ძებნის რეზულტატი:

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 9 თებერვლის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6573 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8584 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8632 ლარს შეადგენდა.  

ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალს ეწვია

ბათუმში, მინერალური სასუქების ტერმინალს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ეწვია.   საპატიო სტუმარს Wondernet Express Investment Group-ის დამფუძნებელმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა და გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა ბათუმის სასუქების ტერმინალი და მისი მუშაობის პრინციპი გააცნეს. ასევე, განიხილეს ლოგისტიკური დერეფნის მნიშვნელობა და მისი, კიდევ უფრო განვითარების გზები.   შეგახსენებთ, 2021 წლის ივნისში, ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი გაიხსნა. უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია ,,Trammo“ და კომპანია ,,Wondernet Exspress Investment Group.“  

ყაზახეთისა და საბერძნეთის პორტები შუა დერეფნის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ

ყაზახეთის ელჩი საბერძნეთში ერლან ბაუდარბეკ-კოჟატაევი, საბერძნეთის ქალაქ პირეუსის მერს ჯანის მორალისს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა  ქალაქებს აქტაუსა და პირეუსს შორის თანამშრომლობის დამყარების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მერმა მორალისმა ელჩს საბერძნეთის უდიდესი პორტის ზრდის სტრატეგიები გააცნო.  ელჩმა ბაუდარბეკ-კოჟატაევმა ხაზი გაუსვა ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის პოტენციურ თანამშრომლობას, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასაუმჯობესებლად, აქტაუს და კურიკის საზღვაო პორტების გამოყენებით. მორალისმა Aktau-სთან გრძელვადიანი პარტნიორობის გაძლიერების მიმართ ინტერესი გამოხატა, განსაკუთრებით ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების მიმართულებით. პირეუსი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირებისთვის გადამწყვეტი ცენტრია, მეოთხე უდიდესი ევროპული პორტია როტერდამის, ჰამბურგისა და ანტვერპენის შემდეგ. მისი წლიური გამტარუნარიანობა 25 მილიონ ტონას შეადგენს. გარდა ამისა, პირეუსი, როგორც საბერძნეთის მთავარი სამგზავრო პორტი, ყოველწლიურად თითქმის 18 მილიონ მგზავრს ემსახურება. შეგახსენებთ, შუა დერეფანი ჩინეთისა და ევროკავშირის საკონტეინერო სარკინიგზო სატვირთო სისტემებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის გავლით აკავშირებს. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. ცნობისთვის, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

დეკანოზმა შალვა კეკელიამ სამღვდელოებასთან ერთად, კლუბ „ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისი ჩაატარა

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ მრევლთან ერთად, 19 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კლუბ „ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისი ჩაატარა. „ბასიანთან“ შეკრებილები იყვნენ სასულიერო პირები და მოქალაქეები. მამა შალვა მიიჩნევს, რომ 19 წლის გოგო კლუბურმა ნარკოტიკმა იმსხვერპლა და დაუშვებელია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ სამომავლოდ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა რომ არ განმეორდეს, აუცილებელია, საზოგადოება გონს მოეგოს და კლუბებში ნარკოტიკული ნივთიერებები აიკრძალოს. მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემაზე საჭიროა დისკუსიები. „ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამშობლოსთან, ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ მოგვიტანია დღემდე, ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს. დღევანდელი დღისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ ქართველები ვმდგარიყავით, უამრავი სისხლი დაღვარეს ჩვენმა წინაპრებმა. უამრავი ადამიანი შეეწირა ჩვენი ქვეყნის მთლიანობას. უამრავმა ადამიანმა იბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენ ღირსება, პატივი, ეროვნულობა ტრადიციები გვქონოდა. დასაცინად არ ღირს ის, რომ თურმე ასეთი საუბარი არ შეიძლება, თურმე არ შეიძლება ვისაუბროთ პატრიოტიზმზე, ქვეყანაზე, ეროვნულობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ის ახალგაზრდები ჩვენი შვილები არიან. ყველანი ღმერთის შვილები ვართ, ეს უნდა გაიაზროს მთავრობამ, ოპოზიციამ. თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით. ჩვენ დასაღუპი შვილები არ გვყავს. რატომ გადავწყვიტეთ, რომ შევკრებილიყავით? სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა არის ძალიან გამარტივებული. ამ ნარკოპოლიტიკას ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა,“ - განაცხადა მამა შალვამ. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე არცერთი ტელევიზია არ საუბრობს. "მეწყერი რომ მოწყდება იმაზე ეუბნებიან მთავრობას, ადამიანი რატომ მოკვდაო, გამოძიება იწყება და ადამიანი რომ დაიღუპა, ამაში სახელმწიფომ არავინ დაადანაშაულა იმიტომ, რომ სახელმწიფოც და ოპოზიციაც ამაშია ჩართული,“ - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ. კლუბ „ბასიანის“ განცხადებით, 19 წლის გოგო, რომელიც გარდაიცვალა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გახდა შეუძლოდ. როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალგაზრდას პირველადი დახმარება მომენტალურად გაეწია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერც კლინიკაში შეძლეს. 2018 წლის 12 მაისს ღამით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლუბებში ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ სპეცოპერაციები ჩაატარა. "ბასიანსა" და "კაფე გალერიში" შეიარაღებული სპეცრაზმელები შევიდნენ. მასინ პოლიციელებმა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 8 პირი დააკავეს, მათგან ერთი უშუალოდ კლუბის ტერიტორიაზე. ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს თბილისში ფართომასსტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო.  

ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან მუშაობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით, როცა ისინი დემოკრატიული, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. „ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს! ჩვენ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან მუშაობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით, მაშინ როცა ისინი დემოკრატიული, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან,“ - წერს ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს  

ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შეცვალა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შეცვალა. გენერალ-ლეიტენანტ სერჰი შაპტალას ნაცვლად ეს თანამდებობა დაიკავა გენერალ-მაიორმა ანატოლი ბარგილევიჩმა. ამის შესახებ ზელენსკისმ საღამოს მიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბარგილევიჩის კანდიდატურა წამოაყენა უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალმა მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ. შეიარაღებულ ძალებში გადაადგილებებამდე ბარგილევიჩს ტერიტორიული დაცვის ძალების ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. RBC-Ukraina-ს ცნობით, ბარგილევიჩი 2022 წელს კიევის თავდაცვისას გოსტომელის მიმართულებას კურირებდა. იქ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა ხელში ჩაიგდო აეროდრომი, რომელიც სავარაუდოდ, საჰაერო-სადესანტო ძალების გადასროლისთვის უნდა გამოეყენებინათ. რუსეთის ჯარებმა ვერ მოახერხეს მისი გამოყენება. ზელენსკიმ ბარგილევიჩს უწოდა გამოცდილი ადამიანი, რომელსაც ესმის ომის ამოცანები და მიზნები. 8 თებერვალს ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი შეცვალა.  

ბაიდენმა და შოლცმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თეთრ სახლში მიიღო, სადაც ორმა ლიდერმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა „უნდა ითამაშონ როლი“ გლობალური მშვიდობის შენარჩუნებაში. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესი კვლავ გააკრიტიკა მის მიერ წარდგენილი პაკეტის გარშემო შეთანხმების ვერმიღწევის გამო, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინის დახმარებას. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს კიევისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების ხელმძღვანელობისთვის. შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი უკრაინის დახმარების პაკეტს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ხუთშაბათს საღამოს ამერიკელ სენატორებთან შეხვედრამ დაარწმუნა ის, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტებს აშშ-ის კონგრესში, ესმით უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი, წარმომადგენელთა პალატა, თქვენ მოგისმენთ და საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს,“ - განუცხადა ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის დახმარების საკითხში გერმანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. „ახლა, როგორც დანარჩენ ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე უნდა მოხდეს,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ახსენა ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან და მას "სასაცილო" უწოდა. ამასთან დაკავშირებით შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინი ყოველთვის ბევრს იტყუება ამ ომის ისტორიაზე და რეალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის წართმევას მეზობელი ქვეყნებისთვის. ამიტომ, შოლცი თვლის, რომ „აუცილებელია, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას და მიეცეს მას საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი.“ „ეს ინტერვიუ "მხოლოდ დაცინვაა რეალური ქმედებებისა, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში განახორციელა, და ავრცელებს სრულიად აბსურდულ ამბავს ამ ომის მიზეზების შესახებ. ომის "ძალიან მკაფიო მიზეზი" იყო კრემლის ლიდერის სურვილი, მოეხდინა უკრაინის ნაწილის ანექსია. ყველა სხვა ამბავი, რომელსაც ამაზე ჰყვებიან, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სწორედ ეს იყო მისი იმპერიალისტური ძალისხმევის მიზანი," - ამბობს გერმანიის კანცლერი. უკრაინის დაფინანსების შესახებ შეშფოთების ფონზე, ბაიდენი შოლცს უმასპინძლებს  

