ძებნის რეზულტატი:
პეკინის მიმართ ბერლინის პოლიტიკის ცვლილების ფონზე, შოლცი ჩინეთს ეწვევა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 15-16 აპრილს ჩინეთს ეწვევა, იტყობინება გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung. ეს იქნება შოლცის პირველი მოგზაურობა ჩინეთში მკაცრი კოროვირუსული შეზღუდვების მოხსნისა და გერმანიის მთავრობის ჩინეთთან ურთიერთობის დამყარების სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, რასაც პეკინში კრიტიკას მოჰყვა. ბოლოს კანცლერი ჩინეთში 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში იმყოფებოდა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. უფრო ადრე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ჩინეთი გამოწვევას უქმნის „ამ სამყაროში ერთად ცხოვრების საფუძვლებს.“ მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დეესკალაციისთვის ავსტრალიასთან იმუშვებს. ბერბოკის თქმი, ჩინეთის მიერ ავსტრალიისთვის დაწესებული სავაჭრო აკრძალვების გამოცდილებამ გავლენა მოახდინა გერმანიის პოლიტიკის შეცვლაზე პეკინის მიმართ. „ჩინეთი შეიცვალა და ამიტომ ჩვენი პოლიტიკა ჩინეთის მიმართ ასევე უნდა შეიცვალოს,” - განაცხადა ბერბოკმა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო პარტნიორი კლიმატის ცვლილების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში, ის იყო კონკურენტი, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთად ამ სამყაროში," - განაგრძო გერმანელმა დიპლომატმა. ანალენა ბერბოკის თქმით, „მზარდი სისტემური მეტოქეობის პირობებში ზოგიერთი ავტოკრატიული რეჟიმი ცდილობს საერთაშორისო წესრიგის დამუხრუჭებას, რათა გაზარდოს თავისი გავლენის სფეროები, გამოიყენოს არამხოლოდ სამხედრო ძალა, არამედ ეკონომიკური გავლენაც.“ ბერბოკის თქმით, გერმანია ხელს არ შეუწყობს ბლოკებს შორის ახალ დაპირისპირებას, მაგრამ გაამრავალფეროვნებს თავის სავაჭრო პარტნიორებს და რისკებს აირიდებს თავიდან. მისი განმარტებით, მრავალი ქვეყანა იხრებოდა ჩინეთისკენ, რადგან მათ არ ჰქონდათ ალტერნატივა, გერმანიას კი, ამ მოცემულობის შეცვლა სურდა. „ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ნებისმიერი ცალმხრივი ცვლილება მიუღებელი იქნება, მით უმეტეს, თუ ეს მოიცავს იძულებით ან სამხედრო საშუალებებს,“ - აღნიშნა გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრმა. გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ბერლინი ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად, ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია.“ ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე
აშშ-ს NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის გაძლიერება სურს
აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, კონკრეტულ გეგმაზე მუშაობენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა წარმომადგენელთა პალატაში, მთიანი ყარაბაღისადმი მიძღვნილ მოსმენაზე, გასული წლის ნოემბერში განაცხადა. ო’ბრაიენმა ახსენა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან კოორდინაცია. როგორც აღინიშნა, კონკრეტული მოდელის შექმნაზე აშშ და ევროკავშირი ჯერ კიდევ მუშაობენ. ეს საკითხი მათ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან უკვე განიხილეს. ამერიკელმა დიპლომატმა მაშინ სომეხი ხალხის არჩევანსა და მისწრაფებაზე მიუთითა. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სომხეთის მთავრობის ერთგულებამ რეფორმებისა და ურთიერთობების დივერსიფიკაციისადმი, ეს არის ეკონომიკა, პოლიტიკა, ენერგეტიკა და უსაფრთხოება - განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური საზოგადოების ჭრილში. და ვფიქრობ, ჩვენ ვალდებულნი ვართ სომხეთის ხალხის წინაშე, რომ დავეხმაროთ მათ ამ რთულ ვითარებაში, ის არჩევანი, რომელიც მათ ძალიან გაბედულად გააკეთეს, გვაძლევს შესაძლებლობას, დავეხმაროთ მათ უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავლის უზრუნველყოფაში,“ - აღნიშნავდა ბლინკენის თანაშემწე. „შეთავაზება, რომელიც შეუძლია, ევროკავშირმა გააკეთოს სავაჭრო პრიორიტეტების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ერთიან ბაზარზე წვდომის თვალსაზრისით, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ამაში,“ – განმარტა ჯეიმს ო’ბრაიენმა. 