ძებნის რეზულტატი:
გუდაური-კობის გზაზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური კობის გზაზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში გადაადგილდება, ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. 16 მარტს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი.
ლატვიის პრეზიდენტი რუსეთზე: კართაგენი უნდა განადგურდეს
ლატვიის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელმაც განაცხადა, რომ დასავლეთმა თავისთვის არ უნდა გაავლოს „წითელი ხაზები“ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, როდესაც უკრაინას ეხმარება. „ჩვენ არ უნდა გავავლოთ ჩვენთვის წითელი ხაზები, ჩვენ რუსეთისთვის უნდა გავავლოთ წითელი ხაზები და არ უნდა გვეშინოდეს მათი აღსრულების. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს. რუსეთი delenda est! Carthago delenda est არის ლათინური გამონათქვამი, რომელიც გამოიყენება მტრის ან რაიმე დაბრკოლების საბოლოოდ გადალახვის დაჟინებით მოთხოვნის აღსაწერად.
შოლცი მაკრონთან და ტუსკთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინას მეტ იარაღს დაჰპირდა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ვაიმარის სამკუთხედის სამიტის შემდეგ, რომელშიც ასევე შედიან საფრანგეთი და პოლონეთი, ბერლინში 15 მარტს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადა. გერმანიის კანცლერის თქმით, მოკავშირეები შეიძენენ კიდევ უფრო მეტ სამხედრო აღჭურვილობას უკრაინისთვის "მყისიერი შედეგისთვის, და მთელ მსოფლიო ბაზარზე", რაც ნიშნავს შესყიდვებს ევროკავშირის გარეთ. გარდა ამისა, შოლცმა დასძინა, რომ სამხედრო ტექნიკის წარმოება გაფართოვდება, მათ შორის, „უკრაინის პარტნიორებთან თანამშრომლობით“ და შეიქმნება „შესაძლებლობების ახალი კოალიცია“ რამშტეინის ფორმატში, რათა უზრუნველყოფილი იყოს შორი დისტანციის სარაკეტო არტილერია. ლიდერთა შეხვედრა ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში უნდა დახმარებოდა უთანხმოების მოგვარებას და მსოფლიო საზოგადოებისთვის ერთიანობის დემონსტრირებას მას შემდეგ, რაც ახლახან აშკარა გახდა პარიზსა და ბერლინს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოება და ორმხრივი პრეტენზიები, რაც უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზვნის შესახებ ემანუელ მაკრონის განცხადებებს მოჰყვა.
პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ონლაინ მისცა
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში მისცა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ტელეგრამის არხზე იტყობინება. არხმა შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა. რუსეთში, საარჩევნო ურნებისა და კაბინების დაზიანების ფაქტები დაფიქსირდა
ირაკლი კობახიძე 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ზაგულბას სასახლეში, პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. „საქართველოს დელეგაცია პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Amazon-ი და Microsoft-ი 20 მარტიდან რუსეთში საკუთარ ქლაუდ-სერვისებს დაბლოკავენ
ამერიკული კომპანიები Amazon და Microsoft 20 მარტიდან რუსეთში საკუთარ (cloud products - Power BI, Dynamics CRM და სხვა.) პროდუქტებზე წვდომას შეზღუდავენ. Softline-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ შესაბამისი ინფორმაცია ორი ტექნოლოგიური გიგანტისგან მიიღეს. რუსი მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს ამერიკული კომპანიების პროდუქტების გამოყენებისა და მონაცემებზე წვდომის სრულ შეზღუდვას. შეზღუდვები უკავშირდება „ევროკავშირის მე-12 სანქციების პაკეტს“, რომელიც რუსეთში ბიზნეს ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის და სხვა პროდუქტების მიწოდებას ზღუდავს. ყველა კომპანიას ურჩევენ, რაც შეიძლება მალე დაარქივონ თავიანთი მონაცემები, რათა არ დაკარგონ წვდომა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. ქლაუდ ტექნოლოგია პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეთ მონაცემებზე, პროგრამებსა და ბაზებზე, რომლებიც მათ კომპიუტერში არ ინახება. ვირტუალურ სერვერებში განთავსებულ ობიექტებთან წვდომისთვის ისინი ინტერნეტს იყენებენ. მომხმარებლები ყიდულობენ არა პროგრამული უზრუნველყოფის უვადო ლიცენზიებს, არამედ, სერვისს გარკვეული ვადით და შემდეგ ინტერნეტ ბრაუზერის საშუალებით იღებენ წვდომას.
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში 18 მარტს ჩამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:30 საათზე დაეშვება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ილია თოფურია 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის წინ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი 18 თებერვალს გახდა. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა
17-19 მარტს, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. 17 მარტს სტოლტენბერგი ბაქოში ჩავა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს შეხვედრას. მოგვიანებით ალიევისა და სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 18 მარტს NATO-ს გენერალური მდივანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვსა და თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდება. ამავე დღეს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ამავე დღეს კობახიძისა და სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 19 მარტს კი NATO-ს გენერალური მდივანი ერევანში ჩავა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტ ვაჰაგ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. მოგვიანებით, ფაშინიანისა და სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ზელენსკი: ოდესის სარაკეტო დაბომბვა ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმა იყო
“ოდესის სარაკეტო დაბომბვა ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმა იყო,“ - შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა. „ახლა ოდესაში ჯერ კიდევ გრძელდება სამაშველო სამუშაო და დახმარების აღმოჩენა რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ. ამ ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმის შემდეგ:ორი რაკეტიდან მეორე ადგილზე მაშველების და ექიმების მისვლის დროს ისროლეს. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან სასწრაფო დახმარების მედიკოსები, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები. ვუსამძიმრებ ყველა ნათესავსა და ახლობელს. ათობით დაჭრილია. ნანგრევების ქვეშ გრძელდება ადამიანების ძებნა. ჩართულია ყველა აუცილებელი სამსახური. საოლქო ხელმძღვანელობას ყველა დაშავებულის ბოლომდე დახმარება დავავალე. ჩვენი თავდაცვის ძალები აუცილებლად გააკეთებენ ყველაფერს, რათა რუსმა მკვლელებმა ჩვენი სამართლიანი რეაქცია იგრძნონ,” - განაცხადა ზელენსკიმ. რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ოდესაში 20 ადამიანი დაიღუპა, 73 დაშავდა. 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ლატვიის დაზვერვის სამსახურმა პროვოკაციების მაღალი რისკის შესახებ გამოაცხადა
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლეგიონერების ხსოვნისადმი მიძღვნილ მსვლელობისას პროვოკაციების მაღალი რისკის შესახებ გაფრთხილებით გამოდის. სპეცსამსახურმა აღნიშნა, რომ 16 მარტის მოახლოებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო პოლიციასთან თანამშრომლობით, რამდენიმე კვირაა, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ შესაძლო პროვოკაციების ოპერატიულად გამოვლენის მიზნით. წელს პროვოკაციების რისკი უფრო მაღალია, რადგან მსვლელობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ემთხვევა. კერძოდ - რიგაში რუსეთის საელჩოში ხმის მიცემაა დაგეგმილი. როგორც სადაზვერვო სამსახურებმა აღნიშნეს, ბოლო დროს ლატვიასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში რუსული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებები იკვეთება. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის დროს ბოლო პერიოდში ეთნიკური დაძაბულობის ზრდა შეამჩნია. SDB-ს ხელთ არსებული ინფორმაცია არ მიუთითებს იმაზე, რომ ლეგიონერების მსვლელობისას რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი შეგნებულად გეგმავს პროვოკაციებს, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, მათი გამორიცხვა შეუძლებელია. 16 მარტს რიგაში ლატვიელი ლეგიონერების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება. ამ დღეს რიგაში ყოფილი ლეგიონერებისა და ლატვიელი ნაციონალისტების მსვლელობა იმართება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლატვიაში სახელმწიფო პოლიცია ამოწმებს იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რიგაში რუსეთის საელჩოსთან მიდიან. გარდა ამისა, ლატვიისა და ესტონეთის სასაზღვრო სამსახურები კონტროლს გააძლიერებენ.
მედია: საბერძნეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენას ჩეხეთის გავლით გეგმავს
საბერძნეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენას ჩეხეთის გავლით გეგმავს. ამის შესახებ ბერძნული გაზეთი Kathimerini ბერძენ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. უკრაინა საბრძოლო მასალის, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების მზარდ დეფიციტს განიცდის, რადგან აშშ-ის მხარდაჭერა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება შიდა პოლიტიკური დავების გამო. ევროპელი მოკავშირეები აძლიერებენ ძალისხმევას ამერიკის მხარდაჭერის ნაკლებობის ასანაზღაურებლად. „ათენმა განუცხადა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, რომ მას შეუძლია, უკრაინას საბრძოლო მასალის დიდი მარაგი ჩეხეთის გავლით მიაწოდოს,“ წერს Kathimerini. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთი ასევე გეგმავს, რომ ჩეხეთს თავისი ამერიკული წარმოების M114A1-ის ჰაუბიცები მიჰყიდოს. „სისტემები შეიძლება, გამოსადეგი უკრაინის ტალახიან რელიეფზე,“ წერს გამოცემა. ბერძენი და ჩეხი ოფიციალური პირები ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ აღჭურვილობის ფასებზე, რის შემდეგაც ისინი ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, იტყობინება Kathimerini. საბერძნეთი უკრაინას წარსულში უწევდა სამხედრო დახმარებას, მათ შორის BMP-1-ის ჯავშანტექნიკით, მცირე იარაღითა და საბრძოლო მასალით, თუმცა, ათენი ყოყმანობდა, მიეწოდებინა თუ არა კიევისთვის უფრო თანამედროვე ან უფრო მაღალი კლასის იარაღის სისტემები, როგორიცაა, Leopard 2-ის ტიპის ტანკები ან S-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, თურქეთის წინააღმდეგ თავდაცვის პოზიციის შესანარჩუნებლად ან იმის გამო, რომ ქვეყანა ამჟამად მათ ვერ ჩაანაცვლებს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ოდესას 6 მარტს ეწვია. კირიაკოს მიცოტაკისი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. რუსული ძალები მიცოტაკისის ვიზიტის დროს თავს დაესხნენ ქალაქს ოდესაც, ჭურვი ლიდერებიდან მხოლოდ რამდენიმე ასეულ მეტრში აფეთქდა.
თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, გზებზე შეზღუდვებია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
რუსეთში, სამარის რეგიონში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა - იუწყებიან დრონებით შეტევაზე
რუსეთში, სამარის რეგიონში, როსნეფტის საკუთრებაში არსებულ Syzran-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლება უპილოტო თავდასხმების შესახებ იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ თავდასხმის მცდელობა იყო როსნეფტის საკუთრებაში არსებულ, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. „დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა იყო სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და თავდასხმის მცდელობა ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. შედეგად, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელ განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. ნოვოკუიბიშევსკის ქარხანაზე თავდასხმის მცდელობა შეჩერდა, იქაც მსხვერპლი არ ყოფილა,“ - ამბობს სამარის ოლქის გუბერნატორი დიმიტრი აზაროვი. ცნობისთვის, მარტში, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების და შემდგომი ხანძრის შედეგად, რიაზანის NPK Rosneft-ის ორი ძირითადი დანადგარი და Nizhegorodnefteorgsintez Lukoil-ის ყველაზე დიდი პირველადი ნავთობგადამამუშავებელი განყოფილება AVT-6 დაიხურა, ასევე დაზიანდა ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა როსტოვის რეგიონში. უკრაინის სამხედრო დაზვერვა 15 მარტს აცხადებდა, რომ რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს დრონებით შეუტიეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ დღეს, 15 მარტს დრონებით შეუტიეს კალუგის ოლქში მდებარე საწარმოს, „პირველ ქარხანას“, რომელსაც პუტინის ხელისუფლება სამხედრო მიზნებით იყენებს. წყაროს ცნობით, დრონებმა „დასახულ მიზანს მიაღწიეს.“ დღეს დილით, კალუგის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ძერჟინსკის რაიონში „ჩაახშეს“ 4 უპილოტო საფრენი აპარატი. გუბერნატორის მტკიცებით, ინფრასტრუქტურა არ დანგრეულა და არავინ დაშავებულა. ნავთობქიმიური საწარმო „პირველი ქარხანა“ მდებარეობს კალუგის ოლქის იმ რაიონში, რომელიც შაპშამ დაასახელა. რუსული ინტერნეტგამოცემა Baza წერს, რომ ერთ-ერთი დრონი ქარხნის მილს მოხვდა და ხანძარი გამოიწვია. ბოლო სამ დღეში დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდის ქალაქ კსტოვოში მდებარეობს. ასევე, დრონებით იერიში იყო რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესი კომპანიის, „როსნეფტის“ კონტროლქვეშაა. შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. 13 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო და რომ უკრაინის ამოცანაა, რუსეთს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს. Bloomberg-ის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებსაც უკრაინამ დრონებით შეუტია, რუსეთის სიმძლავრეთა 12% მოდის.
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. პრემიერი დელეგაციასთან ერთად პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არიან.
ბაიდენმა პუტინს ბანდიტი უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა. განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრის დროს გააკეთა. ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმეტესობას სურს უკრაინის დახმარებაში წვლილი შეიტანოს. მან კონგრესმენებს მოუწოდა პუტინს დაუპირისპირდნენ, რადგან ის ბანდიტია. შეგახსენებთ, საჯარო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა.
საბერძნეთი უკრაინის განაღმვის კოალიციას შეუერთდა
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა ლიეტუველ კოლეგა არვიდას ანუშაუსკასთან შეხვედრისას განაცხადა, საბერძნეთი უკრაინის განაღმვის კოალიციას შეუერთდა. უკრაინის განაღმვის კოალიციას ლიეტუვა ხელმძღვანელობს. „უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დავიწყებ და ჩვენს პოზიციას გავიმეორებ, რომ უკრაინაში შეჭრას განვიხილავთ, როგორც მისი ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ახლახან თქვენი ხელმძღვანელობით მოქმედ უკრაინის განაღმვის კოალიციას შევუერთდით და თქვენი თანდასწრებით ბრიუსელში შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ,“ - აღნიშნა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა.
რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინული დრონი ბელგოროდის ოლქში მანქანას დაეცა
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინული დრონი ოლქში მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. „აფეთქების შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ხუთი ადამიანი დაშავდა." გლადკოვმა განაცხადა, რომ დაშავებულებს, მათ შორის არასრულწლოვან ბიჭს, ტვინის შერყევა და ჭრილობები აქვთ მიყენებული. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს ომს. ამ ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.
როგორ გეგმავს დიდი ბრიტანეთი აშშ-დან ენერგიის იმპორტს - ამბიციური პროექტი
ბრიტანული სახლები ერთ დღეს შეიძლება, ამერიკაში გამომუშავებული ელექტროენერგიით შეივსოს - ამას ატლანტის ოკეანის გასწვრივ ექვსამდე ელექტრო კაბელის დამონტაჟების გეგმა ითვალისწინებს. შესაბამის სტატიას Telegraph აქვეყნებს. კაბელები გადაიჭიმება დაახლოებით 3500 მილის მანძილზე ოკეანის გასწვრივ, მიაღწევს 11000 ფუტის სიღრმეს და გაატარებს ენერგიას, რომელიც რამდენიმე ატომური ელექტროსადგურის ექვივალენტურია. როგორც გამოცემა წერს, ამ ამბიციური სქემის უკან ლონდონელი ინვესტორებისა და ენერგეტიკის საკონსულტაციო ჯგუფი დგანან, რადგან მათი გათვლებით, ტექნოლოგიური მიღწევები, გლობალური "ინტერკონტინენტური ქსელის“ შექმნის საშუალებას იძლევა. სქემა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპებზეა. პროექტის მხარდამჭერი ერთ-ერთი ბიზნესმენი საიმონ ლუდლამი ამბობს, რომ ასეთი კაბელი ელექტროენერგიით ვაჭრობას შეუწყობს ხელს ატლანტიკის ოკეანეში. „როდესაც ლონდონში მზე ამოვა, ეს იქნება საუზმის დრო ნიუ-იორკში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, გამოიყენონ დიდი ბრიტანეთი ან ევროპული ძალა საუზმის მოსამზადებლად,“ - ამბობს ლუდლამი. „და შემდეგ, უკვე ხუთი საათის შემდეგ, მზე ამოვა ამერიკაშიც, ამიტომ მზის და სხვა ელექტროსადგურები იქ უკვე უზრუნველყოფენ დიდ ბრიტანეთში სადილის მომზადებისთვის საჭირო ენერგიას,” აღნიშნავს ბიზნესმენი. ყველაზე მოწინავე - Xlinks-ის პროექტია, რომელიც დიდ ბრიტანეთში ოთხ კაბელსა და ქარისა და მზის მეურნეობების ქსელს აერთიანებს, რომელიც გაშლილია მაროკოში, საჰარის უდაბნოში - 2400 მილის მანძილზე. დასრულების შემდეგ, სქემა სავარაუდოდ, უზრუნველყოფს დაახლოებით 3,6 გიგავატ ელექტროენერგიას დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ქსელში, რაც მთლიანი ენერგიის მოთხოვნის დაახლოებით 8%-ს უდრის. ამასთან, მსოფლიოს მეორე მხარეს, გაჩნდება კაბელი, რომელიც გაივლის ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის ქარის ელექტროსადგურებიდან სინგაპურამდე და რომელიც ქალაქ-სახელმწიფოს, დაბალი ნახშირბადის ენერგიით ამარაგებს. ცნობისთვის, საუდის არაბეთი და ინდოეთი წყალქვეშა კაბელების საშუალებით, ორივე ქვეყნის ელექტროგადამცემი ქსელების დაკავშირების გეგმებს ასევე განიხილავენ.
რუმინეთში საჰაერო ბაზა NATO-ს ჯარისკაცებისთვის „სამხედრო ქალაქად“ გადაიქცევა
რუმინეთში Mihail Kogalniceanu-ს ავიაბაზა გადაიქცევა სამხედრო ბანაკად, სადაც NATO-ს 10000 ჯარისკაცი და მათი ოჯახები იცხოვრებენ - პროექტს 2,5 მილიარდი ევროს ინვესტიცია დასჭირდება, იუწყება რუმინული Pro TV. ავიაბაზაზე შენობები, საავადმყოფოები და სკოლები აშენდება. დაგეგმილია ასაფრენი ბილიკის ზომის გაორმაგება, საწვავის საწყობების და რამდენიმე ანგარის აშენება გამანადგურებელი თვითმფრინავებისა და დრონებსისთვის. სამუშაო უკვე დაიწყო, ახლა შენდება ბანაკთან მისასვლელი გზები და მძლავრი ელექტრო ქსელი. ასევე იგეგმება ურბანული ინფრასტრუქტურის შექმნა, სადაც იქნება საბავშვო ბაღები, სკოლები, საავადმყოფო, მაღაზიები და გასართობი პარკები.
საფრანგეთი და გერმანია უკრაინაში იარაღის მწარმოებელ ქარხანას ააშენებენ
გერმანიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ უკრაინის შიგნით იარაღის წარმოებას დაიწყებენ, რადგან ევროკავშირის ორი უმსხვილესი ეკონომიკის ლიდერები ცდილობენ, შეცვალონ წარმოდგენელი და არსებული შეშფოთება, რომ რიგ საკითხებზე მათი განსხვავებები ხელს შეუშლის ბლოკს კიევისთვის საკმარისი მხარდაჭერის მობილიზებაში. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქარხნების შესახებ დეტალები არ დააკონკრეტეს, მაგრამ გერმანიის იარაღის მწარმოებელმა Rheinmetall AG-მა გასულ თვეში განაცხადა, რომ უკრაინაში საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის ადგილობრივ ერთობლივ პარტნიორთან ერთად, ახალ ქარხანას გახსნის. პარტნიორები შეთანხმდნენ ქარხნის აშენებაზე და ერთობლივად ექსპლუატაციაზე, რომელიც ყოველწლიურად ტყვიების ექვსნიშნა რაოდენობას გამოიმუშავებს.