ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის კონგრესმა მთავრობის ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან აცილებასთან დაკავშირებით შეთანხებას მიაღწია
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მიაღწიეს შეთანხმებას მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან აცილებასთან დაკავშირებით. კონგრესის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ წარმომადგენელთა პალატა და სენატი მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტს ამ კვირაში უყრიან კენჭს. აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაახლოებით 20%-ს დაფინანსება შაბათს, ადგლობრივი დროით დილის 12.01 საათზე ეწურებოდა, დანარჩენ უწყებებს კი, მომდევნო პარასკევს. მიღების შემთხვევაში, მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტი, მთავრობის „შათდაუნის“ შესაჩერებლად მიღებული მეოთხე ასეთი ზომა იქნება სექტემბერის შემდეგ. „ვთანხმდებით, რომ კონგრესმა უნდა იმუშაოს ორპარტიული წესით ჩვენი მთავრობის დასაფინანსებლად,“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ლიდერების განმარტებით, მომლაპარაკებლებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას სოფლის მეურნეობის წლიურ ექვს კანონპროექტთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენ ექვსს, სავარაუდოდ, 22 მარტამდე დაასრულებენ. „იმისთვის, რომ მივცეთ პალატისა და სენატის ასიგნებების კომიტეტს ადეკვატური დრო ამ გარიგების პრინციპის შესასრულებლად, საჭირო იქნება, მიმდინარე კვირას კენჭი ეყაროს მოკლევადიან რეზოლუციას 8 და 22 მარტის ჩათვლით უწყებების დასაფინანსებლად,“ - განაცხადეს ლიდერებმა. ამჟამად არ არსებობს დაუყოვნებელი გეგმა, რათა დაამტკიცონ 95 მილიარდი დოლარის გადაუდებელი ეროვნული უსაფრთხოების სახსრები, რომლებიც განკუთვნილია უკრაინის, ისრაელისა და სხვა მოკავშირეებისთვის. აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ამ თვის დასაწყისში ლვოვში ვიზიტის დროს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინა ამერიკის დახმარების გარეშე ომის წაგების საფრთხის წინაშეა.
მიჩ მაკკონელი სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის პოსტს ტოვებს
ამერიკელი სენატორის, მიჩ მაკკონელის განცხადებით, წლის ბოლოს აშშ-ის სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის პოსტს დატოვებს. 82 წლის მაკკონელს ლიდერის პოსტი ყველაზე ხანგრძლივად უკავია სენატის ისტორიაში. ის სენატის წევრი 1985 წლიდანაა. 2006 წელს კი „რესპუბლიკელების“ ხელმძღვანელად აირჩიეს. მაკკონელი 2015-2021 წლებში უმრავლესობის ლიდერი იყო. მისმა თანაშემწეებმა განმარტეს, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება. „ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ნიჭი არის იმის ცოდნა, თუ როდის არის ცხოვრების ახალ ფურცელზე გადაშლის დრო. მე დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, რათა ვთქვა, რომ ეს იქნება ჩემი ბოლო ვადა სენატში რესპუბლიკელების ლიდერის პოსტზე,“ - აღნიშნა მიჩ მაკკონელმა.
საქართველოს მომავალი უკრაინაშია, ევროპის მომავალი უკრაინაშია და უკრაინის გამარჯვებაშია - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროპულობა და ევროპელობის სურვილი საქართველოს დნმ-შია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველოს ევროპული შესაძლებლობები - ამ დისკუსიის სახელწოდება ყველაფრის მთქმელია და ეს სწორედ ის შესაძლებლობაა, რომლის განხორციელებაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სურს. ეს არის ის, რაც იმ ქართველებისათვის მოტივაციის ძალა იყო, რომლებიც საქართველოს მე-20 საუკუნის დამოუკიდებლობას ამზადებდნენ; დამოუკიდებლობის მამები, რომლებიც ჩვენ გვყავდა, ყველა ევროპული ორიენტაციის იყო. ისინი შესაძლოა, განათლებას რუსულ უნივერსიტეტებში იღებდნენ, მაგრამ ევროპისკენ და ევროპული მმართველობის მოდელებისკენ იყურებოდნენ. მან გაიხსენა, რომ ქალებს არჩევნებში არამხოლოდ ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ, არამედ ჰქონდათ უფლება ყოფილიყვნენ არჩეულნი; ამგვარად, დამფუძნებელი კრების წევრი 5 ქალი გახდა, რომელთაგანაც ერთი მუსლიმი იყო. ეს ყველაფერი 1921 წელს რუსეთმა გააქრო, როდესაც იმპერიის დაცემის შემდეგ, საქართველოში მე-11 წითელი არმიის მეშვეობით შემოვიდა საქართველოში. „სწორედ რამდენიმე დღის წინ იყო 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე, თბილისის დაცემის ტრაგიკული დღე და საბჭოთა 70 წლიანი რეჟიმის დასაწყისი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა, რამაც გვაიძულა დაგვევიწყებინა ჩვენი წარსული, ტრადიციები, ზოგიერთი ჩვენი პრინციპი და რამაც ვალდებული გაგვხადა 1991 წელს დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, ყველაფერი გარკვეულწილად ხელახლა შეგვექმნა, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეცვლილი იყო. სრულიად საქართველოს კულტურული და ინტელექტუალური ელიტა დახვრიტეს. ამიტომ, ქვეყანას ხელახლა შექმნა სჭირდებოდა და თანაც ძალიან რთულ პირობებში, რადგან 1991 წლიდანვე რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა სეპარატისტებისათვის იარაღის მიწოდებით, პირველი ომის გაღვივებითა და მათი მხარდაჭერით დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ეს პირველი ომი ,,გაყინული კონფლიქტით“ დასრულდა და ასე გასტანა 2008 წლამდე, სანამ რუსეთმა ომით არ მოახდინა ამ გაყინული კონფლიქტების ოკუპირებულ ტერიტორიებად ტრანსფორმაცია, სადაც მან სამხედრო ბაზები გახსნა, რომლებიც იქ დღემდე არსებობს. ამიტომ ეს იყო ძალიან რთული და ამავდროულად, საოცრად სწრაფი გზა.“ „ევროპული შესაძლებლობები იმის მსგავსია, რისკენაც საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში მიისწრაფოდა და ეს გზა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ განვიცდით დიდ ცვლილებებს, რომელთა სიმბოლოც კანდიდატის სტატუსია და ეს ხდება მაქსიმალური გამოწვევების პერიოდში. ეს გამოწვევები ჩვენით არ იწყება. დღეს, რომ ერთი მესიჯის გაჟღერების შესაძლებლობა მქონოდა აქ - ვიტყოდი: იმისათვის, რომ საქართველომ განაგრძოს ევროპული გზა და როგორც სრულფასოვანი წევრი, ნამდვილად დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, ამ ჰორიზონტისკენ გავლილი გზა, რომ რეალობად იქცეს და ქვეყანა ევროპის ნამდვილ წევრად გარდაიქმნას, არსებობს ერთი კოლოსალური გამოწვევა და ეს გამოწვევა არის რუსეთი და დღეს რუსეთი უკრაინაში. დიახ, ჩვენ ვიცით, გამოგვიცდია და ბევრის თქმა შეგვიძლია იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო რუსეთის მეზობელი, იყო რუსეთის სხვადასხვა რეჟიმის მიერ, სხვადასხვა ფორმით დაპყრობილი, მაგრამ დღეს გამოწვევა უკრაინაშია. არ არსებობს საქართველოს და საქართველოს ამ ევროპული გზის მხარდაჭერა, უკრაინის მხარდაჭერის გარეშე. უკრაინის მხარდაჭერა ევროპელების, ყველა დასავლელი პარტნიორის და მათ შორის, ამერიკელთა უმრავლესობის საერთო მიზანია. ეს ყველასთვის მთავარი მიზანი და ამოცანაა. თუ რუსეთმა არ გაიზიარა რას ნიშნავს იყო ერთ-ერთი მრავალთა შორის, იყო ერი საზოგადოებაში, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, თუ მან განაგრძო ფიქრი იმაზე, რომ შეუძლია გაფართოვდეს როცა სისუსტეს გრძნობს, ანდა სულაც იმიტომ, რომ ეს [გაფართოება] მისი ბუნების ძირეული მახასიათებელია, მაშინ არ იქნება არც სტაბილურობა და არც მშვიდობა. ძალიან რთული იქნება ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, როგორიც მოლდოვა და უკრაინაა, განვაგრძოთ ამ გზაზე სიარული, რომელიც ჩვენთვის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გზაა, პირველ რიგში, კი, მშვიდობისა და უსაფრთხოების გზაა. ასე რომ, თუ რუსეთი არ შეიცვლება... და ერთადერთი გზა, რითაც რუსეთი შეიცვლება არის თუ ვერ მოიგებს უკრაინაში. ეს ისევ და ისევ ერთიანი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, არიან ქვეყნები, რომლებსაც ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ. საქართველო ალბათ, იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებსაც ნაკლების გაკეთება შეუძლიათ სიტუაციიდან გამომდინარე - ოკუპირებული ტერიტორიების გამო, რუსეთთან სიახლოვის გამო, რომელიც ყოველდღიურად იგრძნობდა, იგრძნობა გამყოფ ხაზთან, რომელიც ჩვენს და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორისაა ,,გავლებული“ და რომელიც თითქმის ყოველდღიურად იცვლება და სადაც ადამიანები ტყვედ აჰყავთ და სადაც ამ ხაზის ორივე მხარეს, ადამიანის ცხოვრება უარესდება: საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად უკიდურესად რთულია ამ მუდმივი ზეწოლის ქვეშ ცხოვრება და ოკუპირებულ მხარეს იმიტომ, რომ მოსახლეობას ნებისმიერი ელემენტარული უფლების განხორციელებაზე წვდომა არ აქვს. თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მხარდაჭერა სჭირდება (რაც COVID პანდემიისას ძალიან თვალსაჩინო იყო), ისინი გამყოფ ხაზს რთულად კვეთენ, რადგან ყოველთვის არ აძლევენ [საოკუპაციო ხაზზე] გადმოსვლის უფლებას, ან არ იციან როდის შეძლებენ გადმოსვლას. განათლების მისაღებადაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაცული არ არის ენა, როგორც კულტურული იდენტობის მატარებელი ნიშანი, არანაირი გზით არ არის დაცულ არც აფხაზური და არც ოსური ენა. ფაქტობრივად, ისინი ამ ენებზე აღარ საუბრობენ, არის მხოლოდ რუსული [ენა] და საქართველოსათვის კარგად ნაცნობი, რუსიფიკაცია. არ არის დაცული კულტურა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მომხდარა ის, რისი მოლოდინიც არსებობდა სეპარატისტული ძალების მხრიდან - იდენტობისა და განსხვავებულობის გაძლიერება. მაგალითისათვის ავიღოთ აფხაზეთი. მათ მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრინციპი, რომ ეს მათი მიწაა და რომ ეს [მიწა] არ გაიყიდებოდა, ან გასხვისდებოდა უცხოელებზე, რუსებმა დაძლიეს, ძლიერი ზეწოლა მოახდინეს და შეძლეს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტისაგან ნებართვის აღება ეყიდათ მიწები, აეროპორტი და შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ოჩამჩირის პორტი. ეს თავისთავად პრობლემას წარმოადგენს, რადგან რუსეთს იქ უკვე არსებული სამხედრო ბაზების გარდა, ახალი სამხედრო ბაზის დამატება სურს. ასე რომ, საქართველოს მომავალი უკრაინაშია, ევროპის მომავალი უკრაინაშია და უკრაინის გამარჯვებაშია. უკრაინა, მრავალი თვალსაზრისით, უკვე გამარჯვებულია, რადგან რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. მიუხედავად, რუსული პროპაგანდის მცდელობებისა, გავლენა მოახდინოს ჩვენს საზოგადოებრივ აზრზე, პრეზიდენტ პუტინის ომის მიზნები საერთოდ არ შესრულებულა. პირველი მიზანი რამდენიმე დღეში უკრაინაზე უპირატესობის მოპოვება იყო, რათა ენახათ როგორ გარბის უკრაინის პრეზიდენტი, მის მთავრობასთან ერთად, უკრაინიდან. მიზანი იყო კიევის აღება და როგორც ისინი ამბობენ, დენაციფიკაცია, (რაც არავინ იცის რას ნიშნავს, რადგან შეიძლება ვიკითხოთ, სად არიან დღეს ნაცისტები?!), ეს ყველაფერი არ მოხდა. შემდეგ ისინი [რუსები] ფიქრობდნენ, რომ მათი სამხედრო ძალა შეძლებდა უკრაინის სამხედრო რესურსების სწრაფად დაძლევას, კვირების, ან თვეების განმავლობაში. ისინი ტანკებითა და ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანით იმუქრებოდნენ. ეს ყველაფერი უფრო ფსიქოლოგიური ომია, რომელიც KGB-ს ძველი აგენტის მიერ იმართება. არ არსებობენ ძველი აგენტები, ისინი აგენტებად რჩებიან. სწორედ ამიტომ პრეზიდენტი პუტინი იძულებული იყო დღეგამოშვებით ეცვალა თავისი სამხედრო მეთაურები, რადგან არაფერი შესრულებულა ისე, როგორც მათ წარმოედგინათ. მართალია, მათ ჯერ არ იციან რას ნიშნავს წმინდა სამხედრო დამარცხება და დიახ, უკრაინას ჯერ არ დაუბრუნებია მისი ტერიტორიები სრულად, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მაგრამ უკრაინას არაფერი დაუკარგავს. უკრაინას არ დაუკარგავს საკუთარი საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ორწლიანი ომი უკიდურესად რთულია და ძალიან დამაზიანებელია საზოგადოების ერთობისთვის. უკრაინამ კი ამ ყველაფერს გაუძლო! მიუხედავად რუსული პროპაგანდისა, რომელიც ძალიან აქტიურია გარკვეული რეაქციების გამოწვევის მცდელობებში, უკრაინა ევროპელი პარტნიორებისგან მხარდაჭერას იღებს; აქაც, ორი წლის შემდეგაც, ძლიერი მხარდაჭერა არსებობს. ჩვენი [კოლექტიური] საზოგადოებრივი აზრი, მიუხედავად მცდელობებისა ზეგავლენა მოახდინონ უკრაინის გარშემო თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებზე, ისევ იგივეა, უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისათვის ამ მხარდაჭერას და რჩება იმ განწყობაზე, რომ სოლიდარობამ უნდა გაიმარჯვოს. მიუხედავად ევროპელის (და არა ევროპელების) მცდელობებისა, ევროპელი პარტნიორების ერთობა არ დაიშალა, ჯგუფის წევრებმა შეძლეს სწორი მიმართულების შენარჩუნება. ორი წლის შემდეგ(აც) კი, ევროპამ შეძლო უკრაინის მხარდასაჭერი პაკეტისათვის 50 მილიარდის გამოყოფის საკითხზე ერთიანობის შენარჩუნება. ვერავინ შეძლებდა წინასწარმეტყველებას, რომ ორი წლის შემდეგაც კი, ევროპა ისევ შეძლებდა კონსენსუსის ამ დონეზე შენარჩუნებას და შეძლებდა ასეთი მასშტაბის მხარდაჭერის შენარჩუნებას. არც ევროპელები და ამერიკელები გაიყვნენ. ესეც ის არის, რის მიღწევასაც რუსები ძალიან აქტიურად ცდილობდნენ. რა თქმა უნდა, არ ვიცით რა გველოდება მომავალი თვეების განმავლობაში, რა შედეგებით დასრულდება არჩევნები, მაგრამ თუ შევხედავთ ევროპული ქვეყნების მაგალითებს - მთავრობის ცვლილება და ზოგიერთი პოპულისტური ჯგუფების მიერ ძალაუფლების მოპოვება საკმარისი არ არის საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებისათვის. ვფიქრობ, დღეს ყველა იაზრებს, რომ ეს ეგზისტენციალური საკითხია. როდესაც საქართველოზე ვსაუბრობდი, ვთქვი, რომ ჩვენთვის ეს საკითხები ეგზისტენციალურია. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და შემდეგ აღადგინა ის, მაგრამ, დღეს ეს [ეგზისტენციალურია] არა მხოლოდ ჩვენთვის, ‘ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ’, ეს ეგზისტენციალურია თითოეულისათვის.ეს არის ის მესიჯი, რომელიც მინდა გავუზიარო საზოგადოებას, რომელიც საქართველოს უყურებს, მაგრამ რომელიც ასევე საკუთარ თავსაც უნდა უყურებდეს და აკვირდებოდეს იმ შედეგებს, რომლის მიღწევასაც საბჭოთა პროპაგანდა ყველანაირი სახის ახალი მეთოდებით სხვადასხვა საზოგადოებებზე ცდილობს: კიბერშეტევებით, ექსტრემისტული და მარგინალური ჯგუფების დაფინანსებით, ამ ჯგუფების მეშვეობით პრორუსული პროპაგანდისტული თემების გაჟღერებითა და ევროპულ საზოგადოებებში ერთიანობის დარღვევით. მაგრამ ეს [მეთოდები] არც თუ ისე კარგად მუშაობს. უნდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხით [პროპაგანდასთან დამკლავებით] ჩვენ ევროპულ საზოგადოებებთან შედარებით უფრო წინ ვართ, რადგან ჩვენ ეს დიდი ხანია ვიცით. დიახ, ჩვენთან აქტიური საბჭოთა პროპაგანდა მიმდინარეობს, დიახ ჩვენთანაც იგივე მეთოდებია: საქართველოში ისინი აფინანსებენ მარგინალურ ჯგუფებს, ისინი ოქტომბერში ჩვენი მომავალი არჩევნებისთვის ემზადებიან და სავარაუდოდ, ჩვენ ვნახავთ ყველანაირი მცდელობების გააქტიურებას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ საქართველო ძალიან მედეგია. ჩვენ საბჭოთა პროპაგანდის 70 წლიანი გამოცდილება გვაქვს. იმ დროს, საქართველოში საზოგადოება ძალიან აქტიური და პოლიტიზებული იყო და ამით მან შეძლო საკუთარი საღი აზრისა და სწორი მიმართულების შენარჩუნება. იგივე ხდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ - ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის ფონზე, ყოველდღიური მუდმივი ზეწოლის ფონზე, რომელიც თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე [საოკუპაციო] ხაზს მოაქვს, მე არ გამიგონია ვინმეს ეთქვას, რომ რადგან რუსული ტანკები ასე ახლოსაა დედაქალაქთან, ჩვენ ნაკლებად უნდა ვისაუბრებთ ევროპასა და NATO-ში ინტეგრაციაზე,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ახალმა ზელანდიამ „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
ახალი ზელანდიის მთავრობამ „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უინსტონ პეტერსმა განაცხადა, რომ „საზარელ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა მთელ ორგანიზაციას ეკისრება.“ „რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აძლიერებს აზრს, რომ ვეღარ განვასხვავებთ „ჰამასის“ სამხედრო და პოლიტიკურ ფრთებს,“ აღნიშნა პეტერსმა. „ჰამასის“ ნებისმიერი აქტივი გაიყინება და ნებისმიერი ფინანსური და ქონებრივი ტრანზაქცია, ან „ჰამასის“ მატერიალური მხარდაჭერა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ახალმა ზელანდიამ 2010 წელს ტერორისტულ სუბიექტად მხოლოდ „ჰამასის“ სამხედრო ფრთა აღიარა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მხარს უჭერს მოლდოვის სუვერენიტეტს
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას დნესტრისპირეთში მას შემდეგ, რაც სეპარატისტულმა რეგიონმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. „ევროპაში რუსეთის მზარდი აგრესიული როლის გათვალისწინებით, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს რუსეთის ქმედებებს დნესტრისპირეთში და ვითარებას - ზოგადად,“ - აღნიშნა მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „კვლავ მოვუწოდებთ კიშინიოვსა და ტირასპოლს, ერთობლივად მოძებნონ ორივე მხარეს არსებული პრობლემების გადაწყვეტა,“ - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა, „ადგილზე ყველა დონის არჩეულების კრებამ“ 28 თებერვალს მოსკოვს მიმართა მოწოდებით, „მიიღოს ზომები დნესტრისპირეთის დასაცავად.“ დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული.
