ძებნის რეზულტატი:

იაპონია უკრაინას აღდგენისთვის $100 მილიონს გამოუყოფს

უკრაინამ და იაპონიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფის შესახებ, რომელიც გადაუდებელი აღდგენის პროგრამის მე-3 ფაზისთვის არის გათვალისწინებული. ამის შესახებ თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო იუწყება. „გადაუდებელი აღდგენის პროგრამა (ფაზა 3) 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტითდაფინანსდება. თანხები გამოიყოფა სწრაფი აღდგენის პროექტებზე, როგორიცაა, ენერგეტიკული მომსახურება, ტრანსპორტი და ჰუმანიტარული განაღმვის აღჭურვილობა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2025 წლის 25 თებერვლამდე გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ კიდევ ერთი წლით გააგრძელა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გამო რუსეთისთვის 2022 წლის ოქტომბერში დაწესებული სანქციები. სანქციები 2025 წლის 25 თებერვლამდე იქნება ძალაში. ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის 23 თებერვალს და ასევე, 2022 წლის 6 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს რეგიონების უკანონო ანექსიის საპასუხოდ დააწესა. საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება შეზღუდვების გეოგრაფიული ფარგლების გაფართოების შესახებ, რათა მოიცავდეს უკრაინის ტერიტორიას, რომელსაც მთავრობა ვერ აკონტროლებს. „ვიდრე რუსეთის ფედერაცაია უკანონო ქმედებებით განაგრძობს ძალის გამოყენების აკრძალვის დარღვევას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას, მიზანშეწონილია, შევინარჩუნოთ კავშირის მიერ ამჟამად დაწესებული ყველა ზომა და საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ დამატებითი ზომები. შესაბამისად, 2022/266 გადაწყვეტილების (CFSP) გათვალისწინებული შემაკავებელი ზომები უნდა გაგრძელდეს კიდევ 12 თვით, 2025 წლის 24 თებერვლამდე,“ - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები 2014 წლიდანაც, ყირიმის ანექსიის გამო მოქმედებს. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ევროკავშირს მიღებული აქვს რუსეთის საწინააღმდეგი სანქციების 12 პაკეტი და კიდევ ერთს ამზადებს ომის დაწყების ორი წლისთავის, 24 თებერვლისთვის.  

ომბუდსმენმა თბილისის მერიას, დასაქმებულთა დარღვეული შრომის უფლების აღდგენის წინადადებით მიმართა

სახალხო დამცველმა თბილისის მერიას და მის მიერ დაფუძნებულ ხელოვნებისა და სპორტულ დაწესებულებებს, თანამშრომლებთან დადებული შრომის ხელშეკრულებების საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის წინადადებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს. როგორც ომბუდსმენის ოფისში აცხადებენ, თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 29 ხელოვნების სკოლაში, ერთ ხელოვნების კოლეჯსა და 2 სპორტულ დაწესებულებაში დასაქმებულ 918 პედაგოგს/მწვრთნელს ბოლო 10 წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულებით არ უსარგებლია, ვინაიდან მათთან ყოველ წელს შრომითი ხელშეკრულება 10 თვის ვადით იდება. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების 1 წელზე ნაკლები ვადით დადების საფუძველი არ არსებობს. „დადგინდა, რომ პედაგოგებს და მწვრთნელებს კანონშეუსაბამოდ ეზღუდებათ ანაზღაურებადი შვებულების უფლებით სარგებლობა, ასევე უფლება შეინარჩუნონ სამუშაო ადგილი და დაცული იყვნენ დაუსაბუთებელი და უკანონო გათავისუფლებისგან, ვინაიდან 10 თვის ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელს აძლევს ფორმალურ საფუძველს, შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვიტოს,“ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.  

აზერბაიჯანი მწვანე ენერგიის ექსპორტისთვის ახალ დერეფნებს ქმნის - მინისტრი

აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა მუხტარ ბაბაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მწვანე ენერგიის ექსპორტისთვის ახალ დერეფნებს ქმნის. „მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ჩვენი ემისიები მხოლოდ 0,1 პროცენტია. მაგრამ აზერბაიჯანმა დაიწყო საკმაოდ ინტენსიური ინვესტიციები მწვანე ენერგეტიკის პროექტებში. ჩვენ ასევე დავიწყეთ ახალი დერეფნების შექმნა მწვანე ენერგიის სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის. უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება ევროკავშირთან, აზერბაიჯანიდან, რეგიონიდან მწვანე ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა მინისტრმა. ჯერ კიდევ 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, დოკუმენტი ითვალისწინებს ენერგეტიკული ხიდის განვითარებას, რომელიც კავკასიას ევროპასთან დააკავშირებს.  

