ძებნის რეზულტატი:

აშშ ორიენტირებულია, დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების უზრუველყოფაში - ელჩი დანიგანი

აშშ ორიენტირებულია, დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუველყოფაში. შესაბამისი კომენტარი მედიასთან გააკეთა აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა. ელჩის თქმით, სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. „მოდით, არჩევნებზე უფრო ზოგადად ვისაუბრებ. საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია, და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი. ასე რომ, მე მოუთმენლად ველი, რომ ქართველებმა გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლება და მისცენ ხმა და ამერიკელებმაც იგივე გააკეთონ შეერთებულ შტატებში,“ განუცხადა ელჩმა მედიას. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით დღეს მიიღო. სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს.  

ელჩი დანიგანი: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა

აშშ-ის ელჩის განცხადებით, შტატების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა. შესაბამისი კომენტარი მედიასთან გააკეთა აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა. ელჩის თქმით, აშშ-ს სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. „აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძალზე ძლიერია და ის მოიცავს მთელ რიგ მიმართულებებს: უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა, და ასევე, ძალიან მტკიცე ხალხთაშორისი კავშირები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე საქართველოში ჩამოსვლისას, იყო ბრიუსელში ვიზიტი, რათა ევროკავშირთან საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე მესაუბრა. და ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი არის ბრიუსელში, სადაც ის დღეს იმყოფება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე სასაუბროდ. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებში, საქართველოს ევროკავშირის წევრად ვიხილავთ ,“ განუცხადა ელჩმა მედიას. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის          

კალაძე კანონპროექტზე: ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი ბინადარ ცხოველთა შესახებ და აღნიშნული კანონმდებლობის დისკრედიტაციის მიზნით, არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გავრცელდა. კახა კალაძის თქმით, თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება. „შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს კი, ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს. მუნიციპალიტეტებს, რასაკვირველია, პირდაპირ გვეხება ეს საკითხი, რადგან ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევა გვაქვს. საგრძნობლად გავზარდეთ სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, მაგრამ დახარჯული ძალისხმევა ვერ ეწევა უკონტროლოდ გამრავლებული და მიუსაფარი ცხოველების რიცხვს,“ – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მერია მიუსაფარი ცხოველების საკითხის გადაჭრას ჰუმანური და ეფექტიანი გზებით გეგმავს. „კიდევ უფრო გაიზრდება სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და თავშესაფრის გამტარუნარიანობა. ამ მიმართულებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს,“ – აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება. „პოპულაციების მართვის ცენტრის მშენებლობის შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა. შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების სისტემით. ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება,“ – განაცხადა კახა კალაძემ. როგორც მან აღნიშნა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შეისყიდა მობილური ვეტკლინიკა, სამომავლოდ კი არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია იგეგმება. „მობილური ვეტკლინიკა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. მიმდინარე წელს, ასევე, იგეგმება არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია. ცხოველების შიდა და გარე ვოლიერები, ლაბორატორიისა და საოპერაციო ბლოკი განახლდება და თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობებით აღიჭურვება. თავშესაფარი დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც აღიარებულია ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ,“ – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა. „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება თითოეულ გამოძახებაზე და დამატებით გამოვყოთ ჯგუფები ქალაქში მონიტორინგისთვის. ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თავშესაფრის გამტარუნარიანობას და, შესაბამისად, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.  

