ძებნის რეზულტატი:
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევ შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკომისიამ 50 მილიარდი ევროს დახმარების ფარგლებში, უკრაინისთვის პირველი ტრანშის გადაცემის შესახებ გამოაცხადა
ახალი 50 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პირველი ტრანში უკრაინას მარტის დასაწყისში გადაეცემა. სამეზობლობ პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თქმით, შემდგომი დახმარება კიევში რეფორმების პროგრესით არის განპირობებული. მისი თქმით, უკრაინას დახმარება სჭირდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება შეერთებულ შტატებში. ამ გზით ევროკავშირი დაუბრუნდება გზას და დაეხმარება უკრაინას, გაუმკლავდეს ფინანსურ სირთულეებს. ვარჰეი ამბობს, რომ ევროკავშირის დაფინანსება მხოლოდ დახმარება არ არის. ევროკავშირის დაფინანსება ეფუძნება პირობებსა და შედეგებს. „ასე რომ, არსებითად, ევროკავშირს ახლა სჭირდება სანდო გეგმა, რეფორმის გეგმა უკრაინისგან. ყველაფერი თითქმის მზადაა,“ აცხადებს ვარჰეი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. პირველ თებერვალს ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. 5 თებერვალს, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას უკრაინის აღდგენისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად ახალი ინსტრუმენტის, უკრაინის მექანიზმის შექმნის შესახებ. დოკუმენტს ევროპარლამენტი 2024 წლის 26-29 თებერვალს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე დაამტკიცებს.უ კრაინა მარტში 4,5 მილიარდ ევროს პირველ ტრანშს მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სურს, მიიღოს 18 მილიარდი ევრო პროგრამის პირველი ორი წლის განმავლობაში.
ნორვეგია უკრაინისთვის მეტი NASAMS-ის გაგზავნას გეგმავს
ნორვეგიის მთავრობამ პარლამენტს შესთავაზა, მწარმოებელს შეუკვეთოს NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მეტი გამშვები და სხვა აღჭურვილობა, რათა ისინი უკრაინას გაუგზავნოს. ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, საერთო ჯამში შეკვეთის ინვესტიცია 300 მილიონ ევროზე მეტს მიაღწევს. ამავდროულად, მინისტრი შეშფოთებულია, რომ ნორვეგია რაც შეიძლება სწრაფად იძენს საჰაერო თავდაცვის სისტემებს საკუთარი თავდაცვისთვის. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ლიეტუვის მიერ შეძენილი NASAMS-ისთვის ორი გამშვები მიიღეს.
ცესკოში ოპოზიციიდან დანიშნული მოადგილის პოზიცია უქმდება - პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში”ცვლილება მეორე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილება მეორე მოსმენით, 81 ხმით მიიღო. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტი დეპუტატებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ წარუდგინა. კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება. კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები. ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს. ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს. გასულ წელს პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნა. ვენეციის კომისიამ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს დასკვნა წარუდგინა, თუმცა გივი მიქანაძის განცხადებით, დასკვნა დაცლილია სამართლებრივი არგუმენტაციისგან. მისი თქმით, ცესკოს დაკომპლექტების წესში განხორციელებულმა ცვლილებებმა მხოლოდ ის მოიტანა შედეგად, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა 6-თვიანი ვადით ხდება. მისივე მოსაზრებით, 6-თვიანი მოდელი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს. „ჩვენ დავსვით მარტივი კითხვა, რომელ ქვეყანაში გინახავთ მოდელი, რომლის მიღებასაც გვთავაზობენ და რომლის გათვალისწინებით ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს, ფაქტობრივად, 6 თვით ვირჩევთ. 6 თვით დანიშნული ადამიანები რამდენად უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობის პრინციპს, ვიდრე 5 წლის ვადით არჩეულები? პასუხი იყო ცალსახა, რომ არ არსებობს მსგავსი მოდელი. არცერთი არგუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი, თუ რატომ უნდა დაინერგოს ჩვენთან ასეთი მოდელი. ორწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ არსებულმა მოდელმა ვერ გაამართლა,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ. პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ოპოზიციიდან დაინტერესდნენ, ახალი ცვლილებები უზრუნველყოფს თუ არა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული „ცხრა ნაბიჯით" გათვალისწინებული პირობის შესრულებას. „ევროკავშირის მოთხოვნას ეს ცვლილება აკმაყოფილებს თუ არა? ევროკავშირმა გვითხრა, რომ მათი მოთხოვნაა ვენეციის კომისიის ყველა