია მეორე: მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აჭარასა და იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულების, ასევე სოფელ ასურეთთან დაღუპული სამი ადამიანის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი. სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაკარგულთა გადარჩენას,“ - აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.  

ვინიკოვი: ნებისმიერი პროგრესი, რომელსაც საქართველო გაივლის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ავტომატურად იქნება პროგრესი NATO-ში გაწევრიანებისკენ

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი აცხადებს, რომ „ნებისმიერი პროგრესი, რომელსაც საქართველო გაივლის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ავტომატურად იქნება პროგრესი NATO-ში გაწევრიანებისკენ.“ამის შესახებ ვინიკოვმა განაცხადა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსიისას - „როგორ გავაძლიეროთ NATO-საქართველოს ურთიერთობები.“ მან ისაუბრა NATO-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობაზე, მის ევოლუციაზე, მიმდინარე დინამიკაზე და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებით წარმოდგენილ შესაძლებლობებზე. „ნებისმიერი პროგრესი, რომელსაც საქართველო გაივლის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ავტომატურად იქნება პროგრესი NATO-ში გაწევრიანებისკენ. სწორედ ამიტომ, NATO-ს პერსპექტივიდანაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სრულად გამოიყენოს ეს ისტორიული შესაძლებლობა, განახორციელოს ევროკავშირის ცხრა ნაბიჯი და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველ დაინტერესებულ მხარეს, ერთად იმუშაონ უმაღლესი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე,“ - აღნიშნა ვინიკოვმა. ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი  

ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგურიდან დაახლოებით, 5.5 ტონა რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა

იაპონიაში, საავარიო ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუშიმა-1"-ზე, რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. ამის შესახებ იაპონიური ენერგეტიკული კომპანია Tokyo Electric Power (TEPCO) იუწყება. ნიადაგი დაბინძურდა რადიოაქტიური ნივთიერებებით. ამ დროისთვის უცნობია, შეაღწია თუ არა დაბინძურებულმა წყალმა ოკეანეში. TEPCO-ს მონაცემებით, ცეზიუმისა და სტრონციუმისგან სითხის გამწმენდი მოწყობილობის მილიდან დაახლოებით 5,5 ტონა წყალმა გაჟონა. მისი რადიოაქტივობა 22 მილიარდი ბეკერელია მაშინ, როცა მაქსიმალურად დასაშვები ნორმა 1500 ბეკერელს შეადგენს. წყლის უმეტესი ნაწილი ნიადაგმა შეიწოვა. კომპანიამ ავარიის ადგილი აკრძალულ ზონად გამოაცხადა. სადგურის ფარგლებს გარეთ, რადიაციის დონის მნიშვნელოვანი მატება არ აღრიცხულა. იაპონიის ბირთვულმა მარეგულირებელმა მსოფლიოს უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, TEPCO-ს კაშივაზაკი-კარივას სადგურის ხელახლა ამუშავების ნებართვა გასული წლის დეკემბერში გასცა. ატომური ელექტოსადგური 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფის დროს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მიზეზით გაითიშა. რეგულატორის დასკვნით, TEPCO-ს მზადყოფნა გაუმჯობესდა და გადაწყვიტა მოხსნას დე ფაქტო აკრძალვა. უწყებამ მისი ობიექტების ინსპექტირება 4000 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაატარა.   

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ასურეთზე: აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ასურეთთან მომხდარ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე წლის 7 თებერვალს, სოფელ ასურეთთან მომხდარ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ Cameron Balloons Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავის მიერ წარდგენილ იქნა საფრენოსნო გეგმა შესაბამის უწყებაში. აეროსტატზე, იმყოფებოდა 3 ადამიანი. დიდ ბრიტანეთში წარმოებული სითბური აეროსტატი Cameron Balloons Z-315 2022 წელს არის გამოშვებული და ამავე წელს დარეგისტრირდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო ნომერი 4L-BAV). აეროსტატს მართავდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება. საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო. მოკვლევის ამ ეტაპზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ არის უფლებამოსილი, გაასაჯაროოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა დეტალები. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს,“  წერს სააგენტო. ასურეთში, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთაგან, ერთი ოპერატორი, ორი კი, მფრინავია  

ეგზიტპოლის თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევი 93.9%-ით ლიდერობს

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 93.9%-ით ლიდერობს. ააერბაიჯანული მედიის ცნობით, შედეგებს აზერბაიჯანის „მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის ლიგა“ და ამერიკული Oracle Advisory Group-ი ერთობლივად ჩატარებულ ეგზიტპოლზე დაყრდნობით ავრცელებენ. 1.8% - აქვს დამოუკიდებელ კანდიდატს ზაჰიდ ორუჯს; 1.5% - “დიდი წესრიგის პარტიის” კანდიდატს, ფაზილ მუსტაფას; 1.2% - “სრულიად აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის პარტიის” წარმომადგენელ გუდრათ ჰასანგულიევს; 0.9% - “ნაციონალური ფრონტის პარტიის” კანდიდატს რაზი ნურულაევს; 0.4% - “დიდი აზერბაიჯანის პარტიის” კანდიდატს ელშად მუსაევს; 0.3% - დამოუკიდებელ კანდიდატს ფუად ალიევს. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალიევმა ხმა ყარაბაღში მისცა  