ლუკაშენკომ სამართალდამცველებს ქუჩებში იარაღით პატრულირება დაავალა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სამართალდამცავ ორგანოებს პატრულირების ორგანიზებისკენ მოუწოდა. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ამისთვის სამართალმდაცველებმა ცირე ზომის იარაღი მაინც უნდა გამოიყენონ.  „ადამიანებმა თავი დაცულად უნდა იგრძნონ სახლში, სამსახურში, ქუჩაში, დღის ნებისმიერ დროს,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ. მისი განცხადენით, ვიდრე ბელორუსში დანაშაულის მაჩვენებელი იკლებს, ქვეყანა "ექსტრემისტული ხასიათის" დანაშაულის საფრთხის წინაშეა. „დღეს ეს არის კანონისა და წესრიგის დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი – ავაზაკების ქმედებების აღკვეთა. ვაფრთხილებ შსს-ს, უსაფრთხოების სამსახურს, სპეცსამსახურებს, ყველას, პროკურატურას - ნებისმიერს: ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ეს, ჩვენი პატრულის ბიჭები უნდა იყვნენ ქუჩაში... პატრული უნდა იყოს შეიარაღებული სულ მცირე პისტოლეტით,“ განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა. ლუკაშენკომ მხარი დაუჭირა რუსეთის შეჭრას უკრაინაში 2022 წლის თებერვალში, ნება დართო მოსკოვს, გამოიყენოს თავისი ტერიტორია ომის დასაწყებად. ის გასულ წელს დათანხმდა რუსეთის დასავლეთ საზღვარზე, რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ რამდენიმე "დივერსანტი", მათ შორის, უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეები, ორი ქვეყნის საზღვარზე, "კონტრტერორისტული ოპერაციის" დროს დააკავეს.  

კარა-მურზა პუტინზე: მხოლოდ სიკვდილი მოიტანა - შემდეგ იყო ჩეჩნეთი, სირია, ბესლანი, საქართველო, უკრაინა

რუსეთში პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აკისრებს და აღნიშნავს, რომ მან 25-წლიანი მმართველობის პერიოდში სიკვდილი მოიტანა, არამხოლოდ რუსეთში, არამედ, სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, სირიაში, ჩეჩნეთში, საქართველოსა და უკრაინაში. „ერთი რამ დანამდვილებით და მტკიცედ ვიცი, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირდაპირ ვლადიმერ პუტინია, რადგან ნავალნი პირადად მისი პატიმარი იყო. მხოლოდ მისი პირადი ბრძანების საფუძველზე შეუძლიათ მოქმედება FSB-ს მეორე სამსახურის მომწამვლელებს, საქმეების განხილვა და სასჯელების გამოტანა გამომძიებლებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს, ციხის მაღალჩინოსნებს კი, პატიმრების წამება. ამ კაცმა, მისი 25-წლიანი ძალაუფლების განმავლობაში, მხოლოდ სიკვდილი მოიტანა - სწორედ იმ შემოდგომიდან, როცა ბინებში მძინარე მშვიდობიანი ადამიანები ღამე საცხოვრებელი ბინებში ააფეთქა. შემდეგ იყო ჩეჩნეთი, ნორდ-ოსტი, ბესლანი, საქართველო, სირია, უკრაინა. ეწირებიან საუკეთესოები - ყველაზე მამაცები, ყველაზე გულწრფელები, ყველაზე მზრუნველები. ყველა ბრუნდება - მათ გარდა, ვინც საჭიროა". და მხოლოდ შურისმაძიებელი, მშიშარა, ხარბი მოხუცი კაცი ინარჩუნებს სასიკვდილო ძალას და ანადგურებს ყველას, ვისგანაც საფრთხე შეექმნება მის ძალაუფლებას," - წერს კარა-მურზა სოციალურ ქსელში. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.

ევროკავშირმა „მწვანე შუქი“ აუნთო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს, რომელიც პირველად, ჩინურ კომპანიებსაც მოიცავს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა, რომელიც პირველად, ჩინურ კომპანიებსაც მოიცავს. ჩინური კომპანიები ეჭვმიტანილნი არიან რუსეთისთვის აკრძალული ნივთების შეძენაში. ევროკავშირის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სანქციებისგან თავის არიდების წინააღმდეგ მოქმედებას იმ კომპანიების მიმართ, რომლებსაც ბრალი ედებათ ევროკავშირში წარმოებული მოწინავე ტექნოლოგიებისა და სამხედრო საქონლის რუსეთისთვის მიწოდებაში. სანქციების სამიზნე ასევე გახდნენ თურქული და ჩრდილოეთ კორეული კომპანიები. ახალი სანქციებით შავ სიას დაახლოებით 200 ადამიანი და სუბიექტი დაემატა. ევროკავშირის მე-13 პაკეტი ფორმალურად 24 თებერვალს დამტკიცდება. აშშ-მ შესაძლოა, სანქციები დაუწესოს ჩინურ კომპანიებს, რომლებიც უკრაინაში ომის მხარდაჭერაში არინ ეჭვმიტანილნი  