მოთხოვნის შესრულება," - მიმართა მომხსენებელს „ლელო"-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, თუკი ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის და ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებს, ეს ნიშნავს, რომ ის არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებას. ოპოზიციას უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა და განაცხადა, რომ „ვენეციის კომისიამ ნამდვილად პოლიტიკური რეკომენდაცია გასცა და მას არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს... აშკარად შეცდომა არის დაშვებული." მისი თქმით, გასული წლის ზაფხულში კანონმდებლობა იმის გამო შეიცვალა, რომ საქართველოში არ იმუშავა მიღებულმა წესმა. ირაკლი კობახიძე: ვერავინ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, ცესკოს ოპოზიციონერი წევრი ერთ-ერთი რადიკალური პარტიდან, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე ოპოზიციურმა პარტიამ „ლელომ“ კანონპროექტში ოპოზიციის კვოტით დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის გაუქმების შესახებ ჩანაწერი გააპროტესტა. „თქვენ აიღეთ და ვენეციის კომისიის დასკვნა გადააგდეთ ნაგვის ყუთში. ამის შედეგი არის ის, რომ ევროკომისია იტყვის, რომ რეკომენდაცია შესრულებული არ არის. ამ რეკომენდაციის ჩაგდება იქნება თქვენი პასუხისმგებლობა,“ მიმართა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე . ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ საქართველოს წინაშე წარდგენილ „ცხრა ნაბიჯში" არჩევნების საკითხზე წერია: „თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე; საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა." ამასთან, ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა 2023 წლის ზაფხულში მიღებული ცვლილებებიც და აღნიშნა: „ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილების პარლამენტის თავმჯდომარისგან კვლავ საქართველოს პრეზიდენტის გადასცეს." „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანა „ქართულმა ოცნებამ", მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ აირჩია. თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია კი მისაღებ კანდიდატურაზე შეთანხმებას ვერ ახერხებდა. ამის გამო, გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში ხელმძღვანელობდა. 2023 წლის ივნისში „საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. მანამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა კონკურსს და ქმნდა კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს კი, წარუდგენდა პარლამენტს. ცვლილებების შედეგად, კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის უფლებამოსილება, პირველ ეტაპზე პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა. ივნისის ცვლილებებით, 100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრები 76 ხმით არჩევა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.
ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს გულითადად მოგილოცოთ. სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე. იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში,“ - ნათქვამია ოლაფ შოლცის მისალოც წერილში. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი პრემიერის რანგში 20-21 თებერვალს ბრიუსელში შედგება.
ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. ახალ მინისტრს თავდაცვის სამინისტროში დახვდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, სარდლები, გენერალური შტაბის დეპარტამენტების უფროსები და სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ. „პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ღირსეული სამსახურისთვის, ქვეყნის წინაშე ერთგულებისთვის და თითოეულ ჯარისკაცს თანადგომა აღუთქვა. ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრის მდიდარი პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილება ხაზგასმით აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ ის თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, წარმატებით გააგრძელებს უწყების მიერ დასახული გეგმებისა და რეფორმების განხორციელებას. მან ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ქართული ჯარის მიმართ პატივისცემა და თანადგომა გამოხატა თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი განცხადებით, სამინისტროს გუნდის საქმიანობა კვლავაც თავდაცვის უწყების სტრატეგიული მიზნებისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული ნდობის შედეგად, ირაკლი ჩიქოვანი ახალი მთავრობის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრად გუშინ დაინიშნა. იგი 2020-2023 წლებში იყო პარლამენტის მე-10 მოწვევის წევრი ზუგდიდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ასევე ასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. ირაკლი ჩიქოვანს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. საჯარო სამსახურში კარიერა დაწყებული აქვს თავდაცვის სამინისტროში და უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. დამთავრებული აქვს NATO-ს თავდაცვის კოლეჯი,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა
9 თებერვალს, უკრაინაში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი ჩავიდა, იტყობინება ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს ზამთრის სეზონისთვის საჭირო აღჭურვილობა და ათიათასობით თბილი ტანსაცმლის კომპლექტი გადასცეს. „ყოველი პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით უკრაინას, ასევე არის კიდევ ერთი ნაბიჯი გამარჯვებამდე," - ამბობს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი. ლიეტუვა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოკავშირეა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. იანვარში ლიეტუვამ უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს ოდენობის გრძელვადიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
დანილოვი: ბელგოროდში ჩამოვარდნილ Il-76-ში უკრაინელი სამხედრო ტყვეები არ ყოფილან
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის მახლობლად ჩამოვარდნილ Il-76-ში არ ყოფილან უკრაინელი სამხედრო ტყვეები, როგორც ამას რუსეთი აცხადებს. დანილოვის თქმით, თვითმფრინავში რომ სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, კატასტროფის ადგილას მეტი იქნებოდა „ბიოლოგიური მასალა.“ რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი უკრაინის ჯარებმა ჩამოაგდეს. ბუდანოვი Il-76-ზე: მოსკოვის ვერსია ბევრ კითხვას ბადებს
ფინეთმა უკრაინას 190 მილიონამდე ევროს მოცულობის სამხედრო დახმარება მიაწოდა
ფინეთი უკრაინას დაახლოებით 190 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების 22-ე ტვირთს უგზავნის. ფინეთის თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, დახმარება ითვალისწინებს უკრაინის საჭიროებებს, მაგრამ ტვირთის დეტალური შინაარსი და მისი მიწოდების დეტალები უსაფრთხოების მიზნით არ საჯაროვდება. ამ დახმარების პაკეტში ასევე შედის ფინელი მწარმოებლების მიერ შეძენილი პროდუქტები. მის შესაძენად ცალ-ცალკე 30 მილიონი ევრო გამოიყო. ამჟამად ფინეთი უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიან გეგმას ავითარებს. გარდა ამისა, ფინეთმა გადაწყვიტა, მონაწილეობა მიიღოს საარტილერიო და ე.წ. გამანადგურებლების კოალიციებში, რომლებიც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში მოქმედებენ.
დანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთს NATO-ზე თავდასხმა 3-5 წელიწადში შეუძლია
დანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო სფეროში ინვესტიციები უნდა დააჩქაროს მას შემდეგ, რაც ახალი სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი უფრო სწრაფად იარაღდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო და რომ მას NATO-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა 3-5 წელიწადში შეუძლია. „რუსეთის შესაძლებლობები სამხედრო აღჭურვილობის წარმოებისთვის საოცრად გაიზარდა,“ - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა გაზეთ Jyllands-Posten-ს. მისი თქმით, „არ არის გამორიცხული, რომ სამ-ხუთ წელიწადში რუსეთმა გამოსცადოს მე-5 მუხლი და NATO-ს სოლიდარობა. რუსთთან შესაძლო ომის შესახებ გაფრთხილებები ევროპელი აქტორებისგან სულ უფრო ხშირად ისმის. პოლსენმა განმარტა, რომ დანიის წინააღმდეგ პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ალიანსი შესაძლოა, ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე აღმოჩნდეს, წევრ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამომწვევი მცდელობების დროს. „ეს არ იყო NATO შეფასება 2023 წელს. ეს არის ახალი ცოდნა, რომელიც ახლა გამოდის წინა პლანზე. რუსეთს პოტენციურად აქვს ამის სურვილი. ახლა მათ ასევე შეუძლიათ, ჰქონდეთ სამხედრო შესაძლებლობები იმაზე ადრე, ვიდრე ველოდით. არსებობს გულწრფელი შეშფოთების მიზეზი,“ – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. ამასთან, გენერალმა პატრიკ სანდერსმა ოთხშაბათს ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მოახდინოს „ერის მობილიზება“ რუსეთთან ომისთვის მოსამზადებლად. Politico-ს ცნობით, მან ამის შესახებ ლონდონში, ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ უჭერს მხარს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, სანდერსმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საზოგადოების მზადყოფნის შესაძლებლობას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის.
