ძებნის რეზულტატი:

"საქართველოს ბანკის ჯგუფი" სომხურ "ამერიაბანკს" $303.6 მილიონად ყიდულობს

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" ცნობით, სომხური უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, "ამერიაბანკის" 100%-იანი წილის შესყიდვაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია.   ტრანზაქციის ღირებულება 303.6 მილიონი დოლარია. „დღეს ჩვენ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განვაცხადეთ. ამერიაბანკი ნომერ პირველი ბანკია მომხმარებელს შორის ნდობითა და ცნობადობით. საქართველოს ბანკის ჯგუფი ამერიაბანკს ქართულ ბაზარზე უკვე მიღწეული წარმატების გაზიარებით გააძლიერებს. მსურს მადლობა გადავუხადო "ამერიაბანკის" გუნდს საკმაოდ დატვირთულ სამუშაო რეჟიმში თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი მათთან მუშაობას,“ ამბობს Bank of Georgia Group PLC-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე. 2024 წლის პირველი იანვრის მონაცემებით “ამერიაბანკის" აქციონერები არიან Imast Group (ყოფილი Ameria Group, აქციების 48.82%, რუბენ ვარდანიანის საკუთრებაა ) EBRD – 17,71%. აზიის განვითარების ბანკი – 13.92%; ESPS Holding Limited – 12,05%; Afeyan Foundation for Armenia Inc. – 7,5%. მილიარდერი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი, რომელის მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი იყო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გასული წლის შემოდგომაზე დააკავა და ამჟამად ბაქოში პატიმრობაშია. 2023 წელს ის ამბობდა, რომ „ამერიაბანკის“ აქციონერია, მაგრამ „გავლენას არ ახდენს ბანკში გადაწყვეტილებების მიღებაზე“. მანამდე ის „ამერიაბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობა.„ამერიაბანკის“ დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრია კახაბერ კიკნაველიძე - წლების განმავლობაში ის „საქართველოს ბანკში“ მუშაობდა, 2016-2019 წლებში მას „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ გენერალურ დირექტორის პოსტი ეკავა. „საქართველოს ბანკი“ საქართველო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი საფინანსო ორგანიზაციაა. ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი დასავლეთს მოუწოდებს, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ევროპასა და NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადონ. მან ასევე მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს, დაამტკიცონ უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარება და აღნიშნა, რომ ეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში შედეგები არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ აშშ-სთვისაც მძიმე იქნება და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეჭრა საფრთხეს უქმნის „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.“ „ვერ ვიწინასწარმეტყველებ, იქნება თუ არა თავდასხმა NATO-ს ტერიტორიაზე. მაგრამ ეს შეიძლება, ხუთ-რვა წელიწადში მოხდეს," - განაცხადა პისტორიუსმა Bloomberg-თან ინტერვიუში. "ევროპა გეოგრაფიულად შორს არის აიოვას ან ვისკონსინისგან, მაგრამ მაინც ძალიან ახლოსაა უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით. ევროპაში ნაკლები უსაფრთხოება ნიშნავს ნაკლებ უსაფრთხოებას შეერთებული შტატებისთვის. არ უნდა მივიღოთ თავისუფლება რაღაცად, რაც თავისთავად მოდის. ჩვენ უნდა დავიცვათ ის. საჭიროების შემთხვევაში მისთვის ბრძოლა მოგვიწევს,“ - აღნიშნა პისტორიუსმა. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმერ ზელენსკიმ 17 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას კვლავ მოუწოდა დასავლეთის სახელმწიფოებს, გაზარდონ სამხედრო დახმარება უკრაინაში და რომ უკრაინული ძალების მოქმედებები შეზღუდულია, რასაც „ავდიივკაში არსებული ვითარება ადასტურებს“. მან ასევე განაცხადა, რომ არ განიხილავს აშშ-ის დახმარების ალტერნატივებს, რადგან ელის, რომ საკითხი მოგვარდება და ვაშინგტონი სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

