ძებნის რეზულტატი:

სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. „დღეს, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება და როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა ქვეყანაში, საქართველოს პარლამენტმა, მმართველმა უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციასთან. ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული. შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს პროცესის მიმართ უნდობლობას, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში. როგორც არაერთხელ აქვს ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს!“, – აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით დღეს მიიღო.  

ესტონეთში, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს

ესტონეთში რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა “ტვიტერის” პირად გვერდებზე ავრცელებენ. „ესტონეთმა წარმატებით შეაჩერა რუსული სპეცსამსახურების ჰიბრიდული ოპერაცია თავის ტერიტორიაზე. ვიცით, რომ კრემლი თავის ძალისხმევებს ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებების წინააღმდეგ მიმართავს. ჩვენი პასუხია: ვიყოთ ღია და გამოვამჟღავნოთ მათი მეთოდები. ეს არის საშუალება, რათა მავნებელი ქმედებების შევაჩეროთ და უფრო გავმყარდეთ,” - წერს კალასი. ცაჰკნამ დააზუსტა, რომ ესტონეთის უსაფრთხოები პოლიციამ (Kapo) ათი ადამიანი დააკავა, რომლებსაც რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედება ედებათ ბრალად. „მათი მიზანი იყო შიშის დათესვა, დაძაბულობის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერაში ჩვენი სიმყარის შესუსტება. მაგრამ რუსეთს ეს არ გამოუვა. ძლიერად და ფხიზლად ვრჩებით,” - წერს ცაჰკნა. დაკავებულთა შორის 6 წინასწარ პატიმრობაში რჩება. სახელმწიფო პროკურორის, ტრიინუ ოლევის თქმით, დაკავებულთა შორის არიან რუსეთისა და ესტონეთის მოქალაქეები, ზოგიერთს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვს.  

ირაკლი კობახიძე: 2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მზად იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა

2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მზად იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს საქართველოს ამბიციური გეგმაა. „ერთი რამის თქმა შეგვიძლია: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები გვაქვს. და 2030 წელს - ეს წელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელის მიერ იქნა დასახელებული [გაფართოების წლად] - საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მზად იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ეს ჩვენი ამბიციური გეგმაა, ეს ჩვენი ამბიციაა, და ჩვენ ძალიან ერთგულნი ვართ რეფორმების დღის წესრიგისადმი, იმ ნაბიჯებისადმი, რომლებიც ევროკავშირში წევრობისთვის არის გადასადგმელი. იმედი გვაქვს, რომ, როგორც მინიმუმ, 2030 წლამდე საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება,“ - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორად რჩება რეგიონში. „ჩვენი უახლოესი მიზანია, დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. დღევანდელ საბჭოზე ჩვენ განვხილეთ საქართველოს ეკონომიკური მიღწევები და ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრირების პერსპექტივები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე დაფუძნებით. საკვანძო რეფორმების განხორციელებით საქართველომ ცხადყო ძალიან მნიშვნელოვანი, სწრაფი გაჯანსაღება პანდემიის შემდგომ და პანდემიიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. წინსვლის ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წელსაც და დავუბრუნდით იმ ტრაექტორიას, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. ჩვენ ვახორციელებთ წარმატებულ რეფორმებს. ეს ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ მედეგობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის,“ - აღნიშნა კობახიძემ.  

ოლივერ ვარჰეი: საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში 1,9 მილიარდი ევროს ინვესტიცია გვაქვს მობილიზებული

„კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რაც მოაქვს ამ სტატუსს და დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა − ოლივერ ვარჰეიმ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან − ჯოზეფ ბორელმა ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლივერ ვარჰეის თქმით, შეხვედრის მიზანია, რომ მოხდეს საქართველოს შეყვანა  ევროკავშირში.    „უპირველესყოვლისა, მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქ, ბრიუსელში, ბატონ ირაკლი კობახიძეს. ეს პირველი ვიზიტია, პირველად ვხვდებით ბრიუსელში მას და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიის შემდეგ ჩვენ გვექნება კიდევ ერთი, ძალიან მალე და ძალიან სწრაფად შეუდექით მუშაობას, ძალიან დიდი ტემპით უკვე.  უპირველესყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ მიმაჩნია, კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რაც მოაქვს ამ სტატუსს და დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც, თუ რაიმე დასკვნა უნდა გაკეთდეს დღევანდელი დისკუსიის საფუძველზე, ეს გახლავთ შემდეგი -  ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ ჩვენი მუშაობის ტემპს იმისათვის, რომ ევროკავშირის გზაზე და 9 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე მოხდეს შედეგების დადება და სამოქმედო გეგმის შესრულება, იქნება ეს ეკონომიკური თუ საინვესტიციო გეგმა, იქნება ეს ზოგადად რეფორმების განხორციელება ქვეყანაში, იმისათვის, რომ ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს ქვეყანა და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს.    მოდით სათითაოდ გავიაროთ ეს პუნქტები. ჩვენ ვნახეთ, რომ გაფართოების ამოცანებში საქართველომ არა მხოლოდ შეასრულა, არამედ სურს და შეუძლია ამ ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ჩვენი ლიდერების გადაწყვეტილება , მოსაზრება. ზუსტად ამიტომ უნდა მოხდეს კაპიტალიზაცია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე და სწორედ ამიტომ ვთხოვთ ქართველ მეგობრებს, რომ დააჩქარონ ტემპი სასამართლო რეფორმის, სხვა მიმართულებებით ამ სარეფორმო დღის წესრიგში.  დღეს ერთად გავიარეთ 9 ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენც მოვემზადოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ეს არის სწორედ ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ საქართველო შევიყვანოთ ევროკავშირში. ჩვენ აქ არ ვჩერდებით. ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს წინ და გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ქვეყანამ, რომ გამხდარიყო ჩვენი მიმართულებით ასპირანტი ქვეყანა, ამას განაპირობებს. ჩვენ ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ უკვე მობილიზებულია 1.9 მლრდ ევროს ოდენობის ინვესტიცია. ეს არის შეტანილი საქართველოს ეკონომიკურ და  საინვესტიციო გეგმაში. ეს არის ინვესტიციები, რომლებიც პირდაპირ ეკონომიკაში შევა და მოხდება კაპიტალდაბანდება ისეთ სექტორებში, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფინანსებზე წვდომა, მცირე და საშუალო ბიზნესი, გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები და განვითარება. ეს ის ინვესტიციებია, რომლებიც უკვე ზრდის სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს ადგილზე. მიმაჩნია, რომ ეს გეგმა კიდევ უფრო მეტი პოტენციალის მქონეა და შეიძლება უფრო სწრაფად და უფრო მეტად იყოს გამოყენებული ქვეყანაში“, -  განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით.

ბორელი: ნუ ელოდებით რაღაც სასწაულს, ევროკავშირის კაი ღიაა, შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს, იცით

ევროკავშირი უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ბორელის თქმით, საქართველომ იცის, რა უნდა გააკეთოს. „როგორც ევროკომისარმა ბრძანა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კარი ღიაა, თქვენ უნდა შეხვიდეთ კარში და ღია კარში შესვლას რა ჰქვია, ყველამ იცის. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. რეფორმები უნდა განხორციელდეს და მეტი რა უნდა ვთქვათ. ნუ ელოდებით რაღაც სასწაულს. კატას ნუ ვეძებთ სადღაც ბნელ ოთახში. ღიაა კარი. შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს, იცით,“ – განაცხადა ბორელმა.  

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში როუმინგის ხარჯები შეუმცირდებათ - ევროკომისარი

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ როუმინგის სფეროში საქართველოს მთავრობამ სწრაფად გადადგა ნაბიჯები და მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში როუმინგის ხარჯები შეუმცირდებათ. ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებამ უკვე ხელშესახები შედეგები მოიტანა, რის მაგალითადაც დაასახელა პროგრესი როუმინგის საკითხში. გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, „ეს შეამცირებს როუმინგისა და მობილური ინტერნეტის ხარჯებს საქართველოში, ასევე, ქართველებისათვის, რომლებიც მოგზაურობენ და ცხოვრობენ ევროპაში.“ ოლივერ ვარჰეის შეფასებით, ეს „ისეთივე ხელშესახები მიღწევაა, როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.“ „როუმინგის მხრივ, ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოს მთავრობის მუშაობის ტემპით. ამჟამად ხელთ გვაქვს ყველაფერი, რათა შევთავაზოთ ევროკავშირის საბჭოს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქართველოს ინტეგრირება როუმინგის არეალში.“ 2023 წლის დეკემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის მონაწილეებმა როუმინგის შესახებ რეგიონული ხელშეკრულების გაფორმებას მხარი დაუჭირეს. ევროკომისარმა ვარჰეიმ ასევე ახსენა SEPA - ერთიანი ევრო გადახდის სისტემა (Single Euro Payment Area), - რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას ახდენს. ვარჰეის თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ნაბიჯები გადასადგმელი, თუმცა გამოხატა მზაობა, რომ როგორც კი საქართველო მზად იქნება, ბრიუსელი უკვე მზადაა პროცესის ფინალიზებისათვის. მანვე განაცხადა, რომ საჭიროა საკანონმდებლო ნორმების დახვეწა და საბანკო სექტორში წესების გაუმჯობესება, რათა გადავიდეთ ერთიან ევროპულ საანგარიშსწორებო სისტემაზე.  

