ძებნის რეზულტატი:
ომბუდსმენი: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი იღებს, ჩვენ რეკომენდაციას ვერ გავცემთ
„მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი იღებს, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი, ვერც მე ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავცემთ,“ – შესაბამისი განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გააკეთა. ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ კონსილიუმი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს. „კონსილიუმის წარმომადგენლები ახლახანს იყვნენ შესულები და მათ გამოაქვეყნეს დასკვნა. დასკვნაში ასახულია ყველა ის პრობლემა და ყველა ის გაუმჯობესება, რაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეიძლება, თქმულიყო. რაც შეეხება მისი გადაყვანის შესაძლებლობას, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ექიმი, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი და ვერც მე ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავცემთ. მონიტორინგი გაგრძელდება, მათ შორის კონსილიუმის დასკვნაშივე ითქვა, რომ კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს საჭიროებიდან გამომდინარე მოინახულებს. თქვენ იცით, რომ აქამდე კონსილიუმი სამ თვეში ერთხელ შედიოდა დღეს მათ მიიღეს გადაწყვეტილება უკვე საჭიროებისამებრ მოინახულებს მისი მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის კონსილიუმის მონაწილეობითაც,“ – განაცხადა იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ომბუდსმენმა სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა
კობახიძე: ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა არასოდეს უნდა ესროლონ ერთმანეთს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატების წინაშე სამთავრობო პროგრამა წარადგინა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, აფხაზებთან და ოსებთან ომი გამოუსწორებელი დანაშაული იქნებოდა. „ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი უცხოელი მეგობრების მოწოდებები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის გზით დაბრუნების შესახებ. მინდა შეგახსენოთ, რომ ამგვარი სცენარის პირობებში ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც. ეს იქნებოდა გამოუსწორებელი დანაშაული ისტორიისა და მომავალი თაობების წინაშე. ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა არასოდეს უნდა ესროლონ ერთმანეთს. ამ დანაშაულს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არ აქვს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს დაპირისპირების ფონზე განიხილავდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ირაკლი კობახიძეს მიმართა და მას „გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარეობის სავარძელში ჩამსმელი“ უწოდა. მას „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ლილუაშვილს 20 ივნისის აქციის დარბევა გაახსენა, როდესაც პრემიერის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა. პარლამენტი 8 თებერვალს უყრის კენჭს მთავრობის შემადგენლობას.
რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კიდევ ერთმა მილიარდემა განაცხადა
მილიარდერმა ბიზნესმენმა ვასილი ანისიმოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. მედიის ცნობით, ანისიმოვი მეშვიდე მილიარდერია, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. ვასილი ანისიმოვმა „ფორბსს" წარუდგინა დოკუმენტები, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობა ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში დაკარგა. გამოცემა წერს, რომ მოქალაქეობაზე უარის შემდეგ, ანისიმოვი რუსეთში საქმიანი ვიზით ჩადის. ვასილი ანისიმოვი ამჟამად ხორვატიის მოქალაქეა. ხსენებული ქვეყნის ეკონომიკაში 11 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. Forbes-ის 2023 წლის რეიტინგით, ანისიმოვი 72-ე ადგილზეა 1,6 მილიარდი დოლარის ქონებით. ვასილი ანისიმოვი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის პარტნიორი იყო ჰოლდინგ „მეტალოინვესტში“. მოგვიანებით საკუთარი კომპანია Coalco შექმნა. ანისიმოვი, რომელიც 2010-2022 წლებში რუსეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტიც იყო, ამბობს, რომ რუსეთში არანაირ ქონებას აღარ ფლობს. რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კიდევ ერთმა მილიარდემა განაცხადა - Forbes
შვედეთმა უკრაინას ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად 26.4 მილიონი ევრო გამოუყო
შვედეთის მთავრობამ უკრაინაში ენერგოეფექტურობის პროექტების მხარდასაჭერად 26.4 მილიონი ევრო გამოყო. ინფორმაციას თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო ავრცელებს. შვედეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები საგრანტო მხარდაჭერის სახით თემებს გაეგზავნება. „კერძოდ, საუბარია იმათზე, ვინც ევროპის საფინანსო ინსტიტუტებიდან/ბანკებიდან სასესხო სახსრებს იღებენ ცენტრალიზებული გათბობისა და წყალმომარაგების, კომუნალური ტიპის საკუთრებებში ენერგოეფექტურობის გაზრდის, ურბანული ელექტროტრანსპორტის განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით პროექტების განსახორციელებლად,“ - აცხადებენ სამინისტროში.