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხება სამინისტროს მიერ, გასული წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ. „კონკურენციის სააგენტო, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს, 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ სწავლობს. სააგენტო დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი, კომპანიების მხრიდან, არასამართლიანი ფასის ან სხვა, არასამართლიანი სავაჭრო პირობების ფიქსირებას. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, აღნიშნულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი უკვე გაავრცელა, რის შემდეგადაც წამლების ფასი შემცირდა. შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კიდევ ერთი საქმის მოკვლევა, დეკემბრის ბოლოს დაასრულა. მოკვლევის შედეგად დაადასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ ქმედებასა და კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევას. კერძოდ, „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები განსაზღვრეს. კონკურენციის სააგენტომ, სამართალდამრღვევი ფარმაცევტული კომპანიები, 52 797 934 ლარით დააჯარიმა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 2023 წლის დეკემბერში კონკურენციის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანია, "პსპ", "ავერსი", "გეფა" და "მერმისი", ჯამში, 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. ფარმაცევტული კომპანიები ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.  

უკრაინა 23 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 23 დრონი ჩამოაგდეს. 10 თებერვლის ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ის ტიპის 31 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 23 უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს. რუსეთის ძალების შეტევების ძირითად მიმართულებებს ხარკოვისა და ოდესის ოლქები იყო. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ 73 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით 76 შეტევა განახორციელეს. სულ, ფრონტის ხაზზე 111 სამხედრო შეტაკება მოხდა.  

პიტერ სტანო: ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ, როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გავლენას შავი ზღვის რეგიონში

ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს. ბლოკი ძირითადი ტენდენციებისა და აღმოჩენების იდენტიფიცირებას გეგმავს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მომავალ ხედვაზე, შავი ზღვაში პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ. როგორ თანამშრომლობს ევროკავშირი აშშ-სთან, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტრატეგიის მიმართულებით. ცნობილია, რომ აშშ მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე, რათა შავი ზღვა გახდეს უფრო მჭიდრო ზონა ეკონომიკური ჩართულობისთვის. რა გეგმები აქვს ამ მიმართულებით ევროკავშირს, ამ საკითხით დაინტერესდა Europetime და შესაბამისი შეკითხვით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერს, პიტერ სტანოს მიმართა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა Europetime-ს განუცხადა, რომ ევროკავშირი და აშშ იზიარებენ საერთო ინტერესებს რეგიონში. „ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის გავლენას შავი ზღვის რეგიონში  - როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ ასევე ვეხმარებით რეგიონს ამ ომის უფრო ფართო შედეგებთან გამკლავებაში. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ ბევრი ფორუმის ფარგლებში, მათ შორის, ევროკავშირი-აშშ უსაფრთხოებისა და თავდაცვის დიალოგის ფორმატში, გაეროს, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში და ა.შ. ევროკავშირი და აშშ იზიარებენ საერთო ინტერესებს რეგიონში, რათა: (1) გაზარდონ კოორდინაცია პარტნიორებთან; (2) გააღრმაონ ეკონომიკური კავშირები; (3) გააძლიერონ ენერგეტიკული უსაფრთხოება; (4) მხარი დაუჭირონ დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერების ძალისხმევას, მათ შორის, ცრუ ნარატივებთან და რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად პროპაგანდასთან ბრძოლას, ჩვენი საერთო ღირებულებების შესაბამისად; (5) მხარი დაუჭირონ პარტნიორებს რეგიონში, რათა გააძლიერონ მათი მედეგობა მზარდი ჰიბრიდული და კიბერ გამოწვევების მიმართ,“ აღნიშნავს პიტერ სტანო. ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს

სტოლტენბერგი: დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთთან დაპირისპირებისთვის

„დასავლეთი არ ისწრაფვის რუსეთთან ომისკენ, მაგრამ მაინც უნდა მოვემზადოთ კონფრონტაციისთვის, რომელიც შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს,“ განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გაზეთ Welt Am Sonntag-თან, 10 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. მისი თქმით, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, არ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსული აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის მხარდაჭერისა და NATO-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაა საჭირო, რადგან რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის თავის ეკონომიკას უკვე ამზადებს. „ჩვენ სამრეწველო ბაზის სწრაფად აღდგენა და გაფართოება გვესაჭიროება, რათა უკრაინისთვის მიწოდება გავზარდოთ და ჩვენი საკუთარი რეზერვები შევავსოთ. ეს მშვიდობიან პერიოდში ნელი წარმოებიდან სწრაფ წარმოებაზე გადასვლას ნიშნავს, როგორც ეს კონფლიქტის დროს არის აუცილებელი,“ განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. ცნობისთვის, რუსთთან შესაძლო ომის შესახებ გაფრთხილებები ევროპელი აქტორებისგან სულ უფრო ხშირად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. ამასთან, გენერალმა პატრიკ სანდერსმა ოთხშაბათს ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მოახდინოს „ერის მობილიზება“ რუსეთთან ომისთვის მოსამზადებლად. Politico-ს ცნობით, მან ამის შესახებ ლონდონში, ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ უჭერს მხარს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, სანდერსმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საზოგადოების მზადყოფნის შესაძლებლობას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის.  

