ძებნის რეზულტატი:

ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ რუსეთში ინდურ და აფრიკულ ავტომანქანებს ელოდებიან

რუსეთის ბაზარზე ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ, შესაძლოა, ინდოეთსა და უგანდაში წარმოებული მსუბუქი ავტომანქანებიც გამოჩნდეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. როგორც „იზვესტია“ წერს, 2023 წელს ჩინეთის ავტოკონცერნებმა რუსეთის ბაზრის ნახევარი აითვისეს და 550 000-ზე მეტი ავტომობილი(Chery, Haval, Geely) გაყიდეს, 2004 წელს კი ამ რიცხვის 600 000-მდე გაზრდას აპირებენ. რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ სერგეი კატირინის განცხადებით, რუსულ ბაზარზე დამკვიდრების პესპექტივა აქვთ ინდურ Tata Motors-ს და ირანულ Iran Khodro-ს და Saipa-ს. რუსეთში უკვე იყიდება ირანის კომპანია Iran Khodro-ს მიერ წარმოებული მსუბუქი ავტომობილები, რომელთა ფასი 1,5 მილიონი რუბლიდან იწყება. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ინდოეთის მწარმოებლები რუსეთის ბაზრის ათვისებას აპირებენ. რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე, უგანდაში წარმოებული ავტომობილებიც გამოჩნდება. საუბარია ამ ქვეყნის სახელმწიფო კომპანია Kiira Motors Corporation-ის მიერ გამოშვებულ ავტომანქანებზე. უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული სანქციების საფუძველზე, რუსეთში აკრძალულია ამერიკული, ევროპული და იაპონური ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი.  

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6449 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6432 ლარი იყო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ევრო 2.8504 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8467 ლარს შეადგენდა.  

ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიდან მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღებად, განახლების სამუშაო სასწრაფოდ უნდა დასრულდეს

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიდან მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღებად, განახლების სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ უნდა განვითარდეს ქვეყნების პოტენციალი ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში იმ პერიოდში, როდესაც კრიტიკული გამოწვევებია. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით,Tanap-ის (ტრანსანატოლიური მილსადენი) სიმძლავრის გაზრდა და კასპიის ბუნებრივი აირის თურქეთსა და ევროპაში გატანა ქვეყნების პრიორიტეტებს შორისაა. მან ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამშვიდობო პროცესზე და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მუდმივი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის იმედის ახალი წყარო იქნება. „ჩვენ ამ პროცესში აზერბაიჯანთან ერთად ვმოქმედებთ. ყარაბაღის ოკუპაციის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონში მუდმივი მშვიდობისთვის იხსნება შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობების ფანჯარა არ დაიხუროს. მიმაჩნია, რომ სომხეთმა უნდა შეაფასოს ეს პროცესი სტრატეგიული პერსპექტივით, გრძელვადიანი აზროვნებით,“ – განაცხადა ერდოღანმა.  

ეუთო/ODIHR-ი საქართველოში წინასაარჩევნო მისიას არაუგვიანეს მაისისა დაიწყებს

ექსკლუზივი Europetime-ს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) პრესსპიკერმა კატია ენდრაშმა განუცხადა, რომ ეუთო/ODIHR-ი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო შეფასების მაისისა არაუგვიანეს მაისისა დაიწყებს. „ჩვენ მართლაც მივიღეთ ხელისუფლებისგან მოწვევა, რომ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდეთ და უკვე ვგეგმავთ წინასაარჩევნო შეფასების მისიას, არაუგვიანეს მაისისა. როგორც მოგეხსენებათ, ODIHR-ი ეუთოს ქვეყნებს არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე, ეროვნული ხელისუფლების მოწვევით სტუმრობს. საჭიროებების შეფასების მისიის დროს ჩვენ ვესაუბრებით არჩევნებში ჩართულ ბევრ ადამიანს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, სასამართლოს წევრებს, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღისთვის მზადების დეტალური შეფასების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება არჩევნებზე დაკვირვებისა და მისი ფორმატის შესახებ, დამკვირვებელთა რაოდენობის ჩათვლით,“ განუცხადა Europetime-ს OSCE/ODIHR-ის პრესსპიკერმა კატია ენდრაშმა. რაც შეეხება არჩევნებზე დაკვირვებას, საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება წინასაარჩევნო გარემოს შეფასების შემდეგ მიიღება. „მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღისთვის მზადების დეტალური შეფასების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება არჩევნებზე დაკვირვებისა და მისი ფორმატის შესახებ, დამკვირვებელთა რაოდენობის ჩათვლით. საქართველოში ჩვენ მუდმივად ვაკვირდებოდით არჩევნებს და ჩვენი ძირითადი ექსპერტთა გუნდი რეგულარულად იგზავნება ქვეყანაში, არჩევნების დღემდე 6-8 კვირით ადრე,“ - აღნიშნავენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში. საქართველომ ეუთო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მოიწვია. ცნობისთვის, დღეს 19 თებერვალს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს.  

მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა

უმრავლესობის ლიდერი ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გახდა. უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას. მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიციაზე უმრავლესობა პარლამენტს აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის კანდიდატურას წარუდგენს. „პარლამენტის შიგნით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი საკადრო ცვლილება იყო უმრავლესობის ლიდერის არჩევა და აქ მე დამიჭირეს მხარი. ეს ინფორმაცია წინასწარაც იყო ცნობილი. ასევე ჩვენ რამდენიმე ცვლილება მივიღეთ. ასევე ვაკანტურია ვიცე-სპიკერის პოზიცია ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ. ამ პოზიციაზე უმრავლესობა პარლამენტს წარუდგენს ასარჩევად ნინო წილოსანის კანდიდატურას. ასევე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად დაუჭირა მხარი ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას. ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა გიორგი ცაგარეიშვილი. მას შემდეგ რაც პარლამენტის მიერ ნინო წილოსანი არჩეული იქნება ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და აქ ჩვენ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარვადგენთ დაჩი ბერაიას კანდიდატურას,“ - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიცია ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის ხელახლა დაკავებას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აპირებს, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელოს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს განცხადება ბერლინში, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის შეხვედრაზე გააკეთა. ფონ დერ ლაიენის ნომინაციას მარტის დასაწყისში, მისი პოლიტიკური ოჯახის, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ყოველწლიურ ყრილობაზე დაადასტურებენ. „ევროპის სახალხო პარტიამ“ შიდა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად 21 თებერვალი დანიშნა. კომისიის პრეზიდენტი ინიშნება ევროკავშირის ლიდერების შეხედულებისამებრ, ევროპული არჩევნების შედეგების გათვალისწინების შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც ლიდერობს, სარგებლობს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის დაუწერელი პრივილეგიით. ხელშეკრულებების თანახმად, კომისიის პრეზიდენტი ინიშნება ევროპულ საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით. ამის შემდეგ, საბჭოს წინადადება გადადის პარლამენტში, სადაც დასამტკიცებლად აბსოლუტური უმრავლესობაა საჭირო. ლაიენი 2019 წლის 16 ივლისს დაინიშნა ევროკომისიის პრეზიდენტად. ის პირველი ქალი პრეზიდენტია ევროკომისიის ისტორიაში.  

ნავალნის სიკვდილის, გამო აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს

ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები, მაგრამ დამატებით სანქციებს განვიხილავთ, დიახ,“ - უპასუხა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს. ამასთან, ჯო ბაიდენმა აშშ-ის „რესპუბლიკური პარტია“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი დიდ შეცდომას უშვებენ, რადგან წარმომადგენელთა პალატაში უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცებაზე უარს ამბობენ. ააშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ნავალნის სიკვდილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების კანონპროექტის დამტკიცებაზე გავლენას მოახდენდა, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ არის. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 26 ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს

ევროკავშირის 26 სახელმწიფო ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 26 თანახმაა, „დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული პაუზა მოითხოვონ, რაც მდგრად ცეცხლის შეწყვეტას, მძევლების უპირობო გათავისუფლებასა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას გამოიწვევს.“ ჯოზეფ ბორელმა არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყანა არ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას.  