კობახიძე: ჩვენს პოლიტიკურ სისტემას მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი სჭირდება

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უხეში რიტორიკა მთავრობის ინტერესებში არ შედის. „ნებისმიერ სახელმწიფოს განვითარებისთვის სჭირდება სიმშვიდე, მათ შორის, პოლიტიკური სიმშვიდე, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია, ინსტიტუციონალიზაცია, სადაც გვაქვს ჩვენ სერიოზული ხარვეზები, როგორც თავადაც მოგეხსენებათ. ეს ყველაფერი არის ყველა პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობა, ჩვენ თავიდან ბოლომდე, სამთავრობო შემადგენლობა, ვიქნებით კონცენტრირებული იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესებზე. თუ ამ ყველაფერში იქნება უზრუნველყოფილი ყველა პოლიტიკური სუბიექტის, მათ შორის, ოპოზიციის კონსტრუქციული ჩართულობა, ეს იქნება ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხარვეზები არის - უხეშობა პოლიტიკაში, უხეში რიტორიკა, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, ერთი სუბიექტური მიზეზის გამო (ქვეყნის ინტერესებშიც შედის, რა თქმა უნდა, ნაკლები უხეშობა პოლიტიკაში), როდესაც კონკრეტული პარტია იგებს არჩევნებს, ის სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა," - განაცხადა კობახიძემ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „თავისუფლების" წევრის, როსტომ ჩხეიძის შეკითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ „რადიკალური ოპოზიცია" და „ქვეყნის მტრები" სინონიმები არ არის.  „გახსოვთ, როგორ დაიწყო პოლარიზაცია, რადიკალიზმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ეს იყო, არჩევნების არცნობა. შემდეგ გახსოვთ, რა პროცესები განვითარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. როგორი იყო რიტორიკა და ა.შ. დღეს არ მინდა ამ ყველაფრის შესახებ ვისაუბრო, მინდა მაქსიმალურად აქცენტი გავაკეთო იმ გეგმებზე, რომლებიც მთავრობას აქვს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა გეთანხმებით, რომ მეტი კონსენსუსი, ნაკლები რადიკალიზმი აუცილებლად სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მაჭახელის ხეობა მზის ენერგიის გამოყენებაზე გადადის - UNDP

მაჭახელის ხეობა მზის ენერგიის გამოყენებაზე გადადის. მარტის ბოლომდე, სოფლებში 75 მზის პანელი და 200 წყლის გამაცხელებელი დამონტაჟდება. ამის შედეგად, 1,250 მცხოვრები შეშის გამოყენებას მინიმუმამდე შეამცირებს და განახლებადი ენერგიით ჩაანაცვლებს. ინფორმაციას გაეროს განვითარების პროგრამა ავრცელებს. წინასწარი გათვლებით, მაჭახლის ხეობაში მზის ენერგიის გამოყენება წელიწადში 900 კუბურ მეტრ შეშას დაზოგავს, რაც დაახლებით 300 ხეს შეინარჩუნებს. „გადარჩენილი ხეები ამ სიკეთეს ასმაგად დაგვიბრუნებენ. 300 ხე ყოველწლიურად 7 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს, მავნე ემისიების გაფრქვევას შეამცირებს და კლიმატის ცვლილებას შეარბილებს. მაჭახლის ხეობაში მზის პანელებისა და წყლის გამაცხელებლების მონტაჟი ხორციელდება იაპონიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ჩვენი მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც ტყის დაცვას და განახლებადი ენერგიის გავრცელებას ემსახურება,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა კვარაცხელიას კონტრაქტის შესაძლო განახლებაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. დე ლაურენტისმა გაამხილა, რომ ქართველი ფეხბურთელის აგენტს შეხვდა. „დაახლოებით სამი თვის წინ კვარაცხელიას აგენტს შევხვდი და ახალი კონტრაქტის გაფორმება შევთავაზე, მაგრამ მან მიპასუხა, რომ არ ვინერვიულო, ხვიჩა აქ თავს ბედნიერად გრძნობს და კონტრაქტის განახლებაზე სეზონის ბოლოს შევხვდეთ,“ – განაცხადა დე ლაურენტისმა. შეგახსენებთ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა საჩემპიონო სეზონის შემდეგ თავად განაცხადა, რომ კვარაცხელიასთან ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს გააფორმებდა, თუმცა ხელშეკრულება დღემდე არ გაფორმებულა.  

სოფელ ნერგეეთში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთი პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაო. ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.