კიევში, ბულგაკოვის ქუჩას, ვახტანგ კიკაბიძის სახელი მიენიჭა
დერუსიფიკაციისა და დეკომუნიზაციის პროცესში, კიევის საქალაქო საბჭომ უკრაინის დედაქალაქში კიდევ ათი ობიექტის სახელი შეცვალა. რუსი მწერლის, მიხეილ ბულგაკოვის ქუჩა ამიერიდან ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სახელს ატარებს. ევრომაიდნისა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში საბჭოთა და რუსული მმართველობის დროს დაწესებული ქალაქების, ქუჩების, სოფლებისა და სხვა ობიექტების სახელთა ცვლილება დაიწყო. ეს პროცესი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კიდევ უფრო გააქტიურდა.
პროკურატურამ დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე, შსს-ს თანამშრომელი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით გარდაიცვალა. „აღნიშნულის შემდგომ, ავტომობილის მძღოლმა მიატოვა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინება. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერდოღანი იმედოვნებს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რწმენას გამოთქვამს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში. „თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა, გულწრფელად მივულოცო თქვენს აღმატებულებას ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იმედისმომცემი მოვლენები ვითარდება ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ თქვენი ძალისხმევის შედეგად, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს - კეთილდღეობას და ბედნიერება,“ - აღნიშნულია ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
კიევს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ეწვია
კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა - ინფორმაციას სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს უკრაინაში აშშ-ს ელჩი ბრიჯიტ ბრინკი. დელეგაციას დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკ ტერნერი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში არიან ფრენჩ ჰილი, ჯეისონ ქროუ, აბიგაილ სპანბერგერი, ზაკ ნანი. „მოხარული ვარ, მივესალმო კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას," - წერს ბრინკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
„ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რამდენად შორს არის პუტინი რეალობისგან“ - BBC რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუზე
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წლისთავზე, ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს სრული ორსაათიანი ვერსია დღეს ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა. ვიდეოსთან ერთად, კრემლის ვებგვერდზე განთავსდა ე.წ. ტრანსკრიპტიც. მსოფლიო მედია, მათ შორის, BBC განიხილავს, რამდენად შორს არის პუტინი რეალობისგან. ბრიტანული მაუწყებელი რამდენიმე მაგალითს ასახელებს და წერს, რომ პუტინის ინტერვიუს „სალექციო ნაწილი“ ისტორიაზე, ცხადყოფს, რომ ომამდე, უკრაინაში შეჭრამდე დაწერილი „ესე“ პუტინმა ზეპირად ისწავლა. ბრიტანელი ჟურნალისტები იმასაც შენიშნავენ, რომ ტაკერ უილსონმა მხოლოდ ორსაათიანი ინტერვიუს მიწურულს იკითხა მოსკოვში დაპატიმრებული ამერიკელი ჟურნალისტის შესახებ. საუბრის პირველ ნახევარში კი, საათის განმავლობაში პუტინი ისტორიაზე მსჯელობდა. თავისი მონოლოგი დაიწყო ვარანგების რუსეთში მიწვევით და წინასწარმეტყველ ოლეგის ისტორიით და დაასრულა ლენინის საგარეო პოლიტიკის კრიტიკით. რუსეთის პრეზიდენტმა ტრადიციულად გაამართლა უკრაინაზე თავდასხმა ერთი ხალხის მითით და აღნიშნა, რომ უკრაინელები „ჯერ კიდევ რუსებად გრძნობენ თავს“. ამავე დროს ის „სამოქალაქო ომის ელემენტს“ ხედავს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში. ერთ მომენტში პუტინი ამტკიცებდა, რომ „ორი ხალხის ურთიერთობა აღდგება. ისინი მორიგდებიან.“ თუმცა როგორც BBC შენიშნავს, „ორწლიანი არაპროვოცირებული ბრძოლების და სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, უკრაინელენი ამბობენ, რომ რეალურად სიძულვილის გარდა არაფერს გრძნობენ.