ძებნის რეზულტატი:
საქსტატი: საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 044.5 ლარია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.3 პროცენტით (270.9 ლარით) გაიზარდა და მან 2 044.5 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.3 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1 პროცენტით); მშენებლობა – 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19.0 პროცენტით). 2023 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარით, ხოლო კაცების – 2 463.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 195.6 ლარი (13.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 340.7 ლარი (16.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2023 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4 420.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.1 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 393.5 ლარი, გაიზარდა 22.4 პროცენტით) სფეროებში ფიქსირდება. 2023 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 242.7 ლარით (15.9%) გაიზარდა და 1 765.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი. აღნიშნული სტატისტიკა დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს მოიცავს. კერძოდ, თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, საშუალო ხელფასი 1625 ლარი გამოდის. Wage Indicator Foundation-ის გამოთვლებით, საქართველოში ტიპიურ დასაქმებულს, რომელიც კვირაში 40 საათს მუშაობს, თვეში 1,706 ლარი ესაჭიროება აუცილებელი საჭიროებებისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ეს თანხა საცხოვრებელ ხელფასს წარმოადგენს. საქართველოში მედიანური ხელფასი, რომელიც ამჟამად 1040-ს შეადგენს, საცხოვრებელი ხელფასის 60.9%-ს წარმოადგენს. სახელმწიფოს მონაცემების თანახმად, მედიანური ხელფასი - თანხა, რომელიც მშრომელებს ორ თანაბარ ჯგუფად ჰყოფს – 2022 წლისთვის თვეში 1040 ლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულთა 50% ამ თანხაზე ნაკლებს იღებს. 2022 წელს საშუალო ხელფასი თვეში მხოლოდ 1543 ლარს შეადგენდა, რაც საცხოვრებელ ხელფასთან შედარებით დაბალია. საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს როგორიცაა კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები. საცხოვრებელი ხელფასი ასევე უნდა ფარავდეს მოულოდნელ ხარჯებს და რაც მთავარია, მისი გამომუშავებისათვის მშრომელებს არ უნდა სჭირდებოდეთ ზეგანაკვეთური შრომა – საცხოვრებელი ხელფასის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ერთ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაშიც. საცხოვრებელი ხელფასი განსხვავდება „საარსებო ხელფასისგან“. საარსებო ხელფასი წარმოადგენს მინიმალურ ანაზღაურებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მშრომელის ღირსეულ ცხოვრებას და ის მხოლოდ საარსებოდ აუცილებელ ხარჯებს ფარავს. საცხოვრებელი ხელფასი მინიმალური ხელფასისგანაც უნდა განვასხვავოთ. ეს უკანასკნელი არის კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ანაზღაურება, რომელიც დამსაქმებლებს შეუძლიათ, კანონიერად გადაუხადონ თანამშრომლებს. განსხვავების მიუხედავად, მინიმალური ხელფასი პრაქტიკაში შესაძლოა, დამოკიდებული იყოს საცხოვრებელი ხელფასზე ან/და მათი ოდენობა ემთხვეოდეს. საქართველოში არსებული ხელფასები ამჟამად საცხოვრებელ ხელფასზე გაცილებით დაბალია. კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია და 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა. არასამთვრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი პროფესიული კავშირებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციების ერთობის ცნობით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების შესახებ გაეროში ერთობლივი ანგარიში წარადგინეს, რომელშიც სხვა თემებთან ერთად, მიმოხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა, ქვეყანაში მოქმედი მინიმალური ხელფასის უკიდურესი სიმწირე და არაადეკვატურობა, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება (მათ შორის, კულტურის სფეროში), არაფორმალურ შრომაში ჩართულ დასაქმებულთა სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობა, ღირსეული შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა. დოკუმენტით გაეროს კომიტეტს ასევე მიეწოდა ინფორმაცია სიღარიბესთან ბრძოლის ღონისძიებების (განსაკუთრებით, მიზნობრივი სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ნაწილში) გამოწვევებთან, ასევე, სათანადო საცხოვრებლისა და გამოსახლების პოლიტიკის უკიდურეს ხარვეზიანობასთან დაკავშირებით. ორი თემატური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა ხუთმა ორგანიზაციამ (სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ღირსეული შრომის პლატფორმა) მიიღო. საქსტატი: 2023 წლის III კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 855.4 ლარია
სტოლტენბერგი ალიევს: უფრო მეტი დახმარებაა საჭირო, რადგან უკრაინაში ვითარება ძალიან რთულია
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოუთმენლად ელის აზერბაიჯანსა და ალიანსს შორის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბაქოში განაცხადა. „მიხარია ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრა. აზერბაიჯანი NATO-ს დიდი ხნის პარტნიორია და მე მოუთმენლად ველი პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას. მშვიდობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისთვის უფრო ფართოდ მნიშვნელოვანია; მე მოვუწოდებ აზერბაიჯანსა და სომხეთს, გამოიყენონ შესაძლებლობა გრძელვადიანი მშვიდობისთვის,” - წერს ის X-ზე. „მშვიდობა ამ რეგიონში ძალზე მნიშვნელოვანია ხალხისთვის, რეგიონის ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის და ჩრდილო ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და ამიტომ მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ აქ, არამედ უსაფრთხოება უფრო ფართოდ. სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას წლების განმავლობაში კონფლიქტის შემდეგ. მე ვაფასებ იმას, რასაც ამბობთ იმაზე, რომ თქვენ უფრო ახლოს ხართ სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე. და მე შემიძლია, უბრალოდ მოგაწოდოთ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა სომხეთთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად,“ განმარტა მანამდე სტოლტენბერგმა ერთობლივი განცხადებებისას. ამასთან, სტოლტენბერგმა უკრაინის თემასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან გაწეულ საჭირო მხარდაჭერას და რეგიონის ქვეყნებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, როცა უფრო ფართო რეგიონს ვუყურებთ, უკრაინა შავი ზღვის ქვეყანაა. ეს არის NATO-ს პარტნიორი ქვეყანა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოკავშირეები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მიმდინარე ომის შედეგებით და მხარს უჭერენ უკრაინას. მივესალმები იმ საჭირო მხარდაჭერას, რომელსაც აზერბაიჯანიც უწევს უკრაინას. ასევე, როდესაც საქმე ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ძალიან საჭიროა, მაგრამ მეტი მხარდაჭერაა საჭირო, რადგან უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,“ აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა. აზერბაიჯანში ვიზიტისას მან ენერგოუსაფრთხოებაზეც ისაუბრა. „ძალიან კარგია, რომ დავბრუნდი და მექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, რადგან ენერგეტიკა მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მივესალმებით, რომ აზერბაიჯანი ავითარებს უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს NATO-ს რამდენიმე მოკავშირესთან და რომ თქვენი ქვეყანა უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში NATO-ს მთავარი მოკავშირეებისთვის არამარტო გაზის, არამედ, მომავალში ელექტროენერგიის, ელექტროენერგიის მიწოდებაში და, შესაბამისად, თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. ჩვენი საზოგადოებების გამძლეობისთვის,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ჩეჩნეთში „პუტინმა ხმების 98,99% მიიღო“
„ჩეჩნეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 98,99%-ით გაიმარჯვა,“ იუწყება რესპუბლიკის საარჩევნო კომისია. აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო სიებში შეყვანილი 816 869 ამომრჩევლიდან 792 823-მა ამომრჩეველმა, რაც 97,06%-ია.