რაზე შეთანხმდნენ ფაშინიანი და ალიევი მიუნხენში

17 თებერვალს, მიუნხენში, გერმანიის კანცლერიa ოლაფ შოლცი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა. აზერბაიჯანული სააგენტო Azertag-ის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები, ურთიერთობების ნორმალიზება და საზღვრების დელიმიტაციის საკითხი. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალათ, ოპერატიულად მოაწყონ შეხვედრები სამშვიდობო შეთანხმებისა და საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შესახებ. კავკასიის ქვეყნების ლიდერებმა მიუნხენში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მალე შეხვდებიან ერთმანეთს, რათა დადგინდეს საზღვრები და მიაღწიონ წინსვლას სამშვიდობო ხელშეკრულების საქმეში. აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო APA-ს ილჰამ ალიევის განცხადება მოჰყავს, რომ მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი "მალე" შეხვდება სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანს, თუმცა თარიღი მითითებული არ არის. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ეხება სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემდგომ განხილვას და შეთანხმებას. ფაშინიანმა ასევე დასძინა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემდგომ განხილვასა და შეთანხმებას უნდა დაეთმოს. „რა თქმა უნდა, სამშვიდობო შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეთანხმებულია, მაგრამ რამდენიმე ფუნდამენტური მუხლი ჯერ არ არის შეთანხმებული და ამ მიმართულებით სამუშაო უნდა ჩატარდეს. ჩვენ შევთანხმდით ამ სამუშაოს შესრულებაზე. “ - განმარტა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ამავდროულად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა და აღნიშნა, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე, საზღვრების დემარკაციაზე და სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებზე.  

ევროკავშირი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე. მისი თქმით, წევრი ქვეყნები აუცილებლად გამოვლენ სანქციების დაწესების წინადადებით, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ.  რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.  

20-22 თებერვალს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

20-22 თებერვალს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 20-21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22 თებერვალს შესაძლოა, წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. „დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 და 22 თებერვალს ზოგან იწვიმებს, 21 თებერვალს, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 20 და 22 თებერვალს ზოგან იწვიმებს, 21 თებერვალს, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 20 და 22 თებერვალს ზოგან მოთოვს, 21 თებერვალსლ, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ესტონეთის საგარეო მინისტრი: პუტინი მკვლელია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია და უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა. „პუტინი მკვლელია. მან მოკლა ერთი ადამიანი, რომელიც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძოდა და სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრჯერ მკითხეს, რა არის ჩვენი პასუხი [ნავალნის სიკვდილზე], მაგრამ საუკეთესო პასუხი და ყველაზე მკაფიო პასუხი იქნება ეს: ბოლომდე გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. ჩვენ უკრაინას სამხედრო და პოლიტიკური გზებით უნდა დავუჭიროთ მხარი. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას 1 მილიონი საბრძოლო საბრძოლო მასალა, რომელსაც ევროკავშირი მას ერთი წლის წინ მარტისთვის დაჰპირდა,“ - აღნიშნა მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის დაწყებამდე. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.

უკრაინა: ბოლო სამ დღეში უკრაინელებმა ექვსი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

დღეს დილით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლქსანდრ სირსკი აცხადებს, რომ თვითმფრინავები მართვადი ავიაბომბებით უტევდნენ უკრაინის ჯარების პოზიციებს.  გენერლის ინფორმაციით, ჩამოაგდეს ავიაგამანადგურებელი-ბომბდაშენი Су-34 და გამანადგურებელი Су-35С. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ცნობით, ორი რუსული თვითმფრინავი უკრაინის აღმოსავლეთში გაანადგურეს. ცნობისთვის, ნიკოლაი ოლეშჩუკმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი - ორი „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი და ერთი „სუ- 35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს. უკრაინელებმა 18 თებერვალსაც განაცხადეს, რომ რუსული Su-34-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდეს.  

Pegasus-მა ბორტზე ასატანი ხელბარგის წონა 8-დან 3 კგ-მდე შეამცირა

ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა უფასო ბარგის წონა 3 კგ-მდე შეამცირა.აქამდე ბორტზე ასატანი ხელბარგის მაქსიმალური წონა 8 კგ იყო. ცვლილება შეეხო ზომებსაც. მაქსიმალური ზომა თუ აქამდე 55x45x20 სმ იყო, ახლა ხელბარგის ზომა 40x30x15 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ცვლილება მხოლოდ 2024 წლის 13 თებერვლის შემდეგ შეძენილ ბილეთებზე ვრცელდება.   ავიაკომპანია Pegasus-ი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს ფრენებს.