საქართველო შუა დერეფნის შესახებ რეგიონულ ღონისძიებას უმასპინძლებს

27 თებერვალს, თბილისში, რეგიონული ღონისძიება ჩატარდება, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევას ეძღვნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, სახელმწიფო საწარმოები, კერძო სექტორი და ანალიტიკური ცენტრები. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მსოფლიო ბანკის კვლევის ძირითად შედეგებს რეგიონულ ღონისძიებაზე განიხილავენ. ამ ღონისძიების მიზანია რეგიონული მიდგომის შემუშავება დერეფნის ოპერატიული ეფექტიანობის გაზრდისა და არსებული პრობლემების დასაძლევად. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში  

სუმის ოლქში რუსეთის თავდასხმას ხუთსულიანი ოჯახი ემსხვერპლა - უკრაინა

უკრაინაში, სუმის ოლქის სოფელ სლობოდაში რუსეთის ძალებმა საცხოვრებელი სახლი დაბომბეს - შედეგად ხუთსულიანი ოჯახი დაიღუპა. ინფორმაციას საოლქო პროკურატურა ავრცელებს. „სუმის რეგიონში 5-სულიანი ოჯახი საკუთარ სახლში მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა - პროკურორები შედეგებს ადასტურებენ. სუმის საოლქო პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე, წინასწარ მკვლელობასთან ერთად (უკრაინის სკ. II ს. 438). გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 5:30 საათზე, საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული ომის მეთოდების გამოყენებით, ოკუპანტები, წინასწარი მონაცემებით, თავს დაესხნენ სოფლის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მთლიანად განადგურდა კერძო სახლი, რომელშიც 5-სულიანი ოჯახი იყო - 91 წლის ბებია, 69 და 61 წლის ქალები, 38 და 39 წლის ძმები. ყველა მათგანი დაიღუპა. პროკურორები, რომლებიც სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობენ, თავდასხმის შედეგებს აფიქსირებენ", - წერია პროკურატურის განცხადებაში.  

თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს

თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს. თურქი სამართალდამცველები ამჟამად ჯაშუშობაში კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებენ. თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, თურქეთში მცხოვრები უიღურებისა და მათი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ.  

ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას 83 მლნ ევროს დახმარება გამოუყო

ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას, რუსული აგრესიის შედეგების დასაძლევად და დევნილთა უზრუნველსაყოფად, 83 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო. 75 მილიონი ევრო უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტების მხარდაჭერას მოხმარდება, რომლებიც მიზნად ისახავს გადაუდებელი დახმარების გაწევას და ძირითადი საჭიროებების ხელმისაწვდომობას, როგორიცაა თავშესაფარი, სასმელი წყალი, განათლება და ჯანდაცვა. დანარჩენი 8 მილიონი ევრო კი, მოლდოვაში ჰუმანიტარულ პროექტებს ყველაზე მოწყვლადი კატეგორიებისთვის მიზანმიმართული დახმარების აღმოსაჩენად იქნება გამოყენებული. „დღეს ევროკომისიამ გამოაცხადა 83 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა 2024 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. რუსეთი ახორციელებს მიზანმიმართულ თავდასხმებს უკრაინის მთავარ ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, სკოლებსა და ელექტროქსელებზე, რაც სერიოზულად აზიანებს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ძირითად სოციალურ სერვისებზე", - წერია ევროკომისიის განცხადებაში. უკრაინაში შეჭრიდან დღემდე ევროკომისიამ უკრაინას 926 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ამ თანხიდან 860 მილიონი ევრო გამოიყო უკრაინაში ჰუმანიტარულ პროექტებზე, 66 მილიონი ევრო კი, მეზობელი მოლდოვის მხარდასაჭერად, რომელიც უკრაინელ ლტოლვილთა მნიშვნელოვან რაოდენობას მასპინძლობს.  