26 იანვარს თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. „ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი.“ როგორც ცნობილია, სომხეთი ახალ პარტიორებს უსაფრთხოების სფეროშიც ეძებს. ამ სფეროზე საუბრისას სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განმარტა, რომ აშშ და ევროპა მუშაობენ დამატებით ზომებზე სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან ამ მხრივ საფრანგეთის მნიშვნელოვან დახმარებას გაუსვა ხაზი. საგულისხმოა სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაც. სურენ პაპიკიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იარაღის შესყიდვის პროცესში სომხეთმა ახალი პარტნიორები შეიძინა. მან სწორედ საფრანგეთი და ინდოეთი გამოყო. უფრო ადრე კი, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან ჰქონდეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. გასული წლის 3 სექტემბერს კი, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. აშშ-NATO-სომხეთი ცოტა ხნის წინ დაანონსდა, რომ NATO სომხეთისთვის კონკრეტული პროგრამის დასამტკიცებლად ემზადება. „სომხეთისადმი აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება მთელ რიგ აქტივობებს, მათ შორის, მე-12 სამშვიდობო ბრიგადის სწავლებას, ინსტიტუციური განვითარებისა და სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების ამაღლების მიზნით დახმარებას მოიცავს,“ - ამბობს საკითხის კომენტირებისას სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ გამოაცხადა, რომ სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება. მან აღნიშნა, რომ სომხეთთან ამბიციურ მიზნებზე მიმდინარეობს მუშაობა და იგეგმება ე.წ. მორგებული მხარდაჭერის დამტკიცება. აშშ ერევნის მისწრაფებას მიესალმა. „სომხეთი NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის (PfP) დიდი ხნის მონაწილეა და მსახურობდა ამერიკელ და NATO-ს სხვა ჯარებთან ერთად. შეერთებული შტატები ძლიერ PfP პროგრამას მხარს უჭერს და მიესალმება სომხეთის ინტერესს, გააღრმაოს მისი ეს მონაწილეობა,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. პარტნიორობა მშვიდობისათვის NATO-ს და მისი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი პროგრამაა, რომელიც ნდობისა და უსაფრთხოების ზომების გამყარებისაკენ არის მიმართული. ეს პროგრამა 1994 წელს აშშ-ის ინიციატივით შემუშავდა. საქართველო მას 1994 წელს შეუერთდა. PfP მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, გაამყარონ ურთიერთობები NATO-სთან. პროგრამის მიზანია ერთობლივი დაგეგმვა, სამხედრო წვრთნების ერთობლივი ჩატარება და NATO-ს ჯარებთან ურთიერთქმედება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშვიდობის შენარჩუნება, საძიებო – სამაშველო და ჰუმანიტარული ოპერაციები და სხვა. ყოველივე ეს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება.
8-11 თებერვალს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) ასევე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მამა და მისი 3 შვილია მოყოლილი
იმერეთის გუბერნატორი ადასტურებს, რომ მეწყერში მამა და მისი 3 შვილია მოყოლილი - ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ჩამოშლილია რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა, რის გამოც გზა 200 მეტრის სიგრძეზეა გადაკეტილი. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში დილიდანვე მუშაობდნენ გეოლოგები. „აცხადებენ, რომ წარმოუდგენელი იყოს რაიმეს პროგნოზირება ამ ტერიტორიაზე. ეს იყო ნამდვილად უბედური შემთხვევა, გამოწვეული იმ ძალიან დიდი ნალექით, რომელიც ამ 2 დღეში მოვიდა იმერეთში, განსაკუთრებით ბაღდათში. ბაღდათი და ვანია ის ორი მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე მეტი ნალექი მოვიდა, ამან გამოიწვია სტიქიური მოვლენები, რომელიც გუშინ განვითარდა,“ - აღნიშნა შალამბერიძემ. მისივე თქმით, ადგილზე კვლავ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. „ძალიან დიდი მასაა, რამდენიმე მილიონი კუბური მეტრია ჩამოსული. 200 მეტრის სიგრძეზეა გზა გადაკეტილი,“ - აღნიშნა შალამბერიძემ „პალიტრანიუსის„ ეთერში. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ამასთან, მიმდინარეობს 5 პირის ძებნა-შველის სამუშაო.
