ძებნის რეზულტატი:
კულება: პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს. კულებას განცხადება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Fox News-ის ყოფილ წამყანს ტაკერ კარლსონს მისცა. „დღეს პუტინს საშუალებას აძლევთ, მისი ავადმყოფი გენოციდური პროპაგანდა გაავრცელოს, და მეორე დღეს ის ხარკოვს ბომბავს და რამდენიმე ადამიანს კლავს. რუსებმა ცოცხლად დაწვეს პარალიზებული კაცი და მისი ცოლი, ისევე როგორც ხუთწევრიანი ოჯახი: ახალგაზრდა მშობლები, მათი ოთხი და შვიდი წლის შვილები, და ახალშობილი. პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს. ის უნდა დამარცხდეს, და არა დახმარება გაეწიოს სისხლისმსმელი ტყუილების გავრცელებაში,” - წერს კულება. პუტინი ძველ ტყუილებს იმერეობს, ახალი ვერაფერი ვნახეთ - ევროკომისია
თურქეთმა და ყირგიზეთმა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები გააძლიერეს
თურქეთმა და ყირგიზეთმა ერთობლივ ეკონომიკური კომისიის (JEC) პროტოკოლს და მასთან დაკავშირებულ 62-მუხლიან სამოქმედო გეგმას მოაწერე ხელი. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეტ ილმაზი და ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე აკილბეკ კაპაროვი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეხვდნენ. თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, სამოქმედო გეგმა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას ისახავს მიზნად. სამოქმედო გეგმის გარდა, ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომელიც თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის 1992 წლის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შეთანხმებას ცვლის.
უნგრეთის პრეზიდენტი გადადგა
უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი პოსტიდან გადადგა. ნოვაკი ვადაზე ადრე დაბრუნდა დოჰაში მიმდინარე ვიზიტიდან და მიმდინარე პროტესტის ფონზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ნოვაკმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბავშვთა სახლში განხორციელებული სექსუალური შევიწროების დაფარვაში მსჯავრდებულის შეწყალებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. „მე შეცდომა დავუშვი. შეწყალების გადაწყვეტილებას და დაუსაბუთებლობას, შესაძლოა, გამოეწვია ეჭვები. მე არასდროს შევიწყალებდი მას, ვინც სასტიკად ექცევა ბავშვებს. ბავშვთა დაცვა – ეს ჩვენი საერთო მოვალეობაა,” – განაცხადა ნოვაკმა ვიდეომიმართვისას. რაც შეეხება პრემიერ ვიქტორ ორბანს, ის საჯარო განცხადების დროს გამოვიდა მოწოდებით, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილებები, რომლებიც შეუძლებელს გახდის ბავშვებზე მოძალადეთა შეწყალებას. 46 წლის ნოვაკი პარლამენტმა 2022 წელს აირჩია. ის ერთდროულად იყო უნგრეთის ყველაზე ახალგაზრდა და პირველი ქალი პრეზიდენტი. მანამდე ნოვაკს ოჯახების მინისტრის პოზიცია ეკავა.
თავდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებში საკადრო ცვლილებებია
მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ საკადრო ცვლილებები ორ სამინისტროში - თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა სამინისტროებში განხორციელდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე გიორგი ხაინდრავა სერგო ჯანელიძემ ჩაანაცვლა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია დატოვეს ლელა ჩიქოვანმა და მოადგილემ - გიორგი ბუბუნაურმა. ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ - დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლევან დავითაშვილის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ: მარიამ ქვრივიშვილი, გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე.
ჯანდაცვის სამინისტრო: რესპუბლიკურის 250-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. უწყების განცხადებით, კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. „რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გრძელდება კონსულტაციები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის. მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. პარალელურად, აქტიურად გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკვნის მიხედვით, მწვავე ავარიულია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით. ჯანდაცვის სამინისტრომ 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან აწარმოვა მოლაპარაკებები, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ალტერნატიული დასაქმების შეთავაზებები აქვთ. შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:• ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.• თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.• სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.• სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის,“ წერს ჯანდაცვის სამინისტრო.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 20 პირი, ერთი კი, მხილებულია. უწყების განცხადებით, 1995 წელს დაბადებული გ.ჩ., 1995 წელს დაბადებული ს.ა. და წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული პ.ბ. დააკავეს. „ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 25 ვაზნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 პირი - 1980 წელს დაბადებული ა.მ. და 1988 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდი ამოიღეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული დ.დ., თბილისში დააკავეს. პატრულ-ინსპექტორებმა, დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, "გლოკ"- ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე ბრალდებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1984 წელს დაბადებული გ.ხ., რომლის ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს და დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული ჯ.გ.-ს სამუშაო ადგილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და 10 ვაზნა. ხოლო, 1983 წელს დაბადებული გ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი 2 თოფი, 733 ვაზნა და 20 მჭიდი. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთი პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს. დაკავებულის - 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 7 ვაზნა და მჭიდი, ხოლო მხილებული პირის - 1944 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატი, 3 მჭიდი და 87 ვაზნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის, მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი - 1978 წელს დაბადებული გ.გ., 1950 წელს დაბადებული გ.რ. და 1961 წელს დაბადებული თ.ჯ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო, 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სანადირო თოფი, 2 მჭიდი და 5 ვაზნა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს, საგარეჯოსა და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავეს. პოლიციამ, 1994 წელს დაბადებული კ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 62 ვაზნა ამოიღო. 1965 წელს დაბადებული მ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია გადაჭრილი თოფი და 50 ვაზნა. ხოლო ოპერატიული ღონისძიების შედეგად, სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული ამჟამად პატიმრობაში მყოფი ფ.ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 38 ვაზნა ამოიღეს. გურიის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოსა და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.გ.-ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა, ხოლო, 1982 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ა.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 20 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 64 ვაზნა ამოიღეს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1956 წელს დაბადებული რ.კ., რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 41 ვაზნა.დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,“ წერს შსს.
უკრაინა 40 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით „შაჰედის“ ტიპის 45 დრონი გაუშვეს, უკრაინულმა ძალებმა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 40 დრონი ჩამოაგდეს. კერძოდ, დრონები განადგურდა კიევის, ვინიცას, ჟიტომირის, კიროვოგრადის, მიკოლაივის, ჩერკასის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქებში. საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და რადიოელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.
ზელენსკიმ სახმელეთო ჯარების, გაერთიანებული ძალებისა და საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების ახალი მეთაურები დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა განკარგულებები, რომლებიც გაერთიანებული ძალებისა და საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების ახალი მეთაურების, ასევე, სახმელეთო ჯარების მეთაურად ალექსანდრ სირსკის ნაცვლად ალექსანდრ პავლიუკი დანიშვნას გულისხმობს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტმა სერგეი ნაევი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე იური სოდოლი დაინიშნა. ზელენსკიმ ასევე შეცვალა საჰაერო სადესანტო თავდასხმის ჯარების მეთაური და ამ თანამდებობაზე მაქსიმ მირგოროდსკის ნაცვლად იგორ სკიბიუკი დანიშნა. ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შეცვალა
უკრაინის დაზვერვა ადასტურებს, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე Starlink-ის სატელიტურ სისტემებს იყენებს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა, რომ რუსი ოკუპანტები სულ უფრო ხშირად იყენებენ Starlink-ის სატელიტურ სისტემებს ბრძოლის ველზე. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სადაზვერვო სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. დაზვერვის თანახმად, ოკუპანტების საუბრის ჩანაწერები აჩვენებს, რომ ინტერნეტთან წვდომის დასამყარებლად Starlink-ის ტერმინალები დამონტაჟდა რუსეთის შეიარაღებული ძალების 83-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადის დანაყოფებში, რომლებიც დონეცკის ოლქში, კლიშჩიივკისა და ანდრიივკის მახლობლად მოქმედებენ. უკრაინის დაზვერვის სპიკერმა ანდრი იუსოვმა განაცხადა, რომ ომში რუსული ძალების მიერ Starlink-ის ტერმინალების გამოყენების ფარგლები იზრდება. „იყო შემთხვევები, როდესაც რუსი დამპყრობლები იყენებდნენ ასეთ მოწყობილობებს და ეს უკვე სისტემურად ხდება,“ - განაცხადა იუსოვმა. Starlink-ის ტერმინალები კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა უკრაინელი სამხედროებისთვის. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მათ საშუალებას აძლევს, ეფექტიანად შეასრულონ ისეთი ამოცანები, როგორიცაა, დრონის შეტევის კოორდინაცია და დაზვერვის მონაცემების შეგროვება
მეუფე შიო: უნდა გვინდოდეს უფლის დანახვა და არა ჩვენი საკუთარი მატერიალური ქონების გამრავლების დანახვა
„უფალი გვასწავლის, რომ მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს. ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება,“ განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 36-ე კვირას ქადაგებისას. „სწორედ ამაში მდგომარეობს ღმერთის მსახურებაც, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ... უნდა გვინდოდეს უფლის დანახვა და არა ჩვენი საკუთარი მატერიალური ქონების გამრავლების დანახვა, რაც არის მხოლოდ წუთიერი სიხარული..." „ძვირფასო ძმებო და დებო, ღმერთის მსჯავრი და კანონები სულ სხვანაირია. უფალი გვასწავლის, რომ ამქვეყნად საერო კანონებზე ბევრად მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს. ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება. ზოგჯერ შეიძლება, ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს... უფალი სწორედ ამიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანებში ეს სინდისი აღზარდოს.“ „დღემდე ბევრმა ადამიანმა არ იცის, რას ნიშნავს და რაში მდგომარეობს სულის გადარჩენა. ის მდგომარეობს იმაში, რაც ძალიან კარგად ჩანს სახარებიდან - რომ ადამიანი სრულიად იცვლება, ის სხვანაირი ხდება, ვიდრე იყო ქრისტესთან შეხვედრამდე, ის ხდება ადამიანი, რომლისთვისაც დაწერილ კანონებზე მაღლა დგას სინდისი, სიყვარული და გულმოწყალება,“ განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.
ხაშურში, სოფელ ტაშისკართან, ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან მეწყრული პროცესები განვითარდა, მთის ფერდობიდან მიწის მასა ჩამოიშალა და მდინარეში ჩადიოდა, რაც წყლის დაგუბების და დატბორვის საფრთხეს ქმნიდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ადგილზე მუშაობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები. „ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, ჩამოიშალა მიწის მასა და ხეები. მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეც-ტექნიკით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების ჯგუფები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები. პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, ყველა შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით კოორდინირებულად მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები,“ წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ხაშურის მუნიციპალიტეტში მუშაობენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. მათ მოინახულეს მეწყერსაშიში ადგილები, ის ფერდობი, საიდანაც მიწის მასა წამოვიდა. ახლა მათ დასკვნაზეა დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა ადგილობრივი მცხოვრებლები სახლებში დაბრუნებას. 6 თებერვალს დიდთოვლობის შედეგად ზვავი და მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიღუპა ორი ადამიანი. სტიქიური მოვლენების დროს ხულოს მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი ახალი მეწყერი განვითარდა. ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებიდან 130-მდე ოჯახი გაასახლეს. 7 თებერვალს, გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა, დაიღუპა 9 ადამიანი.
თბილისში მკვლელობა მოხდა
თბილისში, ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.
რუსთავში, "სტამბოლის ბაზარში" მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს, გიორგი ორველაშვილს და მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც საქმის პროკურორი ქეთევან სონიძე აცხადებს, დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრალდებული გიორგი ორველაშვილი ბაზარში ბიძამისთან მუშაობდა, მათ შორის კონფლიქტის გამო, ბიძამ ის სამსახურიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც დანაშაული მოხდა. ოთხი პირის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი კი, აცხადებს, რომ გიორგი ორველაშვილი მოტივებზე არ საუბრობს. ჩემთვის უცნობია თუ რა მიზნით ჩაიდინა მან ეს დანაშაული. ადვოკატის თქმით, დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გარდა, სხვა მოლოდინი სასამართლოსგან დაცვის მხარეს არც ჰქონია. „რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი - გიორგი ორველაშვილის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი სახე, პატიმრობა. სხვა მოლოდინი დაცვის მხარეს დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე არ ჰქონდა. რაც შეეხება გირაოს შემადგენლობას, გუშინ მე გიორგი ორველაშვილთან შევათანხმე პოზიცია იმის თაობაზე, რომ თუ თანხის გადახდას შეძლებდა, მაშინ ამ შუამდგომლობას დავაყენებდით, მაგრამ გიორგი ორველაშვილმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მის ოჯახს ამის საშუალება არ აქვს, არც უძრავი ქონება საკუთრებაში აქვს. გიორგი ორველაშვილი მოტივებზე არ საუბრობს. ჩემთვის უცნობია თუ რა მიზნით ჩაიდინა მან ეს დანაშაული. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში არ იყო, ვინაიდან, დილის საათებში მოხდა [შემთხვევა]. რაც შეეხება ფსიქიკურ პრობლემას, გიორგის ვიზუალურად არაფერი ეტყობა, მაგრამ შინაგანად ადამიანი შეიძლება, იქამდე მივიდეს, იმ ეჭვამდე, რომ რაღაც დოზით დაავადებულია. არსებობს შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადასტუროს იყო, თუ არა გიორგი დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი. როგორც გიორგი ამბობს, სახეზე დაზიანება მიყენებული აქვს დაკავებამდე, რა ვითარებაში, ეს ჩემთვის უცნობია,“ - განაცხადა ელდარ გვალიამ. ინფორმაციისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე სროლის შედეგად ოთხი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრილია და კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული. კაცი ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველებმა 10 თებერვალს, გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. იარაღი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, შსს-ს ცნობით, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო.
„NATO-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება“ - გამოხმაურებები ტრამპის განცხადებაზე
თეთრმა სახლმა ტრამპის განცხადებას „შემაძრწუნებელი და დაუფიქრებელი“ უწოდა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააძლიერა ალიანსი, რადგან მან იცის, რომ ყველა მთავარსარდლის უპირველესი პასუხისმგებლობა ამერიკელი ხალხისა და იმ ღირებულებების დაცვაა, რაც მათ აერთიანებთ. „მკვლელი რეჟიმების მიერ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზე თავდასხმის წახალისება შემზარავი და შეუფერებელია და ეს საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გლობალურ სტაბილურობასა და ჩვენს ეკონომიკას,” განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ენდრიუ ბეიტსმა. NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნებისმიერ თავდასხმას NATO-ზე, ერთიანი და ძლიერი პასუხი მოჰყვება. „ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს რისკის ქვეშ აყენებს,“ - აღნიშნავს NATO-ს გენერალური მდივანი. ტრამის კომენტარს უგუნური უწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. „ტრანსატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერდა ამერიკელების, კანადელებისა და ევროპელების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას 75 წლის განმავლობაში. NATO-ს უსაფრთხოებისა და (მუხლი) მეხუთე სოლიდარობის შესახებ უგუნური განცხადებები ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს და მას არ მოაქვს მსოფლიოსთვის მეტი უსაფრთხოება ან მშვიდობა," აღნიშნა შარლ მიშელმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტობა სურს, ამბობს, რომ ის „წაახალისებდა“ რუსეთს, დაარტყას აშშ-ის რომელიმე NATO-ელ მოკავშირეს, რომლებიც, მისი აზრით, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს. 24 თებერვალს, სამხრეთ კაროლინაში კამპანიის დროს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის დახმარება, ისევე როგორც NATO არსებობა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ NATO-ს ერთ-ერთი შეხვედრაზე, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაურს უთხრა, რომ აშშ არ დაიცავდა არცერთ ქვეყანას, რომელსაც არ შეუსრულებია ვალდებულება. „მე ვკითხე, არ გადაგიხდიათ? არა, მე არ დაგიცავთ. ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ თქვენი გადასახადები,“ - აღნიშნა ტრამპმა. 2016 წლის კამპანიის დროს ტრამპმა დასავლელი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ შეერთებულმა შტატებმა, მისი ხელმძღვანელობით, შესაძლოა, უარი თქვას NATO-ს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე და დაიცვას მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც მშპ-ს 2%-ს ხარჯავენ. 2022 წლის მდგომარეობით, NATO-ს ახლანდელი 31 წევრი ქვეყნიდან შვიდი ასრულებდა ამ ვალდებულებას. 2014 წელს მხოლდ სამი ქვეყანა იყო ასეთი. 2022 წელს რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, NATO-ს ზოგიერთ ქვეყანაში ხარჯების კიდევ უფრო გაზრდა აიძულა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა „არ მოაწერს ხელს „როსგვარდიასთან“ ხელშეკრულებას“
„რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიასა და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება „არ ექვემდებარება ხელმოწერას,“ აცხადებს ოკუპირებული რეგიონის შსს-ს ხელმღვანელი, რობერტ კიუტი. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს უწყებაში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობაში, არ არიან ადამიანები, რომლებიც იმოქმედებენ და პროფესიული საქმიანობას შეასრულებენ აფხაზეთის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისა ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ,“ - განაცხადა კიუტმა. დე ფაქტო მინისტრის მტკიცებით, აფხაზეთი არის „სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო“ და ამ სტატუსს 30 წელია, იცავენ. „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას უცხო სახელმწიფოს ძალოვანმა სტრუქტურებმა,“ - აღნიშნა კიუტმა. რამდენიმე დღის წინ მედიაში გამოქვეყნდა ოკუპირებული რეგიონის შსს-სა და „როსგვარდიას“ შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელსაც წინააღმდეგობა მოჰყვა ოპოზიციისა და საზოგადო მოღვაწეების მხრიდან. კრიტიკოსების აზრით, შეთანხმებით შესაძლებელი ხდებოდა აფხაზეთის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა.
არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი რომის პაპ ფრანცისკეს პირველად შეხვდა
არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი რომის პაპ ფრანცისკეს პირველად შეხვდა. შეხვედრა წმინდა პეტრეს ტაძარში შედგა, მესაზე, როდესაც არგენტინის პირველი ქალი წმინდანად შერაცხეს. „დიდი მადლობა...!!!" მილეიმ რომის პაპთან შეხვედტრის ამსახველი ფოტო ინსტაგრამზე ამ წარწერით გამოაქვეყნა. მილეი ორშაბათს, 12 თებერვალს პირადად უნდა შეხვდეს რომის პაპს, მანამდე კი, მოლაპარაკებები ექნება იტალიის ულტრამემარჯვენე პრემიერ ჯორჯია მელონისთან და ქვეყნის პრეზიდენტთან. როგორც Associated Press წერს, ოდესღაც ხავიერ მილეიმ რომის პაპს "იმბეცილი" უწოდა, რადგან მისი შეფასებით, რომის პაპი "სოციალური სამართლიანობის" იდეებს იცავს. მოგვიანებით, მილეიმ ბოდიში მოიხადა იმ შეურაცხყოფისა და კრიტიკისთვის, რომელიც მან ადრე საჯაროდ გამოთქვა რომის პაპის მიმართ.
მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზით გადადო - მედია
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზით გადადო. ამის შესახებ „ევროპის ხმა“ გამოცემა Challenges-ზე დაყრდნობით იტყობინებ. აღნიშნულია, რომ 13 და 14 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი უკრაინაში გადაიდო. მოსალოდნელი იყო, რომ ვიზიტის დროს მაკრონს უსაფრთხოების გარანტიებზე ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შესახებ უნდა გამოეცხადებინა. 17 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გამოაცხადა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ათობით შორ მანძილზე მოქმედი SCALP-ის ტიპის რაკეტების გადაცემა დაჰპირდა. საფრანგეთის პრეზიდენტს უნდა გამოეცხადებინა 200 მილიონი ევროს ფონდის შექმნის შესახებ.
იაპონია უკრაინას აღდგენისთვის 106 მილიონ დოლარს დაჰპირდება - მედია
იაპონია უკრაინას აღდგენის 106 მილიონ აშშ დოლარს დაჰპირდება, მათ შორის, განაღმვისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ამის შესახებ Kyodo News წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება იაპონიის ჩართულობის შესახებ, სავარაუდოდ, 19 თებერვალს, ტოკიოში იაპონია-უკრაინის ეკონომიკური აღმშენებლობის კონფერენციაზე გახდება ცნობილი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე ბიზნესი იაპონიიდან და უკრაინიდან. კონფერენციაზე უკრაინა და იაპონია ასევე ხელს მოაწერენ 10-ზე მეტ თანამშრომლობის მემორანდუმს, იტყობინება Kyodo News. 7 იანვარს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და პირობა დადო, რომ 37 მილიონი დოლარი გამოიყოფა უკრაინისთვის დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობის შესაძენად. თანხა NATO-ს ფონდში გადაირიცხება. „იაპონია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი პარტნიორია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობებისთვის," - განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ბორელი: ჩვენ არ შეგვიძლია სანქციების დაწესება მესამე ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან
Bloomberg-ის თანახმად, რუსეთის ნავთობის ექსპორტის 45%-ზე მეტს მართავდა ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“, რომელიც ევროპული და ამერიკული სანქციების გვერდის ავლისთვის შეიქმნა. რუსეთმა ასევე შეცვალა თავისი სავაჭრო გზები და მიჰყიდა ნახშირწყალბადები ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, რომლებსაც სანქციები არ ეკისრებათ. ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა უპასუხა. „ევროპული სანქციები არ არის ექსტრატერიტორიული, ჩვენ შეგვიძლია, სანქციები დავაწესოთ ჩვენს სუბიექტებზე, რადგან ისინი ექვემდებარებიან ჩვენს კანონს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია სანქციების დაწესება მესამე ქვეყნებზე,“ - აღნიშნა ბორელმა. როგორც უკრაინული მედია წერს, ყირგიზეთი - მოსკოვის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გაერთიანების წევრი, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომლის მეშვეობითაც, სამხედრო და არასამხედრო ტექნოლოგიები ახლა შედის რუსეთში, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით.
თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ძმები: 1987 წელს დაბადებული ე.ბ. და 1985 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს, თბილისში, ნაცნობზე - 1977 წელს დაბადებულ ფ.კ. - ზე მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისსავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი, ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.