ძებნის რეზულტატი:

მელონი აშშ-ს ბაიდენთან მოლაპარაკებებისთვის ეწვევა

პარასკევს ვაშინგტონში იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნების ლიდერებს შორის მოლაპარაკებებში, რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის დახმარების საკითხი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი იქნება. მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, უკრაინასთან უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის კომენტირებისას, ხაზი გაუსვა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების აუცილებლობას. აშშ-ის დახმარების გაგრძელების საკითხი კი, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან კოგრესში დავის ფონზე, პაკეტის განხილვა რამდენიმე ჩავარდნის შემდეგ ჭიანურდება.  

ბულგარეთმა რუსულ ნავთობზე უარი თქვა

ბულგარეთში დღეიდან რუსული ნავთობის იმპორტზე სრული აკრძალვა ამოქმედდება. ის იყო ევროკავშირის ბოლო ქვეყანა, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან რესურსის მიღებას, გასულ წელს ემბარგოს დაწესების შემდეგ აგრძელებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა ბულგარეთს ნება დართო, გაეგრძელებინა შესყიდვები რუსეთის ფედერაციიდან 2024 წლის ბოლომდე, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეუერთდეს ნავთობის ემბარგოს ვადაზე ადრე. რუსული ნედლეულის იმპორტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცა და ეს ნაბიჯი „მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რუსეთის პირდაპირი დაფინანსების“ შეწყვეტის აუცილებლობით ახსნა. 2023 წლის ბოლოს ბულგარეთი რუსეთიდან ყოველდღიურად ყიდულობდა 200 ათას ბარელ ნავთობს, რომელიც ლუკოილის საკუთრებაში არსებულ ბურგასის ქარხანას ამარაგებდა. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ. პირველი იანვრიდან ბულგარეთში ასევე შეწყდა რუსული ნავთობიდან მიღებული გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტიც.  

უკრაინის დაზვერვამ ბელგოროდის რეგიონში, რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემა Pantsir-S1-ს დაარტყა

უკრაინელმა მზვერავებმა წარმატებით შეუტიეს რუსულ Pantsyr S-1 საზენიტო-სარაკეტო სისტემას ბელგოროდის რეგიონში. უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ცნობით, თავდასხმის შედეგად ასევე დაიჭრა ორი რუსი სამხედრო. დაზვერვის ცნობით, თავდასხმა 29 თებერვალს განხორციელდა ბელგოროდის რეგიონის ჰრაივორონსკის რაიონის სოფელ ჰოლოვჩინოს მახლობლად. „დარტყმის შემდეგ, Pantsyr S-1 გამორთული იყო და მისმა ეკიპაჟმა განიცადა სანიტარული ზარალი - დაიჭრა ორი რუსი ოკუპანტი“, დასძენს დაზვერვა. კომპლექსის ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი დოლარია.  

რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ძლიერი აფეთქებები იყო

რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში პირველ მარტს, ღამით, ძლიერი აფეთქებები მოხდა, იტყობინება უკრაინული მედია ტელეგრამ არხ Astra-ე დაყრდნობით. აფეთქების მიზეზები და შედეგები არ არის ცნობილი. ქალაქში მდებარეობს სვერდლოვის ქარხანა, მუნიციპალური საწარმო, რომელიც სტრატეგიულ როლს ასრულებს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსში. ის ასევე აწარმოებს საავიაციო და საარტილერიო ჭურვებს, საავიაციო ბომბებს, მათ შორის, მართვად ბომბებს, საბრძოლო ნაწილებს კუმულაციური ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისთვის, საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების ქობინებს და სხვა. 25 თებერვალს ღამით, რუსებმა განაცხადეს, რომ ბელგოროდის რეგიონსა და შავ ზღვაზე დრონებ იერიში იყო. ერთი დღით ადრე რუსეთის ქალაქ ლიპეცკში აფეთქებების სერია დაფიქსირდა, რასაც მოჰყვა ხანძარი ადგილობრივ ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ ქარხანაში. ობიექტს დრონები დაესხნენ თავს. გარდა ამისა, იმავე ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურსკისა და ტულას რაიონებში საჰაერო თავდაცვა გააქტიურეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის სპეცსამსახურებმა მნიშვნელოვნად შეუშალეს ხელი რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტს. მისი თქმით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეებია. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების შესახებ ცნობები ხშირია.  

ზელენსკიმ და რუტემ უსაფრთხოების სფეროში შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ხარკოვში შეხვედრა გამართეს, სადაც ორმა ლიდერმა ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში, ასევე, სამხედრო კაბინეტის ფორმატში გამართეს. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა G7-ის უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, რომელიც ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე მიიღეს. შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს ნიდერლანდების გადაწყვეტილებას, გააგრძელოს თანამშრომლობა უკრაინის შემდგომი დახმარების გაწევისა და გაფართოების მიზნით, რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. კერძოდ, გარიგება ბერ სხვა სფეროსთან ერთად ითვალისწინებს ნიდერლანდებისან 2 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას 2024 წელს და უკრაინის მუდმივ თავდაცვის მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეთანხმება უკრაინამ დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიასთან, იტალიასთან და კანადასთან უკვე გააფორმა.  

უკრაინის საზღვაო ექსპორტი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყოველთვიურ რეკორდულ დონეს აღწევს - სამინისტრო

თებერვალში უკრაინამ შავი ზღვის დერეფნის გავლით რვა მილიონი ტონა საქონელი გაიტანა, რითაც თვიურ რეკორდულ დონეს მიაღწია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, იტყობინება ინფრასტრუქტურის სამინისტრო. უკრაინამ შექმნა შავი ზღვის დროებითი დერეფანი სამოქალაქო სატვირთო გემებისთვის, მას შემდეგ შექმნა, რაც გაეროს შუამავლობით მიღწული შეთანხმებიდან რუსეთი ცალმხრივად გავიდა.~ არშრუტი პირდაპირ საერთაშორისო წყლებს არ კვეთს ბოსფორის სრუტემდე, მაგრამ მოიცავს უკრაინის, NATO-ს წევრი რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპირო ზოლებს, რაც გემებს საშუალებას აძლევს გვერდი აუარონ რუსეთის მიერ დაწესებულ ბლოკადას.  

12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ექსპერტს ბრალი დაუმძიმა

12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებისას მტკიცებულებების დაზიანების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროკურატურამ ექსპერტისთვის წარდგენილი ბრალი შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 წლის ანის გარდაცვალების გამოძიებაში მონაწილე ექსპერტის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ექსპერტს ბრალი ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაში, რაც, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში და, შედეგად, ნივთმტკიცების დაზიანებაში გამოიხატა. საკვანძო მტკიცებულების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის ივლისში აცნობა. ამბის გასაჯაროების შემდეგ, პროკურატურამ 2023 წლის ოქტომბერში ექსპერტს თავდაპირველად ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარუდგინა (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), რაც, სასამართლოს საშუალებას მისცემდა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ექსპერტი მინიმალური სასჯელით - ჯარიმის დაკისრებით - გაეთავისუფლებინა. ოჯახისა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების არაერთი მიმართვის შემდეგ, 2024 წლის 9 იანვარს, პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით, მხოლოდ ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ექსპერტს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული აქვს გირაო 2500 ლარის ოდენობის. გარდა ამისა, იგი, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, გადაყენებულ იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის თანამდებობიდან. 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგაც, მომხდარის გარემოებები ბუნდოვანია, ხოლო ნივთმტკიცებები, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება, დაზიანებულია. ამ პირობებში, ოჯახი და „უფლებები საქართველოს“ იურისტები განაგრძობენ ბრძოლას იმისათვის, რომ ანის გარდაცვალების საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს, რისთვისაც საქმეში ევროპული ან ამერიკული საგამოძიებო უწყებების და ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ,” - ნათქვამია ინფორმაციაში. „უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს. 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამარათლო-სამედიცინო დასკვნა 28 აპრილს გასაჯაროვდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბავშვის სხეულზე აღმოჩენილია 40-მდე სხვადასხვა სახის დაზიანება, რომელიც ბავშვს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული და ემთხვევა მისი გარდაცვალების დროს. რაც შეეხება ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს, დასკვნის თანახმად, გარდაცვალების ფაქტის დადგომა დაკავშირებულია ასფიქსიასთან.