ნეიტრალურ ავსტრიას არმიისთვის 200-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორის შეძენა სურს

ავსტრიამ 225 Pandur-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის შეძენის გეგმის შესახებ განაცხადა. შეიარაღებული ძალებისთვის განკყთვნილი ამ ტექნიკის ღირებულება დააახლოებით 1,8 მილიარდი ევროს შეადგენს.  ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა კლაუდია ტანერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს შესყიდვა არის "ინვესტიცია მომავალში, უსაფრთხოებასა და ეკონომიკაში." თავის მხრივ, მწარმოებელი კომპანიის, General Dynamics European Land Systems-ის დირექტორმა დაამატა, რომ 220-ზე მეტი ავსტრიული კომპანიაა ჩართული ჯავშანტექნიკის წარმოებაში.   

ევროკავშირი ნავალნის სახელობის ადამიანის უფლებათა სასანქციო რეჟიმის ამოქმედებას განიხილავს

„ამ დღეებში რუსეთის ქუჩებში ბევრი ადამიანი გამოვიდა, რეპრესიების მიუხედავად, ბევრი მათგანი დააკავეს. ჩვენ უნდა გავიგზავნოთ მხარდაჭერის გზავნილი რუსეთის ოპოზიციას,“ - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ასევე, რუსი ხალხის მიმართ მხარდაჭერა, რომელსაც თავისუფლებაში ცხოვრება სურს. ნავალნის მიმართ პატივსაცემის გამოსახატად და მისი ხსოვნის პატივსაცემად, შევთავაზებთ მინისტრებს, გლობალური ადამიანის უფლებათა სასანქციო რეჟიმი მისი სახელობის გავხადოთ და მას ვუწოდოთ ნავალნის სახელობის ადამიანის უფლებათა სასანქციო რეჟიმი, რათა მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწეროს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის საქმიანობაში,“ - აღნიშნა ბორელმა. ბორელის თქმით, წევრი სახელმწიფოები აუცილებლად წარადგენენ სანქციებს ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, საბოლოოდ კი, თავად პუტინია. მისივე განმარტებით, მინისტერიალს ესწრება ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია. „შეგვიძლია, რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემის ინსტიტუციურ სტრუქტურამდე ჩავიდეთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, ვინ არის ნამდვილი პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე”, - აღნიშნა ბორელმა. ევროკავშირი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სასანქციო რეჟიმი 2020 წლის 7 დეკემბერს შეიქმნა. სასანქციო სიაში ხვდებიან ფიზიკური პირები, სუბიექტები და კომპანიები, მათ შორის სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც პასუხისმგებელნი, ჩართულნი ან დაკავშირებულნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთან მსოფლიოში.  

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, წითელ ზღვაში საზღვაო მისიის განლაგებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, წითელ ზღვაში საზღვაო მისიის განლაგებას, რომელმაც ჰუსიტებისგან გემების დაცვა უნდა უზუნველყოს, მხარი დაუჭირეს. საზღვაო მისია, სახელწოდებით Aspides, გულისხმობს ევროპული ხომალდების და საჰაერო ხომალდების ადრეული გაფრთხილების სისტემების გაგზავნას წითელ ზღვაში, ადენის ყურესა და მიმდებარე წყლებში. მისიაში მონაწილე გემებს ცეცხლის გახსნის ბრძანებას მისცემენ, თუ ისინი თავდასხმის ობიექტები გახდებიან. ოპერატიული სარდლობა საბერძნეთის ქალაქ ლარისაში იქნება. „ევროპა უზრუნველყოფს წითელ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. გარდა კრიზისზე რეაგირებისა, ეს არის ნაბიჯი ზღვაში ევროპული ყოფნის გაძლიერებისკენ ჩვენი ევროპული ინტერესების დასაცავად," - დაწერა ევროომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე ( X). ცნობილია, რომ მისიაში გაწევრიანებაზე უკვე შეთანხმდნენ საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ბელგია. მისიას უხელმძღვანელებს ბერძენი წარმომადგენელი, ხოლო იტალიელი წარმომადგენელი იქნება პასუხისმგებელი ზღვაზე ოპერატიულ კონტროლზე. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეგახსენებთ, აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს იანვრის დასაწყისში დაარტყეს.  აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა აღნიშნა, რომ დარტყმები განხორციელდა სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე, რისთვისაც 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენეს.  