პუტინმა „სამხრეთ ოსეთში“ ხმების 97% მოიპოვა - ე.წ. ელჩი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთის მოქალაქეების 97%-მა ხმა მისცა ვლადიმერ პუტინს, განუცხადა სააგენტო Res-ს რუსეთის ე.წ. ელჩმა ალექსანდრე ჟუროვმა. მისი თქმით, 12 უბანზე, საელჩოს წინასწარი მონაცემებით, ხმა 17-ათასამდე ამომრჩეველმა მისცა. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ნიკოლაი ხარიტონოვმა და "ახალი ხალხის" კანდიდატმა ვლადისლავ დავანკოვმა თითო პროცენტი მიიღეს, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ლეონიდ სლუცკიმ - 0,7%. ე.წ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა. „თქვენი დაუღალავი შრომა ეკონომიკის განვითარების, უმუშევრობის შემცირებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, აღფრთოვანებასა და აღიარებას იმსახურებს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ხალხმა გააკეთა ერთადერთი სწორი არჩევანი, რისი წყალობითაც, ქვეყანა გააგრძელებს მიზნის მისაღწევად და კიდევ უფრო ძლიერი, წარმატებული და აყვავებული გახდება,“ - ნათქვამია მილოცვაში. საერთაშორისო საზოგადოება ამ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში, 15-17 მარტს მიმდინარეობდა. დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მასშტაბური დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის იყო საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა იძულება. სამდღიანი კენჭიყრისას მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. მათ შორის, არაერთ ქალაქში საარჩევნო ყუთებს საღებავი შეასხეს და უბნებზე ხანძარი გააჩინეს. რუსეთის შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მსგავს ფაქტებზე სისხხლის სამართლის 33 საქმე აღძრეს. 17 მარტს, კენჭისყრის ბოლო დღეს, რუსეთის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ". მისი ინიციატორები იყვნენ ციმბირის კოლონიაში 2024 წლის თებერვალში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები.
მოლდოვა აცხადებს, რომ დნესტრისპირეთში დრონის თავდასხმის შესახებ ცნობებით, "პანიკის გამოწვევას“ ცდილობენ
მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო გამოეხმაურა ცნობებს ტირასპოლის სამხედრო ნაწილზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შესახებ ცნობებს. ამის შესახებ NewsMaker. სააგენტოში აცხადებენ, რომ ინციდენტს ვერ ადასტურებენ და მას "რეგიონში შიშისა და პანიკის პროვოცირების მცდელობა" უწოდეს. ბიურომ ასევე აღნიშნა, რომ ისინი დაუკავშირდნენ სხვა უწყებებს და შეისწავლეს ფოტოები და ვიდეო ტირასპოლში მომხდარი ინციდენტის ადგილიდან. „კადრების შესწავლისა და დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ინციდენტი არის რეგიონში შიშისა და პანიკის გამოწვევის მცდელობა. სამხედრო ტექნიკა, რომელიც კადრებში ჩანს, ბოლო რამდენიმე წელია, არ მუშაობს," - ნათქვამია განცხადებაში. ბიურომ აღნიშნა, რომ მოლდოვის ხელისუფლება, რომელიც კონტაქტშია უკრაინულ მხარესთან, „არ ადასტურებს არანაირ თავდასხმას დნესტრისპირეთის რეგიონზე.“ 17 მარტს, არაღიარებულმა სეპარატისტულმა სახელმწიფომ დნესტრისპირეთმა (მოლდოვა) აფეთქებისა და ტირასპოლში მდებარე სამხედრო განყოფილებაში კამიკაძე-დრონის თავდასხმის შესახებ განაცხადა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარტყმის შემდეგ ხანძარს შეეძლო ვერტმფრენის განადგურება. მოლდოვა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ხშირად ადანაშაულებს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, მოლდოვა უკრაინის მეზობლებიდან ყველაზე დიდ ზიანს განიცდის. დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული. ISW: კრემლს სურს, გამოიყენოს დნესტრისპირეთი და გაგაუზია მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის
რომელ კომპანიებს გაეგზავნათ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტაცია
ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოს განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. შესაბამისი ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ დღეს, 18 მარტს გაავრცელა. სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოს პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება აქვთ. ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ პორტის საზღვაო სამუშაოს დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნული კომპანიები გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის 80%-ს ფლობენ. „სამუშაოს შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციის ევროპულ კომპანიებთან („დიდი ოთხეული“) დაგზავნის მიზანშეწონილობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია HAEDES B.V.