ძებნის რეზულტატი:
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო მზად სავარაუდოდ, ზაფხულში იქნება
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო მზად სავარაუდოდ ზაფხულში იქნება. უფრო კონკრეტულად კი, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელიც ივნისის დასაწყისშია. „შესანიშნავ პროგრესს ვაღწევთ სკრინინგის პროცესში. ეს ძალიან კარგია და ჩვენ ვმუშაობთ მოლაპარაკებების ჩარჩოზე. ჩემი საუკეთესო ვარაუდით, ის მზად იქნება არა ევროპის არჩევნებამდე, არამედ, მის შემდეგ, რადგან მე ვხედავ, რომ პოზიციების შემუშავებას დრო დასჭირდება... მაგრამ ვფიქრობ, რომ სადღაც ზაფხულში, ზაფხულის დასაწყისში, ჩვენ მზად ვიქნებით,“ - განაცხადა ლაიენმა. არსებობდა ვარაუდი, რომ მოლაპარაკებების ჩარჩო უფრო ადრე იქნებოდა მზად და მთავრობათაშორის კონფერენციაზე, მარტის სამიტის შემდეგ, დამტკიცდებოდა. ევროკომისიამ პროექტზე მუშაობა იანვარში დაიწყო. ევროკავშირის მარტის სამიტზე, სავარაუდოდ, შეფასდება უკრაინის ბოლო ნაბიჯები გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ევროკომისიამ იანვარში დაიწყო უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტზე მუშაობა - დოკუმენტზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების პრინციპებსა და პროცედურებს განსაზღვრავს.
კანადა უკრაინის საბრძოლო მასალისთვის 23 მილიონ დოლარს გამოყოფს - მედია
კანადა ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივას შეუერთდება და 30 მილიონ კანადურ დოლარს (დაახლოებით 23 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს უკრაინისთვის, საბრძოლო მასალის შესაძენად. ამის შესახებ Ukrinform-ი უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. „კანადამ გამოაცხადა, რომ მზად არის, მხარი დაუჭიროს ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივას და ათობით ათასი საარტილერიო ჭურვი სხვადასხვა უკრაინაში გაგზავნოს. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტებულია, თავდაცვის წყაროები ამბობენ, რომ ფედერალურ მთავრობას 30 მილიონი დოლარის წვლილის შეტანა შეუძლია,“ - ნათქვამია მოხსენებაში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ის შეთანხმდა დანიასთან, ნიდერლანდებთან და კანადასთან, შეუერთდნენ ძალისხმევას უკრაინის საჭირო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მოსაძიებლად მთელ მსოფლიოში.
ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმებების შესახებ გამოაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმებების შესახებ გამოაცხადა. ამ თემაზე მან ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. „ჩვენ ვამზადებთ უსაფრთხოების ახალ შეთანხმებებს ჩვენს პარტნიორებთან. ძალიან არსებითს. ისინი მოიცავს თავდაცვის ახალ მხარდაჭერას ჩვენი მეომრებისთვის, ძალიან კონკრეტულ ფინანსურ გარანტიებს ჩვენი სახელმწიფოსთვის და პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც უკრაინას - ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას - უფრო დიდ შესაძლებლობებთან აახლოებს. ჩვენ ვამზადებთ რამდენიმე ახალ შეთანხმებას უსაფრთხოების შესახებ უახლოეს კვირებში. მადლობელი ვარ ჩვენი გუნდების, რომლებიც ამზადებენ მათ, მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მაკრონი: საფრანგეთი სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას გააგრძელებს
საფრანგეთი გააგრძელებს სომხეთთან თანამშრომლობის განვითარებას თავდაცვის სფეროში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის წინ განაცხადა. „ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობის განვითარებას თავდაცვის სფეროში. საფრანგეთმა თანხმობა განაცხადა თავდაცვის ტექნიკის მიწოდებაზე, საფრანგეთი გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესაბამისად მუშაობას ამ სფეროში და მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს რაიმე ესკალაცია,“ - განაცხადა მაკრონმა. მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარების მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს. „აქაც ჩვენ პროგრესს ვაღწევთ სუვერენიტეტისა და ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესების სასარგებლოდ. გაძლიერდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სტაბილურობას, მიუკერძოებელ ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებისთვის და დაუცველი მოსახლეობის უსაფრთხოებას სამხედრო საკონტაქტო ზონებში. სომხეთმა ასევე უნდა ისარგებლოს მშვიდობის ევროპული ინსტრუმენტებით. ევროკავშირს და სომხეთს სურთ ახალი პარტნიორობის გრაფიკი,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა საქართველოს მოქალაქე, რომელიც რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი
ჩეხეთის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს გადასცა საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი, რომელიც რამდენიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი . გავრცელებული ცნობით, ფოლად ომაროვი აშშ-ის პოლიციის ესკორტს პრაღის აეროპორტში გადასცეს. საქართველოს ექსტრადირებული მოქალაქე რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, მათ შორის, ფულის გათეთრებასა და ნიუ-იორკში ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვაში. მედიის ინფორმაციით, პირი, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა, ირანის მთავრობის კრიტიკოსია, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა და ბრუკლინში, ნიუ-იორკში ცხოვრობს. კაცი გასული წლის იანვარში დააკავეს და ივლისში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა, პაველ ბლაჟეკმა მისი ექსტრადიცია დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ ომაროვმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ის საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ფოლად ომაროვი 2022 წელს ჩართული იყო ირანელი-ამერიკელი აქტივისტი ქალის, მასიჰ ალინეჯადის ნიუ-იორკში, მის სახლში მკვლელობის დაგეგმვაში. ომაროვს და კრიმინალური დაჯგუფების ლიდერობაში ეჭვმიტანილ რაფატ ამიროვს ბრალად ედებათ აშშ-ის მოქალაქის, ხალიდ მეჰდიევის დაქირავება და მისთვის 30 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა აქტივისტის მოკვლის სანაცვლოდ. ჩეხეთის პოლიციამ ომაროვი 2023 წლის იანვარში დააკავა, საერთაშორისო ორდერის საფუძველზე.
ბერბოკი ლავროვის პირისპირ: ადამიანთა სიცოცხლეს, საკუთარ ხალხს თუ აფასებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ომი
„თუ აფასებთ ადამიანთა სიცოცხლეს, თუ აფასებთ საკუთარ ხალხს, რუს ბავშვებსა და ახალგაზრდებს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ეს ომი,“ მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. „თუ რუსეთი შეაჩერებს ამ ომს ახლა, ხვალ მშვიდობისა და სამართლიანობისკენ მიმავალი გზა ფართოდ გაიხსნება,“ განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა. მინისტრები ერთ მაგიდასთან ისხდნენ. ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ ბრაზილია, უკრაინიდან 10 000 კილომეტრში, შეიძლება, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებულად აღიქვამდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უბიძგებს ყველას, მტკიცედ დაიცვან ძირითადი პრინციპები, რადგან რუსული აგრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონული კონფლიქტი. „ეს ომი მოგვიწოდებს ყველას, მტკიცედ დავიცვათ ძირითადი პრინციპები, რომლებიც ყველას გვიცავს: გაეროს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები. ვინაიდან ეს პრინციპები იცავს ყველა ერს. რუსული აგრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონული კონფლიქტი,“ - აღნიშნა ბერბოკმა.
რუსეთის ოლქებზე სარაკეტო და დრონებით შეტევების შესახებ იუწყებიან
რუსული მხარის განცხადებით, რუსეთის ოლქებზე სარაკეტო და დრონებით შეტევები იყო. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა როსტოვის ოლქში უკრაინული ს-200 ტიპის საზენიტო რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც სახმელეთო დარტყმისთვის იყო გადაკეთებული. „აღიკვეთა კევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ უპილოტო საჰაერო აპარატის და ს-200 ტიპის საზენიტო რაკეტის გამოყენებით, რომელიც სახმელეთო სამიზნეების განადგურების მიზნით გადაკეთდა,“ - აცხადებენ უწყებაში. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონი გაანადგურეს. მანამდე, რეგიონის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი კლინცოვსკის რაიონში ჩამოაგდეს. მისი მტკიცებით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.