„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს" - იულია ნავალნაია

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. „მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის. მოგიწოდებთ, დადგეთ ჩემ გვერდით. გაიზიაროთ არამხოლოდ მწუხარება და უსასრულო ტკივილი, რომელმაც მოგვიცვა და არ გვტოვებს. გთხოვთ, გაიზიაროთ მრისხანება, ბრაზი და ზიზღი მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა... სირცხვილი ის კი არაა გააკეთო ცოტა, სირცხვილია არაფრის კეთება. სირცხვილია თავი დააშინებინო,“ - აღნიშნა ნავალნაიამ. მისივე შეფასებით, რუსებს სჭირდებათ „თავისუფალი, მშვიდობიანი, ბედნიერი, მშვენიერი მომავლის რუსეთი.“ „მე ასეთ რუსეთში მინდა ცხოვრება, მინდა ასეთში ცხოვრობდნენ ჩემი და ალექსეის შვილები. მინდა, ის ავაშენო თქვენთან ერთად. ზუსტად ისეთი, როგორიც ალექსეი ნავალნის წარმოედგინა. ღირსებით, სამართლიანობით და სიყვარულით სავსე რუსეთი.“ იულია ნავალნაია ბრიუსელში იმყოფება, სადაც დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე სიტყვით გამოვა. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ.  

ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის ATACMS-ის ახალი ვარიანტის გაგზავნა სურს - NBC

NBC News-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ახალი ძლიერი შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტებით უზრუნველყოფაზე მუშაობს. ოფიციალური პირების თქმით, ახლა შეერთებული შტატები მოწადინებულია, რომ კიევს ადრე მიწოდებულის გაუმჯობესებული ვერსია მიაწოდოს. როგორც უკრაინული მედია წერს, ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, დაარტყას რუსულ სამიზნეებს ყირიმის ნახევარკუნძულზე, შორ მანძილზე. ორი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, თუ კონგრესი დაამტკიცებს უკრაინის დაფინანსების გაზრდას, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება, პაკეტში შეიტანოს ATACMS-ის სისტემები. „აშშ-ს ასევე აქვს საბრძოლო მასალა და არტილერია მზად, უკრაინაში დაუყოვნებლივ გადასაზიდად, თუ დაფინანსება დამტკიცდება,“ დასძინეს ოფიციალურმა პირებმა.  

შუა დერეფნის განვითარებას ყაზახეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, გერმანია ხელსაყრელი პარტნიორია - მინისტრი

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM, შუა დერეფნის) განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ყაზახეთისთვის. ამის შესახებ ყაზახეთის მრეწველობისა და მშენებლობის მინისტრმა კანატ შარლაპაევმა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ყაზახეთ-გერმანიის მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, გერმანიასთან სტრატეგიული სინერგია, კონტინენტთაშორისი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, ენერგომომარაგების გზების გზაჯვარედინზე მოხერხებულ გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, აძლიერებს ყაზახეთს, როგორც რეგიონულ საინვესტიციო კერას და ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს გლობალურ ენერგეტიკულ არენაზე. „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ყაზახეთისთვის, როგორც ევროპისთვის ენერგორესურსებისა და სტრატეგიული საქონლის საიმედო მიმწოდებლისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ ყაზახეთის სამრეწველო პოტენციალის გაძლიერება ასევე არის გერმანიასთან თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებში. „ჩვენი რესპუბლიკისთვის გერმანია, როგორც ინდუსტრიული ძალა თავისი ძირითადი კომპეტენციებით, ყველაზე შესაფერისი პარტნიორია. ყაზახეთის მთავრობა დგას ამოცანის წინაშე, გააუმჯობესოს პირობები დიდი კერძო ინვესტიციების მოზიდვისთვის, უზრუნველყოს ბიზნესისთვის ინსტიტუციური გარემო და საკანონმდებლო რეგულირების ჰარმონიზაცია," - განაცხადა შარლაპაევმა. კატარის კომპანიებმა შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირება უნდა განიხილონ - თოყაევი ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა  

ტაქსის ლიცენზია მთელ საქართველოში სავალდებულო იქნება - მთავრობის ინიციატივა

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება. დოკუმენტი პარლამენტში 2023 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრიდა და მისი განხილვები კომიტეტებში უკვე დაიწყო. კანონპროექტის მიხედვით, ლიცენზიის აღება სავალდებულო გახდება 63-ვე მუნიციპალიტეტში: საშუალოდ, ამ უფლების მიღების ფასი 50-75 ლარი იქნება; იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ლიცენზიის გარეშე გადაიყვანს ადამიანს, მას 200 ლარით დააჯარიმებენ; სანებართვო ვალდებულებების დარღვევისთვის სანქცია 100 ლარი იქნება. მთავრობის გათვლით, პირელივე წელს, როცა სავალდებულო გახდება ლიცენზიის აღება, საბიუჯეტო შემოსავლები 488 ათასი ლარით გაიზრდება, 3 წელში კი ჯამში - თითქმის 2 მილიონ ლარამდე. კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან 34-ში არ იქნება საჭირო დამატებითი კადრების აყვანა, დანარჩენ 29 მუნიციპალიტეტში კი თანამშრომელთა რაოდენობა 48-ით უნდა გაიზარდოს. საკანონმდებლო პაკეტი 6 კანონპროექტს მოიცავს, მათ შორის არის: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „საბიუჯეტო კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. დოკუმენტი მიღების შემთხვევაში 2025 წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. მანამდე მუნიციპალიტეტებმა ლიცენზიის გაცემის წესი უნდა შეიმუშაონ.  

NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს

დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს იწყებს. მისია მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას კონსტრუქციული რეკომენდაციების გაცემის გზით. ამასთან, გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს. შეხვედრების დასრულების შემდეგ NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს. 19-23 თებერვალს NDI-ის დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. შეხვედრებს გაუძღვებიან: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუჟა, NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი. შეხვედრებს ასევე დაესწრება ალან გილამი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი. „ხუთი დღის განმავლობაში დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგად პოლიტიკურ გარემოსა და იმ ფაქტორებს შეაფასებენ, რომელთაც, შესაძლოა, გავლენა იქონიონ წინასაარჩევნო პროცესებზე. დელეგაცია მიმოიხილავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, მოქალაქეთა ჩართულობა, გენდერი და ინკლუზიის თემები, პოლიტიკური პარტიები და კამპანიის პროცესი. აღნიშნული შეხვედრები NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო პროცესის პირველ ფაზას წარმოადგენს. აღნიშნული პროცესი, დამატებით, მეორე წინასაარჩევნო დელეგაციას, გრძელვადიანი დამკვირვებლების ჯგუფსა და არჩევნების დღის სადამკვირვებლო დელეგაციას მოიცავს,“ აცხადებენ NDI-ში. NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოს კანონდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განხორციელდება. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში.  

საფრანგეთი უკრაინას კამიკაძე-დრონებს მიაწვდის

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას უახლესი ტექნოლოგიის კამიკაძე-დრონებს გადასცემს. მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ავითარებს კამიკაძე-დრონებს, რომლებიც ამჟამად ექსპერიმენტულია. „უახლოეს კვირებში, უკრაინა იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღებს ამ უპილოტო საფრენ აპარატებს. ეს ასევე წარმოადგენს ამ ახალი თაობის აღჭურვილობის საბრძოლო ტესტირების შესაძლებლობას," - აღნიშნა ლეკორნუმ. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან საფრანგეთმა 10 000 უკრაინელი მებრძოლი გაწვრთნა. მისი თქმით, 2024 წელს 7000-დან 9000-მდე სამხედრო მოსამსახურე გაივლის წვრთნას. საფრანგეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა უკრაინის დახმარების მხრივ. პარიზმა უზრუნველყო სამხედრო და ფინანსური დახმარება და მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.  