ზელენსკიმ ალიევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა მიულოცა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობები გაგრძელდება. „ვულოცავ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ხელახლა არჩევას და ვუსურვებ წარმატებებს და ნაყოფიერ მუშაობას აზერბაიჯანელი ხალხის საკეთილდღეოდ. ვაფასებ ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას. ჩვენ ვაფასებთ აზერბაიჯანის ჰუმანიტარულ და სხვა დახმარებას ამ ისტორიულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მე ვაფასებ ჩვენს კონსტრუქციულ და სანდო ურთიერთობას პრეზიდენტ ალიევთან, ისევე როგორც პრაქტიკულ თანამშრომლობას ჩვენს გუნდებს შორის,“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმების 90%-ზე მეტი დააგროვა. ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა.
პოლონეთის პრემიერი ამერიკელ „რესპუბლიკელებს“ მწვავედ აკრიტიკებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორები გააკრიტიკა. „ძვირფასო ამერიკელო რესპუბლიკელო სენატორები. რონალდ რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს დაეხმარა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენაში, დღეს საფლავშ ბრუნავს. სირცხვილი თქვენ," - დაწერა მან Twitter-ზე (X). აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავდა აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას. 118 მილიარდი დოლარის ღირებულების საზღვრის უსაფრთხოების კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს 60 მილიარდზე მეტ დახმარებას უკრაინისთვის და 14 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარებას ისრაელისთვის. კანონპროექტს 49 სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 50 წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინსვლისთვის 60 ხმა იყო საჭირო. რესპუბლიკელები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტში არასაკმარისად მკაცრი ზომებია გათვალისწინებული მექსიკიდან არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა რესპუბლიკელები კონგრესში მას შემდეგ, რაც სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას. „არასდროს მეგონა, რომ ვნახავდი იმას, რასაც ახლა ვხედავთ,“ – აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპი ემუქრებოდა კანონმდებლებს „შურისძიებით“, თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ კანონპროექტს.
გერმანიამ ევროკავშირის მისიის მხარდასაჭერად წითელ ზღვაში ფრეგატი გაგზავნა
გერმანიამ ევროკავშირის მისიის მხარდასაჭერად წითელ ზღვაში ფრეგატი გაგზავნა. გერმანული ფრეგატი „ჰესე“ ევროკავშირის მისიას შეუერთდება, რომელიც მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყება და წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დაცვას ისახავს მიზნად. „თავისუფალი საზღვაო სავაჭრო მარშრუტები ჩვენი ინდუსტრიისა და თავდაცვის საფუძველია. წითელ ზღვაში არსებულმა ვითარებამ მიწოდების შეფერხება გამოიწვია და ზოგიერთი კომპანია აიძულა, რომ წარმოება შეეწყვიტა,“ - განაცხადა გერმანიის საზღვაო ძალების უფროსმა ვიცე-ადმირალმა, იან კრისტიან კააკმა. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში აშშ-მა წითელ ზღვაში მოძრავი კომერციული გემების „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დასაცავად საზღვაო მისია შექმნა. 12 იანვრის შემდეგ კი აშშ და დიდი ბრიტანეთი იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებენ.
ირაკლი კობახიძე: ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია
ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის" შეკითხვებს, რომლებიც კორუფციას ეხებოდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს უპასუხა. კობახიძემ გაიხსენა „ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ამავე ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვები და აღნიშნა, რომ მისთვის კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება. „ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია, რომლის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარე [გიორგი გახარია]. მე არ ვარ ლოიალური არც ასეთი კორუფციის მიმართ და ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: არასდროს, არცერთი თეთრი არ მიშოვია კორუფციით და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს, ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად. ეს იქნება ჩემი მიდგომა კორუფციის მიმართ და ასეთია, ჩვენი საპატიო თავმჯდომარის [ბიძინა ივანიშვილის] მიდგომა, რომელსაც, მით უმეტეს, არანაირი ინტერესი არ აქვს. მას სამი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული მარტო ქველმოქმედებაში. შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 2020 წლის 27 მაისს საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ანგარიში წარადგინა, რომლის დროსაც შესაძლო კორუფციული ფაქტის საპასუხოდ ნათქვამი სიტყვებს - „ქართულ ჯიგრულ პონტში," კრიტიკა მოჰყვა.
ასლან ბჟანია სერგეი ლავროვს შეხვდა
მოსკოვში „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის პრესცენტრის ინფორმაციით ბჟანიამ და ლავროვმა „აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარება“ განიხილეს. „ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დიპლომატის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა "რუსული სახელმწიფოს საკეთილდღეოდ" საქმიანობაში,“ ნათქვამია განცხადებაში. ბჟანია ასევე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დმიტრი კოზაკს. შეხვედრაში რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკიც მონაწილეობდა. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს რაშიდ ნურგალიევთან, ეკონომიკური განვითარების მინისტრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ელა პამფილოვასთან და ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელთან დანილ ეგოროვთან. „შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ სფეროში და რიგი სხვა საკითხები, რაზეც მიმდინარეობს სისტემატური ორმხრივი მუშაობა,“ - ნათქვამია განცხადებაში. ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში გუშინ, 7 თებერვალს შეიტანა - „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის კანონის ანალოგიური კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ.“
ამერიკელი კანონმდებლები უკრაინის დახმარების კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავენ
აშშ-ის კონგრესი ხუთშაბათს, 8 თებერბვალს იმ კანონპროექტის შემოკლებულ ვერსიას განიხილავს, რომელიც მანამდე კენჭისყრაზე ჩავარდა. საქმე ეხება მხოლოდ სახსრების გამოყოფას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ვითარებას კი, ის საერთოდ აღარ მოიცავს. უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. სენატში დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა რესპუბლიკელებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, ვინაიდან ის აღარ შეიცავს მიგრაციის შესახებ დებულებებს, რამაც გუშინ მათი წინააღმდეგობა გამოიწვია. კონგრესში დავის ფონზე, The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონში დაიწყეს მსჯელობა სხვა შესაძლო სქემებზე, კერძოდ, შეიარაღების გაცვლაზე მესამე ქვეყნებთან, რის შედეგადაც აშშ შეიარაღებას გადასცემს სხვა ქვეყნებს, ისინი კი - უკრაინას. ასევე საქმე შეიძლება, შეეხებოდეს ევროკავშირის მიერ აშშ-ში შეიარაღების შესყიდვას შემდგომ უკრაინისთვის გადასაცემად. მაგრამ,როგორც გამოცემა წერს, ვერცერთი ეს სქემა, აშშ-ის მხრიდან პირდაპირ დაფინანსებას ვერ შეცვლის. პოლონეთის პრემიერი ამერიკელ „რესპუბლიკელებს“ მწვავედ აკრიტიკებს
კადიროვის ვაჟმა მედალი მიიღო შეჯიბრებისთვის, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია - მედია