რუსთავში, "სტამბოლის ბაზარში" მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი, ბრალდებულის ძმას ეკუთვნოდა. ის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვას გულისხმობს. 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ორველაშვილის ადვოკატის, ელდარ გვალიას განცხადებით, დაკავებულს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. რუსთავის ბაზარში მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო  

ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი

ყაზახეთმა მოუწოდა ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი). ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. კერძოდ, აღნიშნული თემა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რომან ვასილენკოსა და ბელგიისა და ნიდერლანდების ელჩთან შეხვედრაზე განიხილეს.  როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შუა დერეფანი ხსნის ახალ პერსპექტივებს ყაზახეთსა და ევროპას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთქმედების გაფართოებისთვის. ვასილენკომ თანამოსაუბრეებს ასევე გააცნო ყაზახეთის ინიციატივები რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გარემოს დაცვის, წყლის რესურსების და სხვა მიმართულებით. ყაზახეთისა და საბერძნეთის პორტები შუა დერეფნის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა  

6 თებერვლის შემდეგ 94 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილებში - გარემოს ეროვნული სააგენტო

სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გეოლოგების 8 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორი, 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და ერთი - შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში დაფიქსირებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთში მეწყერები. „6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. ამ დროისათვის შიდა ქართლში (სოფელ ტაშისკარშის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც ადგილი ჰქონდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესის განვითარებას, სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა თავიდან იქნებ აცილებული სტიქიის შემდგომი განვითარების რისკები. აღსანიშნავია, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების (ბაღდათი, ხაშური, გორი, ლანჩხუთი, ვანი, სამტრედია, ჭიათურა, ხულო, ქედა) მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიამ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 130-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე თოვლის შვავის ჩამოსვლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, თოვლის ნამქერის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა)  მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  

კობახიძე: ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოს გაეცნო. მისი თქმით, „სადაც არის განსახლება საჭირო, ხელისუფლება მიიღებს შესაბამის ზომებს და ასევე იქნება კომპენსაციების შემთხვევაშიც.“ „ვიყავით სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე, გავეცანით ვითარებას. როგორც იცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველა ზომა იქნება მიღებული, სადაც არის განსახლება საჭირო, ასევე კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება დღეს-ხვალ უკვე, საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ, სოფლის მოსახლეობას მივუსამძიმრეთ, პირადად მივუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ამ შემთხვევაშიც იყო ძალიან რთული შემთხვევა, თუმცა, ზოგადად, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებში იმყოფებოდა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ირაკლი კობახიძესთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ირაკლი კობახიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებსაც გაეცნო. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.  

შვეიცარიის პრეზიდენტი: თავდაცვისუნარიანობა უნდა გავაძლიეროთ

შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამჰერდმა ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამერდი ესტონეთსა და ნორვეგიაში ვიზიტით იმყოფებოდა. „NATO-ს ორივე წევრმა დიდი შეშფოთება გამოხატა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო,“ განუცხადა ამჰერდმა შვეიცარიულ საინფორმაციო სააგენტოს Keystone-SDA-ს მოგზაურობის ბოლო დღეს. ესტონეთი კიდევ უფრო დაზარალდა რუსეთთან სიახლოვის გამო, მაგრამ ასევე ისტორიული მიზეზების გამო. ამიტომ ქვეყანა ასევე აფართოებს თავის თავდაცვის შესაძლებლობებს, განმარტა შვეიცარიის პრეზიდენტმა. იანვარში ბალტიისპირეთის სამმა სახელმწიფომ, ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ ასევე გამოაცხადეს, რომ ერთობლივი თავდაცვის ხაზს შექმნიან რუსეთთან და ბელორუსთან საზღვარზე. ამჰერდი თვლის, რომ შვეიცარიამ უნდა ისწავლოს ამ გამოცდილებიდან და გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები. „არმია ბოლო 30 წლის განმავლობაში განადგურებული იყო და ცხადია, რომ ამის გამოსწორება ხუთ წელიწადში და გაზრდილი რესურსების გარეშე შეუძლებელია,“ - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ NATO-ს ქვეყნების მიერ თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოების მაგალითზე, შვეიცარიამ შესაბამისი გაკვეთილები უნდა მიიღოს. ამასთან, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა, მარკუს მედერმა განაცხადა, რომ შვეიცარიამ NATO-ს ქვეყნებთან ინფორმაცია და გამოცდილება უნდა გაცვალოს. ასევე, გადახედოს იმას, შეუძლიათ თუ არა შვეიცარიის სამხედროებს ალიანსის ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობა.  