-სთან კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთა. აღნიშნული კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სამუშაოს დროულად, საიმედოდ და მაღალი ხარისხით შესრულების, ტექნიკური დავალების მომზადებისა და შემდგომში წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასების მიზნით დაიქირავა,“ წერს სამინისტრო. რომელ კომპანიებს გაეგზავნათ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტაცია Boskalis - ნიდერლანდური კომპანიაა. მის ერთ-ერთ პროექტს შორისაა არაბეთის ზღვის სანაპირო ზოლში საპორტო ქალაქ დუქის პორტის რეკონსტრუქცია. DEME - „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფესვები ბელგიაშია, DEME-მ შექმნა ძლიერი ყოფნა მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ტექნოლოგიურად მოწინავე გემების ფლოტს, რომელსაც მხარს უჭერს დამხმარე აღჭურვილობის ფართო სპექტრი,“ ასე წარადგენს საკუთარ თავს კომპანია. Jan De Nul - ბელგიური კომპანია, მისი ფინანსური შტაბ-ბინა განლაგებულია ლუქსემბურგში, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზაზე საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ტექნიკურ მომსახურებას. მისი ძირითადი მიმართულებაა დრენაჟირება, რომელიც მისი ბრუნვის 85%-ს შეადგენს. კომპანიის პროექტებს შორისაა: ჩრდილოეთ პოლონეთში ბალტიის ზღვაზე მდებარე პორტი გდინია - ისტორიულად, გდინია მეთევზეთა პატარა სოფელი იყო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 1920-იან წლებში, როდესაც პოლონეთის მთავრობამ ამ მხარეში პორტის აშენების ბრძანება გასცა. გდინიას პორტი მალე უნივერსალურ უნივერსალურ საზღვაო პორტად, მის გარშემო არსებული ქალაქი კი, პოლონეთის ერთ-ერთ უდიდეს საპორტო ქალაქად გადაიქცა. 2022 წლიდან Jan De Nul Group გდინიაში, გარკვეული პორტის ტერიტორიების გაღრმავების მიზნით მუშაობს. პორტი ხელმისაწვდომი რჩება ბალტიის ზღვაში მცურავი უმსხვილესი გემებისთვისაც კი, რაც გდინიას კონკურენტუნარიანობას უნარჩუნებს მეზობელ პორტებთან, როგორიცაა, გდანსკი და უცხოური პორტები. Van Oord - ეს არის ნიდერლანდების საზღვაო კონტრაქტორი კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია დნობის, მიწის მელიორაციისა და ხელოვნური კუნძულების მშენებლობაში. Royal Van Oord-მა განახორციელა მრავალი პროექტი მთელ მსოფლიოში, მათ შორის, მიწის მელიორაცია, გათხრები და პლაჟის უზრუნველყოფა. ეს კომპანიაც, ზემოთ ჩამოთვლილების მსგავსად, მრავალ პროექტს ასრულებს. ამჟამად კი, ახორციელებს გათხრების სამუშაოს ინდოეთის კრიშნაპატნამის პორტში. აქ საპორტო არხების სიღრმე უნდა აღდგეს ძლიერი ციკლონის შემდეგ. ამ პროექტის განხორციელებით, ვან ოორდი დიდი გემებისთვის პორტის ფართობის ხელმისაწვდომობას იცავს.
საგარეო უწყება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს. „ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერი არჩევნების ჩატარება უკანონოა ოკუპაციის ფონზე, რაც დადგენილია მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებით, და იმ პირობებში, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ მოსახლეობას კვლავ არ ეძლევა საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ," - აღნიშნულია განცხადებაში.
პუტინმა წააგო ერევნის, ჰააგისა და სხვა ქალაქების საარჩევნო უბნებზე
რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ნაწილის კენჭისყრის შედეგების თანახმად, ერევნის, ასევე ევროპის დიდ ქალაქებში გახსნილ უბნებზე, ვლადიმერ პუტინმა ვლადისლავ დავანკოვთან წააგო. ბერლინის, თელ-ავივის, პარიზის, ალმათის, ლისაბონის, ბელგრადის, დუბაის საარჩევნო უბნების შედეგები ჯერ უცნობია. ქალაქები, სადაც ვლადიმერ პუტინმა წააგო: ერევანი: დავანკოვი (49,85%), პუტინი (32,87%)ვარშავა: დავანკოვი (51,01%), პუტინი (19,78%)პრაღა: დავანკოვი (59,89%), პუტინი (15,68%)ჰააგა: დავანკოვი (56,88), პუტინი (15,22%)ვილნიუსი: დავანკოვი (39,22%), პუტინი (29,74%)ჰაიფა: დავანკოვი (40,82%), პუტინი (33,93%) ქალაქები, სადაც პუტინმა გაიმარჯვა: ბაქო: პუტინი (77,26%), დავანკოვი (14,23%)ბიშკეკი: პუტინი (73,81%), დავანკოვი (18,94%)ჯენუა: პუტინი (70,86), დავანკოვი (19,55%)პუკეტი: პუტინი (48,24%), დავანკოვი (38,93%)სეული: პუტინი (41,47%), დავანკოვი (39,65%)სოფია: პუტინი (59,93%), დავანკოვი (28,01%)ტალინი: პუტინი (75,22%), დავანკოვი (12,76%).ტაშკენტი: პუტინი (57,95%), დავანკოვი (31,92%)
რუმინეთში, ევროპის მასშტაბით, NATO-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა შენდება
რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 57-ე ავიაბაზაზე NATO-ს სამხედრო ბაზის მშენებლობის დასრულება 2040 წლისთვის იგეგმება. ამერიკული ძალები „მიხაილ კოგალნიჩანუს ბაზას“ 1999 წლიდან იყენებენ და ამ დროისთვის იქ განლაგებულია შეერთებული შტატების 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ელემენტები, ასევე მოკავშირეთა მოიერიშე თვითმფრინავები. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ბაზa 2 800 ჰექტარზე განლაგდება, სადაც ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი ოჯახებთან ერთად იცხოვრებს. სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის რუმინეთი 2.5 მილიარდ ევროს დახარჯავს. პროექტი მიზნად ისახავს საჰაერო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მათ შორის, იქნება ახალი ასაფრენი ბილიკები, ახალი საკონტროლო კოშკი, რადიო-სანავიგაციო სისტემა, ფრენის სიმულატორი, ასევე ანგარები. გარდა ამისა, იქნება ადმინისტრაციული და სოციალური შენობები, სკოლები და საბავშვო ბაღები, მაღაზიები, რესტორნები, კინოთეატრი და საავადმყოფო.
ბათუმისა და ქუთაისის კერძო სკოლებში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები შევიდა
ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესშიც“ შევიდა და სასწავლო პროცესი შეწყდა. შენობიდან განხორციელდა ევაკუაცია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, ტერიტორია შეისწავლეს კინოლოგებმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობაში ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. კინოლოგები უკვე შენობის მეოთხე – ბოლო სართულს ამოწმებენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო ევაკუაცია გამოცხადდა ქუთაისში, კერძო სკოლა „პროგრესში.“ სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი შეწყდა, 800 მოსწავლე და პედაგოგები სკოლიდან გაიყვანეს. როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მომხდარის შესახებ შეატყობინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პერიმეტრი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. სკოლის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და სკოლაში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა.
საგარეო საქმეთა მინისტრი: მექსიკაში არავინ არ არის გატაცებული
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მექსიკაში ქვეყნის ათეულობით მოქალაქის გატაცების შესახებ. ეს არის მინისტრის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ნარკოკარტელის მიერ საქართველოს მოქალაქეების დატყვევებას შეეხებოდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს თითოეული კონსული და დიპლომატიური წარმომადგენლობა მზადაა მოქალაქეების ინტერესის დასაცავად. „პირველ რიგში, თითოეული ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა, ჩვენი თითოეული კონსული, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს, მოვალეა, ვალდებულია და ასრულებს იმ ფუნქციას, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის ინტერესები დაიცვან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ცალკეული ტელევიზიები საუბრობენ, რომ ქართველები არიან გატაცებულები. თქვენ გარდა ქართველების გატაცებაზე არავინ საუბრობს. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მაყურებლები შეცდომაში. გეყოთ იმის ძალა და უნარი, რომ როდესაც არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებთ, გამოხვიდეთ და თქვათ - ეს იყო დაუზუსტებელი ინფორმაცია. ამ გატაცების შესახებ არავინ საუბრობს, თქვენ გარდა და მოგიწოდებთ, სიცრუის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოთ! ნუ ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს, როცა არ გაქვთ ინფორმაცია. ნუ საუბრობთ, ნუ აყენებთ ადამიანებს ისეთ მდგომარეობაში, რომელმაც შეიძლება რაღაც გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს. არავინ არ არის გატაცებული! თუკი ნებისმიერი ადამიანს, ეს იქნება მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დასჭირდება თითოეული ჩვენი დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და გავაგრძელებთ მომავალშიც. მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი და ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში! ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, მათთან ვმუშაობთ, რომ მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ მომავალში,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, უკვე სამი დღეა, ქართველები სარდაფში ჰყავთ გამომწყვდეული. ამერიკის შეერთებული შტატებში ყოველ წელს საქართველოს არაერთი მოქალაქე გადადის საცხოვრებლად, ხშირად არალეგალურად, მექსიკის გავლით, რთული და გრძელი გზით.
ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს
ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას უკანონოდ მიიჩნევს. „ევროკავშირი უკანონოდ მიიჩნევს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე გახსნილ სარჩევნო უბნებს. ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულად ერთგული რჩება,“ წერს ევროკავშირის წარმომდგენლობა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გასული წლის დეკემბერში გახდა.
„ხალხის ძალა“ პარტიად დაფუძნდა
საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ” პარტიად დაფუძნების ყრილობა გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს. სოზარ სუბარმა შეკრებილ დელეგატებს პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები წარუდგინა: დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე და ირაკლი (დაჩი) ბერაია, რომელთა არჩევაც ასევე ერთხმად მოხდა. დამფუძნებელი ყრილობის ფარგლებში, აირჩა პარტიის სარევიზიო და ხმის დამთვლელი კომისიების შემადგენლობაც. ასევე, დაამტკიცა პარტიის წესდება და სტრუქტურა. მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ოთხმა ყოფილმა დეპუტატმა - სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს. მათი გაცხადებული მიზანი იყო „საზოგადოებისთვის სიმართლით თქმა.“ ისინი საპარლამენტო უმრავლესობაში ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდნენ, მათ შორის, ხშირად თავს ესხმოდნენ აშშ-ის ელჩს. „ხალხის ძალის“ მიერ იყო ინიცირებული იყო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომლის წინააღმდეგაც ხალხის პროტესტის შემდეგ, კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიეს.
WSJ: ჩეხეთი უკრაინისთვის ჭურვებს იძენს, მათ შორის - რუსეთის მოკავშირეებისგანაც
ჩეხეთმა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა მიმწოდებლისგან 800 ათასამდე საარტილერიო ჭურვი შეიძინა და აღმოაჩინა კიდევ 700 ათასი, რომელთა დამატებით შეძენაც შეიძლება. საქმე ეხება 300 ათას საბჭოთა მოდელს და დასავლური წარმოების 500 ათას ჭურვს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი იტყობინება. WSJ-ის ცნობით, ჩეხეთი, რომელიც ჭურვებს უკრაინისთვის გადასაცემად აგროვებს, მათ რუსეთის მოკავშირეებისგან იძენს. პრაღა არ ასაჯაროებს, საიდან მოიპოვებს ჭურვებს. სავაჭრო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია, რომ შეიარაღება ჩეხეთის ან მესამე ქვეყნების გზით გაიგზავნება. ამჟამად უკვე გადახდილია პირველი ტრანში 300 ათასი ჭურვისთვის. ყველაზე დიდი ფინანსური წილი გერმანიამ გაიღო. უკრაინაში ჭურვების პირველი პარტიის გაგზავნა შეიძლება, უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყოს.
კობახიძე: NATO კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში
„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია. „ბატონო გენერალურო მდივანო ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს. თუმცა, თქვენი ლიდერობით, მრავალი გამოწვევა გადაილახა და NATO კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო NATO-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა NATO-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, NATO მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის“ იდეა საფრთხის ქვეშაა. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. ბატონო გენერალურო მდივანო, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე NATO-სთვის - რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება შეფერხებულია
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე NATO-სთვის - რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება შეფერხებულია. „გუშინ ბაქოში ვიყავი, დღეს თბილისში ჩამოვედი. ეს, პრინციპში, ასახავს იმას, რამდენად ვაფასებთ საქართველოს NATO-ში და ასევე, მივესალმები იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრძანდებოდით ბრიუსელში, მე ახლა თბილისში ვარ, ეს ადასტურებს, რომ ჩვენ აქტიური პოლიტიკური დიალოგი გვაქვს პარტნიორებს შორის. საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი NATO-სთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. NATO განაგრძობს რუსეთისადმი მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება, რუსეთის მიერ „არჩევნების“ ორგანიზება საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, სრულიად უკანონოა,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები აშკარად არც სამართლიანი და არც თავისუფალი“ იყო. „საქართველო უსაფრთხოების კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინაში კი, ვითარება ბრძოლის ველზე მძიმე რჩება. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერება. NATO-ს მოკავშირეები 99% დახმარებას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მივესალმები, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და უწევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას. ამავდროულად, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი რუსეთის აგრესიის ციკლის შესაჩერებლად,“ აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც ალიანსისთვის, ისე საქართველოსთვის. „ჩვენს შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, ალიანსისთვის. რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა საფრთხე შეუქმნა შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებას და საფრთხე შეუქმნა სურსათის გლობალურ დონეზე მიწოდებას. მაგრამ, ჩვენი მხარდაჭერით, უკრაინამ უკან დახია - გაანადგურა ან დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი. უკრაინის წარმატებამ მოგვცა საშუალება, ხელახლა გახსნილიყო მარცვლეულის მიწოდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისთვის და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა თბილისში ვიზიტისას ასევე განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. „NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან, უკვე ძლიერია. და დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ განვავითაროთ იგი კიდევ უფრო. იანვარში ჩვენ შევთანხმდით ახალ ინდივიდუალურად მორგებულ პარტნიორობის პროგრამაზე საქართველოსა და NATO-ს შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. და მივესალმები მიღწეულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება და სამხედრო ინჟინერია. რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე დღის წინ, ბათუმს თურქეთის ფლოტის ფრეგატი ეწვია, საქართველოს სანაპირო დაცვისთვის NATO-ს წვრთნების ფარგლებში. ეს არის ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვთანამშრომლობთ პრაქტიკულ დონეზე, რათა დაგეხმაროთ თქვენი საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია შავი ზღვისთვის და მნიშვნელოვანია NATO-სთვის. NATO თქვენ გვერდით დგას, როდესაც თქვენ აგრძელებთ თქვენს გზას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი. ევროკავშირის მიერ მინიჭებული კანდიდატის სტატუსი არის უდიდესი შესაძლებლობა თქვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად. და რასაც თქვენ აკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მჭიდროდ დაკავშირებულია (თანხვედრაშია, შეესაბამება) ძალისხმევასთან, რომ გახდეთ NATO-ს სრულფასოვანი მოკავშირე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებების და კანონის უზენაესობის გაძლიერება. თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის NATO-საქართველოს პარტნიორობის მიმართ,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, რის შემდეგაც ის ვიზიტით უკვე სომხეთში გაემგზავრება.
საქართველო გახდება NATO-ს წევრი, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება - სტოლტენბერგი თბილისში
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე NATO-სთვის - რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება შეფერხებულია. „გუშინ ბაქოში ვიყავი, დღეს თბილისში ჩამოვედი. ეს, პრინციპში, ასახავს იმას, რამდენად ვაფასებთ საქართველოს NATO-ში და ასევე, მივესალმები იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრძანდებოდით ბრიუსელში, მე ახლა თბილისში ვარ, ეს ადასტურებს, რომ ჩვენ აქტიური პოლიტიკური დიალოგი გვაქვს პარტნიორებს შორის. საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი NATO-სთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. NATO განაგრძობს რუსეთისადმი მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება, რუსეთის მიერ „არჩევნების“ ორგანიზება საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, სრულიად უკანონოა,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები აშკარად არც სამართლიანი და არც თავისუფალი“ იყო. „საქართველო უსაფრთხოების კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინაში კი, ვითარება ბრძოლის ველზე მძიმე რჩება. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერება. NATO-ს მოკავშირეები 99% დახმარებას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მივესალმები, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და უწევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას. ამავდროულად, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი, რუსეთის აგრესიის ციკლის შესაჩერებლად,“ აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც ალიანსისთვის, ისე საქართველოსთვის. „ჩვენს შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, ალიანსისთვის. რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა საფრთხე შეუქმნა შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებას და საფრთხე შეუქმნა სურსათის გლობალურ დონეზე მიწოდებას. მაგრამ, ჩვენი მხარდაჭერით, უკრაინამ უკან დახია - გაანადგურა ან დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი. უკრაინის წარმატებამ მოგვცა საშუალება, ხელახლა გახსნილიყო მარცვლეულის მიწოდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისთვის და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა თბილისში ვიზიტისას ასევე განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. „NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან, უკვე ძლიერია. და დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ განვავითაროთ იგი კიდევ უფრო. იანვარში ჩვენ შევთანხმდით ახალ ინდივიდუალურად მორგებულ პარტნიორობის პროგრამაზე საქართველოსა და NATO-ს შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. და მივესალმები მიღწეულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება და სამხედრო ინჟინერია. რამდენიმე დღის წინ, ბათუმს თურქეთის ფლოტის ფრეგატი ეწვია, საქართველოს სანაპირო დაცვისთვის NATO-ს წვრთნების ფარგლებში. ეს არის ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვთანამშრომლობთ პრაქტიკულ დონეზე, რათა დაგეხმაროთ თქვენი საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია შავი ზღვისთვის და მნიშვნელოვანია NATO-სთვის. NATO თქვენ გვერდით დგას, როდესაც თქვენ აგრძელებთ თქვენს გზას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი. ევროკავშირის მიერ მინიჭებული კანდიდატის სტატუსი არის უდიდესი შესაძლებლობა თქვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად. და რასაც თქვენ აკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მჭიდროდ დაკავშირებულია (თანხვედრაშია, შეესაბამება) ძალისხმევასთან, რომ გახდეთ NATO-ს სრულფასოვანი მოკავშირე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებების და კანონის უზენაესობის გაძლიერება. თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის NATO-საქართველოს პარტნიორობის მიმართ,“ განაცხადა სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, რის შემდეგაც ის ვიზიტით უკვე სომხეთში გაემგზავრება. ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი
რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აღინიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული. ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო- ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. „პრემიერ-მინისტრმა NATO-ს გენერალურ მდივანს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ NATO-ს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის პირველი მოადგილე ლორენც მეიერ-მინემანი; ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა; NATO-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი დილან უაიტი; NATO-ს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის მოადგილე ინგა უეგნერი; ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი; საქართველოს დესკ-ოფიცერი, პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების წარმომადგენელი სტეფენ ელგერსმა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს ელჩიNATO-ში ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბელორუსის ატომური ელექტროსადგურის ავარიის სცენარის მიხედვით, ლიეტუვა წვრთნებს ატარებს
ლიეტუვა ახალ წვრთნებს ჩაატარებს სასწრაფო დახმარების სამსახურებისთვის, რათა უპასუხონ ოსტროვეცში, ბელორუსის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის პოტენციურ გაჟონვას. ტრენინგი, რომელიც მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ორშაბათს, დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე ჩატარდება, მიზნად ისახავს ყველა სამსახურის კოორდინაციას ბელორუსის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის შემთხვევაში. სწავლება გაიმართება ვილნიუსსა და სვიანჩენის რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ბელორუსს და მდებარეობს ატომური ელექტროსადგურიდან 40-60 კმ-ში. სცენარის მიხედვით, ბირთვული ენერგიის უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტო იტყობინება ლიეტუვაში ინსტრუმენტების მიერ გამოვლენილი რადიაციული გაჟონვის შესახებ და სამსახურებმა უნდა ამოქმედონ შესაბამისი რეაგირების მექანიზმი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. საერთო ჯამში საქმეში საერთვებიან ეროვნული უსაფრთხოების კომისია, კრიზისებზე რეაგირების ეროვნული ცენტრი, ექვსი სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მსგავსი წვრთნები გასულ წელსაც ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ მინსკს საპროტესტო ნოტა მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ბელორუსმა ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციაში გაშვება დაიწყო და მისი სიმძლავრე გაზარდა.
საფრანგეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას გმობს
საფრანგეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას უკანონოდ მიიჩნევს. საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა მოაწყო „საარჩევნო უბნები“ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე მოლდოვის რესპუბლიკაში დნესტრისპირეთის რეგიონში, საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლებების თანხმობის გარეშე,“ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ხმის ჩახშობის, გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო დიდი შეზღუდვისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ფუნქციონირების აკრძალვის ფონზე.