ზელენსკი: რუსეთი უკრაინის დახმარების გაჭიანურებით სარგებლობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ რუსეთი სარგებლობს უკრაინის დახმარების გაჭიანურებით და რომ სიტუაცია რაიონებში, სადაც რუსეთის ჯარები არიან მობილიზებული, უკიდურესად რთულია. „ახლა უკიდურესად რთული ვითარებაა ფრონტის ხაზის რამდენიმე მონაკვეთში, ზუსტად იქ, სადაც რუსეთის ჯარებს აქვთ მაქსიმალური რეზერვები ჰყავთ მობილიზებული. ისინი სარგებლობენ უკრაინის დახმარების გაჭიანურებით და ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია,“ – განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

EBRD გასცემს სესხს მილსადენის მშენებლობისთვის, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს გადაიტანს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), NOMAGAS-ის (გაზის გადაცემის ლიცენზირებული ოპერატორის (TSO) სასარგებლოდ, 98,6 მილიონ ევრომდე სუვერენული სესხის გაცემას განიხილავს. სესხი გათვალისწინებულია მილსადენის მშენებლობისთვის, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს გადაიტანს. „პროექტი ხელს უწყობს ჩრდილოეთ მაკედონიაში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას ტრანსადრიატიკის მილსადენისა ("TAP") და საბერძნეთში LNG ტერმინალებით, ასევე, იძლევა მეზობელი სერბეთისთის მიწოდების შესაძლებლობას," - აღნიშნავს EBRD. პროექტის ჯამური ღირებულება 140 190 000.00 ევროს, ხოლო EBRD-ის მიერ გაცემული სესხის მოცულობა 98 590 000.00 ევროს შეადგენს შეადგენს. სესხის დამტკიცება 2024 წლის 24 აპრილს იგეგმება. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონია აზერბაიჯანული გაზის იმპორტით დაინტერესებულ ქვეყნებს შორისაა. აზერბაიჯანული გაზი ევროპას ტრანსადრიატიკის მილსადენის გავლით მიეწოდება. 2021 წლის 31 დეკემბერს სამხრეთ გაზის დერეფნის 878 კილომეტრიან მონაკვეთზე გაზსადენით „ლურჯი საწვავის“ კომერციული ტრანსპორტირება დაიწყო. ტრანსადრიატიკის მილსადენი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის ნაწილია, თავდაპირველად, შაჰ-დენიზ-2-ის პროექტის ფარგლებში წარმოებული 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ევროპაში გატანას უზრუნველყოფს. ეს მილსადენი ვრცელდება იტალიის სამხრეთით, საბერძნეთის, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით. მილსადენის პოტენციალი იძლევა მისი გადაცემის სიმძლავრის გაორმაგებას, წელიწადში 20 მილიარდი კუბურ მეტრამდე.  

აშშ-მ შესაძლოა, სანქციები დაუწესოს ჩინურ კომპანიებს, რომლებიც უკრაინაში ომის მხარდაჭერაში არინ ეჭვმიტანილნი

აშშ განიხილავს სანქციების დაწესებას ჩინური ფირმების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მხარდაჭერაში არინ ეჭვმიტანილნი. უკრაინის წინააღმდეგ, იტყობინება CNBC 19 თებერვალს აშშ-ის კონგრესის წევრებზე დაყრდნობით. მანამდე ევროკავშირმა მსგავსი ზომების შემორება სანქციებისმე-13 პაკეტში ითხოვა, რაც პირველი შემთხვევაა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება პეკინის მხრიდან რუსეთისადმი პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ, ადგილობრივ კომპანიებზე აქვთ ეჭვი, რომ ისინი ეხმარებოდნენ მოსკოვს კიევის პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების თავიდან აცილებასა და მოსკოვს, სანქცირებული საქონლით ამარაგებდნენ. „ჩინეთს უნდა ესმოდეს, რომ იგივე ტიპის სანქციები, რომლებიც გავლენას ახდენენ რუსეთის პროდუქტიულობაზე, ეკონომიკასა და ცხოვრების ხარისხზე, შეიძლება, გამოყენებული იყოს ჩინეთის მიმართაც. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩინეთს გაცილებით მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე რუსეთს,“ ამბობდა სენატორი ჯერალდ კონოლი CNBC-სთან. გეგმებს გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადა, რომ ჩინურ კომპანიებს აქვთ უფლება, აწარმოონ ბიზნესი ვისთანაც სურთ. ჩინეთი ამჟამად ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, რაც პანდემიის შემდგომი აღდგენითა და უძრავი ქონების კრიზისით გამწვავდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა წელს 4,6%-მდე შემცირდება.  

აზერბაიჯანი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების მორიგ პარტიას უგზავნის

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, უკრაინის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი ელექტროტექნიკის ბოლო პარტია დღეს გაიგზავნა. როგორც ცნობილია, ჰუმანიტარული დახმარება სუმგაიტის ტექნოლოგიური პარკის ტერიტორიიდან 25 სატვირთო ავტომანქანით გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს 670 000 მეტრზე მეტ ელექტრო კაბელს და მავთულს, ასევე, 26 სრულ სატრანსფორმატორო სადგურს.  

საქართველო EBRD-სგან 26 მილიონ ევროს მიიღებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და საქართველოს შორის ხელი მოეწერა „თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა. დღესვე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა. თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) ჯამურად გამოყოფს 26 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს. სესხის თანხები მოხმარდება ნარჩენების დამუშავების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც მოიცავს დახარისხების ობიექტისა და მასალების აღმდგენი ობიექტის მშენებლობას. პროექტს განახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მეშვეობით. შესაბამისად, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.  

ირაკლი კობახიძე ჯოზეფ ბორელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს − ჯოზეფ ბორელს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. „ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების შედეგია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს იმისთვის, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. პრემიერ-მინისტრმა ამ მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ღირებული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ გასულ წელს საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მისი შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის ხელმძღვანელმა ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს თანადგომისთვის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს. სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ირაკლი კობახიძე ბრიუსელში 19 თებერვალს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და NATO-ში. ამასთან, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.  

ფინეთი ეროვნული თავდაცვისადმი ინტერესის გასაზრდელად, 300 სასროლეთს გახსნის

ფინეთი იმედოვნებს, რომ გააძლიერებს სამოქალაქო ინტერესს ეროვნული თავდაცვის მიმართ, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეების ფონზე. ფინეთმა გამოაცხადა, რომ გახსნის 300 სპეციალიზებულ პოლიგონს, სადაც შაშხანის ტიპის და ტაქტიკური იარაღის სასროლეთები ღია ცის ქვეშ განთავსდება. ფინეთის თავდაცვის კომიტეტის წევრის თქმით, ეს ნაბიჯი ფინელებს დაეხმარება, გააუმჯობესონ სროლის უნარები რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხის პირობებში. ფინეთის კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კაცმა 18-დან 60 წლამდე უნდა დაასრულოს სავალდებულო ეროვნული თავდაცვის სამსახური. უახლოეს წლებში ფინეთში სასროლეთების რაოდენობა 1000-მდე გაიზრდება.  

ევროკომისია ბრიუსელის შტაბბინაზე დრონების საწინააღმდეგო სისტემების მონტაჟს განიხილავს - POLITICO

Politico-ს ინფორმაციით, ევროკომისია ბრიუსელში, Berlaymont-ის შტაბ-ბინაზე დრონების საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟების შესაძლებლობას იკვლევს. წყაროს ცნობით, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ დაიწყო იმ კომპანიების მოძიება, რომლებიც შენობას შესაბამისი აღჭურვილობით უნდა უზრუნველყონ. როგორც Politico წერს, ანონიმურობის პირობით ამბობენ, დრონების საწინააღმდეგო სისტემები უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით ჯაშუშობისა და ფიზიკური თავდასხმებისგან თავის დასაცავად იქნება გამიზნული. ჯერ უცნობია, კონკრეტულად, რა ტიპის სისტემა იგულისხმება ანტისადრონო აღჭურვილობაში. ამასთან, არასანქცირებული დრონები, რომლებიც მნიშვნელოვან საჯარო შენობებთან ახლოს დაფრინავენ, უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენენ. „ევროკომისია სხვა დაინტერესებულ მხარეებსა და მასპინძელი ქვეყნის [ბელგიის] ხელისუფლებასთან ერთად განიხილავს ყველა შესაძლო ზომას ამ საფრთხეზე რეაგირებისთვის. რადგან ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი, კომისიას არ შეუძლია დამატებითი კომენტარის გაკეთება იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულია ან მომავალში მიიღება," - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა Politico-სთან. Berlaymont-ის შენობაში განთავსებულია კომისიის მაღალი რანგის 32 000 თანამშრომელი. ამ შენობაში ასევე ცხოვრობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.  