როგორც ნაციზმი დაგმეს, პუტინის სახელმწიფომაც იგივე ბედი უნდა გაიზიაროს - ზელენსკი

„როგორც ნაციზმი დაგმეს, პუტინის სახელმწიფომაც იგივე ბედი უნდა გაიზიაროს," - შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე გამოაქვეყნა. ეს განცხადება მან აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მოსმენის მონაწილეებს შეხვედრის დროს გააკეთა, რომელიც, მისი თქმით, იმ სასამართლო დარბაზში გაიმართა, სადაც ნაცისტური დამნაშავეების ნიურნბერგის სასამართლო პროცესი ჩატარდა. „მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქები და სოფლები მიწასთან გაასწორეს. მსოფლიოში ყველას სმენია მასობრივი მკვლელობების შესახებ, რომლებიც აუცილებლად მოჰყვება რუსეთის დროშას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შეუძლებელია პუტინის ომისა და უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის შედეგად განადგურებული ოჯახების ტკივილთან შერიგება. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ მილიონობით უკრაინელი, რომლებიც გადარჩნენ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. როგორც ნაციზმი დაგმეს, პუტინის სახელმწიფომაც იგივე ბედი უნდა გაიზიაროს. მოვუწოდებ ყველას ვისაც შეუძლია, დაეხმაროს ჭეშმარიტი მშვიდობის დაჩქარებას. ეს იყო ჩემი გზავნილი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მოსმენის მონაწილეებისთვის თემაზე: „რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის: გაკვეთილები ნიურნბერგიდან“. შეხვედრა გაიმართა ისტორიულ სასამართლო დარბაზში 600, სადაც ნაცისტური დამნაშავეების ნიურნბერგის სასამართლო პროცესი იყო," - წერს ზელენსკი.  

ირაკლი კობახიძე შარლ მიშელსა და ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ამ გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. „შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პრიორიტეტულობის დემონსტრირებაა. მთავრობის მეთაურმა შარლ მიშელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად ჩართულობასა და მხარდაჭერას აფასებს. თავის მხრივ, შარლ მიშელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უპრეცედენტო იმპულსი შექმნა და საქართველოს ხელისუფლება შემდგომი პროგრესის მისაღწევად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ინსტიტუტების შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევი იქნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმების პროცესის წინსვლისთვის აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლის განხორციელებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე გაუგზავნა მოწვევა OSCE-ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას და ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის საჭიროება აღნიშნა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. ირაკლი კობახიძემ და შარლ მიშელმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.“ დღესვე, პრემიერი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს.   „ყურადღება გამახვილდა გაფართოების ანგარიშში მოყვანილ რეკომენდაციებზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობას ევროკომისიის  ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად. პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ  გაწეული ძალისხმევის შესახებ ისაუბრა და  ევროკომისარს მიმდინარე ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ,  საქართველომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლის განხორციელებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიხემ ოლივერ ვარჰეის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში მისი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„არც დღე, არც საათი და არც წამი გვაქვს დასაკარგი, აქ ხალხი ყოველდღე კვდება“ - აშშ-ის ელჩი კონგრესს უკრაინის დახმარების დამტკიცებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ხელისუფლება, მათ შორის, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ცდილობს დააჩქაროს ახალი დაფინანსების დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად. მაგრამ არ არსებობს „გეგმა B“ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი უარს იტყვის ინიციატივის მხარდაჭერაზე, ამბობს აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი. „არა, ჩვენ არ გვაქვს "გეგმა B", რადგან ჩვენ ასი პროცენტით ვართ ორიენტირებულები "გეგმა A"-ზე. კონგრესი მხარს უჭერს პრეზიდენტის თხოვნას და პრეზიდენტი ხელს აწერს დამატებით მოთხოვნას უკრაინასთან დაკავშირებით," - აღნიშნა ბრინკმა. ელჩის თქმით, კონგრესზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეძლებს აშშ უკრაინის დახმარებას. ბრინკმა ასევე აღნიშნა, რომ ორჯერ ესაუბრა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს. მისი თქმით, „ის მხარს უჭერს უკრაინას“ და ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა წააგო ეს ომი. „ჯერ ვერ გეტყვით ზუსტ დროს. მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ - პრეზიდენტი და ყველა ჩვენ, ვინც მის ადმინისტრაციაში ვმუშაობთ - ჩვენ ძალიან ვცდილობთ ამ საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გატანას. ჩემი გზავნილი იყო: დასაკარგი დრო არ არის, დასაკარგი არც დღეა, არც საათი, არც ერთი წამი. აქ ხალხი ყოველდღე კვდება,“ - დასძინა დიპლომატმა. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