“ „ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად შორს არის ვლადიმერ პუტინი რეალური ფაქტებისა და რეალობისგან ისევე, როგორც 2022 წლის თებერვალში, როდესაც მან კიევში გაგზავნა რუსული ჯარები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათ იქ, როგორც განმათავისუფლებლებს დახვდებოდნენ. „პუტინს თუ რაიმე აქვს სათქმელი, მან ეს ჰააგის სასამართლოს წინაშე უნდა თქვას“ - სანქციები ემუქრება Fox News-ის ყოფილ წამყვანს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერა BBC წერს, რომ ინტერვიუს დროს არცერთი ფაქტი არ იყო განხილული ბუჩაში, ირპენში და მის ფარგლებს გარეთ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ. პუტინს არ უწევდა პასუხის გაცემა "მაღალი სიზუსტის რაკეტებზე", რომლებიც უკრაინაში სახლებს ესხმიან თავს და მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. ამერიკელმა წამყვანმა საერთოდ არ უბიძგა პუტინს იმისკენ, რომ პოლიტიკურ რეპრესიებზე ესაუბრა, რაც კონკრეტულად, მისი ოპონენტების ციხეში გამოკეტვას გულისხმობს. „ინტერვიუ, რომელიც მოიცავდა კითხვას „ზებუნებრივი ძალების“ შესახებ, პუტინის „ძნეობრივ ძალაზე“ საუბრით დასრულდა,“ წერს BBC. პუტინის ინტერვიუს აშშ-ის ხელისუფლება უკვე მწვავედ გამოეხმაურა. თეთრის სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ის, რაც პუტინმა თქვა, „არ უნდა იყოს მიღებული ნორმად.“ „ამერიკელმა ხალხმა კარგად იცის, ვინ არის აქ დამნაშავე,“ დასძინა კირბიმ. ცნობისთვის, 8 თებერვალს ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა SITU Research-თან და Truth Hounds-თან ერთად, რუსეთის ჯარების მიერ 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაცია ახალი დასკვნების საფუძველზე წერს, რომ 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე რუსული თავდასხმის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის - ბევრი აშკარად უკანონო თავდასხმების შედეგად. რუსული ძალების მიერ მარიუპოლის განადგურება და უკრაინული კულტურის წაშლის მცდელობა, უკრაინაში მათი სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავია. საერთაშორისო ორგანოებმა და მართლმსაჯულების ერთგულმა მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიებაზე, რომლებიც შესაძლოა, მარიუპოლში სამხედრო დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი. ანგარიშში წერია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯონ რუსული ძალების მიერ იქ საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილი აშკარა სამხედრო დანაშაულების გამო. და რუსეთმა უნდა უზრუნველყოს რეპარაციები ომის კანონების დარღვევის მსხვერპლებისა და მათი ოჯახებისათვის.
ევროკავშირი ანგარიშზე მუშაობს, რითაც შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს
ექსკლუზივი როგორ თანამშრომლობს ევროკავშირი აშშ-სთან, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტრატეგიის მიმართულებით. ცნობილია, რომ აშშ მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე, რათა შავი ზღვა გახდეს უფრო მჭიდრო ზონა ეკონომიკური ჩართულობისთვის. რა გეგმები აქვს ამ მიმართულებით ევროკავშირს, ამ საკითხით დაინტერესდა Europetime და შესაბამისი შეკითხვით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერს, პიტერ სტანოს მიმართა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის კომენტარიდან ირკვევა, რომ ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს. ბლოკი ძირითადი ტენდენციებისა და აღმოჩენების იდენტიფიცირებას გეგმავს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მომავალ ხედვაზე, შავი ზღვაში პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ. „ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის გავლენას შავი ზღვის რეგიონში - როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ ასევე ვეხმარებით რეგიონს ამ ომის უფრო ფართო შედეგებთან გამკლავებაში. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ ბევრი ფორუმის ფარგლებში, მათ შორის, ევროკავშირი-აშშ უსაფრთხოებისა და თავდაცვის დიალოგის ფორმატში, გაეროს, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში და ა.შ. ევროკავშირი და აშშ იზიარებენ საერთო ინტერესებს რეგიონში, რათა: (1) გაზარდონ კოორდინაცია პარტნიორებთან; (2) გააღრმაონ ეკონომიკური კავშირები; (3) გააძლიერონ ენერგეტიკული უსაფრთხოება; (4) მხარი დაუჭირონ დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერების ძალისხმევას, მათ შორის, ცრუ ნარატივებთან და რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად პროპაგანდასთან ბრძოლას, ჩვენი საერთო ღირებულებების შესაბამისად; (5) მხარი დაუჭირონ პარტნიორებს რეგიონში, რათა გააძლიერონ მათი მედეგობა მზარდი ჰიბრიდული და კიბერ გამოწვევების მიმართ. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დასაჩქარებლად, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი გაერო-თურქეთის შუამავლობით წამოწყებული შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან ცალმხრივად გავიდა. ლიდერებმა აშშ-ევროკავშირის სამიტის შემდეგ, 2023 წლის 20 ოქტომბერს ვაშინგტონში, თავიანთ ერთობლივ განცხადებაში ცალსახად აღნიშნეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ „სოლიდარობის გზების“ მიზნების განხორციელებას, ეფექტიანობის გაზრდისა და ტრანსპორტირების ხარჯების შესამცირებლად. აშშ-ის თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორებთან კონსტანცაში, რუმინეთის უდიდეს საპორტო ქალაქში, შავი ზღვის სანაპიროზე, ამის კარგი მაგალითია. ევროკავშირმა შავ ზღვაში წამოიწყო მრავალფუნქციური საზღვაო ოპერაცია, რომელშიც ჩართულები არიან ევროკავშირის სააგენტოები სანაპირო დაცვის ფუნქციებით (Frontex - ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო; ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო, ევროპის მეთევზეობის კონტროლის სააგენტო), ზღვისპირა წევრი ქვეყნები და ასევე, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები. ამ კონტექსტში, ქართველი ოფიციალური პირები მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა აქტივობაზე დასაკვირვებლად. გარდა ამისა, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა შესაძლებლობების განვითარებას, მათ შორის, საქართველოსთვის, შავი და კასპიის ზღვის I პროექტის და მისი ამჟამინდელი მემკვიდრის, შავი და კასპიის ზღვების II პროექტის მეშვეობით, რომელსაც ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო ახორციელებს. ევროკავშირი მუშაობს „შავი ზღვის სინერგიის“ (ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა, რედ.) შესრულების მე-4 ანგარიშზე. ეს ძალისხმევა დაგვეხმარება ძირითადი ტენდენციებისა და აღმოჩენების იდენტიფიცირებაში, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მომავალ შეხედულებებზე, შავ ზღვაში თანამშრომლობის შესახებ. მთავარი საფუძველი აქ არის დაკავშირებადობის, ენერგიის, ციფრული ტრანსფორმაციის, ლურჯი ეკონომიკის, გარემოს დაცვის, მეთევზეობისა და საზღვაო უსაფრთხოების, მედეგობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხები,“ ამბობს პიტერ სტანო Europetime-თან. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
პატრიარქი ირაკლი კობახიძეს: ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, წარმატებების მომტანი საქართველოსთვის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „ბატონო ირაკლი, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს ჩვენს რთულ დროს. ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის. გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად,“ - აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
დე ფაქტო მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულების დასაშინებლად პროპაგანდისტულ ხერხებს იყენებს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ხშირად გადმოჰყავთ. ამის გამო დე ფაქტო ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ე.წ სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. დე-ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, სოფლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი სამუშაოების ჩატარებისკენ, რაც მიზნად ისახავს ე.წ სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას. დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული სოფლების მიმართულებით, საოკუპაციო ხაზზე ცხოველების გადაყვანის შემთხვევები ბოლო დროს ძალიან გაიზარდა. „ბოლო დროს გაიზარდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის შინაური ცხოველების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანის და საძოვრებზე გაშვების შემთხვევები, რაც ქმნის ცხოველების დაავადებების და პათოგენების საპირისპირო მიმართულებით გადატანის რისკებს,” – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში, რომელსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები ხშირად ე.წ გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, შემოვლითი გზებით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოდიან და ამგვარად დროს და ხარჯებს ზოგავენ. ისინი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვის სერვისების მისაღებად, სავაჭროდ და ნათესავების მოსანახულებლად მიდიან. დე ფაქტო მთავრობის მიერ ყოველთვიურად გამოქვეყნებული სტატისტიკაც მოწმობს, რომ ე.წ მესაზღვრეები საოკუპაციო ხაზზე უფრო ხშირად იმ მოქალაქეებს აკავებენ, ვინც ქართული სოფლების მიმართულებით გადმოდის, თუმცა ყველას დაკავება მაინც ვერ ხერხება და ეს კარგად იციან დე ფაქტო ხელისუფლებაში. გასულ წლებში საოკუპაციო რეჟიმი და დე ფაქტო ხელისუფლება თბილისში არსებულ ლუგარის ლაბორატორიას იყენებდა ამგვარი პროპაგანდისთვის, თითქოს, ამ ლაბორატორიიდან მომდინარეობდა ბიოლოგიური საფრთხე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის.
პუტინი ძველ ტყუილებს იმერეობს, ახალი ვერაფერი ვნახეთ - ევროკომისია
ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალი არაფერი თქვა, მაგრამ მხოლოდ ძველი ტყუილი გაიმეორა უკრაინის, დასავლეთის, და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის შესახებ. ამის შესახებ დღეს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ განაცხადა. „ჩვენ ვერაფერი ვნახეთ ახალი. მან [პუტინმა] გაიმეორა ძველი ტყუილი და მანიპულაციები, გამოხატა დიდი მტრობა დასავლეთის მიმართ და ეს ახალი არ არის. ჩვენ ვწუხვართ, რომ პუტინს, დე ფაქტო, მსგავსი პლატფორმა მიეცა მანიპულირებისთვის და ავრცელებს მის პროპაგანდას,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა. მან აღნიშნა, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ გაავრცელა თავისი ცნობილი ტყუილი უკრაინის შესახებ, რომლითაც ცდილობს, გაამართლოს თავისი კრიმინალური და არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ. თუმცა ეს ტყუილი სახიფათო რჩება, რადგან მან უკვე გამოიწვია უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა, გამოიწვია რუსეთის მიერ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულები და სისასტიკე. „პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ აინტერესებს მშვიდობისკენ რეალური და მნიშვნელოვანი ნაბიჯები, სამაგიეროდ განაცხადა, რომ რუსეთი ბოლომდე იბრძვის თავისი ინტერესებისთვის. თუ პუტინს ნამდვილად სურს ბრძოლა რუსი ხალხისა და მისი ქვეყნის ინტერესებისთვის, მან დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უპასუხოს უზარმაზარ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც რუსული საზოგადოება ყოველდღიურად დგას,“ - აღნიშნა ნაბილა მასრალიმ. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული სიცრუის დეტალური ანალიზი მალე განთავსდება ევროპულ რესურს EU&Disinfo-ზე, რომელიც უკვე შეიცავს კრემლის დეზინფორმაციის 60 ათასზე მეტი შემთხვევის აღწერას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი აძლიერებს დიპლომატიურ ძალისხმევას და კონტაქტშია ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა აგრესორი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს და შეამსუბუქოს მისი აგრესიის გლობალური შედეგები. „ევროკავშირის ახლახან დაამტკიცა უკრაინის დახმარების პაკეტი 50 მილიარდი ევროს ოდენობით. და ეს პაკეტი ახლა განიხილება ევროკავშირის საბიუჯეტო ინსტიტუტების მიერ. ომის დაწყებიდან ევროკავშირმა უკრაინას დაახლოებით 88 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება გაუწია,“ - დასძინა ნაბილა მასრალიმ.
ზელენსკი კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრაზე: დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის საჭირო დახმარებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას უმასპინძლა. აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია 5 წევრისგან შედგება: მაიკ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიოს შტატი), რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს, ასევე ფრენჩ ჰილი (რესპუბლიკური პარტია, არკანზასის შტატი), ჯეისონ კროუ (დემოკრატიული პარტია, კოლორადოს შტატი), ებიგეილ სპანბერგერი (დემოკრატიული პარტია, ვირჯინიის შტატი) და ზაკ ნანი (რესპუბლიკური პარტია, აიოვას შტატი). „არ შეგვიძლია, აგრესორთან ჩვენს ბრძოლაში გავჩერდეთ. ეს ბრძოლა რომ ეფექტიანი იყოს, მოკავშირეების მხარდაჭერა გვჭირდება, უპირველეს ყოვლისა შეერთებული შტატების. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის მიერ აუცილებლად იქნება მიღებული. ეს გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკასა და შეიარაღებულ ძალებს," - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ კონგრესმენების უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი იმ დროს, როდესაც რუსეთი მშვიდობიანი ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ტერორს აგრძელებს. „ეს ვიზიტი უკრაინის ძლიერი ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერის შესახებ მეტყველებს, ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც აგრესორისთვის ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევაში გვეხმარება. თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ერის საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად, განსაკუთრებით იმ გმირების, რომლებიც დღეს წინა ხაზზე იბრძვიან,” - განაცხადა ზელენსკიმ. აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტს განიხილავს