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს
გამოცემა whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში „ნაპოლიმ“ „სტადიო მარადონაზე“ „ვერონას“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელიას გოლით იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა გამარჯვება მოიპოვა. საერთო ჯამში Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 8.7 ქულით შეაფასა. ტურში ყველაზე მაღალი შეფასება პაულო დიბალამ მიიღო, „რომას“ არგენტინელ მოთამაშეს 9.2 ქულა დაუწერეს და საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
აშშ-სა და პარტნიორების დახმარება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ISW
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, შეერთებული შტატებისა და დასავლელი პარტნიორების სამხედრო დახმარება უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება მოკლევადიან პერიოდში, საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის (DIB) ასაშენებლად. სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატები რჩება ძირითადი წყარო ისეთი სამხედრო აღჭურვილობის, როგორიცაა M1 Abrams ტანკები, ჯავშანტექნიკა, მოწინავე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და შორი დისტანციის დარტყმის სისტემები - რაც აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტების პრიორიტეტი იყო წინა წლებში. ISW-მ აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორები კიდევ უფრო აფართოებენ უკრაინის მხარდაჭერას, აშშ-ის დახმარება ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის დასახმარებლად DIB-ის აშენების თვალსაზრისით. „შეერთებულ შტატებს მოუწევს უკრაინის მხარდაჭერა რამდენიმე წლის განმავლობაში, ვიდრე ის ავითარებს საკუთარ DIB-ს. თუმცა უკრაინის მოთხოვნილებები საერთაშორისო დაცვის მიმართ, გრძელვადიან პერსპექტივაში შემცირდება, რადგან ის საკუთარ შესაძლებლობებს ავითარებს, რათა თვითკმარი გახდეს. ISW-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ძალისხმევის საბოლოო წარმატება მისი DIB-ის ასაშენებლად, დამოკიდებულია უკრაინის უნარზე, გაათავისუფლოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ომბუდსმენი აღსრულების ბიუროს: ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ
დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა - ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. განცხადების თანახმად, გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტების განმარტებებს, ზოგად კომენტარებს და საუკეთესო პრაქტიკას. „სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომელთა მხედველობაში მიღებითაც უნდა განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული პრინციპებისა და უფლებების ინტერპრეტაცია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გამოსახლების პროცედურამ უზრუნველყოს საპირისპირო ინტერესთა სამართლიანი ბალანსი და ხელი არ შეუწყოს გამოსასახლებელ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას,” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ხატიაშვილების ოჯახი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ძალის გამოყენებით გამოასახლა. გამოსახლების პროცესი გადაიდო 25 იანვარს, თბილისში, დადიანის ქუჩაზე და 26 იანვარს - მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქუჩაზე.
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოწვა
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 24-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარის საავტომობილო გზის 24-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას - მედია
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ეწვევა. უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას გერმანული გამოცემა, Tagesspiegel-ი ავრცელებს. უსაფრთხოების მიზნით, ვოლოდიმირ ზელენსკის გერმანიაში ვიზიტის დეტალები და ზუსტი განრიგი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰეუსგენმა ზელენსკის კონფერენციაში მონაწილეობა არ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოწვევა გაუგზავნა. კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.
ილია დარჩიაშვილი: თებერვალში გავაგზავნით წერილს და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს
„თებერვალში გავაგზავნით წერილს ODIHR-ში და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს,“ – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას. „მოგიწოდებთ, გაეცნოთ ხოლმე დოკუმენტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა პარლამენტთან ერთად ამუშავებს. სამოქმედო გეგმაში, რომელიც ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით შეიქმნა და გადავეცით ევროკავშირს, ცალსახად წერია, რომ თებერვალში გავაგზავნით მოწვევას ოდირში. ეს პირობა ძალაშია. თებერვალში, თებერვლის ბოლომდე გაიგზავნება წერილი საქართველოდან და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ოდირის დამკვირვებლებს. ასე რომ, ჯერ დრო გვაქვს და ამას აუცილებლად შევასრულებთ,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას შეკითხვის საპასუხოდ. ამასთან, დარჩიაშვილის თქმით, მოქალაქეების რეგისტრაციასა და უბნებთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციაა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაიხსნება კანონით დადგენილი წესით, არსებული პროცედურის შესაბამისად. „ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად დაეხმარება ცესკო-ს, როგორც მანამდე, არჩევნების ადმინისტრირებისა და წარმატებით ჩატარებაში. გვაქვს მჭიდრო კონსულტაციები მათთან. სულ ახლახან ჩავატარეთ კონსულების კონფერენცია თბილისში და საუბარი იყო ცესკო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, არჩევნები, რომელიც უნდა გაიმართოს წელს, ოქტომბერში, იქნება ძალიან გამორჩეული, მათ შორის ადმინისტრირების თვალსაზრისითაც. გამოვხატავთ სრულ მზაობას, რომ ამ პროცესში შევიტანოთ ჩვენი ღირებული წვლილი. ბევრჯერ დაისვა კითხვა მოქალაქეების რეგისტრაციასა და უბნებთან დაკავშირებით. მგონია, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. უბნები გაიხსნება კანონით დადგენილი წესით, იმ პროცედურის შესაბამისად, როგორც მანამდე ხდებოდა. შესაბამისად, მგონია, რომ აქ პოლიტიკური სპეკულაციების სივრცე არ არის. უბნები გაიხსნება კოორდინირებულად, ცესკო-სთან ერთად, კანონით დადგენილი ვადით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, მისცენ ხმა, არსებობს საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის დადგენილი პროცედურა. ჩვენ, თითოეული დიპლომატი მაქსიმალურად და ინტენსიურად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი აქვთ, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, დადგნენ აღრიცხვაზე და გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია ეს პოლიტიკური სპეკულაციები. ვერანაირ პოლიტიკურ ქულებს ვერ მოუტანს ოპონენტებს,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. მისივე განმარტებით, საზღვარგარეთ დისტანციურად ხმის მიცემა რისკებთან არის დაკავშირებული, ისევე როგორც საქართველოში და ამ მიმართულებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებში ლოგიკა არ არის. „დისტანციური არჩევნები, ხმის მიცემა საქართველოში არის რისკებთან დაკავშირებული. ასევე, მინდა, შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ საქართველოში თუ არის დისტანციურად ხმის მიცემა რისკებთან დაკავშირებული, მით უმეტეს, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული საზღვარგარეთ. შესაბამისად, არც აქ არანაირი ლოგიკა არ არის, ვისაუბროთ საზღვარგარეთ დისტანციურად ხმის მიცემის მნიშვნელობაზე და უფრო სწორად გადაწყვეტაზე,“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, რამდენიმე რეისი გაუქმდა
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, დღეს რამდენიმე რეისი გაუქმდა. „ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები – მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები: ბათუმი-თბილისი №801; ზუგდიდი-თბილისი № 869; თბილისი-ბათუმი № 804; თბილისი-ფოთი 874. ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები: ზესტაფონი-ხაშური №6446; ხაშური-ზესტაფონი №6418 და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ,“ - აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.