ნავალნის სიკვდილის გამო, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „დიდ პაკეტს“ ამზადებს

შეერთებული შტატები პარასკევს, 23 თებერვალს, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. „პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით, ჩვენ გამოვაცხადებთ სანქციების დიდ პაკეტს ამ პარასკევს, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ იმაზე, რაც მოხდა ნავალნისთან დაკავშირებით“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა AFP-ის ცნობით. მან არ დააკონკრეტა ამ პაკეტის დეტალები, მაგრამ, როგორც AFP აღნიშნავს, მისი განცხადება ასევე ემთხვევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეორე წლისთავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნავალნის გარდაცვალების გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.  

მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6467 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6449 ლარი იყო. ევრო 2.8600 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8504 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. გამყარების ტენდენციის შემდეგ, მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება.  

ევროკომისარი ვარჰეი: ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება. „შევთანხმდით ჩვენი მუშაობის დაჩქარებაზე: პროგრესი ევროკავშირის გზაზე და 9 ნაბიჯის განხორციელება, ადრეული ინტეგრაციის სფეროების განხორციელება (მაგ. როუმინგი და SEPA). ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად,” -  აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.   ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გააორმაგოს ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში - სამი გზავნილი  

მიშელი: საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს საქმის შემდეგ ეტაპზე, დარჩენილი რეფორმების შესრულება ახლა საკვანძოა

„საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს საქმის შემდეგ ეტაპზე, რაც დარჩენილი რეფორმების განხორციელებას გულისხმობს და ამ მომენტისთვის უმნიშვნელოვანესია,“ - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე წერს.  „საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა მივულოცე ბატონ ირაკლი კობახიძეს. საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გააჩნია საქმის შემდეგ ეტაპზე, რაც დარჩენილი რეფორმების განხორციელებას გულისხმობს და ამ მომენტისთვის მთავარია,“ - აღნიშნავს შარლ მიშელი. ირაკლი კობახიძე შარლ მიშელსა და ოლივერ ვარჰეის შეხვდა  

ირაკლი კობახიძე კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩი აცხადებს, რომ მან დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზში გაწევრიანებისკენ გზამკვლევი გადასცა.  „საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია. დღეს მე გადავეცი გზამკვლევი ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზში გაწევრიანებისკენ პრემიერ ირაკლი კობახიძეს. პირველი ნაბიჯი ევროპის კატასტროფების მართვის შემდგომი გაძლიერებისკენ,“ - აღნიშნავს ევროკომისარი. ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება.  

ბარსელონის აეროპორტში რადიოაქტიური მასალის შემცველი ჩემოდანი იპოვეს

ესპანეთის თავდაცვის სააგენტო Civil Protections-ის ცნობით, შვეიცარიის საერთაშორისო ავიახაზების (SWISS) თვითმფრინავიდან სამშაბათს ჩამოტვირთულ ჩემოდანში რადიოაქტიური მასალის გაჟონვა დადასტურდა. ჩემოდანი გერმანიიდან ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, სალამანკაში გადაჰქონდათ. წერს ესპანური გამოცემა El Nacional. „მასალა, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც კიბოს სამკურნალო პროდუქტი, შეიძლება, გაჟონვა და გარეგანი დაზიანება გამოიწვიოს,“ ნათქვამია ინფორმაციაში.თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრები კარანტინში იმყოფებოდნენ და მასალის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ხუთი მუშა სიფრთხილის მიზნით სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. გამოკვლევის შემდეგ, ჯანდაცვის სააგენტომ გამოაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე არავინ დაშავებულა.  

უკრაინამ რუსების მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა - ლუბინეცი

უკრაინამ რუსეთიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 11 უკრაინელი ბავშვის სახლში დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი აცხადებს. „ჩვენ მოვახერხეთ 11 უკრაინელი ბავშვის სახლში დაბრუნება! ეს არის ექვსი გოგო, მათ შორის, ორი წლის ტყუპი და და ხუთი ბიჭი. უმცროსი დაბრუნებული ბავშვი ორი წლისაა, ყველაზე უფროსი კი 16 წლის,“ წერს ლუბინეცი. ლუბინეცის ცნობით, უკრაინელები კატარის დახმარებით და UNICEF-ის მხარდაჭერით, ასევე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის დახმარებით დაბრუნდნენ. ოფიციალური მონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია.