ძებნის რეზულტატი:
ბულგარეთმა უკრაინისთვის 100 ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემა დაიწყო
ბულგარეთმა უკრაინისთვის 100 ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემა დაიწყო, რომელთა მიწოდება გასული წლის ბოლოს გადაწყდა. ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ ტაგარეევმა Facebook-ზე დაწერა. „ოპერაცია გრძელდება. თავდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჯავშანტექნიკის მიწოდების პროცესს," - წერს მინისტრი. გასული წლის 21 ივლისს ბულგარეთის პარლამენტმა, უკრაინისთვის 100-მდე ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნას მხარი დაუჭირა.
საბერძნეთში, ერთ-ერთი სამინისტროს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა
საბერძნეთში შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ათენის პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მანამდე ერთ-ერთმა ბერძნულმა გაზეთმა სამინისტროს ტერიტორიაზე ბომბის განთავსების შესახებ სატელეფონო შეტყობინება მიიღო. გაზეთმა ამ ზარის შესახ პოლიციას აცნობა, რომელმაც აფეთქებამდე სამინისტროს ტერიტორიას ალყა შემოარტყა. აფეთქების შედეგად სამინისტროს შენობა დაზიანდა. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
თავდასხმა პარიზში, ლიონის სარკინიგზო სადგურზე: დაჭრილია სამი ადამიანი
საფრანგეთის პოლიცია აცხადებს, რომ პარიზის მთავარი რკინიგზის სადგურზე დანით თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა. ლიონის სადგურზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მისი მოტივი უცნობია. დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. ბოლო თვეებში პარიზის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დანით თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი მათგანი დეკემბერში, ეიფელის კოშკთან მოხდა. მაშინ სამი ტურისტი დაჭრეს, ერთი – სასიკვდილოდ. ხოლო გასული წლის იანვარში პარიზის ერთ-ერთ სადგურზე დანით შეიარაღებულმა პირმა ექვსი ადამიანი დაჭრა.
ჯოზეფ ბორელი: ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილონ
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას ფეთქებადსაშიში უწოდა. მას შემდეგ, რაც აშშ-მ სირიასა და ერაყში ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებს დაარტყა, ბორელმა ყველა მხარეს მოუწოდა, თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში. „ყველა უნდა ეცადოს, რომ ვითარება ფეთქებადი არ გახდეს. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ესკალაციის თავიდან აცილება სცადოს,“ - განაცხადა ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ბორელს აშშ-ის დარტყმები პირდაპირ არ უხსენებია, მაგრამ გაიმეორა გაფრთხილება, რომ ახლო აღმოსავლეთი "არის „ქვაბი“, რომელიც შეიძლება, აფეთქდეს." მან მიუთითა ღაზის სექტორში ომზე, ძალადობაზე ლიბანის საზღვრის გასწვრივ, დაბომბვებზე ერაყსა და სირიაში და თავდასხმებზე წითელ ზღვაში. ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანულ სამიზნეებზე იერიში მიიტანა
ფარავნის უღელტეხილზე ცალეკული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და ნამქერის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ნორვეგია აშშ-სთან თავდაცვის შეთანხმებას აფართოებს
აშშ და ნორვეგია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. თავდაცვის სფეროში შეთანხმების გაფართოების შესახებ დოკუმენტს აშშ-ის ელჩმა მარკ ნათასონმა და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა ხელი მოაწერეს. 2021 წელს ხელმოწერილი თავდაპირველი შეთანხმება მოიცავდა ოთხ ობიექტს და ტერიტორიას, სადაც შეერთებულ შტატებს ინფრასტრუქტურის აშენება და ნორვეგიის ძალებთან ერთად წვრთნების ჩატარება შეეძლო. ახალი შეთანხმებით, აღნიშნული სამხედრო ობიექტების რაოდენობა 12-მდე გაიზრდება. „დღევანდელ უსაფრთხოების გარემოში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობების განმტკიცება ჩვენს მოკავშირეებთან. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მთელი რეგიონისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა გრემმა და ხაზი გაუსვა, რომ „აშშ ნორვეგიის უახლოესი მოკავშირეა.“ დოკუმენტში შეტანილი ცვლილება ახლა ნორვეგიის პარლამენტის თანხმობას ელოდება. ფინეთმა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში შეთანხმება გააფორმა