უკრაინაში იაპონელი ინვესტორების მხარდასაჭერად, ტოკიო $1,3 მილიარდს გამოყოფს

იაპონია უკრაინაში იაპონელი ინვესტორების მხარდასაჭერად, 1,25 მილიარდ ევროს (1,34 მილიარდი აშშ დოლარი)გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 19 თებერვალს განაცხადა. იაპონია-უკრაინის კონფერენციას, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და რეკონსტრუქციის ხელშეწყობას ეძღვნება, ტოკიოში იმართება. შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის დელეგაცია შგიჰალის ხელმძღვანელობით. კონფერენცია, რომელიც დაახლოებით 300 ადამიანს და 80 კომპანიას აერთიანებს, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს დიალოგს ორივე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნეს სექტორებს შორის. სარეკონსტრუქციო კონფერენციის ფარგლებში უკრაინელმა და იაპონელმა ბიზნესმა და მთავრობის წარმომადგენლებმა 56 ხელშეკრულება და მემორანდუმი გააფორმეს. შმიგალმა ასევე გამართა მაღალი დონის შეხვედრები იაპონიის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოკო კამიკავასთან და იაპონიის ფინანსთა მინისტრთან შუნიჩი სუზუკისთან.  

ერდოღანმა ალიევს მოუწოდა, თავიდან აიცილოს დაძაბულობა სომხეთთან

19 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს განუცხადა, რომ აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის მომხრეა და სურს, რომ ბაქომ თავიდან აიცილოს სომხეთის საზღვარზე ძალადობის ესკალაცია. „ეჭვგარეშეა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მუდმივი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იქნება იმედის ახალი წყარო მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში,” - განაცხადა ერდოღანმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ანკარაში ჩავიდა მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებიც გამართა. ალიევი თურქეთში: თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა დღეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, ევრაზიისთვის ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიდან მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღებად, განახლების სამუშაო სასწრაფოდ უნდა დასრულდეს  

კიევი ადასტურებს რუსი მფრინავის გარდაცვალებას, რომელიც უკრაინაში სამხედრო შვეულმფრენით გაიქცა

19 თებერვალს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა დაადასტურა ადრე გავრცელებული ცნობა ესპანეთში რუსი პილოტის, მაქსიმ კუზმინოვის გარდაცვალების შესახებ. 2023 წლის ზაფხულში მაქსიმ კუზმინოვი უკრაინაში გაიქცა Mi-8 სამხედრო შვეულმფრენით და ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა. „ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ გარდაცვალების ფაქტი," – განუცხადა იუსოვმა RBC-უკრაინას. მას რუსი პილოტის გარდაცვალების მიზეზზე არ უსაუბრია. იუსოვმა პილოტის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ დააკონკრეტა. 2023 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის (ყოფილი GRU) ოფიცრებმა ტელეკომპანია „როსსია 1“-ის სიუჟეტში განაცხადეს, რომ მათ მიიღეს ბრძანება კუზმინოვის ლიკვიდაციის შესახებ. 2023 წლის აგვისტოში რუსული Mi-8 ვერტმფრენი რუსეთიდან უკრაინაში გაფრინდა და მალე უკრაინის ერთ-ერთ აეროდრომზე დაეშვა. მოგვიანებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ სააგენტომ დაარწმუნა რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინი, რომ გაფრენილიყო უკრაინაში და ჩაებარებინა შვეულმფრენი. ორი ეკიპაჟის წევრი, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რა ხდებოდა, გაქცევის მცდელობისას მოკლეს. ბუდანოვის თქმით, მათი დახმარებით კუზმინოვის ყველა ნათესავმა ოპერაციის დაწყებამდე მოახერხა რუსეთის უსაფრთხოდ დატოვება.  

კანადა უკრაინას 800-ზე მეტ დრონს გადასცემს

კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა, რომ კანადა გაზაფხულისთვის უკრაინაში ასობით თანამედროვე საბრძოლო დრონს გააგზავნის. მისი თქმით, ქვეყანა უკრაინისთვის 800-ზე მეტი SkyRanger R70 ტიპის დრონის გადასაცემად 95 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. ბლერის განმარტებით, კანადური წარმოების ეს დრონები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში დრონების ამ კლასში. „მათ შეუძლიათ 3.5 კგ-მდე წონის სხვადასხვა ტვირთის, მათ შორის საბრძოლო მასალის, გადაზიდვა. ეს დრონები დაეხმარება უკრაინელებს ფრონტის ხაზზე სწრაფად, ზუსტად და ეფექტურად ამოიცნონ სამიზნეები. ველით, რომ პირველ სისტემებს უკრაინის შეიარაღებულ ძალები ამ გაზაფხულზე მიიღებენ. ისინი ჩქარობენ – და ჩვენც," - განაცხადა კანადელმა მინისტრმა. როგორც ბილ ბლერმა აღნიშნა, დრონის მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ასევე მოიცავს სათადარიგო ნაწილების მიწოდებას და ტექნიკურ მომსახურებას.  

პუტინმა კიმ ჩენ ინს რუსული ავტომობილი აჩუქა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან საჩუქრად რუსული წარმოების ავტომობილი მიიღო, - ამის შესახებ იუწყება ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სააგენტო KCNA იუწყება „ამხანაგ კიმ ჩენ ინს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერ პუტინისგან რუსეთის მიერ წარმოებული პერსონალური ავტომობილი გადაეცა“, - იუწყება სააგენტო. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დის, კიმ იო ჯონგის თქმით, ეს საჩუქარი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დამყარებული განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობების აშკარა მტკიცებულებაა.

CNN: რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქში ძალების დიდ რაოდენობას აგროვებს

რუსეთი უკრაინის სამხრეთ ფრონტზე, ზაპოროჟიეს ოლქში საკუთარ ძალებს მასიურად აგროვებს, - ინფორმაციას CNN-ი რუსულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია იუწყება, ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, მობილიზებულია 50 000 რუსი ჯარისკაცი. „ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსული ძალები ცდილობენ თავიანთი უპირატესობის გაძლიერებას აღმოსავლეთ ფრონტზე, დონეცკის ოლქის ავდიივკას რამდენიმე ნაწილში დროშის აღმართვის შემდეგ,“ - იუწყება ტელეკომპანია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ზაპოროჟიეს მიმართულებით, მალინოვკისა და რაბოტინოს მიდამოებში მტრის 10 შეტევა მოიგერიეს. გენერალური შტაბის ცნობით, რუსებმა, ზაპოროჟიეს მიმართულებით, არტილერიითა და ნაღმმტყორცნებით 20-ზე მეტი დასახლება დაბომბეს.  

საფრანგეთში დააყადაღეს ვილა, რომელიც სავარაუდოდ, რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა

საფრანგეთის სასამართლომ დააყადაღა ლაჟვარდოვან სანაპიროზე, კურორტ როკებრიუნ-კაპ-მარტენზე მდებარე ვილა, რომელიც სავარაუდოდ, რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა. სასამართლომ ვილაზე საკუთრების უფლება პარიზის პროკურატურის მიმართვის საფუძველზე გაყინა. ვილა „მარია ირინა“ ოფიციალურად, წარმოშობით სომეხ ოლიგარქს, სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის, რომელიც რუსეთში საქმიანობს. პარიზის პროკურატურა მიიჩნევს, რომ რეალური მფლობელი რუსეთის ნავთობის და გაზის კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი ფირმა „გაზპრომ ნეფტია“. 120 მილიონი ევროს ღირებულების ვილა განთავსებულია სამ ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც სამი აუზი და ვერტმფრენის მოედანიცაა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, პარიზის პროკურატურის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების გამოძიებით, ვილა ფიგურირებს დამამძიმებელ გარემოებებში ფულის გათეთრების საქმეში. დანაშაული ჩადენილია პარიზსა და როკებრიუნ-კაპ-მარტენში და ასევე, კვიპროსსა და რუსეთში. „გაზპრომის“ შვილობილმა „გაზპრომ ნეფტმა“ სამველ კარაპეტიანს ვილა 2016 წელს მიჰყიდა, თუმცა, გამოძიებისას გაირკვა, რომ რეალურად ეს ქონება კომპანიის კონტროლიდან არასდროს გასულა. გამოძიების მასალებით, კარაპეტიანმა ვილის მფლობელი კომპანიის, Maritime Villa Holding SNC აქციები შეიძინა 115 მილიონი ევროს კრედიტით, რომელიც კომპანია „გაზპრომის“ საკუთრებაში არსებული „გაზპრომბანკისგან“ აიღო და გარანტიად ვილა ჩადო. კარაპეტიანი უძრავი ქონების, მშენებლობის, ენერგეტიკის და ფინანსების სფეროში მომუშავე კომპანიების ჯგუფის, „ტაშირის“ პრეზიდენტია. „ფორბსის“ მონაცემებით, კარაპეტიანის ქონება 2,7 მილიარდი დოლარია. როგორც გამოცემა „მონდი“ წერს, კარაპეტიანის ბიზნესის წარმატება დიდწილად განაპირობა „გაზპრომისგან“ მიღებულმა კონტრაქტებმა.  

შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარების უმსხვილეს პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას $682 მილიონის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა განაცხადა, რომ სტოქჰოლმი უკრაიანას უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტს მიაწვდის. უახლესი ტრანში ასევე მოიცავს 10 ერთეულ CB 90-ის ტიპის საბრძოლო კატარღას და წყალქვეშა იარაღს. უკრაინა ასევე მიიღებს 2 მილიარდი შვედური კრონის ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალას (192 მილიონი აშშ დოლარი), RBS 70 ადამიანის პორტატულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს (MANPADS), ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ყუმბარმტყორცნებს, ხელყუმბარებს და სამედიცინო მარაგს. შვედეთის ეს დახმარების პაკეტი უკრაინისთვის ზედიზედ მე-15 იქნება. ამით 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინაში შვედეთის სამხედრო დახმარების ჯამური ღირებულება 2,88 მილიარდამდე გაიზარდა.  

ნიდერლანდები უკრაინას დრონებს უკვე უგზავნის - მინისტრი

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინისთვის დრონების მიწოდება დაიწყო. ნიდერლანდებმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ ლატვიის ხელმძღვანელობით შექმნილ კოალიციაში, რომელიც უკრაინას უპილოტო თვითმფრინავების მოწინავე ტექნოლოგიას მიაწოდებს, მონაწილეობას მიიღებს. „ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ უკვე უკრაინაში უპილოტო თვითმფრინავებს ვაგზავნით,“ - განუცხადა ოლონგრენმა ბალტიისპირეთის გამოცემა „დელფთან“ ინტერვიუში. ნიდერლანდები დანიასთან ერთად ჩაუდგა სათავეში F-16 გამანადგურებელ თვითმფრინავებზე ორიენტირებული კოალიციის შექმნას. 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, ნიდერლანდებმა პირობა დადო, რომ უკრაინაში 24 F-16-ს გაგზავნის. ოლონგრენი დარწმუნებულია, რომ თვითმფრინავების პირველი ტრანსფერი მიმდინარე წელს მოხდება.  

უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდო - საჰაერო ძალები

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 23 დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა. რუსულმა ძალებმა ასევე გაუშვა ორი S-300/S-400 მართვადი საზენიტო რაკეტა და Kh-31 რაკეტა. რაკეტები გაუშვეს რუსეთის ბელგოროდის ოლქში და ოკუპირებულ ზაპორიჟჟიას ოლქის პოზიციებიდან, ხოლო თვითმფრინავები რუსეთის საპორტო ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს. თვითმფრინავების სამიზნე იყო ხარკოვი, პოლტავა, კიროვოჰრადი, დნეპროპეტროვსკი, ზაპოოოჟიე, ხერსონი და მიკოლაივის ოლქები. თავდასხმების დროს პოლტავას ოლქში სამრეწველო ობიექტი დაზიანდა.  

ავსტრალია საზღვაო ძალების ფლოტის რაოდენობას აორმაგებს

ავსტრალია სამეფო საზღვაო ძალების ფლოტის რაოდენობას გააორმაგებს, რისთვისაც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, დაახლოებით 7,25 მილიარდ დოლარს დახარჯავს. გეგმის თანახმად, ავსტრალია საბრძოლო მზადყოფნის გემების ამჟამინდელ ფლოტს 11-დან 26-მდე გაზრდის, 25 მცირე სამხედრო ხომალდთან ერთად, რათა წვლილი შეიტანოს სამოქალაქო საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებში. „ეს არის ყველაზე დიდი ფლოტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გვექნება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა. ანალიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი ინდო-წყნარ ოკეანეში ჩინეთთან დაძაბულობის გაძლიერებაზე მიუთითებს. „ავსტრალია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ საზღვაო ფლოტს ააშენებს ჩინეთის საფრთხის დასაძლევად. ავსტრალია გააორმაგებს თავისი საზღვაო ფლოტის ზომას დამატებითი 11,1 მილიარდი ავსტრალიური დოლარის (7,2 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციით, რათა მოერგოს ჩინეთის სამხედრო გაძლიერებას წყნარი ოკეანის რეგიონში,“ წერს Financial Times.  

დეკანოზი გიორგი მამალაძე: საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულება არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ დაუტოვებია. აღნიშნულ წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე. „წერილში მამალაძე გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის ოჯახის წევრებს, ჟურნალისტებს, ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, ემიგრანტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. შვიდწლიან პყრობილებაში ყოფნის შემდეგ, თავისუფლებაზე მყოფს, მსურს მადლიერება გამოვხატო, შეძლებისდაგვარად პერსონალურად, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მიმსუბუქებდნენ სატუსაღოში ყოფნის ჯოჯოხეთურ პერიოდს. უპირველეს ყოვლისა მადლობა უფალს ჩემი ცხოვრების თითოეული წამისთვის. მადლობა ჩემს ოჯახს 7 წლიანი ბრძოლისა და გვერდში დგომისთვის, მადლობა ჩემს მეგობრებსა და სულიერ შვილებს, მადლობა ჩემს უფლებადამცველებს: მია ზოიძეს, ქეთი ჩუთლაშვილს, ეკატერინე ლომიძეს, თამარ ავალიანს, მარიამ პატარიძეს, გიორგი ფანცულაიას, მიხეილ რამიშვილს, სულხან კომახიძეს, პაატა მეხრიშვილს, დავით ჯანდიერს,რაულ აგიკიანს, ასევე ნიკა გვარამიას, რომელსაც ჩემი უფლებების დაცვისა საპატიმროში ჩემი მონახულებისთვის N8 პენიტ. დაწესებულების დირექტორმა ზ.ქინქლაძემ ორგანიზებული “შუმოკი” მოუწყო მძიმე შეურაცხყოფით. განსაკუთრებული მადლობა თავგანწირვისათვის მეუფე პეტრეს, შეუპოვარ ადამიანს. ასევე, მადლობა მხარდაჭერის, დახმარებისა და გამბედაობისათვის იმ სასულიერო პირებსა და იერარქებს, რომლებიც ჩემთან შემოდიოდნენ საპყრობილეში. მათ სახელობითად არ ჩამოვთვლი, რათა მავანთა გულისწყრომის ობიექტად არ იქცნენ. მადლობა სახალხო დამცველებს უჩა ნანუაშვილს, ნინო ლომჯარიას და ალექსანდრე იოსელიანს, მადლობა სახ. დამცველის აპარატის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს გვანცა ჩხაიძეს, საბა ბრაჭველს,ალდონა ქაშიბაიას და სხვებს. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრს” და ალ. ცქიტიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია “სოც.სამართლიანობის ცენტრს” და თამთა მიქელაძეს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ემპათიას” და მარიამ ჯიშკარიანს. ორგანიზაციებს “ღია საზოგადოებას” და "მართლმსაჯულების კოალიციას". უღრმესი მადლობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, თავის წლიურ ანგარიშებში ჩემი საკითხისადმი არაერთგზის ყურადღების გამახვილებისთვის, ასევე USAID-ს,“ წერს დეკანოზი გიორგი მამალაძე. სასულიერო პირი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენის შემდეგ, სიმართლეს დაამტკიცებს. „მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია. საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმც, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე - არა სანახაობა, არამედ - სიმართლე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: „არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს,” - აცხადებს გიორგი მამალაძე.