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 16 წლის ვაჟმა ადამმა დუბაიში, ე.წ. სპეცდანიშნულების რაზმების შეჯიბრებებში, UAE SWAT Challenge-ში, ჯილდო მიიღო. კონკურსის ოთხი დღის შედეგებით, საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა გუნდ „ახმატს“, რომელიც ჩეჩნეთის შსს სპეციალური პოლკის მეომრებისგან შედგება. სახელმწიფო სააგენტო „გროზნი-ინფორმის“ თანახმად, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ვაჟი დაჯილდოებას ესწრებოდა საკუთარი მამის „უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის“ რანგში - ეს თანამდებობა ადამ კადიროვმა შემოდგომაზე მიიღო მას შემდეგ, რაც საგამოძიებო იზოლატორში სცემა ნიკიტა ჟურაველს, რომელიც ყურანის დაწვისთვის დააპატიმრეს. უმცროსი კადიროვი შეჯიბრში არ მონაწილეობდა, მაგრამ სცენაზე ჯილდოს მისაღებად პირველი გავიდა. ეს ჩანს ვიდეოში, რომელიც ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა გამოაქვეყნა. მისი სიტყვებით, ადამ კადიროვი დუბაის შეჯიბრებებზე „მხარს უჭერდა“ „ახმატის“ მეომრებს. „სპეცდანიშნულების რაზმების შეჯიბრებების“ პირველ დღეს დუბაიში „ახმატმა“ მეოთხე ადგილი დაიკავა. მას გაუსწრეს გუნდებმა ყაზახეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ანალოგიური შედეგი აჩვენა კადიროვის სპეცდანიშნულების რაზმმა კონკურსის მეორე დღეს. მან წააგო ბელარუსის, ყირგიზეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მებრძოლებთან. მესამე დღეს „ახმატმა“ მე-12 ადგილი დაიკავა და ჩამორჩა ბაჰრეინის, სამხრეთ აფრიკის, სერბეთის, აშშ-ისა და თურქეთის გუნდებს. წყარო
ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა თუ სტიქია - ომბუდსმენი
სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი იკვლევს, შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიის შედეგად გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილება. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ეკოლოგიაზე, ეკოლოგიის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, შოვის ნაწილზეც. რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ჩავერთვებით. ჩვენ ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა თუ სტიქია," - განაცხადა ლევან იოსელიანმა „მთავარი არხის“ ცნობით. იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვლის ღამეს ჩამოწვა. მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. ბაღდათში სტიქიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების გააქტიურება "რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან." უწყების ცნობით, 6 თებერვალს დიდთოვლობის შედეგად ხულოში ჩამოწვა ზვავი და განვითარდა მეწყრული პროცესები. სტიქიური მოვლენების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი.
ფინეთი რუსეთთან საზღვარს კიდევ სულ მცირე ორი თვე არ გახსნის
რუსეთთან ფინეთის საზღვარი კიდევ სულ მცირე ორი თვე იქნება ჩაკეტილი. ფინეთის სახელმწიფო საბჭომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტები ფინეთ-რუსეთის საზღვარზე არ გახსნას. მათი ჩაკეტვის ვადა 14 აპრილამდე გაგრძელდა. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა განაცხადა, რომ შეზღუდვების არარსებობის შემთხვევაში, აღმოსავლეთ საზღვრის მეშვეობით ფინეთში ჩასული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 10-დან 20 ათასამდე იქნებოდა. „მიღებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსეთი თავის ჰიბრიდულ ოპერაციას აგრძელებს. არსებობს იმის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს გრძელვადიან ვითარებას წარმოადგენს. რუსეთის სასაზღვრო ზონაში სულ მცირე ასობით და შესაძლოა ათასობით მიგრანტია, რომლებიც ფინეთში მოგზაურობის გაგრძელებას ელოდებიან,“ - განაცხადა ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა. გასულ კვირას ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ რუსეთთან ფინეთის აღმოსავლეთი საზღვარი დახურული დარჩება, რადგან ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ოლაფ შოლცი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს
გერმანიის კანცლერი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, შეცდომა არ დაუშვან და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ უკრაინას დაემარონ და რუსეთის გამარჯვება არ დაუშვან. ოლაფ შოლცს თქმით, „ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს, თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა, მალე გავიღვიძოთ უფრო არასტაბილურ, სახიფათო და არაპროგნოზირებად სამყაროში.“ „ნუ დაუშვებთ შეცდომას: რუსეთის გამარჯვება უკრაინაში არამხოლოდ უკრაინის, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასასრული იქნება, არამედ მკვეთრად შეცვლის ევროპის სახეს. ეს მძიმე დარტყმას მიაყენებს ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს. რუსეთის სასტიკი მცდელობა, მიიტაცოს ტერიტორიები ძალის გამოყენებით, შეიძლება გახდეს გეგმა სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის მთელს მსოფლიოში. ეს არის ის, რის გამოც აშშ და ევროპა უჭერენ მხარს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას,“ - წერს ოლაფ შოლცი სტატიაში, რომელსაც The Wall Street Journal-ი აქვეყნებს. შოლცის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში, ჯერჯერობით, ომის ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. „მას ეგონა, რომ ორ კვირაში შეძლებდა უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღება. ორი წლის შემდეგ ის ჯერ კიდევ შორს არის ამის მიღწევისგან და უკრაინა მამაცურად ეწინააღმდეგება რუსეთის თავდასხმას. ეს არის უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგი, მაგრამ ეს ასევე არის დასავლეთის ფისკალური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შედეგი,“ - აცხადებს შოლცი. გერმანიის კანცლერი ხაზს უსვამს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების და უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობას. „ჩვენი გზავნილი ნათელია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს. თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა მალე გავიღვიძოთ უფრო არასტაბილურ, სახიფათო და არაპროგნოზირებად სამყაროში, ვიდრე ეს იყო ცივი ომის დროს. ჩვენი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინას შესაძლოა, იარაღისა და საბრძოლო მასალის სერიოზული დეფიციტი შეექმნას. ზოგიერთი ფინანსური ვალდებულება უკვე ამოიწურა, ზოგი კი გახანგრძლივებას საჭიროებს. ბატონი პუტინის აგრესიის შეჩერების მარცხის გრძელვადიანი შედეგები და ხარჯები შეაჩერებს ნებისმიერ ინვესტიციას, რომელსაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ,“ - აცხადებს ოლაფ შოლცი.
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6592 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8632 ლარს შეადგენს. დღეს მოქმედი კურსი 2.8629 ლარი იყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
სი ძინპინმა პუტინს განუცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი საგარეო ჩარევას უნდა დაუპირისპირდნენ
სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი საგარეო ჩარევას უნდა დაუპირისპირდნენ. სი ძინპინის თქმით, ჩინეთმა და რუსეთმა მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ. Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, სი ძინპინმა პუტინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მათ თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარების ინტერესები უნდა დაიცვან. სატელეფონო საუბრისას სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ახალი დინამიკა უნდა განავითარონ და სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობა შეინარჩუნონ.
ზახაროვამ კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 თებერვლის განცხადებაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 თებერვლის განცხადებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება C-4, რომელიც რუსეთის ქალაქ ვორონეჟში გასატანად უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით შემოიტანეს საქართველოში მიმდინარე წლის 19 იანვარს. ზახაროვას ამტკიცებს, რომ „ეს პირველად არაა, როდესაც საქართველო და მისი ტერიტორია გამოიყენება მათ მიერ, ვისაც სურს პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარების დესტაბილიზაცია და მიმართავს ტერორისტულ მეთოდებს.“ „შეგახსენებთ სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ტერორიზმის თავაშვებულობას, როდესაც სახელდობრ საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო ტერორისტებს შეჰქონდათ ან ცდილობდნენ, შეეტანათ (ოდესღაც გამოვიდა, ოდესღაც აღიკვეთა) იარაღი, საბრძოლო მასალა, ამუნიცია, ფული და ნარკოტიკები ურომლისოდაც, ტერორიზმი მაშინაც და ახლაც, უკრაინული რეჟიმის მაგალითზე, უკვე არაა "სრულყოფილი“ თავის მახასიათებლებში,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა. ზახაროვამ არ დააკონკრეტა, აქვს თუ არა მოსკოვს საქართველოს ხელისუფლებასთან ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ურთიერთთანამშრომლობა. „რაც შეეხება ანტიტერორისტულ საკითხებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთქმედების არსებობას, ჩვენ გირჩევთ დაუკავშირდეთ რუსეთის კომპეტენტურ უწყებებს შესაბამისი კომენტარებისთვის,“ - აღნიშნა მან. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ 5 თებერვალს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება. ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება რუსეთში (ქალაქ ვორონეჟში) გასატანად უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოიტანეს საქართველოში მიმდინარე წლის 19 იანვარს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით. ასაფეთქებელი ნივთიერებები, დამალვის მიზნით, შენახული იყო ავტომობილის აკუმულატორების ყუთებში. სუს-ში აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთში "დარიალის" გამშვები პუნქტით სამი ასაფეთქებელი მოწყობილობის გატანა იგეგმებოდა უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით, სამი მოწყობილობა კი, თბილისში დატოვეს. ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყვნენ საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე. სუს-ის განცხადებით, "პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა."