უკრაინამ ესტონეთისგან ახალი სამხედრო დახმარება მიიღო
უკრაინამ ესტონეთისგან დახმარების ახალი პაკეტი მიიღო, რომელიც Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტყვიამფრქვევებს, მცირე იარაღის საბრძოლო მასალასა და სხვადასხვა აღჭურვილობას მოიცავს. ამის შესახებ შაბათს ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. იარაღის ზუსტი რაოდენობა, მისი გადაცემის დრო და მდებარეობა უსაფრთხოების მიზეზების გამო არ სახელდება. „ჯაველინებმა“ გადამწყვეტი როლი შეასრულეს უკრაინაში, ომის პირველ კვირებში - სტოლტენბერგი 2022 წლიდან ესტონეთმა უკრაინას თითქმის 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1,4%-ს შეადგენს. ესტონეთის მთავრობამ უკრაინისთვის 80 მილიონი ევროს მოცულობის გრძელვადიანი სამხედრო დახმარება დეკემბერში დაამტკიცა. უკრაინა ომის მეორე წლისთავის წინ და რუსეთის სარაკეტო იერიშების ფონზე, აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია. კიევმა პირველ თებერვალს ევროკავშირისგან ფინანსური რესურსის მიღების გარანტია მიიღო, როდესაც ბლოკი 50 მილიარდის ევროს მოცულობის პაკეტის მიღებაზე შეთანხმდა. თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
დრონებით შეტევის ფონზე, რუსეთში, ვოლგოგრადის უდიდეს ნავთობქარხანაში ხანძარი იყო
რუსეთში, ვოლგოგრადის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძარი უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დრონების წარმატებული თავდასხმის შედეგია. ამის შესახებ Ukrinform-ს სამართალდამცავ ორგანოებში წყაროებმა განუცხადეს. წყაროების ცნობით, ორი დრონის იერიშის შემდეგ ქარხანა წარმოების სიმძლავრის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს. „რუსეთის მიერ ომის საწარმოებლად გამოყენებული ინფრასტრუქტურის სისტემატურ განადგურებას ვაგრძელებთ. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმით, ჩვენ არა მხოლოდ ვწყვეტთ საწვავის მომარაგების ლოგისტიკას მტრის აღჭურვილობისთვის, არამედ, ვამცირებთ რუსეთის ბიუჯეტის შევსებას, - განაცხადა წყარომ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წუხელ რუსეთის საჰაერო დაცვის ძალებმა გაანადგურეს შვიდი დრონი, რომლებმაც რუსეთის სამ ოლქზე მიიტანეს იერიში. როგორც აცხადებენ, ოთხი დრონი ჩამოაგდეს ბელგოროდის ოლქის, ორი - ვოლგოგრადის ოლქისა და ერთი - როსტოვის ოლქის თავზე. ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის თქმით, ჩამოგდებული დრონის გამო აალება მოხდა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულ უწყებაში განაცხადეს, რომ ქარხანაში ცეცხლი გაუჩნდა დაღვრილ ნავთობს 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე. რამდენიმე საათის შემდეგ ხანძარი ჩააქრეს.
რუსეთში ჩაცხრილეს სტრატეგიული ბომბდამშენის ეკიპაჟის მეთაური, რომელიც უკრაინას თავს ესხმოდა - უკრაინის დაზვერვა
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ ქალაქ ენგელსში “ტუ-95” სტრატეგიული ბომბდამშენის ეკიპაჟის მეთაური, მაიორი ოლეგ სტეგაჩოვი ჩაცხრილეს. კერძოდ, 1983 წელს დაბადებული პილოტი “ენგელსის” ავიაბაზაზე გადიოდა სამხედრო სამსახურსა და უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებსა და მკვლელობებში. აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად სტეგაჩოვნა ცეცხლსასროლი ჭრილობები მიიღო და ახლა უკრაინის დაზვერვა აზუსტებს, ის გადარჩა თუ არა. „შეგახსენებთ, რომ ყველა ომის დამნაშავეს სასჯელი ელის. ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, საავტომობილო ნომრები, ჩვეული მარშრუტები და ჩვევები,” - ნათქვამია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.
კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულები 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესი პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა. ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. ორ თებერვალს სააპელაციო სასამართლომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა კვლავ პატიმრობაში დატოვა. ბრალდება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ფინეთის პრემიერი: რუსეთთან საზღვრის გახსნა არ შეგვიძლია
რუსეთთან საზღვრის გახსნა არ შეგვიძლია. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ორპოს თქმით, საზღვრის რუსულ მხარეს სხვადასხვა სასაზღვრო რეგიონებში მესამე ქვეყნების ათასობით მოქალაქე იმას ელის, რომ ფინეთში არალეგალურად მოხვდეს. ფინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთთან სასაზღვრო პუნქტების გახსნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. „გასაგებია, რომ საზღვრების გახსნა არ შეგვიძლია. ერთდროულად ამასთან ნებისმიერი არალეგალური შემოსვლის წინააღმდეგ ზომები უნდა მოვამზადოთ… მარტივი გადაწყვეტილებები არ იქნება. მაგრამ მთავარი პრინციპი იმაშია, რომ ფინეთის საზღვრების უსაფრთხოებაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე ვიზრუნებთ. ეს პირველ ადგილზეა,” - განაცხადა ორპომ. პირველად ფინეთ-რუსეთის საზღვარი 2023 წლის ნოემბერში ჩაიკეტა. იანვარში ფინეთ-რუსთის საზღვარი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა არალეგალურად გადაკვეთა, რის შემდეგაც ფინეთში თავშესაფარი მოითხოვეს. ამ მომენტისთვის, ფინეთში რუსეთიდან შესულ არც ერთ თავშესაფრის მაძიებელს დადებითი პასუხი არ მიუღია.
მოსკოვში დააკავეს ჟურნალისტები, რომლებიც მობილიზებული სამხედროების ცოლების აქციას იღებდნენ
მოსკოვში ჟურნალისტები დააკავეს, რომლებიც მობილიზებული სამხედროების მეუღლეების აქციას იღებდნენ. ამ მომენტისთვის დაკავებულია 25 ადამიანზე მეტია დაკავებული, მათგან უმრავლესობა - ჟურნალისტები არიან. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები გამოცემებიდან France Press, Spiegel, Sota.Vision, “კომერსანტი”, და ასევე უფლებადამცველები მოძრაობიდან “ადამიანის უფლებებისთვის.” ჟურნალისტები მოსკოვის წითელ მოედანზე დააკავეს, როდესაც ჯარში გაწვეული სამხედროების მეუღლეები უკრაინიდან მათ დაბრუნებას ითხოვდნენ. France Press-ის ჟურნალისტი, რომელიც დაკავების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს, ამბობს, რომ პროტესტში დაახლოებით 40 ადამიანი მონაწილეობდა.
გერმანიის პარლამენტმა უკრანისთვის 8,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გერმანიის პარლამენტმა 2 თებერვალს ამ წლის ქვეყნის ბიუჯეტი, მათ შორის, უკრანისთვის 7,6 მილიარდი ევროს (8,2 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარება დაამტკიცა. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხები 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის დეკემბრამდე 5.66 მილიარდ ევროს (6.1 მილიარდი დოლარი) შეადგენდა. შედარებისთვის, მსოფლიო ეკონომიკის კიელის ინსტიტუტმა გამოითვალა, რომ გერმანიის თავდაცვის დახმარების რეალურმა წილმა 17.1 მილიარდი ევრო შეადგინა (18,5 მილიარდი დოლარი).
სომხეთის თავდაცვის მინისტრი: იარაღის შეძენის პროცესში სომხეთმა ახალი პარტნიორები შეიძინა
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა, რომ იარაღის შეძენის პროცესში სომხეთმა ახალი პარტნიორები შეიძინა. მისი თქმით, 2022 წლის სექტემბრის მოვლენების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ბაზრები, შესაძლებლობები იხურებოდა და სომხეთის შეიარაღებული ძალები ვერ გაჩერდებოდნენ, რის გამოც საჭირო გახდა იარაღის შესყიდვის დივერსიფიკაციის უზრუნველყოფა. სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ერევანს არცერთი ქვეყნის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია არ აქვს. სომხეთის შეიარაღებული ძალების მიზანი და მისიაა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. „ამ მიმართულებით სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ. ეს პროცესი შეუქცევადია ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით. მომავალში მიმდინარე პროცესები და კონტრაქტები მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენი არმიის შეიარაღების ხარისხს. ახალი ტიპის იარაღის შეძენა ასევე გულისხმობს მომზადებას, ენების ცოდნას, ადაპტაციას და ჩვენი ჯარი მიდის ამ გზაზე. ეს ძალიან რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა სურენ პაპიკიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. შეგახსენებთ, გასული წლის 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
ქოლ-ცენტრების საქმე: პროკურატურამ 7 პირი დააკავა
ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა. შესაბამისი განცხადება უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა. პროკურატურის განცხადებით, „გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.“ „როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, 2023 წლის 18 ივლისს, ასევე მიმდინარე წლის პირველ თებერვალს, ტრანსნაციონალური ხასიათის მქონე თაღლითური ქოლ-ცენტრების და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტური უწყების წარმომადგენლების ჩართულობით და ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა. ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას. ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ. აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის, უძრავი ქონებების შეძენის გზით,“ - წერია განცხადებაში. მისივე თანახმად, „დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ დანაშაულებზე, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ, 2021-2024 წლების პერიოდში, დაწყებულია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული 72 ფიზიკური და 3 იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების სხვა ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით,“ - ნათქვამია განცხადებაში.
5-8 თებერვალს საქართველოში მოთოვს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,” - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ISW: კრემლი ირანის მხარდაჭერას აორმაგებს
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, რომ კრემლი ირანის მხარდაჭერას აორმაგებს იმ ფონზე, რომ შეერთებული შტატები იწყებს ერაყში, სირიასა და იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების წინააღმდეგ იერიშებს ააქტიურებს. ISW რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის საპასუხო დარტყმები დაგმო. საგარეო უწყების სპიკერის მარია ზახაროვას მტკიცებით, აშშ-ის საჰაერო თავდასხმები „კონკრეტულად არის შექმნილი“ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის კიდევ უფრო გაღვივებისთვის.“ გარდა ამისა, მან გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფო საჰაერო თავდასხმაში მონაწილეობის გამო. აშშ-ის თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა, რომელიც 5 თებერვალს არის დაგეგმილი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში ჰუთებზე ხომალდებითა და ავიაგამანადგურებლებით ერთობლივი იერიშები განახოერციელეს. დარტყმების სამიზნე სულ მცირე 30 ობიექტი იყო. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამ დარტყმებამდე მათ თავდაცვის მიზნით იერიში მიიტანეს ექვს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზეც, რომლებიც გასაშვებად იყო მზად. მათი თქმით, ეს რაკეტები საფრთხეს უქმნიდა როგორც აშშ-ის საზღვაო ძალებს, ისე სავაჭრო ხომალდებს. ჰუსიტებმა, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, სავაჭრო გემებზე თავდასხმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ომი კი 7 ოქტომბერს ისრაელზე დაჯგუფება ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას მოჰყვა. იანვარში აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ჰუსიტების ობიექტებს უკვე რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს. ჰუსიტები წითელ ზღვაში, მათ შორის, ამერიკის სამხედრო გემებზე თავდასხმებს - უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით აგრძელებენ. აშშ-მ და ბრიტანეთმა ჰუსიტების ხელმძვანელობას სანქციები დაუწესეს. ჰუსიტები იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის, დედაქალაქ სანას აკონტროლებენ. წითელი ზღვა მნიშვნელოვანი სავაჭრო არტერიაა, რომელიც აზიას ევროპასთან, მათ შორის, საქართველოსთან აკავშირებს. წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო, მსოფლიოს უმსხვილესმა გადამზიდავებმა გადაწყვიტეს, აფრიკას შემოუარონ და ისე შევიდნენ ხმელთაშუა და შავ ზღვებში.
ოკუპირებული გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა
გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისაკენ მიმავალ გზაზე საბაგირო გზა გაწყდა. დაიღუპა ორენბურგის ოლქის მაცხოვრებელი. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება სააგენტო „აფსნიპრესზე“ დაყრდნობით ავრცელებს. „28 წლის კაცი საბაგირო გზით სარგებლობდა. რაღაც მომენტში ტროსი გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან ჩავარდა,“ - განაცხადეს თვითაღიარებული რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართის სამინისტროში. ცხედარი დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.
ზელენსკი რობოტინოში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში უკრაინის ჯარების პოზიციებს ეწვია. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს. ზელენსკი რობოტინოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთად ეწვია. „ზაპოროჟიეს ოლქი. რობოტინო. 65-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა. დამცველებს ველაპარაკე, მადლობა გადავუხადე და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი. დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მეომრების მხარდაჭერა და დაჯილდოება. მათ მხრებზე დგას რთული, გადამწყვეტი მისია - უკუაგდონ მტერი და დაიცვან უკრაინა. ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, მადლობა ყველას!“ - აცხადებს ზელენსკი. თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი
კიევში საჰაერო განგაშის გამო, ბორელი თავშესაფარში გადაიყვანეს
კიევში საჰაერო განგაშის გამო ჯოზეფ ბორელმა დილა თავშესაფარში გაატარა. „დილას თავშესაფარში ვიწყებ, როცა კიევში საჰაერო განგაშის სიგნალები ისმის. ეს მამაცი უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობაა, მას შემდეგ რაც რუსეთმა თავისი უკანონო აგრესია დაიწყო,“ - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე. უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასირებულ შეტევას, რომლის გამოც საჰაერო განგაში ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.