კანადა რუსული ბრილიანტის იმპორტზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს

კანადის მთავრობის განცხადებით, კანადა აწესებს დამატებით შეზღუდვებს რუსეთიდან რუსული ბრილიანტებისა და სამკაულების იმპორტზე, რაც ეხება 1 კარატსა და მეტი წონის სამკაულს. კანადის მთავრობა აღნიშნავს, რომ რუსეთი მსოფლიოში უხეში ალმასის უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის წარმოება 2022 წელს 4,7 მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული. რუსეთის ფედერაცია ასევე არის ბრილიანტისა და ალმასის პროდუქტების მნიშვნელოვანი გლობალური ექსპორტიორი, მისი მთლიანი ექსპორტის ღირებულება იმავე 2022 წელს დაახლოებით 5,2 მილიარდ დოლარს აღემატება. „ეს ნაბიჯი ემთხვევა G7-ის ლიდერების მიერ 2023 წლის თებერვალში, მაისსა და დეკემბერში აღებულ ვალდებულებებს, რომ „შეზღუდონ პუტინის რეჟიმის შემოსავალი რუსეთიდან არაინდუსტრიული ალმასის ექსპორტიდან“, განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ. შეგახსენებთ, რომ G7-ის ქვეყნებმა 6 დეკემბერს ვირტუალური სამიტის შედეგების შემდეგ გამოაცხადეს თავიანთი განზრახვა, დაწესდეს შეზღუდვები რუსული წარმოების ბრილიანტებზე. 2024 წლის პირველი სექტემბრისთვის, G7-ის ქვეყნები, რომლებიც უხეში ალმასის მთავარი იმპორტიორები არიან, შექმნიან მექანიზმს უხეში ალმასის შემოწმებისა და სერტიფიცირებისთვის და ამ საკითხზე კონსულტაციებს გაივლიან მწარმოებელ ქვეყნებთან და პარტნიორებთან.  

ნიდერლანდები უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენისთვის 250 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენისთვის 250 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ხარკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ნიდერლანდები დაეხმარება ჩეხეთის ინიციატივას შეიძინოს 800 ათასი ჭურვი და ეს უახლოეს კვირებში მოხდება. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ 250 მილიონ ევროს გამოვყოფთ. დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს კოლეგები ამ პროცესში შემომიერთდებიან. ასევე ვმუშაობთ F-16 თვითმფრინავები უკრაინაში რაც შეიძლება მალე ჩავიდნენ, რათა უკრაინამ ჰაერში უპირატესობა მოიპოვოს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მესიჯი გასაგებია - მხარში ვუდგავართ უკრაინას,” - განაცხადა რუტემ. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვისა და პოლიციისთვის 22 საპატრულო ნავი შეიძინა, ისევე როგორც 3 საბრძოლო ნავი. „შევიძინეთ 4 რადარი, 9 ჰაუბიცა, რომლებსაც [უკრაინას] მივაწოდებთ იმასთან დამატებით, რაც უკვე მივაწოდეთ. ჩვენს ფოკუსშია ჩვენი თავდაცვითი წარმოების გაზრდა და გზების ძიება, თუ როგორ შეგვიძლია დავძლიოთ მიწოდებების შეფერხებები,” - განაცხადა რუტემ.  

შვეიცარია უერთდება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს

შვეიცარიის ფედერალურმა მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცამეტე პაკეტს. შვეიცარიის ხელისუფლებამ, გადაწყვეტილების თანახმად, სანქციების სიას დაამატა კიდევ 106 ფიზიკური და 88 იურიდიული პირი, რომლებიც, პირველ რიგში, რაკეტების, თვითმფრინავების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა სამხედრო საქონლის წარმოებაში არიან ჩართულები. სიაში ასევე შედიან რუსული კომპანიები და პირები, რომლებიც მონაწილეობენ ჩრდილოეთ კორეიდან თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებაში, მოსამართლეები და საჯარო მოხელეები რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან და უკრაინელი ბავშვების იძულებით გატაცებაში მონაწილეები. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სანქციების მე-13 რაუნდი 23 თებერვალს მიიღეს. ევროკავშირმა „მწვანე შუქი“ აუნთო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს, რომელიც პირველად, ჩინურ კომპანიებსაც მოიცავს  

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება

კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ლეონ პანეტამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს, იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს. „ვფიქრობ, ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არამხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ასევე NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ასე რომ, მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს, იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. საქართველომ ცხადი უნდა გახადოს, რომ ის უნდა დარჩეს სუვერენულ ძალად, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და არ მისცემს ჩინეთს საშუალებას, განსაზღვროს, რა მოხდება მომავალში. საქართველო ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, საქართველოს შესახებ, არის ქართველი ხალხის უნარი, შეძლონ ისარგებლონ თავისუფლების უპირატესობებით,“ - განაცხადა ლეონ პანეტამ. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, დაზვერვის ასპარეზზე მისი მუშაობის დროს ცხადი იყო, რომ ვლადიმერ პუტინის უმთავრესი მიზანია როგორც შეერთებული შტატებში, ისე სხვა ქვეყნებში „დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს.“ „მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც დაზვერვის ასპარეზზე გავატარე, ვიღებდი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აპირებდა ვლადიმერ პუტინი. ცხადი იყო, რომ პუტინს უმთავრეს მიზნად აქვს, შეარყიოს დემოკრატია შეერთებული შტატებში და ასევე, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას სხვაგანაც. ეს არის მისი მთავარი მიზანი და ცხადია, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი თავის ზრახვებში წარმატებას ვერ მიაღწევს,“ - განაცხადა ლეონ პანეტამ.  