კანადელმა ინსტრუქტორებმა თითქმის 40,000 უკრაინელი რეკრუტი მოამზადეს

კანადის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა ფოტოები, რომელიც ასახავს, თუ როგორ ამზადებენ მათი ინსტრუქტორები უკრაინელ დამცველებს, განაღმვის და საინჟინრო უნარების გამოყენებისთვის. „კანადელი ჯარისკაცები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასწავლიან სპეციალიზებულ უნარებს, როგორიცაა, საინჟინრო დაზვერვა, დაბრკოლებების გარღვევა და განაღმვის ოპერაციები,“ - ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში, 2015 წლიდან კანადელმა ინსტრუქტორებმა თითქმის 40,000 უკრაინელი რეკრუტი მოამზადეს.  

მაია სანდუ: არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე წელიწადში, დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების “გეოპოლიტიკური შესაძლებლობა” გაჩნდება

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ არ გამორიცხა, რომ „მომავალ რამდენიმე წელიწადში, დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების “გეოპოლიტიკური შესაძლებლობა” გაჩნდება.“ ტელეარხ Moldova 1-თან სანდუმ განაცხადა, რომ ძირითად პრობლემად დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ყოფნა რჩება. მანე აღნიშნა, რომ „კრემლის მსახურები” გამოხატავენ შეშფოთებას მოლდოვის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. მაგრამ მოლდოვის ნეიტრალურ სტატუსს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია არღვევს. არცერთი სხვა ქვეყანა არ არღვევს ნეიტრალიტეტს.“ „ჩვენთვის ძირითად მიზნად ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. საკითხების ეტაპობრივად მოგვარებას ვცდილობთ, განსაკუთრებული ხმაურის გარეშე… მარცხენა სანაპიროს [დნესტრისპირეთის] მცხოვრებლებს ასევე მშვიდობა სურთ, ახლა შეშინებულები არიან, ვინაიდან რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. უკვე ვნახეთ ომის დასაწყისში ახალგაზრდა ადამიანები როგორ გადმოდიოდნენ მარცხენა სანაპიროდან მარჯვენაზე, იმის შიშით, რომ უკრაინის წინააღმდეგ საომრად გაგზავნიდნენ. იქ ისევე სურთ მშვიდობა, როგორც აქ. ევროინტეგრაციის [დადებითი] ეფექტების დემონსტრირებას მოვახდენთ და ვერ წარმოვიდგენ, იქ როგორ შეიძლება, უარი თქვან ევროინტეგრაციაზე,” - განაცხადა სანდუმ.  

რა საკითხები განიხილეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ფრანგმა კოლეგამ ემანუელ მაკრონმა განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია და უკრაინის თავდაცვის საჭიროებები. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამ არხზე დაწერა. „სატელეფონო ზარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან. გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე ფრანგი ჰუმანიტარული მუშაკების ახლობლებს, რომლებიც დაიღუპნენ ხერსონის რეგიონზე რუსეთის თავდასხმის შედეგად და ვუსურვე დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება," - დაწერა ზელენსკიმ. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს და შეერთებულ შტატებს „საარტილერიო კოალიციის ამოქმედებისთვის, რომლის ფარგლებშიც პარიზი დაამზადებს და გადასცემს უკრაინას „კეისრის“ ტიპის ათეულობით საარტილერიო სისტემასა და მისთვის განკუთვნილ ჭურვებს. „გარდა ამისა, ვისაუბრეთ ვილნიუსის სამიტის ფარგლებში მიღებული დეკლარაციის შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტის მომზადებაზე. ევროპის წამყვანი ქვეყნების მიერ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების აქტიური მომზადება აჩვენებს ევროპის ლიდერობას, მოტივაციას აძლევს უკრაინულ საზოგადოებას, უკრაინელ ჯარისკაცებს და უგზავნის მძლავრ სიგნალებს რუსეთს, უკრაინის მიმართ ევროპის ურყევი მხარდაჭერის შესახებ,“ - განაცხადა ზელენსკიმ. საფრანგეთი უკრაინას ადგილობრივ დონეზე სამხედრო წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება საფრანგეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას 13 იანვარს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება. მაკრონი კიევში უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს, საფრანგეთი უკრაინას შორის რადიუსის რაკეტებს მიაწვდის.