ალიევი თურქეთში: თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა დღეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, ევრაზიისთვის

თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა დღეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევრაზიისთვის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრადიციისამებრ, ის კიდევ ერთხელ, პირველად, მოძმე თურქეთს ეწვია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. „ბუნებრივია, დღეს გაჩნდა ახალი შესაძლებლობები თავდაცვის ინდუსტრიაში. ამ საკითხზე ფართო დისკუსია გაიმართა და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. Anadolu-ს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი, ისევე როგორც ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ მოვლენებსაც განიხილავდნენ. თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით, ალიევი თურქეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, კვირას, 18 თებერვალს, გვიან საღამოს ჩავიდა. ალიევი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ალიევი მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებიც გამართა. მან ზელენსკისთანაც გამართა შეხვედრა.  

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ძველი შენობების დემონტაჟი დაიწყეს

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ინვესტორმა ამორტიზებული შენობების დემონტაჟი დაიწყო, უახლოეს პერიოდში ადგილზე სამშენებლო ტექნიკასაც შეიყვანენ, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას განაცხადა. ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით მან „მინისტრს“ სამშენებლო სამუშაოების გეგმისა და გრაფიკის წარდგენა დაავალა. შეხვედრაზე, რომელშიც „მთავრობის“ წევრებიც მონაწილეობდნენ საწვავის ბაზარზე არსებული ვითარებაც განიხილეს. 2023 წლის შემოდგომაზე გახდა ცნობილი, რომ სოხუმის აეროპორტს აღადგენს შპს „ინფრასტრუქტურის განვითარება“, რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია.  

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკურის ექთანს პატიმრობა მიესაჯა

20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ექთანს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და მის გამოყენებაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამავე საქმეზე ბრალდებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესი 26 თებერვალს არის ჩანიშნული. გამოძიების ვერსიით, „2021 წლის 11 აგვისტოს პაციენტი ახალი კორონავირუსის მკურნალობის მიზნით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოთავსდა და მისი სამედიცინო ისტორია გაიხსნა. პაციენტის მკურნალობის პროცესში, კლინიკის მორიგე ექიმების და ექთნების მიერ, ყოველდღიურად იწერებოდა სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი - „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, რომლებშიც უთითებდნენ ინფორმაციას პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტების და მათი დოზების მითითებით). აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით ადასტურებდნენ ექიმი და მორიგე ექთანი, რომლებმაც უშუალოდ ჩაატარეს სამედიცინო მანიპულაციები. 2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან - 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად თავად მოაწერა ხელი, რითაც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად, მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა სამედიცინო ისტორიაში მოათავსა." გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა ელგუჯა ჩხაიძემ სასამართლოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პროცესზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა. „წარდგენილი ბრალდებისთვის მაქსიმალური სასჯელი სამი წლით თავისუფლების აღკვეთა იყო. მაქსიმუმს, რა თქმა უნდა, მოსამართლე არ გამოიყენებდა, ვინაიდან წარსულში რაიმე ნასამართლობა არ არის, რაიმე სხვა კრიმინალი ჩადენილი არ არის და ვფიქრობთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება ახალ გარემოებებს, მან [ექთანმა] პროცესზე დაასახელა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, რომელმაც დაავალა უშუალოდ... აქამდე მიცემულ ჩვენებაში არ ამბობდა. კიდევ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას... მართლაც დიდი დანაშაულია მომხდარი და ბევრ გულგრილობას ჰქონდა ადგილი აღნიშნული პაციენტის მიმართ." 20 წლის ფეხბურთელი 2021 წლის 10 სექტემბერს, მკურნალობის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან შეიყვანა. გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა გენერალურ პროკურატურისგან გამოძიების დაწყება მოითხოვა. პარალელურად, საქმის მოკვლევის განცხადებით, მან მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსაც. გენერალურმა პროკურატურამ გაიოზ ჩარკვიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. გაიოზ ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ მისი შვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არასათანადო მკურნალობას ემსხვერპლა.