ძებნის რეზულტატი:
გვარი - ნავალნი რუსეთში "ექსტრემისტულ სიმბოლიკას" გაუთანაბრეს
ციხეში დაღუპული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის - ალექსეი ნავალნის გვარი ექსტრემისტულ სიმბოლიკად გამოცხადდა. ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის ოთხი რეგიონის სასამართლოებმა მიიღეს - იუწყება უფლებადამცველთა პროექტი "Первый отдел". ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ცნობა ეყრდნობა ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის სამი მონაწილის წინააღმდეგ გამოცემულ დადგენილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ - ჩელიაბინსკში, კრასნოდარსა და მურმანსკში. მანამდე, ნავალნის გვარის ხსენებისთვის აქციის მონაწილე დასაჯეს მურმანსკშიც. ოთხ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ იმის გამო მიესაჯა, რომ პლაკატებზე ეწერათ გვარი - ნავალნი. სასამართლოს დადგენილებებში მითითებულია, რომ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა [2021 წლიდან], ხოლო გვარი ნავალნი - „ატრიბუტიკად და სიმბოლიკად“ სახელდება. "სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილებით არ იკრძალება და ვერც აიკრძალება გვარი - ნავალნი,“ - წერს "Первый отдел"-ი. თუმცა იმის გამო, რომ ოთხი სასამართლო გეოგრაფიულად ვრცელ არეალს მოიცავს, უფლებადამცველები ნავალნის გვარის გამო ადამიანების დასჯას უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკად თვლიან და არა ცალკეულ შემთხვევებად. ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პირველ მარტს დაკრძალეს. შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. დასავლეთი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს.
შსს ნარკოდანაშაულში ბრალდებული 10 პირის დაკავების შესახებ იუწყება
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს. „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ბ.შ., 1993 წელს დაბადებული ი.შ., 1977 წელს დაბადებული ე.ი., 2005 წელს დაბადებული გ.ლ., 2006 წელს დაბადებული ნ.დ., 1968 წელს დაბადებული გ.ო., 1978 წელს დაბადებული ე.მ., 1996 წელს დაბადებული ა.ს., 2002 წელს დაბადებული ა.ა. და 2001 წელს დაბადებული ა.ჰ. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და ისრაელის მოქალაქეები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, დიდი ოდენობით თანხა, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ა.ჰ. თბილისში დააკავეს. ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოღებულია 440 აბი „ექსტაზი“, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი „კანაფი“, „მარიხუანა“ და „ჰაშიში“. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის საქმეზე ფონიჭალაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი - ე.მ. და ა.ს. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 18 შეკვრად დაფასოებული - 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი, 97 350 აშშ დოლარი, 6080 ლარი და 2 790 000 რუსული რუბლი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - გ.ლ. და ნ.დ. გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიო ნივთმტკიცებად ამოიღეს. ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ა.ა. მარიხუანას გასაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული ბ.შ., ი.ნ. და ე.ი.-სგან ნივთმტკიცებად ამოღებულია, ნარკოტიკული საშუალება კოკაიანი, მარიხუანა, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, სასიგნალო პისტოლეტი და 9 ვაზნა. გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ.ო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინი" და "ამფეტამინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით,“ წერს შსს.
ბაიდენი: აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან ბაიდენის თქმით, არაბულ ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი საკმარისი არ არის და ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღაზის სექტორმა მეტი დახმარება მიიღოს. ჯო ბაიდენმა „ტრაგიკული და საგანგაშო მოვლენა“ უწოდა ჩრდილოეთ ღაზაში 29 თებერვალს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სასურსათო დახმარების მიღების დროს ცეცხლის გახსნისას. „სიცოცხლის დაკარგვა გულსატკენია. ხალხი სასოწარკვეთილია, რომ უდანაშაულო ადამიანები საშინელ ომში არიან და არ შეუძლიათ თავიანთი ოჯახების გამოკვება. თქვენ ნახეთ პასუხი, როდესაც ისინი ცდილობდნენ დახმარების მიღებას. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ შეერთებულ შტატებში და გავაკეთებთ კიდევაც უფრო მეტს. უახლოეს დღეებში ჩვენ ვაპირებთ, შევუერთდეთ ჩვენს მეგობრებს იორდანიაში და სხვებს საჰაერო ფრენების საშუალებით დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაში,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 9.9%-ით მეტი სტუდენტი ჩაირიცხა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 96 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 54 საჯარო, ხოლო 42 კერძო. 2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15.5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 47.9 პროცენტი ქალია, ხოლო 52.1 პროცენტი – კაცი. 2022 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 9.9 პროცენტით. რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს თბილისი 38.1%-ით, რომელსაც მოსდევს აჭარა – 17.2%-ით, შემდეგ მოდის იმერეთი – 10.4%-ით, სამერელო-ზემო სვანეთი – 9.7%-ით, კახეთი – 4.8%-ითა და ქვემო ქართლი – 7.8%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 264 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35.2 პროცენტი ქალია, ხოლო 64.8 პროცენტი – კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში – 42.4%, მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი – 10.2%-ით. გასულ წელს კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 8.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 48.3 პროცენტი ქალია, ხოლო 51.7 პროცენტი – კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის, მომსახურებების, ბიზნესის, ადმინისტრირებისა და სამართლის პროგრამებზე. გარდა ამისა, 2023/2024 სასწავლო წლისთვის სტუდენტთა მიღება - 8.4 პროცენტით, უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა კი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 22.5 პროცენტით გაიზარდა.
არგენტინამ უკრაინას ორი ვერტმფრენი გადასცა - FT
არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორი ვერტმფრენი გადასცა. იტყობინება Financial Times-ი. გამოცენის ცნობით, მილეი უპირატესობას ანიჭებს ალიანსებს "ქვეყნებთან, რომლებიც იცავენ თავისუფლებას", მათ შორის, შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან, რომელსაც ის ამ თვის დასაწყისში ეწვია და უკრაინას, რომელსაც მან ორი სამხედრო ვერტმფრენი აჩუქა. Financial Times არ აკონკრეტებს, რომელი ვერტმფრენები გადაეცა უკრაინას, თუმცა აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არგენტინა აპირებდა უკრაინაში ორი მრავალფუნქციური Mi-171E-ის ტიპის შვეულმფრენის გაგზავნას, რომლებიც ადრე რუსეთისგან შეიძინეს. რა არის ცნობილი Mi-171E-ის შესახებ მრავალფუნქციური ვერტმფრენი Mi-171E არის Mi-8 ვერტმფრენის განახლებული მოდიფიკაცია. ფრენის დიაპაზონი 850 კმ-ია.
ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტზე: ნიღაბი, რაც მას ჰქონდა, ჩამოხსნილია
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტი ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა. „ნებისმიერ მოქალაქეს ჰკითხეთ, როგორ შეიძლება, პატრიარქზე, რომ ასეთ მკრეხელურ განცხადებას გააკეთებს ადამიანი და მით უმეტეს, ვინ? - პრეზიდენტი. აქ მე მგონი, საქმე გვაქვს ძალიან დიდ ანტიქართულ მოვლენასთან, მე არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის დიდი ანტიქართული მოვლენა, ეს არის პირდაპირ შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე. მე ვფიქრობ, ეს თავად სალომე ზურაბიშვილის სახეს წარმოაჩენს ძალიან კარგად. ის ნიღაბი, რაც მას ჰქონდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ნიღაბი არის ჩამოხსნილი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. ზურაბიშვილმა Chatham House-ში დასმული კითხვის საპასუხოდ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია პროდასავლურ რიტორიკას გაჰყვება და შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის. პრეზიდენტის თქმით, პატრიარქმა ილია მეორემ ეკლესიის გზა მტკიცედ შეინარჩუნა. „ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია, მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს. ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.
აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სამუშაოს სწრაფ დასრულებას განიხილავენ - მედია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარის როვშან რუსტამოვის ხელმძღვანელობით დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოს მიმდინარეობის გაცნობაა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვიზიტის დროს მთავარი აქცენტი გაკეთდება BTK-ის ქართულ მონაკვეთზე სამუშაოს სწრაფ დასრულებასა და ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდაზე. პროექტის დასრულება სრულად 2024 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. წელს ასევე დასრულდება საქართველოში რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვირთის გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის, რაც აუცილებელი პირობაა დამატებითი ტვირთების ნაკადების მოსაზიდად. საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. BTK-ის საშუალებით ტვირთის მიტანა შესაძლებელია პეკინიდან (ჩინეთი) ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) 12-15 დღეში, ხოლო ტვირთის ტრანსპორტირება ევროპიდან აზიაში ზღვით აფრიკის გავლით 45-62 დღე, ხოლო ჩინეთიდან ევროპაში საქონლის მიტანა რუსეთის გავლით - 32 დღე.
ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც ვიცი, თავად მინისტრს და ასევე, პრემიერს ჰქონდათ განსხვავებული შეხედულება, დაპირისპირება არ არის
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „მთავრობის ხელმძღვანელი არის ირაკლი კობახიძე და შესაძლოა, ჰქონდეს თავისი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი,“ – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა დაპირისპირება მასსა და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს შორის. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არავითარი დაპირისპირება არ არის. „პრემიერ-მინისტრი როცა ვიყავი, მაშინ, თუ არ ვცდები, ექვსი მინისტრი შევცვალე. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. ირაკლი კობახიძეს შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, ან პირიქით, მინისტრს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება. მე როგორც ვიცი, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება და ასევე, პრემიერს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება, ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა დამშვიდობება. არავითარი დაპირისპირება არ არის. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა. მე მოვისმინე, რაღაც სხვა განცხადებებიც, თითქოს, ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვეს. უკაცრავად, ადმინისტრაციის უფროსი არის ნდობით აღჭურვილი პირი პრემიერ-მინისტრის. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი. აი გესმით?! ძალიან მარტივი ასახსნელია საზოგადოებისთვის,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისთვის. „მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო ზურაბ აზარაშვილს. მან ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის. რამდენიმეს ჩამოგითვლით. მაგალითად, იცით, რომ სამი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა და განვახორციელეთ მოგვიანებით წამლების გაიაფების რეფორმა. თურქეთის ბაზარი იქნება, თუ რეფერენტული ფასების დაწესება. ეს წარმოუდგენელი იყო მანამდე. მოვედით, გავაკეთეთ. შედეგად, 400 მლნ ლარზე მეტი დაეზოგება ჩვენს მოსახლეობას. 400 მლნ ლარით იძარცვებოდა ჩვენი ხალხი ფარმა მაფიის და ფარმა კრიმინალების მიერ. ამას გარდა, იცით, რომ თავად ზურაბ აზარაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით გამოვლენილი იქნა ფარმა დანაშაულები, კარტერული შეთანხმებები. ამის შედეგად, ეს მსხვილი კომპანიები დაჯარიმდა 53 მლნ ლარით. იგივე DRG-ის სისტემა. 30 წლის განმავლობაში რომ არ განხორციელებულა, ისეთი მძიმე რეფორმები განახორციელა მან და დაიწყო. რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ გვქონდა განსხვავებული შეხედულება, მეც მათ შორის. ახლა შეიცვალა ეს ვითარება და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა. ნორმალურია. მე სხვა პიროვნება ვარ,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა. ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახურმა ოფიციალურად გაავრცელა. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერდა, რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საზოგადოებას სჭირდება სწორი დაცვა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი „ძალიან მნიშვნელოვანს“ უწოდებს „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ კანონის მიღების გეგმას, რომელიც 29 თებერვალს გასაჯაროვდა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება „ხალხის დაცვის“ მიზანს ემსახურება. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში არის „კონსერვატიული საზოგადოება მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით“ და „სწორი დაცვა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ბავშვებს და ზოგადად - ღირებულებებს.“ „რაც შეეხება დაანონსებულ კანონპროექტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხი მთელი საზოგადოებისთვის. ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა, აი, ამ მავნებელი, პირდაპირ უნდა ითქვას, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან. თქვენ გადახადეთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში, როგორი ტენდენცია მიმდინარეობს. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა. ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, აჩვენებენ ბავშვებს და ეუბნებიან ყველგან – ამერიკაში, ევროპაში, ყველგან, სკოლისა და ბაღის ბავშვებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ, მაგალითად, თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი, შეგიძლიათ, შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა მოედო მთელ მსოფლიოს ახლა. დღეს არის საგანგაშო ვითარება. ამიტომ, ჩვენს გუნდში გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა ამ ინიციატივით, გააჟღერა ჩვენი გუნდის სახელით ეს ინიციატივა. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. თავის დროზე, როცა მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაშინ გავახმოვანე ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში და გახსოვთ, რომ მოგვიანებით, 2017 წელს კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ეს არის საკითხები, რასაც სჭირდება ძალიან სერიოზული მიდგომა. ჩვენ ვართ კონსერვატიული საზოგადოება, მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით, ამიტომ ამას სჭირდება სწორი გააზრება და სწორი დაცვა. დაცვა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ბავშვებს და, ზოგადად, ჩვენს ღირებულებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 29 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ დაცვის კანონპროექტს მოამზადებენ. მამუკა მდინარაძე: მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაიცავს „თუ იქნება მთავრობის ჩართულობა საჭირო, შეიძლება, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა“ - კობახიძე „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ დაცვის კანონპროექტზე
კასპაროვის შეფასებით, უკრაინასთან მარცხის შემთხვევაში, რუსეთს შეიძლება, ტერიტორიების დათმობა მოუწიოს
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გარი კასპაროვი, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ დამაარსებელი, რომელიც საკუთარი ნებით იმყოფება ემიგრაციაში, მიიჩნევს, რომ რუსეთმა ახლანდელი საზღვრები შეიძლება, ვერ შეინარჩუნოს, თუ უკრაინასთან ომს წააგებს. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კასპაროვი ამბობს, რომ რუსეთის მთლიანი დაშლა ნაკლებად მოსალოდნელია. იმ რეგიონებს შორის, რომლებიც, კასპაროვის თქმით, შეიძლება რუსეთის ფედერაციას ჩამოშორდნენ, არის თათრეთის რესპუბლიკა, ბაშკირეთი, დაღესტანი და ჩეჩნეთი. თუმცა, ჭადრაკში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის აზრით, ბოლომდე ცხადი არ არის, რა იქნება ომის შემდეგ. „ჩემი აზრით, ეკონომიკური ფაქტორები ითამაშებენ დიდ როლს, ამ საკითხში. მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვიდგეთ ერთიანი და განუყოფელი რუსეთის პოზიციაზე,“ - აღნიშნა კასპაროვმა და დასძინა, რომ „ რუსეთის იმპერიული ხასიათის შეცვლაა აუცილებელი მისი ახლებურად ფორმირებისთვის.“ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ „რუსეთის დაშლის კოშმარი“ აწუხებს, პირველ რიგში, აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მის ადმინისტრაციას, რომლებიც მიჩვეულნი არიან ცივი ომის ტერმინებით აზროვნებას და ცუდი ორიენტაცია აქვთ XXI საუკუნის მრავალპოლარულ სამყაროში. 60 წლის კასპაროვი ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაციის დანაკარგები „მინიმალური“ იქნება, მაგრამ თვლის, რომ თუ უარყოფთ იმპერიას, უნდა დაეთანხმოთ იმასაც, რომ მას ზოგიერთი ნაწილი ბოლოსდაბოლოს ჩამოშორდება“.
რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი აცხადებს, რომ ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა. „რუსების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, ხვალ ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა,“ - განაცხადა ოლეგ კიპერმა. ოლეგ კიპერის ცნობით, სამძებრო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, რუსების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.