ჩრდილოეთ კორეაში, სეულთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ყველა კანონი გააუქმეს
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესმა სახალხო კრებამ, სამხრეთ კორეასთან ყოველგვარი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაუქმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ჩრდილოეთ კორეის პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა იმ კანონების გაუქმებას, რომლებიც სეულთან ეკონომიკურ ურთიერთობებს არეგულირებს. ერთ-ერთი მათგანია კანონი ტურისტული პროექტის შესახებ კიმგანსანის მთებში. ექსკურსიები წარმტაც მთიან რაიონში, რომელიც სამხრეთ კორეასა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილის მახლობლად მდებარეობს, სიმბოლო იყო ეკონომიკური თანამშრომლობის, რომელიც 2000-იანი წლების დამდეგს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ის ორ მილიონამდე სამხრეთკორეელმა ტურისტმა მოინახულა. პროექტი 2008 წელს შეჩერდა, როცა სამხრეთკორეელ ტურისტ ქალს, რომელიც აკრძალულ ზონაში მოხვდა, ჩრდილოკორეულმა დაცვამ ესროლა და მოკლა.
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, „ანტიტერორისტული წვრთნების“ ჩატარებას გეგმავს
რუსული მედიის ცნობით, 10 თებერვალს რიწის ტბაზე ანტიტერორისტული წვრთნები გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ოკუპირებული აფხაზეთის, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლები. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო რია ნოვოსტის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა. „გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და კატარღები, იმუშავებენ მყვინთავები,“ - განაცხადა კიუტმა. მისი თქმით, წვრთნების დროს, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდება, იგეგმება ტერორისტული ჯგუფის გარღვევის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკა. ოპერაციის დროს უსაფრთხოების ძალები და მაშველები წყალზე და წყალქვეშ იმუშავებენ დატბორილი მანქანის ეკიპაჟის გადასარჩენად.
ირაკლი კობახიძე: ვერავინ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, ცესკოს ოპოზიციონერი წევრი ერთ-ერთი რადიკალური პარტიდან, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე
„ვერავინ ვერ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, რომ ცესკოს ოპოზიციონერი წევრი, რომელიც არის იმავდროულად ერთ-ერთი რადიკალური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე. შესაბამისად, მე მიკვირს, რომ ვენეციის კომისია ასეთ რეკომენდაციებს იძლევა,“ - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს. კობახიძის თქმით, თუ ვინმეს მიეცემა ცესკოში საბოტაჟის უფლება, არაფერს აღარ ექნება ფასი,„ შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელიც იქნება შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან.“ „რაც შეეხება 12 პუნქტს და შემდეგ 9 პუნქტს, რამდენი პუნქტი შევასრულეთ ამაზე იყო უამრავი სპეკულაცია. სინამდვილეში, მოხდა რა - ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, მათ შორის, პარლამენტში უამრავი კანონი მივიღეთ და საბოლოო ჯამში, დღეს გვთხოვენ თუ არ ვცდები 2 პაკეტის მიღებას, მხოლოდ 2 კანონის მიღებას, საიდანაც ჩანს, რომ, თვისობრივად, იმ 12 პუნქტიდან არის ყველაფერი შესრულებული, რისი შესრულებაც შეიძლებოდა იმ კონკრეტულ მომენტამდე. რაც შეეხება ახალ პუნქტებს - კონკრეტულად ცესკოს თემაზე იყო საუბარი. აქ იცით პირადად ჩემი პოზიციაც და იცით ჩვენი სამართლებრივი არგუმენტები, რასაც ვერავინ დაუპირისპირა საკუთარი სამართლებრივი არგუმენტები. ვერავინ ვერ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, რომ ცესკოს ოპოზიციონერი წევრი, რომელიც არის, იმავდროულად, ერთ-ერთი რადიკალური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე. როგორ შეიძლება, რაიმე სამართლებრივ ლოგიკაში ჩაჯდეს ეს ყველაფერი. შესაბამისად, მე მიკვირს, რომ ვენეციის კომისია ასეთ რეკომენდაციებს იძლევა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი საპარლამენტო სუვერენიტეტი და, ბუნებრივია, უნდა მივიღოთ მაქსიმალურად სამართლებრივად გამართული და რაციონალური გადაწყვეტილებები ყველა საკითხთან დაკავშირებით. რაც მთავარია, თუ ვინმეს მივცემთ ჩვენ ცესკოში საბოტაჟის საშუალებას, არაფერს აღარ ექნება ფასი. ვიღაცებს შეიძლება, ეს უნდათ, მაგრამ ცესკო უნდა მუშაობდეს გამართულად. ამაზე ვართ პასუხისმგებელი და შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელიც იქნება შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან,“ - განაცხადა კობახიძემ. „ქართული ოცნება“ ცესკოს არალეგიტიმური თავმჯდომარის და წევრებისთვის ცვლის საარჩევნო კანონმდებლობას. აუქმებს ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებინებს „ქართული ოცნების“ პარტიულ ცესკოს. ეს ეწინააღმდეგება ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებს, დემოკრატიული არჩევნების პრინციპს,“ ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. საზოგადოებას მოეხსენება, რომ ევროკავშირში სრული გაწევრიანებისთვის საქართველოს განესაზღვრა 9 ძირითადი მიმართულება. ევროკავშირის დათქმა არის სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს ამ რეკომენდაციას. საარჩევნო ადმინისტრაციას ტოვებს ლეგიტიმაციის კრიზისში და საფრთხეს უქმნის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციისკენ გადასადგმელი 9 ნაბიჯიდან ყველაზე მნიშვნელოვანს არა თუ არ დგამს, დგამს უკან. საარჩევნო ცვლილებები, რომელიც გაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირში დასკვნისთვის, შეფასდა ამ ინსტიტუტების მიერ და ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას უთხრა: „დახიეთ თქვენი საარჩევნო რეფორმა“. ამის პასუხად, ხელისუფლებამ დახია ვენეციის კომისიის დასკვნა. ევროკავშირის გაცხადებული პოზიციით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის არარსებობაა. „ქართული ოცნება“ ცესკოს არალეგიტიმური თავმჯდომარის და წევრებისთვის ცვლის საარჩევნო კანონმდებლობას. აუქმებს ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებინებს „ქართული ოცნების“ პარტიულ ცესკოს. ეს ეწინააღმდეგება ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებს, დემოკრატიული არჩევნების პრინციპს. მიუხედავად ყველა უკანონო მცდელობისა, არჩევნების ბედს გადაწყვეტს ქართველი ამომრჩეველი,“ - აღნიშნა სიორიძემ. პარლამენტი საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება, რომელიც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, „საარჩევნო კოდექსსა” და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში აისახა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააპროტესტა. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქმე ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი საკვანძო საკითხს ეხება, რომელზეც დამოკიდებულია შეძლებს თუ არა საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.