ძებნის რეზულტატი:
თერჯოლაში, მდინარე ძუსაში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მანამდე, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წყლიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. თერჯოლაში, მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო
რუსეთში, ეკატერინბურგში ელექტროქვესადგურზე აფეთქება მოხდა
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში აფეთქება მოხდა ელექტროქვესადგურზე, რომელიც სამხედრო პროდუქციის ქარხნებს დენით ამარაგებს. ტელეგრამ-არხ Mash-ცნობით, შენობა სადაც აფეთქება მოხდა, ენერგიას აწვდის სამ თავდაცვის საწარმოს: კალინინის სახელობის მანქანათმშენებელ ქარხანას, ტურბომოტორების ქარხანას და ურალმაშს. როგორც მედია იტყობინება, ეს საწარმოები მეტალურგიის, ცემენტის მრეწველობის, სამთამადნო კომპლექსებისთვის ამწე და სატრანსპორტო საშუალებების სფეროში მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, „თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა“ ამოქმედდა. რუსეთის ხელისუფლება მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა ეკატერინბურგში მომხდარ აფეთქებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ „ეს არის რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.“
„რუსეთს ადრე თითქმის მონოპოლია ჰქონდა“ - აშშ-მ განაცხადა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს
აშშ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკული რესურსების საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილემ განაცხადა. კიმბერლი ჰარინგტონი სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-10 შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, ბაქოში იმყოფებოდა. მისი შეფასებით, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება მხოლოდ დივერსიფიკაციისა და გაუმჯობესებული მარშრუტების რაოდენობის გაზრდით არის შესაძლებელი და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სამხრეთის გაზის დერეფანი. „ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ენერგია იარაღად არ იქნება გამოყენებული ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ. ეს უკვე ვნახეთ. ბოლო დროს ევროპაში უფრო მეტი ინტერკონექტორი გამოჩნდა, მათ შორის - საბერძნეთ-ბულგარეთის დამაკავშირებელი, რომლითაც აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ხდება. რაც უფრო მეტი აზერბაიჯანული გაზი მიაღწევს ევროპის ბევრ ქვეყანაში, ეს მით უკეთესი იქნება. ეს ინტერკონექტორი მუშაობს გარკვეულ ტერიტორიაზე, სადაც ადრე რუსეთს თითქმის მონოპოლია ჰქონდა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერას და ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდების გაფართოება ვითარებას მრავალი ქვეყნისთვის შეცვლის,“ - განაცხადა კიმბერლი ჰარინგტონმა. ცნობისათვის, სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. აშშ-სთან შევთანხმდით, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისთვის ვითანამშრომლოთ - აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი
2023 წელს აზერბაიჯანმა ევროკავშირში ბუნებრივი აირის ექსპორტი, 2021 წელთან შედარებით, 45%-ზე მეტით გაზარდა
2023 წელს აზერბაიჯანმა ევროკავშირში დაახლოებით 12 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანა, რაც 2021 წელთან შედარებით, 45%-ზე მეტ ზრდას წარმოადგენს. მთლიანობაში აზერბაიჯანმა 2023 წელს დაახლოებით 23,9 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანა ევროკავშირში, თურქეთში, საქართველოსა და სერბულ ბაზრებზე. აზერბაიჯანში, ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მეათე და მწვანე ენერგეტიკის მრჩეველთა საბჭოს მეორე მინისტერიალი გაიმართა. განიხილეს სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისა და ევროპისთვის მეტი გაზის მიწოდების გეგმები. 23 ქვეყანა შეიკრიბა ბაქოში, რათა ემსჯელათ გაზის მიწოდების გაფართოების შესაძლებლობებზე, რაც განიხილება გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის გადამწყვეტ გზად ევროკავშირისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო ერთობლივი მიზნების შესწავლა გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, მიწოდების დივერსიფიკაცია, მწვანე და განახლებად ენერგიაზე გადასვლა. „რუსეთს ადრე თითქმის მონოპოლია ჰქონდა“ - აშშ-მ განაცხადა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს
უკრაინის აღმოსავლეთში რუსული თვითმფრინავი რამდენიმე საათია, აღარ გამოჩენილა - საჰაერო ძალები
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ რამდენიმე საათია, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული თვითმფრინავი არ დაფიქსირებულა მისი თქმით, ეს არის უკრაინის საჰაერო ძალების მუშაობის შედეგი. ”ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის, მტრის დრონები კვლავ დაფრინავენ სამხრეთით, მაგრამ ყველაფერი ნათელია აღმოსავლეთში!” , - დაწერა მან მოგვიანებით „ტელეგრამ“ არხზე. ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მტრის 10-ზე მეტი თვითმფრინავი , მათ შორის „სუ-34“, „სუ-35“ და „ა-50“ ტიპის თვითმფრინავები. „ა-50“ აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს და რუსეთის ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.
5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 30-წლამდე კაცს პატიმრობა შეეფარდა
შიდა ქართლში 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე კაცია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ფაქტი თებერვლის დასაწყისში მოხდა. ბრალდებული კაცი ბავშვების ნათესავია. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სსკ-ს 137-ე მუხლის 4 "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს (დანაშაული ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით). დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის ადამიანით ვაჭრობის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, სექტემბრის ჩათვლით, ცენტრში სქესობრივი დანაშაულის 97 არასრულწლოვანი მსხვერპლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. მსხვერპლთა უმრავლესობა გოგოა. ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალურ და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე უნდა მიმართოთ დახმარების ცხელ ხაზს - 111.
რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმს 38 დრონით შეუტიეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 მარტის ღამეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში 38 უკრაინული დრონით თავდასხმა განხორციელდა. „წუხელ აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა 38 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე,“ - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. უწყების მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, ე.წ. „ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“ ყველა უკრაინული დრონი გაანადგურა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ფეოდოსიაში აფეთქებების ხმები ისმოდა. პირველ მარტს ასევე იუწყებოდნენ სარაკეტო შეტევის შესახებ. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
სამხედრო მოსამსახურეებმა გმირების დედებს 3 მარტი მიულოცეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ასევე სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და სოფელში ესტუმრნენ. „მათ გმირების მშობლებს, დედის დღესთან დაკავშირებით, თაიგულები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მისალოცი ბარათები გადასცეს. ჯარისკაცებმა თანამებრძოლების თავდადება და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოდესაზე თავდასხმის შედეგად დანგრეულ სახლში კიდევ ერთი ჩვილის ცხედარი იპოვეს
2 მარტს ოდესაში, საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. „მეცხრა დაღუპულის გვერდით ნაპოვნია ჩვილის ცხედარი,“ - აცხადებს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეჰ კიპერი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბავშვი 8 თვის იყო. 2 მარტს, ნანგრევების ქვეშ მაშველებმა 3 თვის ბავშვის და მისი დედის ცხედრები იპოვეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 წლის ბავშვიც. ამის შესახებ ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ განაცხადეს. უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების ტელეგრამარხზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ „მორიგი ტერორისტული თავდასხმისთვის“ თვითმკვლელი დრონები [Shahed-131/136] გამოიყენა. ოფიციალური ინფორმაციით, 8 დრონი რუსეთმა ოდესის ოლქისკენ შავი ზღვის აკვატორიიდან გაგზავნა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში, უკრაინის ანტისაჰაერო სისტემამ 7 დრონი ჩამოაგდო, ხოლო ერთი 9-სართულიან სახლს დაეცა. კვირა დღე ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
კანადამ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ახალი სანქციების ქვეშ მოექცა ექვსი თანამდებობის პირი, პროკურატურიდან, ასევე სასამართლოდან. სანქციები დაუწესდა იმ ციხის წარმომადგენლებს, სადაც ნავლნი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. დასავლეთი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს. ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პირველ მარტს დაკრძალეს.
მეუფე შიო: როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს ყველაზე მძიმე ცოდვაა
ღმერთი არის სიყვარული... იგი სიყვარულით მოიცავს ყველას და ყველაფერს... როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა..." ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი. „დღეს წაკითხული იყო იგავი უძღებ შვილზე. ამ იგავში უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვიხსნის, თუ რა არის ცოდვა, რომ ეს არის განშორება ღმერთისგან, ეს არის ღმერთისგან წასვლა შორეულ და უცხო ქვეყანაში, სადაც ადამიანი კარგავს ყველაფერს, კარგავს ადამიანურ ღირსებას. ცოდვა თავისი ბუნებით უცხოა ჩვენთვის, რადგან ადამიანში ჩადებულია ხატება და მსგავსება ღვთისა. ეს იგავი წარმოგვიდგენს ორი ადამიანის, ორი შვილის სახეს. ერთი არის მონანული ვაჟი, რომლის მაგალითზეც იგავი გვასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სინანული, როგორ საფეხურებზე უნდა გაგვატაროს სინანულმა, სანამ ზეციერ მამასთან მიგვიყვანს. იგავში მოთხრობილია უფროსი ვაჟის შესახებაც, რომელიც ყოველთვის მამის ერთგული იყო და ასევე მოთხრობილია ამ შვილების მამაზეც, რომელშიც იგულისხმება მამა ჩვენი ზეციერი. იგავში ჩანს, რომ მას ძალიან უყვარს თავისი შვილები, ანუ ყოველი ჩვენგანი, ყოველ ჩვენგანს აჯილდოებს სხვადასხვა ნიჭით, მრავალი სიკეთით. ამ ნიჭებს შორის არის ერთი ნიჭი, რომელიც უმცროსმა ვაჟმა სათანადოდ ვერ გამოიყენა. ეს არის თავისუფლების ნიჭი. არის კიდევ ერთი ნიჭი, რომელზეც საუბარია ამ იგავში. ეს არის სინდისი. უმცროსი ვაჟი მიდის მამის სახლიდან. როგორც მოგახსენეთ, მიდის შორეულ, უცხო ქვეყანაში, იქ კარგავს ყველაფერს, მაგრამ მასში ეს სინდისი იღვიძებს. იგი გონს მოვა, ინანიებს. მაშასადამე, სინდისი მასში არ გამქრალა, არამედ ბოლოს და ბოლოს ამეტყველდა და ეს ადამიანი მამისეულ სახლში დააბრუნა. როგორ მიიღეს იგი მამის სახლში? - დღეს, დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში, წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს უძღები შვილის მიმღები მამის სახესაც. ამ იგავში ჩანს, რომ ღმერთი არის სიყვარული, რომ იგი სიყვარულით მოიცავს ყველას და ყველაფერს, როგორ უყვარს მას თავისი დაღუპული უძღები შვილი, როგორ ელოდება მას და როგორ შეხვდება მას, თვითონ გადის მის შესახვედრად, ჩაეხუტება, შეუნდობს ცოდვას და მისცემს მას ყველაფერ საუკეთესოს, რაც კი აქვს. და ბოლოს, უფროს ვაჟსაც იწვევს ამ დაღუპული შვილის გადარჩენის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე, მაგრამ ამ უფროს შვილს არ უნდა მამის სიხარულში მონაწილეობა. ის ნაწყენია. ის ამბობს, როგორ, მე ხომ ყოველთვის შენთან ვიყავი, არ შემიცოდავს, შენი ერთგული ვიყავი ყოველთვის და სანაცვლოდ რას ვიღებო. ჩემმა ძმამ, ანუ შენმა შვილმა, მიიღო საუკეთესო შესამოსელიც, ხელზე ბეჭედიც, ნასუქი ხბოც დაუკალი ნადიმისთვის და მე რა? განა მე არ უნდა მეკუთვნოდეს პირველი ადგილი მამის სახლში? განა მე არ უნდა მეკუთვნოდეს ეს ყველაფერი, ეს სიკეთეებიო? - ამბობს იგი. ძვირფასო ძმებო და დებო, აქ იწყება უკვე ანგარიში, ანგარიში უფლებებისა, რომ მე ასეთი დამსახურება მაქვს, ამდენი რამ გამიკეთებია, ვიმსახურებ უფრო მეტს, სხვები არ იმსახურებენ ან ჩემზე ნაკლებს იმსახურებენ და ა.შ. აი, როდესაც იწყება ასეთი ანგარიში, იქ უკვე ქრება სიყვარული, იქ სიყვარული აღარ არის, ვინაიდან სინანული შეიძლება, იყოს მხოლოდ სიყვარულის წინაშე, იმიტომ, რომ ღმერთი არის სიყვარული და ცოდვაც ყოველთვის არის ცოდვა სიყვარულის წინაშე. ცოდვის არსი, რომელზეც დღეს იგავშია საუბარი, მდგომარეობს იმაში, რომ ის ცოდვა არის სიყვარულის წინაშე. როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა. ამაზე მოგვითხრობს, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი იგავი, რომელიც გვანუგეშებს და გვასწავლის ცოდვის და სიყვარულის სწორად გაგებას, გვიჩვენებს, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო ვეყოთ ჩვენს ზეციერ მამას და დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა.“
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დროა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის დიალოგი დაიწყოს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, დროა, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს. მისი თქმით, თურქეთს მიაჩნია, რომ დადგა დრო, ოკუპაციის აღიარებისა და სუვერენიტეტის საკითხები ცეცხლის შეწყვეტის საკითხს გამოეყოს. „ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს. ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ოკუპაციის აღიარებას. როგორც ჩანს, ორივე მხარემ მიაღწია იმ შედეგების ზღვარს, რომლის მიღწევაც ომის გზით შეუძლიათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა, დაიწყოს დიალოგი ცეცხლის შეწყვეტისთვის," წერს ჰაკან ფიდანი სოციალურ ქსელ X-ში. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ
რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩამოართმევენ. ამის შესახებ ლიეტუვის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურმა განაცხადა. „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც რუსული სანომრე ნიშნის მქონე მანქანებით მიემგზავრებიან კალინინგრადის რეგიონის მიმართულებით ან ლიეტუვის გავლით, ამ მოთხოვნას არ დაექვემდებარებიან, განმარტეს საბაჟო სამსახურში. თუმცა, ასეთი ტრანზიტი არ შეიძლება, 24 საათზე მეტ ხანს გაგრძელდეს და მას მანქანას მფლობელი უნდა ახლდეს, აღნიშნეს დეპარტამენტში. მფლობელის არყოფნის შემთხვევაში მანქანა ლიეტუვის ტერიტორიაზე არ დაიშვება. „ვილნიუსი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ასრულებს,“ განმარტავენ საბაჟო სამსახურში. 2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემოსვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს ღონისძიება რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციების შემდგომი განმარტების შესახებ ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთმა „საინფორმაციო ომი“ გააჩაღა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 3 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს „საინფორმაციო ომი“ აქვს გაჩაღებული, რომლის მიზანი გერმანიის შიგნით უთანხმოების გაღვივებაა. პისტორიუსმა რუსული მედიის მიერ გერმანიის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. „ეს ინციდენტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საუბრის მოსმენა. ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი და ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ პუტინის ხრიკებს. ეს არის ჰიბრიდული დეზინფორმაციული თავდასხმა, რომლის მიზანია ჩვენი ერთიანობის შელახვა,“ – აღნიშნა პისტორიუსმა. გერმანიის ხელისუფლება იძიებს, როგორ მოხვდა რუსეთის ხელში გერმანელი ოფიცრების საუბრის ჩანაწერი.
ლიეტუვა რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების კონფისკაციას იწყებს
ლიეტუვის საბაჟო, რუსეთში რეგისტრაციაში გავლილი მანქანებისთვის სპეციალურ ვადებს აწესებს. ლიეტუვა რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების კონფისკაციას დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ ეს მანქანები ქვეყანას 11 მარტამდე არ დატოვებენ. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ
იაპონია NATO-ს წევრებთან ერთად, კოსმოსური თავდაცვის წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას
იაპონია შეუერთდება NATO-ს წევრებისა და სხვა პარტნიორების ყოველწლიურ კოსმოსურ თავდაცვის წვრთნებს საფრანგეთში, რომელიც ორშაბათიდან დაიწყება. ტოკიო ემზადება რეალური საფრთხეებისთვის, როგორიცაა, საკომუნიკაციო თანამგზავრებზე თავდასხმები, იტყობინება Nikkei. AsterX 24-ში, რომელსაც საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსური ძალები ტულუზაში უმასპინძლებს, თექვსმეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. სამხრეთ კორეა არის ერთადერთი აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა, რომელიც წვრთნებში მონაწილეობს. სხვა მონაწილე ქვეყნები არიან: გერმანია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ავსტრია, პოლონეთი, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ავსტრალია. წვრთნებში ჩაერთვებიან NATO-ს კიბერთავდაცვის ცენტრის წარმომადგენლებიც. სწავლება მოიცავს კოსმოსური ომის სრულ სპექტრს გამოგონილ გეოპოლიტიკურ სცენარში, რომელიც დაფუძნებულია მიმდინარე და მომავალ საფრთხეებზე, იტყობინებიან საფრანგეთის სამხედროები. AsterX ყოველწლიურად, 2021 წლიდან იმართებოდა და მასში მონაწილეობა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებით შემოიფარგლებოდა. იაპონიის თავდაცვის ძალებს 2022 წლიდან დამკვირვებლის სტატუსი ჰქონდათ. წელს სწავლებაში SDF-ის ორი წევრი მიიღებს მონაწილეობას. „რუსეთი ჰიბრიდული ქმედებებით, დეზინფორმაციით, კიბერთავდასხმებით და პოლიტიკური ჩარევით ცდილობს, დათესოს განხეთქილება ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებებში,” - განაცხადეს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გასულ თვეში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ. იაპონია ასევე ხედავს კიბერთავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას იმ ფონზე, რომ ჩინეთი აშენებს თანამგზავრზე დაფუძნებულ საკომუნიკაციო ქსელს და ცდილობს, კოსმოსური ძალა გახდეს. პეკინს იაპონიასა და აშშ-ზე სამიზნეებზე კიბერშეტევებში ადანაშაულებენ. იაპონიამ და NATO-მ დაადასტურეს თანამშრომლობა კიბერ და კოსმოსურ სფეროებში ივლისში მიღებული პარტნიორობის დოკუმენტში. დეკემბერში იაპონია შეუერთდა კომბინირებული კოსმოსური ოპერაციების ინიციატივას, მრავალმხრივ ჩარჩოს, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მოიცავს.
ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი დაამარცხა
ნიკი ჰეილიმ “რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების თანახმად, ჰეილიმ, დონალდ ტრამპის ერთადერთმა კონკურენტმა, ხმების 62.9% მოიპოვა, ყოფილმა პრეზიდენტმა კი - 33.2%-ი. დონალდ ტრამპმა დღემდე 8 პრაიმერიზში გაიმარჯვა, მათ შორის, ბოლოს მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში და კიდევ უფრო მიუახლოვდა შანსს, გახდეს „რესპუბლიკელების“ კანდიდატი, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება. 5 მარტს ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რომელიც "რესპუბლიკელების" შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა. ამ დღეს კენჭისყრა 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდება.
შვეიცარიაში რეფერენდუმზე 58%-მა პენსიის გაზრდას დაუჭირა მხარი
შვეიცარიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე პენსიის გაზრდას დაუჭირეს მხარი, რაც პენსიონერებისთვის ყოველწლიურად დამატებით მე-13 თვის გადასახადის მიცემას გულისხმობს. მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგების მიხედვით, ინიციატივის მომხრე ამომრჩეველთა 58% იყო, ხოლო მოწინააღმდეგე - 42%. ამას გარდა, შვეიცარიელებმა უარყვეს ცალკე წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც საპენსიო ასაკის 65-დან 66-მდე გაზრდას გულისხმობდა. პენსიის გაზრდის წინადადება პროფკავშირებს ეკუთვნის, ხოლო მისი მოწინააღმდეგე შვეიცარიის მთავრობის, პარლამენტისა და ბიზნეს ლიდერების თქმით, ახალი კანონპროექტის დაფინანსების საშუალება სახელმწიფოს არ აქვს. მაქსიმალური ყოველთვიური სახელმწიფო პენსია შვეიცარიაში €2 550-ს შეადგენს, მას არასაკმარისად მიიჩნევენ. შვეიცარია საცხოვრებლად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანაა. ნოემბრის თვის Economist Intelligence Unit-ის რეიტინგით, ციურიხი, სინგაპურთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი იყო. გაზრდილ პენსიას შვეიცარიაში 2026 წლიდან მიიღებენ.
ზელენსკი: თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელებმა მხოლოდ ამ კვირაში შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. „სწორედ რუსები ყრიან ამ ბომბებს და კლავენ. თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. ეს არის მათი დანაკარგების სწორი დინამიკა,“ განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თებერვლის ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ თებერვლის მხოლოდ ორ კვირაში ჩამოაგდეს 13 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ომის წინა თვეებში. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 150 ჯარისკაცი, 8 ტანკი, 21 ჯავშანტექნიკა და 22 საარტილერიო სისტემა დაკარგა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. გენშტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს: 417 950 სამხედრო მოსამსახურეს, 6 648 ტანკს, 12 660 ჯავშანტექნიკას, 13 374 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 10 210 საარტილერიო სისტემას, 1 004 მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, 698 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 347 თვითმფრინავს, 325 ვერტმფრენს, 7 845 უპილოტო საფრენ აპარატს, 25 გემს/კატერს და 1 წყალქვეშა ნავს.
სანქციების საფრთხის ფონზე, თურქეთის ექსპორტი რუსეთში წინა წელთან შედარებით 33%-ით შემცირდა
2024 წლის თებერვალში თურქეთიდან რუსეთში ექსპორტი 33%-ით, 70 მილიონ დოლარამდე შემცირდა, 2023 წლის თებერვლის 1,1 მილიარდ დოლართან შედარებით. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რუსეთიდან იმპორტი 36,65%-ით შემცირდა და 1,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აშშ-ის სანქციების დაწესების საფრთხემ თურქეთ-რუსეთის ვაჭრობა შეამცირა. შეაფერხა ან შეანელა გარკვეული გადახდები როგორც იმპორტირებული ნავთობისთვის, ასევე თურქული ექსპორტისთვის, იტყობინება Reuters. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.