ალიევის თქმით, სამხრეთის გაზის დერეფანი ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას ცვლის
აზერბაიჯანში, ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მეათე და მწვანე ენერგეტიკის მრჩეველთა საბჭოს მეორე მინისტერიალი გაიმართა. განიხილეს სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისა და ევროპისთვის მეტი გაზის მიწოდების გეგმები. 23 ქვეყანა შეიკრიბა ბაქოში, რათა ემსჯელათ გაზის მიწოდების გაფართოების შესაძლებლობებზე, რაც განიხილება გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის გადამწყვეტ გზად ევროკავშირისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. დღის წესრიგში მთავარი იყო ერთობლივი მიზნების შესწავლა გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, მიწოდების დივერსიფიკაცია, მწვანე და განახლებად ენერგიაზე გადასვლა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ გაზის დერეფანი ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას შეცვლის. „3 500 კილომეტრის სიგრძის მილსადენი უკვე რეალობაა. ეს ოცნება აღარ არის. ის სულ უფრო მეტ ქვეყანას მოიცავს. გვაქვს ახალი ინტერკონექტორები, რაც ბუნებრივი აირის ახალ დანიშნულების პუნქტებში ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ფაქტობრივად, ეს სრულად ცვლის ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას და ასევე ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს,“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში. მან ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანს ძალიან ამბიციური პროექტები აქვს განახლებადი ენერგორესურსების წარმოების კუთხით. „აზერბაიჯანის კასპიის ზღვის პოტენციალი 157 გიგავატს შეადგენ, რაც დაფუძნებულია საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის შეფასებაზე. ჩვენ ამ მიმართულებით სვლა უკვე დავიწყეთ. ჩვენ ვაპირებთ, ათი წლის შემდეგ მაქსიმალურად გამოვიყენოთ განახლებადი ენერგიის წყაროები და შევამციროთ ბუნებრივი აირის მოხმარმება,“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ცნობისათვის, სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. აშშ-სთან შევთანხმდით, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისთვის ვითანამშრომლოთ - აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი
მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი სააპელაციო სასამართლომაც უვადო პატიმრობაში დატოვა
მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც უვადოდ თავისუფლება აღკვეთილია. აღნიშნული გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად ძალაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც გიორგი ბეროზაშვილი დედ-მამის მკვლელობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დაცვის მხარემ გაასაჩივრა. თუმცა, მეორე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. გიორგი ბეროზაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. შეგახსენებთ, რომ ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2022 წლის 27 აპრილს, ხანძარი გაჩნდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების - ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს სურს, რომ სისტემა შესაძლო „სამხედრო კონფლიქტებისთვის“ მოამზადოს
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი მიიჩნევს, რომ გერმანიის ჯანდაცვის სისტემა უფრო ადაპტირებადი უნდა გახდეს, მათ შორის, შესაძლო „სამხედრო კონფლიქტების“ გათვალისწინებით. უკრაინის წინააღმდეგ ომი გრძელდება, რუსული რიტორიკა სულ უფრო მკვეთრი ხდება: ამ საფრთხის გათვალისწინებით, ჯანდაცვის ფედერალურ მინისტრს კარლ ლაუტერბახს სურს, მოამზადოს გერმანიის ჯანდაცვის სისტემა შესაძლო „სამხედრო კონფლიქტებისთვის.“ გერმანია არამხოლოდ უკეთესად უნდა იყოს მომზადებული მომავალი პანდემიებისთვის, არამედ, „დიდი კატასტროფებისა და შესაძლო სამხედრო კონფლიქტებისთვის,“ აღნიშნა ლაუტერბახმა. მან ზაფხულისთვის შესაბამისი კანონპროექტიც დააანონსა. „არაფრის კეთება გამოსავალი არ არის. გარდატეხა აუცილებელია ჯანდაცვის სისტემისთვის. უფრო მეტიც, გერმანია შეიძლება, სხვა ქვეყნებიდან დაჭრილებისა და დაშავებულების დახმარების ცენტრი გახდეს, თუ ალიანსი არსებობდა," - აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანახმად, რუსეთი დასავლეთთან მომდევნო ათწლეულის განმავლობაში სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა იანვარში განაცხადა, რომ ალიანსი 5-8 წლის განმავლობაში NATO-ს წევრ ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმისთვის უნდა მოემზადოს. ბრიტანეთის არმიის სარდალმა NATO-სთან ომის შემთხვევაში, რუსეთს სწრაფი მარცხი უწინასწარმეტყველა.
რომის პაპის თქმით, გენდერული თეორია არის „მახინჯი იდეოლოგია“, რომელიც საფრთხეს უქმნის კაცობრიობას
რომის პაპი ფრანცისკე ე.წ. გენდერული თეორიის საშიშროების შესახებ გაფრთხილებით გამოვიდა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რომის პაპის შეფასებით, გენდერული თეორია და გენდერული იდეოლოგია, რომელიც კაცებს და ქალებს შორის განსხვავებას აქრობს, საშიშია. „მე ვითხოვე, რომ ჩატარდეს კვლევები ჩვენი დროის ამ მახინჯ იდეოლოგიაზე, რომელიც აქრობს განსხვავებებს და ყველაფერს ერთნაირად აქცევს,“ - განაცხადა რომის პაპმა. „განსხვავებების გაქრობა ადამიანობის გაქრობას ნიშნავს,“ - განმარტა მან. რომის პაპმა გაიხსენა 1907 წელს რობერტ ჰიუ ბენსონის მიერ დაწერილი რომანი - „მსოფლიოს ბრძანებელი“, რომელშიც ნაწინასწარმეტყველევი იყო, რომ მომავალში სწორედ განსხვავებების გაქრობაზე იქნებოდა საუბარი. „წაიკითხეთ, თუ დრო გაქვთ, ის დღევანდელი დღის პრობლემებზე მოგვითხრობს,“ - მიმართა რომის პაპმა კონფერენციაზე შეკრებილებს.
თერჯოლაში, მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. ერთი თანმხლები პირი კი, ხმელეთზე დარჩა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად, მდინარეში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი, ამ დრომდე ეძებენ. მდინარიდან ამოყვანილი კიდევ ერთი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
აშშ-მ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჰაერიდან მიწოდება დაიწყო
აშშ-მა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრა დაიწყო. Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰუმანიტარული დახმარების - სურსათის მიწოდებაში C-130-ის ტიპის სამი თვითმფრინავი ჩაერთო. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრას მალევე დაიწყებდნენ. ბაიდენი: აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან
საქართველოში WizzAir-ის ავიარეისები მცირდება
უნგრეთის ავიაკომპანია WizzAir-ი საქართველოში რეისების რაოდენობას ამცირებს. სრულად შეჩერდება ფრენა ქუთაისსა და პოლონეთის ქალაქ გდანსკს შორის. ხოლო იტალიის მიმართულებით, ქუთაისი-რომის რეისზე, თვითმფრინავი დაჯდება ჩამპინოს აეროპორტში, ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად. ეს გადაწყვეტილება მანამდეც იყო ცნობილი და მარტის ბოლოდან შედის ძალაში. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. რეისების შეჩერებისა და შეცვლის გადაწყვეტილება შეეხება სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის - სერბეთს, იტალიას, საბერძნეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრიას, ლიეტუვას, ლატვიასა და სხვა. ამის შესახებ Lowcostavia წერს. ავიამიმოსვლის გრაფიკში შეტანილი ცვლილებების მიზეზად დასახელებულია Airbus-ის ძრავების მომსახურებასთან დაკავშირებული გამოწვევები. Airbus-ების შემოწმების პროცესი შარშან დაიწყო, Pratt & Whitney-ის PW1100G ძრავებში აღმოჩენილი ხარვეზის გამო, რაც ექსპლუატაციის ვადებს ამცირებს. შემოწმების პროცესი WizzAir-ისთვის დამატებითი საზრუნავი გახდა, რადგან თვითმფრინავების გაჩერებას მოითხოვს. მსგავს პრობლემებს წააწყდნენ სხვა ავიაკომპანიებიც. LowcostAvia-ს ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ პირველი კვარტლის ბოლოს WizzAir-ს, სულ ცოტა, 45 თვითმფრინავის გაჩერება მოუწიოს, რაც მისი ავიაპარკის 1/5-ს შეადგენს.