მაკრონი ფაშინიანთან შეხვედრაზე: ჩვენ გვინდა, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის რეგიონი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში შეხვედრა გამართეს. როგორც შეხვედრამდე გავრცელებული განცხადებებიდან ირკევა, მხარეებმა „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართულ დისკუსიებზე ისაუბრეს.“ მაკრონმა შეაქო ფაშინიანის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, რომელსაც ალიევი აკრიტიკებს. „სიუნიქში ბოლოდროინდელი ინციდენტები ადასტურებს, რომ ესკალაციის საფრთხე რეალური რჩება. საფრანგეთი წუხს, რომ 12 თებერვალს სროლის შედეგად აზერბაიჯანელი დაიჭრა, რაც ასევე სრული გამჭვირვალობით მიიღო სომხეთის ხელმძღვანელობამ, მაგრამ საფრანგეთი სინანულს გამოხატავს აზერბაიჯანის არაპროპორციული საპასუხო დარტყმის გამო, რის შედეგადაც, სომხურ მხარეს ოთხი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. საფრანგეთი გააგრძელებს მცდელობებს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემით. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების შესრულებისკენ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს, რომ პირებმა, რომლებმაც დატოვეს მთიანი ყარაბაღი 2023 წლის 19 სექტემბრიდან და რომელთაც სურთ დაბრუნდნენ, შეძლონ ამის გაკეთება უსაფრთხოდ, შეუფერხებლად და სწრაფად. ჩვენ გვინდა, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის რეგიონი და აუცილებელია საკომუნიკაციო არხები იყოს ინტეგრაციის ხელშემწყობი ფაქტორები და არა დაყოფა. მე ვიმყოფებოდი ცენტრალურ აზიაში და მსურს, განვითარდეს საკომუნიკაციო კავშირები ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის. და მივესალმები თქვენს "მშვიდობის გზაჯვარედინის" ინიციატივას ამ საერთო ამბიციაში,“ აღნიშნა მაკრონმა. თავის მხრივ, ფაშინიანმა მაკრონი სომხეთში ვიზიტით მიიწვია. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებულ დინამიკურ ეტაპზეა. ჩვენი კავშირები ღრმავდება ეკონომიკის სფეროში, ჩვენი კავშირები ღრმავდება პოლიტიკურად. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა თქვენს წვლილს სომხეთის ირგვლივ ხელსაყრელი გარემოს შექმნაში. თქვენ ახსენეთ ოთხმხრივი შეხვედრა პრაღაში, 2022 წლის 6 ოქტომბერს, სადაც, ფაქტობრივად, ხაზი გაესვა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ქვაკუთხედის პრინციპებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრინციპების დაცვის შემთხვევაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ნამდვილად მიღწევადი და რეალურია. და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენს ერთგულებას მიღწეული შეთანხმებების მიმართ. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადაგიხადოთ სომხეთის გამძლეობისთვის მხარდაჭერისთვის. თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ თავდაცვის სფეროში, ფაქტობრივად, ჩვენ დავამყარეთ ახალი ურთიერთობები, რაც აუცილებელია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ არის კრიტიკა და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა, როგორც ვთქვი, აღიარებს ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას. და ამ თვალსაზრისით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ვერავის შეშფოთებას ვერ გამოიწვევს, რადგან ჩვენი ერთადერთი ამოცანაა რეგიონში სწორი ბალანსის ჩამოყალიბება და მხოლოდ ლეგიტიმური, სუვერენული, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, საზღვრების დაცვა. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის მდგრადობის გაზრდა. ასევე მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული მადლობა სომხეთის დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ ნამდვილად შევდივართ ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ დინამიკურ ფაზაში. და აქვე მინდა ხაზი გავუსვა საფრანგეთის და პირადად თქვენ მხარდაჭერას, რადგან ევროკავშირს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის,“ აღნიშნა ფაშინიანმა. მაკრონი: საფრანგეთი სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას გააგრძელებს
ბაიდენმა პუტინს გიჟი SOB-ი უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა. მან კლიმატის ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიოს ჰყავს ვლადიმერ პუტინი და მისი მსგავსი ადამიანები, რომლის გამოც ყოველთვის უნდა აღელვებდეთ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე. „ჩვენ გვყავს გიჟი SOB-ი, როგორიცაა პუტინი და სხვები და ჩვენ ყოველთვის უნდა გვაღელვებდეს ბირთვული კონფლიქტი, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია,” - აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენს პუტინი არაერთხელ გაუკრიტიკებია. მან რუსეთის პრეზიდენტს მკვლელი, დიქტატორი, ჯალათი და ომის დამნაშავე უწოდა.
ზელენსკი: უკრაინამ ერთ კვირაში 7 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო
უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში შვიდი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საჰაერო ძალებს, ყველას, ვინც იცავს ჩვენს ცას. კარგი შედეგებია რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებით. შვიდი საბრძოლო თვითმფრინავი - რუსული “სუ“ მოიერიშე - ერთ კვირაში. მადლობას გიხდით ჩვენო ჯარისკაცებო სიზუსტისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული გამანადგურებელი სუ-34 ჩამოაგდეს, ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა 21 თებერვალს განაცხადა. საჰაერო ძალების ცნობით, ეს არის მეშვიდე რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში გაანადგურა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 21 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 338 თვითმფრინავი დაკარგა.
ზელენსკის ბრძანებით, უცხოელებს ეროვნულ გვარდიაში მსახურების უფლება მიეცათ
უცხოელებს უფლება მისცეს, უკრაინის ეროვნულ გვარდიაში იმსახურონ. უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 21 თებერვალს ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად, უცხოელებს და „მაქალაქეობის არმქონე პირებს“ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში სამსახურის უფლება ექნებათ. „უცხოელები, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე, ადრე არ იყვნენ ნასამართლევი და აკმაყოფილებენ სამხედრო სამსახურის მოთხოვნებს, როგორც ეს განსაზღვრულია უკრაინის კანონით „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ შეიძლება, მიღებულ იქნენ ნებაყოფლობით საფუძველზე (კონტრაქტით) უკრაინის ეროვნულ გვარდიაში სამხედრო სამსახურისთვის,“ - ნათქვამია განკარგულებაში. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ხელისუფლება მობილიზაციის მცდელობის გაძლიერებას ცდილობს. უკრაინის ეროვნული გვარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილია და ის საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, თუმცა რუსეთის შეჭრის შემდეგ გვარდია ფრონტის წინა ხაზზეც იბრძვის.
ახალი ზელანდია უკრაინას $26 მილიონის მოცულობის დახმარების პაკეტს გადაასცემს
ახალი ზელანდიის მთავრობამ 22 თებერვალს გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რომლის ღირებულებაც თითქმის 26 მილიონი დოლარია. ახალი ზელანდიის დახმარება 100 მილიონ დოლარს აჭარბებს. თანხის დიდი ნაწილი ახალი ზელანდიის მიერ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების პროგრამის 2025 წლამდე გახანგრძლივებას მოხმარდება. ახალი ზელანდია 6,5 მილიონ დოლარს გაუგზავნის გაერთიანებული სამეფოს მიერ ადმინისტრირებულ ფონდს უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად.
ეუთო/ODIHR-ი საქართველოს არჩევნებზე დაკვირვების შესახებ გადაწყვეტილებას, წინასაარჩევნო გარემოს დეტალურად შეფასების შემდეგ მიიღებს
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც საერთაშორისო ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღისთვის მზადებას დეტალურად შეაფასებს. ამის შესახებ Europetime-ს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) პრესსპიკერმა კატია ენდრაშმა განუცხადა. „მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღისთვის მზადების დეტალური შეფასების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება არჩევნებზე დაკვირვებისა და მისი ფორმატის შესახებ, დამკვირვებელთა რაოდენობის ჩათვლით. საქართველოში ჩვენ მუდმივად ვაკვირდებოდით არჩევნებს და ჩვენი ძირითადი ექსპერტთა გუნდი რეგულარულად იგზავნება ქვეყანაში, არჩევნების დღემდე 6-8 კვირით ადრე,“ - აღნიშნავენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში. ეუთო/ODIHR-ი საქართველოში წინასაარჩევნო მისიას არაუგვიანეს მაისისა დაიწყებს. საქართველომ ეუთო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მოიწვია. ცნობისთვის, 19 თებერვალს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს.
სტოლტენბერგი: უკრაინას F-16-ებით თავდაცვის უფლება აქვს, უკრაინის გარეთ, რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების ჩათვლით
NATO-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, მათ შორის, უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების ჩათვლით. მისი განმარტებით, თითოეულმა მოკავშირემ თავად უნდა გადაწყვიტოს, მიაწოდოს თუ არა F-16 უკრაინას და მოკავშირეებს განსხვავებული პოლიტიკა აქვთ. ამასთან, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ომი უკრაინაში არის აგრესიის ომი, და უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს. რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში შეკითხვას, როდის შეძლებს უკრაინა F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების განლაგებას, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ამის თქმა შეუძლებელია. მან გაიმეორა, რომ უკრაინის მოკავშირეებს სურთ, რომ თვითმფრინავები უკრაინაში რაც შეიძლება მალე გაიგზავნოს, მაგრამ F-16-ების ეფექტი უფრო ძლიერი იქნება, თუ მფრინავები, ტექნიკური მომსახურების ეკიპაჟები და სხვა დამხმარე პერსონალი კარგად მომზადებულები იქნებიან. „ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სამხედრო ექსპერტებს, თუ ზუსტად როდის ვიქნებით მზად ან როდის იქნებიან მოკავშირეები მზად F-16-ების გაგზავნისა და მიწოდების დასაწყებად. რაც მალე მით უკეთესი," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ექვსი წელი გავიდა
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, 2018 წლის 22 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილი სამ პირთან ერთად იმყოფებოდა ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ცხედარი ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თითქმის ორ თვეში გადმოასვენეს. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. 2020 წლის დეკემბერში, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ მიმართ ინტერპოლის მიერ, წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
შალვა პაპუაშვილი: როგორც ერი, საუკუნეების განმავლობაში, ვიმკიდით რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შედეგებს
„როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვარსებობდით ეგზისტენციური საფრთხეების ქვეშ, ხოლო როგორც ერი, საუკუნეების განმავლობაში ვიმკიდით რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შედეგებს,“ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. „უკრაინაში რუსეთის შეჭრა და აგრესიული ომის დაწყება სიურპრიზად იქცა ბევრი ჩვენი დასავლელი პარტნიორისთვის. მაგრამ საქართველოსთვის 2022 წლის თებერვალში ახალი არაფერი მომხდარა. როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვარსებობდით ეგზისტენციური საფრთხეების ქვეშ, ხოლო როგორც ერი, საუკუნეების განმავლობაში ვიმკიდით რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შედეგებს. როდესაც ჩვენ ხმას ვიმაღლებდით რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ბევრს საღათას ძილით ეძინა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ, როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი უშუალოდ ევროკავშირის საზღვრებთან წამოიწყო. მანამდე კი გვახსოვს გადატვირთვებიც, საუკუნის სტრატეგიული პროექტებიც და წითელ მოედანზე ერთობლივი სამხედრო აღლუმებიც. ჩვენი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ზოგიერთების კომფორტის გამო, მაშინდელი სამეზობლოს შემავიწროებელი დღეს გლობალური მასშტაბის აგრესორად იქცა. კარგი იქნებოდა, თუ ზოგიერთების თვალსაწიერი და მეხსიერების კალენდარი არა 2022 წლიდან, არამედ 1801 წლიდან, 1921 წლიდან, ან თუნდაც, 1989 წლიდან დაიწყებოდა,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მან ოპოზიციის კრიტიკისას განაცხადა, რომ „რუსეთის საკითხის“ უპასუხისმგებლო სპეკულირება მხოლოდ ეროვნული ინტერესების შეგნებული და გაცნობიერებული ღალატით შეიძლება აიხსნას.“ როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში უდრეკად ასრულებდა საერთაშორისო მოვალეობებს მსოფლიოს ცხელ წერტილებში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად „წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება უდრეკად ასრულებდა საერთაშორისო მოვალეობებს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. ჩვენი მამაცი სამხედროები იბრძოდნენ ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ ყველგან, სადაც ვჭირდებოდით ჩვენს მეგობრებს. არც ერთი წამით, არცერთი სანტიმეტრით, არცერთ ადგილას უკან არ დაგვიხევია. შევდიოდით იქ, სადაც სხვები ვერ ბედავდნენ; ვასრულებდით სხვებისთვის შეუსრულებელ მისიებს და ოპერაციებს; იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად სხვებსაც მშვიდად სძინებოდათ. საქართველოს, ჩვენს ხალხს არავისთვის არაფერი დასამტკიცებელი არ აქვს - ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ ყველგან, სადაც ჩვენი ომი იყო,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სასურველია, თუ ევროკავშირს NATO-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს NATO-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლის შესრულებაც ქვეყანას ისევე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა. „მიმდინარე წელი ევროკავშირთან და NATO-სთან დაახლოების წელი უნდა გახდეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო ათ წელიწადში არნახულ პროგრესს მიაღწია ევროპისკენ სვლაში. აუცილებელია, რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს და, მეტიც, დაჩქარდეს. როგორც აღვნიშნე, პარლამენტმა უპრეცედენტო მოცულობის სამუშაო შეასრულა 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და სექტორული ინტეგრაციის გასაღრმავებლად. ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი გავაკეთოთ. რაც უფრო ნაკლები იქნება ობსტრუქცია ოპოზიციის მხრიდან, მით უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება ჩვენი ძალისხმევა,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. „საქართველო ევროკავშირის გზაზე არავის ეჯიბრება, რის წარმოჩენასაც ესოდენ დაბეჯითებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია. ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, დღესაც საქართველო ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი კოლომინა კანდიდატის სტატუსზე: გზას უხსნის მომენტუმს, რომლის გამოყენებაც 2024 წელს გვჭირდება რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
ომბუდსმენის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რეფორმები ოპოზიციური პარტიების ჩართულობით გატარდეს
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, ოპოზიციური პარტიების ჩართულობით გატარდეს. ომბუდსმენის თქმით, ოპოზიციის ჩართულობა საბოლოო ჯამში აჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს. „ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, და ეს რეფორმები პირველ რიგში ეხება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, ამ გზაზე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, სასურველია, რომ იყოს ოპოზიციის ჩართულობით. ეს საბოლოო ჯამში აჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს. ვისურვებდი, რომ იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც ჩვენს საგარეო პრიორიტეტებთან არის მიმართული, მნიშვნელოვნად იყოს ჩართული ოპოზიციური პარტიები და მნიშვნელოვნად იყოს გაზიარებული ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციები”, - განაცხადა იოსელიანმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "უკრაინის კრიზისზე“: ისტორია შეაფასებს, ვინ იყო მართალი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი მიიჩნევს, რომ ისტორია განსჯის „უკრაინის კრიზისის“ ყველა ნიუანსს, განსაკუთრებით იმას, თუ ვინ იყო მართალი და ვინ ჩაიდინა უსამართლობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა საომარი მოქმედებების შეწყვეტაა. ამის შესახებ მან ჩინურ მედიასთან ინტერვიუში ევროპული ტურის დასრულების შემდეგ განაცხადა. ჩინელი მინისტრის თქმით, „უკრაინის კრიზისი“ ერთ-ერთია იმ ორი ძირითადი საერთაშორისო ცხელი წერტილიდან, რომელიც იწვევს ნეგატიურ გავლენას მთელ მსოფლიოში და „კრიზისის“ გახანგრძლივება და გაფართოება არ შეესაბამება საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებს. „ამ მომენტისთვის ყველაზე გადაუდებელია მშვიდობის აღდგენა,"- აღნიშნა ვანმა. მისი თქმით, ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ ნებისმიერი კონფლიქტის საბოლოო წერტილი არის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. „გვჯერა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტა ერთადერთი გამოსავალია," - განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა. ვან ის თქმით, ჩინეთი გააგრძელებს კონსტრუქციულ როლს მშვიდობის აღდგენის საქმეში და მხარს დაუჭერს დაბალანსებული, ეფექტიანი და მდგრადი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან შეხვედრაზე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში განაცხადა, რომ ჩინეთი არ მიჰყიდდა რუსეთს სასიკვდილო იარაღს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩინეთს რუსეთის შეჭრა არ დაუგმია. დასავლეთი მას ხშირად მოუწოდებს, რომ გამოიყენოს თავის გავლენა და რუსეთს მოუწოდოს, დაასრულოს ომი უკრაინაში. თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი
რუსეთი გავიდა 1956 წლის შეთანხმებიდან, რომელიც ცივი ომის გარდამტეხ მომენტში, ბრიტანეთთან გაფორმდა
რუსეთი გავიდა 1956 წლის შეთანხმებიდან, რომელიც ბრიტანეთთან საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა გააფორმა მიერ, რაც იმის დემონსტრეირებაა, თუ რამდენად ღრმაა უფსკრული რუსეთსა და დასავლეთს შორის, უკრაინის წინააღმდეგ ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ. 1956 წლის შეთანხმებას, ლონდონში მოეწერა ხელი, ცივი ომის გარდამტეხ მომენტში: იმ წელს ხრუშჩოვმა დაგმო იოსებ სტალინი, შესთავაზა მშვიდობიანი თანაცხოვრება დასავლეთს და აპრილში ბრიტანეთსაც ეწვია. როგორც Reuters-ი წერს, დღეს მოსკოვი მეტი სიხისტით გამოირჩევა. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს უწოდებს დამსხვრეულ იმპერიას, რომელსაც სურს რუსეთის განადგურება და მისი ბუნებრივი რესურსების მოპარვა. დასავლეთი პუტინს მკვლელად და რუსეთს მტრად მიიჩნევს. თევზჭერის შესახებ 1956 წლის შეთანხმებამ ბრიტანელ მეთევზეებს, ბარენცის ზღვაში, კოლის ნახევარკუნძულის სანაპიროს მახლობლად თევზჭერისა და თავისუფალი ცურვის უფლებას აძლევდა. „2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში, მოსკოვსა და დასავლეთს შორის 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ყველაზე სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია,“ წერს Reuters-ი. ცნობისათვის, დაწესებული სანქციების პასუხად, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის მიერ დიდ ბრიტანეთთან 1956 წელს დადებული თევზჭერის შეთანხმების გაუქმებას.