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს, ასევე, მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის მისაღწევად მუშაობას აგრძელებს.  ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში ევროპარლამენტის როლსა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა შეაფასეს და პარტნიორობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს. „შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და რობერტა მეცოლამ განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ კოლონიის ხელმძღვანელობას, რომელშიც ნავალნი დაიღუპა

ბრიტანეთმა 21 თებერვალს სანქციები დაუწესა რუსეთში, არქტიკაში მდებარე იმ ციხის დირექციის ექვს წარმომადგენელს, რომელშიც კრემლის ოპონენტი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა. სანქციები დაუწესეს ციხის დირექტორს, პოლკოვნიკ ვადიმ კალინინს და მის ხუთ მოადგილეს - მათ აეკრძალებათ ბრიტანეთში შესვლა, გაიყინება მათი ქონება, აცხადებს ბრიტანეთი. „მათ, ვინც პასუხს აგებენ ნავალნის სასტიკ მოპყრობაზე, ილუზიები არ უნდა ჰქონდეთ - ჩვენ დავაყენებთ მათი ანგარიშვალდებულების საკითხს," - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი, რომლის სიტყვებსაც BBC ციტირებს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.  

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო: მე-8 სხდომის შემდგომი ერთობლივი განცხადების დეტალები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების საბჭოს მე-8 შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა. ასოცირების საბჭო მიესალმა ევროპის საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რამაც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესი ევროკავშირისკენ, დამოკიდებული იქნება ქვეყნის დამსახურებაზე გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების თვალსაზრისით. ასოცირების საბჭომ გაიმეორა ევროკავშირის ვალდებულება, გააძლიეროს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ეფექტიან განხორციელებას 2021-2027 წლებში. ასოცირების საბჭომ გაიხსენა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და მისი DCFTA-ის ეფექტიანი განხორციელება, ხელს უწყობს პირობების შექმნას ევროკავშირთან გაძლიერებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებისთვის, რაც გამოიწვევს საქართველოს შემდგომ ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ბევრ სექტორში, როგორც აღნიშნულია ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშში საქართველოს შესახებ. ამ მხრივ მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი გახდა ევროკავშირის წევრობის მიზანი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა, მთავრობა და მთელი პოლიტიკური სპექტრი. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ კონსტრუქციული პარტიათაშორისი თანამშრომლობა და დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგი. ასოცირების საბჭომ შეაქო საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა პოლიტიკის შემუშავების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური, არსებითი და სისტემატური ჩართულობის მნიშვნელობას. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა დეზინოფრმაციასთან, ანტიევროპულ რიტორიკასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასთან და ჩარევასთან ბრძოლის მნიშვნელობას, ასევე მოუწოდა საქართველოს, გადადგას არსებითი ნაბიჯები ამ კუთხით. ამავე დროს, აღნიშნა მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა. ამასთან, ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, კერძოდ, პროკურატურა, ყველა სასამართლო, ანტიკორუფციული და მონეტარული ინსტიტუტი. „ევროკავშირმა აღნიშნა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების გაუმჯობესების აუცილებლობას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს აერთიანებთ ერთობლივი გადაწყვეტილება, გააძლიერონ დემოკრატია, კანონის უზენაესობა ჩვენს საზოგადოებებში. ევროკავშირმა აღნიშნა ის სამუშაო, რომელიც შესრულდა საკანონმდებლო ჩარჩოს და მართლმსაჯულების სისტემის შესაძლებლობების, ორგანიზების გასაუმჯობესებლად. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდგომი ძალისხმევა იყო საჭირო სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის გასატარებლად, განსაკუთრებით სასამართლოს და პროკურატურის ყველა ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. „ასოცირების საბჭომ აღნიშნა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები და მოუწოდა საქართველოს, დაასრულოს საარჩევნო რეფორმა მოახლოებულ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიის და ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად და უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევას. ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების მეორე ეროვნული სტრატეგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის მიღება. ასოცირების საბჭო მიესალმა სამუშაოს, რომელიც გატარდა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, გენდერული ნიშნით და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე გაწეულ სამუშაოს. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ამ სამუშაოს გაგრძელების და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების გაძლიერებული პატივისცემის უზრუნველყოფის აუცილებლობას, მათ შორის გამოხატვის, შეკრების და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის, ასევე ადამიანის უფლებადამცველი ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის,“ – ნათქვამია დოკუმენტში. ასოცირების საბჭომ აღნიშნა დეოლიგარქიზაციასთან მიმართებით გაწეული სამუშაო, საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილება და ხაზი გაუსვა არსებული სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობას მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით. ევროკავშირი მიესალმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას და ხაზი გაუსვა ბიუროს დამოუკიდებლად და ეფექტიანად ფუნქციონირების მნიშვნელობას. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა კორუფციის ყველა ფორმის დასაძლევად, მათ შორის, დეოლიგარქიზაციის ძალისხმევის ფარგლებში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებას და მის ქმედებებს ევროკომისიის რეკომენდაციების მიმართ. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს ძლიერ მოლოდინს, რომ არსებითად გაზარდოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან და შემზღუდველ ზომებთან და მოუწოდა საქართველოს სრული თანხვედრის უზრუნველყოფის მიმართულებით პროგრესისკენ. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პროაქტიულ ჩართულობას და კონსტრუქციულ თანამშრომლობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და დაადასტურა მტკიცე ერთგულება კონფლიქტის მოგვარების და ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი საქართველოში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირმა და საქართველომ დაადასტურეს მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი, მათ შორის მომავალი მე-60 რაუნდისადმი, რომელიც სრულყოფილად მოქმედ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებთან (IPRMs) ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2008 წლის აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით. „ევროკავშირმა და საქართველომ შეშფოთება გამოხატეს რუსეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რუსეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების, სამხედრო, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ინტეგრაციისკენ, რაც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საბჭომ დაგმო საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული რუსეთის ძალების მიერ საქართველოს სამოქალაქო პირის, თამაზ გინტურის, მკვლელობა. ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების დარღვევებისა და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გამო. ევროკავშირმა და საქართველომ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ დაადასტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის ვალდებულება. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვან როლს და, მანდატის შესაბამისად, მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეუფერხებელი წვდომის აუცილებლობას. ასოცირების საბჭომ კვლავ აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება, რომლებმაც დაადასტურეს რუსეთის, როგორც საქართველოს რეგიონებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტების მხარდაჭერის გაძლიერებისა და ნდობის აღდგენის ზომების გაზრდის მნიშვნელობა, ასევე დაადასტურა შერიგებისა და ჩართულობისკენ მიმართული ძალისხმევისადმი მხარდაჭერა,“ - წერია განცხადებაში.

რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. შესაბამისი პოსტი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას X-ის გვერდზე გავრცელდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო ევროპულ გზაზე მიიწევს. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება საკვანძო, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე,“ - აღნიშნავს რობერტა მეცოლა.  

ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ცნობით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6501 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6467 ლარი იყო. ევრო 2.8618 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8600 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება  

„რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან

ორი წელი ომიდან: პუტინმა აღიარა, რომ მიზანს ჯერ ვერ მიაღწია; უკრაინა აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია; ბაიდენის ადმინისტრაცია, კიევის დახმარების საკითხის გარშემო, კონგრესში მიმდინარე დავის ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ „გამანადგურებელ სანქციებს“ აანონსებს. ომის მეორე წლისთავის წინ, პირველ თებერვალს კიევმა ევროკავშირისგან ფინანსური რესურსის მიღების გარანტია მიიღო, როდესაც ბლოკი 50 მილიარდის ევროს მოცულობის პაკეტის მიღებაზე შეთანხმდა. თუმცა რუსეთის სარაკეტო იერიშების ფონზე, კიევი კვლავ აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია. ომიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პუტინმა აღიარა, რომ უკრაინაში „მიზანს ჯერ ვერ მიაღწია.“ კიევი და მისი მთავარი პარტნიორი - აშშ, რომელმაც ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება გაიღო უკრაინისთვის, ახლა რესურსების შეფერხების უარყოფით გავლენებზე უკვე მიუთითებენ. ბრძოლის ველზე მძიმე სურათია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი მიიჩნევს, რომ „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს, რადგან მას კატასტროფული მომავალი ექნება“: „რადგან მოსკოვს ნომინალური კონტროლის საზღვრებში 40 მილიონი მტერი ეყოლება,“ ამბობს გობლი Europetime-თან. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდება, ვიდრე კრემლი არ გააცნობიერებს, რომ ვერ გაიმარჯვებს,“ - მიიჩნევს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი. მისი განცხადებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა და მას მიეწოდოს ყველაფერი, რაც სჭირდება. პოლ გობლს, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას, არ სჯერა, რომ პუტინი ოდესმე წაგებას აღიარებს. „პუტინი გააგრძელებს საკუთარი ქვეყნის მსხვერპლად შეწირვას, რათა ძალაუფლება სიკვდილამდე შეინარჩუნოს,“ ამბობს პოლ გობლი. ბაიდენის ადმინსტრაცია და უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებენ, რომ კონგრესი უკრაინისთვის კრიტიკულ დახმარებას დაამტკიცებს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ავდიივკის დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგია. მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა რუსეთის თავდასხმების შეჩერების შესაძლებლობა, ვიდრე საბრძოლო მასალა არ დაუმთავრდა. „განსაკუთრებით საბრძოლო მასალის საარტილერიო სახეობები, რომლებიც იმისთვის სჭირდებოდა, რომ რუსული ძალებისთვის უკრაინულ თავდაცვით ხაზებამდე მისვლასა და ამ პოზიციების დაპყრობაში შეეშალა ხელი,” - განაცხადა კირბიმ. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-ის ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა ავდიივკას არ დაკარგავდა იმ შემთხვევაში თუ კიევი „მიიღებდა ყველა საჭირო საარტილერიო ჭურვს, რომლებიც დაცვისთვის სჭირდება.“ „ხალხმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს. კანონპროექტის მიღება - ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცები ფრონტზე გაიგზავნოს, დროა საჭირო. და სანამ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, პლუს გაითვალისწინეთ ლოგისტიკა, მთელი ეს დრო ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ თავს გაწირავენ ფრონტზე, რუსეთის უფრო დიდი ძალების წინააღმდეგ დაცვაში,“ - განაცხადა კულებამ. აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი აღნიშნავს, რომ ახლა თითოეული დღე გადამწყვეტია. „ამ კვირას რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავია. უკრაინის გასვლა ავდიივკიდან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ უკრაინელებმა მოლოდინებს გადააჭარბეს კიდევ ერთხელ. NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის და F-16-ის აღჭურვილობისთვის,” - განაცხადა თავის მხრივ, ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა. გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსი სამხედროების მიერ ავდეევკის დაკავებას არ ექნება არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობა სიტუაციაზე. „ჩემზე, ისევე, როგორც ყველაზე, შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინის გამძლეობამ, რომელსაც საერთაშორისო მხარდაჭერა უმაგრებდა ზურგს, თუმცა ეს უკანასკნელი, მაგრამ არა პირველი, გარკვეულწილად, მცირდება,“ აღნიშნავს პოლ გობლი Europetime-თან. უკრაინაში აშშ-ის ელჩის ბრიჯიტ ბრინკის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება, მათ შორის, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცდილობს, დააჩქაროს ახალი დაფინანსების დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად. მაგრამ არ არსებობს „გეგმა B“ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი უარს იტყვის ინიციატივის მხარდაჭერაზე. „ომი ჩიხშია და გარკვეული პერიოდია, ასე გრძელდება. როგორც ჩანს, გადამწყვეტი წინსვლა არცერთ მხარეს არ შეუძლია,“ ამბობს Europetime-თან კლაუს ლარესი - ჩრდილოეთ კაროლინის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, ვუდრო უილსონის საერთაშორისო ცენტრის ანალიტიკოსი, ლარესი ასევე გახლდათ ჰარვარდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების მოწვეული მეცნიერი. ანალიტიკოსის შეფასებით, პუტინს სურს, დაელოდოს აშშ-ის არჩევნების შედეგს ნოემბერში. „შესაძლოა, ტრამპმა უარი თქვას უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ დანამდვილებით ეს ჯერ არ ვიცით,“ - აღნიშნავს კლაუს ლარესი. ამერიკელ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ შტატების დახმარება სიტუაციას ახლა ალბათ, შეცვლიდა, თუმცა დანამდვილებით, პროგნოზების გაკეთება რთულია. შტატებს უკვე მზად აქვს იმ დახმარების ჩამონათვალი, რომლის გაგზავნას უკრაინისთვის სასწრაფოდ გეგმავს, მას შემდეგ, თუ კონგრესი უკრაინისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის პაკეტს დაამტკიცებს. 23 თებერვალს, ომის მეორე წლისთავზე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა. აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ გამაბადგურებელი სანქციები დააანონსა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. რუსთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზეა საუბარი 2024 წლის იანვარში, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშიც, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმას ეხება. ორგანიზაცია ახალი დასკვნების საფუძველზე წერს, რომ 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე რუსული თავდასხმის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის - ბევრი აშკარად უკანონო თავდასხმების შედეგად. „რუსული ძალების მიერ მარიუპოლის განადგურება და უკრაინული კულტურის წაშლის მცდელობა, უკრაინაში მათი სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავია. საერთაშორისო ორგანოებმა და მართლმსაჯულების ერთგულმა მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიებაზე, რომლებიც შესაძლოა, მარიუპოლში სამხედრო დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი,“ წერს HRW. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯონ რუსული ძალების მიერ მარიუპოლში საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილი აშკარა სამხედრო დანაშაულების გამო. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ომი დასრულდება მაშინ, როცა მსოფლიო „გააცნობიერებს პუტინის საფრთხეს.“

იენს სტოლტენბერგი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ რუსეთის ნებისმიერი მუქარა მიუღებელია

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ რუსეთის ნებისმიერ მუქარა მიუღებელია. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. „საქართველოს NATO-ს ახლო პარტნიორია და ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. NATO აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ ნებისმიერი მუქარა მიუღებელია,”- აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერაზეც. „ამ კვირას რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავია. უკრაინის გასვლა ავდიივკიდან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ უკრაინელებმა მოლოდინებს გადააჭარბეს კიდევ ერთხელ. NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის და F-16-ის აღჭურვილობისთვის,” - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისვე თქმით, ალიანსის პარტნიორები ასევე თამაშობენ მთავარ როლს და მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველო ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს და ათასობით უკრაინელ ლტოლვილს მასპინძლობს. „დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილავთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, რომელსაც ვიცი, რომ საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ნაოსნობის თავისუფლებას. ეს ასევე გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე მთელ მსოფლიოში. ასე რომ, მივესალმები მოკავშირეების ძალისხმევას, რომლებიც მუშაობენ შავი ზღვის განაღმვაზე, რაც მას უფრო უსაფრთხოს გახდის ნავიგაციისა და ვაჭრობისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილავთ NATO-საქართველოს პარტნიორობას და მის შემდგომ განვითარებას. მე მივესალმები მიღწეულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია და უსაფრთხო კომუნიკაციები. ასევე გილოცავთ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შიდა რეფორმების გაგრძელება და გაძლიერება, დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველოს სწვლა სწორი მიმართულებით. მეტი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ. ევროატლანტიკურ ოჯახში სრულუფლებიანი წევრობისკენ. NATO გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას, როდესაც თქვენ მუშაობთ ამ მისწრაფებების განხორციელებაზე,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