გერმანიაში სამხედრო მაღალჩინოსნების საუბრის ჩანაწერის გაჟონვის საქმეს იძიებენ
გერმანიის საგამოძიებო უწყებები იკვლევენ რუსეთის მედიის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელზეც, სავარაუდოდ, გერმანელი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები მსჯელობენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს დაადასტურა ბუნდესვერის მაღალი რანგის ოფიცრებს შორის კონფიდენციალური დისკუსიის ჩანაწერის ავთენტურობა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელიც რუსულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა. გერმანელმა სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მოლაპარაკებები რეალური იყო, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ ჩანაწერი დამონტაჟდა. რუსეთის Russia Today-ს ხელმძღვანელმა, მარგარიტა სიმონიანმა ჩანაწერი პირველ მარტს გამოაქვეყნა. Reuters-მა მისი ავთენტიკურობის დასტური ვერ მოიპოვა. საუბრის მონაწილეები განიხილავენ კიევისთვის „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, რომელიც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჯერჯერობით უარყო. კანცლერმა, რომელიც იტალიაშია ვიზიტით იმყოფება, რომში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვა „ძალიან სერიოზულია.“ შოლცი ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს ბუნდესვერის ოფიცრების საუბრების ჩანაწერების გაჟონვასთან დაკავშირებით. ბერლინში რუსეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კი, გერმანული მხარისგან განმარტება მოითხოვა.
შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
ბოლო ორი წლის გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის) მნიშვნელობა მკვეთრად გაზარდა. პირველ რიგში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და გასული წლის ბოლოდან ჰუსიტების თავდასხმა წითელ ზღვაში, გავლენას ახდენს გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე. სატრანსპორტო დერეფნები აზიიდან, ძირითადად ჩინეთიდან ევროპისაკენ, და ევროპელების მიერ მოხმარებული პროდუქტების მიწოდების ჯაჭვები შეფერხებულია, რამაც საბოლოოდ ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ თემას აზერბაიჯანული მედია სტატიას უძღვნის და ანტალიის ფორუმზე გაკეთებული განცხადებები მოჰყავს. კერძოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰიკმატ ჰაჯიევმა ფორუმზე გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ კავკასიის ტერიტორიის გავლით ჩინეთსა და ევროკავშირს შორის წლიური სავაჭრო ბრუნვა 700 მილიარდ დოლარს აღემატება. „ამჟამად ჩრდილოეთ დერეფანი პრაქტიკულად პარალიზებულია ცნობილი მიზეზების გამო, რაც ზრდის კავკასიის რეგიონის მნიშვნელობას, რომელიც არის ცენტრი ამ ორ სავაჭრო პარტნიორს შორის. „ამრიგად, სამხრეთ კავკასიას და შუა დერეფანს შეუძლია, უზრუნველყოს ფართო სტრატეგიული კავშირი, რაც აზერბაიჯანული მხარის განზრახვაა. ჩვენ ვხედავთ დამატებით აქცენტს რეგიონის პოტენციალზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ტვირთების გადაზიდვა ჩინეთიდან ევროპაში,“ - განაცხადა ჰაჯიევმა. „ახლახან ბალკანეთისა და შავი ზღვის ფორუმის ფარგლებში, როგორც ჩინეთმა, ასევე ევროკავშირმა გამოხატეს საერთო ინტერესი შუა დერეფნის განვითარების მიმართ - გეოპოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად და მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ევროპულმა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გამოყონ 10 მილიარდი ევრო ცენტრალური აზიის რეგიონში სატრანსპორტო კავშირების, პირველ რიგში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის,“ ვკითხულობთ სტატიაში. როგორც ცნობილია, წითელ ზღვაში გემებზე ჰუსიტების თავდასხმების დაწყებიდან, სუეცის არხის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 55%-ით შემცირდა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) შეფასებით, სუეცის არხმა ტვირთის დაახლოებით ორი მესამედი წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო დაკარგა და ეს ტვირთი ახლა სამხრეთ აფრიკაში გადის. რიგმა გადამზიდავმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, მთლიანად შეაჩერონ ტრანსპორტირება წითელი ზღვის გავლით. ამ ფონზე, გადამზიდავები გრძელ შემოვლით მარშრუტს ირჩევენ კეთილი იმედის კონცხის გავლით (აფრიკის სამხრეთით მდებარე კონცხი; მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კაპის ნახევარკუნძულზე, კეიპტაუნის სამხრეთით, რედ.), იმავდროულად, ევროკავშირში, ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ შუა დერეფანს, რომელიც გადის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ტერიტორიაზე - იგი განიხილება როგორც ოპტიმალური ვარიანტი თურქეთის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ბაზარზე, დროისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. აერბაიჯანული მედიის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი შუა დერეფნის კომბინირებული საზღვაო და სარკინიგზო კომპონენტის შესაძლებლობების გაფართოებაზე აქტიურად მუშაობდა, რაც ასევე მოიცავს საქონლის გადაზიდვას ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალითა და ბაქოს პორტით. როგორც ჰაჯიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი ახორციელებს ინვესტიციას ბაქოს ალათის პორტის გამტარუნარიანობის გასაზრდელად, რათა წელიწადში 25 მილიონ ტონას მიაღწიოს. „აზერბაიჯანმა ახლახან დაიწყო დამატებითი ინვესტიციების განხორციელება საქართველოსთან ერთად BTK-ის ქართული სეგმენტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით. ჩვენ თურქ კოლეგებთანაც შევთანხმდით ყარსიდან ნახიჩევანამდე რკინიგზის გაყვანაზე,“ - განაცხადა აზერბაიჯანი პრეზიდენტის თანაშემწემ. 230 კილომეტრიანი ხაზი ყარსი-იგდირიდან დაიწყება და ნახიჩევანამდე გაგრძელდება. იქიდან ხაზი დაუკავშირდება ირანის, ავღანეთისა და პაკისტანისკენ მიმავალ სარკინიგზო ხაზს. ამდენად, თურქეთს ლოგისტიკაში დიდი უპირატესობა ექნება. რაც შეეხება BTK-ის ქართულ მონაკვეთზე მუშაობას, სტატიის ავტორი წერს, რომ მისი დასრულება ორ თვეში იგეგმება. დღეს საქართველოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელების სამმხრივი შეხვედრა იმართება, სადაც განიხილება ამ სამუშაოს განხორციელების მიმდინარეობა და დაჩქარება. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის, რაც აუცილებელი პირობაა დამატებითი ტვირთების ნაკადების მოსაზიდად. საწყის ეტაპზე, მოდერნიზაციის შემდეგ, BTK-ის გავლით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 5 მილიონ ტონას შეადგენს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. კერძოდ, შუა დერეფნის მარშრუტების გასწვრივ მატარებლებითა და სატვირთო მანქანებით (non-oil) ტვირთის, მათ შორის, საკონტეინერო ტვირთის გადაზიდვას საშუალოდ დაახლოებით 20-25 დღე სჭირდება, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია, ჩინეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ტვირთის გადაზიდვასთან შედარებით, საზღვაო გზით, იმედის კონცხის შემოვლით სამხრეთ აფრიკაში, რასაც საშუალოდ თვენახევარი მაინც სჭირდება. საქონლის მიწოდებას ტრადიციული მარშრუტებით, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და საპირისპირო მიმართულებით - 53 დღე სჭირდება (თუ გადაიგზავნება სუეცის არხით). „რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, ყველა ლოგისტიკური მარშრუტი რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის შეწყვეტილია, ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ამჟამინდემა ესკალაციამ, წითელ ზღვასა და სუეცის არხში გადაზიდვები შეაფერხა, ამდენად, შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო მარშრუტის როლი მხოლოდ გაიზრდება, რასაც პროგნოზებიც ამყარებს: 2025 წლისთვის შუა დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 10 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. 2023 წელს ამ მარშრუტით 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 64%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით,“ წერს აზერბაიჯანული მედია. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში