ძებნის რეზულტატი:
სენატის კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი ფაქტი, რომელიც საქართველოს მიერ სანქციების დარღვევას დაადასტურებდა - შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან არიდების საკითხებზე მსჯელობისას დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა რეალურ მონაცემებს არ ასახავს. უწყების განცხადებით, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევას დაადასტურებდა. „მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან არიდების საკითხებზე მსჯელობისას, სენატორების, რონ ჯონსონისა და რიჩარდ ბლუმენთალის, ასევე სხდომაზე მოწვეული ექსპერტების მიერ, გაკეთებული განცხადებების მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, შემდეგს: კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მონაცემებს. გარდა ამისა, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე მიმართა ამერიკელ კოლეგებს და მოთხოვნილია განმარტება თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება. კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის. შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით. ამ ეტაპისთვის, არ არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი არცერთი შემთხვევა. კოლეგების მხრიდან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6599 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6606 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8839 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8780 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე
განახლება: სომხურმა მედიამ სიახლის შინაარსი შემდეგი ფორმულირებით შეცვალა: „სომხეთი მზადაა ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის.“ რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, მისი თქმით, სომხეთმა უნდა იფიქროს ევროკავშირში წევრობის კანდიდატი გახდეს. სომხეთის ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს. განაცხადა რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა. მზად არის თუ არა სომხეთი, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, რათა გახდეს წევრობის კანდიდატი, სიმონიანმა უპასუხა: „ჩვენ მზად ვართ. ჩვენ კი იმ მიმართულებით წავალთ, რომელიც უდიდეს უსაფრთხოებას მოგვიტანს.“ კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სომხეთი ცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ასეთ საკითხებში აჩქარება არ არის საჭირო. „ჩვენი ქმედებები აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს დემოკრატიის უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე ბევრ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, რომლებიც უკვე არიან ევროკავშირის წევრები. ჩვენ არ ვამბობთ ამას, ამას ჩვენი ევროკავშირის პარტნიორები ამბობენ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ. მაგრამ არ მინდა ვიჩქარო. სახელმწიფოს შემთხვევაში არ არის კარგი, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა,“ - დაასკვნა სიმონიანმა. სიმონიანმა უკმაყოფილება გამოხატა სომხეთის მოკავშირის მიმართ, ისაუბრა CSTO-ზე და უსაფრთხოების უფუნქციო სისტემაზე. თავის მხრივ, ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა მოუწოდა ევროკავშირს შეიმუშაოს ეტაპობრივი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთთან დაახლოებას, მათ შორის, რესპუბლიკისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. „გაერთიანების ამოცანაა, ადეკვატური პასუხი გასცეს სომხეთისა და მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს,“ - აღნიშნა მან. განახლება: სომხურმა მედიამ სიახლის შინაარსი შემდეგი ფორმულირებით შეცვალა: „სომხეთი მზადაა ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის.“
რუსეთის პროპაგანდისტული ოპერაციები - რა წერია DFRLab-ის ანგარიშში საქართველოზე