გერმანია NATO-ზე შესაძლო თავდასხმის სცენარს აყალიბებს
გერმანიის მთავრობამ ბუნდესტაგს წარუდგინა მოხსენება „სამოქალაქო თავდაცვის რისკის ანალიზი“, რომელშიც აღწერილია უსახელო აგრესორსა და NATO-ს შორის შესაძლო კონფლიქტის ერთ-ერთი სავარაუდო სცენარი, რომელიც ეფუძნება რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გაკვეთილებს უკრაინის წინააღმდეგ. დოკუმენტი უკრაინული მედიისთვის გახდა ხელმისაწვდომი. მოხსენების თანახმად, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, დაადასტურა, რომ თანამედროვე ომი აერთიანებს კლასიკურ და არატრადიციულ ოპერაციებს, ეს უკანასკნელი მოიცავს კიბერშეტევებს, დეზინფორმაციულ კამპანიებსა და დივერსიებს. „აგრესორის თავდასხმა - ჰიბრიდული და/ან თანამედროვე შეიარაღებული ძალების სრული არსენალის გამოყენებით ყველა განზომილებაში (სახმელეთო, საჰაერო/კოსმოსური, ზღვა, კიბერი და ინფორმაცია) NATO-ს ტერიტორიაზე - შესაბამისად, სავარაუდო სცენარია,“ - ნათქვამია მოხსენებაში. მოხსენების ავტორები შემდეგ ხაზს უსვამენ ასეთი თავდასხმის ერთ-ერთ სცენარს, ხაზს უსვამენ, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო სცენარია და არ აკონკრეტებენ, რას ითვალისწინებენ სხვა სცენარები. ეს სცენარი კონფლიქტს ოთხ ფაზად ჰყოფს. I ფაზა გრძელდება რამდენიმე წელი სხვადასხვა ინტენსივობით და მოიცავს აგრესორის ჰიბრიდულ გავლენას: ჯაშუშობას, კიბერშეტევებს, დივერსიებს და თავდასხმებს სასიცოცხლო და თავდაცვის ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამ ფაზის მთავარი მახასიათებელია ის, რომ ჰიბრიდული გავლენა ხორციელდება ფარულად და არ შეიძლება, ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს აგრესორს. II ფაზა გრძელდება რამდენიმე თვე და მოიცავს აგრესორი ძალების განლაგებას NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებზე – და საპასუხოდ NATO-ს შემაკავებელი ძალების განლაგებას. ჰიბრიდული გავლენა გრძელდება, მაგრამ ხდება უფრო ინტენსიური და ნაკლებად ფარული. III ფაზა, რომელიც გრძელდება სულ მცირე ერთი წელი, მოიცავს ღია სამხედრო აგრესიას NATO-ს ტერიტორიის წინააღმდეგ - შერჩევითი თავდასხმები ჩვეულებრივი და არატრადიციული საშუალებების გამოყენებით, მათ შორის, გერმანიაში სამიზნეების წინააღმდეგ, ასევე კოსმოსში თანამგზავრების შესაძლო შეფერხებას. საბოლოოდ, IV ფაზის დროს, აგრესორის ჯარები გაარღვევენ NATO-ს თავდაცვით ხაზებს გერმანიაში. კოსმოსში სრულმასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირებაც იგეგმება. სცენარი ვარაუდობს, რომ ეს ეტაპი დასრულდება „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით არა უადრეს რამდენიმე თვის შემდეგ.“ ანგარიშში გერმანიის მთავრობა გვთავაზობს, რომ ეს სცენარი გამოყენებული უნდა იყოს, როგორც საფუძველი სამოქალაქო თავდაცვის კონცეფციის შესაქმნელად, და რომ შესაბამის უწყებებს შეეძლოთ შემდგომი "ქვესცენარების" მოდელირება უფრო ეფექტიანი თავდაცვისთვის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუნდესვერი ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად ადგენს ახალ ყოვლისმომცველ ოპერატიული თავდაცვის გეგმას, რაც ითვალისწინებს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის გაკვეთილებს უკრაინის წინააღმდეგ. გერმანიის თავდაცვის გეგმა კლასიფიცირებულია, როგორც "საიდუმლო", ასობით გვერდს მოიცავს და სავარაუდოდ, მასზე მუშაობა მარტის ბოლოს დასრულდება. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
პრეზიდენტი: არ ვაპირებ, ოპოზიციის ლიდერი გავხდე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერობას არ აპირებს. „არ მგონია, ეს მართებული გადაწყვეტილება იყოს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ზოგიერთებს სურთ, მან ეს როლი იკისროს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს აღარ უჭერს მმართველ ძალას და, ასევე არც "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება სურთ. "დაახლოებით, მოსახლეობის 50%-ს არცერთი ძალა არ უნდა და ელოდება, რამდენად შეძლებენ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ მოქმედებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაერთიანდნენ ერთი სიის ან ერთი პარტიის ქვეშ, ეს არარეალურია და არც იქნება კარგი მომავალში მრავალპარტიულობისთვის. მათ უნდა შეძლონ ერთად მოქმედება იმგვარად, რომ საზოგადოებას გამარჯვების ფორმულა წარუდგინონ. ესაა მათი საქმე. ჩემი საქმეა ვუთხრა მათ, რომ გაერთიანდნენ არა ერთმანეთთან, არამედ, ევროპული პლატფორმის ირგვლივ," - განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოსთვის საუკეთესოა პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია - პრეზიდენტი