იენს სტოლტენბერგი: მივესალმები, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, ფინანსურ დამხარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს

NATO-ს გენერალურმა მდივანი მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, ფინანსურ დამხარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს. „ამ კვირას რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავია. უკრაინის გასვლა ავდიივკიდან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ უკრაინელებმა მოლოდინებს გადააჭარბეს კიდევ ერთხელ. NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის და F-16-ის აღჭურვილობისთვის,” - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისვე თქმით, ალიანსის პარტნიორები ასევე თამაშობენ მთავარ როლს და მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველო ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს და ათასობით უკრაინელ ლტოლვილს მასპინძლობს.  

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება

„ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება. „დიდი მადლობა გენერალურო მდივანო ნატოს შტაბბინაში მიღებისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიური და შინაარსიანი პარტნიორობის და ინტეგრაციის საკითხებზე გვიწევს საუბარი. მომეცით ნება, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო საქართველოს გულწრფელი მადლიერება NATO-სადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. საქართველო ალიანსის უერთგულესი, ურთიერთთავსებადი პარტნიორია. ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. NATO-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში. არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა, განგვეხორციელებინა ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგი და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, მიუხედავად, შიდა თუ გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ამჟამად ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რთული პერიოდი გვაქვს. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. საფრთხის ქვეშაა პრინციპი, მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. კიდევ ერთხელ მომეცით უფლება, რომ გავიმეორო ჩვენი მტკიცე ვალდებულება NATO-საქართველოს პარტნიორობის მიმართ და გამოვხატო მადლიერება თქვენი მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.  

იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ. როგორც NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. „მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ირაკლი კობახიძეს NATO-ს შტაბ-ბინაში. საქართველო არის ღირებული პარტნიორია და სრულად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამ, რომ თბილისი გააძლიერებს რეფორმებს ევროატლანტიკურ ოჯახში სრული წევრობის გზაზე,“ - წერს იენს სტოლტენბერგი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული.   „შეხვედრაზე მხარეებმა NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს, ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.   ირაკლი კობახიძემ ალიანსის გენერალურ მდივანს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული რთული უსაფრთხოების გარემო. პრემიერ-მინისტრმა და ალიანსის გენერალურმა მდივანმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. იენს სტოლტენბერგი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ რუსეთის ნებისმიერი მუქარა მიუღებელია იენს სტოლტენბერგი: მივესალმები, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, ფინანსურ დამხარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს  

ჩიქოვანი NATO-საქართველოს კომისიაზე: უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა იყო, ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ იმ ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია

„ჩვენ გვაქვს შეხვედრები NATO-ს შტაბში და ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომლებიც უკვე გაკეთდა,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, განცხადებები, რომლებიც NATO-ს გენერალურმა მდივანმა გააკეთა, ცხადყოფს იმ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს NATO-ს მხრიდან აქვს და ასევე, მიგვითითებს იმ შედეგებზე, რომლებიც საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით აქვს. „ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა გენერალურ მდივანთან, სადაც ვისაუბრეთ დეტალებზე, იმ დღის წესრიგზე, რომელიც NATO-სთან გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, NATO-საქართველოს კომისია, ეს იყო უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რათა ჩვენს პარტნიორებს, ალიანსის წევრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ იმ ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. მეორე მხრივ, მათ დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები. მე ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველო NATO-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოს აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი და მექანიზმი იმისათვის, რომ ნატოს რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდეს," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. თავდაცვის მინისტრმა, ასევე, უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინებს ეხებოდა. „დეტალებთან მიმართებით საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა გეტყვით იმას, რომ ეს მნიშვნელოვანი სამიტია, რომელიც თან საიუბილეოა. ცხადია, რომ ის თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა, რომელიც საქართველოსა და NATO-ს აქვთ, ალბათ, ადეკვატურად და შესაბამისად იქნება წარმოჩენილი ამ სამიტზე. კონკრეტულ დეტალებთან და თვითონ დღის წესრიგთან მიმართებით, ალბათ, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.  

Reuters: ირანმა რუსეთს ასობით ბალისტიკური რაკეტა გადასცა

Reuters-ი ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანმა რუს ოკუპანტებს 400-მდე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. Reuters-ის ორმა ამერიკულმა და უკრაინულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ რუსი სამხედროების მიერ ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოყენების ფაქტები ჯერ არ დაუფიქსირებიათ. გამოცემის სამი ირანული წყაროს ინფორმაციით, ირანმა რუსეთს დაახლოებით 400 ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა, რომელთაგან უმრავლესობა ირანულ ახლო რადიუსის “ფატეჰ-110” ბალისტიკურ რაკეტებს განეკუთვნება. „რაკეტების გადაზიდვა დაიწყო 2024 წლის იანვრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც შეთანხმება გასული წლის ბოლოს, ირანსა და რუს სამხედრო და უსაფრთხოების ოფიციალურ პირებს შორის თეირანსა და მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე მიაღწიეს შეთანხმებას,“ - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ. ზოგიერთი მათგანის რადიუსი 300-დან 700 კილომეტრამდე შეადგენს. ერთი წყაროს ცნობით, რაკეტების რუსეთში გაგზავნა იანვარში დაიწყო იმ შეთანხმებების ფარგლებში, რომლებიც 2023 წლის ბოლოს გაფორმდა თეირანსა და მოსკოვში სამხედროებისა და სპეცსამსახურების შეხვედრების დონეზე. მიწოდებების ნაწილი თვითმფრინავებით ხდებოდა, ნაწილი - გემებით, კასპიის ზღვით. „კიდევ იქნება მიწოდებები. ამის დამალვის მიზეზები არ არსებობს. იარაღის ექსპორტირების უფლება გვაქვს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელშიც მოვისურვებთ,” - განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა წყარომ.  

ლიეტუვა ბელორუსთან საზღვარზე ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ხურავს

რუსეთის მოკავშირესთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, პირველი მარტიდან ლიეტუვა ბელორუსის საზღვარზე ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს რაიგარდასსა და ლავორისკესს დახურავს. ასევე, გაზაფხულიდან შეიზღუდება ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა გადაადგილება მედინინკაის და სალჩინინკაის საგუშაგოების გავლით. გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადებას ამ საგუშაგოების გავლით მოძრაობის შეჩერების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე მხარი დაუჭირა ბელორუსის საზღვარზე სარკინიგზო გამშვებ პუნქტზე მატარებლის მგზავრების გადაადგილების შეზღუდვას. გარდა ამისა, სამინისტროს სურს საზღვარზე მოძრავი რეგულარული ავტობუსების რაოდენობის განახევრება. გასულ წელს ლიტვა-ბელორუსის საზღვარი საგზაო სასაზღვრო გამშვები პუნქტებით, დაახლოებით 3,9 მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა, რომელთაგან 66% ბელორუსის მოქალაქეა. 2023 წლის აგვისტოში ლიეტუვამ მსგავსი მიზეზების გამო ორი სასაზღვრო გადასასვლელი დახურა.  

შვეიცარიამ შექმნა ჯგუფი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას დაუპირისპირდება

შვეიცარია აძლიერებს ძალისხმევას, რათა კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა არ გამოიყენონ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის, იტყობინება Reuters 21 თებერვალს. მიუხედავად მისი ხანგრძლივი ნეიტრალიტეტის პოლიტიკისა, ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი, კიევს ჰუმანიტარული, პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარება გაუწია. შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ (SECO) განაცხადა, რომ შეიქმნა საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქციების აღსრულებისა და შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაახლოებით 230 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა. მათი უმრავლესობა დაკავშირებული იყო ფუფუნების საქონლით ვაჭრობის დარღვევასთან ან პროდუქტებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის.