ძებნის რეზულტატი:

შოლცი განმარტავს, რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, თუ რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს. მისი თქმით, Taurus-ის რაკეტა, რომლის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 500 კილომეტრამდეა, არის იარაღი, რომელიც არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება, სამიზნეს „სადღაც მოსკოვში მოხვდეს.“ მანვე განაცხადა, რომ Taurus-ის მიწოდების შემთხვევაში, გერმანია უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს რაკეტების გაშვებაში. "მიმაჩნია, რომ ეს შეუძლებელია," - აღნიშნა შოლცმა. კვირის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგობის მიზეზად გერმანიის ომში ჩართვის რისკი დაასახელა. „ერთი რამ ცხადია, ჩვენ ომის მხარე არ გავხდებით - არც პირდაპირ და არც ირიბად. ეს ორი პრინციპი ჩემს ყველა გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობს. ეს სიცხადე აუცილებელია. მაკვირვებს ის, რომ ზოგიერთ ადამიანზე ეს არც კი მოქმედებს. ისინი არც კი ფიქრობენ იმაზე, შეიძლება თუ არა იმან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ომში ჩართვა გამოიწვიოს,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა.  

სწავლების ხანგრძლივობა ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე - მინისტრის განმარტება

უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულების 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა შექმნან. განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ცვლილების დეტალებზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტის არჩევანი იქნება, დანერგავს 3-წლიან თუ 4-წლიან სამაგისტრო პროგრამას. „შეუძლიათ, ორივე პროგრამა განახორციელონ, ან ერთ-ერთი. შესაძლებლობას ვხსნით, ფანჯარას, კარს, რომ 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა, პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის პროგრამებისთვის იყოს. აქვე ვაანონსებ, რომ ამით არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება," - განაცხადა მან „იმედის“ ეთერში. რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, ამილახვარი განმარტავს, რომ იგეგმება 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამების დანერგვა, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით: „ერთწლიანით არ იქნება შესაძლებელი სადოქტორო საფეხურის გაგრძელება. ესეც დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. აქვე ვიტყვი, რომ ამ 60-კრედიტიან, ანუ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება. თუმცა თუკი აბიტურიენტს გრანტის მოპოვების სურვილი ექნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა. რეალურად ეს არის ძალიან მოქნილი, როგორც ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რადგან უნივერსიტეტებს მივცემთ ორივე პროგრამის განხორციელების უფლებას, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე." გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.  

ბორელის თქმით, დღეს ისტორიული მომენტია ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობებისთვის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებში ისტორიული ეტაპია. „2023 წლის ოქტომბერში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ძალიან მკაფიო გზავნილი გასცა - სომხეთი მზად არის, დაუახლოვდეს ევროკავშირს. საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ უმაღლეს წარმომადგენელს და კომისიას დაავალა, გამოიკვლიონ ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების გაძლიერების გზები „ყველა განზომილებაში“. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ამაზე ვმუშაობდით. წინ მიმავალი გზა ზოგჯერ რთულია. სომხეთის წარსული გადაწყვეტილებები, რომლებსაც შედეგად მოჰყვა პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულება, აგრეთვე, დამოკიდებულება უსაფრთხოების საკითხებში, ერთ ღამეში ვერ გადაილახება. მაგრამ ორივე მხარის მკაფიო პოლიტიკური ნება საშუალებას მოგვცემს, წინ წავიწიოთ ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებასა და გაფართოებაში,“ - განაცხადა ბორელმა. „ევროკავშირი აგრძელებს ყარაბაღელი სომხების მხარდაჭერას. ჩვენ გამოვყავით 12,2 მილიონი ევრო გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და გამოვყოფთ დამატებით 5,5 მილიონ ევროს“, – განაცხადა ბორელმა. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ურყევი ვალდებულება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის უცვლელი რჩება და მზად არიან, მხარი დაუჭირონ მდგრად და გრძელვადიან მშვიდობას. „ჩვენ უარვყოფთ ძალის ნებისმიერ გამოყენებას და მუქარას. ვაგრძელებთ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერას,“ – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. მანვე აღნიშნა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით დიალოგის დაწყების ვარიანტებიც განიხილება. „სომხეთმა ამასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გამოხატა და ჩვენ მოვუწოდეთ მის ხელმძღვანელობას, გააძლიეროს ძალისხმევა შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად. ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიგნალს გაუგზავნის სომხეთის მოქალაქეებს და გახდება შემდგომი რეფორმების ბერკეტი,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. „ჩვენ ვაფართოვებთ დიალოგს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე და ასევე ვიკვლევთ სომხეთის მონაწილეობას ევროკავშირის ხელმძღვანელობით მისიებსა და ოპერაციებში“, - აღნიშნა ბორელმა. სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე  

ბაიდენს სურს, G7-ის ქვეყნებმა რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების გეგმა შეადგინონ - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, 2024 წლის ივნისის სამიტამდე, რუსული სუვერენული აქტივების გამოყენების გეგმებში უკრაინის მხარდასაჭერად მიაღწიონ პროგრესს. ანონიმური წყაროს ცნობით, ბაიდენს სურს, გაყინული აქტივები უკრაინის საბიუჯეტო საჭიროებების დასაფინანსებლად, მოგვიანებით კი უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ჩამორთმეული რუსული სახსრების გამოყენება უკრაინის დახმარების საჭიროებას ვერ ჩაანაცვლებს. აღნიშნული თანხების აბსოლუტური უმრავლესობა ევროპაშია, ძირითადად ბელგიურ სადეპოზიტო Euroclear-ში და ნებისმიერი გარიგება G7-ის ყველა ქვეყნის მხარდაჭერას საჭიროებს. მიუხედავად რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ G7-ის ქვეყნებს შორის უთანხმოებისა, ერთ-ერთი ოფიციალური წყაროს თანახმად, G7-ის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მოსკოვმა უნდა გადაიხადოს მიყენებული ზიანი. ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ სულ უფრო მეტი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ არსებობს გაყინული ქონების ჩამორთმევის კანონიერი გზა. მანამდე, G7-ის ლიდერებმა 24 თებერვალს სამიტის დასასრულს დაადასტურეს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს უმოძრაოდ შეინარჩუნებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულებამდე.  

რუსეთი მის ოლქებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გუშინ ღამით ბელგოროდისა და ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონებში ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ოთხშაბათს ღამით, რუსეთის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში ერთი დრონი ჩამოაგდეს. „საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე გაანადგურეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. სამი უპილოტო საფრენი აპარატი დააკავეს ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ტერიტორიაზე," - აცხადებენ სამინისტროში. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ ცნობები ხშირია.  

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის ეროვნული გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ იქნება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის ეროვნული გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ იქნება. „ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ საქართველო ჩამოყალიბდება უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბად, ვინაიდან წლიდან0წლამდე საერთაშორისო სტუდენტების მოთხოვნა იზრდება. ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, ყველა უნივერსიტეტის რექტორი გვყავს ჩართული ამ პროცესში და ყველა გადაწყვეტილებას ინკლუზიურად ვიღებ. შევჯერდით, რომ იყოს 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა არსებულ 4 წლიანთან ერთად. საზოგადოებას და საუნივერსიტეტო საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს თავად უნივერსიტეტის გადასაწყვეტი იქნება. მას შეუძლია ორივე პროგრამა განახორციელოს, ან ერთ-ერთი, როგორც მოისურვებენ. არ იზღუდება არც ოთხ წლიანი, მაგრამ შესაძლებლობას ვხსნით, რომ 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამაც იყოს. პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის მიმართულების პროგრამებისთვის იქნება, თუმცა აქვე ვაანონსებ, რომ ამით არ გავჩერდებით, ვინაიდან გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, აქაც გვინდა ძალიან მოქნილი, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა შემოვიტანოთ, რასაც ბუნებრივია, თავის გარკვეული შეზღუდვები ექნება. ერთწლიანით არ იქნება შესაძლებელი სადოქტორო საფეხურის გაგრძელება და ა.შ. ესეც ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ახლავე სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. ასევე ექსკლუზიურად, წინასწარ გეტყვით, რომ ამ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ დაინტერესებულ აბიტურიენტს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა,“ - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.  

პოლონეთს 2025 წელს ორბიტაზე თავისი სამხედრო თანამგზავრების გაშვება სურს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სეზარი ტომჩიკმა, 2025 წელს ორბიტაზე პირველი პოლონური სამხედრო თანამგზავრების გაშვების შესახებ პოლონეთის სამხედრო სარდლობის გეგმები გაამჟღავნა. „მომავალ წელს, როგორც თავდაცვის სამინისტროს და პოლონეთის არმიას, გვინდა, რომ ჩვენი პირველი პოლონური თანამგზავრები ორბიტაზე გავუშვათ,“ - განაცხადა ტომჩიკმა ბრიფინგზე. მისი თქმით, პოლონეთი გეგმავს, შეიძინოს სატელიტური სისტემა, რომელიც აღჭურვილია სარადარო და ოპტიკური ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს დედამიწაზე დაკვირვებას ატმოსფერული პირობების მიუხედავად, როგორც უცხოური, ისე შიდა ტექნოლოგიების გამოყენებით. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა იმავე ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ უკრაინის გამოცდილებიდან მიღებული გაკვეთილების საფუძველზე კოსმოსურ ძალებს სხვა დანაყოფებს შორის განავითარებს.  

ჯონსონმა განმარტა, როდის განიხილავს წარმომადგენელთა პალატა უკრაინის დახმარებას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტი ფედერალური მთავრობის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთანავე განიხილება. ჯონსონმა აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატა განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი დაფინანსების შესახებ და დაუბრუნდება ამ საკითხს „როგორც კი მთავრობა მიიღებს დაფინანსებას.“ მანამდე, 29 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, სპიკერმა იწინასწარმეტყველა, რომ პალატა, სავარაუდოდ, არ განიხილავდა უკრაინის დახმარებას ამ კვირაში, მაგრამ სანაცვლოდ იმუშავებდა საზღვრის უსაფრთხოების მოგვარებაზე და ე.წ. შათდაუნის თავიდან აცილებაზე. ამ კვირის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების საკითხი „დროულად“ გადაწყდება. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ აცნობა შეერთებულ შტატებსა და კონგრესს, რომ მას ერთი თვის განმავლობაში სჭირდება მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცება.  

ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.   „საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.   ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს,“ იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.

დაზვერვის გაფრთხილების შემდეგ, შვედეთი წყვეტს რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერას

შვედეთში განაცხადეს, რომ შეუწყვეტენ მხარდაჭერას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ქვეყანაში მას შემდეგ, რაც დაზვერვა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი ეკლესიას სადაზვერვო საქმიანობისთვის იყენებდა. შვედეთის უსაფრთხოების სამსახურს (Sapo) მიაჩნია, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია გამოიყენება რუსეთის სახელმწიფოს მიერ „როგორც პლატფორმა სადაზვერვო მონაცემების შეგროვებისთვის, რომლებიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას.“ შვედეთის სარწმუნოების თემების მხარდაჭერის სააგენტომ განაცხადა, რომ ის ასევე წყვეტს ფინანსურ დახმარებას ეკლესიისთვის, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მოსკოვის საპატრიარქო, რადგან არ შეესაბამება მის „დემოკრატიულ კრიტერიუმებს.“ „შვედეთის უშიშროების სამსახურის შენიშვნებიდან ჩანს, რომ რელიგიური თემის წარმომადგენლებს ჰქონდათ კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ რუსეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებში,“ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. მანვე დასძინა, რომ ეკლესიამ მიიღო მნიშვნელოვანი დაფინანსება რუსული სახელმწიფოსგან და რომ წარმომადგენლები როგორც ჩანს, ხელს უწყობდნენ "უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერას." სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ეკლესია უარყოფს მის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებს. მოსკოვის საპატრიარქო გრანტების მცირე მიმღებთა შორის იყო და 2022 წელს ეკლესიამ შვედეთის სახელმწიფოსგან სულ რაღაც 200,000 კრონა (19,300 აშშ დოლარი) მიიღო.

ოსტინი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, რუსეთან ომი NATO-ს მოუწევს

პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება რუსეთთან ომში, მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწევს ამ უკანასკნელთან ბრძოლა. ამის შესახებ მან 29 თებერვალს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იყოს აცილებული ვითარება მსოფლიოში, „როდესაც ერთ ქვეყანას შეუძლია თავისი მეზობლების საზღვრების შეცვლა და მათთთვის სუვერენული ტერიტორიების უკანონოდ წართმევა.“ „ჩვენ ვიცით, რომ თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ის არ გაჩერდება. სხვა ავტოკრატები შეხედავენ ამას და ისინიც წახალისდებიან იმით, რომ ეს მოხდა და ჩვენ ვერ შევძელით დემოკრატიული სახელმწიფოს მხარდაჭერა.“ - დასძინა ოსტინმა. მოგვიანებით ოსტინმა განმარტა, რომ თუ უკრაინა ბრძოლის ველზე დამარცხდება, უპირველეს ყოვლისა, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ ბალტიისპირეთის ქვეყნები აღმოჩნდნენ. ბრიტანეთის არმიის სარდალმა NATO-სთან ომის შემთხვევაში, რუსეთს სწრაფი მარცხი უწინასწარმეტყველა  

ჰაკერებმა ტაივანის სატელეკომუნიკაციო გიგანტისგან "სენსიტიური" მონაცემები მოიპარეს - სამინისტრო

ჰაკერებმა ტაივანის სატელეკომუნიკაციო გიგანტისგან "სენსიტიური" მონაცემები მოიპარეს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. საუბარია მათ შორის სამხედრო და სამთავრობო დოკუმენტებზე. ციფრული მონაცემების ექსპერტების შეფასებით, ტაივანი კიბერშეტევების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. როგორც France24 წერს, ზოგიერთი ვარაუდით, ტაივანის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოყენებული ტაქტიკა ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯგუფებისთვის არის დამახასიათებელი. „ამ საქმის თავდაპირველი ანალიზი აჩვენებს, რომ ჰაკერებმა მიიღეს სენსიტიური ინფორმაცია, მათ შორის, დოკუმენტები შეიარაღებული ძალებიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სანაპირო დაცვისა და სხვა დანაყოფებიდან,“ - განუცხადა თავდაცვის სამინისტრომ AFP-ს.    

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 63 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ეპიზოდი გახსნეს, რის შედეგადაც 39 წლის მამაკაცი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებული დაზარალებული ქალი სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 1960 წელს დაბადებულ ბრალდებულთან, რომელიც მათ შორის არსებულ სქესობრივ კავშირს მობილური ტელეფონით იღებდა. ამავე პერიოდში, დაზარალებული ბრალდებულს თავისი ინტიმური შინაარსის ფოტოებსაც უგზავნიდა. მას შემდეგ რაც დაზარალებულმა აღარ მოინდომა ურთიერთობის გაგრძელება ბრალდებულთან, ამ უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 წლის თებერვლის თვეში, აპლიკაცია „Whatsapp”-ის გამოყენებით, ზემოაღნიშნული ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა. დაზარალებულის მომართვის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ გაჩხრეკილი იქნა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც, დაკავებული იქნა ბრალდებული. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გახსნილ იქნა პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ეპიზოდი, რის შედეგადაც, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული პირი. ბრალდებულს 2021-2022 წლებში, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულ ქალთან, რა დროსაც ისინი ერთმანეთს სხვადასხვა გზით ეკონტაქტებოდნენ, მათ შორის ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. ვიდეოზარის მიმდინარეობისას, ბრალდებული, ფარულად მობილური ტელეფონით შიშველ დაზარალებულს სურათებს (ე.წ. სქრინები) უღებდა. ბრალდებული, ასევე, მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა, მათი სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. დანაშაულში მხილებულ ორივე ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის თარიღები ცნობილია

რეგისტრაცია 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა ბრიფინგზე ისაუბრა. ნინო წერეთლის თქმით, აუცილებელია რეგისტრაციის მსურველებმა გაითვალისწინონ ამ პროცესისათვის დადგენილი ვადები და პროცედურები, რათა წლევანდელ გამოცდებში მონაწილეობა შეძლონ. რაც შეეხებათ პირების, რომლებიც წელს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლას გეგმავენ, რეგისტრაციის თარიღები ცნობილი მოგვიანებით გახდება. „2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 4 მარტიდან შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge. მანამდე კი (რეგისტრაციის დღეს), როგორც რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოსაცდელები უნდა ეწვიონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge . საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში,” - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აღნიშნავენ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია. ძირითად ეტაპზე - 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. „საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ შეუძლიათ სასურველი რაოდენობის იმ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, რომელზეც მათ მიერ არჩეული საგნები ბარდება. 2024 წლის გამოსაცდელებს ცენტრი სთავაზობს საგანგებოდ მათთვის მომზადებულ ელექტრონულ კრებულებს, რომლებიც თავს უყრის აპლიკანტებისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას,” -აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პრემიერი ჯანდაცვის მინისტრის გადადგომაზე: ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით, რაშიც დავრწმუნდი რესპუბლიკურის მაგალითზე

რატომ დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა, ამ საკითხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მედიასთან განმარტავს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომუნიკაციის მიმართულებით ის პრობლემას ხედავდა, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან მიმართებით. „მქონდა მასთან საუბარი დღეს დილით. ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები არსებობდა. შესაბამისად, გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებდა,“ - განაცხადა კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, თუ ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის პოსტს და აღნიშნავს, რომ მათ შორის საკითხი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან განიხილება. „ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები, როგორც გუნდის წევრებთან, ასევე, დარგის წარმომადგენლებთან. გვექნება ჯანსაღი პროცესი. გუნდის წევრებზე როცა მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია ხომ საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, სადაც არის საჭირო კონსულტაციები, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა არის წარმომადგენელი. ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე,“ - განაცხადა კობახიძემ. პრემიერმა აღნიშნა, რომ სხვა მინისტრების საქმიანობით კმაყოფილია და მინისტრების ცვლილება მოსალოდნელი არ არის. „ყველაფერი არის პროცესი, მაგრამ დღეს მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ ყველა მინისტრის მუშაობით მე პირადად კმაყოფილი ვარ, როგორც გასული წლების განმავლობაში მათ მიერ გაწეული საქმიანობით,“ - აღნიშნა პრემიერმა.  

ყაზახურმა და ჩინურმა კომპანიებმა შუა დერეფნის გავლით მეტი საკონტეინერო მატარებლის გატარებაზე შეთანხმება გააფორმეს

ყაზახურმა KTZ Express JSC-მა და ჩინურმა Yuxinou Logistics Co., Ltd-მა, ყაზახეთის გავლით 200 საკონტეინერო მატარებლის გაგზავნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მათ შორის, საუბარია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ (TITR, შუა დერეფანი) უფრო მეტი ტვირთის (20,000 TEU) გადაზიდვაზე. ინფორმაციას აერბაიჯანული მედია ავრცელებს. ყაზახეთის KTZ Express-მა ამ თვეში სამი საკონტეინერო მატარებელი გაგზავნა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR).  ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში  

Bloomberg: ბრიტანეთი ზეწოლას ახდენს გერმანიაზე, რათა ბერლინმა უკრაინას Taurus-ი გაუგზავნოს

დიდი ბრიტანეთი აიძულებს გერმანიას, Taurus-ის რაკეტები უკრაინაში გაგზავნოს ოლაფ შოლცმა უარი თქვა კიევში უფრო ძლიერი რაკეტების გაგზავნაზე კანცლერმა განაცხადა, რომ არ სურს დაძაბულობის ესკალაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოუწოდებს გერმანიას, მიაწოდოს შორი მანძილის (Taurus) რაკეტები. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. „ბრიტანეთის მაღალჩინოსნებმა და ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განუცხადეს გერმანიას, რომ უკრაინას სჭირდება Taurus-ის რაკეტები,” - წერს გამოცემა. გერმანიამ უნდა შეწყვიტოს უარის გამართლება,“ განაცხადა ერთმა ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა. შოლცი განმარტავს, რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ს. ამასთან, როგორც Bloomberg-ი წერს, გერმანიის კანცლერის სიტყვებს, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის გადაცემულ შორი მანძილის რაკეტებს მართავენ, პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. „შოლცის კომენტარები არასწორია, უპასუხისმგებლო და მოკავშირეებისთვის სახეში სილის გაწვნაა,“ - აღნიშნა თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალისია კერნსმა. შოლცმა Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გადაცემაზე უარი იმით გაამართლა, რომ მათი ოპერირება გერმანელ სამხედროებს მოუწევდათ, რაც, კანცლერის აზრით, ქვეყანას კონფლიქტის აქტიურ მონაწილედ აქცევდა. მის სიტყვებს, უკრაინის შეიარაღებაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოფიციალური გამოხმაურება საფრანგეთისგან არ მოჰყოლია. თუმცა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის პარტიის წარმომადგენელმა, პარლამენტარმა ბენჟამინ ჰადადმა X-ზე დაწერა, რომ შოლცის სიტყვებმა ლონდონთან "დიპლომატიური კრიზისი" გამოიწვია და ბერლინი "ძალიან იზოლირებულია." გასულ თვეებში დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კიევს უკვე მიაწოდა SCALP/Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები, რომლებსაც უკრაინელები ეფექტიანად იყენებდნენ.  

უკრაინა რუსული სადაზვერვო სისტემის განადგურების შესახებ იუწყება

ხარკოვის მიმართულებით უკრაინელმა მესაზღვრეებმა რუსული Murom-P-ის ტიპის სათვალთვალო სისტემას დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის პრესსამსახური იუწყება. როგორც Ukrinform იტყობინება, მესაზღვრეებმა რამდენიმე დღის წინ იმავე ოპერატიულ ტერიტორიაზე მე-13 ასეთი სისტემა გაანადგურეს.  

კობახიძის თქმით, გამაოგნებელია პრეზიდენტის განცხადება საპატრიარქოსთან დაკავშირებით

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, გამაოგნებელია პრეზიდენტის განცხადება საპატრიარქოსთან დაკავშირებით. „კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოსთან დაკავშირებით გააკეთა - ასეთი განცხადებები გამაოგნებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი განცხადებებით საკუთარ იმიჯს აზიანებს. ამ თემაზე მეტი კომენტარის გაკეთება არ მინდა,“ - აღნიშნა კობახიძემ. კითხვას, ელის თუ არა პრეზიდენტისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, კობახიძემ უპასუხა, რომ „სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს.“ „სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იმდენი უხეში ქმედება განახორციელა, რომ ყველაფერი შეიძლება გააკეთოს“, - განაცხადა პრემიერმა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ეკლესია გაყვება პროდასავლურ რიტორიკას. „ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს. ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის,” - განაცხადა ზურაბიშვილმა Chatham House-ში.  

Bloomberg: ბაიდენმა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, მსოფლიო წესრიგი მომდევნო 50-წლის განმავლობაში შეიცვლება

Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, 2024 წლის ივნისის სამიტამდე, რუსული სუვერენული აქტივების გამოყენების გეგმებში უკრაინის მხარდასაჭერად მიაღწიონ პროგრესს. როგორც გამოცემა წერს, G7-ის ოფიციალური პირები 280 მილიარდი დოლარის რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გამოყენების ვარიანტებს განიხილავდნენ. ინფორმირებული წყაროს თქმით, ეს დებატები მოჰყვა იმ ფაქტს, როდესაც ბაიდენმა ასევე პირადად განუცხადა მოკავშირეებს, რომ თუ უკრაინა დაეცა, მას სჯერა, რომ საერთაშორისო წესრიგი მომდევნო ხუთი ათწლეულის განმავლობაში შეიცვლება. ბაიდენს სურს, G7-ის ქვეყნებმა რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების გეგმა შეადგინონ - Bloomberg ანონიმური წყაროს ცნობით, ბაიდენს სურს, გაყინული აქტივები უკრაინის საბიუჯეტო საჭიროებების დასაფინანსებლად, მოგვიანებით კი, უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ჩამორთმეული რუსული სახსრების გამოყენება უკრაინის დახმარების საჭიროებას ვერ ჩაანაცვლებს.