ზელენსკი განმარტავს, რა ვითარება უკრაინის ფრონტზე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა და ამის მიზეზი სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეფერხებაა. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად თანამედროვე საშუალებები სჭირდება. „რაც შეეხება ხმელეთზე ომს, აქ ჩიხური მდგომარეობაა, ეს ფაქტია, რადგან იყო ტექნიკის შეფერხება და შეფერხებები ნიშნავს შეცდომებს. ჩვენ ვიბრძვით ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებსაც ჰყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმია, საბრძოლო მასალა საკმარისი არ არის, გვჭირდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებები,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Rai1-თან ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო-საზღვაო ოპერაციამ დადებითი შედეგები მოიტანა. „რუსეთმა დაკარგა მრავალი ხომალდი, შავ ზღვაში კი, ჩვენ მოვახერხეთ მარცვლეულის დერეფნის შექმნა, ამიტომ ოპერაციის ეს პრაგმატული ნაწილი, რომელსაც ეკონომიკაზე ზეგავლენა აქვს, დადებითად განხორციელდა,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის არმიას არ შეუძლია მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა და ის შეჩერებულია. „ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავარი არის ის, რომ ჩვენ შევძელით ჩვენი სახელმწიფოს დაცვა. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 26% ჯერ კიდევ ოკუპირებულია, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთის არმია მნიშვნელოვან პროგრესს ვერ აღწევს. ჩვენ ისინი შევაჩერეთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ. თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი
კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა
87 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი. ვაჟა აზარაშვილმა 1961 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1961 წლიდან, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1971 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1988); 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი; მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო; ძირითადი მიმართულებაა ინსტრუმენტული და საესტრადო მუსიკა. ავტორია: სიმფონია (1966, სამ ნაწილად), ორი სავიოლინო კონცერტი (სამ ნაწილად, 1967 I, 1972 II), კონცერტი ვიოლონცელოსათვის (1969, ერთნაწილად), კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისათვის (1973), ორი ოპერეტა, რომლებიც დაიდგა თბილისის „მუსკომედიის“ სცენაზე (1969 I, 1972 II), კონცერტინო კვარტეტისათვის (1963), ვოკალურ–სიმფონიური პოემა (1961), ორი პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის (1964), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1961, ოთხ ნაწილად), ინსტრუმენტული, კამერული და საესტრადო ნაწარმოებები, მუსიკა სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის. მან ბევრი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს: „თბილისური ლირიკული“, „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, პოპულარულია მისი სიმღერები: „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, „დინამო, დინამო“ და სხვ; მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1982).
ევროკავშირმა უკრაინას განაღმვის სისტემა გადასცა
ევროკავშირმა უკრაინას DOK-ING MV-10ის ტიპის განაღმვის სისტემა გადასცა. ევროკავშირის პრესსამსახურის ცნობით, ტექნიკა უკრაინის სახელმწიფო ტრანსპორტის სპეციალურმა სამსახურმა მიიღო. „ეს არის უახლესი მიწოდება ევროკავშირის 25 მილიონი ევროს მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში, უკრაინაში ჰუმანიტარული განაღმვისთვის, რომელიც 2023 წლის თებერვალში, ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე გამოცხადდა,“ - ნათქვამია განცხადებაში. MV-10 ანეიტრალებს ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, ისევე როგორც სხვა აუფეთქებელ ჭურვებს და დიდი ტერიტორიების დასამუშავებლად გამოიყენება. დისტანციური მართვის წყალობით, ეს სისტემა განსაკუთრებით უსაფრთხოა. მას ციცაბო ფერდობებზე საათში 4000 კვადრატულ მეტრამდე მოქმედება შეუძლია. ევროკავშირის მხარდაჭერა განაღმვის პროცესში ასევე მოიცავს სპეციალურ სასწავლო კურსს MV-10 სისტემაზე მომუშავე უკრაინელი ოპერატორებისთვის. უკრაინაში რუსული აგრესიის და აქტიური საომარი მოქმედებების გამო, უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე დანაღმული ტერიტორიაა. ზოგიერთი ანალიტიკოსი უკრაინას მსოფლიოში ყველაზე დანაღმული ქვეყანას უწოდებს. ამასთან დაკავშირებით, ლიეტუვა უკრაინის განაღმვის კოალიციას ხელმძღვანელობდა. პარტნიორთა პირველი შეხვედრა უკვე შედგა. WP: უკრაინის განაღმვას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს
წამყვანი ჩინური ბანკი რუსეთსა და ბელორუსში ოპერირებას აჩერებს - მედია
ჩინეთის Chouzhou Commercial Bank-მა რუსეთსა და ბელორუსში თავის კლიენტებს შეატყობინა, რომ დასავლეთის სანქციებთან დაკავშირებული გადახდის პრობლემების გამო, საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსული სახელმწიფო მედიაგამოცემა Vedomosti-ზე დაყრდნობით წერს. წყაროებმა Vedomosti-ს განუცხადეს, რომ შეზღუდვებმა არამხოლოდ SWIFT-ის მომხმარებლების, არამედ, ყველა სახის გადახდაზე იქონია გავლენა. ცნობისთცის, შეერთებული შტატები ანტირუსული სანქციების დარღვევის გამო, მთელ მსოფლიოში ბანკებს ფინანსურ სისტემიდან მოწყვეტით ემუქრება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასული წლის დეკემბერში ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ფინანსურ სექტორში. ინფორმაციას მედია თეთრ სახლზე დაყრდობით ავრცელებს. კერძოდ, აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო მდივანთან და საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ უფლება ეძლევა, დაასანქციროს უცხოური ფინანსური დაწესებულება, თუ ის გადასახადებით დაეხმარება რუსეთის ტექნოლოგიურ ან თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ პირს. განკარგულების თანახმად, “უცხოურ ფინანსურ დაწესებულებებში” იგულისხმება ნებისმიერი დაწესებულებები, რომლებიც ფინანსური მომსახურების მიწოდებით არიან დაკავებულნი, მათ შორის ბანკები, საპენსიო ფონდები, საგადასახადო სისტემების ოპერატორები და მათი შვილობილი კომპანიები. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ასეთი სანქციების შემოღება გაფრთხილების გარეშეა შესაძლებელი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში სასანქციო აქტივების გადამალვის რისკები არსებობს.