რას პასუხობს NATO პუტინის მუქარას

NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ბირთვული მუქარა“ ამჟამად მხოლოდ "ფსიქოლოგიური დაშინების მცდელობაა." NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ ესპანურ გაზეთ El País-თან ინტერვიუში დაახასიათა პუტინის ბირთვული მუქარა, როგორც „დისკურსი, რომელიც სწავლობს ფსიქოლოგიური დაშინების ლოგიკას და არა რეალურ ზრახვებს.“ „ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მიერ ამ იარაღის გამოყენების რაიმე გარდაუვალ საფრთხეს, მაგრამ ეს განცხადებები თავისთავად ძალიან სახიფათოა, რადგან ისინი ძირს უთხრიან ნდობას. რუსეთმა იცის, რა შედეგები მოჰყვება ასეთი ნაბიჯის გადადგმას,“ - განაცხადა სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ. მაკრონის წინადადებაზე, ჯოანამ განაცხადა: „ჩვენ სრულად პატივს ვცემთ ჩვენი მოკავშირეების უფლებას ახალი იდეების მაგიდაზე შემოტანის. მაგრამ ჩვენ NATO-ში არ გვაქვს განზრახვა ან გეგმები უკრაინაში ჯარების განთავსებაზე.” ამავე ინტერვიუში მან იმედი გამოთქვა, რომ ალიანსი ძლიერი დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ NATO-ს სკეპტიკოსი დონალდ ტრამპი ამ ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს. „რესპუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც კარგად ესმით ძალიან რთული კონკურენცია ჩინეთთან, რუსეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან. აშშ-ს დასჭირდება ყველა მისი მოკავშირე ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში," - აღნიშნა ჯოანამ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. 29 თებერვალს, ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას პუტინმა „რუსეთის მოწინააღმდეგეებს“, ანუ დასავლეთს შეახსენა, რომ რუსეთი ფლობს იარაღს, რომელსაც სამიზნეების განადგურება მათ ტერიტორიებზეც შეუძლია. ამასთან, პუტინმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას გეგმავს. რუსეთის პრეზიდენტმა კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსების დასახელების გარეშე განაცხადა, რომ „ალაპარაკდნენ უკრაინაში NATO-ს სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობაზე“. პუტინი, სავარაუდოდ, გულისხმობდა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის განცხადებას, რომ გამორიცხული არ არის უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნა. თავის მხრივ, NATO-მ განაცხადა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ იგეგმება.  

საფრანგეთმა უკრაინაში შესაძლოა, სპეციალური ძალები გაგზავნოს - Le Monde

საფრანგეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას, რომ სპეციალურ ძალებსა და სამხედრო ნაწილებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთის საშუალება მისცეს. იუწყება გაზეთი Le Monde. გაზეთის წყაროების თანახმად, პარიზი სთავაზობს სპეცრაზმებსა და სხვა სამხედრო დანაყოფებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთას, რათა რუსეთს „სტრატეგიული დილემა“ შეუქმნას. ოფიციალურად, პარიზი უკრაინაში მისი სამხედროების ყოფნას უარყოფს. Le Monde-ის ცნობით, უკრაინის ტერიტორიებზე არიან საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის (DGSE) თანამშრომლები. FT: დასავლური სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფება ფრანგული სპეცრაზმი, რომლის მებრძოლები არ არიან საიდუმლო აგენტები და ექვემდებარებიან გენერალურ შტაბს, ჩვეულებრივ, არ კვეთენ უკრაინის საზღვარს - უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად ან იარაღის მიწოდების გასაკონტროლებლად, ისინი ჩადიან მეზობელ ქვეყნებში. მაგრამ ახლა, Le Monde წერს, ამ სამხედრო ტრენერებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთის უფლება, შეიძლება, პოტენციურად, სხვა ჩვეულებრივ დანაყოფებთან ერთად მისცენ.“ „როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისაუბრა უკრაინაში სამხედრო ძალების შესაძლო გაგზავნაზე, მან უნებლიედ ახადა ფარდა უკრაინის ტერიტორიაზე დასავლელი პერსონალის ყოფნას. სამი დღის შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ უნდა იყოს "გამორიცხული", მოკავშირეები კვლავ მტკიცედ გაიყვნენ ამ მგრძნობიარე თემის გარშემო. ამის შემდეგ, მაკრონმა ხუთშაბათს, 29 თებერვალს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი სიტყვები "აწონილი" და "მოზომილი" იყო. იმ ფაქტმა, რომ მან ორშაბათს დააკონკრეტა, რომ დისკუსიები ეხებოდა მხოლოდ ჯარების გაგზავნას "ოფიციალური, განხილული და დამტკიცებული წესით", ასევე ირიბად ახადა ფარდა უკრაინის ტერიტორიაზე დასავლელი პერსონალის არსებობას,“ წერს ფრანგული გამოცემა. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში იმყოფებოდა მრავალი სახელმწიფო აქტორი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან დასავლურ სადაზვერვო სამსახურებთან, ხშირად სამხედრო სტატუსით. ფარული დიპლომატიური პერსონალი, უკრაინის მრჩევლები და სპეცრაზმის წევრები არსებითად თამაშობენ როლს ომის დაწყებიდან. „ამ სამსახურების ქმედებები თავისი ბუნებით ფარულია და, შესაბამისად, ომის კანონის მიღმაა,“ - განაცხადა ვინსენტ კრუზეტმა, გარე უსაფრთხოების გენერალური დირექტორის (DGSE) ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ახლა მწერალი და კონსულტანტია. „ყველა მოკავშირე სახელმწიფოა წარმოდგენილი უკრაინაში. საუბარი არ არის საბრძოლო დანაყოფებზე, მაგრამ არიან თითოეული სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები," - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატიურმა წყარომ, რომელმაც ანონიმურობა მოითხოვა. მათ განაცხადეს, რომ მოხარულნი არიან, რომ მათ ქვეყანაში მოკავშირეთა სამხედრო ყოფნის გაძლიერების საკითხი დეკემბრიდან განიხილება. „თუ ხდება იარაღის მიწოდება, იქ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად აწვდიან ინფორმაციას აღჭურვილობის გამოყენების შესახებ. „უკრაინა ასევე გამოიყენება როგორც ახალი აღჭურვილობის საცდელ ადგილად. იქ უპილოტო თვითმფრინავების ტესტირება ხდება. ამ ტიპის პროფესიონალები რა თქმა უნდა ადგილზე არიან,“ დასძენს წყარო. ფრანგული გაზეთი Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 7 მარტს შეხვდება საფრანგეთის ყველა პოლიტიკურ ძალას, რათა განიხილოს უკრაინაში სახმელეთო ჯარების შესაძლო გაგზავნა. ელისეის სასახლემ მოსაწვევები უკვე გაუგზავნა პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების ლიდერებს.  

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა შუა დერეფნის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს - ტოივო კლაარი

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა უზრუნველყოფს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR ან შუა დერეფნის) შეუფერხებელ ფუნქციონირებას, განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე პანელის დისკუსიის დროს, იუწყება აზერბაიჯანული Trend. „მშვიდობა და სტაბილურობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ ფოკუსირებას მხოლოდ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან თანამშრომლობის პოზიტიურ დღის წესრიგზე. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა უზრუნველყოფს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR ან შუა დერეფნის) შეუფერხებელ ფუნქციონირებას, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნაწილია სამხრეთ კავკასია,“ აღნიშნა კლაარმა. მისი თქმით, შესაბამისად, ევროკავშირს დიდი ინტერესი აქვს ამ პროცესის წინ წაწევით. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში  

ზურაბ დათუნაშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში

ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ერთვება. ამის შესახებ ის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს და ამბობს, რომ პოლიტიკაში ახალ გუნდთან ერთად ჩაერთვება. "მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავერთო პოლიტიკაში. არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ვიყავი, ვიღაცისთვის შეიძლება წარმატებული, ვიღაცისთვის შეიძლება წარუმატებელი. პოლიტიკაში ვერთვები იმიტომ, რომ მაქვს ჩემი ღირებულებები, შეხედულებები და ამაზე საუბარი შემიძლია ყველასთან და ყველგან. პოლიტიკაში ვერთვები ახალ, ვიმეორებ, ახალ საუკეთესო გუნდთან ერთად,"- ამბობს დათუნაშვილი. ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი. მან კარიერა სერბეთში გააგრძელა მას შემდეგ, რაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა. გეგა გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.  

მედია: შეჩერებულია გადაზიდვები, რომლითაც რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან სავარაუდოდ, იარაღს იღებს

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, შეაჩერა რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება. ამას სამხრეთ კორეული გამოცემის NK Pro-ს მიერ გაანალიზებული თანამგზავრული მონიტორინგის მონაცემები მოწმობს. როგორც მედია წერს, გასული შემოდგომიდან რამდენიმე რუსული გემი რეგულარულად მოძრაობდა ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის პორტებს შორის და მას გადაჰქონდა კონტეინერები, რომლებიც, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალას შეიცავდა. თუმცა დაახლოებით სამი კვირაა, ეს გადაზიდვები არ სრულდება. რატომ შეჩერდა კორეის პორტსა და რუსეთს შორის ტვირთის გადაზიდვა, ჯერჯერობით უცნობია. გამოცემის ავტორები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეაში ახალი საბრძოლო მასალის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები ან ლოგისტიკური პრობლემებიც იყოს. ამასთან, სხვა ნიშნები მიუთითებს მომავალში განახლების შესახებ, თუმცა, ხაზს უსვამს გემების მონიტორინგის გაგრძელების აუცილებლობას. „ასევე არ არის გამორიცხული, რომ იარაღი რუსეთს სარკინიგზო გზით გადაეცემა ორი ქვეყნის საერთო სახმელეთო საზღვრის გავლით,“ - წერს გამოცემა. ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6,700 კონტეინერი გაუგზავნა - სეული  

სლოვენია უკრაინას ჰუმანიტარული განაღმვისთვის 1,5 მლნ ევროს გამოუყოფს

სლოვენია უკრაინას გრანტის სახით 50 მილიონს UAH (1,5 მილიონი ევრო) გამოუყოფს, რათა დაეხმაროს უკრაინას ნაღმების გაწმენდის პროცესის დაჩქარებაში. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გააკეთა. უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების 5000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული და განაღმული.  

სანქტ-პეტერბურგში სახლს დრონი დაეცა - მედია

რუსული „ტელეგრამ“ არხის, Mash-ის ცნობით, გვიან ღამით, საჰაერო თავდაცვითი სამუშაოს შედეგად, სანქტ-პეტერბურგში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. „მსხვერპლი არ არის. ნაწილობრივ დაზიანდა ორი სახლის შემინული აივნები. მოხდა დაზარალებული ბინების მცხოვრებთა ევაკუაცია,“ - წერს საკუთარ ტელეგრამ არხზე სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი გალექსანდრ ბეგლოვი. მისი ინფორმაციით, კრასნოგვარდეისკის რაიონში მუშაობენ საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ჯგუფები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. იკვლევენ შენობის დაზიანების ხარისხს. ბეგლოვი აცხადებს, რომ თავად სპეციალურ ოპერატიულ შტაბს ჩაუდგა სათავეში. გუბერნატორი მიზეზს არ ასახელებს. მედიის ცნობით, კრასნოგვარდეისკის რაიონში, 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი უპილოტო საფრენი აპარატის ჩავარდნის შედეგად დაზიანდა. არაერთი ტელეგრამარხი იტყობინება, რომ 2 მარტს, დილით ადრე, ადგილობრივებმა ცაში ორი დრონი შენიშნეს. ვარაუდობენ, რომ საცხოვრებელ სახლს დაეცა მხოლოდ ერთი. მეორე დრონს ეძებენ. შემთხვევის შედეგად ევაკუირებულია ასი ადამიანი.  

უკრაინა კიდევ ერთი რუსული Su-34-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული Su-34 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული Su-34 ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი პარასკევს დაახლოებით, 9:00 საათზე, აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს. ეს არის პირველი რუსული გამანადგურებელი, რომელიც ჩამოაგდეს ამ თვეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა 13 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა თებერვლის მხოლოდ ორ კვირაში. ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 2 მარტის ღამეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატიდან 14 გაანადგურეს.  

საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა. 1990 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის, გაბესკირია, სეპარატისტებმა დახვრიტეს. „არასოდეს, ვიდრე ცოცხალი ვარ!“ - ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას, - "დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!" 2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.