ბაიდენი ჯანმრთელია - პრეზიდენტის ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების შედეგი გამოქვეყნდა
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ოფიციალური დასკვნა, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების შედეგად მოამზადა ექიმმა კევინ ო’ კონორმა. მისი დასკვნით, პრეზიდენტი ჯანმრთელია და უპრობლემოდ ასრულებს თავის მოვალეობებს. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ალბათობით, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება 2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში. გამარჯვების შემთხვევაში, ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს 82 წლის ასაკში, რომელიც 20 ნოემბერს უსრულდება. ცნობისთვის, 81 წლის ჯო ბაიდენს სამედიცინო გამოკვლევები 28 თებერვალს ჩაუტარეს მერილენდის სამხედრო ჰოსპიტალში. ექიმის დასკვნით, პრეზიდენტი თავს კარაგდ გრძნობს და სამედიცინო შემოწმებას რაიმე ახალი პრობლემები არ გამოუვლენია. ექიმ ო’ კონორის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი 81 წლის ჯანმრთელი, ძლიერი და აქტიური მამაკაცია, რომელსაც შეუძლია წარმატებით შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების და სახელმწიფოს მეთაურის და უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები.
საფრანგეთმა შესაძლოა, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს
საფრანგეთის ხელისუფლება მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის არმიის წვრთნისა და საზღვრების დასაცავად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა სენატში გამართულ მოსმენაზე. მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ შეეგუება უკრაინაში რუსეთის გამარჯვების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვის პოზიცია გამკაცრდა პარიზის მიმართ. „რეალობა ისაა, რომ რუსეთი საფრანგეთს ყოველმხრივ პირდაპირ და მყისიერ საფრთხეს უქმნის,“ - აღნიშნა ატალმა. პარიზს ჯერ არ აქვს კონკრეტული გეგმები უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესახებ. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ამაზე საუბრისას, მხოლოდ დაუშვა ეს შესაძლებლობა, რადგან ომის დასაწყისში პარიზი დაეხმარა კიევს ექსკლუზიურად "საძილე ტომრებითა და ბინოკლებით", მაგრამ შემდეგ გააფართოვა დახმარება უახლესი იარაღისთვის. სენატში სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში ჟან-ნოელ ბარო. მისი თქმით, უკრაინის არმია ასევე იბრძვის ევროკავშირისა და საფრანგეთის უსაფრთხოებისთვის, რადგან თუ კიევი დამარცხდება, ფრონტის ხაზი აუცილებლად გადავა დასავლეთისკენ. „როცა მეზობლის სახლს ცეცხლი ეკიდება და ხანძრის გავრცელება ემუქრება, ჩვენ არ ვდგებით გულმოდგინედ, ვდგებით და ვპასუხობთ,“ - აღნიშნა ბარომ. კრემლმა განაცხადა, ომი რუსეთსა და NATO-ს შორის გარდაუვალი გახდება, თუ დასავლეთის ქვეყნები დაიწყებენ ჯარების გაგზავნას კიევის დასახმარებლად. Financial Times-ის წყაროს ცნობით, დასავლური სამხედრო სპეცრაზმი უკვე უკრაინაში იმყოფება. „ყველამ იცის, რომ უკრაინაში დასავლური სპეცრაზმი არსებობს - მათ ეს ოფიციალურად არ აღიარეს,“ - აღნიშნა გამოცემის თანამოსაუბრემ. უკრაინის მხარდასაჭერად დასავლური ჯარების გაგზავნის შესახებ დისკუსია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ დაიწყო, რომელმაც აღნიშნა, რომ მომავალში, უკრაინაში NATO-ს ჯარისკაცების გაგზავნა არ არის გამორიცხული. მაკრონის ამ განცხადენას ბევრი ევროპელი კოლეგა შაეწინააღმდეგა. კერძოდ, მსგავსო განცხადებები გაკეთდა გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, აშშ-ში, შვედეთსა და უნგრეთში.
ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ იუწყება შსს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსეთმა კიდევ ერთი Su-34 დაკარგა - უკრაინა
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული Su-34 ჩამოაგდეს ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, დღეს დილით, უკრაინის საჰაერო ძალებმა აღმოსავლეთის მიმართულებით კიდევ ერთი რუსული „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი ჩამოაგდეს. „დღეს 29 თებერვალია, თარიღი, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ მოდის, მაგრამ კიდევ ერთი თვითმფრინავის დაკარგვით რუსებისთვის ნაცნობი დღეა. მინუს ერთი „სუ-34“ აღმოსავლეთის მიმართულებით!“ - აცხადებს ნიკოლაი ოლეშჩუკი. 27 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი აცხადებდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი SU-34-ის ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. 21 თებერვალს გავრცელებული ცნობით, უკრაინამ ერთი კვირის განმავლობაში მეშვიდე რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა. ამავე დღეს გავრცელებული ცნობით, უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული Su-34 ჩამოაგდეს. უკრაინელებმა 17 და 19 თებერვალს ასევე ჩამოაგდეს Su-35. ამასთან, გაანადგურეს ორი A 50. ბუდანოვი: რუსეთს A-50 ტიპის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა
ერევანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
სომხურმა მხარემ სომხეთსა და რუსეთს შორის მასობრივი კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ახალი დარღვევა დააფიქსირა. ამასთან დაკავშირებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ მხარეს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტიანმა პარლამენტში სამთავრობო საათის დროს განაცხადა. „დარღვევის შესახებ ინფორმაცია 26 თებერვალს მიიღეს და დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაგზავნა მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, როდესაც დეპუტატის შეკითხვას უპასუხა. მინისტრმა არ დააკონკრეტა, რა დარღვევებზეა საუბარი და განაცხადა, რომ სომხეთი „არ შეიძლება, ტოლერანტული იყოს იმ გადაცემების მიმართ, რომელთა შინაარსმა შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს სახელმწიფოსა და ხალხის ღირსება.“
სკანდინავიური ქვეყნები უმასპინძლებენ NATO-ს წვრთნებს, რომელიც კოლექტიურ თავდაცვაზე იქნება ორიენტირებული
NATO-ს 13 მოკავშირისა და პარტნიორის სამხედრო პერსონალი ემზადება, რომ მონაწილეობა მიიღოს Nordic Response 2024-ს წვრთნებში, რომელიც Steadfast Defender-ს სერიის ნაწილია, ნორვეგიაში, ფინეთსა და შვედეთში. ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს. წვრთნას სამი სკანდინავიური ქვეყანა უმასპინძლებს და ფოკუსირებული იქნება კოლექტიურ თავდაცვაზე. საერთო ჯამში სწავლებაში 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს.
ჩეხეთი JAS-39 Gripen-ის მოიერიშეებს განაახლებს
ჩეხეთის რესპუბლიკა JAS-39 Gripen-ის მებრძოლების მოდერნიზებას აპირებს. მოიერიშე თვითმფრინავები იჯარის ხელშეკრულებით, შვედეთთან დამატებითი დოკუმენტების გაფორმების საფუძველზე განახლდება, რისთვისაც ჩეხეთი დაახლოებით 43,5 მილიონ დოლარს გაიღებს. CTK news-ის ცნობით, დოკუმენტს წლის პირველ ნახევარში მოაწერენ ხელს. ჩეხეთის საჰაერო ძალებს 14 Gripen-ი ჰყავს. მებრძოლები შვედეთიდან 2005 წელს იჯარით მიიღეს. ვადა 2027 წელს იწურება. წლიური ქირა დაახლოებით 1,7 მილიარდი კრონს შეადგენს. (დაახლოებით $75 მილიონი).
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში მოლაპარაკებებს განაგრძობენ
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებებს დღეს ბერლინში გააგრძელებენ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განაცხადა. ბადალიანმა დასძინა, რომ 28 თებერვალს ბერლინში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბარბოკს შორის. განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარების პროცესთან დაკავშირებული საკითხები. „ბერლინში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით გაგრძელდა მოლაპარაკებები სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. დისკუსია გაგრძელდება 29 თებერვალს, როგორც შეთანხმებული იყო," - აღნიშნა მან. როგორც სომხური მედია წერს, სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე მირზოიანმა ცალკე შეხვედრა გამართა ბერბოკთან. მისივე ცნობით, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, ასევე, იმავე დღეს ბერლინში ორი ქვეყნის მინისტრების მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიების მიმდინარეობას. „მიუნხენში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ, გერმანიაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბერბოკმა გამოაცხადა ორი ქვეყნის თამამი ნაბიჯების შესახებ. ოთხშაბათს, 28 თებერვალს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მიიღო ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ათწლეულის მანძილზე კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევის ფარგლებში. წერს თავის მხრივ, DW. `ახლა არის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა,“ განაცხადა ბურბოკმა. ორივე მხარემ უკვე გადადგა გაბედული ნაბიჯები წარსულის უკან დასატოვებლად, აღნიშნა მან. ორდღიანი მოლაპარაკებების გახსნისას ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინსვლა მოითხოვს "ნამდვილ ერთგულებასა და მონდომებას" და რომ კავკასიის ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმების მიღწევა "დადებით გავლენას მოახდენს ორივე ქვეყნის საზღვრებს მიღმა" და "გახსნის გზას უკეთესი მომავლისა და კეთილდღეობისკენ სამხრეთ კავკასიაში.“
2024 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა. იანვარში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 10.4 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წლიურ ჭრილში 1.4%-ით არის გაზრდილი. სექტორების მხრივ, იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში. 2024 წელს საქართველოს მთავრობა ქვეყანაში 5.3%-იან ზრდას ელოდება, შესაბამისად იანვრის ზრდა საპროგნოზო მაჩვენებელს აჭარბებს.
ლიეტუვა უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად 300 000 ევროზე მეტს გამოყოფს
ლიეტუვის მთავრობამ დაამტკიცა 326,000 ევროს (353,000 აშშ დოლარი) გამოყოფა ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად. თანხები გადაირიცხება ლიეტუვის სოციალური უზრუნველყოფის და შრომის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით, იტყობინება TV3. თებერვლისთვის დაგეგმილი ხარჯები 304 000 ევროს შეადგენს. მათ შორის, 160,000 ევრო იქნება მიმართული ინსტიტუციური სოციალური დახმარებისთვის, ხოლო 130,000 ევრო გამოიყოფა ერთჯერადი ანგარიშსწორებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში განსახლების მოწყობას, რაც ასევე მოიცავს ბავშვთა განათლების კომპენსაციას. უკრაინის ორმხრივი დახმარება მშპ-ს 1,5%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ლიეტვის წილი უკრაინსადმი, ევროკავშირის ფარგლებში, ქვეყნის მშპ-ს კიდევ 0,5%-ს შეადგენს. ლიეტუვის მთავრობამ უკრაინისთვის უკვე გაიღო დახმარება, რომელიც 1 მილიარდ ევროს აღემატება.
ავტობუსში მოწყობილი სამალავით 535 000 ლარის ოქრო შემოიტანეს, დაკავებულია 1 პირი - საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი, რაზეც დაკავებულია ერთი პირი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის კუთვნილ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის საიუველირო ნაკეთობები. გამოძიების ამ ეტაპზე ავტობუსში აღმოჩენილია და ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, სავარაუდო ღირებულებით 535 000 ლარი. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ავტობუსში სხვა შესაძლო სამალავების აღმოჩენისა და დამატებით კონტრაბანდული ძვირფასეულობის ამოღების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით,“ - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინელებმა დაამარცხეს მტერი, რომელიც ორლივკის შემოგარენში შეიჭრა - სირსკი
უკრაინა იუწყება, რომ მისმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქის პოკროვსკის ოლქის ორლივკის გარეუბანიდან განდევნეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა. სირსკიმ აღნიშნა მე-3 თავდასხმის და 25-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის სამხედროების გამბედაობა, გამძლეობა და გმირობა. „გაბედული და გადამწყვეტი მოქმედებებით მათ დაამარცხეს მტერი, რომელმაც ორლივკის შემოგარენში შეიჭრა,“ - დასძინა გენერალმა. ვითარება ავდიევის მიმართულებით მტერი აგრძელებს აქტიურ შეტევით მოქმედებებს ფრონტის ხაზის მრავალი მიმართულებით. ოკუპანტები შეიჭრნენ ორლივკის გარეუბანში, მაგრამ დამარცხდნენ. მანამდე, მესამე თავდასხმის ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, მაქსიმ ჟორინმა აღნიშნა, რომ მთავარი მიმართულება, სადაც რუსები ზეწოლას ახდენენ, არის დასახლებების ხაზი "ბერდიჩი - ორლივკა". ამავდროულად, 27 თებერვალს გენერალმა ტარნავსკიმ განაცხადა, რომ ავდიივკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს თავდაცვის ხაზის სტაბილიზაცია დონეცკის ოლქის სოფლების ტონენკეს, ორლივკისა და ბერდიჩის რაიონებში. სირსკი: ავდიივკას მაინც დავაბრუნებთ
ბელგიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი იპოვეს
ბელგიის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი ააფეთქა, რომელიც ბელგიის ქალაქ კოქსიჯდის მახლობლად მდებარე სანაპიროზე აღმოაჩინეს. ოპერაცია 28 თებერვალს სამხედრო ბომბსაწინააღმდეგო განყოფილებამ ჩაატარა. პოლიციამ აღნიშნა, რომ ბომბი 100 კილოგრამზე მეტს იწონიდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტები არცთუ იშვიათია. მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის პოვნის შესახებ ცნობები, განსაკუთრებით, გერმანიიდან ვრცელდება ხშირად.