ჟენევის პარალელურად, ჩინეთთან ფორმატის შექმნაზე პარლამენტარის ინიციატივას დარჩიაშვილი პასუხობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ევროპელი სოციალისტების“ წევრ ფრიდონ ინჯიას ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატის შენარჩუნება აუცილებელია, ჩინეთთან კი, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იგეგმება. დარჩიაშვილის თქმით, ჟენევის ფორმატში, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, ჩართულია ევროკავშირი, ეუთო და გაერო. „მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საუბრობდით კონკრეტული შედეგების არარსებობაზე, ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩრდილოელი მეზობელი წარმოდგენილია. ამიტომ, დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობთ ეს პლატფორმა შესანარჩუნებელია. ჩვენი მთავარი მიზანია, შევეცადოთ, მინიმუმ ჰუმანიტარული საკითხები გადავწყვიტოთ ამ დიალოგის ფარგლებში. ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება და სტრატეგიულ დონემდე აყვანა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, უფრო მეტად მოახდინოს გეოგრაფიული მდებარეობის რეალიზება,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. მინისტრის განმარტებით, თუ „შუა დერეფნის“ წარმატება გვსურს, ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გასაძლიერებელია. დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. „იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ცალსახად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა, ხომ არ ჯობდა, პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი იქნება წამყვანი,“ - განაცხადა ინჯიამ დღეს, 7 თებერვალს. თუ მანამდე ჩინეთი ჩაერთვება სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში, ინჯია თვლის, რომ უფრო მეტი ინტერესი ექნება საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც თბილისი გამოიყენებს. „ჩვენ შეგვიძლია, შევაჯიბროთ ეს ორი ფორმატი და ვნახოთ, რომელი აჯობებს,“ აღნიშნავს „ევროპელი სოციალისტების“ წევრი. შეგახსენებთ, ჟენევის დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).
„კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება“ - გარემოს სააგენტო სოფელ ნერგეეთზე განცხადებას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება მოხდა. „მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ შ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს. რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა. მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. მოხდა დიდი ტრაგედია, მეწყერმა გამოიწვია მსხვერპლი - გარდაცვლილია 4 და ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ. 6 თებერვალს, დიდთოვლობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოწვა ზვავი, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები. ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი. კლიმატური ცვლილებების ფონზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები. უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას,“ - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მამა და მისი 3 შვილია მოყოლილი
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალიევმა ხმა ყარაბაღში მისცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატმა ილჰამ ალიევმა, პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ და მათი ოჯახის წევრებმა ხმა ქალაქ ხანკენდის [სომხ – სტეფანაკერტი] მე-14 უბანზე მისცეს. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ შვიდი კანდიდატი დარეგისტრირდა. ალიევმა ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ივლისში დანიშნა მისი განმარტებით, ამის უპირველესი მიზეზია „აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრული აღდგენა“, 30-წლიანი ოკუპაციის დასასრულის დაგვირგვინება და ახალი ეპოქის დაწყება“, რაც „საპრეზიდენტო არჩევნებით უნდა დაგვირგვინებულიყო.“ ის მიზეზებს შორის ასევე ასახელებდა მუნიციპალურ არჩევნებს ასახელებს, რომელიც 2025 წლის აპრილამდე უნდა გამართულიყო და წინ უსწრებდა საპრეზიდენტო არჩევნებს. გარდა ამისა, ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო პოსტზე მისი 20-წლიან მმართველობას აღნიშნავს. ალიევმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანამ თავისი სუვერენიტეტი აღიდგინა.
შვედეთმა Nord Stream-ის გაზსადენის დაზიანების ირგვლივ გამოძიება დაასრულა
2022 წელს Nord Stream-ის ორი წყალქვეშა გაზსადენის დივერსია საიდუმლოდ რჩება. შვედეთის პროკურატურის ცნობით, შვედეთმა გამოძიება დამნაშავეთა ვინაობის შესახებ რაიმე მკაფიო დასკვნის გამოტანის გარეშე დაასრულა. გამოძიება ასკვნის, რომ შვედეთის იურისდიქციის არარსებობის გამო, გამოძიება უნდა დაიხუროს. „წინასწარი გამოძიება შეწყდა, რადგან არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ შვედეთი ან მისი მოქალაქეები მონაწილეობდნენ თავდასხმაში,“ ნათქვამია განცხადებაში. მომხდარის გამოძიება გერმანიაშიც მიმდინარეობს. „ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გერმანიის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ წინასწარ გამოძიებასთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ გადავეცით მასალები, რომლებიც შეიძლება, გამოყენებული იყოს როგორც მტკიცებულება გერმანიის გამოძიებაში," - ამბობს პროკურორი მატს ლუნგკვისტი, რომელიც შვედეთის გამოძიებას ხელმძღვანელობდა. შვედეთის პროკურატურის ცნობით, 2022 წლის 26 სექტემბერს განხორციელდა რამდენიმე თავდასხმა საერთაშორისო წყლებში, რომლის სამიზნე Nord Stream იყო. შვედეთის წინასწარი გამოძიებით, დივერსია დადგინდა. გამოძიების მთავარი მიზანი იყო იმის გარკვევა, მონაწილეობდნენ თუ არა შვედეთის მოქალაქეები საბოტაჟში და გამოიყენებოდა თუ არა შვედეთის ტერიტორია ამ აქტისთვის. Nord Stream 1 და Nord Stream 2 რუსული სახელმწიფო „გაზპრომის“ მიერ აშენდა გერმანიაში, წელიწადში 110 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გადასატანად. თუმცა, Nord Stream 2 არასოდეს შესულა ექსპლუატაციაში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო და Nord Stream 1 კი, რუსული კომპანია „გაზპრომის“ მიერ 2022 წლის ზაფხულში დაიხურა. ოთხი მილსადენიდან სამი 2022 წლის 26 სექტემბერს ააფეთქეს. გამოძიებამ მიუთითა, რომ რუსული ხომალდები ძალიან აქტიურობდნენ ჩრდილოეთ ნაკადის მილსადენებთან აფეთქებამდე. უკრაინული მედია წერს, რომ მედისაშუალებების მიერ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების უკან შესაძლოა, იახტაზე მყოფი უკრაინელი დივერსანტების კერძო ჯგუფი ყოფილიყო, მაგრამ ეს ვერსია სერიოზულად არ განიხილება.
აშშ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების წარმოებას გააორმაგებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტს და გენერალურ შტაბს დაავალა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში, როგორც ცალკეული ერთეული, უპილოტო სისტემების ძალები შექმნან. ზელენსკის განმარტებით, უპილოტო სისტემების ძალების შექმნა აუცილებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. იმავდროულად, როგორც უკრაინული მედია ამერიკულ მხარეზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის არმია აპირებს, უკრაინაში გამოყენებული საარტილერიო ჭურვების წარმოება მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის გააორმაგოს. „მოსალოდნელია, რომ აშშ-ში 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოება გაიზრდება. არმია იმედოვნებს, რომ სწრაფად გაზრდის წარმოებას 2025 წლიდან. ეს დაგეგმილი ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია ახალი ქარხნით, რომელსაც არმია აშენებს ტეხასში და რომელიც ჭურვებს სრულიად ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით დაამზადებს,“ განაცხადა აშშ-ის შესყიდვების ოფისის დირექტორმა დაგ ბუშმა.