საპატრიარქო: ილია მეორესა და მღვდელმთავრებს შორის შეხვედრაზე განიხილეს კლუბური ნარკოტიკისა და აზარტული თამაშების რეგულაციების შესრულების პრობლემები

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქისა და მღვდელმთავრების შეხვედრა გაიმართა, სადაც კლუბური ნარკოტიკისა და აზარტული თამაშების რეგულაციების შესრულების პრობლემები განიხილეს. ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ გამოითქვა მოსაზრებები ეკლესიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმისათვის. „20 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის შეხვედრა მღვდელმთავრებთან. განხილულ იქნა შემდეგი თემები: ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდა, მომხმარებლის ასაკის შემცირების, კლუბური ნარკოტიკისა და აზარტული თამაშების რეგულაციების შესრულების პრობლემები, ოჯახის მხარდაჭერის საკითხები და სხვა. გამოითქვა მოსაზრებები ეკლესიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმისათვის. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა შეხვედრის მონაწილენი და სრულიად საქართველო,“ – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.  

ჯონ პენელი: ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეხება USAID-ის დახმარებას რადიკალური ჯგუფების მიმართ, დაკავშირებულია უფრო გაუგებრობასთან

USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა, ჯონ პენელიმ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეხება USAID-ის დახმარებას რადიკალური ჯგუფების მისამართით, დაკავშირებულია უფრო გაუგებრობასთან. პენელის თქმით, ამ თემაზე საქართველოს მთავრობასთან უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია. USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ USAID აგრძელებს მჭიდრო პარტნიორობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. „USAID მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სამოქალაქო სააზოგადოებათან, მთავრობასთან და კერძო სექტორთან. საქართველოს საზოგადოების ამ სამ სეგმენტთან 30 წელია, ვთანამშრომლობთ. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეხება USAID-ის დახმარებას რადიკალური ჯგუფების მისამართით, დაკავშირებულია უფრო გაუგებრობასთან. ამ თემაზე უკვე გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას,“ – განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე: ამერიკა გააგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე კომენტარები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. სუსის ვერსიით, USAID-ის დაფინანსებით თბილისში ჩატარებულ სწავლებაზე [26-29 სექტემბერი] გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.“ USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს, თითქოს USAID-ი აფინანსებს რევოლუციურ სცენარებს, აქეზებს ექსტრემიზმს საქართველოში და ერევა არჩევნებში. ერინ მაქიის განცხადებით, USAID-ი "მრავალ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მუშაობს, რათა გააძლიეროს და გააუმჯობესოს დემოკრატიული პროცესი" და „ნებისმიერი პრეტენზია, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, აბსოლუტურად ყალბია და დეზინფორმაციაა."  

ევროკომისარი ვარჰეი: შევთანხმდით საქართველოსთან, დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ევროკავშირის-საქართველოს საბჭოს მერვე სხდომაზე განიხილება ევროპული საბჭოს 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპი. „დღეს ევროკავშირის-საქართველოს საბჭოს მერვე სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ევროპული საბჭოს 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების შემდგომ ეტაპს. საჭიროა, შესრულდეს გაფართოების შესახებ 2023 წლის ანგარიშის რეკომენდაციებში წარმოდგენილი ცხრა ნაბიჯი. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას,“ – აცხადებს ოლივერ ვარჰეი. მისი თქმით, დისკუსიის დროს საქართველოსთან შეთანხმდნენ, რომ დაჩქარდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება. „დისკუსიის დროს ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთან, დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება. ჩვენს დაკავშირებადობის დღის წესრიგს აქვს შავი ზღვის ორივე მხარეს მცხოვრები მრავალი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესების უზარმაზარი პოტენციალი,“ – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.  

ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს

ალექსეი ნავალნის დედამ, ლუდმილა ნავალნაიამ, ვიდეომიმართვა ჩაწერა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისადმი, რომელშიც შვილის ცხედარის გადაცამას ითხოვს. „ჩემ ზურგს უკან კოლონია ИК-3 „პოლარული მგელია“, სადაც 16 თებერვალს დაიღუპა ჩემი შვილი ალექსეი ნავალნი, მეხუთე დღეა მას ვერ ვნახულობ, მის ცხედარს არ მაძლევენ და იმასაც არ მეუბნებიან სად არის ის. მოგმართავთ თქვენ, ვლადიმირ პუტინ, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მომეცით ბოლოს და ბოლოს ჩემი ვაჟის ნახვის საშუალება. მოვითხოვ დაუყოვნებლივ გადმომცეთ ალექსეის ცხედარი, რომ ადამიანურად დავკრძალო,“ - ამბობს ლუდმილა ნავალნაია. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.

ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გააორმაგოს ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში - სამი გზავნილი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გააორმაგოს ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში. მან ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა და საქართველოს მიმართ სამ გზავნილზე გაამახვილა ყურადღება. „ეს თქვენი პირველი ვიზიტია ამ რანგში. თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ძალიან სერიოზულად უდგებით საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი პირველი ასოცირების საბჭო საქართველოსთან, როგორც კანდიდატ ქვეყანასთან, ჩვენ გადავედით ახალ სტრატეგიულ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში. ეს დისკუსია, რაც ჩვენ გვქონდა ასოცირების საბჭოს ფარგლებში, ხაზს უსვამს ჩვენს ორმხრივ ვალდებულებას, მივაღწიოთ შეუქცევად პროგრესს საქართველოს გაწევრიანების გზაზე. მაგრამ შრომა იწყება ახლა. კანდიდატი ქვეყანა მოითხოვს ახალ ძალისხმევას და ის ასევე ზრდის ხელისუფლების, ოპოზიციის, ყველას პასუხისმგებლობებს. სამოქალაქო საზოგადოება, ყველა მხარე, ყველა ქართველი უნდა იყოს ჩართული რეფორმის პროგრესში. ნება მომეცით სამი გზავნილი გადმოგცეთ. პირველი: თქვენ უნდა დააჩქაროთ რეფორმების განხორციელება, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ჩათვლით, საიმისოდ, რომ ცხრა ნაბიჯი შესრულდეს, რაც ჩვენი რეკომენდაციაა. ამისათვის თქვენ გყავთ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში. ეს მოითხოვს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას პოლიტიკური დაძაბულობის შესამცირებლად. მეორე გზავნილი: ჩვენი კავშირი არის საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული კავშირი. ეს საფუძვლები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ და სახიფათო გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენ მივესალმებით თქვენს სტრატეგიულ არჩევანს ევროკავშირის წევრობის მიმართ. ჩვენ აღვნიშნავთ მცირე ზრდას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ზრდას ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის კუთხით. მომავალ წლებში ამ თანხვედრაში მნიშვნელოვან ზრდას ველით. ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და რიტორიკის გავრცელებით [საქართველოში] და მოგიწოდებთ, გააორმაგოთ ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციისა და საგარეო ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამას (მცდელობებს,რედ.)უფრო მეტად ვიხილავთ ევროკავშირის მომავალ არჩევნებში და შესაძლოა, თქვენს არჩევნებშიც. მესამე: ეს წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. წინა წინადადებას ვუკავშირებ თქვენი საარჩევნო პროცესის შესახებ. ჩვენ მივესალმებით აქამდე განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს და მოგიწოდებთ, დაასრულოთ ისინი მომავალი არჩევნების წინ, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვით, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის,” - განაცხადა ბორელმა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობას და დააფიქსირა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. „და ბოლოს, თუმცა ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა, გამძლეობა იმისთვის, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ მნიშვნელობას რაც ეკისრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ჩვენ გვყავს ევროკომისარი საქართველოში, გვყავს მონიტორინგის მისია და ძალიან დიდი ძალისხმევა კეთდება ამ მიმართულებით. ჩვენ ასევე მასობრივად გავაძლიერეთ თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსთან. ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით, ინჟინერიის, ლოგისტიკისა და კიბერთავდაცვის [შესაძლებლობების] მხარდაჭერით, რაც დღეისათვის [თითქმის] 63 მილიონ ევროს შეადგენს. წელს ეს მხარდაჭერა გაიზრდება,“ აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. როგორც მან აღნიშნა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი გაიღო და ამ კარში გავლა, დამსახურებაზეა დაფუძნებული. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება  

ოლივერ ვარჰეი: თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ვფიქრობ, ევროკავშირი ასევე უნდა იყოს მზად მიიღოს საქართველო

სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ევროკავშირი, ასევე, უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს საქართველო მის რიგებში ამ პერიოდისთვის. ვარჰეი მიიჩნევს, რომ ეს ორმხრივი გზაა. ევროკომისრის თქმით, ძალიან მკაფიოა, ის პირობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ევროკავშირში წევრობისთვის და მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი ამ კავშირის წევრობა. „ცხადია, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვდებთ წევრი ქვეყნების განკარგულებაში, მაგრამ ასევე კანდიდატი ქვეყნების განკარგულებაში, რათა საკუთარი თავი მოამზადონ, თუ ეს იქნება 2030 წლისთვის, მაშინ მოემზადონ 2030 წლისთვის, თუ ეს იქნება ადრე, მაშინ მოემზადონ უფრო ადრეული პერიოდისთვის. ცალსახაა ის პირობები, რომელიც არსებობს ევროკავშირის წევრობისთვის და მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ეს პირობები შესრულდება. თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ვფიქრობ, ევროკავშირი ასევე უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს საქართველო მის რიგებში ამ პერიოდისთვის, რადგან, ვფიქრობ, ეს ორმხრივი გზაა, თუ არის მიწოდება კანდიდატი ქვეყნის მხრიდან, უნდა იყოს საპასუხო მიწოდებაც ევროკავშირის მხრიდან,“ - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. მან ხაზი გაუსვა, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს, რომელიც მას მოაქვს. „კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს და დივიდენდებს, რომელიც მას მოაქვს. არამხოლოდ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ, ევროკავშირისთვისაც. ამიტომ, თუ ჩვენი დღევანდელი დისკუსიიდან შეიძლება ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, ეს არის ის, რომ ჩვენ მუშაობას დავაჩქარებთ, რათა ევროკავშირის გზაზე და ცხრა ნაბიჯის განხორციელების ფარგლებში შედეგების მიღწევა მოხდეს. იქნება ეს ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის განხორციელება, თუ ზოგადად ეკონომიკური რეფორმები, რათა საქართველო ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო და ერთიანი ევროპული ბაზრის წევრი გახდეს. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს გაფართოების ამოცანების შესრულება არამხოლოდ შეუძლია, არამედ, მათი შესრულება სურს, რაც ჩვენი ლიდერების გადაწყვეტილებაში აისახა და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამის გამოყენება მოხდეს. ამიტომ, ჩვენ ქართველ მეგობრებს ვთხოვთ, რომ დააჩქარონ მუშაობა სასამართლოს რეფორმის და რეფორმების დღის წესრიგის სხვა ნაწილებში. დღეს, ჩვენ ერთად განვიხილეთ ცხრა ნაბიჯი, რათა შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის ჩვენც ვიყოთ მზად. სწორედ, ეს არის ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, წინ ბევრი სამუშაო გველოდება და ის გადაწყვეტილება, რომ საქართველო კანდიდატი სახელმწიფო გახდა, ამას განაპირობებს,“ - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.  

ბორელი: ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას და საქართველოს საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდეთ - რაც შეეხება მეორე ფრონტს, სერიოზულად არავინ განიხილავს ამას

„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას და საქართველოს ჰქონდეს საუკეთესო ურთიერთობა - რაც შეეხება მეორე ფრონტს, სერიოზულად არავინ განიხილავს ამას,“ - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ბორელმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი სხვაგვარი ურთიერთობით, რომელიც იქნება საქართველოსა და უკრაინას შორის, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს. „ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას და საქართველოს ჰქონდეს საუკეთესო ურთიერთობა. ნებისმიერი სხვაგვარი საკითხით, რომელიც მათ შორის იქნება, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს. ცხადია, რომ მე გავაკეთებ მაქსიმალურს, რათა მივაწოდო ეს გზავნილი უკრაინას და საქართველოს, რომ მათ ჰქონდეთ საუკეთესო ურთიერთობა. რაც შეეხება მეორე ფრონტს, ეს გრძელი ისტორიაა. სერიოზულად არავინ განიხილავს ამას და მე ვერ ვხედავ, რომ ეს მოსალოდნელია უკრაინის მხრიდან და ზოგადად ვინმეს მხრიდან,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გააორმაგოს ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში - სამი გზავნილი ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უკრაინის მთავრობის წევრებისგან“ იყო მოწოდებები საქართველოს მიერ „მეორე ფრონტის გახსნაზე“, რასაც სამწუხარო უწოდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. „სამწუხაროდ, არაერთი განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ, რომელიც უკრაინის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან მოდიოდა, - ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი... რაც ძალიან სამწუხარო იყო“, - განაცხადა კობახიძემ კითხვაზე, რას გულისხმობდა იგი, როდესაც უკრაინიდან საქართველოს „ომში ჩაბმის“ მცდელობაზე საუბრობდა.  „თუმცა უნდა ვთქვა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მტკიცე პოზიცია გვაქვს. ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს უკრაინას პოლიტიკურად, ვაწვდით ძლიერ ჰუმანიტარულ დახმარებას, განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობები გვაქვს უკრაინელ ხალხთან. ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება უკრაინელებისადმი“, - განაცხადა კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას, შეუერთდება თუ არა საქართველო რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებს: „ამ მიმართულებით ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს: ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, - და საამისოდ ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდროულად, არ გამოიყენება საქართველო სანქციების გვერდის ასავლელად. ეს ძლიერი პოლიტიკაა, რომელსაც მივსდევთ და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.“  

ოლივერ ვარჰეი: კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მიენიჭა, უკვე აჩვენებს სარგებელს

„კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს სარგებელს,“ – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვარჰეიმ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რა საკითხებზე შეთანხმდნენ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. „მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მიენიჭა მხოლოდ და მხოლოდ ორი თვის წინ, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს, რაც მოაქვს სტატუსს. დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ მუშაობის ტემპს, რათა შედეგები იყოს ევროკავშირისა და ცხრა რეკომენდაციის განხორციელების გზაზე, მოხდეს სამოქმედო გეგმის შესრულება, იქნება ეს ეკონომიკური, საინვესტიციო გეგმა თუ, ზოგადად, ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა ქვეყანა ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. როგორც ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, ეს ინვესტიციები უკვე ზრდის სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. „მიმაჩნია, რომ ეს გეგმა კიდევ უფრო მეტი პოტენციალის მქონეა და შეიძლება უფრო სწრაფად და უფრო მეტად იქნეს გამოყენებული ქვეყანაში. შესაძლოა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ხელშესახები პროექტი, რაც გვაქვს წინ, არის შავი ზღვის ელექტროენერგიის და ინტერნეტის ფართოზოლოვანი კაბელის პროექტი, ეს არის ის დიდი მასშტაბური პროექტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო სხვა პარტნიორებისთვის. არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებში, სხვა რეგიონებში. ეს მოდელი არის სამაგალითო ყველა პარტნიორისთვის“, – განაცხადა ვარჰეიმ. ევროკომისრის განცხადებით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საუბარი იყო სატრანსპორტო კავშირებზე, სადაც ახალი სავაჭრო კავშირები და მარშრუტები არის გადამწყვეტი. მისი თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ახალი სავაჭრო მარშრუტის ცენტრი გახდეს. „ამისთვის გვჭირდება შავი ზღვა, რომ იქცეს ახალ დერეფნად ევროპისკენ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება საპორტო ინფრასტრუქტურის შეკეთება და გაუმჯობესება. ასევე, ვახსენე უახლოესი ნაბიჯები, რაც გულისხმობს ღია შესაძლებლობას საქართველოსთვის, პირველ ორ სფეროს, სადაც უკვე გვაქვს წინსვლა, ეს არის როუმინგი და ევროპაში პირველი ანგარიშსწორების მექანიზმები. როუმინგი არის ის სფერო, სადაც საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი ტემპით განახორციელა ნაბიჯები, ანგარიშსწორების სისტემა არის ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ ურთიერთჩართვა ვიქონიოთ და ამით როუმინგის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს იქნება ის საეტაპო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ცხადი და შესამჩნევი ვიზალიბერალიზაციის შემდეგ; მეორე სფერო და მიმართულება, სადაც ვმუშაობთ, არის ანგარიშწორების სისტემა, აქ ჯერ კიდევ გვაქვს ნაბიჯები გადასადგმელი. საქართველო როგორც კი მზად იქნება, ჩვენ უკვე მზად ვართ. საუბარია საკანონმდებლო ნორმების დახვეწაზე, საბანკო სექტორში წესების გაუმჯობესებაზე. საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენ შეხვედრაზე ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, ჩვენ გადავდივართ უფრო დიდი სიჩქარით ახალი სიმაღლეებისკენ და ეს იქნა აღნიშნული,“ – განაცხადა ვარჰეიმ.