დღეს, 29 თებერვალს ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) გამოაქვეყნა კვლევა „უკრაინისთვის ძირის გამოთხრა: როგორ გააფართოვა რუსეთმა გლობალური საინფორმაციო ოპერაციები 2023 წელს“. DFRLab-ის კვლევა რეგიონების მიხედვით ასახავს რუსეთის პროპაგანდისტულ ოპერაციებს მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა. საკვლევ რეგიონებს შორის სამხრეთ კავკასია და საქართველოც მოხვდა. „DFRLab-ის მკვლევრების აზრით, მიზანმიმართული შეტყობინებების ტაქტიკას სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში, როგორც ჩანს, ჰქონდა ორმაგი მიზანი: უკრაინის მხარდაჭერის შერყევა, საზოგადოებების შიგნიდან გაყოფა და შიდა გავლენის მოპოვება. მაგალითად, პრორუსმა აქტორებმა გამოიყენეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიმართ არსებული კრიტიკა […] კრემლის ოფიციალურმა პირებმა, პროპაგანდისტებმა და Telegram-ის „ინფლუენსერებმა“ გააძლიერეს ანტისამთავრობო განწყობები და მოითხოვეს ფაშინიანისა და მისი მთავრობის დამხობა. აზერბაიჯანში კრემლმა გამოიყენა რუსულენოვანი გავლენა აკადემიის, გაცვლითი კურსებისა და უნივერსიტეტების მეშვეობით […]. საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მთავრობამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააფართოვა ურთიერთობა რუსეთთან, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური“, – ვკითხულობთ ანგარიშში. კვლევის მიხედვით, 2023 წელს რუსეთმა განაგრძო საინფორმაციო ოპერაციების გაფართოება ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში. კრემლმა სტრატეგიულად გამოიყენა ამ ტერიტორიებზე არსებული უთანხმოებები და მოვლენები, რათა შეესუსტებინა უკრაინა და გაეძლიერებინა რუსეთის გავლენა. რუსეთმა გამოიყენა სხვადასხვა ტაქტიკა სამიზნე ქვეყნის სპეციფიკურ სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტზე დაყრდნობით. „ჩვენ დავაკვირდით კიდევ ერთ საერთო ხაზს: ომის ხაზი სხვადასხვა ფორმას იძენდა, თუმცა საბოლოოდ ის აგებული იყო სამიზნე ქვეყნებში ომის შიშის გაძლიერებაზე. პოლონეთსა და უკრაინაში რუსეთი ცდილობდა უთანხმოების დათესვას ორი ქვეყნის პარტნიორობაში იმ დეზინფორმაციის გავრცელებით, რომ პოლონეთს აქვს მტრული ზრახვები უკრაინის მიმართ. მოლდოვაში რუსული პროპაგანდა მიანიშნებდა, რომ მოლდოვისა და უკრაინის ძალები გეგმავდნენ ჩარევას მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში. ანალოგიურად, 2022 წლიდან საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ომის შიში გამოიყენა უკრაინის ადგილობრივი მხარდაჭერის შესამცირებლად და თავისი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის გასაძლიერებლად“, – წერია ანგარიშში. DFRLab-მა ერთმანეთის მსგავსი ტენდენცია შეინიშნა საქართველოსა და სომხეთში. მაგალითად, მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, სომხეთმა გააფართოვა სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. „საქართველოში 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირდაპირი ფრენების აკრძალვა მოიხსნა და ვაჭრობა გაიზარდა, განსაკუთრებით გაიზარდა ნავთობისა და გაზის იმპორტი. ორივე ქვეყანაში პროპაგანდისტული კამპანიები ცდილობდნენ თავიანთი მოსახლეობის მანიპულირებას, პარალელების გავლებით უკრაინაში არსებულ ვითარებასთან, წარმოაჩენდნენ მის გზას, როგორც ომისკენ მიმავალ გზას. საქართველოში სამთავრობო პროპაგანდა უფრო შორს წავიდა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) რევოლუციის მოწყობაში დაადანაშაულა, ეს ხაზი გავრცელებულია აზერბაიჯანშიც“, – ვკითხულობთ კვლევაში. შემთხვევის შესწავლა: საქართველო ანგარიშში სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ერთ-ერთი ქვეთავი საქართველოსაც ეხება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველომ გაზარდა ვაჭრობა რუსეთთან და ამავდროულად შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. მთელი იმ წლის განმავლობაში, რუსული პროდუქტები შეადგენდა ქვეყანაში ნავთობისა და გაზის სექტორის მზარდ ნაწილს, რამაც ეკონომიკასთან დაკავშირებული ნარატივების გაძლიერებას შეუწყო ხელი. როდესაც ქვეყანა 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაამძაფრა რიტორიკა, გააძლიერა ანტიდასავლური შეთქმულების თეორიები ქვეყანაში უცხოეთის მიერ მოწოდებული გადატრიალების მცდელობების შესახებ. ომის დაწყების შემდეგ მმართველმა პარტიამ გააძლიერა ანტიდასავლური რიტორიკა და შეეცადა მიეღო საკამათო კანონპროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას. 2023 წლის მაისში რუსეთმა გააუქმა ქართული ავიაკომპანიის ფრენების აკრძალვა და სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ რუსეთში ფრენების აღდგენის შესახებ ევროკავშირისა და უკრაინის მხრიდან გამოიწვია კრიტიკა, ასევე გამოიწვია საპროტესტო აქციები საქართველოში. იმავე თვეში თბილისის მერიამ სანქცირებული რუსული კომპანია „კამაზისგან“ ოთხი მილიონ ლარზე მეტი (დაახლოებით 1,100,000 აშშ დოლარი) ღირებულების სატვირთო მანქანები შეიძინა. 24 მაისს კატარის ეკონომიკური კონფერენციის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება, თუ ქვეყანა რუსეთს ფართო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკვე უწესებდა უფრო ვიწრო ფინანსურ სანქციებს რუსეთს. 2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე. სიაში ასევე მოხვდა ოთარ ფარცხალაძე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ახლო წრეშია. ფარცხალაძეს სანქციები რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) თანამშრომელ ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად დაეკისრა. სანქციების შესახებ განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ „ონიშჩენკომ და „ეფესბემ“ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“. მოგვიანებით, იმავე შემოდგომაზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ჯგუფები საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ „გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“ და „2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარი“. მომდევნო განცხადებაში, სუსმა დაადანაშაულა USAID იმ პროგრამის დაფინანსებაში, რომელმაც სერბი ტრენერები საქართველოში ჩამოიყვანა, რათა ადგილობრივი აქტივისტებისთვის ესწავლებინათ ძალადობრივი ტაქტიკა ქვეყნის ხელისუფლების ჩამოშლისთვის. მოგვიანებით რუსულმა და აზერბაიჯანულმა პროსამთავრობო გამოცემებმა გამოიყენეს ეს ბრალდებები შეთქმულებების გასავრცელებლად, რომლითაც აშშ-ს ადანაშაულებენ საზღვარგარეთ რევოლუციების მოწყობაში. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა უკრაინა 2022 წლის საინფორმაციო ომში გამარჯვებულად გამოაცხადა, ეს არასოდეს ყოფილა ასე მარტივი, განსაკუთრებით გლობალურ კონტექსტში; მას დასრულებამდე ბევრი უკლია. DFRLab-ის ანალიზით, კრემლი და მისი მხარდამჭერები კვლავ ცდილობენ, შეარყიონ უკრაინის გლობალური პოზიცია, თამაშობენ გრძელვადიან თამაშს ქვეყნების დეზინფორმაციის სამიზნეში ამოღებით, რომლის მიზანიც უკრაინისთვის მოკავშირეების შემცირებაა. რუსეთის ოპერაციების მასშტაბის გათვალისწინებით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობებმა მთელ მსოფლიოში – განსაკუთრებით მათ, ვინც მხარს უჭერს დემოკრატიულ ღირებულებებს – უნდა განიხილონ უკრაინის გარშემო მათი გადაწყვეტილებების პოტენციური გავლენა, როგორც საბოლოო ჯამში გლობალური საკითხი. „უკრაინისთვის გაწეული მეტი დახმარება გააძლიერებს გლობალურ დემოკრატიას, ხოლო მისი შემცირება ძირს გამოუთხრის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად დემოკრატიას“. წყარო
რომელი ქვეყნები არ გამორიცხავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას
ესტონეთის პრემიერის თქმით, დახურულ კარს მიღმა უნდა განიხილებოდეს ყველა ვარიანტი, რისი გაკეთებაც მოკავშირეებს შეუძლიათ. მან მაკრონის სიტყვებს დროული უწოდა. კაია კალასმა განაცხადა, რომ ქვეყანა განიხილავს „ყველა შესაძლებლობას“, გამონაკლისის გარეშე, რათა დაეხმაროს უკრაინას პუტინის დამარცხებაში. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი ქვეყნები მიხვდნენ, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა რუსეთმა ეს ომი ვერ მოიგოს, რადგან შემდეგ საქმე გვექნება უფრო მძიმე შედეგებთან," – აღნიშნა კალასმა. მისივე შეფასებით, მაკრონის ინიციატივა რუსეთისთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ დასავლეთი არ გამორიცხავს შესაძლებლობებს, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი. „ლიეტუვის ოფიციალური პირები განიხილავენ სამხედროების გაგზავნას უკრაინაში წვრთნების ჩატარების მიზნით,“ განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა კესტუტის ბუდრისმა და აღნიშნა, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალის სახით მხარდაჭერა რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. „ჩვენ ვსაუბრობთ ამ შესაძლებლობაზე და ამას ვაკეთებთ სრულიად ღიად. ბევრი ნიუანსია იმის თაობაზე, თუ როგორ და რა პირობებში შეიძლება, ეს მოხდეს,“ - განაცხადა ბუდრისმა. ნიდერლანდები ასევე შეუძლებლად არ მიიჩნევს ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნას, „მაგრამ ამის დრო ჯერ არ არის,“ - განაცხადა თავდაცვის ხელმძღვანელმა, გენერალმა ონნო ეიხელშეიმმა. „ვფიქრობ, ყველა ვარიანტი ღია უნდა დარჩეს,“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. დიდი ბრიტანეთი არ გეგმავს უკრაინაში ჯარების ფართომასშტაბიან განლაგებას, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მაგრამ ბრიტანეთის ჯარების მცირე რაოდენობა უკვე ქვეყანაში იმყოფება. „გარდა იმ მცირე რაოდენობის პერსონალისა, რომელიც ქვეყანაში გვყავს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ჩვენ არ გვაქვს გეგმები ფართომასშტაბიანი განლაგების შესახებ,“ - განაცხადეს სუნაკის ოფისში. კანადა მზადაა, გაგზავნოს შეზღუდული რაოდენობის სამხედრო პერსონალი უკრაინის შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე მოსამზადებლად, იმ პირობით, რომ სამხედრო პერსონალი ფრონტის ხაზის მოშორებით განთავსდება, განაცხადა თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა. მისივე თქმით, კანადელ ჯარისკაცებს უკვე აქვთ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გამოცდილება. წვრთნები 2015 წელს დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნა სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე განხორციელდა. კანადის მონაწილეობა ოპერაციაში - Unifier 2022 წლის მარტის შუა რიცხვებში დასრულდა. შეგახსენებთ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ მაკრონის განცხადების შემდეგ, France Inter-ის ეთერში განმარტა, რომ მისი ქვეყანა არ გაგზავნის თავის ჯარს უკრაინაში საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობის მისაღებად. თავის მხრივ, მაკრონმა განმარტა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “გაზომილი და გააზრებული” იყო. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გააზრებული და გაზომილი,” - განაცხადა მაკრონმა. როგორც ცნობილია, NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა.
სტანო: პუტინი ერს ატყუებს, ერი რკინის მუშტისა და სტალინის სტილის რეპრესიების ქვეშ ცხოვრობს
ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი საკუთარი ერის მოტყუებას აგრძელებს „ეს გამოსვლა რუსეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში უნდა იყოა განხილული. ეს ხელახლა არჩევისთვის პუტინის ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს,“ - განაცხადა პიტერ სტანომ. როგორც სტანომ აღნიშნა, პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებით მუქარა სრულიად მიუღებელი და შეუსაბამოა. „ეს სიცრუის გავრცელების კიდევ ერთი შესაძლებლობაა. იგი საკუთარი ერის მოტყუებასა და საზღვარგარეთ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აგრძელებს. პუტინი ერს ატყუებს, ერი რკინის მუშტისა და სტალინის სტილის რეპრესიების ქვეშ ცხოვრობს, არმია კატასტროფულ მდგომარეობაშია, ეკონომიკა იშლება, ქვეყნის მიმართ ნდობა მთლიანად განადგურებულია და მის მიერ უკრაინის განადგურების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა,“ - აღნიშნა სტანომ.
ტუსკი: რუსულ სურსათზე ემბარგოს არ გამოვრიცხავ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში ლატვიის პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსულ სურსათზე ემბარგოს არ გამორიცხავს. მისი თქმით, პოლონეთი ყურადღებით შეისწავლის და განიხილავს ლატვიის მაგალითს, რომელმაც რუსული სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტი აკრძალა. „პოლონეთსა და ევროკავშირში სურსათისა და მარცვლეულის სიჭარბის გამო არათანაბარი კონკურენციის პრობლემა არა მხოლოდ უკრაინიდან იმპორტირებული სურსათისა და მარცვლეულის კუთხითაა. ცოტა ადამიანი ხვდება, რომ ბაზრების დესტაბილიზაცია რუსული და ბელარუსული პროდუქტებით ხდება,” - განაცხადა ტუსკმა. მისი თქმით, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ევროკავშირის ინსტიტუტების დასარწმუნებლად, რომ სერიოზულად განიხილონ უკეთესი და უფრო უსაფრთხო რეგულაციები “აღმოსავლეთ მიმართულებიდან” იმპორტირებულ მარცვლეულსა და სურსათზე. “გვინდა, უკრაინას დავეხმაროთ - ამ მხრივ ჩვენს შორის სხვაობა არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ფერმერების დაცვა გვსურს. ლატვიას იგივე პრობლემა აქვს, მაგრამ ცოტა სხვა მასშტაბით,” - განაცხადა ტუსკმა.
სწავლების ხანგრძლივობა, რამდენიმე მიმართულებით, ბაკალავრიატზე 3 წლამდე, მაგისტრატურაზე კი - 1 წლამდე მცირდება
ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება. როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ბაკალავრიატის მიმართულებით, ცვლილებები იქნება ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურაში კი, ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში. ბრანებაში ვკითხულობთ: მუხლი 3. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დაშვების წინაპირობა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვის. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა და არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში. ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესს და პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობამ მოიმატა - გარემოს სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობამ მოიმატა. უწყების ვარაუდით, ეს შესაძლებელია, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით იყოს გამოწვეული. სააგენტოში აცხედებენ, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. უწყების ინფორმაციითვე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.
უკრაინა: დადგენილია ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი 511 პირი, 81 გასამართლებულია
რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი 511 პირის ვინაობა დაადგინა. მათგან, 81 უკვე გაასამართლეს. უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის ინფორმაციით, დისკუსიები მიმდინარეობს 40-ზე მეტ ქვეყანასთან ომის დანაშაულების ტრიბუნალის შექმნის შესაძლებლობაზე. როგორც ცნობილია, სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის ხუთი ქვეყნის ინიციატივით, ომის დანაშაულების გამოძიებისთვისაა შექმნილი. პროკურორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის ორი წლით გახანგრძლივებას.
მამუკა მდინარაძე: მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაიცავს
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს,“ ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, კანონპროექტი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. „კანონპროეტქში სრულად იქნება დაცული კონსტიტუციის მეორე მუხლის თავით გათვალისწინებუბული ნორმები.“ მდინარაძის განმარტებით, „არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც ჩვენი პასუხისმგებლობაა.“ „წარმოებს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი. მთელ რიგ სახელმწიფოებში დაკანონდა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციებიც.“ „აქტიურად გამოიყენება ამ იდეოლოგიის გასავრცელებლად მსხვილი კომპანიები, მედიასაშუალებები, კინოინდუსტრია და ა.შ. მათ შორის ამის მაგალითები საქართველოშიც გვქონდა გახსოვთ ანიმაციურ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, თუ სხვა მიმართულებით. ამ პროპაგანდას არავითარი კავშირი არა აქვს ადამიანის უფლებების დაცვასთან. მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ცხოვრების არატრადიციულ წესს. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია კი სერიოზული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის, რასაც საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები,“ განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში „საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები მაღალ დონეზე, განურჩევლად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესისა.“ ამის მაგალითად მამუკა მდინარაძემ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება მოიყვანა. მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებები გაიხსენა. „2017 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შევზღუდეთ და საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ ქორწინება, ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამის მიუხედავად, შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას. ჩვენ უკვე გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც უცხოელების მხრიდან ადგილი ქონდა ტერმინოლოგია „ქალისა და მამაკაცის და გენდერული თანასწორობის“ შემოღების მოთხოვნას და ჩვენ ამის უარსაყოფად საკმაოდ სერიოზული ბრძოლის გადატანა მოგვიხდა (ამის ჩაწერა ნიშნავდა, რომ მდედრობითისა და მამრობითის გარდა, სხვა სქესიც უნდა გვეღიარებინა) დღეს მსოფლიოში ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი და ა.შ. ითხოვენ ე.წ. „გენდერულად ნეიტრალური“ ტერმინოლოგიის დანერგვას, როგორიცაა მშობელი 1 და მშობელი 2 და ა.შ. ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება მაგალითად პასპორტიდან სქესის შესახებ ჩანაწერის ამოღება. ისინი საქართველოში ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ მაშინ, როდესაც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ამას, სრულიად სამართლიანად, პროპაგანდად აღიქვამს და ე.წ. „პრაიდის“ ჩატარების წინააღმდეგია. მეტიც, ამგვარი აგრესიული პროპაგანდა პირიქით, უარყოფითად მოქმედებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვაზე,“განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პუტინია - ევროპარლამენტის რეზოლუცია
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პუტინის რეჟიმია პასუხისმგებელი. რეზოლუციაში ევროპელმა დეპუტატებმა კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის პატიმრობაში გარდაცვალებას მკვლელობა უწოდეს და განაცხადეს, რომ ამაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებენ რუსეთის რეჟიმს და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, გააგრძელონ რუსეთის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა. ევროპარლამენტმა ასევე დაამტკიცა ცალკე რეზოლუცია, რომლითაც ითხოვენ, უკრაინას მიეცეს ყველა საჭირო იარაღი და მხარი დაუჭიროს მას გამარჯვებამდე. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.
ტაკერ კარლსონი დენაციფიკაციის ნარატივზე: ყველაზე სულელური რამაა, რაც კი ოდესმე მსმენია
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არგუმენტებმა, რომლითაც მან ამერიკელ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში უკრაინასთან ომი გაამართლა, თავად ჟურნალისტის გაკვირვება გამოიწვია. „მეგონა, რომ ეს იყო ყველაზე სულელური რამ, რაც კი ოდესმე მომისმენია. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ეს. დენაციფიკაცია? <…> მე ვუსმენდი ამას და ვფიქრობდი: "ეს არის ყველაზე სულელური და არადამაჯერებელი არგუმენტი. მე ვიჯექი და ვუსმენდი მის ლაპარაკს ნაცისტებზე რვა წუთის განმავლობაში,“ - აღნიშნა კარლსონმა ლექს ფრიდმანის პოდკასტში. „ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რამდენად შორს არის პუტინი რეალობისგან“ - BBC რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუზე კარლსონის თქმით, თავად პუტინს სჯერა, რომ უკრაინას „ნაცისტები“ მართავენ, მაგრამ ამაზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია. ”მე მძულს ყველა ეს დისკუსია, რადგან ის არ არის რეალური. ეს უბრალოდ გზაა ვინმეს ასოცირების ბოროტ რეჟიმთან, რომელიც აღარ არსებობს,“ - აღნიშნა მან. კარსლსონმა არ გამორიცხა, რომ პუტინი ზოგადად ნაციონალისტურ მოძრაობებს გულისხმობდა, რადგან თავად მას ეშინია მათი, რუსეთის ხალხების მრავალფეროვნების გამო. ამავდროულად, ჟურნალისტი დაეთანხმა ფრიდმანს, რომელმაც განაცხადა, რომ ნეონაცისტები უკრაინაში შეადგენენ მოსახლეობის „მცირე პროცენტს“ და „არ აქვთ ძალაუფლება“, ან გავლენა პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობაზე. მთლიანობაში, ინტერვიუს შემდეგ კარლსონს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პუტინი პიარში მაინცდამაინც ძლიერი არ არის. „რადგან „არ იცის, როგორ მოყვეს საკუთარი ამბავი.“ მან გაიხსენა, რომ პუტინი 24 წელია, მართავს ქვეყანას, რასაც აქვს უარყოფითი მხარეები. „ერთი არის ის, რომ შენ გახდი უცნაური და ავტოკრატი, რის გამოც, ჩვენ გვაქვს ვადის ლიმიტები. "ძალიან ცოტა მეფე არ გიჟდება სიბერეში," - დაასკვნა კარლსონმა. ცნობისთვის, ტერმინი დენაციფიკაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა: ის გულისხმობს ნაციზმის (ფაშიზმის) აღმოფხვრას.
უკრაინამ საკუთარ ოჯახებს კიდევ ხუთი ბავშვი დაუბრუნა
4-დან 16 წლამდე ხუთი ბავშვი, მათ შორის, ერთი ობოლი, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს. ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა. „დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ ორი გოგო და სამი ბიჭი წაიყვანეს. ერთ-ერთი ბავშვი, ობოლია. ბავშვები 4-დან 16 წლამდე არიან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპირო ნაწილი, მათ შორის, ქალაქი ხერსონი. მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე მდებარე რეგიონის ნაწილი დროებით ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ. ოფიციალური მონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია.
ანდრია ჯაღმაიძე: ბევრ კითხვას ბადებს ქალბატონი პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ანდრია ჯაღმაძის განცხადებით, სამწუხაროა პრეზიდენტისგან ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა. „ბევრ კითხვას ბადებს ქალბატონი პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით. პირველ რიგში, პრზიდენტისთვის, მით უმეტეს რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი, სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა. გაუგებარია, რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისევე, როგორც ეკლესიის მხრიდან "პროდასავლური რიტორიკის მიყოლის" შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია "ახლოსაა ძალასთან"? სამწუხაროა ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდან და ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი, ჩრდილს აყენებს და აკნინებს, არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს,” - წერს ანდრია ჯაღმაძე სოციალურ ქსელში. ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ეკლესია გაყვება პროდასავლურ რიტორიკას. „ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს. ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის,” - განაცხადა ზურაბიშვილმა Chatham House-ში.
დანიამ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის დამატებით, $1,4 მილიონს გამოყოფს
დანია უკრაინის აღდგენის საქმეში დანი-უკრაინის მუნიციპალური თანამშრომლობის მხარდასაჭერად, დამატებით 10 მილიონ დანიურ კრონს (დაახლოებით 1,4 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. კერძოდ, დაფინანსება უკრაინის აღდგენისა და დანიისა და უკრაინის მუნიციპალური თანამშრომლობის გაძლიერებას მოხმარდება. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაფინანსება ორჰუსისა და კოპენჰაგენის მუნიციპალიტეტებსა და უკრაინის ქალაქებს - ლვოვს, კიევსა და მიკოლაივს შორის თანამშრომლობის დაფინანსებას მოხმარდება. დანიამ 2023 წელს, მიკოლაივის ოლქის რეკონსტრუქციისთსვის 100 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო.
საფრანგეთი უკრაინისთვის 100 დრონს შეუკვეთავს
საფრანგეთი Delair-ს 100 დრონს შეუკვეთავს, რომელიც უკრაინაში ამ ზაფხულს ჩავა, - ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ სოციალურ ქსელ X-ში წერს. მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო, მთლიანობაში, 2 000 დრონს შეუკვეთს. „საერთო ჯამში, 2 000 დისტანციურად მართვად საბრძოლო მასალას შევუკვეთთ ჩვენი ჯარების და უკრაინის საჭიროებისთვის“, - აცხადებს ლეკორნუ.
იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
იაპონიის მთავრობამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და მასში 12 ფიზიკური პირი და 36 ორგანიზაცია დაამატა, - ინფორმაციას რუსული მედია იაპონიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. იაპონიის მიერ დაწესებული პერსონალური სანქციები აქტივების აღმოჩენის შემთხვევაში მათ გაყინვას ითვალისწინებს . სანქციების სიაში მოხვდნენ : ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „ატომფლოტი“, დუბნის მანქანათმშენებელი ქარხანა, სს "სახელმწიფო ტრანსპორტის სალიზინგო კომპანია", „ტინკოფ ბანკი“ და სხვა. სანქციების დაწესება ითვალისწინებს ტრანზაქციების აკრძალვას და ანგარიშების აღმოჩენის შემთხვევაში მათ გაყინვას. გარდა ამისა, ახალი სანქციების პაკეტის ფარგლებში, წესდება რუსეთიდან ექსპორტის შეზღუდვები 29 ორგანიზაციისთვის.
რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს და შესაძლოა, არჩევნებზე მოახდინოს გავლენა - მოლდოვა
რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს და შეიძლება არჩევნებზე მოახდინოს გავლენა. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპშოიმ რუმინულ გამოცემა Digi24-თან ინტერვიუში განაცხადა. პოპშოიმ აღნიშნა, რომ 2024 წელს რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმამდე. “რა თქმა უნდა, მოლდოვა რუსეთის სამიზნეში რჩება საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტშიც, და ევროპული ინტეგრაციის რეფერენდუმის კონტექსტშიც. უკვე გარკვეული დროა ვაკვირდებით ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს, ნარატივების გავრცელების მცდელობებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებსა და მოლდოვის მოქალაქეების ინტერესებს,” - განაცხადა პოპშოიმ. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ინსტიტუტები მზად არიან წინააღმდეგობა გაუწიონ ნებისმიერ გამოწვევებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში რუსეთის მხრიდან შესაძლოა გაჩნდეს. “მოლდოვა, სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად საზოგადოება ყოველდღიურად უფრო გამძლენი ხდებიან“, - განაცხადა მან.
ლავროვი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თურქეთში ჩავიდა, სადაც ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ღონისძიების ფარგლებში ლავროვი მოლაპარაკებებს გამართავს თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან. მისი თქმით, მხარეები სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ და ორმხრივი კონტაქტების განრიგს განიხილავენ. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სერგეი ლავროვის სხვა ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვთან და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯინბეკ კულუბაევთან. მანამდე, ეროდოღანმა კიდევ ერთხელ შესთავაზა მოსკოვს და კიევს, რომ მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას შესთავაზებს. რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. ცივილიზებული სამყარო რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დამნაშვედ მიიჩნევს.